ისლამი
From Wikipedia, the free encyclopedia
ისლამი (არაბ. الإسلام; ალ–ისლამ) — მონოთეისტური აბრაამისეული რელიგია. მისი რელიგიური სწავლება დაფუძნებულია ყურანზე, როგორც ღმერთის პირდაპირ სიტყვაზე და სუნნაზე, როგორც ღმერთის მიერ რჩეული მაცნის, მაჰმადის (მუჰამედი/მუჰამადი) ქცევით მაგალითზე.
|
ისტორიულად ისლამი VII საუკუნეში წარმოიშვა არაბეთის ნახევარკუნძულზე, ჰიჯაზის მხარეში. ისლამის სწავლების მიხედვით, ღმერთი მანამდეც აგზავნიდა სხვადასხვა ერს შორის მაცნეებსა და წინასწარმეტყველებს, მათ შორის იყვნენ ბიბლიური პერსონებიც – ნუჰი (ნოე), მუსა (მოსე), 'ისა (იესო ქრისტე) და სხვები, რომლებიც ხალხში ქადაგებდნენ ერთღმერთიანობას. ერთღმერთიანობის ადეპტად მიიჩნევა იბრაჰიმი (აბრაამი).
ისლამის მიმდევარს ეწოდება მუსლიმი (ასევე მაჰმადიანი, მუსლიმანი ან მუსულმანი). 2009 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი 1,57 მილიარდს აღწევს და მსოფლიოს მოსახლეობის 23% შეადგენენ.[1] ისინი ძირითადად განსახლებული არიან ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში. მუსლიმთა დიდი ნაწილი განეკუთვნება მის ორ ძირითად შტოს – სუნიტურსა და შიიტურს. მათ გარდა არსებობენ სხვა მცირე ჯგუფები და ჰეტეროდოქსული სექტები.