საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია — ერთ-ერთი უძველესი ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. ეკლესიის სამოქმედო ტერიტორიაა ძირითადად საქართველო, თუმცა ეპარქიები აქვს სხვა ქვეყნებშიც. რუსეთის მიერ ოკუპაციის გამო ვერ ახორიელებს იურისდიქციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. უკავია მე-9 ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში. შეიქმნა IV საუკუნეში იბერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებისთანავე მცხეთის საეპისკოპოსოს სახით. გადმოცემის მიხედვით საქართველოში ქრისტიანობა ქრისტეს მოციქულებმა იქადაგეს. ეკლესია თავს ღვთისმშობლის წილხვედრად მიიჩნევს.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | |
თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი - მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში. | |
მიხეილ საბინინის ხატი "დიდება იბერიას" | |
დამაარსებელი | ანდრია პირველწოდებული |
ავტოკეფალია | 486 წელი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიისგან; 1917 წელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან |
აღიარება | ავტოკეფალია აღიარებულია ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 486 წელს. ავტოკეფალიის აღდგენის აღიარება მოხდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1943 წელს, ხოლო კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1990 წელს. |
ადგილი დიპტიქში | მე-9 |
წინამძღვარი | უწმიდესი და უნეტარესი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა. |
რეზიდენცია | თბილისი , მცხეთა |
ტერიტორია | საქართველო |
ენა | ქართული ენა |
მრევლი | 3,500,000[1] |
ოფიციალური ვებ-გვერდი | patriarchate.ge |
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ისტორიულად დიდი პოლიტიკური ეკონომიკური ძალაუფლება ჰქონდა, ფლობდა მიწებს და ყმა-გლეხებს. მისი ქონება იზრდებოდა მეფეებისა და ფეოდალებისაგან შემოწირულობების ხარჯზე. ქართულმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში: აშენდა ბევრი ეკლესია-მონასტერი როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ პალესტინაში, სირიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში, სადაც ფართო სამეცნიერო, ლიტერატურული და კულტურული მოღვაწეობა მიმდინარეობდა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესია ასრულებს განსაკუთრებულ როლს საქართველოს სახელმწიფოში, რამდენადაც საქართველოს მხოლოდ მასთან გააჩნია ოფიციალური კონსიტიტუციური შეთანხმება. ეკლესიის წევრთა რიცხვი დაახლოებით 3,5 მილიონია. საქართველოს მოსახლეობის 83 % თავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად მიიჩნევს. ეკლესიის მეთაურის, კათოლიკოს-პატრიარქის რეიტინგი აღემატება სახელმწიფო ინსტიტუტების და პოლიტიკური ლიდერების რეიტინგს, რაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებრივ და ეკონომიკურ პრივილეგიებს ანიჭებს.