საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, აგრეთვე ცნობილი როგორც კონკორდატი — საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული ხელშეკრულება, რომელიც დადებულია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, 2002 წელს. სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციურ შეთანხმებას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ მდგომარეობას, იურიდიულ სტატუსს, ურთიერთობას სახელმწიფოსთან, საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვა სუბიექტებთან.
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების მთავარ ღირსებად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ მასში თანაბრადაა განმტკიცებული საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და, ამავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება.
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ყველა სხვა ნორმატიული აქტის მიმართ. კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სულ ცოტა სამი მეხუთედი.