From Wikipedia, the free encyclopedia
შემეცნება (ლათ. Cognition - კოგნიცია) — „აზროვნების, გამოცდილებისა და გრძნობების მეშვეობით ცოდნის შეძენისა და გაგების გონებრივი ქმედება ან პროცესი“.[2] იგი მოიცავს ინტელექტუალური ფუნქციების და პროცესების ყველა ასპექტს, როგორიცაა: აღქმა, ყურადღება, აზროვნება, ინტელექტი, ცოდნის ფორმირება, მეხსიერება და სამუშაო მეხსიერება, განსჯა და შეფასება, მსჯელობა და გამოთვლა, პრობლემის გადაჭრა და გადაწყვეტილების მიღება, ენის გაგება და წარმოება. წარმოსახვაც შემეცნებითი პროცესია, ვინაიდან ის თავისთავად შესაძლებლობებზე ფიქრს გულისხმობს. კოგნიტური პროცესი მიმდინარეობს არსებული ცოდნის გამოყენებით და მისი საშუალებით აღმოაჩენს ახალს.
კოგნიტური პროცესები გაანალიზებულია სხვადასხვა პერსპექტივიდან სხვადასხვა კონტექსტებში, განსაკუთრებით ლინგვისტიკის, მუსიკალოგიის, ანესთეზიის, ნეირომეცნიერების, ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის, განათლების, ფილოსოფიის, ანთროპოლოგიის, ბიოლოგიის, სისტემატიკის, ლოგიკის და კომპიუტერული მეცნიერების სფეროებში.[3] შემეცნების ანალიზის ეს და სხვა მიდგომები (როგორიცაა განსახიერებული შემეცნება) სინთეზირებულია შემეცნებითი მეცნიერების განვითარებად სფეროში, პროგრესულად ავტონომიურ აკადემიურ დისციპლინაში.
სიტყვა შემეცნება — Cognition XV საუკუნიდან იღებს სათავეს, იგი აღნიშნავდა „აზროვნებას და ცნობიერებას“.[4] ტერმინი მომდინარეობს ლათინური არსებითი სახელიდან cognitio ('გამოკვლევა', 'სწავლა' ან 'ცოდნა'), მომდინარეობს ზმნიდან cognosco, con ('თან') და gnōscō ('ვიცი') ნაერთისგან. მეორე ნახევარი, gnōscō, თავისთავად არის ბერძნული ზმნის მონათესავე gi(g)nósko (γι(γ)νώσκω, 'მე ვიცი' ან 'აღქმა').[5][6]
მიუხედავად იმისა, რომ თავად სიტყვა შემეცნება XV საუკუნეში დამკვიდრდა,[4] კოგნიტურ პროცესების მიმართ ყურადღება, მასზე 18 საუკუნით უკან, ჯერ კიდევ არისტოტელემ (ძვ. წ. 384–322 წწ.) გამოიჩინა. მას აინტერესებდა ის, თუ რა ხდებოდა ადამიანის გონებაში და თუ როგორ მოქმედებს იგი მათ აზროვნებაზე. არისტოტელემ ყურადღება გაამახვილა მეხსიერების, აღქმისა და გონებრივი გამოსახულების შემეცნებით არეალებზე.იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმის უზრუნველყოფას, რომ მისი კვლევები ეფუძნებოდა ემპირიულ მტკიცებულებებს, ანუ მეცნიერულ ინფორმაციას, რომელიც გროვდება დაკვირვებითა და კეთილსინდისიერი ექსპერიმენტებით.[7] ორი ათასწლეულის შემდეგ, შემეცნების თანამედროვე კონცეფციებს საფუძველი ჩაეყარა განმანათლებლობის პერიოდში, ისეთი მოაზროვნეების მიერ, როგორებიც არიან ჯონ ლოკი და დუგალდ სტიუარტი, რომლებიც ცდილობდნენ შეექმნათ გონების მოდელი, რომელშიც იდეები იყო შეძემილი, დამახსოვრებული და მანიპულირებული.[8]
XIX საუკუნის დასაწყისში კოგნიტური მოდელები განვითარდა როგორც ფილოსოფიაში (ავტორების წყალობით, რომლებიც წერდნენ გონების ფილოსოფიაზე), ასევე მედიცინაში (ექიმების წყალობით, რომლებიც ცდილობდნენ გაეგოთ თუ როგორ განეკურნათ სიგიჟე). ბრიტანეთში, ამ მოდელებს აკადემიაში სწავლობდნენ ისეთი მეცნიერები, როგორიცაა ჯეიმზ სალი (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში). იგი გამოიყენეს პოლიტიკოსებმა 1870 წლის ეროვნული დაწყებითი განათლების აქტის განხილვისას.[9]
როდესაც ფსიქოლოგია ევროპაში მზარდი სწავლის სფეროდ ჩამოყალიბდა და ამერიკაშიც მოიპოვა მიმდევრები, მეცნიერებმა, როგორებიც არიან ვილჰელმ ვუნდტი, ჰერმან ებინგჰაუსი, მერი უაიტონ კალკინსი და უილიამ ჯეიმზი თავიანთი წვლილი შეიტანეს ადამიანის შემეცნების შესწავლაში.
ვილჰელმ ვუნდტი (1832–1920) ხაზს უსვამდა ცნებას, რასაც უწოდებდა ინტროსპექციას: ინდივიდის შინაგანი გრძნობების გამოკვლევას. ინტროსპექციისას, საგნის აღწერა უნდა მომხდარიყო ფრთხილად, მაქსიმალური ობიექტურობით, რათა ვუნდტს ეს ინფორმაცია მეცნიერულად ჩაეთვალა.[10][11] მიუხედავად იმისა, რომ ვუნდტის წვლილი არ არის მინიმალური, თანამედროვე ფსიქოლოგები მის მეთოდებს ზედმეტად სუბიექტურად თვლიან და არჩევენ ექსპერიმენტების შედარებით ობიექტურ პროცედურებს დაეყრდნონ ადამიანის შემეცნებითი პროცესის შესახებ დასკვნების გასაკეთებლად.
ჰერმან ებინგჰაუსი (1850–1909) ატარებდა კოგნიტურ კვლევებს, რომლებიც სწავლობდა ადამიანის მეხსიერების ფუნქციასა და შესაძლებლობებს. ებინგჰაუსმა შეიმუშავა საკუთარი ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში მან შექმნა 2000-ზე მეტი მარცვალი არარსებული სიტყვებისგან (მაგალითად, "EAS"). მან გამოიკვლია საკუთარი უნარი, ესწავლა ეს არარსებული სიტყვები. მან მიზანმიმართულად აირჩია არარსებული სიტყვები რეალური სიტყვებისგან განსხვავებით, რათა ეკონტროლებინა წინასწარ არსებული გამოცდილების გავლენა იმაზე, თუ რას შეიძლება გამოხატავდნენ სიტყვები.[10][12] ებინგჰაუსი დააკვირდა და წამოაყენა ჰიპოთეზა რამდენიმე ასპექტის შესახებ, რომელთაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ მის შესაძლებლობაზე ესწავლა ეს სიტყვები. მისი დასკვნით ერთ-ერთი ამ მიზეზთაგანი იყო დროის შუალედი სტიმულის სიის წარდგენასა და იმავეს წარმოთქმას ან გახსენებას შორის. ებინგჰაუსი იყო პირველი, ვინც ჩაწერა და შეადგინა „სწავლის მრუდი“ და „დავიწყების მრუდი“.[13] მისმა ნამუშევარმა დიდი გავლენა მოახდინა სერიული პოზიციის შესწავლასა და იმაზე, თუ როგორ მოქმედეგს იგი მეხსიერებაზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.