ნორვეგიელი სწავლული, მოგზაური და მწერალი From Wikipedia, the free encyclopedia
თურ ჰეიერდალი (ნორვ. Thor Heyerdahl; დ. 6 ოქტომბერი 1914, ლარვიკი — გ. 18 აპრილი 2002, კოლა-მიკერი, იტალია) — ნორვეგიელი სწავლული, მოგზაური და მწერალი. გვევლინებოდა როგორც ეთნოგრაფი, ზოოლოგი და გეოგრაფი, რომელიც ინტენსიურად სწავლობდა კულტურული მემკვიდრეობისა და ტრანსოკეანური მიგრაციების შესაძლებლობას ძველ და ახალ სამყაროს შორის. ჰეიერდალი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ტივით „კონ-ტიკი“ გადაცურა წყნარი ოკეანე სამხრეთ ამერიკიდან არქიპელაგ ტუამოტუმდე. 1953 წელს აღმოაჩინა ინკებამდელი პერიოდის ნასახლარის ნაშთები გალაპაგოსის კუნძულებზე.
II მსოფლიო ომში (1939-1945) ნორვეგიის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე. ჰეიერდალის სამეცნიერო-მხატვრული წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 2011 წლის მაისში თურ ჰეიერდალის არქივები მიემატა „მსოფლიოს ხსოვნა“, იუნესკოს რეესტრს.[16] ამჟამად აღნიშნული სია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებიდან შეიცავს 238 კოლექციას.[17]
ჰეიერდალი დაიბადა ქალაქ ლარვიკში, ლუდის მეწარმის თურ ჰეიერდალისა და მისი მეუღლის ელისონ ლინგის ოჯახში. პატარა ასაკიდანვე დიდი ინტერესი გამოიჩინა ზოოლოგიის მიმართ. ამასთანავე საკუთარ სახლთან გაკეთებული ჰქონდა ზოო-მუზეუმი. ოსლოს უნივერსიტეტში სწავლობდა ზოოლოგიასა და გეოგრაფიას. ამასთან ერთად ჰეიერდალმა არაოფიციალურად შეისწავლა პოლინეზიური კულტურა და ისტორია; ჰეიერდალის მრჩეველი ამ საკითხებში იყო მდიდარი ნორვეგიელი ღვინის ვაჭარი ბიერნ კრეპელინი, რომელსაც ეკუთვნოდა პოლინეზიის შესახებ არსებული უმდიდრესი კერძო კოლექცია – წიგნები და სხვადასხვა ქაღალდები. ბიერნ კრეპელინის უმდიდრესი ბიბლიოთეკა შემდგომში შეისყიდა ოსლოს უნივერსიტეტმა; კრეპელინის ბიბლიოთეკა შეუერთდა კონ-ტიკის მუზეუმის განყოფილებას.
ბერლინში სწავლების შემდეგ, თურ ჰეიერდალის მასწავლებლებმა – ზოოლოგიის პროფესორებმა კრისტიან ბონევმა და იალმარ ბროკმა ითავეს და დააფინანსეს პროექტი, რომელიც მიმართული იყო პოლინეზიის რამდენიმე იზოლირებული კუნძულის მოსანახულებლად და ასევე იმის გასარკვევად, თუ როგორ აღმოჩნდნენ კუნძულებზე ცხოველები.
1936 წლის დეკემბერში თურ ჰეიერდალი დაქორწინდა ლივ კუშერონ-ტორპზე (დ. 1916), რომელიც ჰეიერდალმა გაიცნო უნივერსიტეტში ჩაბარებამდე რამდენიმე ხნით ადრე. ლივ კუშერონ-ტორპი ჰეიერდალის თითქმის ყველა ექსპედიციებში მონაწილეობდა (გარდა კონ-ტიკის ექსპედიციისა). წყვილს ორი შვილი ჰყავდა, უმცროსი თური და ბიორნი. ცოლქმრობა განქორწინებით დამთავრდა. 1949 წელს თურ ჰეიერდალმა იქორწინა ივონ დედეკამ-სიმონსენზე. წყვილს ჰყავდა სამი შვილი: ანეტი, მერიანი და ჰელენ ელიზაბეთი. წყვილი ერთმანეთს დაშორდა 1969 წელს. თავის ავტობიოგრაფიაში იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უნდა აეღო მთელი ბრალდება მათი გაყრის გამო.[18]
1991 წელს თურ ჰეიერდალმა ცოლად შეირთო ჟაკლინ ბირი (დ. 1932). ისინი ტენერიფეზე ცხოვრობდნენ (კანარის კუნძულები) და აქტიურად იყვნენ ჩაბმულები არქეოლოგიურ პროექტებში, განსაკუთრებით მათ ინტერეს იწვევდა ტუკუმე (პერუ) და აზოვი (რუსეთი), თუმცა თურ ჰეიერდალი 2002 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ჰეიერდალს ჩაფიქრებული ჰქონდა არქეოლოგიური პროექტირების განხორციელება სამოას კუძულებზე.[19]
თურ ჰეიერდალი გარდაიცვალა 2002 წლის 18 აპრილს, იტალიის ერთ-ერთ სოფელ კოლა-მიკერიში. იტალიაში იგი თავის უახლოეს ოჯახის წევრებთან ერთან იმყოფებოდა, რათა სააღდგომო დღესასწაული აეღნიშნა. დაკრძალულია კოლა-მიკერიში.[19]
ის მოვლენები, რომელიც შეემთხვა თურ ჰეიერდალს მარკიზის კუნძულებზე ყოფნისას, განსაკუთრებით კი ფატუ-ხივაზე, მოთხრობილია მის პირველ წიგნში På Jakt efter Paradiset („ნადირობა სამოთხისთვის“, 1938). წიგნი გამოქვეყნდა ნორვეგიაში, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ჰეიერდალის წიგნი არ თარგმნილა და გარკვეულწილად ნაშრომი მივიწყებულ იქნა. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ჰეიერდალი უკვე ცნობილი იყო თავისი მრავალრიცხოვანი მოგზაურობებით, მან გამოსცა თავისი წიგნის ახალი ვარიანტი სახელწოდებით „ფატუ-ხივა“ (ლონდონი: Allen & Unwin, 1974).
1947 წელს თურ ჰეიერდალმა 5 თანამგზავრთან ერთად გადაცურა წყნარი ოკეანე პერუდან არქიპელაგ ტუამოტუმდე ტივით „კონ-ტიკი“, იმის დასამტკიცებლად, რომ შეიძლებოდა პოლინეზიის კუნძულებზე თავდაპირველად ამერიკიდან მოსულები დასახლებულიყვნენ. პერუში ყოფნის დროს მოგზაურებმა მცენარე ბალსასგან ააგეს ტივი „პაე-პაე“, რომელსაც შემდგომში კონ-ტიკი უწოდეს.
კონ-ტიკის ექსპედიცია ინსპირირებული იყო უძველესი ხელნაწერებითა და ესპანელი კონკისტადორების ჩანახატებით, სადაც გამოსახული იყო ინკების ტივები; შთაგონილები იყვნენ ასევე ადგილობრივი ლეგენდებითა და არქეოლოგიური მტკიცებულებებით, რომელიც აძლევდა მათ იმის საბაბს, რომ ევარაუდათ სამხრეთ ამერიკასა და პოლინეზიას შორის კავშირი. 1947 წლის 7 აგვისტოს 101 დღე ცურვის შემდეგ „კონ-ტიკიმ“ გადაცურა წყნარი ოკეანის განივი 8000 ათ. კმ მანძილი და მიაღწია რაროიას რიფს (ტუამოტუს კუნძულები).
კონ-ტიკიმ მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ პრიმიტიული ტივი წყნარი ოკეანის გასაცურად შედარებით მარტივი და უსაფრთხოა, განსაკუთრებით კი დასავლეთის მიმართულებით (ქართან ერთად). ტივი მეტად მანევრირებადი აღმოჩნდა. კონ-ტიკით შთაგონებულმა სხვა მოგზაურებმა საკუთარ ტივებზე გაიმეორეს აღნიშნული ვოიაჟი. თურ ჰეიერდალის წიგნი „კონ-ტიკი“ თარგმნილია მსოფლიოს 67 ენაზე. ექსპედიციის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი (რომლის გადამღები საკუთრივ ჰეიერდალია) 1951 წელს ოსკარის პრემიით დაჯილდოვდა.
ანთროპოლოგების ვარაუდით ლინგვისტური, ფიზიკური და გენეტიკური მტკიცებულებების ხარჯზე, არსებობს კავშირი სამხრეთ აემერიკასა და პოლინეზიას შორის. მეტად არსებითია იმ ფაქტიც, რომ სამხრეთ ამერიკული ბატატი პოლინეზიაში არის ძირითადი საკვები პროდუქტი. თუმცა ჰეიერდალმა მოახერხა და დაამტკიცა, რომ ვერც ბატატი და ვერც ქოქოსი ცურვით პოლინეზიამდე ვერ მიაღწევდნენ. ლინგვისტური არგუმენტის ხარჯზე ჰეიერდალს გამოაქვს დასკვნა და აღნიშნავს, რომ აფროამერიკელები მაინც აფრიკიდან არიან წარმოშობით და არა ინგლისიდან.
1955-1956 წწ. ჰეიერდალმა მოაწყო აღდგომის კუნძულის ნორვეგიული არქეოლოგიური ექსპედიცია. ექსპედიციის სამეცნიერო გუნდში ჩართულები იყვნენ არნე შელსვოლდი, კარლაილ სმითი, ედვინ ფერდონი, გონსალო ფიგეროა[20] და უილიამ მალოი. ჰეიერდალმა პროფესიონალ არქეოლოგებთან ერთად აღდგომის კუნძულზე რამდენიმე თვე გაატარა, სადაც აწარმოებდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტების კვლევას. პროექტის ძირითადი მიზანი იყო ორნამენტებზე ესპერიმენტების ჩატარება, სახელოვანი მოას ქანდაკების გადაზიდვა და გასწორება და ასევე ორონგოსა და პოიკეს ამაღლებების გათხრა. შედეგად ექსპედიციამ გამოაქვეყნა ორი დიდი ჩანაწერი („აღდგომის კუნძულის ნორვეგიული არქეოლოგიური ექსპედიციის ჩანაწერები“ და „წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში“). შემდგომ თურ ჰეიერდალმა აღნიშნული ორი ჩანაწერი შეავსო მესამით – „აღდგომის კუნძულის ხელოვნება“.
აღდგომის კუნძულთან დაკავშირებული ჰეირდალის წიგნი „აკუ-აკუ“ გახდა ნამდვილი ბესტსელერი. წიგნში „აღდგომის კუნძული, ამოხსნილი საიდუმლოება“ (Random House, 1989) თურ ჰეიერდალმა შემოგვთავაზა აღდგომის კუნძულის უფრო დაწვრილებითი თეორია. არქეოლოგიური და ადგილობრივი მტკიცებულებების ხარჯზე თურ ჰეიერდალმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კუნძული თავდაპირველად დასახლებული იყო სამხრეთ ამერიკელი Hanau epe-ით („გრძელი ყურები“), ხოლო პოლინეზიის მაცხოვრებლები Hanua momoko („მოკლე ყურები“) კუნძულზე XVI საუკუნეში ჩამოსახლდნენ. ისინი შესაძლოა კუნძულზე დამოუკიდებლად მოხვდნენ, ან შესაძლოა ჩამოყვანილები იყვნენ როგორც სამუშაო ძალა.
ჰეიერდალმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კუნძულზე მოხდა „გრძელყურებიანებსა“ და „მოკლეყურებიანებს“ შორის აჯანყება, „გრძელყურებიანებმა“ კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში გამოთხარეს თავდაცვითი თხრილი და შეავსეს ცეცხლოვანი მასალებით. ჰეიერდალი გვთავაზობ, რომ აჯანყების მსვლელობისას „გრძელყურებიანებმა“ გადაწვეს თხრილი და უკან დაიხიეს, თუმცა „მოკლეყურებიანებმა“ გზას გვერდი აუარეს და ზურგიდან მიეპარეს მათ და ორი კაცის გარდა ყველანი ცეცხლში ჩაყარეს.
1979 და 1970 წლებში თურ ჰეიერდალმა პაპირუსის ნავებით „რა“ და „რა II“ მოაწყო ექსპედიციები მაროკოს დასავლეთ ნაპირებიდან ამერიკის ნაპირებამდე. პირველი ნავი დაფუძნებული იყო ძველ ეგვიპტურ ნახატებსა და მაკეტებზე და ეწოდებოდა „რა“, რომელიც პაპირუსის ლერწიმასაგან იყო აშენებული, ჩადის ტბის ნავთა მშენებლების მიერ, რომლებსაც მასალა ეთიოპიიდან, კერძოდ კი ტანის ტბიდან ჰქონდათ წამოღებული. მოვლნებისდა მიხედვით, რამდენიმე კვირაში „რა“ კონსტრუქციული ნაკლებობის გამო მოიღუნა, წყალში ჩაიძირა და საბოლოოდ ნაწილებად გადატყდა. ეკიპაჟის გუნდი იძულებული გახდა ნავი დაეტოვებინა, მომდევნო წელს ნავი „რა“ შეიცვალა „რა II“-ით, რომელიც თავის მხრივ, ტიტიკაკას ტბის მშენებლების მიერ იყო აშებული. „რა“-სგან განსხვავებით „რა II“ ბევრად წარმატებული ნავი აღმოჩნდა, ეკიპაჟმა სვლა მაროკოდან დაიწყო და წარმატებით მიაღწია ბარბადოსს. ამ გეზით „რა II“-ის ეკიპაჟმა მოახდინა დემონსტირება იმისა, რომ ძველი ზღვაოსნები შესაძლოა ახორციელებდნენ კანარის დინების გავლით ტრანსატლანტიკურ რეისებს.[21]
აღნიშნული ორი ექსპედიციის შესახებ დაიწერა წიგნი „ექსპედიცია რა“, რომლის მიხედვით 1972 წელს შეიქმნა დოკუმენტური კინოფილმი. ექსპედიციამ მოახერხა და აიღო ზღვის დაბინძურების ნიმუშები და გაეროს წინაშე მოხსენებით გამოვიდა.
„რა“-ს ეკიპაჟი
„რა II“-ის ეკიპაჟი |
* - ჟორჯ სურიალმა ორივე ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა.
თურ ჰეიერდალი აზერბაიჯანს ოთხჯერ (1981, 1994, 1999, 2000) ეწვია.[22] ჰეიერდალი გობუსტანში ყოფნის დროს დიდად მოიხიბლა ქვის ორნამენტებით, რომლებიც მიეკუთვნებიან დაახლოებით ჩვენს ერამდე 10 000 წელს. იგი დარწმუნებული იყო, რომ გობუსტანში არსებულ მხატვრულ სტილს მსგავსება გააჩნია მის მშობლიურ ნორვეგიაში მყოფ ორნამენტების სტილთან. ამასთანავე ჰეიერდალი ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანის ეთნიკური უმცირესობა უდიები, წარმოადგენენ სკანდინავების წინაპრებს, რომლებიც სკანდინავიაში ჩასახლდნენ ჩვენი წელთაღრიცხვის VI-VII საუკუნეებში. აზერბაიჯანში ყოფნისას ჰეიერდალმა არაერთხელ მოინახულ კიშის ეკლესია. გამოქვეყნებული შრომების ხარჯზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით, იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აზერბაიჯანი იყო უძველესი მოწინავე ცივილიზაცია.
ჰიერდალი 1999 წელს ბაქოს ეწვია, სადაც მეცნიერებათა აკადემიაში კითხულობდა ლექციებს, რომელიც მიეძღვნა უძველესი სკანდინავიური მეფეების ისტორიას. იგი საუბრობდა მე-13 საუკუნის ისტორიკოსის სნორის მიერ შექმნილ ჩანაწერებზე, რომელშიც ნათქვამია: ოდინი (სკანდინავიის ღმერთი, რომელიც ერთ-ერთი მეფეთთაგანი იყო) თავის ხალხთან ერთად ჩრდილოეთში მოვიდა სახელმწიფო ასერიდან.[23]
შემდგომ წლებში ჰეიერდალი დაკავებული იყო მრავალი სხვა ექსპედიციებითა და არქეოლოგიური პროექტებით. იგი ცნობილი დარჩა ნავებზე ზღვაოსნური მოგზაურობებით და ასევე განსაკუთრებული ინტერესით კულტურული დიფუზიონისტური საკითხების მიმართ. თურ ჰეიერდალი გარდაიცვალა თავის ტვინის კიბოთი 87 წლის ასაკში. დიაგნოზის დასმის შემდეგ მან იუარა ყოველგავარი მკურნალობა.[24] მისი სამუდამო სასუფეველის ადგილი გახდა იტალიის ქალაქ ალასიოს სოფელი კოლა-მიკერი. სამშობლოში ჰეიერდალს სიცოხლეშივე დაუდგეს ძეგლი, ხოლო მის ქალაქში გაიხსნა მუზეუმი.
ნორვეგიელმა ისტორიკოსმა რაგნარ კვამმა გააკრიტიკა ჰეიედალის დამოკიდებულება ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმის მიმართ.[25] კრიტიკის წარმოშობის საბაბი შემდეგია: თურ ჰეიერდალი 1939 წლის თებერვალს მარკიზის კუნძულებზე გაემართა, რის შემდეგაც იგი ბერლინში ჩავიდა, სადაც შეხვდა ჰანს გიუნტერს, ფაშისტ გერმანელ რასების მკვლევარს, რომელსაც ჰეიერდალმა გადასცა მარკიზის კუნძულების ერთ-ერთი მკვიდრის თავის ქალა. გიუნტერი აღფრთოვანებული დარჩა. შეხვედრის შემდეგ თურ ჰეიერდალმა დედას წერილი გაუგზავნა, სადაც ჰანს გიუნტერი დაახასიათა როგორც „მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი მამაკაცი“.[26]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.