Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ელისუს სასულთნო (1562 — 1844) — პოლიტიკური ერთეული კავკასიაში, ძველი წუქეთი, ისტორიული ჰერეთის აღმოსავლეთი განაპირი თემი, მდინარეებს ყანი-ყობასა და ყაფიუჩაის შორის მდებარე ტერიტორია. ელისუს სასულთნოს სულთანთა ხელისუფლება ფაქტობრივად კახეთის სამეფოში შემავალი წუქეთის მოურავების ხელისუფლების გაგრძელება იყო. ელისუს სასულთნომა კახეთის აღმოსავლეთის კედელი მოარღვია და ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ლაშქრობების ფორპოსტი გახდა. მუსლიმური სასულთნოს შექმნამ დაასუსტა კახეთის თავდაცვისუნარიანობა. წახურელ ლეკებს გზა გაეხსნათ კახეთში ჩასასახლებლად. ადგილობრივი ქართული მოსახლეობის გვერდით ამიერიდან თანდათან იწყეს ჩასახლება მთის გაღმიდან წახურელმა მოახალშენეებმა. კახეთის სამეფო ელისუს სასულთნოს თავისად თვლიდა. ამის გამო წახურის სულთანსა და კახელებს შორის მტრობა ჩამოვარდა. წახურის მფლობელი დახმარებისათვის ხან სპარსეთის, ხან კი ოსმალეთის იმპერიას მიმართავდა. ოსმალეთი სულთნისა და ირანის შაჰის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მყოფმა ელისუს სულთანმა მათგან თავისი მფლობელობის დამამტკიცებელი სიგელებიც მიიღო.
ელისუს სასულთნო შედგებოდა ორი ნაწილისაგან: პირველი — წუქეთის სამფლობელო (შემდგომში „მთიანი მაღალი“ რუს. Горный магал), რომელშიც შედიოდა დასახლებული პუნქტი წუქეთი (წახური) ახლომდებარე სოფლებით და განლაგებული იყო მდინარე სამურის ნაპირებზე; მეორე — თავად ელისუს სასულთნო, მდებარე წახურის სამფლობელოს სამხრეთით, რომელიც ამ უკანასკნელისაგან გამოყოფილი იყო კავკასიის მთავარი ქედით და შემოსაზღვრული იყო მდინარეებით: ქაპიჩაით, ალაზნით, გიშისწყლითა და ქაშქაჩაით.
მოცემულ საზღვრებში ელისუს სასულთნოს ფართობი შეადგენდა 2100 კვ. ვერსტს (≈2,389.93 კვ. კმ).
V საუკუნიდან ელისენი ჰერეთის საერისთავოს ნაწილს წარმოადგენდა და პოლიტიკურად საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. VIII საუკუნეში ერისმთავარი არჩილი ამ ტერიტორიაზე კულტურულ აღმშენებლობას ეწეოდა. XI საუკუნეში, კახეთის საერისთავოებად დაყოფის დროს, ელისენი მაჭის საერისთავოს შემადგენლობაში მოექცა. XV საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე გიორგი VIII-მ აქ სამოურავო შექმნა. XVI საუკუნიდან ელისენში დაღესტნიდან გადმოსული ლეკი მოახალშენენი სახლდებიან. მხარის ნაწილობრივმა ეთნიკურმა ცვლილებამ ელისენს არ დაუკარგა ადრინდელი პოლიტიკური შინაარსი, იგი კვლავინდებურად ქართველი მეფეების ხელისუფლებას ემორჩილებოდა. XVII საუკუნის დასაწყისში ელისენის აღმოსავლეთი ნაწილი ახლად წარმოქმნილი მაჰმადიანური პოლიტიკური ერთულის ელისუს სასულთნოს შემადგენლობაში მოექცა.
ელისუს სულთნებზე პირველი ისტორიული ცნობები სპარსეთის შაჰისა და ოსმალეთის სულთნის ფირმანებში გვხვდება, რომლებშიც შაჰი ან სულთანი უმტკიცებდა ელისუს სულთანს უმტკიცებდა საქართველოს დაპყრობილ მიწებზე უფლებას.
1562 წელს სპარსეთის შაჰმა თამაზ I-მა წუქეთი ჩამოართვა კახეთის სამეფოს და ფირმანით დაუმტკიცა ადი-კურკულუ-ბეკს. აღნიშნულ დოკუმენტში შაჰი უკრძალავს საქართველოს სამეფოს აღნიშნული ტერიტორიის ხელყოფას. ჩამოთვლილ დასახლებულ პუნქტებში შედიოდა კახის სოფლები: ბაბალო, შატოვარი და კარაგანი.
30 წლის შემდეგ წუქეთის მმართველმა ადი-კურკულუ-ბეგმა ოსმალეთის სულთანისაგან მიიღო ფირმანი, რომელშიც აღიარებდა და უმტკიცებდა ლეკების მიერ დაკავებულ ტერიტორიას, მათ შორის კახსა და მაშაბაშს.
1601 წელს ქართლ-კახეთზე შაჰ აბასის მიერ გალაშქვრის შემდეგ, სასულთნოს მიწებზე უფლება დუმტკიცდა ადი-კურკულუ-ბეგის ძეს ალი-სულთანს. ფირმანში გამეორებულია თამაზ I-ის ტექსტი.
1604 წელს აბას I-მა კახეთის მეფე კონსტანტინე I-ს საჩუქრად ხელახლა გამოსთხოვა წუქეთი, რომელიც კვლავ კახეთის სამეფოს ჰქონდა დაბუნებული და გადასცა გამაჰმადიანებულ ქართველ თავად ვახვახიშვილს, ალი-ბეგს, რომელსაც სულთნობა უბოძა.
1607 წელს ოსმალეთის სულთანმა აჰმედ I-მა ალი-სულთან ბეგს დუმტკიცა სოფლები მეშაბაში, კახი, ზარნა, ყუმი და ლექეთი.
1609 წელს ოსმალეთის სულთანი ოსმან II ფირმანით უმტკიცებს ალი-სულთანს დაკავებულ მიწებს, მათ შორისაა: კახი, მეშაბაში, ზარნა, ლექეთი, ყუმი და ალაგეზი (სავარაუდოდ ალიბეგლო).
1616 წელს შაჰ-აბას I-მა წახური დაუქვემდებარა შირვანის ბეგლარ-ბეგს იუსუფს.
1632 წელს, 1627 წლით დათარიღე ფირმანით მაჰმად-ხანს სპარსეთის შაჰმა სეფი I დაუმტკიცა ელისუს სასულთნოს მიწები და დაავალა კახეთის სამეფოში ლაშქრობა, ხოლო ქართლში როსტომის დანიშვნის შემდგომ, როსტომთან კოორდინაციაში ყოფნა.
1642 წლის ფირმანით შაჰ აბასი I, მაჰმად-ხანის ძეს ხალილ-ბეგს დაუმტკიცა სასულთნოს მიწები.
1695 წელს შაჰ ჰუსეინმა წუქეთის მმართველს ალი-სულტანს დაუმტკიცა ელისუს სასულთნო.
1701 წელს სპარსეთის შაჰმა ჰუსეინმა ელისუს სულთანს დააავალა მიშველებოდა დაღესტნის შამხალს კავკასიაში შესული 60-ათასიანი რუსეთის ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
1722 წელს შაჰმა ალი-სულთან შაქელი დანიშნა შაქისა და წახურის ბეგლარბეგად.
1747 წელს ნადირ-შაჰის ძმისშვილი იბრაჰიმ აფშარი ფირმანით დაუმტკიცა აჰმად-ხანს ელისუს სასულთნოს.
1802 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს მიერთებისთანავე დაიწყო კავკასიაში მეზობელი რეგიონების ათვისების პროცესი. აღნიშნულის გამო, საქართველოს მთავარმართებელმა გენერალ-ლეიტენანტმა კ. კნორინგმა მოუწოდა ჭარელ ლეკებს დაენებებინათ თავი მანამდე ნაჩვევი მძარცველური თავდასხმებისაგან და შესთავაზა შეხვედრილიყვნენ თბილისში მოსალაპარაკებლად. ჭარელი ბეგები შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ. ამის გარდა ცნობილი გახდა, რომ ლეკებთან იმალებოდა ქართლ-კახეთის სამეფო კარის მემკვიდრე ალექსანდრე ბატონიშვილი. იგი მცდელობას არ უშვებდა ხელიდან განედევნა კავკასიიდან რუსეთი. 1802 წელს კნორინგის მაგივრად დაინიშნა პ. ციციანოვი. მან გენერალი გულიაკოვი სათავეში ჩაუყენა სამხედრო რაზმს ჭარის ოლქში საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად. 1803 წლის თებერვალში ციციანოვმა გულიაკოვს დაავალა, გადაეცა ჭარელი ბეგებისთვის ალექსანდრე ბატონიშვილის გადმოცემის მოთხოვნა. ამასთანავე ციციანოვმა მისწერა მადლიერების წერილი ნუხელ მაჰმედ-ჰასან-ხანს შუამავლობისათვის და ჩამოუწერა ხუთ-პუნქტიანი მოთხოვნა ჭარელი ბეგებისთვის გადასაცემად.
1803 წლის მარტში, გენერალ გულიაკოვის მიერ ჭარ-ბელაქნის აღების შემდეგ, დანებებული ლეკი ბეგების წარმოამადგენლები, მათ შორის ელისუს სასულთნოდან გაგზავნილ იქნენ თბილისში ერთგულების ფიცის დასადებად. თბილისში ჩასულმა ლეკების უფლებამოსილმა პირებმა დადეს ერთგულების ფიცი და აღიარეს საუკუნის წინ მიტაცებული მიწების საქართველოს მიმართ კუთვნილება. ხელმოწერით, ჭარის საზაგადოებამ და ელისუს სასულთნოს წარმომადგენლებმა (მოლა-იუზბაში, შოკალი-იუზბაში და მირზა-ჰუსეინ-ოღლი) საკუთარ თავზე აიღეს ვალდებულება: ეხადათ ხარკი რუსეთისთვის, ჩაეყენებინათ ადგილზე რუსული ჯარი, მძევლად დაეტოვათ ბეგების ოჯახის შვილები. იმავე წერილში ელისუს სასულთნო „მეგობრულად“ იყო მოხსენიებული, ისევე როგორც მისი მმართველი ალი-სულთანი.
1803 ივნისში, ციციანოვი თავის წერილში უკმაყოფილობას გამოთქვამდა ჭარელი ლეკების მიერ ხელმოწერილი ვალდებულებების არასათანადო შესრულების გამო. ამის გამო მან, ჭარის პროვინციასთან დისლოცირებულ რუსეთის არმიის გენერალ ორბელიანს დაავალა, აქტიურად ედევნებინა თვალყური ჭარელთა მოქმედებებზე. ციციანოვის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ჭარელი ლეკები, დაღესტნელი ლეკების იმედად აგრძელებდნენ ურჩობას. ასე მაგალითად: 1803 წელს ხარკის თანხას დააკლეს 1000 ჩერვონეცი, ხოლო 1804 წელს საერთოდ არ გადაიხადეს არაფერი.
1804 წლის მარტს ციციანოვმა ჭარელ ბეგებს მისწერა მუქარის წერილი, რასაც მოჰყვა დაუყოვნებლივი რეაგირება. ბეგებმა თბილისში წარავლინეს წარმომადგენლები და ხარკის ნაწილი. ისინი მიზეზობდნენ, რომ ხარკის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ელისუს სულთნის ალი-სულთნის მიერ ხარკის დაყოვნების გამო.
1805 წელს ჭარელმა ბეგებმა, ალი-სულთნის მიერ არადროული ხარკის გადახდის მიზეზით გადააყენეს იგი და მის მაგივრად აირჩიეს ელისუს ყოფილი სულთანი აჰმედ-ხანი. პ. ციციანოვმა შეიტყო რა აღნიშნული ცვლილება, მკაცრად უსაყვედურა თავად ორბელიანს. განრისხებულმა ციციანოვმა შეკრიბა ლაშქარი და კვლავ დაიმორჩილა ჭარ-ბელაქანი და ელისუს სასულთნო.
1807 წელს სულთანი აჰმად ხანი გამოცხადდა ქალაქ თბილისში და რუსეთის იმპერიის მორჩილების პირობა დადო, ხოლო მისი ძე მძევლის სახით დაუტოვა მეფის რუსეთის ხელისუფლებას. ერთგულების ნიშნად საქართველოს მთავარმართებელმა გრაფმა ი. გუდოვიჩმა მას პოლკოვნიკობა მიანიჭა. მიუხედავად ფიცისა, ელისუელი ლეკები პაერიოდულად მონაწილეობდნენ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებში, ხოლო აჰმედ-ხანი ცდილობდა მორგებოდა ჭარელ ბეგებისა და რუსეთის მოთხოვნილებებს. სასულთნოში და ზოგადად რეგიონში ვითარება უცვლელი დარჩა ა. ერმოლოვის დროსაც.
1826 წელს აჰმედ-ხანი მონაწილეობდა რუსეთის მხარეზე სპარსეთის ომში, მაშინ, როდესაც ჭარ-ბელაქნელები განუდგნენ რუსეთს და იბრძოდნენ სპარსელების მხარეზე. ომის დასრულებისთანავე საქართველოს მთავარმართებელმა გენერალ-ფელდმარშალმა ი. პასკევიჩმა კვლავ დაიმორჩილა ჭარ-ბელაქანი და ელისუს სასულთნოსთან ერთად დაუდო ახალი პირობა.
1830 წელს უმაღლესი განკარგულებით რუსეთის იმპერიაში დაპყრობილ ჭარ-ბელაქნის ტერიტორიაზე შეიქმნა ჭარ-ბელაქნის ოლქი, რომელიც თავის მხრივ დაყოფილი იყო სამ მაღალად (სანაიბოდ, ანუ სასულთნოდ). ელისუს სასულთნო აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულში არ შედიოდა, თუმცა ექვემდებარებოდა ჭარ-ბელაქნის ოლქის მეთაურს.
1830 წელს აჰმედ-ხანი გარდაიცვალა. მის მაგივრად სულთნად დაინიშნა აჰმედ-ხანის ვაჟი მუსა-ბეგი, ხოლო მისი სიკვდილის მერე, აჰმედ-ხანის შემდეგი შვილი დანიელ-ბეგი. შემდგომი ათი წლის მანძილზე რეგიონში დაისადგურა სიმშვიდემ და გადაწყდა ოლქში სამხედრო მართველობის — სამოქალაქოთი ჩანაცვლება.
1840 წლის 17 აპრილს დამტკიცებული პროექტის მიხედვით, ჭარ-ბელაქნის ოლქისა და ელისუს სასულთნოს ბაზაზე შეიქმნა ბელაქნის მაზრა, რომელიც თავის მხრივ მიუერთეს საქართველო-იმერეთის გუბერნიას. მაზრა დაყოფილი იყო სამ განყოფილებად: ბელაქნის, ენისელის და ელისუს. ეს უკანასკნელი მოიცავდა სასულთნოს ტერიტორიას სრულად და მის მართველად კვლავინდებურად ელისუს სულთანი განაგებდა.
1842 წელს სამხედრო მინისტრის ა. ჩერნიშოვის მიერ კავკასიის მხარის შემოვლისას, გენერალ ე. გოლოვინს დაავალა, რათა ბელაქნის მაზრა გარდაექმნა ბელაქნის ოლქად და დაექვემდებარათ სპეციალურ სამხედრო მეთაურისთვის, ხოლო ოკრუგის სამოქალაქო საკითხები ისევ საქართველო-იმერეთის გუბერნიის დაქვემდებარებაში დარჩენილიყო.
გენერალ ა. ნეიდგარტის მართველობის დროს, ოლქის სამხედრო მეთაურისთვის მეტი უფლებების მისანიჭებლად დაუქვემდებარეს ლეკეთის ხაზის მეთაურს გენერალ-მაიორ გ. შვარცს, ხოლო სამოქალაქო საკითხებში კვლავინდებურად გუბერნიის დაქვემდებარებაში დარჩა. სამხედრო და სამოქალაქო უწყებებს შორის უფლებათა კონფლიქტის თავის არიდების მიზნით სამოქალაქო ადმინისტრაციას მიეცა აღნიშნულ სიტუაციაში მოქმედების ინსტრუქცია.
1844 წელს რეგიონში რთული ვითარების გამო, გენერალ ნეიდგარდმა გადაწყვიტა გამოეყო ბელაქნის ოლქი საქართველო-იმერეთის გუბერნიიდან და სრულიად დაექვემდებარებინა მხოლოდ ერთი ადამიანისათვის „ჭარ-ბელაქნის ოკრუგის სამხედრო მეთაურისთვის“, მიენიჭა რა მისთვის სამხედრო და სამოქალაქო უფლებები.
1844 წლის 16 ივნისს სულთანი დანიელ-ბეგი რუსეთის ხელისუფლებას განუდგა მისთვის უფლებების შემცირების გამო და ელისუს მეჩეთში ერთგულების ფიცი შამილს დაუდო. 17 ივნისს გენერალმა გ. შვარცმა დაიბარა სულთანი ზაქათალში. 18 ივნისს გენერალი გ. შვარცი ზაქათალიდან ელისუსკენ გაემართა. 20 ივნისს მან მიაღწია სასულთნოს საზღვრებს, სადაც გაიმართა მცირე შეტაკება სასულთნოს მილიციასთან. აქ რუსეთის ჯარი 5 დღით შეჩერდა და 25 ივნისს აგათასთან დაამარცხა დანიელ-ბეგის 3 ათასიანი ჯარი. რუსულმა შენაერთებმა ადგილზე 8 დღე დაიბანაკეს. 3 ივლისს გენერალი შვარცი თავისი ჯარით დაეცა ელისუს და აიღო ქალაქი შტურმით. 8 აგვისტოს რუსებმა აულ ნახში დააწესეს საკუთარი ადმინისტრაცია. ქალაქი ელისუ მთლიანად იქნა განადგურებული, მხოლოდ ქალაქის მეჩეთი დარჩა ხელუხლებელი. ასე გარდაიქმნა პატარა სასულთნო ჩართალახის ოლქის ადმინისტრაციული ერთეული.[1]
დანიელ-ბეგი შამილთან გაიქცა, სასულთნომ კი არსებობა შეწყვიტა. იგი ჭარ-ბელაქნის ოკრუგში ჯერ ელისუს განსაკუთრებული ოკრუგის სტატუსით შეიყვანეს, ხოლო შემდეგ გარდაქმნა ელისუს განყოფილებად იმავე ოკრუგში.
1860 წლის 20 აპრილს ჭარ-ბელაქნის ოკრუგი გარდაიქმნა ზაქათალის ოკრუგად და დაექვემდებარა ზემო დაღესტნის მეთაურს,[2] ხოლო 18 ივლისიდან კი სამოქალაქო ნაწილში კავკასიის მეფისნაცვალს დაექვემდებარა, სამხედროში — კვლავ დაღესტნის მეთაურს. ოკრუგის მთიანი მაღალები (горные магалы, წუქეთი) გადაეცა სამხრეთ დაღესტანის სამურის ოკრუგს.[3]
ელისუს სასულთნოში პრივილეგირებულ ფენას ბეგები წარმოადგენდნენ. ეს ფენა თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობით ერთფეროვანი არ იყო. ბეგები თავიანთი სოციალური ბუნებით გამოირჩეოდნენ აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა ბეგებისაგან. მათგან განსხვავებით თვიანთ მიწებს მემკვიდრეობით მფლობელობის წესით ინარჩუნებდნენ და ამით ქართული ბატონყმური ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ელემენტს წარმოადგენენ.
თავდაპირველად მმართველებს ირჩევდნენ წუქეთში მცხოვრებ ბეგებს შორის, ხოლო შემდგომ არჩევის ადგილმა ელისუში გადაინაცვლა. ზეპირი გადმოცემის თანახმად, შეუთანხმებლობის გამო ხალხმა ბეგები ამოწყვიტა ოჯახებითურთ, რომლის დროსაც სიკვდილს გადაურჩა მხოლოდ ერთი ბეგის ორსული ცოლი. გაქცეულმა ქალმა თავი ელისუში შეაფარა, სადაც შეეძინა ვაჟი. მოგვიანებით ხალხმა იგი ახალ მმართველად აირჩია. იგი ცნობილი გახდა, როგორც ალი-ბეგი. მას შემდეგ ელისუს მმართველები სულთნებად იწოდებოდნენ.
რეგიონში დიდი გავლენით სარგებლობდნენ ჭარელი ბეგები. ელისუს სასულთნოს ბეგობის პრეტენდენტები მათი მხარდაჭერის სანაცვლოდ ხშირად დიდი ძღვენს ართმევდნენ ხოლმე. ამდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო ჭარელი ბეგების პოზიცია.
ჭარელი ბეგები მხოლოდ ერთადერთხელ ჩაერივნენ სულთნის არჩევისას ფიზიკური ძალით. ეს მოხდა მაშინ, როცა სულთანი იყო ხან-ბაბა-ბეგი. როდესაც ხალხმა აირჩია ახალი სულთანი აჰმედ-ხანი, ხან-ბაბა-ბეგმა მიმართა ჭარელ ბეგებს დახმარებისათვის. ბრძოლის შედეგად ხან-ბაბა-ბეგმა გაიმარჯვა და შეინარჩუნა სკამი. დამარცხებულმა აჰმედ-ხანმა კი დახმარებისათვის ქართლ-კახეთში დამკვიდრებულ რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, რომელთა დახმარებითაც ის კვლავ იქნა დანიშნულ ელისუს სულთნად. ახმედ ხანის შემდეგ ელისუს სულთნის ტიტული არა არჩევითობით, არამედ მემკვიდრეობით გადაეცემოდა.
ზოგადად ელისუს მმართველებსაც და სულთნებსაც არ გააჩნდათ განსაკუთრებული ძალაუფლება. მათი მოვალეობა იყო, ლეკებს შორის წარმოშობილი უთანხმოებისას, მოეწვიათ ჯამაათი და იქ შეესრულებინათ თავჯდომარის ფუნქცია.
სულთნების შემოსავალი არა მთელი სასულთნოს მიწებიდან ფორმირდებოდა, არამედ მთთვის გამოყოფილი ნაწილიდან. შემდგომში, როდესაც ლეკებმა დაიკავეს ალაზნის ზემო დინების ნაპირებიც, მათ ინგილოთა მიწებიც დაემატათ. თავად ლეკებს სულთნის მიმართ ხარკის გადახდა არ ევალებოდათ. პირიქით, ზოგ სულთანს დაწინაურებულ ლეკთან თვითონ მიჰქონდა საჩუქრები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.