From Wikipedia, the free encyclopedia
პაულ თომას მანი (გერმ. Paul Thomas Mann; დ. 6 ივნისი 1875, ლიუბეკი, გერმანია — გ. 12 აგვისტო 1955, ციურიხი, შვეიცარია) — გერმანელი მწერალი, ესეისტი, ეპიკური რომანების ოსტატი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1929), ჰაინრიხ მანის ძმა, კლაუს მანისა და ერიკა მანის მამა.
პაულ თომას მანი დაიბადა მდიდარე ლიუბეკელი მოვაჭრის თომას იოჰან ჰაინრიხ მანის ოჯახში. ოჯახის უფროსი ამავდროულად საქალაქო საბჭოს სენატორის თანამდებობაც ეკავა. თომასის დედა, იულია მანი, ქალიშვილობაში „და სილვა-ბრუნსი“, წარმომავლობით გერმანელი პლანტატორისა და პორტუგალიური წარმოშობის ბრაზილიელი კრეოლის შთამომავალი იყო. თომასის ოჯახი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. მას ჰყავდა ორი ძმა და ორი და: უფროსი ძმა, ცნობილი მწერალი ჰაინრიხ მანი (1871–1950), უმცროსი ძმა ვიქტორი (1890–1949), და იულია (1877–1927, თვითმკვლელობა) და კარლა (1881–1910, თვითმკვლელობა). მანების ოჯახი შეძლებული იყო და თომასის ბავშვობა უზრუნველი და ბედნიერი იყო.
1881 წელს თომასის მამა სისხლის გათეთრებით გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად გაიყიდა ოჯახის საწარმო და მანების სახლი ლიუბეკში. მეუღლესა და შვილებს მოუწიათ მიღებული თანხის პროცენტებზე ცხოვრება.
მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა, სადაც თომასმა 1933 წლამდე დაჰყო. 30-იანი წლების შუაში თომასი და ჰაინრიხი იტალიაში გაემგზავრნენ და 2 წლის მანძილზე პალესტრინაში ცხოვრობდნენ.
1901 წელს გამოვიდა თომას მანის პირველი რომანი „ბუდენბროკები“. რომანის დაწერა თომას მანს სკანდინავური საოჯახო რომანების და ძმები გონკურების „რენე მოპერინის“ კითხვამ ჩააგონა. რომში ძმები გონკურების რომანის კითხვისას მანს გაუჩნდა იდეა, რომ მასაც შეეძლო გერმანული სინამდვილის ფონზე მსგავსი რომანი შეექმნა. ასევე ნიმუშად გამოადგა სკანდინავური საოჯახო რომანები, ვინაიდან მათში ასახული სავაჭრო ქალაქების ყოფა ახლოს იდგა მისთვის ახლობელ ლიუბეკისეულ სინამდვილესთან. რომანის ფორმატი თომას მანს კილანდისა და იონას ლის რომანებმა უკარნახა. რომანი 15 თავისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი და 250 გვერდს არ უნდა ასცილებოდა.
1905 წელს ქორწინდება კატარინა პინგსჰაიმზე, ცნობილ ებრაელ ინტელექტუალთა ქალიშვილზე.
1929 წელს მანი ხდება ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში რომანისთვის „ბუდენბროკები“.
1930 წელს თომას მანმა გაგზავნა საჯარო წერილი ბერლინში სახელწოდებით „მოწოდება ჯანსაღი აზრისკენ“, სადაც მან გააკრიტიკა ნაციზმი და მუშათა კლასი დაიცვა. ამ თემას მან კიდევ რამდენიმე ესე და ლექცია მიუძღვნა. 1933 წელს, როცა ნაცისტურმა რეჟიმმა საბოლოოდ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, თომასი მეუღლესთან ერთად შვეიცარიაში ისვენებდა. ნაცისტური პოლიციის მიერ თომასის დევნის დაწყების შემდეგ, ვაჟმა კლაუსმა სთხოვა მამას არ დაბრუნებულიყო გერმანიაში. თომასმა გადაწყვიტა თავი აერიდებინა მოსალოდნელ პრობლემებს და მეუღლესთან ერთად ციურიხში დასახლდა. მოგვიანებით ჰიტლერის რეჟიმის დროს მანის ბევრი წიგნი, განასკუთრებით „ბუდენბროკები“, დაწვეს.
1939 წელს აშშ-ში გადაბარგდა, სადაც ბევრ სხვა ემიგრანტთან ერთან პრინსტონის უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა. 1942 წელს ოჯახი ქალაქ პასიფიკ-პალისეიდზში დასახლდა, ხოლო 1944 წელს თომას მანმა აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში თომასის ცხოვრება გართულდა. დაიწყო მისი დადანაშაულება სტალინის რეჟიმის მხარდაჭერაში.
1952 წელს მანების ოჯახი ევროპაში დაბრუნდა და ციურიხის მახლობლად ქალაქ კილხბერგში დასახლდა. თომასი აღარ დაბრუნდა გერმანიაში, თუმცა ბევრ მოგზაურობდა იქ. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი გერმანიაში 1949 წელს შედგა გოეთეს 200 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების დროს.
1955 წელს თომას მანი ციურიხის საავადმყოფოში გარდაიცვალა ათეროსკლეროზისგან. მწერალი დასაფლავებულია ქალაქ კილხბერგის სასაფლაოზე.
მანი ინტელექტუალური პროზის ოსტატია. თავის მასწავლებლებად იგი რუს მწერალ-რომანისტებს – ლევ ტოსტოისა და ფიოდორ დოსტოევსკის მიიჩნევდა. თანმიმდევრული, დეტალიზირებული, დინჯი თხრობის მანერა თომასმა მართალ მე-19 საუკუნის ლიტერატურიდან შეითვისა. თუმცა რომანების შინაარსი მეოცე საუკუნისთვისაა დამახასიათებელი. თომას მანის რომანების წამყვანი პრობლემებია: მოახლოებული სიკვდილის შეგრძნება („სიკვდილი ვენეციაში“, „ჯადოსნური მთა“), სიკვდილსიქითა სამყაროს სიახლოვე („ჯადოსნური მთა“, „დოქტორი ფაუსტუსი“), ძველი სამყაროს წყობის ნგრევა. ყველა ეს თემა ხშირად საბედისწერო სიყვარულის თემასთანაა გადაჯაჭვული. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყო მწერლის ფსიქოანალიზით დაინტერებით (წყვილი ეროსი – თანატოსი).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.