Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ნელსონ მანდელა (სრულად როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა Rolihlahla Dalibhunga Mandela; დ. 18 ივლისი, 1918, მვეცო, ტრანსკაი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — გ. 5 დეკემბერი, 2013, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა[1][2]) — ანტიაპართეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1995-1999 წლებში.
ნელსონ მანდელა | |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 მაისი, 1994 – 14 ივნისი, 1999 | |
წინამორბედი | ფრედერიკ დე კლერკი |
მემკვიდრე | ტაბო მბეკი |
დაბადებული | 18 ივლისი, 1918 მვეცო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
გარდაცვლილი | 5 დეკემბერი, 2013 იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
ხელმოწერა |
პრეზიდენტობამდე იყო ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და აფრიკის ეროვნული კონგრესის (ანკ) ლიდერი. მანდელამ ციხეში გაატარა 27 წელი საბოტაჟისათვის მას შემდეგ რაც ანკ იატაკქვეშეთში გადავიდა და შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო.
ციხეში გატარებული 27 წლის განმავლობაში მანდელა გახდა ანტიაპერტეიდის მოძრაობის და ზოგადად რასობრივი თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლო, როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მაშინდელი მთავრობა, ისევე როგორც მისი მხარდამჭერი ქვეყნები, გმობდნენ მანდელასა და ანკ-ს ქმედებებს და მათ მოიხსენიებდნენ როგორც კომუნისტებს და ტერორისტებს.
1990 წელს ციხიდან განთავისუფლების შემდეგ მანდელამ შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი ზომიერისაკენ, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში რასობრივი შუღლის შემსუბუქებას და დემოკრატიის დამყარებას.
მანდელას მიღებული აქვს ასზე მეტი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1993 წელს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ის მოიხსენიება როგორც მადიბა, წოდება რომელსაც მანდელას კლანის მხცოვან და პატივცემულ წევრებს ანიჭებენ.
მამამისი სოფლის მმართველი იყო, მაგრამ კოლონიალურ ხელისუფლებასთან უთანხმოების ოჯახთან ერთად კუნუს პროვინციაში გადაასახლეს. მას 4 ცოლი და 13 ბავშვი ჰყავდა. ნელსონი მე-3 ცოლის, ნკედამასგან შეეძინა და ჰოლილალა დაარქვა, რაც ადგილობრივი კოსის დიალექტზე „ხიდან ჩამოვარდნილ ტოტს“ ნიშნავს. ჰოლილალა მანდელა პირველი ბავშვი იყო ოჯახში, ვინც სკოლაში შეიყვანეს. მასწავლებელმა მას ინგლისური სახელი ნელსონი უწოდა.
9 წლის ასაკში ნელსონს მამა ტუბერკულოზით დაეღუპა და მისი ოფიციალური მეურვე რეგენტი ჯონგინტაბა გახდა. ნელსონი ჯერ მეთოდისტურ სკოლაში დადიოდა, შემდეგ კი კლარკბერის ინტერნატი დაამთავრა და საშუალო განათლების სერთიფიკატი მიიღო. 1937 წელს ის ფორტ-ბოფორტის მეთოდისტურ კოლეჯში ჩაირიცხა, 1939 წელს კი ფორტ-ჰერის უნივერსიტეტში. ეს იყო ერთადერთი ადგილობრივი უნივერსიტეტი, სადაც ფერადკანიანებს სწავლის შესაძლებლობა ეძლეოდათ. მანდელა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი გახდა. პირველი კურსის დასრულებისას მანდელა მონაწილეობას იღებდა სტუდენტურ ბოიკოტში, რომელიც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამის გამო მას ფორტ-ჰეირის დატოვება მოუხდა.
უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ მანდელას საკუთარმა მეურვემ მკაცრი მოთხოვნა წაუყენა, რომ აუცილებლად უნდა დაქორწინებულიყო. ამის გამო ნელსონი საკუთარ ბიძაშვილთან ერთად იოჰანესბურგში გაიქცა და ოქროს მომპოვებელ მაღაროში დარაჯად მოეწყო, თუმცა მაღაროს ხელმძღვანელობამ მეურვისგან მისი გაქცევის შესახებ შეიტყო და სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ მანდელა მეგობრის, უოლტერ სისლუს დახმარებით ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში სტაჟიორად მოეწყო. 1943 წელს ის ვიტვატერსრანდას უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც მომავალი თანამოაზრეები და თანამებრძოლები ჯო სლოვო და ჰარი შვარცი გაიცნო. ათწლეულების შემდეგ მანდელას მიერ ფორმირებულ მინისტრთა კაბინეტში სლოვომ სოფლის მეურნეობის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა, შვარცი კი შეერთებულ შტატებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩი გახდა.
ვიტვატერსრანდას უნივერსიტეტში მანდელა 1948 წლამდე სწავლობდა, მაგრამ იურისტის დიპლომი ვერ მიიღო. ახალგაზრდა ნელსონი სისტემატურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საპროტესტო აქციებში. 1943 წელს ის საქალაქო ტრანსპორტის ფასების ზრდის გამო მოწყობილ მასობრივ გამოსვლებში მონაწილეობდა. ამავე პერიოდიდან ესწრებოდა ახალგაზრდა ინტელექტუალთა შეკრებებს, რომელსაც აფრიკის ეროვნული კონგრესი აწყობდა. 1944 წელს მანდელა კონგრესის წევრი გახდა და ახალგაზრდა თანამოაზრეებთან ერთად ე.წ. ახალგაზრდული ლიგა დააარსა, რომელიც აფრიკული ნაციონალიზმისა და თვითგამორკვევის პრინციპებზე იყო დაფუძნებული და ხელისუფლებისადმი უფრო რადიკალურად იყო განწყობილი, ვიდრე აფრიკის ეროვნული კონგრესი.
1948 წლის არჩევნებში ეროვნული პარტიის გამარჯვების შემდეგ, მანდელა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩაერთო. 1949 წელს ის ახალგაზრდული ლიგის პრეზიდენტი გახდა. 1952 წელს ლიგამ პირველი მასშტაბური დაუმორჩილებლობის აქცია მოაწყო, 1955 წელს კი მონაწილეობდა სახალხო კონგრესის შექმნაში, რომელმაც თავისუფლების დიდი ქარტია მიიღო. ქარტია გახდა მთავარი სამოქმედო პროგრამა სამხრეთ აფრიკაში მოქმედი ყველა პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, რომელიც აპარტეიდის რეჟიმს ებრძოდა. პარალელურად, მანდელას თავის მეგობარ ოლივერ ტამბოსთან ერთად გახსნილი ჰქონდა იურიდიული ფირმა, რომელიც ფერადკანიანებს იაფ ან უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდა.
1956 წელს ხელისუფლებამ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 150-მდე ადამიანი, მათ შორის, ნელსონ მანდელაც დააპატიმრა. მათ ბრალი კომუნისტური იდეების გავრცელებასა და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობის ორგანიზაციაში დასდეს. სასამართლო პროცესი 1961 წლამდე გაგრძელდა და ყველა ბრალდებულის გათავისუფლებით დასრულდა.
ამავე წელს მანდელა სათავეში ჩაუდგა აფრიკის ეროვნული კონგრესის შეიარაღებულ ფრთას და დაიწყო ფართომასშტაბიანი საბოტაჟის პოლიტიკა აპარტეიდის წინააღმდეგ.
1962 წლის 5 აგვისტოს ძებნაში მყოფი ნელსონ მანდელა დააპატიმრეს და იოჰანესბურგის ციხეში ჩასვეს. მისი ადგილ-სამყოფელის დადგენაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებას ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველო დაეხმარა. 1963 წელს კი პოლიციამ მასშტაბური რეიდი ჩაატარა და ოპოზიციის რამდენიმე ცნობილი ლიდერი აიყვანა. მათ ბრალი დივესიული აქტების მოწყობასა და სახელმწიფო ღალატში დასდეს, რაც სასიკვდილო განაჩენს ითვალისწინებდა.
1964 წლის 20 აპრილს პრეტორიის უმაღლეს სასამართლოში ბრალდებულთა პროცესი გაიმართა, სადაც სიტყვით ნელსონ მანდელა გამოვიდა. მან აღიარა, რომ აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ დივერსიულ აქტებს ახორციელებდა და იმ მიზეზების ახსნას შეეცადა, რის გამოც მშვიდობიანი ბრძოლიდან ძალადობრივ მეთოდებზე გადასვლა მოუხდა.
„ჩემი ცხოვრება მე აფრიკული მოსახლეობისთვის ბრძოლას მივუძღვენი. მე ვიბრძოდი როგორც თეთრების, ისე ფერადკანიანების ბატონობის წინააღმდეგ, ვიბრძოდი დემოკრატიული საზოგადოების შექმნისთვის, სადაც ადამიანები ჰარმონიაში იცხოვრებდნენ და ექნებოდათ ერთნაირი შესაძლებლობები. ეს ის იდეალებია, რომლისთვისაც მე ვცხოვრობდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება, სიცოცხლესაც შევწირავ.“-განაცხადა მანდელამ.
სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ სცნო, თუმცა სასიკვდილო განაჩენი მათ მუდმივი პატიმრობით შეუცვალეს.
ნელსონ მანდელა რობენის კუნძულზე მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს, სადაც ინდივიდუალურ კამერაში 18 წელი გაატარა. კუნძულზე პატიმრებს აუტანელ პირობებში უწევდათ ყოფნა. ისინი კარიერზე მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ. განსაკუთრებით მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ ფერადკანიანი მსჯავრდებულები, რომლებსაც საკვების მცირე პორციას აძლევდნენ. მანდელა „დ“ ჯგუფის პატიმრებში მოხვდა, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იხდიდნენ სასჯელს. მათ პაემნისა და წერილის გაგზავნის შესაძლებლობა 6 თვეში ერთხელ ეძლეოდათ.
პატიმარი მანდელა დაუსწრებელი სწავლების პროგრამით ლონდონის უნივერსიტეტში სწავლობდა და იურიდიულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი აიღო. 1981 წელს მისი კანდიდატურა უნივერსიტეტის საპატიო ლექტორის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა ეს პატივი წილად პრინცესა ანას ხვდა.
1982 წელს მანდელა და მისი რამდენიმე თანამებრძოლი პოლსმურის ციხეში გადაიყვანეს, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტებისა და ასაკოვანი პოლიტპატიმრების განცალკევება სურდა.
1985 წელს პრეზიდენტმა პიტერ ბოტამ მანდელას ციხიდან გათავისუფლება შესთავაზა, მხოლოდ იმ პირობით, თუ ის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ძალადობას აღარ აირჩევდა. მანდელა პრეზიდენტის წინადადებას არ დათანხმდა.
ხელისუფლება მანდელასთან მოლაპარაკებას რამდენიმეჯერ შეეცადა, თუმცა ვერაფერი გააწყო.
1988 წელს მანდელა ვიქტორ-ვერსტერის ციხეში გადაიყვანეს, სადაც პატიმრობის დარჩენილი წლები გაატარა. აქ მისი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა. მანდელას სისტემატურად ნახულობდნენ მისი მეგობრები და პოლიტიკური თანამოაზრეები, საერთაშორისო საზოგადოება კი მისი გათავისუფლების მოთხოვნით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებაზე ძლიერ ზეწოლას ახდენდა.
1989 წელს პრეზიდენტი ბოტა გულის შეტევით გარდაიცვალა და ის ფრედერიკ ვილემ დე კლერკმა შეცვალა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ბოლო თეთრკანიანმა პრეზიდენტმა აპარტეიდთან მებრძოლი ოპოზიციური პარტიების ლეგალიზების შესახებ სპეციალური ბრძანება გამოსცა.
1990 წლის 11 თებერვალს მანდელა გაათავისუფლეს. ეს პროცესი პირდაპირი ეთერით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაიცა. ისტორიულ დღეს მანდელამ თანამემამულეებს სიტყვით მიმართა. მან ღიად განაცხადა, რომ მოსახლეობის თეთრკანიან ნაწილთან უთანხმოების დაძლევას მშვიდობიანი გზით შეეცდებოდა, თუმცა არც ის დაუმალავს, რომ შეიარაღებული ბრძოლის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებდა.
მალე ნელსონ მანდელა საკუთარ პარტიას ჩაუდგა სათავეში და 1990–1994 წლებში აპარტეიდის რეჟიმის გაუქმების შესახებ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. შედეგად, ქვეყნის ფერადკანიან მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა.
1991 წელს აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა ლეგალიზების შემდეგ პირველი ეროვნული კონფერენცია ჩაატარა, რომელზეც მანდელა ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
1993 წელს ნელსონ მანდელასა და პრეზიდენტ დე კლერკს მშვიდობის ნობელის პრემია მიანიჭეს, თუმცა საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, პოლიტიკოსებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მანდელა დე კლერკს „არაკანონიერი, დისკრედიტირებული უმცირესობის რეჟიმის“ ლიდერად მოიხსენიებდა. მათ შორის მოლაპარაკებები რამდენიმეჯერ ჩაიშალა კიდეც, მაგრამ 4 წლიანმა დიალოგმა საბოლოოდ შედეგი გამოიღო, 1994 წლის 27 აპრილს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმის მიცემის უფლება ფერადკანიან უმრავლესობასაც მიეცა.
საპარლამენტო არჩევნებში მანდელას პარტიამ სოლიდური უპირატესობით (62 %) გაიმარჯვა, ლეგენდარული ნელსონ მანდელა კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი ფერადკანიანი ლიდერი გახდა. მისმა პოლიტიკურმა ოპონენტმა დე კლერკმა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი მიიღო.
მანდელა პრეზიდენტის პოსტზე 1999 წლამდე რჩებოდა. ამ დროის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები გაატარა:
პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ მანდელამ აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო. მას შემდეგ კი, რაც უმცროსი ვაჟიშვილი შიდსით დაიღუპა, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში ჩაერთო.
სიცოცხლეში მანდელა 3-ჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქორწინება 15 წელიწადს გაგრძელდა (1944-1958). ეველინ მანდელასგან მას 4 ბავშვი შეეძინა. ხანგრძლივი გამოდგა მანდელას მეორე ქორწინებაც (1958-1996). ვინი მანდელამ ნელსონს 2 ქალიშვილი აჩუქა. 1998 წელს კი ნელსონმა გრას მაშელზე იქორწინა.
ნელსონ მანდელა 2013 წელს იოჰანესბურგის გარეუბან ჰოუტონ ესტეიტში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.