From Wikipedia, the free encyclopedia
სლავა მეტრეველი (დ. 30 მაისი, 1936, სოჭი, აზოვ-შავიზღვისპირეთის მხარე — გ. 7 იანვარი, 1998, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. იცავდა მოსკოვის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი და 1964 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის ჩილეს, 1966 წლის ინგლისის და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[კომ. 1] საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1976),[1] საპატიო ნიშნის ორდენისა (1966) და ღირსების ორდენის (1996) კავალერი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სლავა კალისტრატეს ძე მეტრეველი | ||
დაბადების თარიღი | 30 მაისი, 1936 | ||
დაბადების ადგილი | სოჭი, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 7 იანვარი, 1998 (61 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 172 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარჯვენა გარემარბი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1952–1953 | ტრუდ გორკი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1953–1954 | სპარტაკი სოჭი | ||
1955 | ტორპედო გორკი | 49 | (19) |
1956–1962 | ტორპედო მოსკ. | 138 | (31) |
1963–1971 | დინამო თბ. | 237 | (52) |
ეროვნული ნაკრები | |||
1958–1966 | სსრ კავშირი | 48 | (11) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1976–1977 | დინამო თბილისი (თ.) | ||
1978–1979 | დილა გორი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სლავა მეტრეველი 1936 წლის 30 მარტს ქ. სოჭში დაიბადა. 15 წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში ლ. სარქისოვისა და კ. გავრილიდის ხელმძღვანელობით. იმ წლებში სსრ კავშირის თითქმის ყველა უძლიერესი საფეხბურთო გუნდი წინასასეზონო მზადებას შავიზღვისპირეთში გადიოდა. ამდენად, სპეციალისტებს დიდი არჩევანი ეძლეოდათ, მათ შორის ადგილობრივი ნიჭიერი მოზარდების წრიდანაც. სწრაფი და ტექნიკური სოჭელი დამწყები ფეხბურთელი პირველებმა გორკის „ტორპედოს“ მესვეურებმა შენიშნეს და სლავაც ვოლგისპირეთში გაემგზავრა. თუმცა, იქ დიდხანს არ დარჩენილა — უკვე შემდეგი გაზაფხულიდან იგი მოსკოვის „ტორპედოში“ გადავიდა, სადაც მალე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. ჩინებული პარტნიორების ვალენტინ ივანოვის, ედუარდ სტრელცოვის, ვალერი ვორონინის, ბორის ბატანოვისა და სხვათა მხარდამხარ სლავამ სსრ კავშირის პირველობის ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა, დაეუფლა ქვეყნის თასს.[2]
1963 წელს თბილისის „დინამოში“ გადმოსული თავდამსხმელი ჰარმონიულად შეეწყო უკვე ჩამოყალიბებულ გუნდს და ორგანულად შეავსო ანსამბლი, რომელშიც ისეთი ოსტატები გამოდიოდნენ, როგორებიც იყვნენ შოთა იამანიძე, მიხეილ მესხი, ვლადიმერ ბარქაია, ზაურ კალოევი, ილია დათუნაშვილი, გიორგი სიჭინავა, მურთაზ ხურცილავა. „დინამოში“ ჩატარებულ მეორე სეზონშივე სლავა მეტრეველი მონაწილე გახდა ქართული ფეხბურთისათვის ისტორიული მატჩისა, რომელშიც „დინამომ“ სსრ კავშირის ჩემპიონატის ოქროს მედლები კლუბის არსებობის მანძილზე პირველად მოიპოვა.[2]
შემდეგ იყო სსრ კავშირის ნაკრებთან ერთად მოგებული ევროპის თასი, მონაწილეობა მსოფლიოს ორ პირველობასა და ევროპის ჩემპიონატში, კიდევ ორი ბრინჯაოს მედალი „დინამოსთან“ ერთად. როგორც მშობლიურ კლუბში, ისე ნაკრებში, მეტრეველი გამოირჩეოდა უმაღლესი ოსტატობით, რომელსაც საფუძვლად ედო ფილიგრანული ტექნიკა, სისწრაფე, გოლის ალღო. სსრ კავშირის ნაკრების მიერ სამხრეთ ამერიკაში გამართული ტრიუმფალური ტურნეს შემდეგ, რომლის მსვლელობაშიც გუნდმა შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვა — ლათინოამერიკული პრესის აღფრთოვანებული რეცენზიებით აღინიშნა. არგენტინელებთან მეტრეველმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ უმდიდრესი კლუბები მზად იყვნენ მის შესაძენად სოლიდური თანხები გაეღოთ. სპრინტერული სისწრაფისა და უმაღლესი ინდივიდუალური ტექნიკის მქონე ფორვარდი ათწლეულის მანძილზე რჩებოდა საბჭოთა ფეხბურთის უძლიერეს მარჯვენა გარემარბად. მისი გარღვევები ყველაზე გამოცდილ მცველთათვისაც კი გადაუჭრელ ამოცანას წარმოადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ, როდესაც თბილისის „დინამოს“ ინტერესებიდან გამომდინარე, იგი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გადაიყვანეს, მეტრეველმა აქაც უმაღლესი ოსტატობა გამოავლინა.[2]
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ სლავა მეტრეველი თბილისის „დინამოს“ მწვრთნელად მუშაობდა. გამორჩეული სპორტული მიღწევებისათვის სხვა აღიარებებთან და ჯილდოებთან ერთად მას სსრ კავშირის დამსახურებული ოსტატისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა, ხოლო 1996 წელს ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის მთავრობის განკარგულებით ღირსების ორდენი გადაეცა.[2]
1958–1966 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 48 შეხვედრას ატარებს და 11 ბურთი გააქვს.[3]
რიგით მეორე გოლის ავტორი ევროპის ჩემპიონატების გათამაშების ისტორიაში. სლავა მეტრეველმა აღნიშნული გოლი 1958 წლის 28 სექტემბერს უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩის მე-20 წუთზე გაიტანა. შეხვედრა მოსკოვში, ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მას ასი ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. ეს იყო ევროპის თასის პირველი გათამაშების მერვედფინალური ორმატჩიანი ეტაპის პირველი დაპირისპირება, რომელიც საბჭოთა ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით — 3–1 დასრულდა.[4][კომ. 2][5]
1960 წლის 10 ივლისს, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე, ევროპის თასის პირველი გათამაშების ფინალში, იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, შეხვედრის 49-ე წუთზე გაიტანა გოლი და ანგარიში გაათანაბრა. აღნიშნულმა გოლმა გადამწყვეტი გარდატეხა შეიტანა თამაშში. ისტორიული ფინალი საბჭოთა ნაკრებმა დამატებით დროში, მატჩის 113-ე წუთზე ვიქტორ პონედელნიკის მიერ მიხეილ მესხის გადაცემის შედეგად გატანილი გამარჯვების მომტანი გოლით ანგარიშით — 2–1 მოიგო და ევროპის თასს დაეუფლა.[6][კომ. 3]
ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად. როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა გამორჩეული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით. მიხეილ მესხთან ერთად, იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვისი თამაშითაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ გაიცნო ქართული ფეხბურთი.[10]
ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიტანა გოლი და პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ასევე, პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ფიფა-ს მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა.[10][კომ. 6][11][კომ. 7][12]
ცხრაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან რვაჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის საუკეთესო მარჯვენა გარემარბად.[13][14][კომ. 8][15]
1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და ერთი გოლის ავტორი.[16][17][კომ. 9][18][კომ. 10][19][კომ. 11]
იმავე 1964 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.
1966 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად საუკეთესოთა ათეულში ფეხბურთელთაგან მხოლოდ სლავა მეტრეველი მოხვდა.
1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე სლავა მეტრეველი 732 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[20]
1976–1977 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვთნელის, ნოდარ ახალკაცის თანაშემწე.
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად სლავა მეტრეველი (მიხეილ მესხისა და ბორის პაიჭაძის შემდეგ) საქართველოს XX საუკუნის მესამე საუკეთესო საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[21]
მის სახელს ატარებს სოჭის ცენტრალური სტადიონი, სადაც ასევე გახსნილია მისი სახელობის მემორიალური დაფა. 2014 წელს „რუსეთში ქართველთა კავშირის“ სოჭის ფილიალის თაოსნობით ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე სლავა მეტრეველის ძეგლი გაიხსნა.[22][კომ. 12]
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
2016 წლის 8 ივნისს, გრიბოედოვის თეატრის მცირე დარბაზში სპორტული ჟურნალისტის, მწერლისა და ფოტოგრაფის დემიკო ლოლაძის წიგნის „სლავა მეტრეველი — ოცნების ფეხბურთელი“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის დაწყებამდე თეატრის ფოიეში სლავა მეტრეველისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო 27 უნიკალური ფოტო მეტრეველთა ოჯახის პირადი არქივიდან.[კომ. 13]
თემატური საიტები |
---|
ქართული სპორტი · AFS · National Football Teams · Football in USSR · FootballPlayers.ru · FootballFacts.ru · Dinamo-Tbilisi.ru · Biograph.ru · Weltfussball.de · Rusteam.Permian.ru |
ლექსიკონები და ენციკლოპედიები |
---|
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · Большая российская энциклопедия |
მედია |
---|
FootballFacts.ru |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.