მუნიციპალიტეტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში From Wikipedia, the free encyclopedia
გაგრის მუნიციპალიტეტი (აფხ. Гагра амуниципалитет) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკში.
ადმინისტრაციული ერთეული | ||||
---|---|---|---|---|
გაგრის მუნიციპალიტეტი აფხ. Гагра амуниципалитет | ||||
ქვეყანა | საქართველო | |||
ავტონომიური რესპუბლიკა |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა | |||
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი | |||
ადმ. ცენტრი | გაგრა | |||
კოორდინატები | 43°20′24″ ჩ. გ. 40°15′39″ ა. გ. | |||
ფართობი | 772 კმ² | |||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | |||
სატელეფონო კოდი | (443) | |||
საფოსტო ინდექსი | 6700–6799 | |||
| ||||
გაგრის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და შავი ზღვის ვიწრო სანაპირო დაბლობ ზოლში. დასავლეთით (მდინარე ფსოუ) და ჩრდილოეთით (კავკასიონის მთავარი ქედი) ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით (მდინარე ბზიფზე) — გუდაუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით — შავი ზღვა. ფართობი 772.4 კმ2, მოსახლეობა 82.4 ათ. კაცი (1991).
დღევანდელი გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უძველეს დროს I საუკუნემდე ეგრისში შედიოდა. II-III საუკუნეებიდან ეს მხარე თანდათანობით აბაზგებმა დაიკავეს. VI საუკუნეში იგი აბაზგიის (აფხაზთა) სამთავროს ეკუთვნოდა და ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. VIII საუკუნის დასასრულიდან „აფხაზთა სამეფოში“, ხოლო X საუკუნის დასასრულიდან ერთიანი საქართველოს სამეფოში იყო. საქართველოს ერთიანობის ხანაში ამ ტერიტორიას აფხაზეთის ერისთავები მართავდნენ, XVII საუკუნის დასაწყისიდან აფხაზეთის სამთავროში შედიოდა.
რუსეთის იმპერიის მიერ შავი ზღვისპირეთის დაპყრობის პროცესში, შავიზღვისპირეთის მთიელი მოსახლეობისაგან განსხვავებით აფხაზეთის მთავრები რუსეთის მოკავშირეები იყვნენ, რის გამოც აფხაზეთის სამთავრომ (ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი — გაგრის ქედი) თავისი თვითმმართველობა 1864 წლამდე აფხაზეთის სამთავროს გაუქმებამდე შეინარჩუნა. 1866 წელს სამთავროს საზღვრებში ჩამოყალიბდა რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული — სოხუმის სამხედრო განყოფილება.
1883 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილების ტერიტორია, სოხუმის ოკრუგის სახით ქუთაისის გუბერნიის ადმინისტრაციული ერთეული გახდა, ხოლო 1903 წლის 17 მარტის დადგენილებით სოხუმის ოკრუგი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო ქუთაისის გუბერნიას[1]. 1904 წლის 25 დეკემბერს პრინც ა. ოლდენბურგის მოთხოვნით გაგრის კლიმატური სადგური მიმდებარე ტერიტორიით (მდ. ბზიფის აუზი სრულად) შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგის შემადგენლობაში გადავიდა[2], რის შედეგადაც სოჭისა და სოხუმის ოკრუგებს შორის საზღვარმა ბზიფის აღმოსავლეთ წყალგამყოფ ქედზე გადაინაცვლა. საზღვრის 1904 წლის ცვლილების გამო გაგრის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია შავიზღვისპირეთის გუბერნიაში მოექცა.
1918 წელს სოჭის კონფლიქტის დროს ქართულმა მხარემ სოჭის ოკრუგის ტერიტორია ტუაფსემდე დაიკავა. 1919 წელს რუსეთის მენშევიკთა არმიამ ანტონ დენიკინის მეთაურობით, შესძლო სოჭის ოკრუგის ქართული ძალებისაგან განთავისუფლება. გარკვეული პერიოდი არსებობდა დავა საზღვრის გავლებასთან დაკავშირებით და ბოლოს 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას შორის გაფორმებული მოსკოვის ხელშეკრულების საფუძელზე საზღვარი ნაწილობრივ მდინარე ფსოუზე (შავი ზღვა — მთა ახახჩა) დადგინდა, ნაწილობრივ კი ახახჩა-აგაფსთის მთების (ფსოუს ზემო დინების წყალგამყოფი) ზოლზე. მიუხედავად საქართველოსა და რსფსრ-ს შორის მიღწეული შეთანხმებისა, აღნიშნული ხელშეკრულება არ იქნა შეტანილი „სსრკ-ს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტების“ (რუს. Документы Внешней Политики СССР) ნუსხაში.
1921 წელს აფხაზეთში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება, ხოლო მის ტერიტორიაზე გამოცხადდა აფხაზეთის სსრ სოხუმის ოკრუგის 1904 წლამდელ საზღვრებში. 1922-1928 წლებში ამიერკავკასიის სფსრ რსფსრ-გან ითხოვდა 1920 წლის შეთანხმების საფუძველზე საზღვრის გადატანას აფხაზეთის სსრ-ის ჩრდილო-დასავლეთით მდინარე ფსოუზე, რაც განხორციელდა 1929 წელს.
1930 წლის ოქტომბერში გაგრის მაზრას გაგრის რაიონი ეწოდა. 1963 წელს გაგრის რაიონი გუდაუთის რაიონს შეუერთეს. 1964 წლის დეკემბერში გუდაუთის რაიონიდან გამოყვეს გაგრის რაიონი. 1973 წელს გაგრის რაიონი გაგრის საქალაქო საბჭოდ გარდაიქმნა. გაგრის საქალაქო საბჭოში შედიოდა 1 საქალაქო (გაგრა), 2 სადაბო (ბიჭვინთა, განთიადი) და 11 სასოფლო საბჭო: ალახაძი, ბაღნარი, ბზიფი, კოლხიდა, ლესელიძე, ლიძავა, მეხადირი, მიქელრიფში (ცენტრი სალხინო), ხაშუფსე, ხეივანი, ხოლოდნორეჩინსკი (ცენტრი ორეხოვო); 1 ქალაქი, 2 დაბა და 46 სოფელი. გაგრის საქალაქო თემის მოსახლეობა 77079 (1989 წ.).
აღნიშნული ტერიტორია სხვადასხვა სახელს ატარებდა:
1921 წლიდან, გაგრის მაზრა საქართველოს სსრ-ის ფარგლებში შექმნილი აფხაზეთის ავტონომიის შემადგენლობაშია. 1923 წელს გაგრის მაზრაში 4 თემი ახალ-გაგრის, კალდახვარ-სომხეთის, ცივი-წყაროს, კოლხიდა-ალახაძის, შედიოდა 7 სოფლით. 1925 წელს გაგრის მაზრაში 5 თემი შედიოდა: ახალ-გაგრის, აფხაზ-კალდახვარის, მინგრელის-კალდახვარის, ალახაძე-კოლხიდის, ხოლოდნაია-რეჩკის (იგივე ცივი-წყაროს). 1930 წელს გაგრის მაზრაში შედიოდა 9 თემი 47 სოფლით და ერთი ქალაქი.
გაგრის მუნიციპალიტეტი საქართველოს სასაზღვრო განაპირა რაიონია, რომელზეც გადის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. გაგრის მუნიციპალიტეტზე სასაზღვრო ზოლი წარმოადგენს პერიმეტრს, რომელიც შედგება მდინარე ფსოუსა (შავი ზღვიდან სოჭის პიკამდე, 55 კმ.) და კავკასიონის მთავარი ქედის (სოჭის პიკიდან აგეფსთის მთამდე, 4.6 კმ) მონაკვეთების ერთობლიობისაგან.
მდინარე ფსოუზე გამავალი სასაზღვრო ზოლი მოქმედებს მას შემდეგ, რაც 1929 წელს ამიერკავკასიის სფსრ-სა და რსფსრ-ს შორის მრავალწლიანი (1922-1929) მოლაპარაკებების შედგად მიიღწია შეთანხმებას, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკას ამიერკავკკასიის სფსრ-ის საქართველოს სსრ-ის აფხაზეთის სსრ-თვის გადაეცა 4 სასოფლო საბჭო მდინარე ფსოუმდე.
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[3] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. |
---|---|---|---|---|---|---|
გაგრის | 52,229 | 67,451 | 73,604 | 81,369 | 82,400 | ოკ. რუს. ფ. |
ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი გაგრა.
დაბები, თემები და სოფლები:
გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლანდშაფტის სამი ტიპია გავრცელებული: ნოტიო სუბტროპიკების ვაკეთა, ნოტიო ჰავიანი მთა-ტყის და მტა-მდელოს, რომლებშიც გამოიყოფა სახეები: 1. სანაპირო ქვიშიან-ხრეშიანი დიენური ზოლი ფსამოფილური მცენარეულობით; 2. ქვიშიანი ვაკე-დაბლობი ფიჭვნარითა და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით; 3. ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობით (ლაფნარ-მურყანით) და ალუვიური ნიადაგებით; 4. დახრილი ვაკე-დაბლობები კოლხური მცენარეულობით, ალვიური და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით; 5. ბორცვიან-ტერასული მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, ყვითელმიწა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; 6. ნოტიო სუბტროპიკული კარსტული დაბალი მთები რცხილნარ-მუხნარითა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; 7. ნოტიო სუბტროპიკული საშუალო მთები წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით, ტიპური და გაეწრებული ყომრალი ნიადაგებით; 8. ნოტიო სუბტროპიკული კარსტული საშუალო მთები წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგაებით; 9. სუბალპური ტყეები და მდელოები მთის ტყისა და მთის მდელოს ნიადაგებით; 10. კარსტის სუბალპური ტყეები და მდელოები მთის მდელოსა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; 11. კარსტის ალპური მდელოები მთის მდელოსა და ტორფიან-კარბონატული ნიადაგებით.
გაგრის მუნიციპალიტეტში მთებს და გორაკებს უჭირავს 80 %, ვაკე დაბლობებს — 20 %. მთავარი ოროგრაფიული ერთეულია გაგრის ქედი და მისი განტოტეტებები — არაბიკის, ახაგის, ბერჭილის და მამძიშხის ქედები. უმაღლესი წერტილია მთა აგეფსთა (3257 მ). ქედების თხემებზე ალპური ტიპის რელიეფია. ტერიტორიის მთიანი ნაწილი აგებულია უმთავრესად ცარცული და იურული კირქვებით, მერგელებით, შუაიურული პორფირიტებით, ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით, სანაპირო დაბლობი — ზღვიური და კონტინენტური მეოთხეული ნალექებით. ფართოდ არის გავრცელებული კარსტული რელიეფის ზედაპირული (ძაბრები, დოლინები და სხვა) და მიწისქვეშა (ჭები, უფსკრულები, მღვიმეები და სხვა) ფორმები. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში ბიჭვინთისა და ლესელიძის ვაკე-დაბლობებია. სანაპირო ზოლში შეჭრილია გაგრისა და ბიჭვინთის უბეები, პლაჟები ქვიშიანია, გაგრასთან — ვიწრო, დაბა ლესელიძესა და დაბა ბიჭვინთასთან — განიერი. უმთავრესი წიაღისეულია ტორფი (ბიჭვინთის მიდამოებში), საშენი მასალა (კირქვა, მერგელი, თიხა, ფიქალი და სხვა), არის აგრეთვე ლითოგრაფიული ქვა, ბარიტი და სხვა. გაგრის მიდამოებში თერმული მინერალური წყაროა.
ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. დაბალ ზონაში იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. მაღლა ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ჰავაა. საშუალო წლიური ტემპერატურა გაგრაში 14,1 °C, გაგრის ქედზე 5,8 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა, შესაბამისად, 6,2 °C და -3,9 °C, აგვისტოში — 24,5 °C და 14,9 °C; აბსოლუტური მინიმუმი -11 °C და -28 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 39 °C და 30 °C. უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა სანაპიროზე 300 დღეს აღემატება, მთებში კი 180-ზე ნაკლებია. სიმაღლებრივი სარტყლების მიხედვით იცვლება ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაც: გაგრაში — 1340 მმ, გაგრის ქედზე — 1740 მმ, მაღალმთიან ზონაში — კიდევ უფრო მეტი.
გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეთა ქსელი კირქვების ფართოდ გავრცელების გამო სუსტადაა განვითარებული. ტერიტორიის საზღვრის გასწვრივ მიედინება მდინარეები ფსოუ და ბზიფი. მდინარე ბზიფი შესართავთან კვეთს გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. მდინარეტა უმრავლესობა კარსტულია (ფხისთა, ხაშუფსა, სანდრიფში, ჟოეკვარა, გაგრიფში და სხვა.). გორაკ-ბორცვიან ზოლში და სანაპიროზე გამოდის მრავალი კარსტული წყარო, მათგან იწყება პატარა მდინარეები: რეპროა, ახიხამცა, ბეგერეფსთა და სხვები. კარსტული მდინარეები ზოგან ზღვაშიც ამოდის. კარსტული წარმოშობისაა, ციხფერი ტბა ბზიფის ხეობაში. ბიჭვინთის დაბლობზე არის პატარა ტბა — ინკითი.
სანაპირო დაბლობ და გორაკ-ბორცვიან ზოლში გავრცელებულია ალუვიური, ტორფიან-ჭაობიანი, სუბტროპიკული ეწერი და ყვითელმიწა ნიადაგები, უფრო მაღლა — ნეშომპალა-კარბონატული, რომელსაც ზემოთ ცვლის ტყის ყომრალი ნიადაგები. 1800-1900 მ-ს ზემოთ მთის მდელოს ნიადაგებია.
ბიჭვინთის კონცხზე, ზღვის ნაპირზე რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვის ტყეა. ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლემდე ფართოფოთლოვანი ტყეებია (მუხა, წიფელი, ნეკერჩხალი, რცხილა და სხვა), მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შქერი, ბაძგი, ბზა, და სხვა). 900-1200 მ-ზე შერეული ტყეების ზონაა (წიფელი და სოჭი). 1200-1800 მ ფარგლებში ძირითადად ბატონობს სოჭი. 1800 მ-დან 2300-2400 მ-მდე სუბალპური ლიხი და მდელოებია, ხოლო უფრო ზემოთ — ალპური მდელოები. სუბალპურ და ალპურ მდელოებს იყენებენ საძოვრებად.
გაგრის მუნიციპალიტეტის სანაპირო დაბლობ და გორაკ-ბორცვიან ზონაში ცხოველთა სამყარო გაღარიბებულია. ტყის ზონაში ბინადრობენ: მურა დათვი, მგელი, ტურა, გარეული კატა, კვერნა, დედოფალა, მაჩვი, გარეული ღორი, ევროპული შველი, ძილგუდა, წყლის თაგვი, შავი და რუხი ვირთაგვა. ფრინველებიდან — ნიბლია, ჩიტბატონა, წივწივა, წიწკანა, სტვენია, შაშვი, კოდალა, ჩხიკვი და სხვა. ქვეწარმავლებიდან — კავკასიური გველგესლა, ხვლიკი და სხვა. მდინარეებში იცის წვერა, ფრიტა, ტობი, ხოლო მდინარეთა ზემო დინებაში — კალმახი.
ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია VI-VII საუკუნის გაგრის ეკლესია, X-XI საუკუნეების ბიჭვინთის მონასტერი, ანტიკური და ადრე შუა საუკუნეების ბიჭვინთის ნაქალაქარი, ბზიფის კომპლექსი (IX-X საუკუნეების ეკლესია, ციხე და კოშკები), VI საუკუნის I ნახევრის ბაზილიკური ეკლესია განთიადში და ციხე მის მიდამოებში, შუა საუკუნეების ციხე „სამების კარი“ სულევოს მიდამოებში და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.