From Wikipedia, the free encyclopedia
ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა, ასევე უბრალოდ დინამო არენა — მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონი საქართველოში. თბილისის „დინამოს“, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საშინაო მოედანი.
დინამო არენა | |
---|---|
სტადიონის მოედანი | |
სრული სახელი | ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ |
მდებარეობა | თბილისი, საქართველო |
აშენდა | 1935 (გადაკეთდა 1976) |
გაიხსნა | 29 სექტემბერი, 1976 (ხელმეორედ) |
მესაკუთრე | „დინამო“ თბილისი |
ტევადობა | 54, 139 |
გუნდები | |
„დინამო“ თბილისი საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საქართველოს საფეხბურთო ნაკრები |
„დინამოს“ პირველი სტადიონი, ტრიბუნით, 1927 წელს პლეხანოვის პროსპექტზე, თბილისის ქვეითი ჯარის შენობის წინ, კინოთეატრ „აპოლოს“ გვერდით აშენდა. იმ პერიოდისთვის ფეხბურთი უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში და დღის წესრიგში დიდი სტადიონის მშენებლობის საკითხი დადგა.
„დინამოს“ თავდაპირველი სტადიონის პროექტი 1932–1935 წლებში შემუშავდა და მისი მშენებლობა თბილისის მთავარი არქიტექტორის არჩილ ქურდიანის[1] ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.[კომ. 1][კომ. 2]
სტადიონის გახსნისას, 1935 წელს, სამუშაოები მთლიანად არ იყო დამთავრებული, აღმოსავლეთის ტრიბუნის მესამე იარუსზე ჯერ კიდევ ხარაჩოები იდგა. ტევადობა 23 000 მაყურებელზე იყო გათვლილი. სპეციალისტების შეფასებით, იგი თავისი ნოვატორული არქიტექტურული გადაწყვეტით იმ პერიოდის ქართული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენდა. როგორც კონსტრუქციული, ასევე სპორტულ-ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე ითვლებოდა სპორტული დანიშნულების პირველ მასშტაბურ ნაგებობად საქართველოში და თავისი არქიტექტურული ღირსებით თავისი დროის საუკეთესო სპორტულ ნაგებობათა რიცხვში შედიოდა.
1956 წელს არჩილ ქურდიანის ავტორობითვე განხორციელდა სტადიონის რეკონსტრუქცია. რიგი არქიტექტურული და საინჟინრო-ტექნიკური ამოცანების გადაჭრისა და მათ შორის მაყურებელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით გადაწყდა ლითონის კონსტრუქციების დამატება. შედეგად სტადიონის ტევადობა 23 000-დან 36 000-მდე გაიზარდა. თუმცა, დინამოელთა შემდგომმა წარმატებებმა და საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთა რაოდენობის ზრდამ დღის წესრიგში ახალი და კიდევ უფრო მეტი ტევადობის მქონე სტადიონის აგების საჭიროება დააყენა.
ამრიგად, უკვე 1960-იანი წლებიდან არქიტექტორების — არჩილ ქურდიანის, გია ქურდიანის და კონსტრუქტორ შალვა გაზაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე არქიტექტორთა, ინჟინერთა და სპეციალისტთა შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით იწყება „დინამოს“ სტადიონის ხელახალი, ამჯერად მისი ფუნდამენტური რეკონსტრუქციის, ფაქტობრივად კი ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობა, რის შედეგსაც წარმოადგენს თანამედროვე „დინამოს“ სტადიონი.[კომ. 3][კომ. 4][2]
1976 წლის 26 სექტემბერს სტადიონის საზეიმო გახსნის დროს მისი მრავალათასიანი მაყურებელი ფეხზე წამოდგომითა და უდიდესი ოვაციით მიესალმა მის ავტორებს. ხაზგასასმელია, რომ ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან გამოვლენილი მადლიერების ამგვარი ემოციური ფორმა მათი მრავალწლიანი შრომისა და მოღვაწეობის სრულიად დამსახურებულ, ღირსეულ და მეტად მაღალ შეფასებას წარმოადგენდა.[3]
სტადიონზე პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა — შეხვედრა უეფა-ს თასზე თბილისის „დინამოსა“ და უელსის „კარდიფ-სიტის“ გუნდებს შორის, რომელიც დინამოს წარმატებით დასრულდა, ანგარიშით 3–0.[4] სტადიონზე ხშირად იმართებოდა საბჭოთა კავშირის პირველობის შეხვედრები. მოსკოვის „სპარტაკი“ და კიევის „დინამო“ სტადიონს საკუთარი საშემოდგომო საერთაშორისო მატჩებისთვის იყენებდნენ.
საბჭოთა კავშირის სტადიონებს შორის თბილისის „დინამოს“ სტადიონი მაყურებელთა წლიური საშუალო დასწრებით (45 000) რეკორდსმენად ითვლებოდა.[კომ. 5][5][კომ. 6][6]
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის თამაშს თბილისის „დინამოსა“ და „კოლხეთს“ შორის 100 000 გულშემატკივარი დაესწრო. რეკორდული დასწრება 1979 წელს დაფიქსირდა „დინამოსა“ და „ლივერპულს“ შორის გამართულ თამაშზე, რომელსაც 110 000 მაყურებელი დაესწრო.[კომ. 7][7][8] ეს მაჩვენებელი 1995 წელს გამეორდა საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას.
თბილისის „დინამოს“ სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც, ასევე მოსკოვის „სპარტაკი“, მოსკოვისა და კიევის დინამოელებიც ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს.
1985 წელს „დინამოს“ სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდული მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები და ერთ-ერთი მეოდხედფინალური მატჩი.
წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა და თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.
1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, „ფეხბურთის კარუზოდ“ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.[კომ. 8]
1996 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შუამდგომლობით მიმართა იტალიურ კომპანია „ფინეირო კონსალტინგს“, რომელმაც ეროვნულ სტადიონზე 20 ათასი ინდივიდუალური სკამის დამონტაჟება უზრუნველყო. თუმცა, ამის შემდეგ სტადიონზე ჩასატარებელი სხვა აუცილებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სახსრების მოძიება ვერ მოხერხდა და მისი განახლების პერსპექტივა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო.
2006 წლის აპრილში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უეფა-ს მოთხოვნების მიხედვით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის თაობაზე. დიდი მოცულობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება რეკორდულად მცირე ვადებში უნდა დამთავრებულიყო. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან 2006 წლის 2 სექტემბერს დანიშნული მატჩისთვის სტადიონს ღირსეულად უნდა ემასპინძლა. აღნიშნული პროექტის მონაწილეებმა შეძლეს ამ უაღრესად შრომატევადი საქმიანობისთვის თავის გართმევა და დასახული ამოცანის დროულად და წარმატებით გადაჭრა. შედეგად, „დინამოც“ და ეროვნული ნაკრებიც კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდნენ, რომელიც ამჯერად ყველა თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდა.[9]
უეფა-ს ახალი მოთხოვნების თანახმად სტადიონის ტრიბუნებზე გულშემატკივრებისთვის მხოლოდ დასაჯდომი ადგილებია გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი ტევადობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ამ ეტაპზე 55.000-მდე მაყურებელს იტევს. ამასთან, მოხდა მეორე იარუსის სკამების უმეტესობის გადახურვა. სპეციალისტთა შეფასებით ეროვნული სტადიონი ამჟამად ერთ-ერთ საუკეთესო არენად ითვლება აღმოსავლეთ ევროპაში. აღნიშნულ პერიოდში (2006–2009) სტადიონის გენერალური დირექტორის მოვალეობას საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი ასრულებდა.[10]
2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული სტადიონი თბილისის „დინამოს“ 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა და დაერქვა დინამო არენა.[11]
2015 წლის 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის ეროვნულმა სტადიონმა უეფა-ს სუპერთასის ფინალურ მატჩს უმასპინძლა,[12] რომელშიც ერთმანეთს ორი ესპანური კლუბი „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა, რომელიც აღნიშნული თასის გათამაშების ისტორიაში, თავისი დრამატიზმით[13][14] ერთ-ერთ საუკეთესო ფინალად შეფასდა — „ბარსელონას“ გამარჯვებით, ანგარიშით 5–4 დასრულდა.[15]
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე, სს „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე საბა მჟავანაძე დაინიშნა.[16]
სტადიონის პროექტის ავტორები: სსრ კავშირის სახალხო არქიტექტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული დამსახურებული მოღვაწე არჩილ ქურდიანი; ავტორი და პროექტის მთავარი არქიტექტორი გია ქურდიანი; ავტორი და პროექტის მთავარი კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი. სტადიონის პროექტი დამუშავდა საქქალაქმშენსახპროექტში.[17]
მშენებლები: მშენებლობის სამინისტროს № 3 ტრესტი (უფროსი ვ. გოგოლაძე); მშენებლობის სამინისტროს № 3 ტრესტის № 8 სამმართველო (უფროსი ფ. მათიაშვილი); მშენებლობის შტაბი (უფროსი გ. დოდელია); ტრესტი ინჟმშენი (მმართველი ი. კირკიტაძე); საგზაო მშენებლობის სამმართველო (უფროსი გ. აბაშიძე); თბილწყალსადენისა და თბომეურნეობის სამმართველოები (უფროსები ვ. მუმლაძე და რ. მუსერიძე); საქართველოს სპორტკომიტეტის სამშენებლო-შემკეთებელი სამმართველო (უფროსი გ. კორკოტაძე, მთავარი ინჟინერი მ. ჩხენკელი); საქართველოს სპორტკომიტეტის სამშენებლო-შემკეთებელი სამმართველოს თბილისის № 1 სამმართველო (უფროსი ო. აღსაბაძე); საქელექტომონტაჟის თბილისის № 2 სამმართველოს უბანი (უფროსი კ. ბათმანოვი); მრეწვვენტილაციის თბილისის სამმართველო (მიმინოშვილი, ა. ბლიაძე); მექანიზაციის ტრესტი (თ. ბელტიხინი); მექანიზაციის ტრესტის № 4 სამმართველო (უფროსი გ. კაცაძე); ავტოტრანსპორტის სამინისტროს № 1 ტრესტი (ვ. ლობჟანიძე); რუსთავის მეტალურგ-რემონტის სამმართველო (ა. ბუცხრიკიძე, ვ. ბოკუჩავა).[17]
სტადიონი ეყრდნობა 58 გიგანტურ სვეტს, თითოეული მათგანი თავის მხრივ ებჯინება 29 ხიმინჯს, რომლებიც 8–10 მეტრის სიღრმეზეა ჩასმული მიწაში.[18]
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1976 წლის 24 სექტემბრის ბრძანებულებით თბილისის „დინამოს“ სტადიონის რეკონსტრუქციის საქმეში მიღწეული წარმატებებისათვის საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიენიჭა გიორგი არჩილის ძე ქურდიანს.
იმავე ბრძანებულებით საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინრის წოდება მიენიჭათ — შალვა ვლადიმერის ძე გაზაშვილს, ვლადიმერ ტროფიმეს ძე გოგოლაძეს და ფარნაოზ ალექსანდრეს ძე მათიაშვილს, ხოლო საქართველოს სსრ დამსახურებული მშენებლის წოდება მიენიჭათ — გიორგი მიხეილის ძე გელაშვილს, გივი სამსონის ძე ტყეშელაშვილს და ტერენტი ტროფიმეს ძე შარამკოვს.
2022 წლის 8 აპრილს ალექსანდრე ჩივაძეს 67 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ გადაწყვეტილებით დინამო არენას სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა. აღნიშნული სივრცე არენის პირველ, მეორე, მესამე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე სექტორებს მოიცავს. ფაქტის აღსანიშნავად დინამო არენას მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა, კედლის მხატვრობა „დინამო“ თბილისის ფანებმა შეასრულეს. სტადიონის ტრიბუნისთვის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელის მინიჭება საქართველოში პირველად მოხდა.[19]
FootballFacts.ru |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.