From Wikipedia, the free encyclopedia
ჯემალ ზეინკლიშვილი (დ. 7 იანვარი, 1937, ბორჯომი, საქართველოს სსრ — გ. 1 სექტემბერი, 2011, ბორჯომი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „ბურევესტნიკის“, თბილისის „დინამოსა“ და ტყიბულის „მეშახტის“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1959).[1][2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჯემალ ვასილის ძე ზეინკლიშვილი | ||
დაბადების თარიღი | 7 იანვარი, 1937 | ||
დაბადების ადგილი |
ბორჯომი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 1 სექტემბერი, 2011 (74 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | ბორჯომი, საქართველო | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1954–1955 | პიშჩევიკი | ||
1956–1957 | ფშმ თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1958 | ბურევესტნიკი | ? | (?) |
1959–1965 | დინამო თბ. | 171 | (6) |
1967 | მეშახტე | 3 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ჯემალ ზეინკლიშვილი დაიბადა და გაიზარდა ბორჯომში. ფეხბურთით ბავშვობიდანვე ინტერესდება და მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ახალგაზრდობაში გატაცებული იყო სათხილამურო სპორტითაც, სადაც გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა, ბოლოს მაინც ფეხბურთს ირჩევს.
ფეხბურთის თამაშს აქვე, ადგილობრივ სპორტსკოლაში იწყებს და მალევე, თითქმის ყველა ამპლუაში თამაშის თანაბარი უნარისა და გამორჩეული საფეხბურთო მონაცემების წყალობით ბორჯომის მთავარი გუნდის, „პიშჩევიკის“ წევრი ხდება.
1955 წლის ზაფხულში საქართველოს ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში ბორჯომელთა გუნდი სოხუმის „დინამოს“ მასპინძლობს. მატჩს საგანგებოდ ესწრებიან ანდრო ჟორდანია, ნესტორ ჩხატარაშვილი და სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სიხარულიძე.
თამაში მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–2 მთავრდება, რომელთა რიგებში ქართული ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტების ყურადღებას ჯემალ ზეინკლიშვილის თამაში იპყრობს და მას თბილისის ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაში (ფშმ)[კომ. 1] იწვევენ, სადაც ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, მიხეილ მესხის აღმზრდელის, არჩილ კიკნაძის ხელმძღვანელობით აგრძელებს საფეხბურთო ოსტატობის ამაღლებას.
1956 წელს საქართველოს ნაკრების რიგებში, რომელსაც ანდრო ჟორდანია უდგას სათავეში, მონაწილეობას იღებს ჭაბუკ ფეხბურთელთა საკავშირო ტურნირზე, რომელიც ლენინგრადში იმართება. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ქართველები უკრაინელ თანატოლებს უპირისპირდებიან. გადამწყვეტი მატჩი ანდრო ჟორდანიას შეგირდების გამარჯვებით მთავრდება და ქართველი ფეხბურთელები საპატიო თასს ეუფლებიან, ხოლო ჯემალ ზეინკლიშვილი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მფლობელი ხდება.
1957 წლიდან თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტია, რომლის საფეხბურთო გუნდის რიგებში წარმატებით ასპარეზობს, როგორც საქართველოს პირველობაზე, ასევე, სტუდენტთა საკავშირო საფეხბურთო ტურნირებში.[კომ. 2]
1958 წლიდან თბილისის „ბურევესტნიკის“ რიგებში თამაშობს,[3] საიდანაც თბილისის „დინამოს“ მესვეურები მას საქართველოს პირველი გუნდის რიგებში იწვევენ.
1959 წლიდან თბილისის „დინამოშია“. გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად 1959 წლის 16 მაისს საბჭოთა კავშირის პირველობის მე-5 ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამოდის.[კომ. 3] დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: სერგო კოტრიკაძე, ვლადიმერ ელოშვილი, გივი ჩოხელი, გივი ხოჭოლავა, ალექსანდრე კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, თენგიზ მელაშვილი, შოთა იამანიძე, ზაურ კალოევი, ავთანდილ ღოღობერიძე და მიხეილ მესხი. შეხვედრის 21-ე წუთზე ჯემალ ზეინკლიშვილი ავთანდილ ღოღობერიძის ნაცვლად შემოდის მოედანზე. თამაში სტუმართა თავდამსხმელის იური ფალინის მე-11 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოსკოველთა გამარჯვებით 1–0 მთავრდება.[4]
თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1965 წლის 13 ივნისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-8 ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა.[კომ. 4] თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: რამაზ ურუშაძე, ბორის სიჭინავა, მურთაზ ხურცილავა, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, გოჩა ხართიშვილი, ილია დათუნაშვილი (ნოდარ მაისურაძე 46'), ვლადიმერ ბარქაია, სლავა მეტრეველი და ელგუჯა ხუციშვილი. შეხვედრა კვლავ მოსკოველთა გამარჯვებით, ამჯერად, ანგარიშით 2–1 დამთავრდა.[5]
„დინამოს“ რიგებში შვიდი სეზონის განმავლობაში თამაშობს. გუნდთან ერთად 1959 და 1962 წლებში საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ხოლო 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი ხდება.[6]
ჯემალ ზეინკლიშვილი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში (1959–1965) უმაღლეს ლიგის საკავშირო პირველობის 171 შეხვედრას (6 გოლი) და საკავშირო თასის გათამაშების 14 მატჩს ატარებს. ამას გარდა, საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების ფარგლებში „დინამოელთა“ მაისურით კიდევ 35-ჯერ გამოდის მწვანე მინდორზე.
საფეხბურთო კარიერას 1967 წელს ტყიბულის „მეშახტეში“, 30 წლის ასაკში ამთავრებს.
გარდაიცვალა 2011 წლის 1 სექტემბერს. დაკრძალულია ბორჯომში.[7][8][9]
1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[11][კომ. 5][12][კომ. 6][6][კომ. 7][13]
1964 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[14][15][კომ. 8]
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებულ 177 შეხვედრაში მსაჯებმა მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი უჩვენეს.
1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ჯემალ ზეინკლიშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[16][კომ. 9]
მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ბორჯომის სტადიონს ჯემალ ზეინკლიშვილის სახელი მიენიჭა.
2017 წელს ჯემალ ზეინკლიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო თარიღი ღონისძიებით აღნიშნეს მის მშობლიურ ქალაქ ბორჯომში, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად მისი მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დროს შესრულებული მისი ფოტოები და მეგობრული შარჟები, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და უფრო მეტი სიხალისე შემატა ღონისძიებას.
მისმა მეგობრებმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს მის მიერ განვლილი საფეხბურთო გზა, მათ შორის თბილისის „დინამოს“ მიერ 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში მოპოვებული პირველი საჩემპიონო ტიტული, რაშიც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი თანაგუნდელებთან ერთად ჯემალ ზეინკლიშვილმაც შეიტანა.[17]
თემატური საიტები |
---|
dinamo-tbilisi.ru · FootballFacts.ru |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.