Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ქაიხოსრო ბატონიშვილი (გ. 25 ოქტომბერი, 1829, ჩარშამბა, თურქეთი) — გიორგი V გურიელის ვაჟი. გურიის სამთავროს რეგენტი 1797-1809 წლებში, ასევე მოიხსენიება, როგორც ქაიხოსრო IV გურიელი.
ქაიხოსრო ბატონიშვილი | |
---|---|
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1797 |
მმართ. დასასრული: | 1809 |
წინამორბედი: | ვახტანგ III გურიელი |
მემკვიდრე: | მამია V გურიელი |
გარდ. თარიღი: | 25 ოქტომბერი, 1829 |
გარდ. ადგილი: | ჩარშამბა, თურქეთი |
მეუღლე: | მაკიჯასპი ნაკაშიძე, ელისაბედ ერისთავი |
შვილები: | დიმიტრი გურიელი, სტეფანე გურიელი, მალაქია გურიელი |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | გიორგი V გურიელი |
განათლება მიიღო გელათში, სადაც ბერად აღკვეცილი შემოქმედის ეპისკოპოსად ემზადებოდა. 1797 წელს ქაიხოსრო ერისკაცობას დაუბრუნდა და გურიაში ჩავიდა. გადააყენა მთავარი ვახტანგ III გურიელი. ვახტანგი აგრძელებდა ბრძოლას ტახტისთვის და ასევე მისი ძმა ლევან გურიელის წინააღმდეგ. ლევანმა და ქაიხოსრომ მოილაპარაკეს და შეიპყრეს ვახტანგი, მაგრამ სოლომონ II-ის ჩარევით ქაიხოსრომ ვახტანგი გაათავისუფლა. ვახტანგმა ახალციხის ფაშა სელიმ ხიმშიაშვილს, შეაფარა თავი. ქაიხოსროს თხოვნით 1804 წელს სელიმმა იგი შეიპყრო, მაგრამ სოლომონ II-ისა და პავლე ციციანოვის თხოვნით გაათავისუფლა.
1804 წელს ქაიხოსრომ ოფიციალურად ითხოვა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შესვლა. 1804 წლის 25 აპრილს ელაზნაურის შეთანხმებით რუსეთმა გურია ქვეშევრდომობაში მიიღო, როგორც იმერეთის სამეფოს ნაწილი. ცნობა ელაზნაურის შეთანხმების შესახებ ქაიხოსრო გურიელმა 1804 წლის 29 მაისს მიიღო. ამან გაანაწყენა ვახტანგ და ლევან გურიელები, რომლებიც ანტირუსული განწყობით ცნობილ სოლომონ II-ს დაუახლოვდნენ. ქაიხოსრომ ხელთ იგდო ლევან გურიელის წერილი სოლომონ II-სადმი, რომელიც იმერეთის მეფისა და ოსმალეთის ურთიერთობას ადასტურებდა. ქაიხოსრომ ეს წერილი ციციანოვს გაუგზავნა და მადლობაც დაიმსახურა. ქაიხოსროსგან დევნილი ლევან გურიელი იმერეთში გაიქცა და ცდილობდა, ქაიხოსროს წინააღმდეგ იონ რიკჰოფი გამოეყენებინა. ქაიხოსრომ ფოთის ოსმალთა რაზმისა და ზარბაზნის გამოყენებით ლევანის საბატონიშვილო მამული დაიკავა. 1804 წელს პიოტრ ლიტვინოვმა ქაიხოსრო სამეგრელოში ლევან ბატონიშვილთან შესარიგებლად მიიწვია. სოლომონ II-მ ქაიხოსრო გურიელი გააფრთხილა, რუსებს არ ენდოო. ქაიხოსრომ სამეგრელოში წასვლა გადაიფიქრა და ლიტვინოვი გურიაში მიიწვია. ორი გურიელისა და ლიტვინოვის შეხვედრა შედგა გურიაში. ლიტვინოვმა ქაიხოსროს და ლევანს სამთავროს ტერიტორიის გაყოფა შესთავაზა. შემუშავებული იქნა გაყოფის პროექტიც. გადაწყდა, რომ მედიატორებად სამეგრელოს თავადები და ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი მოეწვიათ, საბოლოოდ მედიატორებად მიწვეული პირები გურიაში ვერ ჩავიდნენ და სამთავროს გაყოფა არ შედგა. 1805 წლის აპრილში სოლომონ II ჯარით შევიდა საჯავახოში და აიძულა ქაიხოსრო საბატონიშვილო მამული დაებრუნებინა ლევანისთვის.
1809 წელს სამთავროს საქმეებს ჩამოსცილდა და მმართველობა მისივე აღზრდილ მამია გურიელს გადააბარა. 1820 წელს წინ აღუდგა ეგზარქოს თეოფილაქტეს საეკლესიო რეფორმას და შეიფარა იმერეთის აჯანყების მეთაური ივანე აბაშიძე. ქაიხოსრო თავს იმით იმართლებდა, რომ იმერეთიდან დევნილი ივანე აბაშიძე აჭარაში აპირებდა გადასვლას, რის გამოც მან უმჯობესად მიიჩნია თავადი თავისთან მიეწვია და შემდეგ რუსეთის ხელისუფლებასთან შეერიგებინა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ვერსია არ დაიჯერა. იმერეთის მმართველმა, პოლოვნიკმა ივან პუზირევსკიმ ქაიხოსრო გურიელს აცნობა, რომ თუ იგი ივანე აბაშიძეს რუსებს ნებაყოფლობით გადასცემდა, მას ყველა დანაშაულს აპატიებდნენ და სასჯელად მხოლოდ გადასახლებას დაუწესებდნენ. ქაიხოსრო გურიელის მიერ ივანე აბაშიძის შეფარებამ, ეჭვის ქვეშ დააყენა გურიის მთავრის რუსეთისადმი ერთგულება. მიუხედავად ამისა, ალექსეი ერმოლოვი ცდილობდა მამია გურიელი ბიძის წინააღმდეგ გამოეყენებინა. 1820 წლის 12 აპრილს მან მამია გურიელს მისწერდა, რომ ქაიხოსრო გურიელის მოქმედება მის ავტორიტეტს ვერ შეარყევდაა და რუსეთის ხელისუფლება კვლავაც ნდობას უცხადებდა გურიის მთავარს. ამასთან ერთად, ერმოლოვი აღნიშნავდა, რომ ვერ დაუშვებდა მამია გურიელისათვის ხელისუფლების გაყოფას. ამას მოჰყვა ურთიერთობის დაძაბვა ბიძასა და ძმისშვილს შორის ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი.
1820 წლის 6 აპრილს ივან ველიამონოვმა ქაიხოსრო გურიელს მოსთხოვა დაუყონებლივ ჩასულიყო ქუთაისში და როცა ამ უკანასკნელისაგან უარი მიიღო, პუზირევსკის უბრძანა გურიის სამთავროში ჯარი შეეყვანა, ქაიხოსრო გურიელი ან შეეპყრო ან გურიიდან განედევნა. 1820 წლის 13 აპრილს პუზირევსკი კაზაკთა მცირე რაზმით შემოქმედის ციხისაკენ გაემართა. პუზირევსკის ციხე საერთოდ დაცლილი დახვდა. ქაიხოსრო ამ დროს მეზობელ სოფელში იმყოფებოდა და სამი ადამიანი გაგზავნა სოფლის მოსახლეობის გასაფრთხილებლად. ეს სამი ადამიანი უკან გამობრუნებული პუზირევსკის გადააწყდა. მათგან ერთმა, აზნაურმა იოთამ ბოლქვაძემ შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა პუზირევსკი. იოთამ ბოლქვაძე ქაიხოსრო გურიელმა ივან პუზირევსკის თოფითა და ხმლით დააჯილდოვა. 1820 წლის 9 ივლისს კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ალექსეი ველიამინოვი 3200 ქვეითით, 150 კაზაკით და 7 ზარბაზნით გურიისკენ დაიძრა და 23 ივლისს აიღო და დაანგრია შემოქმედის ციხე. ქაიხოსრომ ოსმალეთს შეაფარა თავი და იქ გარდაიცვალა.
ცნობილი იყო გონებითა და განათლებით. დედანში კითხულობდა ბერძენ და ლათინ ავტორებს. ქაიხოსრო მამია V გურიელის მცირეწლოვანებაში სამთავროს განაგებდა და ფლობდა საშემოქმედლოს ეკლესიის ყმა-მამულს. უჩხუბიდან რეზიდენცია გადაიტანა შემოქმედის ციხეში. ენერგიული საქმიანობით შეკვეცა ფეოდალთა თვითნებობა და გააძლიერა მთავრის ხელისუფლება. ამისთვის აიღო ლანჩხუთის, ბაილეთის, ლიხაურისა და ასკანის ციხეები. მოიწვია საეკლესიო კრება და აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა (ტყვეებით მოვაჭრეებს სიკვდილით სჯიდა). მოაწესრიგა ვაჭრობა. საგარეო ურთიერთობაში ანტიოსმალურ პოლიტიკას ატარებდა და მხარს უჭერდა გურიის სამთავროს რუსეთთან კავშირს. იმერეთის მეფე სოლომონ II გურიელსა და დადიანს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებდა, მაგრამ გურიაში სოლომონ II-ს საკმაოდ გავლენიანი მოწინააღმდეგე ჰყავდა სიმონ გურიელის ქვრივის, მარინეს სახით, რომელიც მამის, ზურაბ წერეთლის ჩაგონებით რუსული ორიენტაციის მომხრე იყო და ყოველნაირად უშლიდა ხელს სოლომონ II-ის გავლენის გავრცელებას გურიის სამთავროზე და მისი გეგმების შესახებ საქმის კურსში აყენებდა რუსეთის ხელისუფლებას.
ქაიხოსროს ცოლად ჰყავდა ნაკაშიძის ქალი, მაგრამ მას გაეყარა. ამის გამო ნაკაშიძეები ტახტისთვის ბრძოლაში ვახტანგ III გურიელის მხარეს დადგნენ. ქაიხოსრომ მეორე ცოლად საჯავახოელი ქაიხოსრო ერისთავის ასული ელისაბედი შეირთო. ქაიხოსროს ცოლ-შვილი მისი გარდაცვალების შემდეგ, 1831 წელს, მეფის რუსეთის მთავრობას შეურიგდა, სამშობლოში დაბრუნდა და გავლენიანი ნაცნობების წყალობით 1835 წელს მამულები (მდინარე ბჟუჟის ხეობა სოფელ კვირიკეთიდან სოფელ უჩხუბის ჩათვლით, 160 კომლი.) დაიბრუნა. ელისაბედ ერისთავი გარდაიცვალა ტფილისში 1844 წლის 26 მაისს[1]. ქაიხოსრო გურიელის შვილები იყვნენ მალაქია,[2] დესპინე, დიმიტრი და პელაგია გურიელები. დიმიტრი გურიელი (1822-1882) ცხოვრობდა ოზურგეთში, მონაწილეობდა ყირიმის ომში და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში. იყო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური 1871 წლიდან. იმპერატორის ამალის განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი 1876 წლიდან. ააშენა სასახლე, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.