Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
თელ-ავივ-იაფა (ებრ.: תֵּל־אָבִיב-יָפוֹ თელ-ავივ-იაფო, არაბ.: تل أبيب, Tal ʾAbīb, შემოკლებით თელ-ავივი) — ისრაელის საქმიანი ცენტრი, სიდიდით მეორე ქალაქი იერუსალიმის შემდეგ. ქალაქი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. თელ-ავივი, მრავალრიცხოვან ქალაქ-თანამგზავრთან ერთად (როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით) ქმნის ერთიან აგლომერაციას, რომელსაც ერთობლიობაში გუშ-დანი ეწოდება. სიტყვა „თელ-ავივი“ ივრითზე „გაზაფხულის ბორცვს“ ნიშნავს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
თელ-ავივ-იაფა תל אביב-יפו | |||||
ხედი თელ-ავივის უნივერსიტეტიდან | |||||
| |||||
ქვეყანა | ისრაელი | ||||
რეგიონი | გუშ-დანი | ||||
კოორდინატები | 32°05′00″ ჩ. გ. 34°48′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | რონ ხულდაი | ||||
დაარსდა | 1909 | ||||
ფართობი | 51.788 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 10 მ | ||||
მოსახლეობა | 405,500[1] კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 7,867.7 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 3,850,000 | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ებრაელები (96,1%), არაბები (3,9%) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი |
(972)(3) ისრაელს გარეთ, (03) ისრაელში | ||||
საფოსტო ინდექსი | 61000–61999 | ||||
ოფიციალური საიტი | tel-aviv.gov.il | ||||
სახელის მნიშვნელობა | წყაროს მთა | ||||
თელ-ავივი დაარსდა 1909 წელს, როგორც საპორტო ქალაქ იაფოს ჩრდილოეთი უბანი, სადაც ებრაელი რეპატრიანტები სახლდებოდნენ. შემდეგ ეს ებრაული უბანი დამოუკიდებელ ქალაქად იქცა, ხოლო 1950-იან წლებში შთანთქა იაფო და ისინი ერთ მუნიციპალიტეტად, თელ-ავივ-იაფოდ, გადაკეთდა, რომელსაც ამჟამად რონ ხულდაი მართავს.[2] თელ-ავივის თეთრ ქალაქში მსოფლიოში მოდერნისტული არქიტექტურის უდიდესი კონცენტრაციაა, რის გამოც იუნესკომ ეს უბანი 2003 წელს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.[3]
თელ-ავივი ისრაელის ეკონომიკური ცენტრი და მისი უმდიდრესი ქალაქია. აქ მდებარეობს თელ-ავივის საფონდო ბირჟა და მრავალი კორპორატიული შტაბ-ბინა და კვლევითი ცენტრი. ლამაზი სანაპიროს, ბარების, კაფეების და ძვირფასი მაღაზიების სიუხვისა და კოსმოპოლიტური ცხოვრების სტილის წყალობით, ქალაქი პოპულარული ტურისტული ადგილია. 2005 წლის მონაცემებით, თელ-ავივი ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ქალაქია ეკონომიკით, ხოლო 52-ე მსოფლიოს ქალაქთა შორის მშპ-ის მონაცემებით.[4]
სახელი თელ-ავივი (ლიტერატურულად „წყაროს მთა“) შეირჩა 1910 წელს უამრავი ვარიანტისგან (მათ შორის „ჰერცლაია“). სახელი თელ-ავივი არის თეოდორ ჰერცლის წიგნის ალტნოილენდი-ის (ახალი ძველი მიწა) ებრაული თარგმანი. იგი გადათარგმნა გერმანულიდან ნახუმ სოკოლოვმა. თვითონ სოკოლოვმა სათაური აიღო ეზეკიელ წინასარმეტყველის წიგნიდან:
„მივედი თელ-ავივში გადასახლებულებთან, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ცხოვრობდნენ, და დავჯექი იქ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ; და ვიჯექი იქ მათ შორის შვიდ დღეს, გაოგნებული.[5]“ |
გარადა ამისა, ეს სახელი გულისხმობდა ებრაული სახლის აღდგენის იდეას. ავივი არის ებრაულად „წყარო“, რაც განახლების სიმბოლოა, ხოლო „თელ“ არქეოლოგიური ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ერთი-მეორეზე აშენებულ ცივილიზაციის ნაშთებს.[6] მეცნიერები დაობენ სიტყვა იაფას წარმოშობის თაობაზე. ზოგი მეცნიერის აზრით, ეს სიტყვა წარმოიშვა იაფაჰ-ისგან ან იოფი-სგან, რაც ებრაულად „ლამაზს“, „მშვენიერს“ აღნიშნავს. მეორე თეორიის თანახმად ნოეს შვილმა, იაფეტმა შექმნა ქალაქი და იგი მის პატივსაცემად დაარქვეს.
იაფას ძველმა პორტმა არსებობის მანძილზე მრავალჯერ შეიცვალა მფლობელი. 1955-74 წლებში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ამ არემარეში ბრინჯაოს ხანის ციხესიმაგრის კოშკები და გალავანი გამოაჩინა.[7] 1997 წლის შემდეგ წარმოებული გათხრებით შესაძლებელი გახდა ადრეული აღმოჩენების დათარიღება.[7] ასევე გამოჩნდა დაკეპილი ქვიშნარის გლასისის ნაწილბი და მასიური აგურის კედელი, დათარიღებული გვიანდელი ბრინჯაოს ხანით, და "ზღვის ხალხისთვის" მიძღვნილი ტაძარი რკინის ხანის საცხოვრებელი ნაგებობებითურთ.[7] აღმოჩენილ იქნა ასევე სპარსეთის, ელენისტური და ფარაონის პერიოდების ნაგებობები.[7]
ქალაქი პირველად ნახსენებია წერილებში ძვ. წ. 1470 წლიდან, რომლებშიც აღწერილია მისი დაპრყობა ეგვიპტელი ფარაონი თუთმოს III-ის მიერ.[8] იაფა რამდენიმეჯერა ნახსენები ბიბლიაში, როგორც პორტი, საიდანაც იონა ტარშიშში მიემგზავრება;[9] როგორც დანის ტომის ტერიტორიის მეზობელი ქალაქი;[10] და როგორც პორტი, სადაც იერუსალიმის სოლომონის ტაძრისთვის ხის მასალა შემოვიდა ლიბანიდან.[11]
1099 წელს პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ქრისტიანულმა არმიამ, რომელსაც ჟოფრუა ბულონელი წინამძღოლობდა, მაჰმადიანებისგან მიტოვებული იაფა დაიპყრო. მათ ქალაქს გალავანი შემოარტყეს და პორტი აღადგინეს.[12] იაფამ მალევე დაიჭირა მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც იერუსალიმის სამეფოს მთავარმა საზღვაო პორტმა.[13] იაფა 1192 წელს სალადინმა დაიპყრო, თუმცა ის მალევე დაიბრუნა ინგლისის მეფე რიჩარდ I-მა, რომელმაც ქალაქის თავდაცვა კიდევ უფრო გააძლიერა.[14] 1223 წელს, ფრიდრიხ II-მ ქალაქს ფორტიფიკაციები დაამატა.[14] ჯვაროსანთა გავლენა 1268 წელს დასრულდა, როდესაც მამლუქმა სულთან ბაიბარსმა ქალაქი აიღო, დაანგრია მისი ყურე და მიწასთან გაასწორა ფორტიფიკაციები.[14][15] ჯვაროსანთა შემდგომი შემოჭრების აღსაკვეთად ქალაქი ნასირ ალ-დინ მუჰამედმა ააოხრა 1336, 1344 და 1346 წლებში.[16] XVI საუკუნეში იაფა ოსმალებმა დაიპყრეს და მას სოფლის სტატუსი მიანიჭეს ღაზას სანჯაკში.[15] 1799 წელს ქალაქი ნაპოლეონმა აიღო და ადგილობრივ მცხოვრებლებს მუსრი გაავლო; ამას მალე ეპიდემიაც მოჰყვა და ქალაქი თითქმის ნასახლარად იქცა.[15]
იაფამ ზრდა XVIII საუკუნიდა დაიწყო, როდესაც კონსტანტინოპოლის ოსმალურმა მთავრობამ ქალაქის პორტს დაცვა დაუნიშნა და ბედუინთა და მეკობრეთა შემოტევები უკუაგდო.[15] თუმცა ნამდვილი განვითარება XIX საუკუნიდან დაიწყო. ამ პერიოდში ქალაქის მოსახლეობა 2.500-დან (1806) 17.000-მდე (1886) გაიზარდა.[8]
1800-1870 წლებში იაფას გალავნები და კოშკები შემოარტყეს, რომლებიც შემდგომში დაანგრიეს ქალაქის ზრდის უზრუნველსაყოფად და ნაწილობრივ საშიშროების მოხსნის გამოც.[17] ზღვის გალავანი, 2.5 მ სიმაღლის, 1930-იან წლებამდე დარჩა. მას ბრიტანეთის მანდატის პერიოდში საპორტო ნაგებობები დააშენეს.[17] XIX საუკუნის შუა წლებში ქალაქი ევროპასთან აბრეშუმითა და ფორთოხლებით ვაჭრობის წყალობით გამდიდრდა.[8] 1860-იან წლებში იაფას მცირერიცხოვან სეფარდულ თემს მაროკოდან გადმოსახლებული ებრაელები დაემატნენ. შემდეგ წლებში ევროპელმა აშკენაზი ებრაელებმაც იწყეს გადმოსვლა და 1882 წლისთვის ქალაქის ებრაულმა მოსახლეობამ 1,500 შეადგინა.[8]
1880-იან წლებში იაფაში აშკენაზების იმიგრაცია გაიზარდა პირველი ალიას დაწყებით. ახალჩამოსულებს სიონიზმის იდეა უფრო ამოძრავებდათ, ვინემ რელიგია. ისინი მიწის დასამუშავებლად მოდიოდნენ.[8] ზოგიერთი მათგანი იაფას ჩრდილოეთში ქვიშიან დიუნებზეც კი დასახლდა.[8] თანამედროვე თელ-ავივის დასაწყისად ითვლება ნევე წედეკის მშენებლობა, უბანი, რომელიც აშკენაზმა ახალმოსახლეებმა გააშენეს 1887-96 წლებში.[3]
თანამედროვე თელ-ავივი დაარსდა 1909 წელს, როგორც არაბული საპორტო ქალაქ იაფას ებრაული კვარტალი. იმავე წელს გაიხსნა იქ პირველი ებრაული გიმნაზია. ადგილობრივ მოსახლეობას ძლიერ ავიწროებდნენ ქვეყნის იმდროინდელი მფლობელები - ოსმალო-თურქები, რომლებმაც 1917 წელს სულაც განდევნენ ქალაქიდან ებრაელები. იმავე წელს, ოსმალეთის იმპერიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად, მთელი ისრაელის ქვეყანა (ე.წ. პალესტინა) ბრიტანეთის იმპერიის მანდატორული მფარველობის ქვეშ მოექცა. ებრაული კვარტალი აღსდგა, ხოლო 1921 წელს, არაბთა აჯანყების გამო, იაფოს ოფიციალურად გამოეყო და დამოუკიდებელ ქალაქად გარდაიქმნა. თელ-ავივის პირველი მერი მეირ დიზენგოფი გახდა. 1929, 1936-1939 წლებშიც იაფოელი არაბები სისტემატურად ესხმოდნენ თავს მეზობელ ებრაულ ქალაქს. 1936 წელს გაიხსნა თელ-ავივის ებრაული პორტი.
1948 წელს, ბრიტანეთის მანდატის დასრულებისთანავე, თელ-ავივში გამოცხადდა ისრაელის დამოუკიდებლობა და ქალაქი ახალგაზრდა სახელმწიფოს დედაქალაქად იქცა (1949 წლამდე). თელ-ავივმა უმალ განიცადა დამოუკიდებლობის ომის ქარცეცხლი: მას ხმელეთიდან იაფოსა და მეზობელი სოფლების შეიარაღებული არაბები შემოესივნენ, ხოლო ჰაერიდან იმავე დროს ქვეყანაში შემოჭრილი არაბულ სახელმწიფოთა ავიაცია დაესხა თავს რამდენიმეჯერ. ომში ისრაელის გამარჯვების შემდეგ თელ-ავივმა განაგრძო იმ სწრაფი ტემპით ზრდა-განვითარება, რომელიც მას ბრიტანეთის ბატონობის ქვეშაც ახასიათებდა — ის ებრაული სახელმწიფოს ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა. გაფართოების შედეგად, 1950 წელს თელ-ავივმა იაფოც შემოიერთა, რომლის არაბული მოსახლეობის უმრავლესობა 1948 წლის ომში დამარცხების გამო ლტოლვილად იქცა.
1949 წელს კი ებრაელების მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ, ეს უკანასკნელი გამოცხადდა ახალი სახელმწიფოს დედაქალაქად, მიუხედავად ამისა თელ-ავივი დარჩა ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრად. მეორე ინტიფადის დროს თელ-ავივი პალესტინელი ტერორისტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა.
ბრიტანული მანდატის დროს ურთიერთობა ებრაელებსა და არაბებს შორის პალესტინის ტერიტორიაზე გამწვავდა. 1921წლის 1 მაისს მოხდა იაფას აჯანყება და არაბთა შეიარაღებულმა ძალებმა უამრავი ებრაელი გაწყვიტეს. ამ ხოცვა-ჟლეტის გამო ებრაული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იაფო დატოვა და თელ-ავივში გადასახლდა, რამაც ქალაქის მოსახლეობა 2, 000 ადამიანიდან (1920 წ.) 34, 000-მდე (1925 წ.) გაზარდა.[3][18] თელ-ავივში ხალხის გადასახლებამ გამოიწვია მისი ეკონომიკური დაწინაურება, ხოლო იაფოს — ეკონომიკური დაცემა [19] 1925 წელს პატრიკ გედესმა შესთავაზა ქალაქის მესვეურებს თელ-ავივის ურბანული განაშენიანების გეგმა, რომელიც ქალაქის საბჭომ მეირ დიცენგოფის თავმჯდომარეობით მიიღო.[8] გეგმის ძირითადი იდეა იყო ე. წ. ქალაქი-ბაღნარის აშენება (მიმდინარეობა ქალაქგეგმარებაში, რომელიც იმჟამად ბრიტანეთში იყო პოპულარული. საზღვრები, რომლებიც გეედესმა დააწესა (იარკონის მდინარედან ჩრდილოეთით იბნ გვიროლის ქუჩამდე აღმოსავლეთით) დღესაც ითვლება ნამდვილ საზღვრებად, იმის მიუხედავად, რომ ქალაქი საკმაოდ გაიზარდა და ამ საზღვრებს გასცდა.[20]
თელ-ავივმა გააგრძელა ზრდა 1926 წლამდე, თუმცა 1927-1930 წლებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მასაც მისწვდა.[8][19] ამავე დროს იფეთქა თელ-ავივის კულტურულმა ცხოვრებამ, რისი მთავარი მიზეზები იყო ოჰელის თეატრის დაფუძნება და ჰაბიმის თეატრის გადმოსვლა თელ-ავივში 1931 წელს.[19] თელ-ავივმა მიიღო მუნიციპალიტეტის სტატუსი 1934 წელს.[19]
მოსახლეობა სწრაფად იზრდებობდა მეხუთე ალიას პერიოდში, როდესაც გერმანიაში მმართველობა ნაცისტებმა დაიკავეს.[19] ევროპიდან გამოქცეული ებრაელების დიდი ნაწილი თელ-ავივში დასახლდა, რის გამოც მოსახლეობა 1937 წელს 150.000-მდე გაიზარდა, იაფოს 69.000-თან შედარებით. ორ წელიწადში მან 160.000-ს მიაღწია, რაც ქვეყნის ებრაული მოსახლეობის 1/3-ს შეადგენდა.[19] მრავალი ახალი ემიგრანტი აქ დარჩა იაფოდან გადმოსვლის შემდეგ, რამაც დასახლებას ურბანული ელფერი მისცა. 1936-39 წლების არაბების აჯანყების პერიოდში თელ-ავივში იაფოსგან დამოუკიდებელი პორტი აშენდა, 1938 წელს კი აეროპორტი (ამჟამად ბენ გურიონის სახელობის) გაიხსნა.[8]
თელ-ავივის თეთრი ქალაქი (იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 2004 წლიდან) 1930-იან წლებში გაშენდა. ბაუჰაუზში გაწვრთნილი მრავალი გერმანელი ებრაელი არქიტექტორი ამ სკოლის ნაცისტების მიერ დახურვის შემდეგ გერმანიიდან გამოიქცნენ 1933 წელს. ზოგიერთი მათგანი, არიეჰ შარონის მსგავსად, პალესტინაში ჩამოვიდა და ბაუჰაუზის სტილი ადგილობრივს მიუსადაგა. მათი მცდელობით შეიქმნა მსოფლიოში საერთაშორისო სტილის შენობათა უდიდესი კონცენტრაცია.[3][8]
1940 წლის ივლისში თელ-ავივი იტალიელი ფაშისტების დაბომბვის მთავარი სამიზნე გახდა. 1940 წლის 9 სექტემბერს დაბომბვისგან 137 ადამიანი დაიღუპა.[21]
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით (#181) 1947 წელს წარმოდგენილ იქნა გეგმა პალესტინის გაყოფის შესახებ ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებად. თელ-ავივი, რომელიც იმჟამად 230.000 ადამიანს ითვლიდა, ებრაულ ნაწილში უნდა შესულიყო. იაფო კი, რომელიც 1945 წლისთვის 101.580 ადამიანს ითვლიდა, რომელთა შორის 53.930 მაჰმადიანი, 16.800 ქრისტიანი, ხოლო 30.820 ებრაელი იყო, არაბულ ნაწილში ხვდებოდა.[22] თუმცა, არაბებმა ეს გეგმა უარყვეს.[8] 1947-1948 წლებში დაძაბულობა თელ-ავივისა და იაფოს საზღვარს შორის გამწვავდა. არაბი სნაიპერები ჰასან-ბექის მეჩეთის მინარეთიდან ებრაელებს ესროდნენ. საპასუხოდ ჰაგანასა და ირგუნის ებრაულმა დაჯგუბებებმა იაფოს ალყა შემოარტყეს.[8] 1948 წლის აპრილიდან არაბმა მოსახლეობამ ქალაქის დატოვება დაიწყო. 14 მაისს ებრაელების მიერ იაფოს აღებისას არაბული მოსახლეობა თითქმის გასული იყო.[8]
ისრაელის დამოუკიდებლობის დეკრლარაციის გამოცხადებისთვის 1948 წლის 14 მაისს, თელ-ავივის მოსახლეობა 200 000-ს აღემატებოდა.[18] თელ-ავივი ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის დროებითი ცენტრი იყო 1949 წელს მთავრობის იერუსალიმში გადატანამდე. თუმცა იერუსალიმის სტატუსის საერთაშორისო დავის გამო უცხო ქვეყნების საელჩოების უმრავლესობა თელ-ავივში დარჩა.[6] 1980-იანი წლების დასაწყისში 13 საელჩო იერუსალიმიდან თელ-ავივში გადავიდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მოთხოვნისამებრ, ისრაელის 1980 წლის იერუსალიმის კანონის საპასუხოდ.[23] ამჟამად ყველა საელჩო, ორის გარდა, თელ-ავივში და მის მიმდებარე რაიონებშია განლაგებული. 1949 წლის აპრილში თელ-ავივი და იაფო გაერთიანდა ერთ მუნიციპალიტეტში. მათ შეუერთდა მეზობელი სოფლების მიწებიც (ალ-შაიხ მუვანისი, ჯამასინი და სუმაილი), რომლებიც ომის პერიოდში გაუკაცრიელდა..[24] შესაბამისად, თელ-ავივმა 42 კვ. კმ. მოიცვა. 1949 წელს აღიმართა თელ-ავივის 60 დამფუძნებლის მემორიალი.[25] ბოლო 60 წლის განმავლობაში თელ-ავივი გადაიქცა სეკულარულ, ლიბერალურ ქალაქად მდიდარი ღამის ცხოვრებითა და კაფეს კულტურით.[8]
1960-იან წლებში ზოგიერთი თელ-ავივის ძველი შენობა დაანგრიეს და მათ მაგივრად ქვეყნის პირველი ცათამბჯენები ააგეს. მათ შორის არის შალომ მეირის კოშკი, რომელიც ისრაელის უმაღლესი შენობა იყო 1999 წლამდე. თელ-ავივის მოსახლეობამ პიკს მიაღწია 1960-იანი წლების დასაწყისში. 390 000 ადამიანით ის ქვეყნის მოსახლეობის 16 %-ს იტევდა.[26] მას მოჰყვა დაკნინების ხანგრძლივი პერიოდი და 1980-იანი წლების ბოლოსთვის ქალაქში 317.000 უმეტესად ხანშიშესული მოქალაქე დარჩა.[26] საცხოვრებელი ფართის მაღალის ფასების გამო ახალგაზრდები სხვაგან ამჯობინებდნენ ცხოვრებას.[26]
ამ პერიოდისთვის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო სამხრეთ თელ-ავივის ღარიბ უბნებში, ხოლო ჩრდილოეთში ძველი პორტი განახლდა.[8] ახალი კანონმდებლობით დაცულ იქნა მოდერნისტული ნაგებობები, რასაც ხელი შეუწყო თეთრი ქალაქის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებამ. ადრეულ 1990-იანებში მოსახლეობის კლების უკუპროცესი დაიწყო, ნაწილობრივ საბჭოთა კავშირიდან ემიგრანტებით შევსების ხარჯზე.[26] თელ-ავივი თანდათან ჰაი-ტექ ინდუსტრიული ცენტრიც გახდა.[8] რასაც მრავალი მაღლივი შენობისა და ჰაი-ტექის საოფისე ფართის მშენებლობა მოჰყვა. 1993 წელს თელ-ავივს მსოფლიო ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[27]
1995 წლის 4 ნოემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი თელ-ავივში მოკლეს ოსლოს სამშვიდობო შეთანხმების პოპულარიზაციის კამპანიისას. მოედანი, სადაც ეს მოხდა, ამჟამად რაბინის სახელს ატარებს.[8]
თელ-ავივისთვის მტკივნეული იყო პირველი ინტიფადას შემდგომ პერიოდში პალესტინელი შეირაღებული დაჯგუფებების დაპირისპირება. პირველი თვითმკვლელის ტერაქტი თელ-ავივში 1994 წლის 19 ოქტომბერს მოხდა, როდესაც ყუმბარებით შეიარაღებულმა პირმა ავტობუსში საკუთარ თავთან ერთად 21 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. ყველაზე სისხლიანი ტერაქტი მოხდა 2001 წლის ივნისს მეორე იტიფადას პერიოდში, როდესაც თვითმკვლელმა თავი აიფეთქა ღამის კლუბში "დოლფი დისკო", სადაც 22 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ტერაქტი მოხდა 2006 წლის 15 აპრილს, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა თელ-ავივის ძველ ავტოსადგურთან.[28]
ბოლო წლებში თელ-ავივი ქალაქის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ქალაქის განათება გამოირთო დედამიწის დღის აღსანიშნავად 2008 წლის მარტში.[29] 2009 წლის თებერვალში მუნიციპალიტეტმა წამოიწყო წყლის ეკონომიის კამპანია, რომელიც მოიცავს უფასო ავტოსადგომებს ოჯახებისთვის, რომლებიც ყველაზე ყაირათიანად მოიხმარენ წყალს ერთ სულ მოსახლეზე.[30]
თელ-ავივი მდებარეობს ისრაელის ცენტრალურ ხმელთაშუაზღვისპირეთზე. იგი კულტურული და გეოგრაფიული ხიდია ევროპასა, აზიას და აფრიკას შორის. თელ-ავივი პორტ იაფოდან ჩრდილოეთითაა, მას კვეთს მდინარე იარკონი. მისი ტერიტორია უმეტესად დაბლობია. თელ-ავივს, იაფოს და გუშ-დანის სხვა ქალაქებს შორის არავითარი საზღვრები არაა, ასე რომ ზოგჯერ რთული გასაგებია ესა თუ ის ქუჩა რომელ ქალაქს ეკუთვნის.
ქალაქი შედგება 9 რაიონისგან, რომლებიც მისი მოკლე ისტორიის მანძილზე ბუნებრივად წარმოიქმნა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის იჯაფა, უძველესი პორტი-ქალაქი, რომლისგანაც ამოიზარდა თელ-ავივი. იაფას რაიონში ტრადიციულად არაბული მოსახლეობა ჭარბობდა, თუმცა მიმდინარე გენტრიფიკაცია ანაცვლებს მათ ახალგაზრდა უფრო მაღალი პროფესიონალიზმის მქონე მოსახლეობით. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს მახლობელ ნევე ცედეკში, რომელიც ძირძველი ებრაული სამეზობლოა. რამათ-ავივი, მეტწილად გაშენებული მდიდრული ვილებით, და სადაც უნივერსიტეტია განთავსებული, ქალაქის ჩრდილოეთ სამეზობლოა, რომელიც ამჟამად განიცდის სერიოზულ სამოსახლო ექსპანსიას და იგეგმება ასევე სანაპიროსწინა ნაკვეთის ათვისება, რომელიც სდე დოვის აეროპორტის საკუთრებაა და მალე, აეროპორტის გაუქმების შემდეგ გადაეცემა ქალაქს.[31] თელ-ავივის ცენტრალური რაიონია ჰაკირია. იგი წარმოადგენს ცაჰალის შტაბ-ბინას და დიდ სამხედრო ბაზას.
თელ-ავივს ხმელთაშუა ზღვის ჰავა აქვს ცხელი ზაფხულით, სასიამოვნო გაზაფხულ-შემოდგომით და გრილი, სველი ზამთრით. ჰავა ნოტიოა მთელი წლის განმავლობაში. ზამთარში ტემპერატურა იშვიათად ეცემა 5 °C-ზე დაბლა. თოვლი 1950 წლის შემდეგ არ უნახავთ.[32] ზაფხულში საშუალო ტემპერატურაა 26 °C, და ხშირად დღის ტემპერატურა 32 °C-ს აჭარბებს. მაღალი ტენიანობის მიუხედავად, ნალექიანობა ზაფხულში იშვიათია. ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა 530.5 მმ, რომლის ძირითადი წილი ოქტომბერ-აპრილზე მოდის.[33] თელ-ავივში საშუალოდ წელიწადში 300 მზიანი დღეა. რეკორდული ტემპერატურა ქალაქში 43 °C და -1.9 °C დაფიქსირდა.[34][35]
ჰავის მონაცემები — თელ-ავივი (ტემპერატურები: 1987–2010, ნალექები: 1980–2010) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 30.0 | 33.2 | 38.3 | 43.9 | 46.5 | 44.4 | 37.4 | 41.4 | 42.0 | 44.4 | 35.6 | 33.5 | 46.5 |
საშუალო მაქსიმალური °C | 23.6 | 25.0 | 30.4 | 35.5 | 32.4 | 30.8 | 31.6 | 31.8 | 32.0 | 32.9 | 29.2 | 23.8 | 35.5 |
საშუალო მაღალი °C | 17.5 | 17.7 | 19.2 | 22.8 | 24.9 | 27.5 | 29.4 | 30.2 | 29.4 | 27.3 | 23.4 | 19.2 | 24.0 |
საშუალო დღიური °C | 12.9 | 13.4 | 16.4 | 19.2 | 21.8 | 24.8 | 27.0 | 27.8 | 26.5 | 22.7 | 17.6 | 13.9 | 20.3 |
საშუალო დაბალი °C | 9.6 | 9.8 | 11.5 | 14.4 | 17.3 | 20.6 | 23.0 | 23.7 | 22.5 | 19.1 | 14.6 | 11.2 | 16.4 |
საშუალო მინიმალური °C | 6.6 | 7.3 | 8.3 | 10.7 | 14.0 | 18.3 | 22.2 | 23.3 | 20.6 | 16.2 | 10.9 | 7.8 | 6.6 |
რეკორდულად დაბალი °C | −1.9 | −2.0 | 3.5 | 7.0 | 11.2 | 15.0 | 19.0 | 20.0 | 15.7 | 11.6 | 6.0 | 4.0 | −2.0 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 147 | 111 | 62 | 16 | 4 | 0 | 0 | 0 | 1 | 34 | 81 | 127 | 583 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ (≥ 0,1 მმ) | 15 | 13 | 10 | 4 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 6 | 9 | 12 | 71 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 72 | 70 | 65 | 60 | 63 | 67 | 70 | 67 | 60 | 65 | 68 | 73 | 67 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 192.2 | 200.1 | 235.6 | 270.0 | 328.6 | 357.0 | 368.9 | 356.5 | 300.0 | 279.0 | 234.0 | 189.1 | 3 311 |
წყარო 1: ისრაელის მეტეოროლოგიური სამსახური[36][37][38][39] | |||||||||||||
წყარო 2: ჰონგ-კონგის ობსერვატორია მზიანი საათების მონაცემებისათვის[40] |
ჰავის მონაცემები — თელ-ავივის დასავლეთი სანაპირო (2005–2014) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 27.7 | 31.8 | 38.3 | 39.1 | 38.4 | 36.7 | 31.7 | 32.5 | 34.1 | 39.5 | 34.0 | 29.5 | 39.5 |
საშუალო მაღალი °C | 18.3 | 18.9 | 20.7 | 22.6 | 24.4 | 27.1 | 29.0 | 29.9 | 29.0 | 26.9 | 23.9 | 20.3 | 24.3 |
საშუალო დღიური °C | 14.7 | 15.4 | 17.2 | 19.3 | 21.7 | 24.7 | 26.9 | 27.6 | 26.5 | 23.8 | 20.2 | 16.6 | 21.2 |
საშუალო დაბალი °C | 11.1 | 11.9 | 13.6 | 16.0 | 18.9 | 22.4 | 24.7 | 25.4 | 24.1 | 20.7 | 16.5 | 12.8 | 18.2 |
რეკორდულად დაბალი °C | 4.2 | 5.2 | 7.2 | 10.3 | 13.1 | 18.8 | 21.6 | 22.5 | 20.1 | 15.1 | 10.2 | 4.0 | 4.0 |
წყარო: ისრაელის მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემები[41][42] |
თელ-ავივის მოსახლეობა შეადგენს 384 600 ადამიანს და სიმჭიდროვე არის 7,445 ადამიანი/კმ2. მოსახლეობის 91.8% ებრაელია, ხოლო 4.2% არაბი. მოსახლეობის 22.2% 20 წლამდეა, 18.5% 20-29 წლამდე, 24% 30-44 წლამდე, 16.2% 45-59 წლამდე და 19.1% 60 წელს გადაცილებული. გუშ-დანის ჩათვლით კი თელ-ავივის მოსახლეობა დაახ. 2 მილიონია და აღემატება იერუსალიმს.
იერუსალიმისგან განსხვავებით თელ-ავივი ბევრად უფრო ნაკლებად რელიგიურია. თუმცა ქალაქში დაახლოებით 500 სინაგოგაა, რომლიდანაც 350 აქტიურია. ქალაქში (განსაკუთრებით იაფოში) ასევე არის მეჩეთები. ასევე არის რამდენიმე ეკლესია.
მიუხედავად იმისა, რომ თელ-ავივს სეკულარული ქალაქის იმიჯი აქვს, აქ მრავალი სამლოცველოა. ქალაქში 544 აქტიური სინაგოგაა, სადაც ყოველდღიური ლოცვები ტარდება,[43] მათ შორისაა ისტორიული შენობები — დიდი სინაგოგა, დაარსებული 1930-იან წლებში.[44]
ბოლო წლებში ქალაქში გაიხსნა სეკულარული ებრაული სწავლებისა და სეკულარული იეშივას ცენტრები.[45] დაპირისპირება რელიგიურ და სეკულარულ ებრაელებს შორის გეი-პრაიდის პარადის წინ სინაგოგის ვანდალიზმით დასრულდა.[46]
თელ-ავივის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ისტორიული ძეგლია ჰასან-ბექის მეჩეთი, რომელიც ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. იაფაში მნიშვნელოვანი წილი ქრისტიანული და მაჰმადიანი მოსახლეობა ცხოვრობს. ეკლესიების რაოდენომა გაიზარდა ბოლო წლებში აქ მცხოვრები დიპლომატებისა და უცხოელი დაქირავებული მოსამსახურეების რელიგიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.[47]
თელ-ავივის ოლქის მოსახლეობის 93% ებრაელია, 1% მაჰმადიანი და 1% ქრისტიანი. დარჩენილი 5% თავს რელიგიურად არ თვლის.[48] ისრაელ მეი ლაუ ქალაქის მთავარი რაბინია.[49]
თელ-ავივის ადრეული არქიტექტურა ძირითადად აღმოსავლეთ ევროპული სტილის კრამიტით გადახურული ერთსართულიანი სახლებისგან შედგებოდა.[20] ნევე ტზედეკი, პირველი უბანი, რომელიც ჯაფას გარეთ გაშენდა, ორსართულიანი ქვითკირის შენობებისგან შედგებოდა.[3] 1920-იანი წლებისთვის ახალი აღმოსავლური სტილი შემოვიდა მოდაში, რომელშიც ევროპული არქიტექტურა ახლო აღმოსავლეთის მოტივებს შეიცავდა (თაღები, გუმბათები და ორნამენტული მოზაიკა).[20] მუნიციპალური მშენებლობა ე.წ. "ქალაქი-ბაღნარის" გენერალურ გეგმას მიჰყვებოდა, რომელიც პატრიკ გედესმა შეადგინა. ორ-სამსართულიან შენობებს ბულვარები და საზოგადოებრივი პარკები კვეთდა.[20]
ბაუჰაუზის არქიტექტურა 1920-იან და 1930-იან წლებში გაჩნდა გერმანელი ებრაელი არქიტექტორების წყალობით, რომლებიც პალესტინაში დასახლდნენ გერმანიაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ. თელ-ავივის "თეთრი ქალაქი", ჩრდილოეთ ნაწილში, მოიცავს 5 000-ზე მეტ მოდერნისტულ შენობას, რომლებიც ბაუჰაუზისა და ლე კორბუზიეს გავლენით იყო შთაგონებული.[3] ამ ტიპის ნაგებობების მშენებლობა გრძელდებოდა როტშილდის ბულვარის გასწვრივ 1950-იან წლებამდე. ამ შენობათა უმრავლესობა ამჟამად ისტორიული ძეგლია, მთლიანად უბანი კი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.[50] მხოლოდ 1930-იან წლებში ამ სტილის სამი ათასი ნაგებობა აშენდა.[20]
1960-იან წლებში ამ არქიტექტურამ ადგილი დაუთმო საოფისე მაღლივ შენობებს და ზღვისპირა სასტუმროებისა და კომერციული ცათამბჯენების ჯაჭვს.[8] ქალაქის ზოგიერთი მოდერნისტული შენობა განადგურდა კიდეც, რის გამოც ქალაქმა ამ ისტორიული ძეგლების დაცვისთვის სპეციალური კანონი მიიღო. ბოლო წლებში ბაუჰაუზის შენობების აღდგენისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.[51]
უძრავ ქონებაზე ფასების სწრაფი ზრდის გამო, თელ-ავივში მაღლივი შენობების დიდი კონცენტრაციაა. შალომ მეირ ტაუერი, ისრაელის პირველი ცათამბჯენი, თელ-ავივში 1965 წელს აიგო და ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობა იყო 1999 წლამდე. აზრიელის ცენტრი, რომელიც სამი შენობისგან შედგება (მართკუთა, სამკუთხა და მრგვალი), მას ამ ტიტულს ართმევს. 2001 წლიდან ისრაელის უმაღლესი შენობაა მოშე ავივ ტაუერი, რომელიც მეზობელ ქალაქ რამატ-განში დგას, თუმცა ქვეყნის ყველაზე მაღალი საცხვორებელი სახლი, ნევე წედეკ ტაუერი, თელ-ავივშია. ბოლო წლებში გაჩნდა ახალი უბნები, როგორიცაა პარკ ცამერეტი, სადაც ფეშენებელური აპარტამენტები შენდება, და სამხრეთი კირია, სადაც ძირითადად საოფისე შენობები იმართება. სხვა ბოლო დროს აშენებულ ცათამბჯენთა შორისაა 1 როტშილდ ტაუერი, ბეერი ნაჰარდეა ტაუერი და პირველი საერთაშორისო ბანკის ტაუერი.[52][53]
საფინანსო სფეროში ეროვნული დასაქმების 40 % და ბიზნეს მომსახურების 25 % წილი ქალაქზე მოდის.[26] ვინაიდან ქალაქი ქვიშის დიუნებზე გაშენდა, სოფლის მეურნეობა მომგებიანი არ იყო, ხოლო საზღვაო მრეწველობა ჰაიფაში და აშდოდში იყო კონცენტრირებული. ამის ნაცვლად, ქალაქი დროთა განმავლობაში განვითარდა, როგორც სამეცნიერო და ტექნიკური კვლევების ცენტრი. 1990-იანილ წლებისთვის თელ-ავივი უკვე მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის პოზიციას იჭერს.[8] ქალაქის ეკონომიური აქტიურობა ქვეყნის დასაქმების 15 %-ს შეადგენს და ქვეყნის მშპ-ის 17 %-ს აწარმოებს.[26]
თელ-ავივის ეკონომიკა განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება ბოლო ათწლეულში. ქალაქს აყვავებულ ტექნოლოგიურ ცენტრს უწოდებს ჟურნალი ნიუსუიკი, და მინიატურულ ლოს-ანჯელესს ჟურნალი ეკონომისტი.[8][54] ქალაქში მრავალი კომპიუტერული მეცნიერი ცხოვრობს. მათი რიცხვი განსაკუთრებით მატულობს 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირიდან იმიგრაციის წყალობით. რის შედეგადაც 1998 წელს ნიუსუიკის აღწერით, ქალაქი მსოფლიოს ტექნოლოგიურად ყველაზე გავლენიან ქალაქთა ათეულში მოხვდა.[54] თელ-ავივის აგლომერაცია (სატელიტი ქალაქები ჰერცლიასა და პეტაჰ-თიკვას ჩათვლით) ისრაელის მაღალი ტექნოლოგიების წარმოების ცენტრია და მას ხშირად სილიკონ ვადის უწოდებენ (კალიფორნიის სილიკონის ველის მსგავსად).[54][55]
თელ-ავივში მდებარეობს თელ-ავივის საფონდო ბირჟა (TASE), ისრაელის ერთადერთი სააქციო ბირჟა, რომლის მიერ დადებული გარიგებების რიცხვმა რეკორდს მიაღწია 1990-იანებში.[56] ქალაქში შტაბ-ბინები აქვს მრავალ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდს, კვლევით ინსტიტუტსა და ჰაიტ-ტექ კომპანიას. ინდუსტრიების თელ-ავივში მოიცავს ქიმიურ წარმოებას, მსუბუქ მრეწველობას და კვების პროდუქტების წარმოებას.[8] ქალაქის ღამის კლუბები, კულტურული ატრაქციონები და არქიტექტურა მრავალ ტურისტს იზიდავს, რომელთა მიერ დახარჯული სახსრები ადგილობრივ ეკონომიკას ამდიდრებს.[57]
გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების შემსწავლელი ჯგუფის (GaWC, ლონგბოროს უნივერსიტეტი) კვლევის თანახმად თელ-ავივი ახლო აღმოსავლეთში ყველაზე სწრფად ფორმირდება, როგორც "მსოფლიო ქალაქი" და ამ რანგით რეგიონში მხოლოდ ნაწილობრივ ევროპულ სტამბოლს ჩამოუვარდება.[58]
ისრაელის თხუთმეტი მილიარდერიდან ცხრა ისრაელში ცხოვრობს; აქედან ოთხი თელ-ავივში ან მის გარეუბანში ცხოვრობს, ჟურნალი ფორბსის თანახმად.[59][60] ცხოვრების ღირებულება ისრაელში მაღალია და თელ-ავივი მისი ყველაზე ძვირი ქალაქია. ნიუ-იორკის საკონსულტაციო კომპანია მერსერის ცნობით 2008 წლის მდგომარეობით თელ-ავივი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ძვირი და მსოფლიოში სიძვირით მე-14 ქალაქია. ამ მხირივ ის ოდნავ ჩამორჩება სინგაპურსა და პარიზს და უსწრებს სიდნეისა და დუბლინს. შედარებისთვის, ნიუ-იორკი ამ კლასიფიკაციით რიგით 22-ეა.[55]
როგორც ხმელთაშუაზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ქალაქი, თელ-ავივი საერთაშორისო ტურიზმისსთვის მიმზიდველი ადგილია და მას ხშირად ბარსელონას ან მაიამის ადარებენ.[61] ლოს-ანჯელეს ტაიმზი და ნიუ-იორკ ტაიმზი მას უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა შორის მოიხსენიებენ.[62][63] თელ-ავივის მუნიციპალიტეტის თანახმად, მას 44 სასტუმრო აქვს 5,800-ზე მეტი ოთახით.[64] თელ-ავივს ხშირად უწოდებენ "ქალაქს, რომელსაც არასდროს სძინავს" მისი პოპულარული ღამის კლუბებისა და 24-საათიანი გასართობი ატრაქციონების წყალობით.[65][66][67]
თელ-ავივის უდიდესი საზოგადოებრივი პარკია იარკონ პარკი, გან მერიერთან და დუბნოვ პარკთან ერთად, რომლებიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ქალაქის ტერიტორიის 17% გამწვანებასა და ბუნებრივ ნარგავებს უჭირავს.[64] დიზენგოფის ცენტრი ისრაელის პირველი მოლი (სავაჭრო ცენტრი) იყო. ქალაქში მსოფლიოს უდიდესი სასტუმროს ბრენდებია წარმოდგენილი, მათ შორის Crowne Plaza, Sheraton, Dan, Isrotel და Hilton. აქ არის მრავალი მუზეუმი, არქიტექტურული და კულტურული ძეგლი, რომელთა დასათვალიერებლად მრავალენოვანი ტურებით შეიძლება სარგებლობა.[68] ავტობუსების ტურების გარდა, არის არქიტექტურული ტურები[69] და სეგუეი ტურები[70] და საცალფეხო ტურები.[71] ღამის კლუბები და რესტორნები თავმოყრილია სანაპიროს გასწვრივ. ქალაქის რესტორნები ტრადიციულ ებრაულ კერძებთან ერთად საერთაშორისო სამზარეულოებსაც სთავაზობენ სტუმრებს. ქალაქში 100-ზე მეტი სუშის რესტორანია, ხოლო ერთ-ერთი იტალურ რესტორანს თელ-ავივში იტალიის გარეთ საუკეთესო იტალიური რესტორნის წოდება მიანიჭა იტალიიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.[72]
როგორც ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი რეგიონში, თელ-ავივი ყველაზე ტოლერანტულია ჰომოსექსუალთა, ბისექსუალთა და ტრანსსექსუალთა მიმართ და კარგად ჩამოყალიბებული ლგბტ გაერთიანებები ჰყავს.[73] ქალაქი მასპინძლობს ყოველწლიურ პრაიდ პარადს, რაც ათასობით მიმდევარს იზიდავს. ხოლო 2008 წელს ქალაქში პირველი სექს ფესტივალი გაიმართა.[74][75]
თელ-ავივის ისრაელისა და რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრია.[76] ისრაელის 35 მთავარი საშემსრულებლო ცენტრიდან 18 თელ-ავივშია განლაგებული, მათ შორის ქვეყნის ცხრა უმსხვილესი თეატრიდან ხუთი, სადაც ქვეყნის წარმოდგენათა 55% და დასწრების 75% მოდის.[26][77] თელ-ავივის საშემსრულებლო ხელოვნებათა ცენტრშუ ბინა აქვს ისრაელის ოპერის თეატრს, სადაც პლაციდო დომინგო მთავარი ტენორი იყო 1962-65 წლებში, და კამერის თეატრი.[78] 3,000 მაყურებლით, ფრედრიკ მანის აუდიტორია ქალაქის უდიდესი თეატრია.[79] ჰაბიმას თეატრი, ისრაელის ეროვნული თეატრი, რესტავრაციისთვის დაიხურა 2008 წელს. ენავის კულტურული ცენტრი ერთ-ერთი უახლესი დანამატია ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.[77] თელ-ავივის სხვა თეატრებს შორისაა გეშერის თეატრი და ბეით-ლესინის თეატრი; თცავთა და თმუნა მცირე თეატრებია, სადაც მუსიკალური წარმოდგენები იმართება. იაფაში სიმთას და ნოტცარის თეატრებში ექსპერიმენტული დადგმები იმართება.
თელ-ავივში ასევე ბინა აქვს რამდენიმე საცეკვაო დასსა და კომპანიას. აქ არის ბათშევას ცეკვის კომპანია, თანამედროვე ცეკვის დასი, და ბათ დორი და ისრაელის ბალეტი.[77] თელ-ავივის თანამედროვე და კლასიკური ცეკვის ცენტრია სუზან დელალის ცენტრი ნევე წედეკში.[80]
ქალაქში ყოველდღიურად იმართება საოპერო და კლასიკური მუსიკის წარმოდგენები. წლების განმავლობაში აქ მრავალ სახელგანთქმულ დირიჟორსა თუ სოლოისტს გაუმართავს კონცერტი.[77]
კინემატოგრაფიაში ქალაქის მნიშვნელოვან ღონისძიებათა შორისაა მრავალრიცხოვანი კინოფესტივალები, მათ შორის ფესტივალი ანიმაციის, კომიქსებისა და კარიკატურების, ასევე სტუდენტური ფილმების ფესტივალი, ჯაზის, კინოსა და ვიდეოფირის ფესტივალი და მისთ. ქალაქში რამდენიმე მულტიპლექსი კინოთეატრია.[77]
ისრაელს ზოგიერთი ცნობით ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მუზეუმი აქვს, რომელთაგან სამი უდიდესი თელ-ავივში მდებარეობს.[81][82] მათ შორისაა ერეც ისრაელის მუზეუმი, ცნობილი მისი კოლექციით არქეოლოგიასა და ისტორიული გამოფენებით ისრაელის მიწაზე, და თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმი. თელ-ავივის უნივერსიტეტის კამპუსზე მდებარეობს ბეთ ჰატეფუტსოთი, მუზეუმი საერთაშორისო ებრაულ დიასპორაზე, რომელიც დევნის საუკუნეების განმავლობაში ებრაელთა ისტორიაზე მოუთხრობს მნახველებს. ბათეი ჰაოსეფის მუზეუმი ისრაელის შეიარაღებული ძალების სამხედრო ისტორიას მოიცავს. პალმაქის მზეუმი თელ-ავივის უნივერსიტეტთან ებრაელ ჯარისკაცთა ცხოვრების აღმწერ დოკუმენტთა არქივს შეიცავს. თელ-ავივის საგამოფენო ცენტრი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში 60-ზე მეტ მნიშვნელოვან ღონისძიებას ატარებს წელიწადში. ქალაქის სამხრეთ უბნებში არის ასევე მრავალი მცირე ზომის კერძო მუზეუმი თუ გალერეა, მათ შორისაა Тel Aviv Raw Art თანამედროვე ხელოვნების გალერეა.[83][84]
თელ-ავივში ბინა აქვს ისრაელის რამდენიმე საუკეთესო სპორტულ გუნდს, მათ შორის მსოფლიო კლასის საკალათბურთო ნაკრებს. ეს ერთადერთი ქალაქია სამი კლუბით ისრაელის პრემიერლიგაში, ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში. მაქაბი თელ-ავივი სპორტკლუბი დაარსდა 1906 წელს და 10 სპორტულ სახეობაში იღებს მონაწილეობას. მისი საკალათბურთო გუნდი ისრაელის 47 ტიტულს ფლობს, გამარჯვებული აქვს ისრაელის 22 სახელმწიფო თასის გათამაშებაში, ორ ტოტო თასში და ორ აზიის კლუბების ჩემპიონატში. ძიუდოისტ იაელ არადის ვერცხლის მედალი აქვს მიღებული 1992 წლის ზაფხული ოლიმპიურ თამაშებში.[85]
ჰაფოელ თელ-ავივი სპორტკლუბი დაარსდა 1923 წელს და 11-ზე მეტ ნაკრებს მოიცავს,[86] მათ შორის ჰაფოელ თელ-ავივს (13 ჩემპიონატი, 11 ქვეყნის თასი, ერთი ტოტოს თასი და ერთი აზიური ჩემპიონატი), რომელიც ბლუმფილდის სტადიონზე თამაშობს 1950 წლიდან, ასევე ვაჟთა და ქალთა საკალათბურთო კლუბი, და კაიაკის კლუბი.
ბნეი იეჰუდა (ისრაელის ჩემპიონი, ორჯერ ქვეყნის თასის მფლობელი და ორჯერ ტოტოს თასის მფლობელი) ისრაელის ერთადერთი საფეხბურთო გუნდია უმაღლეს დივიზიონში, რომელიც თელ-ავივის ერთ-ერთ უბანს, ჰათიკვას, წარმოადგენს და არა ქალაქს. შიმშონ თელ-ავივი და ბეითარ თელ-ავივი წარსულში უმაღლეს დივიზიონში თამაშობდნენ, თუმცა შემდეგ ქვედა ლიგაში გადაინაცვლეს, ხოლო 2000 წელს კი გაერთიანდნენ. ახალი კლუბი ამჟამად ლიგა არცითიში, მესამე ლიგაში, თამაშობს. კიდევ ერთი ყოფილი პირველი დივიზიონის გუნდი, მაქაბი იაფა, ამჟამად დაშლილია, ისევე, როგორც მაქაბი ჰაცაფონ თელ-ავივი, ჰაპოელ ჰაცაფონ თელ-ავივი და ჰაქოახ თელ-ავივი, რომლებიც მაქაბი რამათ-განს შეუერთდნენ და ახალ ნაკრებში გადავიდნენ 1959 წელს (დღევანდელი სახელი "ჰაქოახ ამიდარ რამათ-განი").
თელ-ავივის გარეუბნებში რამდენიმე რეგიონული ლიგის კლუბია, მათ შორის ჰაფოელ ქფარ შალემი ლიგა ალეფის სამხრეთ დივიზიონში, ჰაფოელ რამათ-ისრაელი ლიგა ბეთის სამხრეთ A დივიზიონში, და ბეითარ ეზრა, ელიცურ იაფა თელ ავივი, გადნა თელ-ავივი და ჰაფოელ კირიათ შალომი, რომლებიც ლიგა გიმელის თელ-ავივის დივიზიონში თამაშობენ. თელ-ავივში ბინა აქვს ასევე ჰაფოელ უსიშკინს, ფანების საკუთრებაში მყოფი საკალათბურთო კლუბი დაარსებული 2007 წელს.
თელ-ავივში ორი სანაოსნო კლუბია. Tel Aviv Rowing Club 1935 წელს დაარსდა იარკონის მდინარის ნაპირას და უდიდესი საწყლოსნო კლუბია ისრაელში.[87] ამასთან, თელ-ავივის პლაჟები მუდამ აქტიურია მატკოტის მოთამაშეებით.[88] Tel Aviv Lightning წარმოადგენს თელ-ავივს ისრაელის ბეისბოლის ლიგაში.[89] ქალაქში ასევე ტარდება ყოველწლიური ნახევარმარათონი, რომელშიც 2008 წელს 10.000 ათლეტი მონაწილეობდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.[90]
ქ. თელ-ავივში თვითმმართველობას ახორციელებს 31 წევრიანი ქალაქის საბჭო, რომელსაც ირჩევენ 4 წლის ვადით პირდაპირ პროპორციული საარჩევნო სისტემით.[91] ისრაელის ყველა მოქალაქე, მცხოვრები თელ-ავივში სულ მცირე ერთი წლის მანძილზე, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალურ არჩევნებში. მუნიციპალიტეტი პასუხისმგებელია: სოციალურ მომსახურებებზე, სათემო პროგრამებზე, საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე, ქალაქთგეგმარებაზე, ტურიზმზე, და სხვა ადგილობრივ საქმეებზე.[92][93][94] თელ-ავივის ქალაქის საბჭო მდებარეობს რაბინის მოედანზე. ქალაქის ამჟამინდელი მერია რონ ხულდაი (1998-დან), რომელიც 2008 წელს ხელმეორედ იქნა არჩეული.[95] ყველაზე მეტხანს მერის თანამდებობაზე იმსახურა შლომო ლაჰატიმ - 19 წელი. ყველაზე მოკლე დროით მსახურობდა დავიდ ბლოხი - მხოლოდამხოლოდ 2 წელი, 1925-1927 წწ.
დემოგრაფიულმა გაყოფამ გამოიწვია შესაბამისი პოლიტიკური დაყოფა ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც ძლიერია ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, და ლიქუდსა და სხვა მემარჯვენე, თუ რელიგიური პარტიებს შორის, რომლებიც სამხრეთ რაიონებში მძლავრობენ.[8] ისრაელის 2006 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ეს სურათი შეიცვალა, როდესაც ახალმა ცენტრისტულმა პარტია კადიმამ აიღო ქალაქის ხმების 28 %. მას მიყვა ისრაელის ლეიბორისტული პარტია ხმათა 20 %-ით.[96][97]
სახელი | დაიწყო | დაამთავრა | |
---|---|---|---|
1 | მეირ დიზინგოფი | 1921 | 1925 |
2 | დავიდ ბლოხი | 1925 | 1927 |
3 | მეირ დიზინგოფი | 1928 | 1936 |
4 | ისრაელ როკახი | 1936 | 1952 |
5 | ხაიმ ლავანონი | 1953 | 1959 |
6 | მორდეხაი ნამირი | 1959 | 1969 |
7 | იეჰოშუა რაბინობიჩი | 1969 | 1974 |
8 | შლომო ლაჰატი ("ჩიჩ") | 1974 | 1993 |
9 | რონი მილო | 1993 | 1998 |
10 | რონ ხულდაი | 1998 |
თელ-ავივში საკმაოდ ბევრი სკოლა, კოლეჯი, თუ უნივერსიტეტი მდებარეობს. 2006 წლის მონაცემებით, 51,359 ბავშვი შევიდა სკოლაში, აქედან 8,977 ბ. მუნიციპალურ საბავშვო ბაღზე მოდის, 23,573 ბ. მუნიციპალურ დაწყებით სკოლაზე და 18,809 კი - უმაღლეს სასწავლებელზე.[64] თელ-ავივში მცხოვრებ სტუდენტთა 64 პროცენტი , შედის უნივერსიტეტში, რაც ქვეყანაში უმაღლესი განათლების მსურველთა რაოდენობას 5 პროცენტით აღემატება.[64]. პირველ კლასში ირიცხება 4000 ბავშვი, თუმცა მოსახლეობის ზრდა მოსალოდნელია რომ ამ რიცხვს გაზრდის 6,000-მდე, 2012 წლისთვის.[98] შედეგად, 20 დამატებითი საბავშვო ბაღი გაიხსნება 2008-09 წწ ქალაქში, ხოლო ჩრდილოეთის რაიონების სკოლებში დამატებითი კლასები. სდე დოვის ჩრდილოეთით დაგეგმილია ახალი დაწყებითი სკოლის გახსნა, ასევე ახალი უმაღლესი სასწავლებლისა თელ-ავივის ჩრდილოეთ ნაწილში.[98]
1909 წელს ჰერცლიას გიმნაზია იაფადან თელ-ავივში გადავიდა[99]. თელ-ავივის სხვა გამორჩეულ სკოლებთაგან, აღსანიშნავია შევახ მოფეთი, მეორე ებრაული სკოლა ქალაქში, ირონი ალეფი და ალიანსი.
თელ-ავივის უმთავრესი უმაღლესი სასწავლებელია თელ-ავივის უნივერსიტეტი. რამათ-განში განლაგებულ ბარ-ილანის უნივერსიტეტთან ერთად, სტუდენტთა საერთო რაოდენობა თელ-ავივში შეადგენს 50, 000 კაცს. ამას ემატება საზღვარგარეთელი სტუნდების რიცხვიც.[100][101] 1953 წელს დაარსებული თელ-ავივის უნივერსიტეტი დღეს უმსხვილესია ისრაელის უნივერსიტეტებს შორის. საზღვარგარეთ ყველაზე ცნობილია მისი ფიზიკის, ინფორმატიკის, ქიმიის და ენათმეცნიერების ფაკულტეტები[102] თელ-ავივში ასევე განლაგებულია რამდენიმე კოლეჯი.[103]
ისრაელის უდიდესი გაზეთების შტაბ-ბინები თავმოყრილია თელ-ავივში. ტაბლოიდი „იედიოთ ახრონოთი“ არის ისრაელის ყველაზე მსხვილტირაჟიანი გაზეთი 1970-იანი წლებიდან. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ბეგინის ქუჩაზე, თელ-ავივში..[104] იგივეს თქმა შეიძლება „მაარივზე“, ისრაელის პოპულარობით მეორე ტაბლოიდზე, და „ჰაარეცზე“, ისრაელის ყველაზე პოპულარულ მსხვილფორმატიან გაზეთზე.[104] თელ-ავივი ასევე არის სხვა ნაციონალური მნიშვნელობის გაზეთების თავმოყრის ადგილი - მათგან ერთ-ერთია ფინანსური გაზეთი „გლობსი“, ყოველკვირეული გაზეთი „ჰაცოფე“, და დილის გაზეთი „მაკორ რიშონი“, ქალაქის მოამბე „ითონ თელავივი“, ყოველკვირეული „ზმან თელ ავივი“ და ასევე არაბულენოვანი „ალმადინა“. ხოლო გაზეთებს „ისრალ პოსტსა “და „ისრაელს“ უშუალოდ ქალაქში ბეჭდავენ. ქალაქს რამდენიმე რადიო სადგური ფარავს, მათ შორის საქალაქო რადიო „თელ-ავივი“.[105] ისრაელის სამი უდიდესი ტელევიზია - კეშეთი, რეშეთი და მეათე არხი, თელ-ავივში მდებარეობენ.
თელ-ავივი ისრაელის მთავარი სატრანსპორტო კვანძია, ეროვნული საგზაო ქსელიდან მრავალი მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზა კვეთს ქალქს. ქალაქში მიმავალი მთავარი გზატკეცილია აიალონის გზატკეცილი (გზატკეცილი 20), რომელიც გადის ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, მდინარე აიალონის დინების გასწვრივ და ყოფს ერთმანეთისგან თელ-ავივის დიდ ნაწილსა და რამათ განს. სამხრეთის მიმართულებით აიალონს გავყავართ გზატკეცილი 1-ზე, ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტის და იერუსალიმისკენ. უშუალოდ ქალაქში, მთავარი მაგისტრალებია: მეფე გეორგის ქუჩა, ალენბის ქუჩა, იბნ გაბიროლის ქუჩა, დიზენგოფის ქუჩა, როთშილდის ბულვარი, ხოლო იაფაში მთავარი მაგისტრალია იერუსალიმის ბულვარი. ნამირის გზა ქალაქს აკავშირებს გზატკეცილ 2-თან, ისრაელის მთავარ ჩრდილო-სამხრეთის მიმართულების გზატკეცილთან, და ბეგინ/იაბოტინსკის გზასთან, რომელიც ქალაქს რამატ-განთან, ბნეი ბრაკთან და პატეჰ ტიკვასთან აკავშირებს. თელ-ავივის ქუჩებში ყოველდღიურად ნახევარი მილიონი ავტომანქანა მოძრაობს, რის გამოც ქუჩები მუდმივად გადატვირთულია. 2007 წელს სადანის ანგარიშში რეკომენდებული იყო ქალაქში ე.წ. "გადატვირთვის გადასახადის" შემოღება, მსგავსად ლონდონისა და სინგაპურისა. ამ გეგმის მიხედვით ქალაქში საკუთარი ავტომანქანით მგზავრობის მსურველებს მოუწევთ ქალაქში შესვლისას ფიქსირებული მოსაკრებლის გადახდა.[106] თელ-ავივის მუნიციპალიტეტი ცდილობს პოპულარიზაცია გაუწიოს ქალაქში ველოსიპედების გამოყენებას, რისთვისაც 100 ველოსიპედის გაქირავების სადგურის გახსნას აპირებს, რომლებიც 74 კმ სიგრძის ველობილიკებს მოემსახურება. გეგმაშია ამ ბილიკების 100 კმ-მდე გაზრდა 2009 წლისთვის.[107]
თელ-ავივში არის რკინიგზის ოთხი სადგური აიალონის გზატკეცილის გასწვრივ. სადგურები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ: თელ-ავივის უნივერსიტეტი, თელ-ავივ მერკაზი, თელ-ავივ ჰაშალომი და თელ-ავივ ჰაჰაგანა (თელ-ავივის ავტოსადგურთან). თელ-ავივში ყოველთვიურად ახლომდებარე ქალაქებიდან მილიონამდე ადამიანი ჩამოდის.
თელ-ავივის ცენტრალური ავტოსადგური ქალაქის სამხრეთ ნაწილშია. ავტობუსების მთავარ ქსელს ქალაქში მართავს Dan Bus Company; Egged Bus Cooperative, მსოფლიოს სიდიდით მეორე ავტობუსების კომპანია, ქალაქთშორის მომსახურებას უზრუნველყოფს.[108]
თელ-ავივის ადგილობრივი აეროპორტი სდე დოვი ქალაქის ჩრდილოდასავლეთ ნაწილშია. სდე დოვის დახურვას ექვემდებარება, ვინაიდან ის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სარფიან სანაპირო უბანში მდებარეობს.[109] უახლოეს მომავალში სდე დოვის ყველა რეისი გადავა ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში, ისრაელის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ქალაქ ლოდთან მდებარეობს თელ-ავივის სამხრეთაღმოსავლეთით. თელ-ავივთან სიახლოვის გამო ბენ გურიონს ხშირად თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტსაც უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ ქალაქის მუნიციპალურ იურისდიქციას არ ექვემდებარება.
2008 წლის დასაწყისში თელ-ავივის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრული მანქანების გასამართი სადგურების მშენებლობის საცდელი პროექტი. თავდაპირველად აშენდება ხუთი გასამართი სადგური. საბოლოოდ კი 150 სადგური უნდა შეიქმნას მთელს ქალაქში ისრაელის ელექტრული მანქანების პროექტის ფარგლებში (Project Better Place).[110] ბატარეის გამოცვლის სადგურები ქალაქის შესასვლელებთან იქნება მოთავსებული.
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.