Remove ads
არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
დიეგო არმანდო მარადონა (ესპ. Diego Armando Maradona Franco; დ. 30 ოქტომბერი, 1960, ლანუსი, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა — გ. 25 ნოემბერი, 2020, დიკე-ლუხანი, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა)[5] — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი.[6] ბევრი ფეხბურთის ექსპერტი, ფეხბურთელი და გულშემატკივარი მიიჩნევს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად[7][8][9][10]. პელესთან ერთად მოიგო ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი[11][12]. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.
მარადონა ფიფა-ს მსოფლიო თასით, 1986. | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დიეგო არმანდო მარადონა | ||
დაბადების თარიღი | 30 ოქტომბერი, 1960 | ||
დაბადების ადგილი |
ლანუსი ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
გარდაცვალების თარიღი | 25 ნოემბერი, 2020 (60 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
დიკე-ლუხანი, ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 165 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
შემტევი ნახევარმცველი თავდამსხმელი[1][2][3][4] | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1968–1969 | ესტრელა როხა | ||
1970–1974 | ლოს სებოლიტასი | ||
1975–1976 | არხენტინოს ჯუნიორსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1976–1981 | არხენტინოს ჯუნიორსი | 166 | (116) |
1981–1982 | ბოკა ხუნიორსი | 40 | (28) |
1982–1984 | ბარსელონა | 36 | (22) |
1984–1991 | ნაპოლი | 188 | (81) |
1992–1993 | სევილია | 26 | (5) |
1993–1994 | ნიუელს ოლდ ბოისი | 5 | (0) |
1995–1997 | ბოკა ხუნიორსი | 30 | (7) |
სულ | 491 | (259) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1977–1979 | არგენტინა 20-წლ. | 24 | (13) |
1977–1994 | არგენტინა | 91 | (34) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1994 | მანდიუ | ||
1995 | რასინგ კლუბი | ||
2008–2010 | არგენტინა | ||
2011–2012 | ალ-ვასლი | ||
2013–2017 | დეპორტივო რიესტრა (თ.) | ||
2017–2018 | ალ-ფუჯაირა | ||
2018 | დინამო ბრესტი (თ.) | ||
2018–2019 | დორადოსი | ||
2019–2020 | ხიმნასია ი ესგრიმა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მარადონა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 2-ჯერ დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი. პირველად 1982 წელს, როდესაც „ბარსელონაში“ გადავიდა 5 მილიონ გირვანქა სტერლინგად; მეორედ 1984 წელს, როდესაც კატალონიური კლუბიდან იტალიურ „ნაპოლიში“ 6.9 მილიონ გირვანქა სტერლინგად[13]. სათამაშო კარიერის განმავლობაში გამოდიოდა „არხენტინოს ჯუნიორსის“, „ბოკა ხუნიორსის“, „ბარსელონის“, „ნაპოლის“, „სევილიის“ და „ნიუელს ოლდ ბოისის“ მაისურით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი, როდესაც არგენტინელმა მრავალი ტიტული მოიგო.
დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წლის ჩემპიონატზე მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიგო, რომლის ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს სძლიეს (3–2). თავად მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლისთან შეხვედრისას (2–1) მარადონამ 2 ცნობილი გოლი გაიტანა: პირველი ფეხბურთელმა ხელით გაიტანა და ის „ღმერთის ხელის“ სახელითაა ცნობილი, ხოლე მეორე მის 60-მეტრიან გარღვევას მოჰყვა, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა, — 2002 წლის ფიფას გამოკითხვის შედეგად ეს გოლი „საუკუნის გოლად“ გამოცხადდა[14].
დიეგო მარადონა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფიგურად მიიჩნევა. 1991 წელს, მას შემდეგ რაც იტალიაში კოკაინის მიღება დაუმტკიცდა, ფეხბურთიდან 15 თვით იქნა მოკვეთილი. ასევე მოკვეთეს 1994 წლის მუნდიალიდან, რაც სხვა ნარკოტიკული საშუალების, ეფედრინის, მიღებით იყო გამოწვეული. 2005 წელს დიეგომ დაძლია ნარკო-დამოკიდებულება.
სამწვრთნელო საქმიანობაში სერიოზული გამოცდილების არქონის მიუხედავად, 2008 წლის ნოემბერში დაინიშნა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ეს თანამდებობდა 18 თვის განმავლობაში ეკავა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.
დიეგო არმანდო მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს, ბუენოს-აირესის პროვინციის ქალაქ ლანუსში დაიბადა. გაიზარდა ღარიბ ოჯახში, რომელიც ჯერ კიდევ მის დაბადებამდე კორიენტესის პროვინციიდან ჩამოვიდა.[15] ოჯახში მეოთხე შვილი და პირველი ვაჟიშვილი იყო. ასევე ჰყავდა ორი უმცროსი ძმა, — უგო და რაული, — რომლებიც მასსავით პროფესიონალი ფეხბურთელები იყვნენ. დიეგოს იტალიური, ესპანური, ხორვატული და ადგილობრივი არგენტინული ფესვები აქვს.[16][17] მისი გვარი იტალიის რეგიონიდან, კალაბრიიდან, არის წარმოშობით.[18]
მისი მშობლები იყვნენ დიეგო მარადონა და დალმა სალვადორა ფრანკო (1930–2011). უფროს მარადონას დედის გვარი ჰქონდა, ვინაიდან მამა არ სცნობდა. ფეხბურთელის მშობლები კორიენტესის პროვინციის ქალაქ ესკინაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. 1950 წელს მათ ესკინა დატოვეს და ბუენოს-აირესში გადავიდნენ.[19][20]
8 წლის ასაკში, მარადონა ბავშვთა მწვრთნელმა აღმოაჩინა, როდესაც თავისი უბნის გუნდში, „ესტრელა როხაში“ თამაშობდა. მალე დიეგო „ლოს სებოლიტასში“ ჩაირიცხა, „არხენტინოს ჯუნიორსის“ ბავშვთა გუნდში. უკვე 12 წლის ასაკში მაყურებელს თავისი ოსტატობით აოცებდა.[21]
1976 წლის 20 ოქტომბერს, 10 დღით ადრე ვიდრე 16 წლის გახდებოდა, მარადონამ „არგენტინოს ჯუნიორსთან“ პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა[22]. ამ კლუბში 1976-1981 წლებში გამოდიოდა და 167 შეხვედრაში 115 გოლი გაიტანა. 1981 წელს £1 მილიონად გადავიდა „ბოკა ხუნიორსში“, სადაც მარადონას ყოველთვის სურდა თამაში[23]. სადებიუტო წელსვე არგენტინის ჩემპიონი გახდა.
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ივნისში, მარადონა ესპანურ „ბარსელონაში“ გადავიდა £5 მილიონად, რაც მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი იყო[22]. 1983 წელს მოიგო ესპანეთის თასი და სუპერთასი[24]. ესპანეთში გატარებული 2 სეზონის განმავლობაში, რომლის ნაწილი ტრავმების გამო გააცდინა, მარადონამ 58 თამაში ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა[25].
დიეგოს რთული ურთიერთობა ჰქონდა გუნდის ხელმძღვანელობასთან, განსაკუთრებით კლუბის დირექტორთან ხოსეპ ლუის ნუნიესთან. საბოლოოდ, 1984 წელს, არგენტინელმა კლუბიდან გაშვება მოითხოვა. იტალიურმა „ნაპოლიმ“ მარადონა £6.9 მილიონად შეიძინა, რაც მორიგი მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი იყო[26].
1984 წლის ივლისში მარადონა ოფიციალურად გახდა „ნაპოლის“ ფეხბურთელი. პრეზენტაციაზე, სან-პაოლოს სტადიონზე, ფეხბურთელს 75,000 გულშემატკივარი მიესალმა[27].
მალევე მარადონა „ნაპოლის“ გულშემატკივრების კერპად იქცა. გუნდთან ერთად 2-ჯერ მოიგო სერია A, ასევე იტალიის თასი, უეფა-ს თასი და იტალიის სუპერთასი (1990). 1987–88 წლების სეზონში დიეგო იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
1992 წელს, მას შემდემ რაც კოკაინის მიღება დაუმტკიცდა და 15-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, მარადონამ „ნაპოლი“ დატოვა. მის მიმართ ინტერესს ესპანური „რეალი“ და ფრანგული „მარსელი“ იჩენდნენ, თუმცა მან „სევილია“ არჩია. აქ ფეხბურთელმა 1 წელი დაჰყო[28], შემდეგ კი „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადავიდა. 1995 წელს მარადონა „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნდა და 2 წლის შემდეგ საფეხბურთო კარიერა დაასრულა[22].
არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. მისი სანაკრებო დებიუტი 1977 წლის 27 თებერვალს, 16 წლის ასაკში, უნგრეთის წინააღმდეგ შედგა.[29] 1979 წელს, როდესაც 18 წლის იყო, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ფინალში მისმა გუნდმა საბჭოთა თანატოლები 3–1 დაამარცხა და არგენტინა ჩემპიონი, მარადონა კი — ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
1979 წლის 2 ივნისს, დიეგომ ჰემპდენ პარკზე შოტლანდიის წინააღმდეგ (3–1), ძირითადი ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა[30]
1982 წელს დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო ესპანეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში. პირველი ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა, ბელგიის წინააღმდეგ, ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა, რომლის უმთავრეს გუნდს ახალი შეძენილი ჰყავდა მარადონა. მაყურებლის მოლოდინის გამართლება ამ მატჩში მარადონამ ვერ შეძლო[31]. სამხრეთ ამერიკელებმა ევროპელებთან 0–1 წააგეს. დარჩენილი შეხვედრები, უნგრეთთან და სალვადორთან, დიეგოს გუნდმა მოიგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. აქ არგენტინამ იტალიასთან და ბრაზილიასთან მატჩები დათმო და ტურნირს დაემშვიდობა. იტალიასთან მატჩი აღსანიშნავი იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში კლაუდიო ჯენტილეს მიერ მარადონას წინააღმდეგ უხეში თამაშით[32][33].
მარადონამ ხუთივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა და 2 გოლი გაუტანა უნგრეთს. მეტოქე ნაკრებების ფეხბურთელები განსაკუთრებით უხეშობდნენ მის წინააღმდეგ, ხოლო ბრაზილიასთან მატჩში უხეშობისათვის თავად იქნა გაძევებული[34].
მექსიკაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონა გუნდის კაპიტანი იყო. მან გუნდის ყველა თამაში შეუცვლელად ითამაშა; გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სამხრეთ ამერიკელებმა სამხრეთი კორეა 3–1 დაამარცხეს, სამივე საგოლე გადაცემა კი მარადონას ეკუთვნის. პირველი გოლი დიეგომ მეორე ტურში, იტალიის წინააღმდეგ (1–1) გაიტანა[35]. ბოლო ტურში არგენტინამ ბულგარეთთან 2–0 იმარჯვა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.
მერვედფინალში არგენტინამ ურუგვაი 1–0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ ეტაპზე ინგლისს დაუპირისპირდა, რაც მარადონასთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მატჩი გამოდგა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში დიეგომ გახსნა 51-ე წუთზე. გამეორებაზე კარგად გამოჩნდა რომ მან გოლი ხელით გაიტანა[36]. ინგლისელი ფეხბურთელების პროტესტის მიუხედავად, ტუნისელმა მთავარმა მსაჯმა ალი ბინ ნასერმა გოლი ჩათვალა. 2005 წელს, მარადონამ აღიარა რომ ბურთს ხელი განზრახ მოარტყა. ეს გოლი ფეხბურთის ისტორიაში „ღმერთის ხელის“ სახელით შევიდა[37]. 4 წუთის შემდეგ მარადონამ ინგლისს მეორე გოლი გაუტანა. პარტნიორისგან ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, შემობრუნდა და დაიწყო დრიბლინგი, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა. საბოლოოდ, ბურთი ცარიელ კარში შეაგდო[38]. 2002 წელს, ფიფა-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ეს გოლი „საუკუნის გოლად“ იქნა აღიარებული.[14]
ნახევარფინალში არგენტინა ბელგიას შეხვდა და 2–0 დაამარცხა. ორივე გოლი მარადონას ანგარიშზეა. ფინალში, დასავლეთ გერმანიას დაუპირისპირდა. მეტოქემ მას ორმაგი მეურვეობა მიუჩინა. მიუხედავად ამისა, მან შეძლო და საგოლე გადაცემა გაუკეთა ხორხე ბურუჩაგას, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩი, რომელიც არგენტინამ 3–2 მოიგო, „აცტეკაზე“ ჩატარდა და 115 000 მაყურებელი დაესწრო[39][40].
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მარადონა კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბევრი მიიჩნევდა რომ მან ჩემპიონობა მარტომ მოიგო.[41][42][43][44]
მარადონა იტალიის 1990 წლის მუნდიალზეც გუნდის კაპიტანი იყო. თუმცა კოჭის ტრავმამ მთელ მის გამოსვლაზე იქონია გავლენა და ნაკლებად ეფექტიანი იყო, ვიდრე 4 წლით ადრე. არგენტინამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და გაჭირვებით გავიდა პლეი-ოფში.
მერვედფინალში ბრაზილიასთან მატჩში, დიეგოს გარღვევისა და პასის შემდეგ კლაუდიო კანიჯამ ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდი მეოთხედფინალში გავიდა[45]. მეოთხედფინალში არგენტინა იუგოსლავიას დაუპირისპირდა და, ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, რომელიც 0–0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანებში იმარჯვა. მარადონამ თავისი თერთმეტმეტრიანის რეალიზება ვერ შეძლო.
ნახევარფინალში მასპინძელ იტალიასთან მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1–1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანებში კი სამხრეთ ამერიკელებმა კვლავ იმარჯვეს. ამჯერად, მარადონამ თავისი თერთმეტმეტრიანი გაიტანა.
წინა ჩემპიონატის მსგავსად, ფინალში არგენტინა კვლავ დასავლეთ გერმანიის ნაკრებს შეხვდა. მატჩი დიეგოს გუნდმა 0–1 წააგო. ერთადერთი გოლი ანდრეას ბრემემ გაიტანა საკამათო თერთმეტმეტრიანით[45].
აშშ-ში ჩატარებულ ჩემპიონატზე მარადონამ მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა; საბერძნეთთან პირველ ტურში გოლიც გაიტანა. ნიგერიასთან მატჩის შემდეგ, დიეგოს ეფედრინის დოპინგის მიღება დაუმტკიცდა და მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთეს. ლიდერის გარეშე დარჩენილი არგენტინა ჯგუფიდან გავიდა, თუმცა პლეი-ოფის პირველივე მატჩი რუმინეთთან დათმო (2–3) და ტურნირს დაემშვიდობა.
2020 წლის 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო ჩაუტარდა რთული ოპერაცია.[46] 12 ნოემბერს, გამოკეთების შემდგომ მკურნალობა საკუთარ სახლში ექიმის დაკვირვების ქვეშ განაგრძო.[47][48] გარდაიცვალა 25 ნოემბერს, გულის შეტევით, საკუთარ სახლში, ქალაქ ტიგრეში, არგენტინაში.[49] პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.[50] 26 ნოემბერს დაკრძალეს საკუთარი მშობლების გვერდით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.