Remove ads
გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაცისტური პარტიის ლიდერი From Wikipedia, the free encyclopedia
ადოლფ ჰიტლერი (გერმანულად: [ˈadɔlf ˈhɪtlɐ] ( მოსმენა), Adolf Hitler; დ. 20 აპრილი, 1889, ინის ბრაუნაუ, ავსტრია-უნგრეთი — გ. 30 აპრილი, 1945, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის ლიდერი. ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი.
ადოლფ ჰიტლერი Adolf Hitler | |
ჰიტლერი 1938 წელს | |
გერმანიის ფიურერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 აგვისტო, 1934 – 30 აპრილი, 1945 | |
წინამორბედი | პაულ ფონ ჰინდენბურგი (როგორც პრეზიდენტი) |
მემკვიდრე | კარლ დენიცი (როგორც პრეზიდენტი) |
გერმანიის რაიხსკანცლერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 იანვარი, 1933 – 30 აპრილი, 1945 | |
წინამორბედი | კურტ ფონ შლაიხერი |
მემკვიდრე | იოზეფ გებელსი |
ნაცისტური პარტიის ლიდერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 ივნისი, 1921 – 30 აპრილი, 1945 | |
წინამორბედი | ანტონ დრაქსლერი |
მემკვიდრე | მარტინ ბორმანი |
დაბადებული | 20 აპრილი, 1889 ინის ბრაუნაუ, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვლილი | 30 აპრილი, 1945 ბერლინი, მესამე რაიხი |
მოქალაქეობა | ავსტრია-უნგრეთი[1] ვაიმარის რესპუბლიკა ნაცისტური გერმანია |
ეროვნება | გერმანელი |
პოლიტიკური პარტია | ნსდაპ |
მამა | ალოის ჰიტლერი |
დედა | კლარა ჰიტლერი |
მეუღლე | ევა ბრაუნი |
ხელმოწერა |
დაიბადა ავსტრია-უნგრეთის ქალაქ ინის ბრაუნაუში, ხოლო გაიზარდა ქალაქ ლინცთან ახლოს. 1913 წელს საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში და მოხალისედ წავიდა პირველ მსოფლიო ომში. პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1919 წელს გერმანელ მუშათა პარტიაში გაწევრიანებით, ხოლო უკვე 1921 წელს გახდა ნაცისტური პარტიის ლიდერი. 1923 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით, წამოიწყო ლუდის პუტჩი, რომელშიც მან და მისმა მომხრეებმა მარცხი განიცადეს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოჰყვა დაპატიმრება. საპყრობილეში დაწერა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის „ჩემი ბრძოლის“ პირველი ტომი, ხოლო უკვე 1924 წელს ციხიდან გამოვიდა. განთავისუფლების შემდეგ, პოპულარული გახდა ანტი-ვერსალური, ანტი-სემიტური, პან-გერმანული და ანტი-კომუნისტური იდეებისა და თავისი ორატორული ნიჭის წყალობით. ხშირად აკრიტიკებდა საერთაშორისო კაპიტალიზმსა და კომუნიზმს, როგორც ებრაული შეთქმულების ნაწილს.
1933 წლის 30 იანვარს რაიხსპრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა. იმავე წლის არჩევნებში გამარჯვების წყალობით, მისმა პარტიამ მიიღო უკიდურესი ძალაუფლების კანონი, რომელმაც გამოიწვია ვაიმარის რესპუბლიკის ნაცისტურ გერმანიად გადაქცევა და ნაციონალ-სოციალისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ერთპარტიული ავტორიტარული მმართველობის დამყარება. ამის შემდეგ, ჰიტლერმა გამოაცხადა მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარება, რათა დაემარცხებინა უსამართლობა, რომელიც პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია და დაეწყო გერმანიის ებრაელებისგან გაწმენდა. მისი ხელისუფლების პირველი ექვსი წლის განმავლობაში სწრაფად განვითარდა გერმანიის ეკონომიკა, მოხდა ვერსალის შეთანხმების პირობების უგულებელყოფა, ამას კი დაემატა სუდეტის ოლქის (მოგვიანებით კი ჩეხეთის მორავიის და ბოჰემიის პროტექტორატად გადაქცევა) ანექსია და ავსტრიის ანშლუსი, რამაც გერმანიაში ჰიტლერს კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა მოუტანა.
თავისი პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ჰიტლერი განიხილავდა საარსებო სივრცის (Lebensraum) მოპოვებას, ხოლო მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკა განიხილება როგორც მეორე მსოფლიო ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. 1939 წლის 1 სექტემბერს, მასშტაბური გადაიარაღების შემდეგ, ვერმახტი შეიჭრა პოლონეთში, რამაც მეორე მსოფლიო ომის დაწყება განაპირობა, ხოლო უკვე 1941 წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. ომის პირველ ორ წელიწადში ჰიტლერმა და მისმა მოკავშირეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს: მათ ხელთ იყო ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის უდიდესი ნაწილი. მიუხედავად დიდი წარმატებისა, გერმანიამ მაინც ვერ მოახერხა საბჭოთა კავშირის დამარცხება, იაპონიის მიერ პერლ-ჰარბორის დაბომბვის შემდეგ კი ომში ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაება. სხვადასხვა წარუმატებლობების შემდეგ, გერმანიას თავდაცვით პოზიციაზე გადასვლა მოუწია. თავისი სიცოცხლის ბოლო დღეებში ჰიტლერი დაქორწინდა ევა ბრაუნზე, ხოლო 1945 წლის 30 აპრილს, საბჭოთა ტყვეობისგან თავდასაღწევად, ახალდაქორწინებულმა წყვილმა თავი მოიკლა, მათი გვამები კი დაწვეს.
ჰიტლერი და მისი ხელისუფლება პასუხისმგებელია ჰოლოკოსტზე, რომლის დროსაც დაიღუპა 5,5 მილიონი ებრაელი და მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანი, რომლებსაც ნაცისტები უნტერმენშენს (Untermenschen — არაადამიანები) უწოდებდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ასევე დაიღუპა 19,3 მილიონი სამოქალაქო პირი და 29 მილიონი სამხედრო. ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რიცხვი უპრეცედენტოა, რის გამოც ეს კონფლიქტი ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელად ითვლება.
ნაციონალ-სოციალიზმი |
იდეოლოგია |
ფიურერპრინციპი • სოციალ-დარვინიზმი • ევგენიკა • რასიალიზმი • არიანიზმი • ანტისემიტიზმი • ლებენსრაუმი • უბერმენშენი • გროსრაუმი • ათასწლოვანი რაიხი • სისხლი და მიწა • მილიტარიზმი • მესამე გზა |
ლიტერატურა |
„ნაციონალ-სოციალისტთა პროგრამა“ • „ჩემი ბრძოლა“ • „მეოცე საუკუნის მითი“ |
ისტორია |
ტულეს საზოგადოება • პოლიტიკური მუშათა წრე • გერმანელ მუშათა პარტია • ლუდის პუტჩი • მესამე რაიხი • გრძელი დანების ღამე • დამსხვრეული ვიტრინების ღამე • მეორე მსოფლიო ომი • საბოლოო მოგვარება: ჩეხური საკითხი / ებრაული საკითხი • ევროპელი ებრაელობის კატასტროფა • ჰოლოკოსტი • პოლიტიკა საბჭოთა მოქალაქეების მიმართ • ნიურნბერგის პროცესი |
პერსონები |
ადოლფ ჰიტლერი • ჰაინრიხ ჰიმლერი • ჰერმან გერინგი • იოზეფ გებელსი • ალბერტ შპეერი • რუდოლფ ჰესი • ალფრედ როზენბერგი |
ორგანიზაციები |
ნსდაპ • შტურმაბტაილუნგი • შუცშტაფელი • ჰიტლერიუგენდი • გესტაპო • ვერვოლფი • გოგონათა კავშირი • Deutsche Glaubensbewegung • ანენერბე • გერმანული სამუშაო ფრონტი • Kraft durch Freude • რწმენა და სილამაზე • მექანიზირებული კორპუსი • ავიაკორპუსი • სახალხო ქველმოქმედება • ქალბატონთა ორგანიზაცია • სტუდენტთა კავშირი • ექიმთა კავშირი • მასწავლებელთა კავშირი • იურისტთა კავშირი • ომის მსხვერპლთა დახმარების კავშირი |
ნაცისტური პარტიები და მოძრაობები |
უნგრეთი • ჩრდილოეთი კავკასია • ბელგია • ნიდერლანდები • დანია • ჩეჩნეთი • ნორვეგია • ლატვია • ბელარუსი • ჩილე |
ნათესაობრივი იდეოლოგიები |
ფაშიზმი • ინტეგრალური ნაციონალიზმი • რასობრივი ნაციონალიზმი • ეზოთერული ჰიტლერიზმი • შტრასერიზმი • ნაციონალ-ბოლშევიზმი |
ადოლფის მამა, ალოის ჰიტლერი (1837-1903) იყო მარია ანა შიკლგრუბერის უკანანო შვილი,[2] რის გამოც დაბადების მოწმობაში მამამისის გვარის ჩაწერა შეუძლებელი გახდა. ალოისმა დედამისის გვარი აიღო და შიკლგრუბერი გახდა. 1842 წელს იოჰან გეორგ ჰიდლერი (ჰიტლერის ბაბუა მესამე რაიხის ვერსიით) დაქორწინდა ანაზე. ალოისი კი იოჰანის უფროსი ძმის, იოჰან ნეპომუკ ჰიდლერის ოჯახში გაიზარდა.[3] 1876 წელს, ანას და უმცროსი იოჰანის ქორწილის ოფიციალური რეგისტრირების შემდეგ შესაძლებელი გახდა ალიოსს მამამისის გვარი აეღო. რეგისტრატურაში მღვდელმა ჰიდლერის მაგივრად „ჰიტლერი“ ჩაწერა.[4][5] ამის შემდეგ ალოისი ახალ გვარს ატარებდა,[5] რომელიც ასევე წარმოითქმოდა როგორც ჰიდლერი, ჰათლერი ან ჰუეთლერი. გვარი, სავარაუდოდ, არის ადამიანისთვის, „რომელიც ქოხში (გერმ. Hütte) ცხოვრობს“.[6]
სხვანაირი ვერსია ჰქონდა ნაცისტ ჩინოვნიკს ჰანს ფრანკს: მისი აზრით, ალოისის დედა გრაცის ებრაულ ოჯახში დიასახლისად მუშაობდა, სადაც 19 წლის ლეოპოლდ ფრანკენბერგერისგან დაფეხმძიმდა.[7] ამას ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ იმ დროისთვის გრაცში არ ცხოვრობდა არც ერთი ფრანკენბერგერი, თანაც, არ არსებობდა „ჰიტლერის ებრაელი ბაბუის“ არსებობის სხვა დამადასტურებელი ფაქტი,[8] რის გამოც ისტორიკოსები უარყოფენ ჰიტლერის ებრაელობას.[9][10]
ადოლფ ჰიტლერი დაიბადა 1889 წლის 20 აპრილს, ავსტრია-უნგრეთის ქალაქ ინის ბრაუნაუში (დღესდღეობით შედის ავსტრიის შემადგენლობაში), გერმანიის საზღვართან ახლოს.[11] კლარა და ალოის ჰიტლერთა ოჯახში ის იყო ერთ-ერთი ექვსი ბავშვიდან, თუმცა, გუსტავი, იდა და ოტო პატარა ასაკში გარდაიცვალნენ.[12] სამი წლის ასაკში მისი ოჯახი გერმანიაში გადაბარგდა.[13] იქ მან შეიძინა ბავარიული დიალექტი, რომელიც, ავსტრიული გერმანულისგან განსხვავებით, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვა.[14][15][16] 1894 წელს ოჯახი დაბრუნდა ავსტრიაში და ქალაქ ლეონდინგში დასახლდა, ხოლო უკვე 1895 წლის ივნისში ალოისი გადაბარგდა ლამბახთან მდებარე ჰაფელდში, სადაც დაკავებული იყო მეურნეობითა და მეფუტკრეობით. სახელმწიფო სკოლაში (Volksschule) ჰიტლერი მეზობელ ფიშლჰამში დადიოდა.[17][18]
ჰაფელდში გადასვლის შემდეგ მამა-შვილს შორის დაიწყო კონფლიქტი, რომელიც გამოწვეული იყო სკოლის მკაცრი დისციპლინის დაცვაზე ჰიტლერის უარით.[19] 1897 წლისთვის, როდესაც ალოისის სამეურნეო ექსპერიმენტებმა საბოლოო კრახი განიცადა, ოჯახი ლამბახში გადავიდა, სადაც რვა წლის ჰიტლერი ესწრებოდა სიმღერის გაკვეთილებს, მღეროდა საეკლესო გუნდში და მღვდლად გახდომაზეც კი ფიქრობდა.[20] 1898 წელს ოჯახი სამუდამოდ გადავიდა ლეონდინგში. 1900 წელს გარდაიცვალა ჰიტლერის უმცროსი ძმა ედმუნდი, რამაც მასზე საკმაოდ ძლიერად იმოქმედა. ასე, თავდაჯერებული, გახსნილი და კეთილი მოსწავლე გადაიქცა პირქუშ და ჩაკეტილ მოსწავლედ, რომელიც მუდმივად ებრძოდა მასწავლებლებსა და მამას.[21]
ალოისს, რომელსაც წარმატებული კარიერა ჰქონდა საბაჟო ბიუროში, სურდა, რომ შვილსაც იქვე ემუშავა და იგი სამსახურშიც კი მიიყვანა.[22] მომავალში ჰიტლერმა ამ ღონისძიებას დრამატული ეფექტი მისცა და აღნიშნა, რომ ამან გაზარდა დაუნდობელი ანტაგონიზმი მამა-შვილს შორის.[23][24][25] ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ადოლფი კლასიკურ საშუალო სკოლაში სწავლა და მხატვრობა უნდოდა, ალოისმა იგი ლინცის Realschule-ში გაგზავნა.[26] ჰიტლერი მის გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა, ხოლო შემდეგ „ჩემს ბრძოლაში“ აღნიშნა, რომ იგი სპეციალურად ცუდად სწავლობდა სკოლაში, რათა მამამისს დაენახა, რომ შვილი დიდ წარმატებებს ვერ აღწევდა და უფლება მიეცა მისთვის ოცნებისთვის მიეძღვნა თავი.[27]
როგორც ბევრი ავსტრიელი გერმანელი, გერმანულმა ნაციონალისტურმა იდეებმა ჰიტლერიც ადრეული ასაკიდან გაიტაცა.[28] მას ეზიზღებოდა ჰაბსბურგთა მონარქია და მათი ძალაუფლება ეთნიკურად მრავალფეროვან იმპერიაზე, ერთგულებას კი იგი მხოლოდ გერმანიის მიმართ გამოხატავდა.[29][30] მეგობრებთან ერთად ავსტრიული საიმპერატორო ჰიმნის მაგივრად ის „გერმანელთა სიმღერას“ მღეროდა, ამხანაგებს კი „ჰაილით“ ესალმებოდა.[31]
1903 წლის 3 იანვარს, ალოისის უცაბედი გარდაცვალების შემდეგ მისი მოსწრება საგრძნობლად დავარდა, რის გამოც დედამისმა მას სკოლის დატოვების უფლება მისცა.[32] 1904 წელს იგი შევიდა შტაირის Realschule-ში, სადაც მისი მოსწრება და ყოფაქცევა გაუმჯობესდა.[33] 1905 წელს საბოლოო გამოცდის გადაბარების შემდეგ მან დატოვა სკოლა ყველანაირი ამბიციის ან კარიერული გეგმის გარეშე.[34]
1905 წლიდან ჰიტლერი სახელმწიფო შეღავათებისა და დედის დახმარების ხარჯზე ვენაში ცხოვრობდა. იგი, ასევე, თავს ირჩენდა სხვადასხვა ადგილას არასტაბილური მუშაობით და ვენის ღირსშესანიშნაობების აკვარელით ხატვით. მან, ასევე, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაც სცადა, თუმცა მას ორჯერ უთხრეს უარი: ჯერ 1907, ხოლო შემდეგ 1908 წელს, რადგანაც, აკადემიის აზრით, ჰიტლერი „ფერწერისთვის გამოუსადეგარი“ იყო.[35][36] აკადემიის დირექტორმა მას არქიტექტურის შესწავლა შესთავაზა, თუმცა, ეს შეუძლებელი გამოდგა, რადგან ჰიტლერს საშუალო სკოლა არ დაუმთავრებია.[37] ამ წარუმატებლობას დაემატა დედამისის გარდაცვალება 1907 წელს, რის შემდეგადაც უფულოდ დარჩენილ ჰიტლერს უსახლკაროთა სახლსა და კაცთა საერთო საცხოვრებლებში მოუწია ცხოვრება.[38]
ვენაში ჰიტლერის ყოფნის დროს ქალაქი იყო რელიგიური და რასობრივი ცრურწმენების კერა.[39] ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლელი მიგრანტების მიერ დაპყრობის შიში, რის გამოც მერი-პოპულისტი, კარლ ლიუგერი, პოლიტიკური ეფექტისთვის, თავის რიტორიკაში აშკარა ანტი-სემიტიზმს იყენებდა. ასევე ფართოდ იყო გავრცელებული გერმანული ნაციონალიზმი ჰიტლერის საცხოვრებელ რაიონში — მარიაჰილფში.[40] იმ დროის ვენაში მოღვაწე გერმანელმა ნაციონალისტმა, გეორგ რიტერ ფონ შონერერმა, თავისი პან-გერმანული, ანტი-სემიტური, ანტი-სლავური და ანტი-კათოლიკური იდეებით დიდი გავლენა იქონია ადოლფ ჰიტლერზე.[41] მომავალი ფიურერი ასევე კითხულობდა ადგილობრივ გაზეთებს, როგორიც მაგალითად, Deutsches Volksblatt იყო. გაზეთი აქეზებდა ცრურწმენებს და თამაშობდა ქრისტიანთა შიშებზე, რომლებსაც ებრაელების დიდი რიცხვით მიგრაციის ეშინოდათ.[42] ჰიტლერი ასევე კითხულობდა გაზეთებს, რომლებშიც აქვეყნებდნენ დარვინის, ნიცშეს, ლე ბონისა და შოპენჰაუერის მოსაზრებებს.[43] „კათოლიკური გერმანოფობიის“ მოწინააღმდეგე ჰიტლერი ასევე აღფრთოვანებული იყო მარტინ ლუთერით.[44]
დღემდე საკამათოა ჰიტლერის ანტი-სემიტზმის წარმოჩენა და პირველი გამოხატვა.[45] მის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერია, რომ ანტი-სემიტი იგი ვენაში გახდა,[46] თუმცა საპირისპიროს აცხადებდა მისი ახლო მეგობარი, აუგუსტ კუბისეკი, რომელიც ამბობდა, რომ ჰიტლერი „დარწმუნებული ანტი-სემიტი“ ჯერ კიდევ ლინცის დატოვებამდე იყო.[47] სხვადასხვა წყაროები, თავის მხრივ, იძლევიან დამარწმუნებელ მტკიცებულებებს, რომ ვენაში ჰიტლერს ებრაელი მეგობრები ჰყავდა.[48][49] ისტორიკოსი რიჩარდ ჯ. ევანზი აცხადებს, რომ „ისტორიკოსები, მთლიანობაში თანხმდებიან, რომ ჰიტლერის ძლიერი და მომაკვდავი ანტისემიტიზმი გაჩნდა გერმანიის დამარცხების შემდეგ, როგორც „ზურგში დანის ჩარჭობის“ პარანოიის ახსნა.“[50]
მამის მხრიდან მემკვიდრეობის ბოლო ნაწილი მან 1913 წლის მაისში მიიღო, რის შემდეგაც მიუნხენში გადავიდა საცხოვრებლად.[51] ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ჰიტლერმა ეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის სამხედრო სამსახურის თავიდან აცდენისთვის გააკეთა,[52] ჰიტლერი ამას არც უარყოფდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ეს განპირობებული იყო იმით, რომ მას არ უნდოდა ავსტრია-უნგრეთის რასობრივად მრავალფეროვან ჯარში ემსახურა.[51] ავსტრია-უნგრეთში იგი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად აღიარეს, რის შემდეგაც იგი მიუნხენში დაბრუნდა.[53]
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ავსტრიის მოქალაქე ჰიტლერი მოხალისედ წავიდა ბავარიულ ჯარში.[54] ბავარიის ხელისუფლების 1924 წლის ანგარიშის მიხედვით, ჰიტლერი ჯარში შეცდომით მოხვდა.[54] მსახურობდა დასავლეთ ფრონტზე,[55] ბავარიის რეზერვული მე-16 ქვეით პოლკში როგორც „ფოსტალიონი“.[54][56] დროის დიდი ნაწილს ატარებდა შტაბში, ქალაქ ფურნ-ან ვეპში, ფრონტის ხაზის უკან.[57][58] მიუხედავად ამისა, იგი „ესწრებოდა“ ფლანდრიის, სომის (სომაში დაიჭრა კიდეც[59]), არასისა და პაშენდეილის ბრძოლებს. სიმამაცისთვის 1914 წელს მან მეორე ხარისხის რკინის ჯვარი მიიღო.[59] კიდევ ერთხელ მან რკინის ჯვარი, ამჯერად უკვე მეოთხე ხარისხის, ებრაელი ლეიტენანტის, იუგი ჰუტმანის რეკომენდაციით მიიღო. ასეთი ჯილდო იშვიათად ამშვენებდა ეფრეიტორებს.[60] 1918 წლის 18 მაისს მან „ჭრილობის შავი ნიშანი“ მიიღო.[61]
შტაბ-ბინაში მუშაობის დროს ჰიტლერი ხატავდა კარიკატურებს და ინსტრუქციებს ჯარის გაზეთისთვის. 1916 წლის ოქტომბერში სომაში დაჭრის[62] შემდეგ ჰიტლერი ბეელიცის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც ფრონტზე იგი მხოლოდ 1917 წლის 5 მარტს დაბრუნდა.[63] 1918 წლის 15 ოქტომბერს, გაზის შეტევის შემდეგ, იგი დროებით დაბრმავდა, რის გამოც იგი ფეისვოლკის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.[64] ჰოსპიტალში მან გერმანიის დამარცხების შესახებ შეიტყო. ჰიტლერი წერდა, რომ ამ ამბის მიღების შემდეგ იგი მეორედ დაბრმავდა.[65]
პირველი მსოფლიო ომი ჰიტლერმა აღწერა როგორც „ყველაზე დიდი გამოცდილება“. სიმამაცისთვის უფროსობისგან მან შექებაც კი მიიღო.[66] ომის დროს უფრო გაძლიერდა მისი გერმანული პატრიოტიზმი — არ არის გასაკვირი, რომ გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ მან დიდი შოკი მიიღო.[67] ასევე, ომში დამარცხების ტკივილმა მისი იდეოლოგიის საბოლო დახვეწა გამოიწვია.[68] სხვა გერმანელი ნაციონალისტების მსგავსად, ის ემხრობოდა Dolchstoßlegende-ს იდეოლოგიას, რომელიც თვლიდა, რომ დაუმარცხებელ გერმანულ არმიას ზურგში დანა ჩაარჭეს სამოქალაქო ლიდერებმა და მარქსისტებმა, რომლებსაც მოგვიანებით „ნოემბრის დამნაშავეები“ შეარქვეს.[69]
ვერსალის შეთანხმების თანახმად, გერმანიას უნდა დაეთმო თავისი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი (ასე, 1871 წელს მოპოვებული ელზას-ლოთარინგია საფრანგეთს დაუბრუნდა) და მოეხდინა რაინის ზონის სრული დემილიტარიზაცია. შეთანხმებამ, ასევე, დააწესა მძიმე ეკონომიკური სანქციები და გერმანიას უდიდესი რეპარაციები დააკისრა. ბევრი გერმანელი თვლიდა, რომ შეთანხმება იყო უსამართლო დამცირება. ისინი განსაკუთრებით მიუღებელს თვლიდნენ 231 სტატიას, რომლის მიხედვითაც, ომზე მთელი პასუხისმგებლობა გერმანიას დააკისრეს.[70] ვერსალის შეთანხმების პირობები და მათ მიერ მოტანილი უბედურება ჰიტლერმა მომავალში თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.[71]
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჰიტლერი მიუნხენში დაბრუნდა,[72] სადაც ფორმალური განათლებისა და კარიერული პერსპექტივების არქონის გამო სამხედრო სამსახური გააგრძელა.[73] 1919 წლის ივლისში იგი დაინიშნა Verbindungsmann-ად (მზვერავი), რომელსაც გავლენა უნდა მოეხდინა გერმანელ ჯარისკაცებზე და გერმანელ მუშათა პარტიაში უნდა დამკვიდრებულიყო. მუშაობის დროს ჰიტლერი მოხიბლა გერმანელ მუშათა პარტიის ლიდერის, ანტონ დრაქსლერის ანტი-სემიტურმა, ანტი-კაპიტალისტურმა, ანტი-მარქსისტულმა და ნაციონალისტურმა გამოსვლებმა.[74] დრაქსლერი ემხრობოდა ძლიერ, აქტიურ ხელისუფლებას, სოციალიზმის არაებრაულ ვერსიასა და საზოგადოების წევრებს შორის სოლიდარობას. ჰიტლერის ორატორული ნიჭით მოხიბლულმა დრაქსლერმა იგი პარტიაში მიიწვია. წინადადებას ჰიტლერი 1919 წლის 12 სექტემბერს დათანხმდა.[75] იგი პარტიის 555-ე წევრი გახდა (სინამდვილეში — 55. პარტიამ წევრების თვლა 500-დან დაიწყო).[76]
ჰიტლერმა გაიცნო დიტრიხ ეკარტი, პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ოკულტისტური ტულეს საზოგადოების წევრი.[77] კარტი გახდა ჰიტლერის მენტორი. ის უზიარებდა მას სხვადასხვა იდეებს, აცნობდა მიუნხენური საზოგადოების წევრებს.[78] თავისი მიმზიდველობის გაზრდის მიზნით პარტიამ სახელი შეიცვალა და ნაციონალ-სოციალისტური გერმანელი მუშათა პარტია გახდა.[79] ჰიტლერმა შეიმუშავა პარტიის ბანერი — თეთრ რგოლში მოქცეული სვასტიკა წითელ ფონზე.[80]
1920 წლის 31 მარტს ჰიტლერი გაათავისუფლეს ჯარიდან, რის შემდეგაც მან თავი მთლიანად პარტიას მიუძღვნა.[81] მთავარი შტაბ-ბინა მდებარეობდა მიუნხენში, რომელიც იყო ანტი-სახელისუფლებო, ანტი-მარქსისტული და ვაიმარის რესპუბლიკის მოძულე გერმანული ნაციონალისტების ბუდე.[82] ნელ-ნელა პოპულარული გახდა ადოლფ ჰიტლერიც, რომელიც უკვე 1921 წლის თებერვალში დაახლოებით 6 000 ადამიანს მიმართავდა.[83] ამგვარი შეხვედრების პოპულარიზაციისთვის ორი სატვირთო მანქანიდან მიუნხენის ქუჩებში ნაცისტები სვასტიკიან დროშას აფრიალებდნენ და ბროშურებს ავრცელებდნენ. მალევე, ჰიტლერი თავისი პოლემიკური გამოსვლებით ვერსალის, ჩინოვნიკების, ებრაელებისა და მარქსისტების წინააღმდეგ უფრო პოპულარული გახდა.[84]
1921 წლის ივნისში, როდესაც ჰიტლერი და ეკარტი ბერლინში იმყოფებოდნენ, პარტიაში მოხდა პროტესტი. მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს სურდათ მტრულ გერმანულ სოციალისტურ პარტიასთან გაერთიანება.[85] 11 ივლისისთის ჰიტლერი მიუნხენში დაბრუნდა და პარტიიდან წასვლაზე განცხადება შეიტანა; აღმასრულებელი კომიტეტის წევრები მიხვდნენ, რომ პარტიის წამყვანი ფიგურისა და ორატორის წასვლა დასასრული იქნებოდა.[86] ჰიტლერმა განაცხადა, რომ დაბრუნდებოდა პარტიაში, მაგრამ, სანაცვლოდ, დრაქსლერს მის სასარგებლოდ პარტიის ლიდერის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, ხოლო შტაბ-ბინა მიუნხენში დარჩენილიყო.[87] კომიტეტი დათანხმდა, რის შემდეგაც 26 ივლისს ჰიტლერი პარტიის უკვე 3 680-ე წევრი გახდა. მიუხედავად ამისა, პარტიაში ჯერ კიდევ იყვნენ მისი მოწინააღმდეგეები. მათ ჰერმან ესერის მეთაურობით პარტია დატოვეს, თუმცა დაბეჭდეს 3 000 ბროშურა, რომელშიც ჰიტლერს პარტიის მოღალატედ მოიხსენიებდნენ.[87] შემდეგ დღეებში ჰიტლერი არაერთხელ გამოვიდა სიტყვით, სადაც აპლოდისმენტების ფონზე თავის თავს ესერისგან იცავდა. მისი სტრატეგია წარმატებული გამოდგა: 29 ივლისის სპეციალურ კონგრესზე მან აბსოლუტური ძალაუფლება მიიღო და დრაქსლერი შეცვალა. ამას მხარი 533-მა ადამიანმა დაუჭირა, შეეწინაღმდეგა კი მხოლოდ ერთი.[88]
ლუდის სახლში ჰიტლერის მწვავე გამოსვლები სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავდა. პოპულისტურ თემებს, განტევების ვაცებს, რომლებსაც მისი მსმენელები ეკონომიკურ სირთულეებში სდებდნენ ბრალს,[89][90][91] თავის პერსონალურ მაგნეტიზმს და ბრბოს ფსიქოლოგიის გაგებას იგი თავის სასარგებლოდ იყენებდა.[92][93] ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ჰიტლერის გამოსვლებს გააჩნდა ჰიპნოზური ეფექტი.[94] ალფონს ჰეკი, ჰიტლერიუგენდის ყოფილი წევრი, მოგვიანებით აღნიშნავს:
ჩვენ ყველანი ვაფრქვევდით მძვინვარე ნაციონალურ სიამაყეს. ბოლო წუთებში, ჩვენ, ფილტვებიდან „ამოსული“ ხმით ვყვიროდით „ზიგ ჰაილ“! „ზიგ ჰაილ“! „ზიგ ჰაილ“! („Sieg Heil“). ამის შემდეგ, სულით და ხორცით ჰიტლერს ვეკუთვნოდი[95]
სხვა მხრივ, ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც ჰიტლერს საიდუმლოდ ხვდებოდნენ, ამბობდა, რომ ჰილტლერის ჩაცმულობა და ქცევის მანერა სათანადო შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა.[96][97]
მისი ადრეული მიმდევრები იყვნენ რუდოლფ ჰესი, ყოფილი მფრინავი ჰერმან გერინგი და ჯარის კაპიტანი ერნსტ რემი. მალევე რემი გახდა მთავარი ნაცისტური სამხედრო ორგანიზაციის, შეტევის რაზმის (გერმ. Sturmabteilung, შემოკლებით SA დაერქვა) ლიდერი. ორგანიზაცია იცავდა ნაცისტთა შეხვედრებსა და თავს ესხმოდა პარტიის ოპონენტებს. იმ დროისთვის ჰიტლერზე დიდ გავლენას ახდენდა Aufbau Vereinigung[98] (თეთრი მოძრაობისა და ადრეული ნაცისტების შეთქმულებითი ჯგუფი), რომლებსაც აფინანსებდნენ მდიდარი მეწარმეები. ზუსტად მათ გააცნეს ჰიტლერს იდეა ებრაული შეთქმულებისა და საერთაშორისო ეკონომიკის ბოლშევიზმის კავშირის შეხახებ.[99]
1923 წელს ჰიტლერმა პირველი მსოფლიო ომის გენერლის, ერიხ ლუდენდორფის სახელმწიფო გადატრიალებაში (ცნობილი როგორც „ლუდის პუტჩი“) ჩაბმა მოახერხა. იმ დროისთვის პარტია იყენებდა იტალიელი ფაშისტების მოდელს თავიანთი „გარეგნობისთვის“ და პოლიტიკისთვის. ჰიტლერს სურდა მუსოლინის მსგავსად ბავარიაში თავისი „მარში რომზე“ მოეწყო, რომლის შემდეგაც ის ბერლინისკენ გაემართებოდა. ჰიტლერსა და ლუდენდორფს სურდათ ბავარიის სახელმწიფო კომისრისა (Staatskommissar) და ბავარიის დე-ფაქტო მმართველის, გუსტავ რიტერ ფონ კარის მხარდაჭერის მიღება. კარი, თავის მხრივ, პოლიციის კაპიტანთან, ჰანს რიტერ ფონ სეიშერსა და რაიხსვერის გენერალ ოტო ფონ ლოსოვთან ერთად ნაციონალისტური დიქტატურის დამყარებას ჰიტლერის გარეშე აპირებდა.[100]
1923 წლის 8 ნოემბერს ჰიტლერმა და SA-მ შტურმით აიღეს ლუდის სახლი Bürgerbräukeller, სადაც კარი 3 000 ადამიანთან შეხვედრას ატარებდა. ჰიტლერმა კარს ლაპარაკი შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ ნაციონალური რევოლუცია იწყებოდა, რის შემდეგაც ლუდენდორფთან ერთად ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბება დააანონსა.[101] ამის შემდეგ იგი, კარი, სეიშერი და ლოსოვი უკანა ოთახში შევიდნენ, სადაც ჰიტლერმა იარაღით ხელში მათგან დახმარების მიღება მოითხოვა.[101] მოთხოვნაზე მან დადებითი პასუხი მიიღო. ამის შემდეგ ჰიტლერის მომხრეებმა აიღეს ადგილობრივი რაიხსვარი და პოლიციის შტაბ-ბინები, თუმცა ვერ მიიღეს ვერც ბავარიის ჯარის, ვერც პოლიციის დახმარება, რადგან კარმა და მისმა მომხრეებმა კვლავ უარი განაცხადეს ჰიტლერის დახმარებაზე.[102] მეორე დღეს ნაცისტებმა მოაწყვეს მარში ლუდის სახლიდან თავიანთ შემდეგ მიზანზე: ბავარიის საომარ სამინისტროზე, თუმცა, ხელისუფლების ერთგულმა პოლიციამ მათი შეჩერება მოახერხა.[103] ბრძოლაში დაიღუპა ნაცისტური პარტიის 16 წევრი და 4 პოლიციელი.[104]
ბრძოლიდან ჰიტლერი ერნსტ ჰანფშტაენგლის სახლისკენ გაიქცა, სადაც იგი, სხვადასხვა მონაცემებით, თვითმკვლელობას გეგმავდა.[105] ჰიტლერი, რომელიც მიუხედავად დეპრესიისა, სიწყნარეს მაინც ინარჩუნებდა, 11 ნოემბერს დააპატიმრეს.[106] სახალხო სასამართლოში მისი პროცესი 1924 წლის თებერვალში დაიწყო,[107] პარტიის დროებითი ლიდერი კი ალფრედ როზენბერგი გახდა. 1 აპრილს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო — ჰიტლერს ლანდსბერგის ციხეში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.[108] მიუხედავად ლუდის პუტჩისა, იქაური მცველები მას თბილად ექცეოდნენ, რის გამოც მისთვის შესაძლებელი გახდა მხარდამჭერების წერილების მიღება და თანაპარტიელებთან შეხვედრა. 1924 წლის 20 დეკემბერს ბავარიის უმაღლესმა სასამართლომ, მიუხედავად სახელმწიფო პროკურატურის პროტესტისა, ადოლფ ჰიტლერი ციხიდან გაათავისუფლა.[109] მთლიანობაში, მისჯილი ხუთი წლიდან ციხეში ჰიტლერმა მხოლოდ ერთი წელი გაატარა, ისიც წინასწარი პატიმრობის ჩათვლით.[110]
ციხეში ყოფნის დროს თავის მდივანს, რუდოლფ ჰესს, ჰიტლერმა „ჩემი ბრძოლის“ (რომელსაც თავიდან ერქვა „ოთხ-ნახევარ წლიანი ბრძოლა ტყულის, სისულელისა და სიმხდალის წინააღმდეგ“) პირველი ტომის დიდი ნაწილი უკარნახა.[110] ავტობიოგრაფიული და იდეოლოგიის გადმომცემი წიგნი ჰიტლერმა ძველ ნაცნობს — დიტრიხ ეკარტს მიუძღვნა. წიგნში აღწერილი იყო ჰიტლერის გეგმები გერმანულ საზოგადეობაზე, რომლის თავიდან ფორმირება რასობრივ ბაზაზე უნდა მომხდარიყო. ზოგიერთ ადგილებში იგრძნობოდა გენოციდური იდეებიც.[111] ორტომეული დაიბეჭდა 1925-1926 წლებში, ხოლო 1925-1932 წლებში გაიყიდა მისი 228 000 ასლი. 1933 წელს, ჰიტლერის ხელისუფლების პირველ წელიწადში, წიგნის 1 მილიონი ასლი გაიყიდა.[112]
მაშინ, როდესაც ჰიტლერის დროზე ადრე განთავისუფლების საკითხი იყო დღის წესრიგში, ბავარიის ხელისუფლება მის ავსტრიაში დეპორტაციას ცდილობდა.[113] ავსტრიის კანცლერმა უარი განაცხადა მოთხოვნაზე, რადგანაც ჰიტლერის გერმანულ ჯარში მსახურება მის ავსტრიულ მოქალაქეობას აბათილებდა. 1925 წლის 7 აპრილს ჰიტლერმა საერთოდ უარი თქვა ავსტრიულ მოქალაქეობაზე.[114]
ჰიტლერის ციხიდან გამოსვლის დროს გერმანული პოლიტიკა ნაკლებად „საომარი“ იყო, ხოლო ეკონომიკური კრიზისი და ჰიპერინფლაცია შედარებით ჩაწყნარებული იყო. ამან, როგორც ლუდის პუტჩის ჩაშლამ, ნაცისტთა მიმართ ხალხის ნდობის დონის დაცემა გამოიწვია, ამას კი დაემატა ის, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის ბავარიაში აკრძალული იყო ნაცისტური ორგანიზაცია. აკრძალვის მოსახსნელად 1925 წლის 4 იანვარს ჰიტლერი ბავარიის პრემიერს შეხვდა და დაპირდა, რომ ამიერიდან სახელმწიფოს პატივს სცემდა და ხელისუფლებაში მოსვლას მხოლოდ დემოკრატიული გზებით შეეცდებოდა. პრემიერი ჰიტლერს დაპირდა, რომ ხელისუფლება აკრძალვის მოხსნის საკითხს 16 თებერვალს განიხილავდა.[115] გარდა ამისა, ჰიტლერს ასევე აკრძალული ჰქონდა სიტყვით გამოსვლა. ეს აკრძალვა მხოლოდ 1927 წელს მოიხსნა.[116][117] პარტიის განვითარების მიზნით ჰიტლერმა ოტო შტრასერს, გრეგორ შტრასერსა და იოზეფ გებელსს დაავალა პარტიული იდეების გერმანიის ჩრდილოეთით პროპაგანდა. გრეგორ შტრასერი, სხვებისგან განსხვავებით, ოდნავ დამოუკიდებელ ტაქტიკას იყენებდა და უფრო დიდ ყურადღებას ამახვილებდა პარტიის სოციალისტურ ელემენტებზე.[118]
მას შემდეგ, რაც 1929 წელს შტატებში საფონდო ბაზარის კრახი მოხდა, გერმანია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: მილიონობით ადამიანმა სამსახური დაკარგა, რამდენიმე ბანკმა კი ბანკროტი განიცადა. ეს წაადგა ნაცისტურ პარტიას — ისინი მოემზადნენ ხალხისგან მხარდაჭერის მისაღებად და ხელისუფლებაში მოსასვლელად. გერმანელებს ნაცისტები ვერსალის შეთანხმების პირობების შესრულების შეწყვეტას და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას ჰპირდებოდნენ.[119]
არჩევნები | ხმები მთლიანობაში | ხმების % | დეპუტატები რაიხსტაგში | შენიშვნა |
---|---|---|---|---|
მაისი, 1924 | 1 918 300 | 6,5 | 32 | ჰიტლერი ციხეშია |
დეკემბერი, 1924 | 907 300 | 3,0 | 14 | ჰიტლერი გამოვიდა ციხიდან |
მაისი, 1928 | 810 100 | 2,6 | 12 | |
სექტემბერი, 1930 | 6 409 600 | 18,3 | 107 | ეკონომიკური კრიზისის შემდეგ |
ივლისი, 1932 | 13 745 000 | 37,3 | 230 | საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ |
ნოემბერი, 1932 | 11 737 000 | 33,1 | 196 | მაგალითი |
მარტი, 1933 | 17 277 180 | 43,9 | 288 | ნახევრად თავისუფალი არჩევნები; ჰიტლერი კანცლერია |
დიდი დეპრესია ჰიტლერის შანსი გახდა. გერმანელები ორაზროვანნი იყვნენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, რომელსაც ბევრი პრობლემა გააჩნდა მემარჯვენე და მემარცხენე ექსტრემისტების გამო. ზომიერ პოლიტიკურ პარტიებს აღარ შეეძლოთ ექსტრემისტული იდეოლოგიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. რადიკალური იდეოლოგიის განვითარებას დაეხმარა 1929 წლის რეფერენდუმი,[121] ხოლო 1930 წლის არჩევნებმა დიდი კოალიციის დაშლა გამოიწვია, მისი მინისტრები კი უმცირესობაში მყოფი პარტიების წევრებმა შეცვალეს. ცენტრისტთა პარტიის ლიდერსა და კანცლერს, ჰაინრიხ ბრუნინგს, აკონტროლებდა პრეზიდენტი პაულ ფონ ჰინდენბურგი. მართვის „დისტანციური“ ფორმა ნორმა გახდა, რამაც გერმანიაში პატარა ავტორიტარიზმი გააჩინა.[122] წარმატებული აღმოჩნდა არჩევნები ნაცისტებისთვისაც, რომლებმაც ძირიდან ამოსვლა მოახერხეს, ხმების 18,3% პროცენტი მიიღეს და 103 დეპუტატით პარლამენტში სიდიდით მეორენი გახდნენ.[123]
1930 წლის ბოლოს, რაიხსვერის ორი ოფიცრის, რიხარდ შერინგერისა და ჰანს ლუდინის სასამართლო პროცესზე ჰიტლერიც გამოჩნდა. ოფიცრებს ნაცისტურ პარტიაში ყოფნა ედებოდათ ბრალათ, რომელშიც, იმ დროისთვის, აკრძალული იყო გაწევრიანება რაიხსვერის ოფიცრებისთვის.[124] ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ნსდაპ ექსტრემისტული პარტია იყო და დამცავ ადვოკატს, ჰანს ფრანკს, მოუწოდებდა ჰიტლერზე გავლენა მოეხდინა, რათა ამ უკანასკნელს ჩვენება მიეცა.[125] 1930 წლის 25 სექტემბერს ჰიტლერმა განაცხადა, რომ ის და მისი პარტია პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას მხოლოდ დემოკრატიული გზით აპირებდნენ,[126] რითიც ოფიცერულ კორპუსში დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.[127]
მართალია, ბრუნინგის მკაცრმა პოლიტიკამ გერმანული ეკონომიკა ოდნავ „გამოასწორა“, თუმცა იგი კვლავ არაპოპულარული რჩებოდა.[128] ეს გამოიყენა ჰიტლერმა, რომელიც თავის გამოსვლებში დიდ ყურადღებას აქცევდა 1920-იან წლებში ჰიპერინფლაციითა და ეკონომიკური კრიზისით დაშავებულ ადამიანებს. ასეთები იყვნენ ომის ვეტერანები, ფერმერები და საშუალო კლასი.[129]
მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერი გერმანიაში ავსტრიის მოქალაქის სტატუსით არ იმყოფებოდა, იგი არ ფლობდა არც გერმანულ მოქალაქეობას, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მას არ შეეძლო რაიმე პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, ამას კი ემატებოდა ის, რომ ჯერ კიდევ იყო მისი ავსტრიაში დეპორტაციის რისკი.[130] ამის მოსაგვარებლად, 1932 წლის 25 თებერვალს, ბრუნსვიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა და ნაცისტური პარტიის წევრმა, დიტრიხ გლაგესმა ჰიტლერი რაიხსრატში ბრუნსვიკის წარმომადგენლობის ადმინისტრატორად დანიშნა, რის შედეგადაც ადოლფმა ბრუნსვკისა[131] და შესაბაბამისად, გერმანიის მოქალაქეობა მიიღო.[132]
ამის წყალობით 1932 წელს ჰიტლერმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჰინდენბურგის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. მეწარმეთა კლუბში წარმოთქმულმა სიტყვამ მას კიდევ უფრო მეტი მეწარმის მხარდაჭერა მოუტანა.[133] ჰინდენბურგს, თავის მხრივ, მხარდაჭერა ჰქონდა სხვადასხვა ნაციონალისტებისგან, კათოლიკეებისგან, მონარქისტებისგან, რესპუბლიკელებისა და სოციალ-დემოკრატებისგან. აღსანიშნავია, რომ ჰიტლერის კამპანიის ლოზუნგი იყო „Hitler über Deutschland“ (ჰიტლერი გერმანიის თავზე), რაც აღნიშნავდა მის ამბიციებსა და მის კამპანიაში საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებას. იგი იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელიც აგიტაციისთვის ცას იყენებდა.[134] ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტური გამოდგა.[135] არჩევნების ორივე ტურში ჰიტლერმა 35% მიიღო. მართალია, იგი დამარცხდა, თუმცა ცხადი გახდა, რომ გერმანულ პოლიტიკაში ახალი ძლიერი ძალა — ნაცისტური პარტია დამკვიდრდა.[136]
ეფექტური ხელისუფლების არარსებობამ ორ გავლენიან პოლიტიკოსს, ფრანც ფონ პაპენსა და ალფრედ ჰუგენბერგს და მათთან ერთად რამდენიმე მეწარმესა და ბიზნესმენს ჰინდერბუნგისთვის წერილის დაწერისკენ უბიძგა. წერილში ისინი ჰინდენბურგს მოუწოდებდნენ ჰიტლერი დაენიშშნა „საპარლამენტო პარტიებისგან დამოუკიდებელი[137] ხელისუფლების“ ლიდერად, რომელიც შეძლებდა ხალხის მოხიბვლას.[138]
ჰინდენბურგი არც თუ ისე დიდი ხალისით დაეთანხმა მათ წინადადებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ 1932 წელს ჩატარებულმა ორმა საპარლამენტო არჩევნებმა მაინც ვერ გამოიწვია უმრავლესობის ხელისუფლების ფორმირება. ამის შემდეგ ჰიტლერი თავში ჩაუდგა ხანმოკლე კოალიციას ნაცისტებსა და ჰინდენბურგის პარტიას შორის — „გერმანიის ნაციონალურ სახალხო პარტიას“. 1933 წლის 30 იანვარს, ჰინდენბურგის კაბინეტში ხანმოკლე ცერემონიის დროს დამტკიცდა ახალი მინისტრთა კაბინეტიც. ნაცისტებმა ახალ ხელისუფლებაში სამი მნიშვნელოვანი პოსტი მიიღეს: ჰიტლერი კანცლერი გახდა, ვილჰელმ ფრიკი — შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰერმან გერინგი კი პრუსიის შინაგან საქმეთა მინისტრი.[139] ჰიტლერს ეს პოსტები გერმანიის დიდ ნაწილში პოლიციაზე კონტროლის დასამყარებლად სჭირდებოდა.[140]
კანცლერობის დროს ჰიტლერი ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ოპონენტების „უმრავლესობის ხელისუფლების“ შექმნის მცდელობას. პოლიტიკური ჩიხის გამო ჰიტლერმა რაიხსპრეზიდენტ ჰინდენბურგს რაიხსტაგის დაშლა და არჩევნების ხელახლა დანიშვნა მოსთხოვა. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და არჩევნები მარტის პირველი დღეებისთვის დაინიშნა. 1933 წლის 27 თებერვალს, რაიხსტაგის შენობაში ცეცხლი გაჩნდა. გერინგმა ამაში კომუნისტები დაადანაშაულა, რადგანაც შენობაში „ცხელ კვალზე“ იპოვეს ნიდერლანდელი კომუნისტი მარინუს ვან დერ ლუბე.[141] ბრიტანელი ისტორიკოსის, სერ იან ქერშოუს მიხედვით, თითქმის ყველა ისტორიკოსმა მიაღწია კონსენსუნს, რომ ხანძარი მართლაც დერ ლუბემ მოაწყო.[142] სხვები, მათ შორის უილიამ შირერი და ალან ბალოქი თვლიან, რომ ნაცისტები თვითონ არიან პასუხისმგებელნი ხანძარზე.[143][144] ჰიტლერის დიდი მოთხოვნით ჰინდენბურგმა ხანძარს უპასუხა და 28 თებერვალს გამოსცა დეკლარაცია, რომელმაც გააუქმა ჩვეულებრივი უფლებები, რის შედეგადაც პოლიციას უფლება მიეცა დაპატიმრება სასამართლოს ნებართვის გარეშე მოეხდინა. დეკლარაციას არ დაურღვევია არც ერთი კანონი, რადგანაც ვაიმარული კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად პრეზიდენტს უფლება ჰქონდა უკიდურესი ზომები მიეღო საზოგადოებისა და წესრიგის დასაცავად.[145] ამის შემდეგ შეიზღუდა კომუნისტური პარტიის მოღვაწოება, ხოლო მისი 4 000 წევრი დააპატიმრეს.[146]
გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში ნაცისტებმა მოაწყვეს სამხედრო ძალადობა და გაავრცელეს ანტი-კომუნისტური პროპაგანდა. 1933 წლის 6 მარტს ნაცისტებმა ხმათა 43,9% მოიპოვეს და გაზარდეს კიდეც თავიანთი დეპუტატების რაოდენობა რაიხსტაგში, თუმცა ეს არ იყო საკმარისი აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებად, რის გამოც ჰინდენბურგთან კოალიციის შენარჩუნება გახდა საჭირო.[147]
1933 წლის 21 მარტს, ქალაქ პოსტდამის ჰარისონის ეკლესიაში ახალი რაიხსტაგის ფორმირების ცერემონია გაიმართა. „პოსტდამის დღე“ ჩატარდა, რათა ეჩვენებინა ნაცისტებისა და ძველი პრუსიული ელიტისა და სამხედრო ჩინების ერთობა. ამ შეხვედრაზე დილის პერანგში ჩაცმული ჰიტლერი „შეჩვეულად“ მიესალმა ჰინდენბურგს.[148][149]
სრული პოლიტიკური ძალაუფლების მისაღწევად მთავრობაში უმრავლესობის გარეშე ჰიტლერმა ახლადარჩეულ რაიხსტაგში წამოაყენა Ermächtigungsgesetz (ნებისმიმცემი პაქტი). პაქტმა, რომელსაც ოფიციალურად ერქვა Gesetz zur Behebung der Not von Volk und Reich („რაიხისა და ხალხის ღარიბული მდგომარეობის გამოსწორების კანონი“) ჰიტლერსა და მის კაბინეტს უფლება მისცა ოთხი წლის განმავლობაში რაიხსტაგის თანხმობის გარეშე მიეღო კონსტიტუციის დამრღვევი კანონები (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა).[150] ამ კანონს რაიხსტაგის ორი მესამედის თანხმობა სჭირდებოდა, ნაცისტებს კი საკმარისი ხმები არ გააჩნდათ. სიტუაციის მოსაგვარებლად 81 კომუნისტი დეპუტატი (რომლებსაც, მიუხედავად ნაცისტების ანტი-კომუნიზმისია, არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცეს)[151] დააპატიმრეს და რამდენიმე სოციალ-დემოკრატის ხმა „აიცილეს“.[152] 23 მარტს, კროლის ოპერის სახლში შეკრებილ რაიხსტაგს ტურბულენციურ პირობებში მოუწია მუშაობა. SA-ს წევრები შენობას შიგნიდან იცავდნენ მაშინ, როდესაც გარეთ შეკრებილი ადამიანები გაჰყვიროდნენ კანონის საწინააღმდეგო ლოზუნგებს და შენობაში მყოფ პარლამენტარებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.[153] ცენტრისტების პოზიცია, რომლებიც თავიდან კანონის წინააღმდეგ იყვნენ, შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჰიტლერი დაპირდა პარტიის ლიდერს ლუდვიგ კაასს, რომ ჰინდენბურგი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ვეტოს უფლებას გამოიყენებდა. კანონი მიიღეს. მომხრე იყო 441, წინააღდეგი — 84. ამის შემდეგ გერმანიაში, შეიძლება ითქვას, დაკანონდა ჰიტლერის დე ფაქტო დიქტატურა.[154]
სისულელის თქმის რისკით გეუბნებით, რომ ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობა 1 000 წელი იარსებებს! ... არ დაგავიწყდეთ, თუ როგორ დამცინოდა ხალხი 15 წლის წინ, როდესაც მე გამოვაცხადე, რომ ერთ დღეს გერმანიას ჩავუდგებოდი სათავეში. ახლა ისინი კვლავ სულელურად იცინიან, როდესაც მე ვაცხადებ, რომ ხელისუფლებაში უნდა დავრჩე!
— ადოლფ ჰიტლერი მიმართავს ბრიტანელ კორესპონდენტს. ბერლინი. ივნისი, 1934[155]
ხელისუფლებაში სრულფასოვნად მოსვლის შემდეგ ჰიტლერმა თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება და დაიწყო ოპოზიციის დევნა. აიკრძალა სოციალ-დემოკრატიული პარტია, მათი აქტივები კი ნაცისტთა ხელში გადავიდა.[156] ვერ გადარჩნენ ვერც პროფკავშირები — პირველი მაისის დროს, როდესაც პროფკავშირების ლიდერები ბერლინში იმყოფებოდნენ, SA-ს წევრებმა მათი შენობები მთელი გერმანიის მასშტაბით დაანგრიეს. ამის შემდეგ კავშირები დაიშალა, ხოლო მათი ლიდერები დააპატიმრეს. ზოგიერთი საკონცენტრაციო ბანაკშიც კი წაიყვანეს.[157] ამის შემდეგ მოხდა გერმანელ მუშათა ფრონტის ფორმირება, რომელიც წარმოადგენდა მუშებს, ადმინისტრატორებსა და კამპანიების მფლობელებს, რითიც ასახავდა ჰიტლერის ნაციონალ-სოციალიზმის კონცეფციას, ანუ — Volksgemeinschaft-ს (ხალხთა საზოგადოება).[158]
ივნისის ბოლოსთვის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დაშინების გამო დაშლილი იყო. მათ შორის იყო ნაცისტთა ნომინალური პარტნიორი გერმანული ნაციონალური სახალხო პარტია, რომლის ლიდერსაც, ჰუგენბერგს, ჰიტლერმა SA-ს დახმარებით გადადგომა აიძულა. 1933 წლის 14 ივლისს ნსდაპ გერმანიაში ერთადერთი ლეგალური პოლიტიკური პარტია გახდა.[156][158] გარე მოწინააღმდეგეები შეცვალა SA-მ, რომელიც სულ უფრო მეტ პოლიტიკურ და სამხედრო ძალაუფლებას ითხოვდა, რამაც გამოიწვია ნერვიულობა სამხედრო, მეწარმეულ და პოლიტიკურ რიგებში. საპასუხოდ, ჰიტლერმა მოაწყო „გრძელი დანების ღამე“, რომლის დროსაც SA-ს ლიდერები და მისი სხვა პოლიტიკური ოპონენტები (გრეგორ შტრასერი, ერნსტ რემი, კურტ ფონ შლაიხერი) დააპატიმრეს ან დახვრიტეს.[159] საერთაშორისო საზოგადოებისთვის და გერმანელთა პატარა ნაწილისთვის ეს მოვლენები შოკისმომგვრელი იყო, თუმცა ბევრი გერმანელი ფიქრობდა, რომ ჰიტლერი წესრიგს ამყარებდა.[160]
1934 წლის 2 აგვისტოს პრეზიდენტი ჰინდენბურგი გარდაიცვალა. წინა დღეს კაბინეტმა მიიღო კანონი „რაიხის უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ჰინდენბურგის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობა გაუქმდებოდა, ხოლო მისი უფლებები შეერეოდა კანცლერის უფლებებს.[161] კანონის შედეგად, ჰიტლერი გახდა როგორც გერმანიის, ისევე ხელისუფლების მმართველიც და მიიღო „ფიურერისა და რაიხსკანცლერის“ (Führer und Reichskanzler) წოდება.[162] ამით ჰიტლერის გადაყენების ბოლო კანონიერი გზა გადაიკეტა.[163]
როგორც გერმანიის ლიდერი, ჰიტლერი ასევე გახდა შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. ამის შემდეგ ჰიტლერმა შეცვალა ფიცის დადების წესი: თუ ადრე სამხედროები ერთგულებას სახელმწიფოს ან უბრალოდ უმაღლეს მთავარსარდალს პირდებოდნენ, ახლა ისინი ამას პირადად ჰიტლერს ჰპირდებოდნენ.[164] 19 აგვისტოს ჩატარებულ პლებისციტში გერმანელთა 90%-მა მხარი დაუჭირა კანცლერისა და პრეზიდენტის თანამდებობების შეერთებას.[165]
1938 წლის დასაწყისში ჰიტლერმა გამოიყენა შანტაჟი ვერმახტში თავისი ხელისუფლების განტმკიცებისა და გაძლიერებისთვის. თავის სამხედრო მინისტრს, ფელდ-მარშალ ვერნერ ფონ ბლომბერგს მან გადადგომა აიძულა. ამის მიზეზი იყო პოლიციის დოსიე, რომლის მიხედვითაც მისი ახალი ცოლი პროსტიტუციით იყო დაკავებული.[166][167] ბლომბერგის ბედი ეწია გენერალ-პოლკოვნიკ ვერნერ ფონ ფრიტცს, რომელიც შუცშტაფელმა (SS) ჰომოსექსუალურ ურთიერთობაში დაადანაშაულა.[168] მათი გადაყენების მიზეზი იყო უარი ჰიტლერის მოთხოვნაზე, რომელსაც სურდა, რომ ვერმახტი ომისთვის მზად 1938 წლისთვის ყოფილიყო.[169] გადაყენებული ბლომბერგის ადგილი პირადად ჰიტლერმა დაიკავა. ომის სამინისტრო მან შეცვალა Oberkommando der Wehrmacht-ით (შეიარაღეული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა), რომელსაც სათავეში ვილჰელმ ჰეიტელი ჩაუდგა. იმავე დღეს, კიდევ 16-მა გენერალმა დატოვა თანამდებობა, 44 კი სხვადასხვა ადგილას გადაიყვანეს. ყველა მათგანი არასაკმარის პრო-ნაცისტურობაში იყო ეჭმიტანილი.[170] თებერვლისთვის თანამდებობა დატოვა კიდევ 12-მა გენერალმა.[171]
თავის დიქტატურას ჰიტლერმა კანონიერი სახე მისცა. ჰიტლერის თითქმის ყველა ბრძანება არ ეწინააღმდეგებოდა მისთვის მინიჭებულ უკიდურეს უფლებებს (რომელიც რაიხსტაგმა ოთხწლიანი ვადით ორჯერ განაახლა[172]) და ვაიმარის კონსტიტუციის 48 მუხლს. ჰიტლერის ხელისუფლების პერიოდში რაიხსტაგის არჩევნები კიდევ სამჯერ ჩატარდა (1933, 1936 და 1938 წლებში), თუმცა არჩევნებში მონაწილეობდნენ მხოლოდ ნაცისტები და მათი „სტუმრები“.[173] რეპრესირებულები იყვნენ ამომრჩევლები, რომლებიც ხმას არავის აძლევდნენ ან კიდევ, ხმას ნაცისტებს არ აძლევდნენ.[174]
1934 წლის აგვისტოში ჰიტლერმა რაიხსბანკის პრეზიდენტი, ჰიალმარ შნახტი ეკონომიკის მინისტრად დანიშნა, ხოლო შემდეგ წელს იგი გახდა ჰიტლერის რწმუნებული საომარი ეკონომიკისთვის და ეკონომიკის ომისთვის მომზადებაში.[175] სამხედრო აღმავლობა და გადაიარაღება ფინანსდებოდა „მეფოს“ თამასუქებით, ფულის ბეჭდვით, „სახელმწიფოს მტრების“ ანგარიშების მისაკუთრებით.[176] გამოსწორდა უმუშევრობის მდგომარეობა: თუ 1932 წელს უმუშევართა რაოდენობა 6 მილიონი იყო, 1936 წლისთვის ეს რიცხვი მხოლოდ ერთ მილიონს შეადგენდა.[177] ჰიტლერი ასევე იყო გერმანიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტუქტურული გაუმჯობესების კამპანიის კურატორი, რომლის ფარგლებშიც აშენდა დამბები, ავტობანები, ლიანდაგები და ა. შ. 1930-იანი წლების ბოლოს ხელფასი უფრო დაბალი იყო, ვიდრე ვაიმარის რესპუბლიკაში, რომელშიც „ცხოვრების ფასი“ 25 ცენტით გაიზარდა.[178] სამხედრო ეკონომიკაზე გადასვლის დროს გაიზარდა სამუშაო დრო: 1939 წლისთვის საშუალო გერმანელი კვირაში 47-50 საათს მუშაობდა.[179]
ჰიტლერის ხელისუფლება ასევე აფინანსებდა არქიტექტურას. ასე, ალბერტ შპეერი, რომელიც სათავეში ედგა ჰიტლერის მიერ წამოწყებულ კლასიკურ გერმანული კულტურის რეინტერპრეტაციას, ასევე პასუხისმგებელი იყო ბერლინის არქიტექტურულ რეკონსტრუქციაზე.[180] 1936 წელს ჰიტლერმა, ასევე, გახსნა ბერლინის ზაფხულის ოლიმპიადა.
1933 წლის 3 თებერვლის შეხვედრაზე სამხედრო პირებთან ჰიტლერმა ისაუბრა „აღმოსავლეთში საცხოვრებელი სივრცის მოპოვებასა და მის დაუნდობელ გერმანიზაციაზე“, როგორც თავისი საგარეო პოლიტიკის საბოლოო მიზანზე.[181] მარტში, საგარეო საქმეთა თავმჯდომარემ, პრინცმა ბერნანდ ვილჰელმ ფონ ბოლოუმ დაასახელა გერმანიის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები: ავსტრიის ანშლუსი, გერმანიის ნაციონალური საზღვრების აღდგენა 1914 წლის მდგომარეობაში, ვერსალში დაწესებული სამხედრო შეზღუდვების მოშორება, გერმანიის ყოფილი კოლონიების დაბრუნება და რაიხის გავლენის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში. ამ მოთხოვნებს თვითონ ჰიტლერი „თავმდაბლურად“ თვლიდა.[182] თავის იმდროინდელ გამოსვლებში ჰიტლერი ხაზს უსვამდა თავისი პოლიტიკის მშვიდობიან მიზნებს და ამბობდა, რომ მზად იყო საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში ემუშავა.[183] თავის კაბინეტთან პირველი შეხვედრის დროს სამხედრო ხარჯები მან უმუშევრობის მოსაგვარებელ ხარჯებზე მაღლა დააყენა.[184]
1933 წლის ოქტომბერში გერმანიამ დატოვა ერთა ლიგა და მსოფლიო განაიარაღების კონფერენცია.[185] 1935 წელს გერმანიას შეუერთდა იქამდე ერთა ლიგის მიერ კონტროლირებადი საარის მხარე, რომლის მოსახლეობის 90% ხმა მისცა გერმანიასთან გაერთიანებას.[186] იმავე წლის მარტში ჰიტლერმა განაცხადა, რომ ვერმახტში 600 000 ჯარისკაცი იქნებოდა, როდესაც ვერსალის შეთანხმების გერმანიას მხოლოდ 100 000 ჯარისკაცის ყოლის უფლება ჰქონდა. ადოლფმა ასევე გამოაცხადა ლუფტვაფეს (საჰაერო ძალები) შექმნისა და ფლოტის (Kriegsmarine) გაზრდის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ არღვევდა ვერსალის შეთანხმებას. იტალიამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ერთა ლიგასთან ერთად გერმანიის მოქმედებები დაგმეს და შეთანხმების დარღვევად მოიხსენიეს, თუმცა, ჰიტლერის შესაჩერებლად არაფერი გააკეთეს.[187][188] იმავე წლის 18 ივნისს ხელი მოეწერა ინგლისურ-გერმანულ საზღვაო შეთანხმებას (The Anglo-German Naval Agreement — AGNA), რომლის მიხედვითაც გერმანიას უფლებას მიეცა თავისი საზღვაო ძალები ბრიტანეთის საზღვაო ძალების 35%-მდე გაეზარდა. ჰიტლერმა ამ შეთანხმებას „ცხოვრებაში უბედნიერესი დღე“ უწოდა, რადგანაც ეს, მისი აზრით, „ჩემ ბრძოლაში“ ნაწინასწარმეტყველები ინგლისურ-გერმანული ალიანსის დაწყებას ნიშნავდა.[189] შეთანხმებასთან დაკავშირებით კონსულტაცია არ ყოფილა არც საფრანგეთთან, არც იტალიასთან. ბრიტანეთის მოქმედებები არაფრად აგდებდა ვერსალის შეთანხმებას და ერთა ლიგას.[190]
1936 წლის მარტში გერმანული ჯარი რაინის დემილიტარიზებულ ზონაში შევიდა, რითიც კიდევ ერთხელ დაირღვა ვერსალის შეთანხმება. იმავე წლის ივლისში თხოვნის მიღების შემდეგ, გენერალ ფრანსისკო ფრანკოს დასახმარებლად ჰიტლერმა ესპანეთში ჯარი გაგზავნა. ამავე დროს იგი ცდილობდა შეექმნა ინგლისურ-გერმანული ალიანსი.[191] 1936 წლის აგვისტოში, გადაიარაღების ხარჯების გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მარშალ გერინგს ჰიტლერმა ოთხწლიანი გეგმის მომზადება დაავალა, რომელსაც გერმანია შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ომისთვის უნდა მოემზადებინა.[192] გეგმა იმედოვნებდა „ებრაელ-ბოლშევიკთა“ და ნაციონალ-სოციალისტთა ბრძოლას, რომელშიც, ჰიტლერის აზრით, საჭირო იყო გადაიარაღება მიუხედავად ყველანაირი ეკონომიკური ხარჯისა.[193]
მუსოლინის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა გალეცაო ჩიანომ გამოაცხადა გერმანიასა და იტალიას შორის ღერძის შექმნა, ხოლო 25 ნოემბერს გერმანიამ და იაპონიის იმპერიამ გააფორმეს ანტი-კომუნისტური პაქტი. ღერძში ასევე მიიწვიეს ბრიტანეთი, ჩინეთი, იტალია და პოლონეთი, თუმცა წინადადება მხოლოდ იტალიამ მიიღო, ისიც 1937 წელს. ამის შემდეგ ჰიტლერმა თავი დაანება ინგლისურ-გერმანული ალიანსის შექმნის ცდებს, რადგანაც, მისი აზრით, ბრიტანული მთავრობა „არაადეკვატური“ იყო.[194] რაიხსკანცელარიაში თავის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და სამხედრო ჩინოვნიკებთან შეხვედრისას მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნდოდა გერმანული ერისთვის საარსებო ადგილის მოპოვება. ფიურერმა მათ დაავალა აღმოსავლეთის ომისთვის მოსამზადებლად, რომელიც უნდა დაწყებულიყო 1938 წლიდან 1943 წლამდე, ხოლო მისი სიკვდილის შემთხვევაში ჰოსბახის მემორანდუმის კონფერენციაში ჩაწერილი გამოსვლა „პოლიტიკური ანდერძი“ უნდა გამხდარიყო.[195] იგი თვლიდა, რომ გერმანიაში ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ცხოვრების დონის დავარდნის შეწყვეტა მხოლოდ ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის მიმართ სამხედრო აგრესიით იყო შესაძლებელი.[196][197] სამხედრო კაბინეტს ჰიტლერმა სწრაფი მოქმედებებისკენ მოუწოდა, რათა ინგლისსა და საფრანგეთს არ მოეპოვებინათ საბოლოო გამარჯვება „შეარაღების ბრძოლაში“.[196] 1938 წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც ბლომბერგი თანამდებობიდან გადააყენეს, ჰიტლერმა დაამყარა კონტროლი სამხედრო-საგარეო აპარატზე.[198] 1938 წლის დასაწყისიდან იგი ატარებდა პოლიტიკას, რომელსაც, საბოლოოდ, ომი უნდა მოეტანა.[199]
1938 წლის თებერვალში, ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, პრო-იაპონური იოახიმ ფონ რიბენტროპის რჩევით ჰიტლერმა ბოლო მოუღო ჩინურ-გერმანულ ალიანსს, რათა დაემყარებინა კავშირი უფრო განვითარებულ და ძლიერ იაპონიის იმპერიასთან. ჰიტლერმა განაცხადა, რომ გერმანია აღიარებდა იაპონიის მიერ ოკუპირებულ მანჯურიაში არსებულ მარიონეტულ მანჯუკუოს და უარს იტყოდა თავის პრეტენზიებზე წყნარი ოკეანის ყოფილ კოლონიებზე, რომლებიც იმჟამად იაპონიას ეკუთვნოდა.[200] ჰიტლერმა გასცა ჩინეთისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის ბრძანება და ჩინეთში მომუშავე ყველა გერმანელი ოფიცერი გერმანიაში დააბრუნა.[200] საპასუხოდ, გენერალმა ჩან კაიშიმ გააუქმა ყველა გერმანულ-ჩინური ეკონომიკური შეთანხმება, რითიც გერმანელებს ჩინური ნედლეული დააკარგვინა.[201]
1938 წლის 12 მარტს ჰიტლერმა განაცხადა ავსტრიისა და გერმანიის გაერთიანებაზე „ანშლუსის“ ფარგლებში.[202] ამის შემდეგ მან ყურადღება მიაქცია ჩეხოსლოვაკიაში მდებარე სუდეტის ოლქს, რომელშიც ბევრი ეთნიკური გერმანელი ცხოვრობდა.[203]
იმავე წლის 28-29 მარტს ბერლინში ჰიტლერმა ჩაატარა საიდუმლო შეხვედრები კონრად ჰენლაინთან — სუდეტში ყველაზე მსხვილი ეთნიკური გერმანელების პარტიის ლიდერთან. შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ ჰენლაინს უნდა მოეთხოვა კიდევ უფრო დიდი ავტონომია, რომელზე უარის მიღება გერმანიისთვის სამხედრო აგრესიის მიზეზი გახდებოდა. 1938 წლის აპრილში ჰენლაინმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა: „რაც არ უნდა შემოგვთავაზოს ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ, ის მაინც უფრო დიდ მოთხოვნებს წამოაყენებს... მას სურს მოაწყოს საბოტაჟი, ნებისმიერი გაგებით, რადგანაც მხოლოდ ეს არის ჩეხოსლოვაკიის სწრაფი „აფეთქების“ მეთოდი“.[204] პირად საუბრებში ჰიტლერი სუდეტის ოლქის საკითხს უმნიშვნელოდ მიიჩნევდა — მისი ერთადერთი მიზანი ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა იყო.[205]
აპრილში ჰიტლერმა შეარაღებული ძალების მთავარსარდლობას Fall Grün-ისთვის („ოპერაცია გრინი“) მომზადება სთხოვა. ეს იყო ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის კოდური სახელი.[206] ბრიტანული და ფრანგული დიპლომატიური ზეწოლის შედეგად ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა, ედვარდ ბენეშმა, წარადგინა ჩეხოსლოვაკიის რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ჰენლაინის თითქმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა.[207] ბენეშის წინადადებას ჰენლაინმა და მისმა პარტიამ ჩეხოსლოვაკიურ პოლიციასთან შეტაკებების მოწყობით უპასუხეს, რის გამოც სუდეტის ოლქის ზოგიერთ რაიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.[208][209]
მიუხედავად ყველაფრისა, სამხედრო ოპერაცია მაინც არ დაიწყო. გერმანია დამოკიდებული იყო იმპორტულ ნავთობზე, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კონფლიქტი ბრიტანეთთან ჩეხოსლოვაკიის თაობაზე ნავთობის ექსპორტს შეაჩერებდა. ამის გამო ჰიტლერმა უარი თქვა 1 ოქტომბერს ჩეხოსლოვაკიაში შეჭრაზე.[210] 29 სექტემბერს ჰიტლერი, ჩემბერლენი, დალადიე და მუსოლინი ერთმანეთს მიუნხენში შეხვდნენ, სადაც ხელი მოეწერა მიუნხენის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სუდეტის ოლქი გერმანიის შემადგენლობაში შევიდა.[211][212]
ჩემბერლენი კმაყოფილი იყო მიუნხენის კონფერენციით, მის შედეგს კი „ჩვენი დროის მშვიდობას“ ეძახდა. ამავე დროს, ჰიტლერი უკმაყოფილი იყო 1938 წელს ომის საშუალების ხელიდან გაშვებით.[213][214] თავისი უკმაყოფილება მან 9 ოქტომბრის ზაარბრიუკენის გამოსვლაში გამოხატა.[215] ჰიტლერის აზრით, ბრიტანელების მიერ მიღწეული მშვიდობა, რომელიც, მართალია, გერმანელებისთვის კარგ პირობებზე იყო მიღწეული, მაინც დიპლომატიური დამარცხება იყო, რომელიც მას პირიქით დაეხმარებოდა.[216][217] მიუნხენის გამო ჟურნალ ტაიმის ვერსიით ჰიტლერი 1938 წლის ადამიანი გახდა.[218]
1938-39 წლებში დაუსრულებელმა ეკონომიკურმა კრიზისმა ჰიტლერი აიძულა სამხედრო ხარჯების შემცირება.[219] 1939 წლის 30 იანვრის გამოსვლაში ჰიტლერმა ეკონომიკური შეტევისკენ მოუწოდა, რათა გერმანიაში მდებარე ვალუტის გაცვლის კომპანიებს გადაეხადათ ფული ნედლეულისთვის, მაგალითად, მაღალი კლასის რკინისთვის, რომელიც საჭირო იყო იარაღის საწარმოებლად.[219]
1939 წლის 15 მარტს, სავარაუდოდ, ეკონომიკური კრიზისის გამო და მიუნხენის შეთანხმების დარღვევის მიზნით ვერმახტი ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა.[220] პრაღის სასახლიდან ჰიტლერმა ბოჰემია და მორავია გერმანიის პროტექტორატებად გამოაცხადა.[221]
1939 წლის პირად საუბრებში ჰიტლერი თავის ყველაზე მთავარ და დასამარცხებელ მტრად ბრიტანეთს მოიხსენიებდა და თვლიდა, რომ პოლონეთის ობლიტერაცია მიზნის მისაღწევად აუცილებელი წინასწარი ზომა იყო.[222] პოლონეთის დაპყრობით გერმანიის აღმოსავლეთი ფლანგი დაცული იქნებოდა, თანაც, კიდევ უფრო ბევრი ტერიტორია გაერთიანდებოდა გერმანულ რაიხში.[223] ჰიტლერი ასევე შეურაცხყოფილი დარჩა 31 მარტს გაფორმებული ბრიტანულ-პოლონური შეთანხმებით, რომელშიც ბრიტანეთი პოლონეთს სუვერენიტეტის დაცვის გარანტიას აძლევდა; მან განაცხადა: „მე მათ დემონის სასმელს მოვუხარშავ“.[224] ვილჰელმსჰავენში, ტირპიცის ლინკორის ზღვაში გაშვების დროს, 1939 წლის 1 აპრილს, იგი ბრიტანეთს ადრეული საზღვაო შეთანხმების გაუქმებით დაემუქრა. ჰიტლერის უკმაყოფილებას იწვევდა ბრიტანულ-პოლონური შეთანხმება, რომელშიც ბრიტანეთი გერმანიის მეზობელს სუვერენიტეტის გარანტიას აძლევდა. ჰიტლერი ამას გერმანიისათვის „ალყის შემორტყმად“ განიხილავდა.[224] ჩემბერლენისგან განსხვავებით, ჰიტლერი პოლონეთს ხედავდა როგორც გერმანულ სატელიტს, ან კიდევ, ნეიტრალურ ქვეყანას, რათა თავიდან აეცილებინა შესაძლებელი ბრიტანული ბლოკადა და დაეცვა რაიხის აღმოსავლეთი ფლანგი.[225] ჰიტლერს უფრო სატელიტის იდეა მოსწონდა, თუმცა, მას შემდეგ რაც პოლონურმა ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა, პოლონეთში შეჭრა ჰიტლერმა 1939 წლის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს მიზნად დაისახა.[226] 3 აპრილს ჰიტლერმა სამხედროებს Fall Weiss-ისთვის („ოპერაცია თეთრი“) მომზადება დაავალა, რომლის მიხედვითაც გერმანია პოლონეთში 25 აგვისტოსთვის უნდა შეჭრილიყო.[226] 28 აპრილს, რაიხსტაგში გამოსვლის დროს, მან უარი თქვა როგორც ბრიტანულ-გერმანულ საზღვაო შეთანხმებაზე, ისევე გერმანულ-პოლონურ თავდაუსხმელობის პაქტზე.[227] ისტორიკოსები უილიამ კარი, ჯერარდ ვაინბერგი და კერშოუ ამტკიცებენ, რომ ჰიტლერის სიჩქარის მიზეზი ადრეული სიკვდილის შიში იყო.[228][229][230]
ჰიტლერი შეწუხებული იყო იმით, რომ ომი პოლონეთთან გერმანიას უფრო დიდ მოწინააღმდეგეს — დიდ ბრიტანეთს გაუჩენდა[225][231]. სხვანაირად ფიქრობდა გერმანიის ყოფილი ელჩი ბრიტანეთში რიბენტროპი, რომელმაც დაარწმუნა ჰიტლერი, რომ არც ბრიტანეთი და არც საფრანგეთი პოლონეთის მიმართ ვალდებულებებს არ შეასრულებდა.[232][233] 1939 წლის 22 აგვისტოს ჰიტლერმა პოლონეთის წინააღმდეგ სამხედრო მობილიზაციის ბრძანება გასცა.[234]
ამ გეგმას ასევე ესაჭიროებოდა „ჩუმი“ საბჭოთა მხარდაჭერა.[235] ასე, მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტის მიხედვით გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა პოლონეთი შუაზე „გაიყვეს“.[236] 25 აგვისტოს, მიუხედავად რიბენტროპის პროგნოზისა, ბრიტანეთმა და პოლონეთმა კიდევ ერთი შეთანხმება გააფორმეს და ბრიტანულ-პოლონური ალიანსი შექმნეს. ამავე დროს, ჰიტლერმა მიიღო ცნობა, რომ მუსოლინის არ მოსწონდა გერმანულ-იტალიური მეგობრობის პაქტი, რის გამოც მას თავდასხმის გადადება პირველი სექტემბრისთვის მოუწია.[237] ჰიტლერი ასევე წარუმატებლად ცდილობდა ბრიტანეთი ნეიტრალური გაეხადა, მიზნის მისაღწად მათ თავდაუსხმელობის გარანტიაც კი შესთავაზეს. ამის შემდეგ ჰიტლერმა დაავალა რიბენტროპს „ბოლო წამის“ სამშვიდობო გეგმა, რომელშიც მოქმედებისთვის ძალიან ცოტა დრო იქნებოდა მიცემული. ამის წყალობით ჰიტლერი შეძლებდა გარდაუვალ ომში ბრიტანეთი და პოლონეთის უმოქმედო ხელისუფლება დაედანაშაულებინა.[238][239]
1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია შეიჭრა დასავლეთ პოლონეთში. ამის მიზეზი გახდა პოლონეთის უარი დანციგზე გერმანიის უფლება ეღიარებინა. გარდა ამისა, გერმანიამ ასევე უარი მიიღო ექსტრატერიტორიულ გზაზე პოლონურ კორიდორზე, რომელიც მან ვერსალის შეთანხმების გამო დაკარგა.[240] საპასუხოდ, 3 სექტემბერს, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა გერმანიას ომი გამოუცხადეს. ჰიტლერი ამით გაოცებული დარჩა, შემდეგ კი რიბენტროპს ჰკითხა: „ახლა რა?“.[241] მიუხედავად გამოცხადებისა, საფრანგეთი და ბრიტანეთი შეტევაზე არ გადადიოდნენ. 17 სექტემბერს აღმოსავლეთ პოლონეთში შეიჭრა საბჭოთა კავშირიც.[242]
პოლონეთის დაცემას მოჰყვა ე.წ „უცნაური ომი“, ან კიდევ Sitzkrieg („მჯდარი ომი“). პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთში დანიშნულ ორ ახალ გაულაიტერს, ალბერტ ფორსტერს (რაიხსგაუ დანციგი-დასავლეთ პრუსია) და ართურ გრეისერს (რაიხსგაუ ვარტელანდი) მათი კონტროლირებადი ტერიტორიების სწრაფი გერმანიზაცია დაავალა ყველანაირი კითხვის გარეშე იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს პროცესი.[243] ფორტსტერის ტერიტორიაზე პოლონეთის მოქალაქეებს უბრალოდ უნდა შეევსოთ ფორმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მათ გერმანული სისხლი ჰქონდათ,[244] მეორე მხრივ, გრეისერი თავის ტერიტორიაზე ატარებდა მასშტაბურ რასობრივ „ჩისტკებს“.[243] გრეისერი უკმაყოფილო იყო ფორსტერის პოლიტიკით. მისი აზრით, იგი უფლებას აცლევდა ათასობით პოლონელს რასობრივად გამხდარიყო გერმანელი, რაც აჭუჭყიანებდა გერმანულ რასობრივ სისუფთავეს. ჰიტლერმა უარი თქვა „კონფლიქტში“ ჩარევაზე,[243] თუმცა, გამოსცა ინსტრუქციები, რათა მის ქვეშევრდომებს თვითონ ემექმოდათ.
კიდევ ერთი კონფლიქტი წამოიშვა ჰიმლერსა (რომელსაც მხარს უჭერდა გრეისერი) და გერინგს (მას მხარს უჭერდა ჰანს ფრანკი — ოკუპირებული პოლონეთის გუბერნატორ-გენერალი) შორის. ჰიმლერს სურდა პოლონეთში ეთნიკური „ჩისტკები“ მოეწყო, გერინგი კი თვლიდა, რომ პოლონეთი რაიხის ბეღელი უნდა გამხდარიყო.[245] 1940 წლის 12 თებერვალს კონფლიქტი გერინგ-ფრანკის სასარგებლოდ გადაწყდა, რამაც დაასრულა ეკონომიკურად წაგებიანი მასიური გაძევებები.[245] იმავე წლის 15 მაისს ჰიმლერმა გამოსცა მემორანდუმი — „ზოგიერთი მოსაზრება აღმოსავლეთის მოსახლეობასთან დაკავშირებით“, რომლის მიხედვითაც ევროპაში დარჩენილი ებრაელები აფრიკაში უნდა გაეგზავნათ, ხოლო პოლონეთის დარჩენილი მოსახლეობა უნდა შემცირებულიყო მუშათა კლასამდე.[245] ჰიტლერს მოეწონა ჰიმლერის მემორანდუმი და იგი კარგად და სწორად ჩათვალა.[245] ამის შემდეგ გერინგისა და ფრანკის პოლიტიკის მაგივრად პოლონეთში ჰიმლერისა და გრეისერის პოლიტიკის გატარება დაიწყეს.
პოლონეთის შემდეგ ჰიტლერმა მიზნად ნორვეგია და დანია დაისახა. ამ ქვეყნებში ვერმახტი 1940 წლის აპრილში შეიჭრა. 9 აპრილს ჰიტლერმა გამოაცხადა დიდებული გერმანული რაიხის შექმნაზე, რომელიც, მისი აზრით, უნდა გამხდარიყო ევროპის გერმანული ნაციების გაერთიანებული იმპერია, სადაც ჰოლანდიელები, ფლამანდიელები და სკანდინავები, ანუ „რასობრივად სუფთა“ ადამიანები გერმანული ლიდერობის ქვეშ გაერთიანებოდნენ.[246] 1940 წლის მაისში გერმანიამ შეუტია საფრანგეთს და ამავე დროს დაიპყრო ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და ბელგია. ჰიტლერის წარმატებებმა მუსოლინის 10 ივნისს ომში ჩაბმისკენ უბიძგა. საფრანგეთმა და გერმანიამ სამშვიდობო შეთანხმება 22 ივნისს გააფორმეს.[247] კერშოუ აღნიშნავს, რომ გერმანიაში ჰიტლერის პოპულარობისა და ომის მხარდაჭერის პიკი 6 ივლისისთვის იყო, როდესაც იგი პარიზიდან ბერლინში დაბრუნდა.[248] ასეთი მოულოდნელი და სწრაფი გამარჯვების გამო 1940 წლის ფელდმარშალთა ცერემონიაზე ჰიტლერმა თორმეტ გენერალს ფელდმარშლის წოდება მიანიჭა.[249][250]
ბრიტანეთმა, რომლის ჯარსაც საფრანგეთიდან ევაკუაცია დუნკრიკიდან მოუწია,[251] დომინიონებთან ერთად გააგრძელა გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლა ატლანტიკის ბრძოლაში. ბრიტანეთში ახალი პრემიერის, უინსტონ ჩერჩილის დანიშვნის შემდეგ ჰიტლერმა მშვიდობის მიღწევა სცადა, თუმცა, უარი მიიღო, რის შემდეგაც სამეფო ავიაციის ბაზებსა და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთზე საჰაერო შეტევების ბრძანება გასცა. ამის შემდეგ დაიწყო „ბრძოლა ბრიტანეთისთვის“, რომელშიც ლუფტვაფემ ვერ დაამარცხა ბრიტანეთის სამეფო ავიაცია.[252] ოქტომბრის ბოლოსთვის ჰიტლერმა გააცნობიერა, რომ ბრიტანეთში შეჭრისთვის საჭირო საჰაერო უპირატესობის მიღწევა შეუძლებელი იყო, რის შემდეგაც ბრძანება გასცა ბრიტანული ქალაქები (ლონდონი, ფლიმუთი, კოვენტრი) ღამით დაებომბათ.[253]
1940 წლის 27 სექტემბერს ბერლინში საბურო კურუსუმ (იაპონიის იმპერია), ჰიტლერმა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ციანომ გააფორმეს სამმხრიანი პაქტი,[254] რომელსაც მოგვიანებით შეურთდნენ უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. ასე ჩამოყალიბდა „ღერძის ძალები“, რომელშიც ჰიტლერს საბჭოთა კავშირის ხილვაც სურდა, თუმცა, მოლოტოვთან ნოემბერში ჩატარებული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც ჰიტლერმა საბჭოთა კავშირთან ომისთვის მომზადება დაიწყო.[255]
1941 წლის გაზაფხულში გერმანული ჯარის ნაწილი ჩავიდა ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთსა და ახლო აღმოსავლეთში. იმავე წლის თებერვალში გერმანელები ჩავიდნენ ლიბიაში იტალიელების დასახმარებლად. აპრილში ჰიტლერი შეიჭრა იუგოსლავიაში, მას კი მალევე მოჰყვა შეჭრა საბერძნეთში.[256] მაისში გერმანული ძალები გააგზავნეს ახლო აღმოსავლეთში (ბრიტანეთთან მებრძოლი ერაყელი სეპარატისტების დასახმარებლად) და კუნძულ კრეტაზე.[257]
1941 წლის 22 ივნისს 4-5 მილიონმა ჯარისკაცმა გადაკვეთა საბჭოთა საზღვარი.[258] დაიწყო სსრკ-გერმანიის ომი (საბჭოთა წყაროებში — დიდი სამამულო ომი). ამ შეტევის მიზანი (ოპერაცია „ბარბაროსა“) საბჭოთა კავშირის საბოლოო განადგურება და მისი ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება იყო.[259][260] ომის პირველ თვეებში გერმანელებმა უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს: ნაცისტთა ხელებში გადავიდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, ბელარუსი და უკრაინის დასავლეთი ნაწილი. მთლიანობაში მათ გაიარეს 500 კილომენტრი და სმოლენსკის ბრძოლაშიც გაიმარჯვეს. ამავე დროს, ჯარის ჯგუფ ცენტრს ჰიტლერმა მოსკოვზე შეტევის შეჩერება უბრძანა.[261] მოსკოვამდე მას ლენინგრადის სრულ ბლოკადაში მოქცევა და კიევის აღება სურდა. მის ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგნენ გენერლები, რომლებსაც მოსკოვამდე მხოლოდ 400 კილომეტრი აშორებდათ. მისმა გადაწყვეტილებამ ასევე გამოიწვია ერთგვარი კრიზისი სამხედრო ელიტაში.[262][263] ამ პაუზამ წითელ არმიას ახალი რეზერვების მობილიზაციის საშუალება მისცა; ისტორიკოსი რასელ სტოლფი თვლის, რომ ეს იყო მოსკოვის ბრძოლის (რომელიც ოქტომბერში გაგრძელდა და დეკემბერში წარუმატებლად დასრულდა) წაგების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი.[261]
იმავე წლის 7 დეკემბერს იაპონია თავს დაესხა შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ბაზას პერლ-ჰარბორში. ოთხი დღის შემდეგ ჰიტლერმა შტატებს ომი გამოუცხადა.[264]
1941 წლის 18 დეკემბერს ჰიმლერმა ჰკითხა ჰიტლერს: „რა ვუყოთ რუს ებრაელებს?“. ჰიტლერმა უპასუხა: „als Partisanen auszurotten“ (გაანადგურეთ, როგორც პარტიზანები).[265] ებრაელი ისტორიკოსი, იეჰუდა ბაუერი თვლის, რომ ისტორიკოსები, სავარაუდოდ, ვერასდროს იპოვიან ჰოლოკოსტის დროს ჰიტლერის მიერ გენოციდის ბრძანების პირდაპირ გადაწყვეტილებას.[266]
1942 წლის ბოლოს გერმანული ჯარი დამარცხდა ელ-ალამეინის მეორე ბრძოლაში,[267] რამაც ჩაშალა ახლო აღმოსავლეთისა და სუეცის არხის დაპყრობის გეგმა. 1940 წლის წარმატებებით აღფრთოვანებულმა და თავის სამხედრო სტრატეგიაში დარწმუნებულმა ჰიტლერმა გენერლების საქმეებში ჩარევა დაიწყო, რამაც დიდი დანაკარგები გამოიწვია.[268] ასე, 1942 წლის დეკემბერსა და 1943 წლის დეკემბერში ჰიტლერმა უარი თქვა სტალინგრადიდან მე-6 არმიის ევაკუაციაზე, რის გამოც 200 000 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო კიდევ 235 000 (ფელდმარშალ პაულიუსთან ერთად) ტყვედ ჩავარდა.[269] სტალინგრადს მოჰყვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დამარცხება კურსკში. ამასთან ერთად ჰიტლერის სამხედრო ტრიბუნალი სულ უფრო და უფრო ერეტიკული ხდებოდა, ხოლო ჰიტლერის ჯანმრთელობის მსგავსად, გერმანული ჯარი და ეკონომიკა სულ უფრო უარესდებოდა.[270]
1943 წელს გერმანიამ ასევე დაკარგა იტალია. მოკავშირეთა მიერ სიცილიის დაპყრობის შემდეგ ვიქტორ ემანუელ მესამემ დიდი საბჭოს მიერ მუსოლინისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ ეს უკანასკნელი გადააყენა. მარშალი პეტრო ბადოგლიო, რომელმაც მუსოლინი შეცვალა, მალევე დანებდა მოკავშირეებს.[271] ასევე, 1943-44 წლებში გერმანიამ დიდი მარცხები განიცადა აღმოსავლეთ ფრონტზე, ხოლო ყველაფრის პიკი გახდა 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეების დესანტის საფრანგეთის ჩრდილოეთში გამოჩენა.[272] ამის შემდეგ გერმანელმა ოფიცრებმა გააცნობიერეს, რომ დამარცხება გარდაუვალი იყო და რომ ჰიტლერის ხელისუფლებაში დარჩენა გერმანიის საბოლოო განადგურებას გამოიწვევდა.[273]
1939-1945 წლებში ჰიტლერის მკვლელობის ბევრი მცდელობა იყო, რომელთა გარკვეული ნაწილი ასე თუ ისე, წარმატებულიც იყო.[274] ჰიტლერზე ყველაზე ცნობილი თავდასხმა გერმანიაში განახორციელეს, ხოლო მისი მიზეზი გერმანიის ომში დამარცხების საკმაოდ მაღალი შანსი იყო.[275] ყველაზე ცნობილი არის 1944 წლის 20 ივლისის შეთქმულება, რომლის დროსაც კლაუს ფონ შტაუფენბერგმა რასტენბურგში მდებარე შტაბში ბომბი ჩადო. ჰიტლერი სიკვდილს ოფიცერმა ჰანს ბრანდტმა გადაარჩინა, რომელმაც ბომბიანი ჩემოდიანი დიდი და მძიმე მაგიდის ფეხის უკან დადო. აფეთქების დიდი ნაწილი თავის თავზე მაგიდამ „აიღო“. გადარჩენილმა ჰიტლერმა მოაწყო რეპრესიები, რომლებსაც დაახლოებით 4 900 ადამიანი ემსხვერპლა.[276]
1944 წლის ბოლოსთვის აღმოსავლეთიდან გერმანიისკენ მიდიოდა წითელი არმია, დასავლეთიდან კი მოკავშირეები. ჰიტლერი თვლიდა, რომ წითელი არმია მოკავშირეებზე ძლიერი იყო, რის გამოც დარჩენილი რეზერვების კონცენტრირება დასავლეთ ფრონტზე მოახდინა.[277] 16 დეკემბერს გერმანელებმა დაიწყეს არდენის ოპერცია მოკავშირეთა რიგებში არეულობის დასანერგად და მათი შესაძლო გადმობირებისთვის საბჭოთა კავშირთან ერთად ბრძოლისთვის.[278] დროებითი წარმატებების შემდეგ ოპერაცია ჩავარდა.[279] 1945 წლის იანვარში, როდესაც გერმანიის დიდი ნაწილი ნანგრევებში იყო, ჰიტლერი რადიოთი გამოვიდა და განაცხადა: „რაც არ უნდა სერიოზული იყოს კრიზისი, ის, მიუხედავად ყველაფრისა, გადალახული იქნება ჩვენი გაუტეხელი სურვილით“.[280] ფრანკლინ დელანო რუზველტის გარდაცვალების შემდეგ ჰიტლერს ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებთან მშვიდობის დამყარების, ან კიდევ, მათ შორის განხეთქილების ჩამოგდების იმედი გაუჩნდა. მიუხედავად მოლოდინისა, მისი ცდები წარმატებით არ დასრულდა.[278][281] ჰიტლერმა ასევე გადაწყვიტა გერმანიაში ყველანაირი ინფრასტრუქტურის განადგურება, სანამ ისინი მოკავშირეთა ხელებში ჩავარდებოდნენ, რადგან თვლიდა, რომ გერმანულმა ერმა დაკარგა გადარჩენის უფლება.[282] ამ მიზნის შესრულება ჰიტლერმა ალბერტ შპეერს დაავალა, რომელმაც ეს ბრძანება არ შეასრულა.[282][283]
თავის 56-ე დაბადების დღეზე, 20 აპრილს, ჰიტლერმა ბოლოჯერ დატოვა მიწისქვეშა „ფიურერბუნკერი“ (გერმ. Führerbunker). რაიხსკანცელარიის დანგრეულ ბაღში მან დააჯილდოვა წითელ არმიასთან მებრძოლი ჰიტლერიუგენდელები.[284] მეორე დღეს, 21 აპრილისთვის, გიორგი ჟუკოვის პირველმა ბელორუსულმა ფრონტმა გაარღვია გენერალ ჰაინრიკის დაცვის ხაზი და ბერლინის მისადგომებთან მივიდა.[285] რთულ სიტუაციაში ჰიტლერი Waffen SS-ის გენერლის, ფელიქს შტაინერის იმედად დარჩა, რომელსაც შეტევა ჩრდილოეთ ფლანგიდან უნდა დაეწყო.[286]
22 აპრილის სამხედრო კონფერენციაზე ჰიტლერმა შტაინერის შეტევაზე იკითხა. მას შეატყობინეს, რომ შეტევა არ დაწყებულა და ბერლინში წითელი არმია შევიდა. ფიურერის ბრძანებით, ვილჰელმ კეიტელის, ალფრედ იოდლის, ჰანს ქრებსისა და ვილჰელმ ბურგდორფის გარდა ოთახი ყველამ დატოვა.[287] დარჩენილებს ჰიტლერი მისი გენერლების ორგულობასა და არაკომპეტენტურობაზე ესაუბრა, რის შემდეგაც პირველად განაცხადა, რომ „ყველაფერი დაკარგული იყო“.[258] მან ასევე თქვა, რომ ყველაფრის დასრულებამდე იგი ბერლინში დარჩებოდა, ხოლო შემდეგ კი თავს მოიკლავდა.[288]
23 აპრილისთვის წითელმა არმიამ ალყა შემოარტყა ბერლინს,[289] გებელსმა კი გამოსცა ბრძანება, რომლითაც მოქალაქეებს ქალაქის დაცვა „დააძალა“.[287] იმავე დღეს, ბერშტესგადენიდან გერიგნმა გააგზავნა ტელეგრამა, რომელშიც წერდა, რომ ჰიტლერის იზოლაციის გამო იგი იძულებული იყო ხელისუფლება გადაებარებინა. მან ასევე დაასახელა ბოლო თარიღი, რომლის შემდეგაც ჰიტლერს უმოქმედოდ ჩათვლიდა.[290] ჰიტლერმა ამას გერინგის დაპატიმრების ბრძანებით უპასუხა, ხოლო 29 აპრილს დაწერილ პოლიტიკურ ანდერძში მან გერინგს ყველა თანამდებობა ჩამოართვა.[291][292] 28 აპრილს ჰიტლერმა აღმოაჩინა, რომ ჰაინრიხ ჰიმლერი, რომელმაც ბერლინი 20 აპრილს დატოვა, მოკავშირეებთან მოლაპარაკებას ცდილობდა.[293][294] საპასუხოდ მან მისი დაპატიმრების ორდერიც გასცა, ხოლო ფიურერბუნკერში ჰიმლერის წარმომადგენელი ჰერმან ფეგელეინი დახვრიტა.[295]
29 აპრილს, ფიურერბუნკერში გამართულ სამოქალაქო ცერემონიაზე ჰიტლერი დაქორწინდა ევა ბრაუნზე. საქორწინო საუზმის შემდეგ ფიურერმა მდივანს თავისი პოლიტიკური ანდერძი უკარნახა.[296] დოკუმენტებს ხელი მოაწერეს და ღონისძიებას დაესწრნენ ქრებსი, გებელსი, ბურგდორფი და ბორმანი.[297] იმავი დღის შუადღისას ჰიტლერს აცნობეს მუსოლინის სასტიკ სიკვდილზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მასში ტყვეობის თავიდან აცილების სურვილი.[297]
1945 წლის 30 აპრილს, როდესაც საბჭოთა ჯარი უკვე რაიხსკანცელარიის მისადგომებთან იყო, ჰიტლერმა თავი დაიხვრიტა, ევა ბრაუნმა კი ციანიდის კაფსულა მიიღო.[298][299] მათი გვამები რაიხსკანცელარიის დაბომბილ ბაღში აიტანეს, სადაც ბომბის მიერ დატოვებულ კრატერში საწვავით დაწვეს.[300] გვამების დაწვა საბჭოთა სროლის ფონზე ხდებოდა.[301][302] გერმანიის ფიურერი გრანდ ადმირალი, კარლ დენიცი, კანცლერი კი იოზეფ გებელსი გახდა.[303]
ბერლინი 2 მაისს საბოლოოდ დაეცა. საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ მოპოვებული საარქივო მატერიალების მიხედვით, ჰიტლერის, ბრაუნის, გებელსთა მთელი ოჯახის, ქრებსის და ჰიტლერის ძაღლის გვამები არაერთხელ გადამარხეს სხვადასხვა ადგილებში, ასევე ადგილი ჰქონდა გვამების ექსჰუმაციას.[304] 1970 წლის 4 აპრილს საბჭოთა კგბ-მ გამოიყენა დამარხვის დეტალური დიაგრამები კიდევ ერთი ექსჰუმაციის ჩატარებისთვის, რომლის შემდეგაც გვამები დაწვეს, მტვერი კი ბედერიცის მდინარის თავზე გაფანტეს.[305] ქერშოუს მიხედვით, ჰიტლერისა და ბრაუნის გვამები წითელი არმიის მიერ პოვნის დროს თითქმის სრულიად დამწვარი იყო და ჰიტლერის ამოსაცნობად მხოლოდ ნაპოვნი გვამის ქვედა ყბა იყო გამოსადეგი.[306]
თუ საერთაშორისო ებრაელი ფინანსისტები წარმატებას მიაღწევენ მსოფლიო ერების კიდევ ერთ მსოფლიო ომში ჩათრევაში, ამის შედეგი მსოფლიოს ბოლშევიზაცია და ებრაული გამარჯვება არ გახდება, პირიქით, ეს ევროპაში ებრაული რასის განადგურებას გამოიწვევს![307]
— ჰიტლერი მიმართავს რაიხსტაგს, 30 იანვარი, 1939
ჰოლოკოსტი და გერმანიის აღმოსავლური კამპანია გამოწვეული იყო ჰიტლერის შეხედულებით, რომლის თანახმადაც ებრაელები გერმანელი ხალხის მტრები იყვნენ და გერმანული ექსპანსიისთვის საჭირო იყო „სასიცოცხლო სივრცე“. ჰიტლერის თავდაპირველი მიზანი იყო აღმოსავლეთი ევროპა, სადაც მას უნდა დაემარცხებინა პოლონეთი და საბჭოთა კავშირი, დაკავებულ ტერიოტრიებზე მცხოვრები ებრაელები და სლავები კი ან უნდა გადაესახლათ, ან მოეკლათ.[308] გენერალური გეგმა აღმოსავლეთის (Generalplan Ost) მიხედვით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა უნდა გამოეყენებინათ როგორც მონური ძალა და გადაესახლებინათ დასავლეთ ციმბირში, ან კიდევ, მოეკლათ. თვითონ ოკუპირებული ტერიტორიების კოლონიზაცია ან გერმანელებს, ან კიდევ „გერმანიზებულ“ მოსახლეებს უნდა მოეხდინათ.[309] ჰიტლერის მიზანი იყო გეგმა საბჭოთა კავშირის დაპყრობის შემდეგ შეესრულებინა, თუმცა, ბლიცკრიგის ჩაშლის შემდეგ, მან გეგმის აღსრულების თარიღი გადაწია.[309][309] 1942 წლის იანვრისთვის მან გადაწყვიტა, რომ არასასურველი ებრაელები, სლავები და სხვა დეპორტირებული ერები უნდა გაენადგურებინათ.[310]
გენოციდის „დამკვეთი“ გახდა ჰიტლერი, ხოლო მისი ორგანიზება და შესრულება ჰიმლერმა და ჰაიდრიხმა შეასრულეს. 1942 წლის 20 იანვარს ჩატარებული ვანზეს კონფერენცია, რომელშიც ნაცისტური ელიტის 50 წევრი იღებდა მონაწილეობას, არის ჰოლოკოსტის სისტემატიური დაგეგმვის აშკარა მტკიცებულება. იმავე წლის 22 თებერვალს ჰიტლერმა განაცხადა: „ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ჯანმრთელობა ებრაელების განადგურებით“.[311] მართალია, მკვლელობების პირდაპირი ბრძანება ან უფლება ჰიტლერს არავისთვის მიუცია,[312] თუმცა, მის სახალხო გამოსვლებზე, გენერლებისთვის მიცემულ ბრძანებებზე და ნაცისტი ჩინოვნიკების დღიურებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ჰიტლერმა ჯერ ჩაიფიქრა, ხოლო შემდეგ ევროპელი ებრაელების განადგურების ბრძანებაც გასცა.[313][314] ჰიტლერმა ასევე არ შეუშალა ხელი Einsatzgruppen-ის დამსჯელ რაზმებს (ისინი გერმანულ ჯართან ერთად საბჭოთა კავშირში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში იმყოფებოდნენ)[315], რომელთა მოქმედებებზეც კარგად იცოდა.[313][316] 1942 წლის ზაფხულისთვის ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი უფრო მეტი ადამიანის მოკვლის მიზნით ზომებში გაფართოვდა,[317] ახალი ბანაკები შეიქმნა ევროპაში.[318]
1939-1945 წლებში შუცშტაფელი, რომელსაც ეხმარებოდნენ კოლობრაციონისტული ხელისუფლებები და მოხალისეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, პასუხისმგებელია ყველაზე ნაკლები, თერთმეტი მილიონი ადამიანის სიკვდილზე,[309][319] მათ შორის, 5,5 მილიონ ებრაელზე (ევროპის ებრაული მოსახლეობის ორი მესამედი).[320][321] ძირითადად ადამიანები იღუპებოდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში, გეტოებსა და ასევე დამსჯელი ოპერაციების ფარგლებში. გენოციდის ბევრი მსხვერპლი მოიწამლა გაზით, ზოგი გარდაიცვალა შიმშილით, სხვები კი მონურ მუშაობას შეეწირნენ.[322] ნაცისტები ასევე აპირებდნენ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის 30 მილიონი ადამიანით შემცირებას „შიმშილის გეგმის“ ფარგლებში. ქალაქები უნდა დანგრეულიყო, რის შემდეგადაც მიწას საშუალება ექნებოდა ნელ-ნელა ტყედ გადაქცეულიყო, ან კიდევ, იქ გერმანელი კოლონისტები უნდა დასახლებულიყვნენ.[323] ასევე, „შიმშილის გეგმისა“ და „აღმოსავლეთის გენერალური გეგმის“ მიხედვით, საბჭოთა კავშირში 80 მილიონამდე ადამიანი შიმშილით უნდა მომკვდარიყო.[324] ჰიტლერის გეგმა ნაწილობრივ შესრულდა, რამაც 19,3 მილიონი ტყვისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია.[325]
ჰიტლერის პოლიტიკას შეეწირნენ პოლონელები,[326] წითელარმიელი ტყვეები,[327] კომუნისტები და სხვა პოლიტიკური ოპონენტები, ჰომოსექსუალისტები, ფსიქიკურად და სულიერად დაავადებული ადამიანები,[328][328] იეჰოვას მოწმეები, ადვენტისტები და პროფკავშირელები. სახალხოდ ფიურერს არასადროს ულაპარაკია მკვლელობებზე, და, სავარაუდოდ, არასდროს ყოფილა არც ბანაკებში.[329]
ნაცისტებს ასევე გააჩნდათ „რასობრივი სისუფთავის“ კონცეფცია. 1935 წლის 15 სექტემბერს ჰიტლერმა „ნიურნბერგის კანონის“ სახელით ცნობილი კანონები რაიხსტაგს წარუდგინა, რომლის მიხედვითაც არიელებს ეკრძალებოდათ სექსუალური კონტაქტი და ქორწინება ებრაელებთან (მომავალში მათ დაემატნენ ბოშები, შავკანიანები და მათი „ნაბიჭვრები“).[330] ჰიტლერის ადრეული ევგენიკური პოლიტიკა თავიდან ეხებოდა მხოლოდ ფიზიკურად და გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებს, თუმცა, მოგვიანებით მან დაამტკიცა ევთანაზური პროგრამა დაავადებული მოზრდილებისთვისაც.[331]
ნაცისტურ პარტიას ჰიტლერი ლიდერის პრინციპის მიხედვით მართავდა (Führerprinzip). პრინციპის თანახმად, პარტიის ყველა წევრს ყველანაირი კითხვის გარეშე უნდა შეესრულებინა თავისი უფროსის ბრძანებები. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო სტრუქტურას ჰიტლერი ხედავდა როგორც პირამიდას, რომლის სათავეშიც თვითონ იდგა. პარტიული თანამდებობის მიღება არჩევნების გზით არ ხდებოდა — კარიერულ წინსვლაზე პასუხისმგებელნი იყვნენ მაღალი ეშელონები, რომლებსაც ხელქვეითებისგან სრული მორჩილება სჭირდებოდათ.[332] თავის ხელქვეითებს ჰიტლერი წინააღმდეგობრივ დავალებებს აძლევდა და აყენებდა პოზიციაში, სადაც მათი მოვალეობა და პასუხისმგებლობა სხვებთან იყო შერეული. მეთოდი გუნდში უნდობლობას, კონკურენციასა და ბრძოლას აქეზებდა, რაც ხელს უწყობდა ჰიტლერის ძალაუფლების განმტკიცებას.[333] ასე, 1938 წლის შემდეგ მისი მინისტრთა კაბინეტი ერთმანეთს აღარასდროს შეხვედრია, რადგან მინისტრებს შეხვედრას ჰიტლერი გადაათქმევინებდა ხოლმე.[334][335] თავის ბრძანებებს ჰიტლერი ფურცელზე არასდროს წერდა; წერას ჰიტლერი ზეპირად კარნახს ამჯობინებდა, თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც მის ბრძანებებს მარტინ ბორმანი გადასცემდა ხოლმე.[336] ჰიტლერი ბორმანს ენდობოდა, რის გამოც თავის დოკუმენტებთან, შეხვედრებთან და პერსონალურ ფინანსებთან მუშაობა დაავალა. ბორმანი თავისი მდგომარეობის წყალობით ჰიტლერთან მისულ ინფორმაციულ ნაკადს აკონტროლებდა.[337]
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ჰიტლერი თავის ქვეყანას ყველა სხვა ლიდერთან შედარებით ყველაზე დიდხანს მართავდა. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის რანგში იგი იღებდა თითქმის ყველა გადაწყვეტილებას გერმანიის სამხედრო სტრატეგიასთან დაკავშირებით, მათ შორის იყო 1940 წლის სარისკო თავდასხმები საფრანგეთზე, ნორვეგიასა და სხვებზე, რომლებიც, მიუხედავად გენერლების ცუდი პროგნოზისა, წარმატებულად დასრულდა. არ გაუმართლა ჰიტლერს დიპლომატიაში, რომლის გზითაც მას დიდი ბრიტანეთის ომიდან „გამოთიშვა“ სურდა.[338] ჰილტერმა კიდევ უფრო გააღრმავა თავისი ომში მონაწილეობა მოსკოვისთვის ბრძოლაში დამარცხების (1941 წლის დეკემბერი) შემდეგ და თავი ჯარის მთავარსარდლადაც დანიშნა. ამის შემდეგ ჰიტლერი პირადად უძღვებოდა ომს სსრკ-ს წინააღმდეგ, თუმცა, ნაკლებ ყურადღებას აქცევდა დასავლეთის ფრონტს, რის გამოც იქ მებრძოლ გენერლებს რაღაც დოზით ავტონომია ჰქონდათ შენარჩუნებული.[339] მალევე, ჰიტლერი სულ უფრო და უფრო დაშორდა რეალობას. ომის გერმანიის წინააღმდეგ შებრუნების შემდეგ დაცვით პოზიციაში ჰიტლერი ხშირად აგვიანებდა გადაწყვეტილებების მიღებას, ან კიდევ, მაინც ცდილობდა შეუნარჩუნებელი პოზიციების შენარჩუნებას. მიუხედავ წარუმატებლობისა, ჰიტლერი ფიქრობდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო გერმანიისთვის გამარჯვების მოპოვება.[338] ომის ბოლო თვეებში ჰიტლერმა უარი განაცხადა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რადგანაც კაპიტულაციას გერმანიის სრული განადგურება ერჩივნა.[340] გენერლებმა და სამხედრო ელიტამ მას მხარი დაუჭირა და წინააღმდეგობა არ გაუწია.[341]
ჰიტლერის თვითმკვლელობა მისმა თანამედროვეებმა სიტყვის „გატეხვად“ მიიჩნიეს.[342][343] თვითმკვლელობის შემდეგ მისი მხარდაჭერა დაეცა, მის სიკვდილს კი მხოლოდ გერმანელთა მცირე ნაწილი გლოვობდა; ქერშოუს მტკიცებით, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ისევე სამხედრო პირები, ომის შემდეგი ცხოვრებისთვის ემზადებოდნენ ან უბრალოდ იმალებოდნენ და ფიურერის სიკვდილი დიდად არ აღელვებდათ.[344] ისტორიკოს ჯონ თოლანდის მიხედვით, ნაციონალ-სოციალიზმი ლიდერის გარეშე „ბუშტივით გასკდა“.[345]
ქერშოუს მიხედვით, ჰიტლერის მოქმედებები და ნაცისტური იდეოლოგია თითქმის ყველგან ამორალურად არის მიჩნეული:[346] „ისტორიაში არასდროს ასეთი მორალური და ფსიქიკური განადგურება არ ყოფილა დაკავშირებული ერთი ადამიანის სახელთან“.[347] ჰიტლერის პოლიტიკური პროგრამის შედეგი გახდა კიდევ ერთი მსოფლიო ომი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განადგურება და გაღარიბება, ხოლო თვითონ გერმანია მთლიანად განადგურდა,[348] ამას კი დაემატა უდიდესი ადამიანური მსხვერპლი. რ. რამელზე დაყრდნობით, ნაცისტებს შეეწირა 19,3 მილიონი ტყვე და მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო ომის მარტო ევროპულ ფრონტზე გარდაიცვალა 29 მილიონი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობა უპრენცენდენტოა ომების ისტორიაში.[349] ბევრი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი ხშირად აღწერს ნაცისტურ ხელისუფლებას როგორც „ბოროტს“.[350] ბევრ ევროპულ ქვეყანაში კი ჰოლოკოსტისა და ნაცისტთა მოქმედებების უარყოფა კანონით ისჯება.[351]
ისტორიკოსი ფრიდრიხ მაინეკე აღწერს ჰიტლერს როგორც „განსაკუთრებული და შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე ადამიანის მაგალითს“.[352] ინგლისელი ისტორიკოსი ჰიუ ტრევორ-როპერი ჰიტლერს უწოდებს „საშინელ ისტორიულ გამაადვილებლებს შორის“ ყველაზე სისტემატიურს, ყველაზე ისტორიულს, ყველაზე ფილოსოფიურსა და ამავე დროს, ყველაზე უხეშსა და ყველაზე ნაკლებად დისულოვანს დამპყრობელთა შორის.[353] ისტორიკოს ჯონ რობერტსის აზრით, ჰიტლერის დამარცხებამ გამოიწვია ევროპულ ისტორიაში გერმანიის მიერ დომინირებადი ევროპის ფაზის დასრულება.[354] ეს ფაზა შეცვალა ცივმა ომმა — გლობალურმა დაპირისპირებამ ორ კოალიციას შორის.[355] ისტორიკოსი სებასტიან ჰაფნერი თვლის, რომ ჰიტლერისა და ებრაელების მასიური გადასახლების გარეშე დღევანდელი ისრაელის სახელმწიფო არ იარსებებდა. იგი ასევე ფიქრობს, რომ ჰიტლერის გარეშე ყოფილ ევროპულ კოლონიებზე მათი ძველი მმართველების გავლენა უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა.[356] ჰაფნერი ასევე თვლის, რომ ჰიტლერს, მისნაირი ისტორიული პიროვნებებისგან განსხვავებით, უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, რადგან იგი, შედარებით მოკლე დროში ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილების მიზეზი გახდა.[357]
ჰიტლერის დედა იყო კათოლიკე, მამა კი ემხრობოდა ანტიკლერიკალიზმის იდეებს; სახლის დატოვების შემდეგ ჰიტლერი არასდროს დასწრებია მესას.[358][359][360] შპეერი აღნიშნავს, რომ ჰიტლერს მწვავე განცხადებები ეკლესიის მიმართ მხოლოდ პოლიტიკურ მოკავშირეებთან გაუკეთებია.[361] იგი ასევე ამატებს, რომ ჰიტლერის აზრით ეკლესიის გაქრობა გამოიწვევდა მისტიციზმის დაბრუნებას, ამას კი ჰიტლერი უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევდა.[361] შპეერზე დაყრდნობით, ჰიტლერი თვლიდა, რომ იაპონური რელიგიები ან ისლამი გერმანელებისთვის ქრისტიანობის შემცვლელი რელიგია შეიძლებოდა გამხდარიყო.[362]
ისტორიკოსი ჯონ ქონვეი ამტკიცებს, რომ ჰიტლერი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ ეკლესიებს.[363] ბალოქის მიხედვით, ჰიტლერს არ სჯეროდა ღმერთის არსებობა, მამის მსგავსად ანტიკლერიკალი იყო და სძულდა ქრისტიანული ეთიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის „უძლიერესის გადარჩენის“ კონცეფციას.[364] მიუხედავად ამისა, მას მოსწონდა პროტესტანიზმის ზოგიერთი ასპექტი (რომელიც ეთანხმებოდა მის შეხედულებებს), ხოლო კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთ ელემენტს (ლიტურგია, იერარქიული ორგანიზაცია და ფრაზეოლოგია) თავის გამოსვლებშიც კი იყენებდა.[365]
ეკლესიას ჰიტლერი განიხილავდა როგორც საზოგადეობაზე გავლენის მქონე პოლიტიკურად მნიშვნელოვან ორგანიზაციას,[366] ხოლო მასთან კარგი ურთიერთობა მის პოლიტიკურ მიზნებს ემთხვეოდა.[363] პუბლიკაში ჰიტლერი ხშირად აქებდა ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და გერმანულ ქრისტიანობას, თუმცა, თვითონ სჯეროდა „არიელი იესოსი“, რომელიც ებრაელების წინააღმდეგ იბრძოდა.[367] მის პრო-ქრისტიანულ რიტორიკას ეწინააღმდეგებოდა პირად საუბრებში გამოთქმული აზრი, რომლის მიხედვითაც ქრისტიანობა ტყუილებზე დაფუძნებული[368] აბსურდული სისულელე იყო.[369]
შეერთებული შტატების სტრატეგიული სამსახურის ანგარიშის თანახმად, „The Nazi Master Plan“-ის ფარგლებში ჰიტლერი რაიხში ქრისტიანული ეკლესიის გავლენის გაქრობას,[370][371] მომავალში კი ქრისტიანობის საბოლო განადგურებას აპირებდა,[372] თუმცა, საზოგადოებაში ამაზე ლაპარაკს არამიზანშეწონილად მიიჩნევდა.[373] ბალოქის მიხედვით, ჰიტლერს გეგმის განხორციელება ომის შემდეგ უნდოდა.[374]
შპეერი წერდა, რომ ფიურერს არ მოსწონდა ჰიმლერისა და როზენბერგის მისტიკური შეხედულებები და ჰიმლერის მიერ შუცშტაფელში მისტიკური ელემენტების შეტანის მცდელობა. ჰიტლერი, ჰიმლერისგან განსხვავებით, უფრო პრაგმატული იყო, ხოლო მისი ამბიციები ფოკუსირებული იყო უფრო პრაქტიკულ პრობლემებზე.[375][376]
სხვადასხვა მკვლევარის აზრით, ჰიტლერს აწუხებდა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, კანის დაზიანებები, არარეგულარული გულისცემა, პარკინსონის დაავადება,[270][377] კორონარული სკლეროზი,[378] სიფილისი[377], საფეთქლის არტერიტი[379] და ტინიტუსი.[380] სტრატეგიული სერვისისთვის მომზადებულ ანგარიშში უოლტერ ჩარლზ ლანგერი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან მოიხსენიებს ჰიტლერს როგორც „ნევროტიკულ პსიქოპატს“.[381] თავის 1977 წლის წიგნში ისტორიკოსი რობერტ ვეიტი წერს, რომ ჰიტლერს აწუხებდა პიროვნული აშლილობა.[382] ისტორიკოსები ჰენრიკ ებერლე და ჰანს-იოახიმ ნეუმანი თვლიან, რომ ჰიტლერი, მიუხედავად თავისი დაავადებებისა, მაინც აცნობიერებდა თავის გადაწყვეტილებებს და კარგად ესმოდა, თუ რას აკეთებდა.[383][384] ჰიტლერის ჯანმრთელობის შესახებ ბევრი თეორია არსებობს, მათი დამტკიცება კი რთულია, ხოლო მათზე „ზედმეტი წონის“ დადებამ შეიძლება მესამე რაიხში მომხდარი ამბების და მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზი ერთი ადამიანის ფსიქიკური დარღვევები გახადოს.[385] ქერშოუ ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება თვალი გადავავლოთ გერმანიის ისტორიას და გამოვიკვლიოთ, თუ რის გამო დამყარდა ქვეყანაში ნაცისტური დიქტატურა და არ ვეძებოთ მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის ახსნა ერთი ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტში.[386]
ჰიტლერი ვეგეტერიანულ დიეტას იცავდა,[387] ხოლო საზოგადოებრივ ღონისძიებებზე სტუმრებს იგი მოკლული ცხოველების გრაფიკს აჩვენებდა, რათა ამ უკანასკნელებს ხორცის ჭამის სურვილი გაქრობოდათ.[388] ომის დროს ჰიტლერის ახალი ხილითა და ბოსტნეულით მომარაგების მიზნით მარტინ ბორმანს ბერშტესგადენთან ორანჟერეაც კი ჰქონდა აგებული.[389] საზოგადოებაში ჰიტლერი არ იღებდა ალკოჰოლს, თუმცა, პირადი შეხვედრების დროს იგი ღვინოს ან ლუდს მაინც სვამდა, მაგრამ, 1943 წელს, წონაში მომატების გამო, ამასაც თავი დაანება.[390] ზრდასრული ცხოვრების დროს ჰიტლერი არ ეწეოდა, თუმცა, ახალგაზრდობაში იგი დღეში 25-40 ღერს ეწეოდა. მოწევას მან თავი დაანება, რადგანაც ეს ჩვევა „ფულის გადაყრად“ მიაჩნდა.[391] თავის უახლოეს თანაპარტიელებს ჰიტლერმა შეთანხმება შესთავაზა: ის, ვინც მოწევას თავს დაანებებდა, საჩუქრად ოქროს საათს მიიღებდა.[392] 1937 წლიდან ჰიტლერმა ამფეტამინის მიღება დაიწყო, 1942 წელს კი მასზე დამოკიდებული გახდა.[393] შპეერმა ეს მის ცვალებად ქცევასა და მის მიერ ურყევი გადაწყვეტილებების მიღებას (მაგალითად, ჯარებისათვის უკანდახევის ნების იშვიათად მიცემა) დაუკავშირა.[394]
ომის დროს ჰიტლერს ექიმებმა დაახლოებით 90 წამალი გამოუწერეს, დღეში იგი საკმაოდ ბევრ ტაბლეტს იღებდა კუჭისა და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად.[395] იგი ხშირად იღებდა მეტამფეტამინს, ბარბიტურატებს, ოპიატებსა და კოკაინს.[396][397] 20 ივლისის შეთქმულების შედეგად ჰიტლერის დაფის აპკი გაიგლიჯა, ხოლო ექიმებმა მისი ფეხიდან ხის 200 ნამსხვრევი ამოიღეს.[398] ჰიტლერს ასევე უკანკალებდა მარცხენა ხელი, სიარულის დროს კი იგი იჩეხებოდა. პრობლემები მას ჯერ კიდევ ომამდე დაეწყო და სულ უფრო და უფრო უარესდებოდა.[398] ერნსტ-გიუნტერ შენკი და სხვა ექიმები, რომლებმაც ჰიტლერი მისი სიცოცხლის ბოლო დღეებში ნახეს ადასტურებენ, რომ იგი პარკინსონით იყო დაავადებული.[399]
ხალხში ჰიტლერს ჰქონდა დაუქორწინებელი და პირადი ცხოვრების არმქონე ადამიანის იმიჯი, რომელიც მთლიანად პოლიტიკასა და საქმეზე იყო გადართული.[400][401] მიუხედავად ამისა, 1931 წლის სექტემბერში, ჰიტლერის მიუნხენის ბინაში, მისმა დისშვილმა გელი რაუბალმა ჰიტლერის იარაღით თავი მოიკლა. მისი თანამედროვეები აღნიშნავდნენ, რომ ჰიტლერსა და გელის რომანი ჰქონდათ, ხოლო ამ უკანასკნელის თვითმკვლელობა გამოიწვია „ღრმა და გრძელმა ტკივილმა“.[402] ევა ბრაუნს (რომელზეც იგი 1945 წელს დაქორწინდა)[403] კი იგი 1929 წელს შეხვდა.[404] პაულა ჰიტლერი, ფიურერის უმცროსი და მისი ოჯახის ბოლო ცოცხალი წევრი 1960 წელს გარდაიცვალა.[405]
მთელი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ჰიტლერი ხშირად ჩნდებოდა დოკუმენტურ ფილმებში თავისი პიროვნების კულტის გასაღვივებლად. ლენი რიფენშტალის ფილმები, რომლებშიც ჰიტლერი მონაწილეობას იღებდა, დღეს თანამედროვე კინემატოგრაფის პიონერად ითვლება.[406]
პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
ადოლფ ჰიტლერი ვიკიციტატებში | |
ადოლფ ჰიტლერი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.