სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“
From Wikipedia, the free encyclopedia
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ — საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სრული სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. ორგანიზაციის მუშაობის სფერო ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი მრეწველობის და გარკვეულწილად სამოქალაქო მიმართულებით. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ორგანიზაციის მისია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და თავდაცვის ეროვნული სტრატეგიიდან გამომდინარეობს. ცენტრის ძირითადი ამოცანა ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობაა. თანამედროვე და ინოვაციური სამხედრო ტექნოლოგიების პროექტირება-წარმოებაში დანერგვა, მსოფლიო ტენდენციებს მორგებული საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების დაპროექტება, შექმნა და სერიული წარმოება. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საქართველოში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც თავდაცვითი მრეწველობის სფეროში მოღვაწეობს. დღეისათვის სამხედრო-ტექნიკურ ცენტრს გააჩნია როგორც ინტელექტუალური, ასევე ტექნიკური რესურსი, რომლის საშუალებითაც შეუძლია დააპროექტოს და აწარმოოს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო დანიშნულების პროდუქცია.[1]