Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაყათარი — „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ოვსთა წინამძღოლის სახელწოდება. შეესაბამება თურქულენოვან საპატიო ტიტულს, „ბაღათურს“. ტერმინი Πακαθαρ გვხვდება ზელენჩუკის ბერძნული ასოებით შესრულებულ საფლავის ქვის წარწერაში (დაახლ. 941 წ., ყუბანის რეგიონი); მის სახეცვლილ ვარიანტს იხსენიებს ასევე არაბი ისტორიკოსი იბნ რუსთა (დაახლ. 903 წ.), როგორც ალანთა მეფის ტიტულს.[1] ოსურ ზეპირსიტყვიერ გადმოცემებში ოს-ბაღათირი ოსების ერთ-ერთი პირველწინაპარია.[2]
შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში ამ სახელით მოხსენიებულია სამი სხვადასხვა ისტორიული პერსონაჟი. ჯუანშერის თხზულებაში ბაყათარი იყო ოსი გოლიათი, რომელიც ორთაბრძოლაში დაამარცხა და მოკლა 16 წლის ვახტანგ გორგასალმა ოვსებზე ლაშქრობის დროს (დაახლ. 450-იანი წწ). „მატიანე ქართლისას“ მიხედვით, ოვსთა მთავარი ბაყათარი ბაგრატ I აფხაზთა მეფისა და ტაოელი ბაგრატიონის, ნასრას მხარეზე იბრძოდა ქართველთა მეფე ადარნასე II-ისა და მისი სომეხი მოკავშირეების წინააღმდეგ და ამ ომში დაიღუპა 888 წელს.[3]
ჟამთააღმწერლის თხზულებიდან ცნობილი ბაყათარი, საქართველოში დამკვიდრებულ ოვსთა მთავარი, მონღოლებთან ერთად ებრძოდა აჯანყებულ მეფე დავით VIII-ს, თავს ესხმოდა და აჩანაგებდა ქართლს. მისი თავდასხმების შეჩერებას ცდილობდნენ ჰამადა და რატი სურამელები. ბაყათარმა გამრეკელ კახას ძეს წაართვა ძამის ციხე (შიდა ქართლში), მაგრამ დაახლ. 1304 წელს დამარცხდა ბექა ჯაყელთან შეტაკებაში და ძამის ციხეს შეაფარა თავი. საბოლოოდ, ალყაშემორტყმული ბაყათარი იძულებული გახდა ბექას დანებებოდა და მალევე გარდაიცვალა. თედო ჟორდანია ამ ბაყათარს აიგივებდა ოსეთში, ნუზალის სამლოცველოს კედელზე ასომთავრულ წარწერაში განდიდებულ ბაყათართან.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.