From Wikipedia, the free encyclopedia
განა (ინგლ. Ghana) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. შედის დიდი ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში. დასავლეთიდან ესაზღვრება კოტ-დ’ივუარი, ჩრდილო-დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან — ბურკინა-ფასო, აღმოსავლეთიდან — ტოგო, სამხრეთიდან კი — გვინეის ყურე. დედაქალაქი — აკრა.
განის რესპუბლიკა Republic of Ghana განა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Freedom and Justice | ||||||
ჰიმნი: God Bless Our Homeland Ghana |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | აკრა 5°33′ ჩ. გ. 0°15′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ნანა აკუფო-ადო | ||||
- | ვიცე-პრეზიდენტი | მაჰამადუ ბავუმია | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 238 533 კმ2 (91-ე) | ||||
- | წყალი (%) | 3.5 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 27 მილიონი[1] (45) | ||||
- | 2010 აღწერა | 24 658 823 | ||||
- | სიმჭიდროვე | 103,38 კაცი/კმ2 (103-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2016 შეფასებით | |||||
- | სულ | $38.171 მილიარდი (70-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $4390 (126-ე) | ||||
აგი (2014) | 0.579[2] (საშუალო) (140-ე) | |||||
ვალუტა | სედი (GHS ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC±00:00 | |||||
ქვეყნის კოდი | GHA | |||||
Internet TLD | .gh | |||||
სატელეფონო კოდი | 233 |
სიტყვა განა-ს ეტიმოლოგია აღნიშნავს „მებრძოლ მეფეს“ და წარმოადგენდა შუა საუკუნეებში დასავლეთ აფრიკაში არსებული განას იმპერიის მეფის ტიტულს. ეს იმპერია მდებარეობდა გვინეის რეგიონში, უფრო ჩრდილოეთით ვიდრე დღევანდელი განა.[3]
სავარაუდოდ სიტყვა „განა“ ასევე გახდა გვინეის წყაროც, რომელსაც ფრანგები უწოდებდნენ დასავლეთ აფრიკის სანაპიროს (გვინეის ყურე).[4]
დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბების შემდეგ, მანამდე არსებული ოთხი განსხვავებული ნაწილის საერთო იურიდიულ სახელად შერჩეული იქნა „განა“:
ამ პროცესზე პასუხისმგებელი ლორდი უილიამ ჰარის განცხადებით სახელი შერჩეული იქნა „ადგილობრივების სურვილის მიხედვით“.[5]
განის სახელმწიფო მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში. ფართობი: საერთო — 238 533 კმ² (ხმელეთი — 230 013 კმ², წყალი — 8520 კმ²). სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 2093 კმ-ს. აქედან ბურკინა-ფასოსთან (ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით) — 548 კმ-ს, კოტ-დ’ივუართან (დასავლეთით) — 668 კმ-ს, ტოგოსთან (აღმოსავლეთით) — 877 კმ-ს. სამხრეთიდან გარს ერტყმის გვინეის ყურის წყლები. ქვეყნის სანაპირო ზოლის სიგრძეა — 539 კმ.
განას სანაპირო ხაზი (539 კმ) სუსტადაა დანაწევრებული, ბუნებრივი ნავსაყუდელები არ აქვს. სანაპიროს გასწვრივ 15 კმ-მდე სიგანის ზღვისპირა დაბლობია. განის ტერიტორია მოიცავს ვაკეებს, მცირე ბორცვებს, პლატოებს და მთებს. განას აქვს ორი კუნძული — დოდის და ბობოვასის.[6]
განა შეიძლება დაიყოს ოთხ განსხვავებულ ეკორეგიონად: ნაპირის ზონა — ძირითადად დაბალი ქვიშის სანაპიროები, მოიცავს ვაკეებს და სკრებს. იკვეთება ჩრდილოეთიდან მომდინარე რამდენიმე მდინარით.[7] სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ-ცენტრალური განის ტყიანი პლატო შედგება აშანტის მაღლობისა (სიმაღლე 300 მ-მდე) და 200 კმ-ზე გადაჭიმულ კვაჰუს პლატოსგან; ატაკორას მთიანეთი მიყვება განის აღმოსავლეთ სახელმწიფო საზღვარს.[8] ამ ქედის ნაწილია განის უმაღლესი მთა აფაჯა, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 885 მეტრია.[9][10]
განის ტერიტორია შედგება პრეკამბრიული პერიოდის ქანებისაგან. ლეონურ-ლიბერიული ფარის აღმოსავლეთ შემოგარენის ფარგლებში განვითარებულია მწვანეფიქალიანი ვულკანურ-დანალექი სტრუქტურები და ქვედა პროტეროზოური ეონის გრანიტოიდები. ქვედაპროტეროზოურ ქანებთანაა დაკავშირებული ოქროს და მანგანუმის მადნების საბადოები.
განის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ვოლტის სინეკლიზა, რომელიც შედგება არამეტამორფული ქვედაპროტეროზოური და ზედაპროტეროზოური დანალექებისგან, რომლებთანაც დაკავშირებულია რკინის მადნის, ბარიტის და ნავთობის წარმოშობა. ტოგოსთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ გადაჭიმულია ატაკორას მთიანეთის ნაოჭა სისტემა, რომელიც აგებულია ქვედაპროტეროზოური და ზედაპროტეროზოური ტერიგენული და ვულკანურ-სილიციუმიანი და კარბონატული ფენებით, რომლებთანაც დაკავშირებულია რკინის მადნის წარმოშობა. გვინეის ყურის სანაპიროს გასწვრივ განვითარებულია კაინოზოური ჯგუფის და ცარცული სისტემის დანალექები.
ქვეყნის ყველაზე უფრო მთავარი სასარგებლო წიაღისეულია — მანგანუმის მადანი, ოქრო, ალმასი, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი მარაგია ბოქსიტის, ნავთობის, ბუნებრივი აირის, კირქვის, სამშენებლო მასალების და მარილის.
ქვეყნის ადრინდელი სახელწოდება — ოქროს ნაპირი — წარმოიქმნა მდიდარი ოქროს საბადოების დამუშავების დროს ცენტრალური აშანტის რეგიონში (აშანტის საბადოები) და განის სამხრეთში მდებარე დასავლეთ რეგიონში. ეს რეგიონები შუა საუკუნეებში იყვნენ ოქროს მოპოვების მთავარი წყაროები და დღემდე ოქრო ექსპორტის მთავარ დარგად ითვლება. 1914 წლისთვის ოქროს ნაპირი ასევე ცნობილი გახდა, როგორც ალმასის მოპოვების მთავარი რეგიონი. 1915 წელს აღმოჩენილი იქნა მაგნიუმის მდიდარი საბადოები და განა მისი მსოფლიოში წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნების გვერდში დადგა. 1921 წელს აშანტის რეგიონის სამხრეთში აღმოჩენილი იქნა ბოქსიტების მდიდარი მარაგი.
ბოქსიტების, მანგანუმის, ოქროს, ალმასების მსხვილი საბადოები დაკავშირებულია ფუნდამენტის ქვედაპროტეროზოურ სტრუქტურებთან. კაინოზოური ფენების გამოფიტვასთან დაკავშირებულია ბოქსიტების საბადოები, ნეოგენურ-მეოთხეულ ალუვიონური დანალექებთან — ალმასის და ოქროს საბადოები. ატაკორას მთიანეთში მდებარეობს რკინის მადნის საბადოები. დანალექ ქანებში მოიპოვება კირქვა და ბარიტი. სანაპირო რეგიონებში მდებარე მიწის ზედაპირის ღრმულების ცარცული სისტემის დანალექებში და ვოლტის სინეკლიზაში — ნავთობის მარაგის ნიშნები.
განის ყველაზე უფრო ნოტიო — სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჭარბობს წითელ-ყვითელი ფერის ნიადაგი ოქსისოლი. განის მთელი სამხრეთი ნაწილი, სადაც ადრეც იზრდებოდა და დღესაც იზრდება ნოტიო ტროპიკული ტყეები (რომელთა დიდი ნაწილი გაჩეხილია), გვხვდება მეორე სახის წითელ-ყვითელი ფერის ნიადაგი — არკისოლი. ქვეყნის ჩრდილოეთში გვხვდება ნაყოფიერი ყვითელ-ყავისფერი ფერის ნიადაგი — რკინანარევი ლუვისოლი.
განას თავისი კლიმატიდან გამომდინარე აქვს კარგად განვითარებული მდინარეთა ქსელი, რომელიც მხოლოდ ქვეყნის სამხრეთ ნაწილს შეეხება, სადაც კლიმატი უფრო ნოტიო და წვიმიანია. განის მთავარი და ყველაზე უდიდესი მდინარე — ვოლტა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიედინება და ჩაედინება ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში, ხოლო მდინარის აუზს ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უკავია. მდინარე ვოლტის სათავე მდებარეობს ბურკინა-ფასოს ტერიტორიაზე, როგორც მდინარე შავი ვოლტა და ცენტრალურ განაში იკვებება ორი დიდი შენაკადით — თეთრი ვოლტა და ოტი. მრავალრიცხოვანი ჩანჩქერებისა და ჭორომების გამო მდინარეები სანაოსნოდ გამოუსადეგარია. ქვეყანაში ასევე არსებობენ მდინარეები — პრა, ანკობრა და ტანო, რომლებიც ჭორომიანებია, წვიმიან სეზონში დიდდებიან და მათ სანაოსნოდ იყენებენ.
განაში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე უფრო დიდი ხელოვნური წყალსაცავი — ვოლტის წყალსაცავი, რომლის ფართობი 8500 კმ²-ს შეადგენს. ის წარმოიქმნა მდინარე ვოლტის კალაპოტის გადაკეტვით და იქ აკოსომბოს ჰიდროელექტროსადგურის აშენებით. განაში ერთადერთი ბუნებრივი ტბაა — ბოსუმტვი.
განა მდებარეობს სუბეკვატორულ სარტყელში, რომელშიც ხდება წვიმიანი და მშრალი სეზონების მუდმივი მონაცვლეობა. წელიწადის დიდი ხნის მანძილზე მშრალი ამინდია. კლიმატი სუბეკვატორულია, სამხრეთ-დასავლეთით — ეკვატორულში გარდამავალი. ბუნებრივ-კლიმატური თვალსაზრისით განა დაყოფილია სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად. სამხრეთში კლიმატი ნოტიოა, ჭარბობს ძნელადგამავალი მარადმწვანე ტროპიკული ტყეები, ჩრდილოეთი მშრალი რეგიონია სავანებით და ბუჩქნარებით. ნოემბერ-თებერვალში ქრის ჰარმატანი — ჩრდილოეთის მშრალი, მტვრიანი ქარი, მაგრამ სანაპირო რეგიონებში მისი გავლენა პრაქტიკულად არ იგრძნობა. წვიმებიან სეზონში ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი წარმოადგენს ყველაზე უფრო დიდი რაოდენობით მოსული ნალექების ზონას (2000 მმ-ზე მეტი წელიწადში). ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში მაღალია და მხოლოდ ჩრდილოეთში ეცემა დაბლა და ისიც ღამით. თვის საშუალო ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და ტყიან რეგიონებში მერყეობს +28 °С-დან +30 °С-მდე საზღვრებში, ხოლო ჩრდილოეთში +16 °C-დან +33 °С-მდე საზღვრებში. ყველაზე თბილი თვის (მარტი) საშუალო ტემპერატურაა +27 °C-დან (სამხრეთი) +32 °C-მდე (ჩრდილოეთი). ყველაზე ცივი თვის (აგვისტო), შესაბამისად +23 °C-დან +26 °C-მდე. წელიწადში აკრის რაიონსა და სანაპიროს აღმოსავლეთ ნაწილში საშუალოდ მოდის 750-1000 მმ ნალექი, სანაპიროს დასავლეთ ნაწილსა და აშანტის პლატოზე 1500-2000 მმ, სანაპირო რეგიონის სამხრეთ-დასავლეთში, აკსიმის სიახლოვეს 1800-2100 მმ და ჩრდილოეთით ტამალში 1000-1200 მმ.
განის ტერიტორიის დიდი ნაწილი გვინეის რეგიონის სავანითაა დაფარული – აქ იზრდება მაღალი ბალახები და ადგილობრივი ჯიშის ხეები. მდინარეების ხეობებში გვხვდება გალერეული ტყეები. განის უკიდურეს ჩრდილოეთში გვინეის სავანა იცვლება უფრო გაიშვიათებული და მცენარეული საფარით ღარიბი სუდანის რეგიონის სავანით. დაბლობ ზონებში, განსაკუთრებით სანაპირო რეგიონში და აშანტის პლატოზე, ხარობს ნოტიო, მარადმწვანე ტროპიკული ტყეები. აშანტის პლატოზე ტყემ განიცადა მნიშვნელოვანი დეგრადაცია ადამიანის სასოფლო-სამეურნეო მოღვაწეობის გამო. სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპირო დაბლობზე ხარობს ეგრეთ წოდებული სანაპირო სავანა, რომელიც გაჩნდა ტროპიკული ტყეების გაჩეხვის შედეგად. ტყეებს ქვეყნის ფართობის დაახლოებით 10 % უჭირავს. ოკეანის სანაპირო ზოლში ბუჩქოვანი მცენარეულობაა, ბევრია ზეთისა და ქოქოსის პალმა. ნიადაგები უმთავრესად ლატერიტულია. დღეისათვის აქ სჭარბობს ისეთი ხეები, როგორებიცაა ბაობაბი და გვინეის ელეისი (ლათ. Elaeis guineensis), ხოლო მდინარეების შესართავებთან ხარობენ მანგროს ტყეები.
განაში 60 %-ზე მეტი პირველადი ტროპიკული ტყეები არსებობდა, რომლებიც ადამიანის მიერ იქნა გაჩეხილი და დღეისათვის ეს ტერიტორიები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულებს წარმოადგენს. დაცულ ტერიტორიებს უკავიათ 10,7 ათასი კმ² ფართობი, ანუ ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 4,5 %. ამ ტერიტორიებში შედის 8 ნაკრძალი და ეროვნული პარკი.
მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობამ და ადამიანების ურბანიზაციამ მავნე ზეგავლენა გამოიწვია ცხოველთა სამყაროს რაოდენობაზე. ისეთი დიდი ცხოველები, როგორებიცაა აფრიკული სპილო და აფრიკული კამეჩი, შეიძლება შეგვხვდეს მხოლოდ ნაკრძალებში. ტროპიკულ ტყეებში ბინადრობენ მაიმუნები (შიმპანზე და ადამიანის მსგავსი მაიმუნების ბევრი სხვა სახეობა). სავანებში კი ცხოვრობენ ამ ტერიტორიებისათვის დამახასიათებელი ლომები, აფთრები, ანტილოპები, ხოლო მდინარეებთან სიახლოვეს ნიანგები და ბეჰემოთები. დიდი რაოდენობით გვხვდება ადამიანებისთვის განსაკუთრებით სახიფათო მწერები და ბუზი ცეცე. სავანებში გვხვდება ტერმიტები. მდიდარია ფრინველთა და ქვეწარმავალთა სამყარო, როგორებიცაა გველები პითონი და მამბა.
განის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა. არქეოლოგიური მონაცემები მოწმობენ მასზე, რომ თანამედროვე განის ტერიტორიაზე ადამიანები ცხოვრობდნენ ბრინჯაოს ხანიდან.
ევროპელების მოსვლამდე (XV საუკუნე) თანამედროვე განის ტერიტორიაზე არსებობდა ტომობრივი გაერთიანებები და ადრეფეოდალური ტიპის ადგილობრივი ბევრი პატარა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. XIII—XVII საუკუნეებში არსებობდნენ ქალაქ-სახელმწიფოები, რომელთაგან ყველაზე უფრო დიდები იყვნენ ბეგო (ბეგჰო), ბონო-მანსუ, ლა და შაი, XVII საუკუნეში წარმოიქმნა აშანტის იმპერია. XVII-XVIII საუკუნეებში ევროპელების ჩარევამ შეაჩერა მსხვილი ცენტრალიზებული სახელმწიფოების შექმნის კანონზომიერი პროცესი.
განის ტერიტორიაზე ევროპელთაგან პირველად პორტუგალიელები დამკვიდრდნენ. 1482 წელს ფანტის მიწაზე მათ ააშენეს გამაგრებული ფაქტორია — ელმინა, ხოლო შემდეგ აკსიმის, შამის და სხვა ციხე-სიმაგრეების აშენება. მათ დაიწყეს მონების გაყვანა, დიდი რაოდენობით ოქროს გატანა (აქედან მოდის სახელწოდება „ოქროს ნაპირი”; განა ევროპაში ამ სახელით გახდა ცნობილი). ოქროს ნაპირის სიმდიდრემ მიიზიდა ნიდერლანდები, დანია, შვედეთი, პრუსია, დიდი ბრიტანეთი. XVI საუკუნეში ოქროს ნაპირიდან გატანილი ოქრო შეადგენდა მთელ მსოფლიოში მოპოვებული ოქროს დაახლოებით 10 %-ს.
XVII საუკუნის შუა პერიოდიდან დაწყებული თანამედროვე განის სანაპიროს კოლონიზირებას აქტიურად იწყებს დანიის ვესტინდური კომპანია, რომელიც 1625 წელს დანიის ვესტინდოეთთან სავაჭროდ შეიქმნა კოპენჰაგენში. 1643 წელს აქ დანიელები აარსებენ პირველ სავაჭრო ფაქტორიებს, 1659 წელს — ფორტ ფრედერიკსბორგს, ხოლო 1661 წელს — კრისტიანსბორგს. 1754 წელს დანიის ვესტინდური კომპანიის ლიკვიდაციის შემდეგ დანიის სამეფო გვირგვინის ხელში გადასული დანიის ოქროს ნაპირის კოლონიის მიწებს გარდამავალი წარმატებით ექსპლოატაციას უწევდა მეტროპოლია, რომელსაც პერიოდულად თავს ესხმოდა აშანტის ხალხი, სანამ 1850 წელს დიდ ბრიტანეთს არ მიჰყიდეს 10 000 ფუნტ სტერლინგად.
XIX საუკუნის შუა პერიოდში დიდმა ბრიტანეთმა ოქროს ნაპირიდან განდევნა დანარჩენი ევროპელი კონკურენტებიც, ხოლო 1844 წელს ბრიტანელმა გუბერნატორმა ხელშეკრულება დადო სანაპირო ტერიტორიების მმართველ ფანტის ხალხთან მათ მიერ ბრიტანული პროტექტორატის აღიარების შესახებ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 1843 წელს თავის გამგებლობას დაუმორჩილა ინგლისური ფორტები ოქროს ნაპირზე და იქ თავისი გუბერნატორი (1874 წლამდე ექვემდებარებოდა ინგლისის კოლონია სიერა-ლეონეს გუბერნატორს) დანიშნა. ინგლისელ დამპყრობლებს დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ აშანტის მკვიდრნი. 1896 წელს ინგლისმა დაიპყრო აშანტის ტერიტორია და იგი თავის პროტექტორატად გამოაცხადა, ხოლო 1901 წელს შეუერთა საკუთარ ოქროს ნაპირის კოლონიას და მის შემადგენლობაში ჩართო.
კოლონიაში უზენაესი ხელისუფლება ინგლისელი გუბერნატორის ხელში იყო. 1888 წელს საკანონმდებლო საბჭოს (არსებითად საკონსულტაციო ორგანო) შემადგენლობაში მხოლოდ ერთი აფრიკელი შეიყვანეს. პირველი მსოფლიო ომის ბოლოსათვის მათი რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, თუმცა ყველა მათგანს გუბერნატორი ნიშნავდა. 1920 წელს ბრიტანეთის დასავლეთ აფრიკის ეროვნული კონგრესის შექმნით დაიწყო ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი. 1925 წელს იძულებულები გახდნენ შემოეღოთ ახალი კოლონიური კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო საბჭოში 3 დეპუტატი შეიყვანეს.
მეორე მსოფლიო ომმა დიდი გავლენა მოახდინა ოქროს ნაპირის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. 1945 წელს დაარსდა ოქროს ნაპირის პროფკავშირთა კონგრესი; 1947 წელს შეიქმნა ეროვნული ორგანიზაცია — ოქროს ნაპირის გაერთიანებული კონვენტი, რომელიც ითხოვდა უმოკლეს ვადაში ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებას. 1956 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ოქროს ნაპირის კოლონიას დომინიონის სტატუსი მიანიჭა; 1956 წლის მაისის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე ოქროს ნაპირს შეუერთდა ტოგოს ნაწილი — ბრიტანული ტოგოლენდი.
1957 წლის 6 მარტს გამოცხადდა ოქროს ნაპირის დამოუკიდებლობა განას (დასავლეთ სუდანის ტერიტორიაზე არსებული შუა საუკუნეების სახელმწიფოს სახელი) სახელწოდებით. ამავე დროს, 1957 წლის კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურად ითვლებოდა გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, რომლის წარმომადგენელი იყო გენერალ-გუბერნატორი. 1957 წლის 8 მარტს განა გაეროში მიიღეს. 1960 წლის 1 ივლისს განა რესპუბლიკად გამოცხადდა.
კვამე ნკრუმა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ორიენტაციას აკეთებდა სოციალისტურ ქვეყნებზე, პირველ რიგში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირზე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე. შედეგად ის ატარებდა ისეთ რეფორმებს, რომელიც მიმართული იყო ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის გაძლიერებაზე და კოლონიალური სახელმწიფოებისგან ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულების თავიდან აცილებაზე, მაგრამ ქვეყანაში ძლიერდებოდა უკმაყოფილება მისი ავტორიტარული მმართველობის სტილით, კორუფციით და გარდაქმნის საგრძნობი შედეგების არარსებობით.
1966 წლის თებერვალში ნკრუმა ჩამოაგდო სამხედრო ოფიცერთა ჯგუფმა. ამას მოჰყვა ერთმანეთის შემცვლელი სამხედრო ხუნტების სერია და სუსტი სამოქალაქო მთავრობები. ტარდებოდა კერძო წარმოების განვითარების კურსი.
1979 წლის ივნისში უმცროსმა ოფიცრებმა, სამხედრო-საჰაერო ძალების კაპიტან ჯერი როლინგსის მეთაურობით, მოახდინეს მორიგი გადატრიალება, რომლის შედეგად მოკლული იქნა განის არმიის მეთაური გენერალი ნ. ოდარტი-ველინგტონი. ხელისუფლების ხელში ჩამგდებმა რევოლუციურმა საბჭომ განაცხადა წმენდის ჩატარების შესახებ, რომლის დროსაც დახვრიტეს ბევრი ადრინდელი პოლიტიკური მოღვაწე, ჩინოვნიკები და უფროსი ოფიცრები. 1979 წლის 18 ივნისს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, სადაც გამარჯვებულად გამოცხადდა ეროვნული სახალხო პარტია (მემარცხენე ორიენტაციის, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ კვამე ნკრუმას ბევრი მიმდევარი), რომელმაც პარლამენტში 140 ადგილიდან მიიღო 68, მასთან ერთად პარლამენტში შევიდა კიდევ 5 პარტია.
მაგრამ ეროვნული სახალხო პარტია, მიუხედავად მემარცხენე ორიენტაციისა, არ მოუხდენია ეკონომიკის კერძო სექტორის ლიკვიდაცია და ხელს უწყობდა განაში უცხოურ ინვესტიციებს. ამით უკმაყოფილო ოფიცრებმა, ჯერი როლინგსის მეთაურობით, რომლებმაც 1979 წელს სამხედრო გადატრიალება განახორციელეს, 1981 წლის 31 დეკემბერს მოახდინეს ახალი გადატრიალება. 1982 წელს შეიქმნა სახალხო ტრიბუნალები, რომლებიც პოლიტიკოსების, ჩინოვნიკების, მეწარმეების ახალ წმენდებს ატარებდნენ.
1990 წელს გამოცხადდა სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის დასაწყისი. 1992 წელს მიიღეს ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა მრავალპარტიულობას, მაშინვე მოიხსნა პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობის აკრძალვა. 1992 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანაში გაიმართა პრეზიდენტის პირველი და საპარლამენტო არჩევნები მრავალპარტიულ საფუძველზე. პრეზიდენტად არჩეული იქნა ეროვნული თავდაცვის დროებითი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ჯერი როლინგსი, რომელიც განას მართავდა 19 წლის განმავლობაში. 2000 წლის დეკემბერში ქვეყნის ახალ პრეზიდენტად არჩეული იქნა ჯონ კუფუორი. 2004 წელს ის ამავე პოსტზე ხელახლა აირჩიეს. 2008 წლის დეკემბერში ახალ პრეზიდენტად არჩეული იქნა, ხოლო 2009 წლის 7 იანვარს თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა სოციალ-დემოკრატი ჯონ ატა მილსი.
2012 წლის ივლისში ჯონ ატა მილსის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა ვიცე-პრეზიდენტი ჯონ დრამანი მაჰამა, რომელიც გახდა განის მეოთხე რესპუბლიკის მეოთხე პრეზიდენტი. იმავე წლის დეკემბერში მან გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში.
2016 წლის 7 დეკემბრის მორიგ არჩევნებზე ჯონ დრამანი მაჰამამ წააგო ახალი პატრიოტული პარტიის წარმომადგენელ ნანა აკუფო-ადოსთან, რომელიც თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2017 წლის 7 იანვარს.
საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის 275 ადგილიან, ერთპალატიან პარლამენტს, რომელიც 4 წლის ვადით ირჩევა პირდაპირი საყოველთაო არჩევნების გზით. 2016 წლის 7 დეკემბერს ჩატარებული საყოველთაო საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის პარლამენტში მოხვდა მხოლოდ 2 პარტია: ახალი პატრიოტული პარტია (171 დეპუტატი) და ეროვნული დემოკრატიული კონგრესი (104 დეპუტატი).[11]
აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობა. კონსტიტუციის თანახმად, განის პრეზიდენტი სახელმწიფოს და მთავრობის, ასევე შეიარაღებული ძალების მეთაურია. პრეზიდენტი ირჩევა პირდაპირი, საყოველთაო არჩევნების გზით 4 წლით და ამ პოსტის დაკავება შეუძლია არაუმეტეს ორი ვადისა. 2017 წლის 7 იანვარს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა ნანა აკუფო-ადო.[12]
ადრე გავლენიანი და დღეისათვის გაუქმებული პოლიტიკური პარტიებია: ოქროს ნაპირის გაერთიანებული კონვენტი (1946—1951), გაერთიანებული პარტია (1957—1964), ეროვნული სახალხო პარტია (1979—1981).
ქვეყნის უმაღლესი იურიდიული ორგანოა განის უზენაესი სასამართლო.
განის შეიარაღებული ძალები (ინგლ. Ghana Armed Forces) — ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის დანიშნულებაა ქვეყნის თავდაცვა, თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვა. იგი პოლიტიკური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი იარაღია.
განის შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისაგან (ინგლ. Ghana Army), სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან (ინგლ. Ghana Navy) და სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან (ინგლ. Ghana Air Force).
განის შეიარაღებული ძალები დაკომპლექტებულია მხოლოდ კონტრაქტულ საფუძველზე, 18 წელს მიღწეული მამრობითი სქესის პირებით. მოქალაქეების იძულებითი ფორმით ჯარში გაწვევა პრაქტიკაში არ არის მიღებული.
განის რესპუბლიკა ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყოფა 10 რეგიონად, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან ოლქებად. 2012 წლის 28 ივნისის შემდეგ ოლქების რიცხვი 216-ს შეადგენს.[13]
№ | რეგიონი | რეგიონი (ინგლისური) | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2010)[14][15][16] |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|---|
1 | აშანტი | Ashanti | კუმასი | 24 389 | 4 780 380 | 196,01 |
2 | დიდი აკრა | Greater Accra | აკრა | 3245 | 4 010 054 | 1235,76 |
3 | ბრონგ-აჰაფო | Brong Ahafo | სუნიანი | 39 557 | 2 310 983 | 58,42 |
4 | ზემო აღმოსავლეთი | Upper East | ბოლგატანგა | 8842 | 1 046 545 | 118,36 |
5 | ზემო დასავლეთი | Upper West | ვა | 18 476 | 702 110 | 38,00 |
6 | ვოლტა | Volta | ჰო | 20 570 | 2 118 252 | 102,98 |
7 | აღმოსავლეთი | Eastern | კოფორიდუა | 19 323 | 2 633 154 | 136,27 |
8 | დასავლეთი | Western | სეონდი-ტაკორადი | 23 921 | 2 376 021 | 99,33 |
9 | ჩრდილოეთი | Northern | ტამალე | 70 384 | 2 479 461 | 35,23 |
10 | ცენტრალური | Central | კეიპ-კოსტი | 9826 | 2 201 863 | 224,09 |
სულ | 238 533 | 24 658 823 | 103,38 |
განის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს — 98 %-ს შეადგენენ შავკანიან აფრიკელებს, რომლებსაც მიუხედავად მოსახლეობის უმრავლესობისა, აქვთ გარკვეული შერეული შთამომავლობის ტიპი.[22][23][24] განა — მრავალეროვანი სახელმწიფოა.[25] ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია — აშანტი. განის ტერიტორია დასავლეთ აფრიკაში დაუკავებელი და დაუსახლებელი იყო ჩვენს წელთაღრიცვამდე X საუკუნიდან[26] ჩვენი წელთაღრიცხვის X საუკუნის ჩათვლით. გუანის ხალხი იყო განის თანამედროვე ტერიტორიის პირველი დამსახლებლები. XVI საუკუნეში აკანებმა შექმნეს ბონოს სამეფო (თანამედროვე ბრონგ-აჰაფოს რეგიონი) და დაიმორჩილეს ამ რეგიონში მცხოვრები სხვა მოსახლეობა.
2010 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით განის ტერიტორიაზე ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ხალხია აკანები და ისინი შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 47,5 %-ს. მათ შემდეგ მოდის მოლე-დაგბანის ტომის ხალხი, რომელთა რაოდენობა მაცხოვრებელთა 16,6 %-ია. ევეს ტომის ხალხის რაოდენობა შეადგენს 13,9 %-ს, ადანგმეს — 7,4 %-ს, გურმას — 5,7 %-ს, გუანის — 3,7 %-ს და გურუნსის — 2,5 %-ს.[17]
თავისი რაოდენობით მოლე-დაგბანის ხალხი ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანია ჩრდილოეთის (52,7 %), ზემო აღმოსავლეთის (74,7 %) და ზემო დასავლეთის (73,0 %) რეგიონებში, ევეს ტომის ხალხი ვოლტის რეგიონში — 73,8 %, ხოლო დანარჩენ 6 რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ აკანები.[17]
განა მრავალენოვანი ქვეყანაა, რომელშიც დაახლოებით 80 ენაა.[27] მათგან ინგლისური ენა, რომელიც ქვეყანამ კოლონიალური ეპოქიდან შთამომავლობით მიიღო, ოფიციალურ და ერთა შორის საურთიერთობო ენას წარმოადგენს.[28][29] განის მკვიდრ ხალხთა ენებს შორის ყველაზე უფრო გავრცელებულია აკანის ენა.[30]
განაში ცხოვრობს 70-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი ენა.[31] მაგრამ იმავე ეთნიკურ ჯგუფს მიკუთვნებული სხვადასხვა ენები, როგორც წესი, ურთიერთგასაგებია. მაგალითად განის ჩრდილოეთის რეგიონის დაგბანის და მამპრუსის ენები გასაგებია ზემო აღმოსავლეთი რეგიონის ფრაფრას და უალის ენებთან.[32] ეს 4 ენა მიეკუთვნება ოტი-ვოლტას ენებზე მოლაპარაკე ეთნიკურ ჯგუფს. 11 ენას აქვს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ენების სტატუსი: 4 აკანის ენა (ტვი, აშანტი, ფანტე და ნზემა) და 2 ოტი-ვოლტას ენა (დაგარი და დაგბანი). დანარჩენები ევე, ადანგმე, გა, გონჯა და კასენა.[33]
განაში სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის შეფასებით შემდეგნაირია: აშანტი — 16 %, ევე — 14 %, ფანტე — 11,6 %, ბრონგი — 4,9 %, დაგბანი — 4,4 %, ადანგმე — 4,2 %, დაგომბა — 3,9 %, კონკომბა — 3,5 %, აკიემი — 3,2 %, გა — 3,1 %, სხვა — 31,2 %.[34]
განის მოსახლეობის უმრავლესობა 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების თანახმად ქრისტიანია — 71,2 %.[17] ქვეყნის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ქრისტიანული კონფესიებია ორმოცდაათიანელები (28,3 %[17]), პროტესტანტები (18,4 %[17]) და კათოლიკები (13,1 %[17]). სხვა დიდი კონფესიების მიმდევრები, რომლებიც თითოეული რამდენიმე ასეულ ათას მორწმუნეს მოითვლის, არიან მეთოდისტები, პრესვიტერიანები, ახალაპოსტოლური ეკლესიის წევრები, მეშვიდე დღის ადვენტისტები და შეადგენენ 11,4 %-ს.[17]
2010 წლის აღწერის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის 17,6 % მუსლიმია, 5,2 % კი ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევარია[17]. სხვა რელიგიების აღმსარებლები ქვეყანაში მოსახლეობის 0,8 %-ს შეადგენენ, ხოლო არარელიგიურები კი 5,3 %[17].
განის ეკონომიკა, ტაივანის ანალოგიურად, წარმოადგენს მრეწველობის სხვადასხვა დარგების ჰიბრიდულ განვითარებას წარმოების ძირითადი საშუალებების ზრდით და ციფრული ტექნოლოგიების ექსპორტით ავტომობილების და გემების აწყობასთან და ექსპორტთან, მდიდარი და მრავალფეროვანი საწარმოო სარესურსო ნედლეულის გატანასთან, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან, პირველ რიგში, კაკაოსთან, ნავთობთან და ბუნებრივ აირთან ერთად,[35] და დარგებთან, როგორებიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, პირველ რიგში განის სახელმწიფო ციფრული ტექნოლოგიების კორპორაცია „Rlg Communications“, რომელიც აწარმოებს პლანშეტურ კომპიუტერებს სმარტფონებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკას.[36][37]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.