სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
შემოქმედი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: შემოქმედი, გომი, გონებისკარი, კვირიკეთი, წითელმთა). მდებარეობს მდინარეების ბჟუჟისა და აკიშას ნაპირებზე, ოზურგეთი-გომისმთის გზაზე, ზღვის დონიდან 190 მ, ოზურგეთიდან 7 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა[2] და ბიბლიოთეკა.
სოფელი | |
---|---|
შემოქმედი | |
შემოქმედის ხედი მონასტრიდან | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
თემი | შემოქმედი |
კოორდინატები | 41°54′31″ ჩ. გ. 42°04′06″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 190 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1322[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,5 % რუსები 0,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
შემოქმედი გურიის ერთ-ერთი ისტორიული სოფელია. იყო შემოქმედის საეპისკოპოსოს ცენტრი. შემოქმედის სამოურავო მოიცავდა მდინარე ბჟუჟის მთელ ხეობას ოზურგეთს ზემოთ. შემოქმედის მოურავს ნიშნავდა შემოქმედელი ეპისკოპოსი. XVIII საუკუნეში ეპისკოპოსმა ნიკოლოზ ბატონიშვილმა მოურავად დანიშნა ბახუტა ნაკაშიძე. 1776 წელს საშემოქმედლო გიორგი V გურიელმა დაიკავა და შემოქმედის მოურავად საკუთარი ძე დასვა, თუმცა მოგვიანებით დაუბრუნა ბახუტა ნაკაშიძესა და მის შვილებს.[3] 1792 წლიდან ქაიხოსრო გურიელმა გაამაგრა შემოქმედის ციხე და უჩხუბიდან იქ გადაიტანა რეზიდენცია. 1820 წლის აპრილში იმერეთის აჯანყების დროს შემოქმედში იოთამ ბოლქვაძემ მოკლა იმერეთის დროებითი მმართველი, პოლკოვნიკი პუზირევსკი, რომელიც გურიაში ლაშქრობდა იქ თავშეფარებულ აჯანყების მეთაურთა დასაპატიმრებლად. ამის გამო იმავე წლის 24 ივლისს გენერალ ველიამინოვის სარდლობით რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა შემოქმედის ციხე და გადაწვა მიმდებარე სოფლები. 1822-1823 წლებში შემოქმედის მოურავი იყო როსტომ ნაკაშიძე, რომელიც ამავე დროს გურიელის სახლთუხუცესი იყო.
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემოქმედის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა საკუთრივ შემოქმედი, გომი, კარისყურე, წითელმთა, კვირიკეთი, მაკვანეთი, ფატარი. 1873 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი. 1874 წელს აქ 160 კომლი ცხოვრობდა, ხოლო ტერიტორია დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელს ეკუთვნოდა.[4] 1902 წელს შემოქმედის საზოგადოებაში აღრიცხული იყო ხუთი სოფელი. მოსახლეობის რაოდენობა იყო 3577 ადამიანი.[5] 1914-1915 წლებში აშენდა სოფლის სკოლის ახალი შენობა.
1930-1940-იან წლებში სოფელში მდინარე ნაბჟუარას შტოზე, სოფლის ცენტრთან ახლოს აგებული იყო მცირე ჰიდროელექტროსადგური „ჩაქუხჰესი“, რომლის სიმძლავრე იყო 42 კვტ/სთ.[6] 1958 წელს სოფელში აშენდა 600 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. 1980 წლის 20-21 სექტემბერს პირველად აღინიშნა „შემოქმედობა“. 1983 წელს სოფელში გაიხსნა ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლი და სახლ-მუზეუმი. გახსნაში მონაწილეობდნენ დანჩენკოს შვილიშვილი ვასილ ნემიროვიჩ-დანჩენკო, სსრკ სახალხო არტისტი ანგელინა სტეპანოვა და რსფსრ სახალხო არტისტი ვლადიმერ ანდრეევი. 1984 წელს აღინიშნა ვარლამ სიმონიშვილის ასი წლის იუბილე და გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი. მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა და საკონსერვო ქარხანა.
სოფელში, მდინარე ბჟუჟის სამხრეთით, გორაკზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა) და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი. შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე.
სოფელში შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები. ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას გარეთ განზიდული ნახევარწრიული აბსიდით. ნაგებია ნატეხი ქვით. კუთხეები, კარისა და სარკმლის მოჩარჩოება გათლილი ფილებითაა გაკეთებული. ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კედლები ძლიერ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთის კარს თაღოვანი მოჩარჩოება აქვს, რომელშიც იმპოსტია ჩადგმული. სამხრეთის და დასავლეთის კედელში ორ-ორი ფართო, მაღალი და თაღოვანი სარკმელია. კარებების და ფანჯრების მოჩარჩოებაში გამოყენებულია სვეტების იმიტაცია, რომელთაც ბაზისები და კაპიტელები აქვთ. ასეთივე იმიტაციაა გამოყენებული ფასადების კუთხეებში. კედლები სრულდებოდა ქვის ერთსაფეხურიანი ლავგარდნით. დასავლეთიდან ტაძარს სტოა უნდა ჰქონოდა. შემორჩენილია მხოლოდ იატაკი.[9]
ეკლესია აშენებულია XIX სუაკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში. მასში დაცული იყო ქედის ეკლესიის იოანე ნათლისმცემლის ხატი. ქედის საყდარი გორისფერდის ზემოთ ეს იყო მცირე ზომის ეკლესია, რომელიც დაინგრა და არ შემორჩენილა. ხატზე იყო სამშენებლო წარწერა, რომლის მიხედვით ქედის ეკლესია აღადგინა მამია IV გურიელმა 1758-1759 წლებში. წმინდა გიორგის ეკლესიაში ინახებოდა ასევე აკიშის საყდრის იოანე ნათლისმცემლის ხატი.[10]
სოფელში იდგა გორისფერდის განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესიისა და გალავნის ნანგრევები. გორისფერდის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდებოდა. ეკლესია თავდაპირველად ქვით, შემდეგ კი ხით იყო აგებული. ირგვლივ ქვის გალავანი ჰქონდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში შემორჩენილი იყო ძველი ეკლესიის გალავანი და ნანგრევები, აგრეთვე კანკელის ფრაგმენტი, რომელზეც გამოსახული იყო სახარების სცენა. ტაძარი თავდაპირველად გუმბათიანი უნდა ყოფილიყო და ის გურიის სხვა ეკლესიებისაგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული არქიტექტურით.
შემოქმედი დუმბაძეთა გვარის მშობლიური იყო. ამ გვარის წარმომადგენლები სასულიერო წოდებას განეკუთვნებოდნენ. ცნობილ დუმბაძეთა შორის იყვნენ ეპისკოპოსი იაკობ შემოქმედელი; გიორგი დუმბაძე მღვდელი და მგალობელი; ანტონ დუმბაძე, მგალობელი და ლოტბარი; მისი შვილები: დავით დუმბაძე, მღვდელი და მგალობელი; ივანე დუმბაძე, სამსონ დუმბაძე, ნიკოლოზ დუმბაძე, იოსებ დუმბაძე რუსეთის არმიის გენერლები; დავით დუმბაძის შვილები: სონია დუმბაძე ემიგრანტი საოპერო მომღერალი და ვასილ დუმბაძე, კომერსანტი და დიპლომატი. დავით დუმბაძე იყო ჟურნალისტი და მთარგმნელი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.