Pantera
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
Pantera — ამერიკული გრუვ-მეტალ ჯგუფი არლინგტონიდან (ტეხასი), რომელიც დაარსდა 1981 წელს[2].
Pantera | |
---|---|
საათის ისრის მიხედვით მარცხვნიდან მარჯვნივ: დაიმბეგ დარელი, ფილ ანსელმო, რექს ბრაუნი და ვინი პოლი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | არლინგტონი, ტეხასი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური | 1981–2003 2022–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
წევრები |
ფილ ანსელმო რექს ბრაუნი |
ყოფილი წევრები |
დაიმბეგ დარელი ვინი პოლი |
საიტი | officialpantera.com |
Pantera ვიკისაწყობში |
თავდაპირველად Pantera გლემ-მეტალ ჯგუფს წარმოადგენდა, მაგრამ 1980-იანი წლების ბოლოს თრეშ-მეტალ ჯგუფების Slayer Metallica და Megadeth-ის ზეგავლენით ჯგუფმა შეცვალა თავისი მუსიკალური მიმართულება. 1990-იანების დასაწყისში კი Pantera იქცა გრუვ-მეტალის პიონერ ჯგუფად.
დაარსებიდან ცხრა წლის შემდეგ, 1990 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი „Cowboys From Hell“, რამაც პანტერას დიდი პოპულარობა მოუპოვა. ეს ალბომი მრავალმა ცნობილმა გამომცემლობამ შეამჩნია, რომელთა შორისაა All Music Guide, რომელიც ამ ჯგუფს 1990-იანები წლების საუკეთესო და ყველა დროის ერთ-ერთ გავლენიან ჯგუფად თვლის[3]. ასევე ჯგუფმა დაიკავა 45-ე ადგილი VH1-ის შედგენილ საუკეთესო მეტალ ჯგუფების ასეულში[4] და მეხუთე ადგილი MTV-ს საუკეთესო მეტალ ჯგუფების ათეულში[5].
2001 წლის შემოდგომას მუსიკოსებმა ერთ წლიანი შესვენება აიღეს, რათა ემუშავათ თავიანთ პროექტებზე, მაგრამ როდესაც ეს დრო გავიდა, ჯგუფმა ვეღარ დათქვა დაბრუნების თარიღი და 2003 წელს ჯგუფმა დაშლის შესახებ გამოაცხადა[6]. 2004 წლის 8 დეკემბერს ჯგუფის დამაარსებელი და გიტარისტი დაიმბეგ დარელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა გულშემატკივარმა მოკლა პირდაპირ სცენაზე, სადაც დარელის ახალი ჯგუფი Damageplan ასრულებდა სიმღერებს.
ჯგუფი Pantera დაარსდა სკოლის მეგობრების მიერ 1981 წელს, როდესაც ისინი 15-17 წლის ასაკის იყვნენ. ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ : დრამერი ვინი პოლ ებოტი, მისი უმცროსი ძმა და გიტარისტი დარელ ებოტი, რომელიც ცნობილი იყო როგორც „Diamond Darrel“, ბას-გიტარისტი ტომი ბრედფორდი, გიტარისტი ტერი გლეიზი და ვოკალისტი დონი ჰარტი. ისინი უკრავდნენ ქავერებს Kiss-ის და Van Halen-ის სიმღერებზე, ჯგუფის იმიჯი კი სრულად შეესაბამებოდა მათი კუმირების იმიჯს.
1982 წელს დონი ჰარტმა დატოვა ჯგუფი. ახალი ვოკალისტი გახდა ტერი გლეიზი, რომელმაც დარელი ერთადერთ გიტარისტად დატოვა. კიდევ ერთი წლის შემდეგ ჯგუფიდან წავიდა ბას-გიტარისტი ტომი ბრედფორდიც, რომელიც ჩაანაცვლა რექს ბრაუნმა (იმ დროს ცნობილი, როგორც „Rexx Rocker“). Pantera იმ დროს დიდი მოთხოვნით სარგებლობდა ანდერგრაუნდში და მალევე ჯგუფმა დაიწყო Stryper-ის, Dokken-ის და Quiet Riot-ის კონცერტებზე გამოსვლა, რამაც ჯგუფს სადებიუტო ალბომის „Metal Magic“-ის პოპულარიზაციაში შეუწყო ხელი. ეს ალბომი გამოიცა იმავე სახელის მქონე ლეიბლზე, რომლის პროდიუსერიც ებოტების მამა - ჯერი ებოტი იყო.
1984 წელს ჯგუფმა გამოსცა მეორე ალბომი სახელად „Projects In the Jungle“. წინა ალბომის მსგავსად, ესეც გლემ-მეტალის სტილში იყო ჩაწერილი, მაგრამ უფრო აგრესიული ჟღერადობა ჰქონდა, ვიდრე დებიუტში. ასევე ცვლილებას წარმოადგენდა ის, რომ ტერი გლეიზმა შეიცვალა სახელი და აიღო ფსევდონიმი „ტერენს ლი“. ასევე ჯგუფმა გადაიღო პირველი ვიდეოკლიპი სიმღერაზე „All Over Tonight“. წინა ალბომის მსგავსად, Projects In the Jungle ჩაიწერა და გამოიშვა Metal Magic Records-ზე და პროდიუსერი კვლავ ჯერი ებოტი დარჩა.
1985 წელს Pantera-მ გამოსცა კიდევ ერთი ალბომი, რომელსაც ეწოდა I Am the Night. Projects In the Jungle-სთან შედარებით ჯგუფის სიმღერებს უფრო აგრესიული ჟღერადობა ჰქონდა, მაგრამ მათი საფუძველი მაინც გლემ-მეტალში მიდიოდა.
1986 წელს მსოფლიომ მრავალი თრეშ-მეტალ ალბომი ნახა, რომლებმაც დიდი ზეგავლენა მოახდინეს Pantera-ს შემოქმედებაზე. ამ ალბომებს ყველაზე პოპულარულები იყვნენ Slayer-ის „Reign In Blood“ და Metallica-ს „Master Of Puppets“. ტერენს ლის რბილი გლემ ჟღერადობა აღარ აწყობდა ჯგუფს და მან დატოვა Pantera.
ჯგუფმა რამდენიმე დროებითი ვოკალისტი შეიცვალა : მეტ ლ'ამური და დევიდ პიკოკი, სანამ საბოლოოდ 1986 წელს არ აღმოაჩინა ვოკალისტი ახალი ორლეანიდან ფილ ანსელმო. გარკვეული დროის შემდეგ ჯგუფმა გადაწყვიტა იმიჯის და ჟღერადობის კარდინალურად შეცვლა.
1988 წელს Pantera-მ პირველი ალბომი გამოუშვა, რომელშიც მონაწილეობა ახალმა ვოკალისტმა - ფილ ანსელმომ მიიღო, რომელსაც „Power Metal“ ეწოდა. იმ პერიოდისათვის ეს იყო ჯგუფის ყველაზე მძიმე ალბომი და წარმოადგენდა გლემ-მეტალის და თრეშ-მეტალის ნაზავს.
ისევე როგორც წინა ალბომები, Power Metal გამოვიდა Metal Magic Records-ზე.
ალბომ Power Metal-ის გამოშვებიდან მალევე დარელ ებოტი მიიწვიეს თრეშ-მეტალ ჯგუფ Megadeth-ში გიტარისტის ვაკანტურ ადგილას, მაგრამ დარელმა დააყენა პირობა, რის თანახმად, მასთან ერთად ჯგუფში უნდა მიეღო მისი ძმა - დრამერი ვინი პოლი. რადგანაც Megadeth-ის ლიდერმა დეივ მასტეინმა უკვე მიიღო დრამერი ნიკ მენცა, დარელმა უარყო ეს შემოთავაზება და საბოლოოდ ჯგუფის გიტარისტი მარტი ფრიდმანი გახდა.
მას შემდეგ, რაც Pantera-სთან თანამშრომლობაზე უარი თქვა თითქმის ყველა დიდმა ლეიბლმა[7], ჯგუფით დაინტერესდა Atco Records-ის შეფი დერეკ შულმანი და 1989 წელს მოსთხოვა ლეიბლის წარმომადგენელს მარკ როსს ჯგუფის კონცერტზე დასწრება და მასზე დაკვირვება. მარკი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა და მისი რეკომენდაციით Pantera-მ ხელი მოაწერა კონტრაქტზე Atco Records-თან.
1990 წლის 24 ივლისს გამოშვებული ალბომი „Cowboys From Hell“ ჯგუფისათვის მორიგ დიდ ნაბიჯად იქცა მძიმე მეტალის აუდიტორიაში. Pantera-მ გამოაჩინა საკმაოდ ექსტრემალური ჟღერადობა, გამოვიდა გლემ-მეტალის ზეგავლენიდან და უპირატესობა მიანიჭა თრეშ-მეტალს. მუსიკის ამ ჟანრმა მიიღო სახელი გრუვ-მეტალი.
ფილ ანსელმომ Judas Priest-ის სოლისტ რობ ჰელფორდის მსგავსად ვიბრატოს გამოყენება დაიწყო. დაიმბეგ დარელის გართულებული გიტარული სოლოები და რიფები და ასევე მისი ძმის აჩქარებული დაკვრის ტემპი მოწმობდა ჯგუფის ექსტრემალურ გადაქცევას. ბევრი მსმენელი, ისევე როგორც თვითონ შემსრულებლები ამ ალბომს Pantera-ს ოფიციალურ დებიუტად თვლიან.
ჯგუფი გაემგზავრა ტურნეში და უკრავდა Exodus-ის და Suicidal Tendencies-ის კონცერტებზე. 1991 წელს რობ ჰელფორდმა იმღერა მუსიკოსებთან ერთად Judas Priest-ის კონცერტის დაწყებამდე. იმავე წლის 28 სექტემბერს მაშინ საბჭოთა კავშირში ნაკლებად ცნობილი ჯგუფმა Pantera-მ გახსნა ფესტივალი „როკის მონსტრები“, რომელიც ტუშინოს აეროდრომზე გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ჯგუფებმა, როგორებიცაა AC/DC და Metallica.
საბოლოოდ თავისი საფირმო გრუვ-მეტალ სტილი Pantera-მ შექმნა ალბომზე Vulgar Display Of Power, რომელიც გამოვიდა 1992 წლის 25 თებერვალს. ამ ალბომში სპიდ-მეტალის დამახასიათებელი ფალცეტი შეიცვალა აგრესიული და მყვირალა ვოკალით, ხოლო გიტარების ჟრეღადობა ბევრად მძიმე გახდა.
კრიტიკოსების მიერ ეს ალბომი მიჩნეულია ჯგუფის დისკოგრაფიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ[8][9]. ჯგუფის ისეთი სიმღერები, როგორც „Walk!“ „Fucking Hostile“ და „Mouth Of War“ საბოლოოდ Pantera-ს ყველაზე ცნობილ სიმღერებად იქცნენ. დანარჩენი ორი სინგლი „This Love“ და „Hollow“ კი იქცნენ ჯგუფის ყველაზე ცნობილ ბალადებად.
ჯგუფი კვლავ გაემგზავრა ტურნეში და 1992 წელს ჩაატარა პირველი კონცერტები იაპონიაში, ხოლო იმავე წელს ფესტივალზე „Monsters of Rock“ გამოვიდნენ Iron Maiden-თან და Black Sabbath-თან ერთად იტალიაში.
1994 წლის მარტში გამოვიდა ჯგუფის ახალი ალბომი სახელად „Far Beyond Driven“, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა აშშ-ს ალბომურ ჩარტებში, ხოლო სინგლმა „I'm Broken“ გრემის ნომინაციაც კი მიიღო 1995 წელს. ალბომმა კვლავ გააგრძელა ჯგუფის განვითარება გრუვ-მეტალის მიმართულებით და მისი ჟღერადობა უფრო მძიმე გახდა.
ჯგუფი კვლავ გაემგზავრა ტურნეებში, რომლის ფარგლებშიც ეწვია სამხრეთ ამერიკას და მიიღეს მონაწილეობა მორის ფესტივალში, სადაც 1994 წლის 4 ივნისს ძმები ებოტები ეჩხუბნენ Kerrang!-ის ჟურნალისტებს ვინი პოლის კარიკატურულ სტილში გამოხატვის გამო. იმავე თვის ბოლოს ანსელმო დააპატიმრეს მცველთან ჩხუბის გამო, მაგრამ შემდეგ დღეს იგი გაათავისუფლეს 5000 დოლარის სანაცვლოდ. სასამართლო პროცესი სამჯერ გადაიდო, და საბოლოოდ 1995 წლის მაისში ანსელმოს მიესაჯა 100 საათის განმავლობაში გამოსასწორებელი სამუშაოების შესრულება.
ძმები ებოტების თქმით, ვოკალისტმა ფილ ანსელმომ უცნაურად მოქცევა დაიწყო და განმარტოვდა ჯგუფისაგან 1995 წელს, როდესაც ჯგუფმა განაახლა საკონცერტო მოღვაწეობა. მუსიკოსები თავიდან თვლიდნენ, რომ ჯგუფის წარმატება და პოპულარობა ცუდად მოქმედებს ფილზე, მაგრამ ანსელმო ამტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო მისი ზურგის ტკივილებისაგან, რომელიც აწუხებდა რეგულარული კონცერტების გამო. მან ტკივილის გაყუჩება დაიწყო ალკოჰოლით, რაც ცუდად მოქმედებდა მისი კონცერტებზე შესრულების ხარისხზე. ექიმებმა მას შეატყობინეს, რომ ტკივილების მოცილება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ქირურგიული ჩარევის შედეგად, რომლისგან აღდგენას ერთი წელი მაინც დასჭირდებოდა. ფილს არ უნდოდა ამდენი ხნით ჯგუფიდან წასვლა და მან დაიწყო ტკივილის გაყუჩება ჰეროინით.
იმ პერიოდში ცნობილი გახდა ანსელმოს გამონათქვამები სცენიდან, რის გამოც ის ხშირად ხვდებოდა კრიტიკის მსხვერპლი. ერთხელ მან განაცხადა, რომ „რეპ-მუსიკა დადებითად აფასებს თეთრკანიანი ხალხის მკველელობას“, მაგრამ კონცერტის შემდეგ მან უარყო ყველა განცხადება და თქვა, რომ იმ მომენტში იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
Pantera-ს მორიგი ალბომი „The Great Southern Trendkill“ გამოვიდა 1996 წლის 22 მაისს. ფილ ანსელმოს ხმა ჩაიწერა ტრენტ რეზნორის სტუდიაში (Nine Inch Nails-ის ლიდერის) ახალ ორლეანში, როდესაც ჯგუფის დანარჩენი წევრების ხმა იწერებოდა დალასში, რაც მოწმობს დაშორებას ანსელმოს და დანარჩენ ჯგუფს შორის. წინა ალბომებთან შედარებით უფრო აგრესიული ვოკალი ჰქონდა, რომელსაც დემონურსაც კი უწოდებდნენ. ერთ-ერთი მთავარი თემა ალბომზე ნარკოტიკებს შეეხება, კერძოდ კი ეს გამოიხატება სიმღერებში : „Suicide Note Pt. I“„Suicide Note Pt.II“„Living Through Me (Hell's Wrath)“.
1996 წლის 13 ივლისს, ტეხასის კონცერტიდან ერთი საათის შემდეგ ანსელმოს მოუვიდა გადადოზირება ჰეროინით. მისი გულის გაჩერებიდან ხუთი წუთი გავიდა. ექიმებმა მას ადრენალინის დოზა შეუყვანეს და წაიყვანეს საავადმყოფოში. როდესაც იგი გონზე მოვიდა, მედდამ მას უთხრა „კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება საიქიოდან. თქვენ ჰეროინის გადადოზირება მოგივიდათ“. შემდეგ საღამოს ფილმა ბოდიში მოუხადა ჯგუფის წევრებს და დადო პირობა, რომ აღარ გაეკარებოდა ნარკოტიკებს. ამ შემთხვევამ დაძაბულობა ჯგუფში კიდევ უფრო გაზარდა.
2000 წლის 14 მარტს გამოვიდა ჯგუფის უკანასკნელი ალბომი „Reinventing The Steel“. Billboard-ის ჩარტებში მან მიაღწია 4 ადგილს, ხოლო „Top Internet Albums“-ში მან მერვე ადგილი დაიკავა. კომპოზიციაში „Goddamn Electric“ გიტარული სოლო შეასრულა Slayer-ის გიტარისტმა კერი კინგმა.
2000 წელს Pantera უკრავდა Ozzfest-ის მთავარ სცენაზე ისეთ ჯგუფებდან ერთად, როგორებიცაა : Ozzy Osbourne, Godsmack, Static-X, Methods of Mayhem, Incubus, P.O.D., Black Label Society, Queens of the Stone Age, და Apartment 26.
ჯგუფი კვლავ გაემგზავრა ტურნეში აშშ-ში, კანადაში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში და ევროპაში ტური ევროპაში მოკლევადიანი აღმოჩნდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების გამო. თავისი ბოლო კონცერტი ჯგუფმა შეასრულა იოკოჰამაში, იაპონიაში. სწორად ამ დღეს იყვნენ ჯგუფის წევრები ერთად ერთ სცენაზე.
ჯგუფი ოფიციალურად დაშლილად გამოცხადდა 2003 წელს, როდესაც ძმებმა ებოტებმა განაცხადეს ფილ ანსელმოს წასვლის შესახებ, რომელიც დაბრუნებას აღარ აპირებდა. ამ ყველაფრის გამო ძმებს თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოუწიათ ჯგუფიდან გამოსვლა. ჯგუფიდან, რომელიც თვითნვე შექმნეს. მუსიკოსებს შორის კავშირის გაწყვეტა მშვიდობიანი არ იყო და ომი მათ შორის მიმდინარეობდა მუსიკალური პრესის მეშვეობით. ძმები ებოტების განცხადებით, ისინი არაერთხელ ურეკავდნენ ანსელმოს დაბრუნების საკითხზე, მაგრამ ამას ფილი ყოველგვარად უარყოფდა. 2004 წელს ანსელმომ საკმაოდ უხეში განცხადება გააკეთა დაიმბეგ დარელის წინააღმდეგ: „დაიმბეგი სერიოზულ ცემას იმსახურებს“, მაგრამ მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ამ სიტყვებს იგი სერიოზულად არ იძახდა.
Pantera-ს დაშლის შემდეგ, 2004 წელს ძმებმა ებოტებმა დააარსეს ახალი ჯგუფი, რომელსაც Damageplan დაერქვა. იმავე წლის ჯგუფმა გამოსცა ალბომი New Found Power იმავე წლის თებერვალში.
2004 წლის 8 დეკემბერს, ჯონ ლენონის გარდაცვალების დღეს, ქალაქ კოლუმბუსში მოხდა ტრაგედია : Damageplan-ის კონცერტის მსვლელობისას ყოფილი ჯარისკაცი ნატან გეილი ავიდა სცენაზე, სადაც დაიმბეგი იმყოფებოდა და ბერეტას პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნა. დარელის გარდა გეილს კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ შემთხვევიდან შემდეგ კვირას ანსელმო გაფრინდა დალასში, რათა დასწრებოდა დაიმბეგის დასაფლავების ცერემონიალს და სასტუმროს ნომერში ხუთი დღის განმავლობაში ელოდებოდა წერილს ვინი პოლისგან. რიტა ჰეინიმ (დარელის შეყვარებული) უპასუხა ანსელმოს ერთ-ერთ ზარს და უპასუხა, რომ დასაფლავებაზე ყოფნის შემთხვევაში ის მას „სახეს გაუნგრევს“.
2007 წლის 17 მაისს ჰოლივუდის როკის ალეაში დაიდგა დაიმბეგ დარელის ბრინჯაოს ბიუსტი.
თავისი კარიერის განმავლობაში ჯგუფის წევრები ცნობილები იყვნენ მათი დიდი რაოდენობის წვეულებებით და ალკოჰოლის სიყვრაულით. მათ პატივსაცემად გამოვიდა სასმელი სახელად „Black Tooth Grin“.
ჯგუფის წევრები ამაყობენ იმით, რომ მათ არასდროს გამოუშვიათ კომერციული ან უბრალოდ მოდური ტენდენციებით აღსავსე ალბომი.
თრეშ-მეტალური და გლემ-მეტალური ფესვების გარდა, Pantera თავის ერთ-ერთ უსაყვარლეს ჯგუფად ყოველთვის აღიარებდა მძიმე მეტალის პიონერებს Black Sabbath-ს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.