From Wikipedia, the free encyclopedia
ემპირიზმი (ბერძ. ἐμπειρία - გამოცდილება) — თეორია, რომელიც ცდას აღიარებს შემეცნების ერთადერთ წყაროდ. იგი არ უარყოფს გონების ანუ აბსტრაქტული აზროვნების როლს შემეცნების პროცესში, მაგრამ კატეგორიულად კრძალავს მის მიერ ცდის საზღვრებს მიღმა გასვლას და უპირისპირდება რაციონალიზმს, რომელიც ცოდნის ერთადერთ წყაროდ გონებას მიიჩნევს. აზროვნება, თუგინდ თეორიული და აბსტრაქტული, ოღონდ ცდის ფარგლებში — ასეთია ემპირიზმის მოთხოვნა.
ემპირიზმი ჩამოყალიბდა ახალი დროის ფილოსოფიაში და თავიდანვე ინგლისურ ფილოსოფიას დაუკავშირდა, მისი აშკარად გამოხატული ნიშანი გახდა. ფრენსის ბეკონის შემდეგ ემპირიზმის გამგრძელებლები არიან ჯონ ლოკი, ტომას ჰობზი, დეივიდ ჰიუმი და ჯორჯ ბერკლი. ემპირიზმი რაციონალიზმზე უფრო მეტად იფარგლება შემეცნების პრობლემით. ბეკონი მხოლოდ ექსპერიმენტულ მეცნიერებათა მეთოდოლოგიას გვაწვდის, ჰობსი - მექანიცისტურ დოქტრინას, ბერკლი კი - არამატერიალისტურს, თუმცა ორივე ხაზს უსვამს ფილოსოფიის გნოსეოლოგიურ ასპექტს. ლოკთან და ჰიუმთან ფილოსოფია თითქმის მთლიანად შემეცნების პრობლემა და დოქტრინაა. ემპირიზმი ფაქტების, დეტალების, შემეცნებითი და ნებელობითი ფენომენების, ანუ ზოგადად ფსიქიკური პროცესების ფილოსოფიაა. ემპირისტები არ სწავლობენ უნივერსალურ პრინციპებს. იმ დროს, როდესაც რაციონალიზმი ვოლფის მშრალი და პრეტენზიული სისტემატიზაციით სრულდება, ემპირიზმი ჰიუმის სკეპტიკურ ფენომენიზმში სრულდება. თითქოსდა მეცნიერების პროგრესისადმი მტრულად განწყობილი რაციონალიზმი ადამიანის ცოდნასა და რეალობის ამოწურვის თითქმის ღვთაებრივ უნარს ასხამს ხოტბას. მეცნიერებათა პროგრესი მხოლოდ ემპირიზმის დამსახურება არაა, რადგანაც მეცნიერების დარგების წინსვლა ასევე უკავშირდება მათემატიკის განვითარებასაც, რომელიც რაციონალისტურ გარემოში ვითარდება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.