![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e9/EmperorSuleiman.jpg/640px-EmperorSuleiman.jpg&w=640&q=50)
სულეიმან I
From Wikipedia, the free encyclopedia
სულეიმან I კანუნი, სულეიმან კანონმდებელი (თურქ. Muhteşem Süleyman, არაბ. سليمان القانوني; დ. 6 ნოემბერი, 1494 – გ. 7 სექტემბერი, 1566) — ოსმალეთის იმპერიის მეათე სულთანი. ქვეყანას მართავდა 1520-1566 წლებში. სულეიმანი ითვლება ოსმანების დინასტიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პორტამ[1] მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალს.
სულეიმან I დიდებული | |
---|---|
Muhteşem Süleyman | |
![]() | |
ოსმალეთის მე-10 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 30 სექტემბერი, 1520 |
მმართ. დასასრული: | 7 სექტემბერი, 1566 |
წინამორბედი: | სელიმ I |
მემკვიდრე: | სელიმ II |
სხვა წოდებები: | ისლამის ხალიფა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 ნოემბერი, 1494 |
დაბ. ადგილი: | ტრაპიზონი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 7 სექტემბერი, 1566 |
გარდ. ადგილი: | სიგეტვარი, უნგრეთი |
მეუღლე: |
მაჰიდევრანი, ჰიურემი გულფემი ფულანე |
შვილები: |
მურადი მუსტაფა, მეჰმედი, აჰმედი, აბდულა, სელიმი ბაიაზიდი, ჯიჰანგირი მიჰრიმაჰი, რაზიე, ფატმა |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | სელიმ I |
დედა: | აიშე სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: |
![]() |
სულეიმანი დაიბადა 1494 წელს ტრაპიზონში ბაიაზიდ II-ის უმცროსი შვილის, სელიმ I-ისა და ყირიმის ხანის მენლი I გირეის შვილის, აიშე ჰაფსა სულთნის ოჯახში.
იგი ატარებდა აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკას. მის დროს ოსმალეთის იმპერია გაფართოვდა და გაძლიერდა. 1521 წელს აიღო ბელგრადი, მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ შემოიერთა უნგრეთის დიდი ნაწილი. 30-იან წლებში დაიპყრო ერაყი, კ. როდოსი და ეგეოსის არქიპელაგის სხვა კუნძულები, ტრიპოლიტანია, ალჟირი და სხვა ტერიტორიები. სულეიმან I კანუნი შეუპოვარ ბრძოლას ეწეოდა ირანთან კავკასიისათვის.
სულეიმანის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთის იმპერიას საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ჰაბსბურგებთან და საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-სთან. ამ ყველაფერმა, მათ შორის მრავალი კონფლიქტი წარმოშვა, რომელთაგან ყველაზე მწვავე 1541-1547 წლების კონფლიქტი იყო. მისი დაწყება ფერდინანდ I-ის მიერ ბუდის აღებამ გამოიწვია. ჰაბსბურგებმა ბუდის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და ამასთან ერთად, ესტერგომიც დაკარგეს. ასე რომ, კარლი და ფერდინანდი იძულებულნი გახდნენ 1547 წელს ადრიანოპოლის დროებითი ზავის დადებას დათანხმებოდნენ.
სულეიმან I-ის წარმატებებში მნიშვნელოვანი როლი შეჰქონდა იმპერიის საზღვაო ფლოტს, რომელიც იმდროისთვის ძალიან დიდი ძალას წარმოადგენდა. ძლიერმა ფლოტმა იმპერიას მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა და მნიშვნელოვნად გაამყარა მისი პოზიციები ხმელთაშუა ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში. სულეიმანის დროინდელი კაპუდან-ფაშებიდან გამორჩეულია ხაირ ალ-დინ ბარბაროსა, რომლის მეთაურობითაც ოსმალეთის ფლოტმა მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ოსმალეთის ფლოტის ყველაზე შთამბეჭდავ გამარჯვებად 1538 წელს პრევეზის ბრძოლაში გაერთიანებული ქრისტიანული ძალების დამარცხება ითვლება.
მისი მმართველობის პერიოდში შედგა კანონები (კანუნნამე) ადმინისტრაციული წყობისა და ფინანსების, ცალკეული პროვინციების მდგომარეობის, სამხედრო-ლენური სისტემის რეგლამენტაციის, მიწათმფლობელობის ფორმების, მოსახლეობის ბეგარისა და მიწაზე გლეხების მიმაგრების შესახებ. დიდ ყურადღებას აქცევდა მეჩეთების, სასახლეების, ციხესიმაგრეების და სხვათა მშენებლობას. სულეიმან I კანუნი გარდაიცვალა უნგრეთში ლაშქრობის დროს, 1566 წელს.
სულეიმან I ოსმალეთის იმპერიას სათავეში თითქმის 46 წლის განმავლობაში ედგა. ამდენი ხნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერია არც ერთ სხვა სულთანს უმართავს. სულეიმანს შემდეგ, ტახტზე ყოფნის ხანგრძლივობით მოდის მეჰმედ IV, რომელიც 39 წლის განმავლობაში (1648-1687 წწ.) ედგა სათავეში ოსმალეთს.
სულეიმანი ოსმალურ ენაზე ცნობილია سلطان سليمان أول (სულეიმან I) ან السلطان سليمان القانوني (სულეიმან კანუნი) სახელით. ძირითადად, აღმოსავლეთში მას სწორედ ამ ორი სახელით მოიხსენიებენ, თუმცა დასავლეთში ის უფრო მეტად ცნობილია სულეიმან დიდებულის ან სულეიმან ბრწყინვალეს სახელით.