From Wikipedia, the free encyclopedia
ნიაზ (ნიაზბეგ) ალექსანდრეს ძე ძიაპშიპა (აფხ. Ӡаҧшь-Иҧа; დ. 14 ნოემბერი, 1927, ოჩამჩირე, საქართველოს სსრ — გ. 5 იანვარი, 1993, თბილისი, საქართველო) — აფხაზი თავადების შთამომავალი, ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. იცავდა სოხუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952), საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1976).[1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ნიაზ (ნიაზბეი) ალექსანდრეს ძე ძიაპშიპა | ||
დაბადების თარიღი | 14 ნოემბერი, 1927 | ||
დაბადების ადგილი |
ოჩამჩირე, აფხაზეთის სსრ, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 5 იანვარი, 1993 (65 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1943 | დინამო სოხუმი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1945 | დინამო ს. | ||
1946–1958 | დინამო თბ. | 179 | (2) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1961 | რიწა | ||
1962 | დინამო სოხუმი | ||
1977–1978 | დინამო თბილისი (გ. უფ.) | ||
1979–84 | დინამო სოხუმი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ფეხბურთის თამაში შედარებით გვიან, 16 წლის ასაკში „ნორჩი დინამოელის“ სპორტსკოლაში, ალექსანდრე მინჯიას[2] ხელმღვანელობით დაიწყო. 1945 წლიდან სოხუმის „დინამოს“ შემადგენლობაშია. 1946 წელს თბილისის „დინამოში“ ჩაირიცხა. თამაში დუბლშემადგენლობიდან დაიწყო, მაგრამ უკვე შემდეგი წლიდან მყარად დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში.[3]
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1947 წლის 2 მაისს, საკავშირო პირველობის პირველი ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 40 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ს. შუდრა, ნ. ძიაპშიპა, ნ. ნაუმცევი, ა. კიკნაძე, ვ. პანიუკოვი, გ. გაგუა, გ. ჯეჯელავა, ა. ღოღობერიძე, ბ. პაიჭაძე, გ. აროშიძე და ს. ჯეჯელავა. დაპირისპირება ბორის პაიჭაძის დუბლის წყალობით თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დამთავრდა.[4][5]
პირველივე სეზონში 20 წლის ცენტრალურმა მცველმა საკავშირო ჩემპიონატის 18 მატჩი ითამაშა (სსრ კავშირის ორწრიან პირველობაში იმ წელს ცამეტი გუნდი მონაწილეობდა), ხოლო თორმეტ სეზონში ჩემპიონატის 179, თასის გათამაშების 5 და 20 საერთაშორისო შეხვედრაში დაიცვა გუნდის ღირსება. თავდაპირველად მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანდრო ჟორდანიას გადაწყვეტილებით ცენტრალური მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა, სადაც წლების განმავლობაში იცავდა გუნდის ღირსებას.
თბილისის „დინამოს“ მაისურით ბოლოჯერ 1958 წლის 23 მარტს, საკავშირო ჩემპიონატის პირველი ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 30 ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. მასპინძლებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ს. კოტრიკაძე, ა. კოტრიკაძე, ნ. ძიაპშიპა, გ. ხოჭოლავა, დ. ხუნდაძე, ა. ღოღობერიძე, ა. ჭკუასელი, ვ. ბარქაია, თ. მელაშვილი, შ. იამანიძე და მ. მესხი. შეხვედრა მოსკოველთა გამარჯვებით, ანგარიშით — 6–1 დამთავრდა.[6][7]
ყოველდღიურ ცხოვრებაში ნიაზ ძიაპშიპა იყო თავმდაბალი, კეთილშობილი ადამიანი, კარგი მწვრთნელი და ჩინებული მეგობარი. 1970 წელს მუშაობდა თბილისის „დინამოს“ მეორე მწვრთნელად, იყო გუნდის უფროსიც. სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწეოდა „შრომით რეზერვებში“, თბილისის ცნობილ 35-ე საფეხბურთო სკოლაში, გლდანის სპორტულ სკოლა-ინტერნატში. მუშაობდა სოხუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად. ბოლო წლებში ნიაზ ძიაპშიპა მძიმედ ავადმყოფობდა. იგი მტკივნეულად განიცდიდა ორივე ხალხის ტრაგედიას აფხაზეთის ომში. ნიაზ ძიაპშიპას დარჩა შვილები — ომარ და თამაზ ძიაპშიპა და შვილიშვილები — ანა და ნიაზ ძიაპშიპა.
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ნიაზ ძიაპშიპას ანგარიშზეა 4 გატანილი ბურთი, აქედან ორი მეტოქეთა და ორიც საკუთარ კარში. პირველი ბურთი მან 1949 წლის 2 მაისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-4 ტურის კალენდარულ მატჩში, ხარკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ, მეკარე ნიკოლაი უგრაიცკის კარში, შეხვედრის 88-ე წუთზე გაიტანა.[9] მეორე ბურთი კი 1957 წლის 21 აპრილს, საკავშირო პირველობის, ამჯერადაც, მე-4 ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ, მეკარე ვლადიმერ ვოსტროილოვის კარში, შეხვედრის 79-ე წუთზე შეაგდო.[10] ორივე შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა.
რაც შეეხება მის ორ ავტოგოლს, პირველად საკუთარი კარი მან 1949 წლის 15 ივნისს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართულ საკავშირო ჩემპიონატის მე-13 ტურის კალენდარულ მატჩში, შეხვედრის 50-ე წუთზე აიღო. თბილისელთა კარს ამ შეხვედრაში ვლადიმერ მარღანია იცავდა.[11] მეორე ავტოგოლი კი 1952 წლის 9 აგვისტოს, მოსკოვის ცდსა-ს წინააღმდეგ გამართულ საკავშირო პირველობის მე-2 ტურის კალენდარულ მატჩში, შეხვედრის მე-60-ე წუთზე გაიტანა. თბილისელთა კარის დარაჯი ამ შეხვედრაშიც ვლადიმერ მარღანია იყო.[12][13] ორივე შეხვედრა მოსკოვის „დინამოს“ ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებულ 184 შეხვედრაში მსაჯებმა მას ორი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენეს. ნიაზ ძიაპშიპამ დინამოელები მოედანზე გუნდის კაპიტნის სამკლაურით ორჯერ გაიყვანა — 1949 წლის 29 მაისს და 1950 წლის 16 აპრილს, ორივეჯერ მოსკოვის „დინამოსთან“ შეხვედრაში.[14]
1956 წლის 1 სექტემბერს სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და სსრ კავშირის 1956 წლის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[15]
1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე ნიაზ ძიაპშიპა 275 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[16][17]
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესებულია სპეციალური თასის გათამაშება.[18]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.