ოქტავიანე ავგუსტუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი (ლათ. IMPERATOR CAESAR DIVI FILIVS AVGVSTVS;[კომ. 2][კომ. 3] დ. 23 სექტემბერი, ძვ. წ. 63 ― გ. 19 აგვისტო, 14) — რომის იმპერიის დამაარსებელი და მისი პირველი იმპერატორი. იმპერიას მართავდა ძვ. წ. 27 წლიდან ახ. წ. 14 წელს გარდაცვალებამდე.[კომ. 4]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ოქტავიანე ავგუსტუსი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ოქტავიანე ავგუსტუსი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი | |
---|---|
IMPERATOR CAESAR DIVI FILIVS AVGVSTVS | |
პრიმა-პორტის ავგუსტუსის სახელით ცნობილი ქანდაკება, I საუკუნე | |
რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 16 იანვარი, ძვ. წ. 27 |
მმართ. დასასრული: | 19 აგვისტო, 14 (40 წელი) |
წინამორბედი: | — |
მემკვიდრე: | ტიბერიუსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 სექტემბერი, ძვ. წ. 63 |
დაბ. ადგილი: | რომი, რომის რესპუბლიკა |
გარდ. თარიღი: | 19 აგვისტო, 14 (76 წლის)[1] |
გარდ. ადგილი: | ნოლა, იტალია, რომის იმპერია |
დაკრძ. ადგილი: | ავგუსტუსის მავზოლეუმი |
მეუღლე: |
კლოდია პულქრა (ძვ. წ. 42-40 გაეყარა) სკრიბონია (ძვ. წ. 40-38 გაეყარა) ლივია დრუზილა (ძვ. წ. 37 — ახ. წ. 14) |
შვილები: | იულია უფროსი[კომ. 1] |
დინასტია: | იულიუს-კლავდიუსები |
მამა: |
გაიუს ოქტავიუსი (ბიოლოგიური) იულიუს კეისარი (მამობილი) |
დედა: | ატია ბალბა ცეზონია |
რელიგია: | ტრადიციული ძველი რომაული რელიგია |
რომის საიმპერატორო დინასტიები | |||
იულიუს-კლავდიუსების დინასტია | |||
ქრონოლოგია | |||
ავგუსტუსი | ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 | ||
ტიბერიუსი | 14-37 წწ. | ||
კალიგულა | 37-41 წწ. | ||
კლავდიუსი | 41-54 წწ. | ||
ნერონი | 54-68 წწ. | ||
მემკვიდრეობა | |||
წინამორბედი რომის რესპუბლიკა |
მემკვიდრე ოთხი იმპერატორის წელი |
დაიბადა, როგორც გაიუს ოქტავიანე პლებეური ოქტავიების ოჯახის ძველ და მდიდარ შტოში. მისი ბებიის ძმა დედის მხრიდან, იულიუს კეისარი, ძვ. წ. 44 წელს მოკლეს და ოქტავიანე კეისრის ნებით მის შვილობილად და მემკვიდრედ გამოცხადდა. მან, მარკუს ანტონიუსმა და მარკუს ლეპიდუსმა კეისრის მკვლელების გასანადგურებლად მეორე ტრიუმვირატი ჩამოაყალიბეს. ფილიპის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ტრიუმვირატის წევრებმა ერთმანეთში გაინაწილეს რომის რესპუბლიკა და მართავდნენ, როგორც სამხედრო დიქტატორები.[კომ. 5] ტრიუმვირატი, საბოლოოდ, მისი წევრების კონკურენტული ამბიციების გამო დაიშალა. ლეპიდუსი გააძევეს და მან თავისი სტატუსი დაკარგა, ხოლო ანტონიუსმა ძვ. წ. 31 წელს ოქტავიანესთან აქციუმის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავი მოიკლა.
მეორე ტრიუმვირატის დაშლის შემდეგ, ავგუსტუსმა აღადგინა თავისუფალი რესპუბლიკის გარეგანი ფასადი, როდესაც აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო კრების ძალაუფლება სენატს გადასცა, თუმცა, რეალურად, თავად შეინარჩუნა ავტორიტარული ძალაუფლება რესპუბლიკაზე, როგორც სამხედრო დიქტატორმა. კანონის თანახმად, ავგუსტუსი ფლობდა სენატის მიერ მისთვის სამუდამოდ მინიჭებულ მთელ რიგ უფლებამოსილებებს, რაც მოიცავდა უმაღლესი მთავარსარდლის, ტრიბუნისა და ცენზორის თანამდებობებს. ავგუსტუსს რამდენიმე წელი დასჭირდა, რათა ფორმალურად რესპუბლიკური სახელმწიფოს სისტემა იმგვარად გარდაექმნა, რომ შეესაბამებინა საკუთარი ერთპიროვნული მმართველობისათვის. მან უარი თქვა მონარქიულ ტიტულებზე და სანაცვლოდ საკუთარ თავს პრინცეფს ცივიტატისი („სახელმწიფოს პირველი მოქალაქე“) უწოდა, შედეგად, სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც რომის იმპერიის პირველ ფაზას მოიცავს, პრინციპატის სახელით გახდა ცნობილი.
ავგუსტუსის მმართველობამ დასაბამი მისცა შედარებით მშვიდობიან ერას, რომელიც პაქს რომანას (რომაული მშვიდობა) სახელითაა ცნობილი. რომაული სამყარო ძირითადად, თავისუფალი იყო ფართომასშტაბიანი კონფლიქტებისაგან ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიუხედავად იმპერიის ექსპანსიისათვის საზღვრებთან წარმოებული გამუდმებული ომებისა და საიმპერატორო მემკვიდრეობისათვის ატეხილი ერთწლიანი სამოქალაქო ომისა. ავგუსტუსმა მკვეთრად გააფართოვა იმპერიის საზღვრები: შეიერთა ეგვიპტე, დალმაცია, პანონია, ნორიკუმი და რეცია; გააფართოვა აფრიკული და გერმანული სამფლობელოები და დაასრულა ესპანეთის დაპყრობა.
საზღვრებს მიღმა, მან უზრუნველყო იმპერიის უსაფრთხოება ვასალი სახელმწიფოების ბუფერული რეგიონით და დიპლომატიის მეშვეობით პართიასთან მშვიდობას მიაღწია. მან გაატარა რომაული საგადასახადო სისტემის რეფორმა, განავითარა გზების ქსელი ოფიციალური საშიკრიკო სისტემითურთ, ჩამოაყალიბა რეგულარული არმია, დააფუძნა პრეტორიანელთა გვარდია, შექმნა ოფიციალური პოლიცია და სახანძრო სამსახური რომისათვის და ხელახლა ააშენა ქალაქის დიდი ნაწილი საკუთარი მმართველობის პერიოდში.
ავგუსტუსი გარდაიცვალა ახ. წ. 14 წელს 75 წლის ასაკში. იგი ბუნებრივი სიკვდილით უნდა გარდაცვლილიყო, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა დაუდასტურებელი ჭორები, თითქოს მისმა ცოლმა, ლივიამ მოწამლა იმპერატორი. ავგუსტუსი ტახტზე შეცვალა მისმა შვილობილმა (ასევე, გერმა და ყოფილმა სიძემ) ტიბერიუსმა.