Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ალანები (ძვ. ბერძნ. Ἀλανοί, ლათ. Alani, Halani, ირან. Aryāna-დან - „არიული“, „კეთილშობილური“) — სკვითურ-სარმატული წარმოშობის მომთაბარე ირანული ტომები. წერილობით წყაროებში მოიხსენიებიან ახ. წ. I საუკუნეში.
ალანების ნაწილმა IV საუკუნის ბოლოდან, მიიღო მონაწილეობა ხალხთა დიდ გადასახლებაში, როდესაც იმ დროს, როგორც დარჩენილები გადავიდნენ მიმდებარე ტერიტორიებზე, კავკასიის მთისწინეთში. რაც ალანთა ტომური კავშირის და ადგილობრივი კავკასიური ტომების გაერთიანების საფუძველი გახდა, ცნობილი როგორც ალანია, ცენტრალურ წინაკავკასიაში ადრეულ ფეოდალური სახელმწიფო, რომელმაც იარსება თათარ-მონღოლთა შემოსევებამდე. IV საუკუნისთვის გოთებში ინტეგრირებული ევროპელ ალანთა გარდა, ცნობილია ალანთა 5 დამოუკიდებელი მსხვილი ჯგუფი: ბასილები (ბარსილები, მასკუტები), მასაგეტები, თერგის ალანები, ტანაიტები და ყირიმის ალანები (ტავროსკვითები). ჩრდილოკავკასიაში V საუკუნეში ცხოვრობდა 4 ალანური გაერთიანება. კავკასიური ალანების 4 მსხვილ ჯგუფად დაყოფა დაფიქსირებული აქვს იბნ-რუსტეს 5-6 საუკუნით გვიან.
ალანებს კავკასიაში ადგილობრივი ყობანური კულტურა დახვდათ. ალანებმა დაიპყრეს ისინი (დაპყრობილებს თავის სახელს არქმევდნენ და ენას ასწავლიდნენ). დამპყრობლები დაპრყობილებთან შედარებით მცირერიცხოვანნი იყვნენ – ამის შედეგია, რომ ოსებში კავკასიური გენეტიკა და კულტურა უფრო სჭარბობს, ვიდრე არიული, ხოლო ენაში ჩრდილოირანული და კავკასიური ელემენტები თანაბრადაა წარმოდგენილი. 378 წელს ჰუნებმა დაამარცხეს ალანები და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპაში გაიყოლეს, სადაც მათ დამოუკიდებელი მოქმედება დაიწყეს. ისინი შევიდნენ ვესტ-გუთების გერმანულ კავშირში და სხვებთან ერთად 410 წელს აიღეს რომი, საიდანაც გადავიდნენ სამხრეთ გალიაში. აქ ისინი გამოეყვნენ ვესტგუთებს, დადეს ხელშეკრულება რომაელებთან და ფლობდნენ მნიშვნელოვან ტერიტორიებს 415 წლიდან 439 წლამდე. მათ მეფეს სამბიდი ერქვა. 457 წელს ახალი მეფე ბეორგორი რომაელებთან ერთად დამარცხდა ვანდალებთან ბრძოლაში ესპანეთში. ბეორგორი ლაშქრავდა ჩრდილო იტალიას, სანამ არ დაიღუპა ქ. ბერგამოსთან 464 წელს. ალანთა მეორე ნაწილი შეურთდა ვანდალებს 406 წელს, გადავიდნენ გალიაში და იქ გაიყვნენ. ნაწილი ისევ გადავიდა რომაელთა სამსახურში და გოარამის მეთაურობით დაფუძნდა მდინარეებს ლუარასა და სენას შორის. აქ უკვე იყო მრავალრიცხოვანი სარმატული კოლონიები და ალანების მოსვლის შემდეგ დაარსდა ჩრდილო-ალანური სამეფო 442 წელს, რომლის დედაქალაქი იყო ორლეანი. 450 წელს გოარამი მოკვდა და მეფე სანგიბანი გახდა, რომლის მეთაურობის ქვეშაც ალანები მონაწილეობდნენ რომაელების ჰუნებთან გადამწყვეტ ბრძოლში კატალაუნის ბრძოლაში 451 წლის 15 ივნისს. ალანთა ამ ნაწილის მეორე ნახევარი ვანდალებს შეურთდნენ და ჰაიზერიხის მეთაურობით ერთად გადავიდნენ ჩრდილო აფრიკაში. აქ ვანდალ-ალანების სახელწმიფომ იარსება 533 წლამდე და შემდეგ ბიზანტიამ გაანადგურა. ადგილზე დარჩენილი ალანების მთავარი საცხოვრებელი ადგილი კავკასია დარჩა მას შემდეგ, რაც ალანური სტეპები დაიპყრეს თურქებმა, შემდეგ კი ხაზარებმა VI საუკუნის შემდეგ. VI–XI საუკუნეებში ალანები გამუდმებით იბრძობდნენ ხაზარების და არაბების წინააღმდეგ. ალანიის მეფეებს ჰქონდათ ნათესაური კავშირები ბიზანტიელ, ქართველ, სომეხ და ხაზრ მეფეებთან, ალანიის დედაქალაქი იყო მაგასი. ქრისტიანობა ალანებმა X საუკუნის დასაწყისში მიიღეს. ჩრდილოეთით ჰქონდათ გუმბათოვანი ეკლესიები, ხოლო სამხრეთ მთიანეთში, ქართველების გავლენით, ბიზანტიურ-კანონიკური.
IX საუკუნეში სლავური დამწერლობის შემქმნელი კონსტანტინ-ფილოსოფოსი ალანებს იმ ხალხთა შორის მოიხსენიებს, რომელთაც „საკუთარი დამწერლობა აქვთ და ღმერთს საკუთარ ენაზე განადიდებენ“. XIII საუკუნეში ფრანგი მისიონერი და მოგზაური ვილემ რუბრუკი ალანებთან ბერძნულად შესრულებულ წერილებს პოულობს. დღესდღეობით დამწერლობის ერთადერთი შემორჩენილი ძეგლია X საუკუნის ქვის ფილა ოსური წარწერით დიდი ზელენჩუკის ხეობიდან.
XII საუკუნიდან იწყება ალანთა დაქსაქსვა და დასუსტება. ჩრდილოეთით და დასავლეთით ისინი შეავიწროვეს თურქულმა ტომებმა – ყივჩაღებმა. 1225 წელს მონღოლეთის 30 ათსიანმა არმიამ ჩინგიზ ხანის მეთაურობით გაანადგურა ალანურ-ყივჩაღური არმია. ამ დროიდან ალანთა სტეპის ნაწილმა დაკარგა დამოუკიდებლობა, იგი მხოლოდ მთიან ნაწილში შემორჩა.
1394-1400 წწ.-ში თემურ ლენგმა საბოლოოდ გაანადგურა ალანები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.