From Wikipedia, the free encyclopedia
ლივია დრუზილა (ლათ. Livia Drusilla; დ. 30 იანვარი, ძვ. წ. 58/59 — გ. ახ. წ. 29) — რომაელი პატრიცი ქალი, კეისარ ავგუსტუსის მესამე და უკანასკნელი ცოლი. გამოირჩეოდა ავგუსტუსის მიმართ ერთგულებით და იყო მისი გავლენიანი მრჩეველი. ყოველნაირად ცდილობდა პირველი ქორწინებიდან მისი ვაჟის, ტიბერიუსისთვის ავგუსტუსის მემკვიდრეობა უზრუნველეყო და ამისთვის პოტენციური კონკურენტების დაღუპვასაც არ ერიდებოდა. მისმა შვილიშვილმა, იმპერატორმა კლავდიუსმა ლივიას კულტი შექმნა. როგორც იულიუს-კლავდიუსების დინასტიის წევრი, ახ. წ. 14 წლიდან ოფიციალურად იულია ავგუსტად (Julia Augusta) იწოდებოდა.
ლივია დრუზილა დაიბადა ძვ. წ. 59 ან 58 წელს. მამამისი, მარკუს ლივიუს დრუზუს კლაუდიანუსი სენატორი იყო, დედა, ავფიდია კი — მაგისტრატ მარკუს ავფიდიუს ლურკოს ქალიშვილი. დაახლოებით ძვ. წ. 43 წელს ლივია ცოლად შერთეს ბიძაშვილს, ტიბერიუს კლავდიუს ნერონს, რომელიც ლივიას მამასთან ერთად ოქტავიანე ავგუსტუსის წინააღმდეგ იბრძოდა. მათი პირველი შვილი, მომავალი იმპერატორი ტიბერიუსი, ძვ. წ. 42 წელს დაიბადა. ორი წლის შემდეგ, რომის მეორე ტრიუმვირატის მიერ დევნილი ცოლ-ქმარი იძულებული გახდა ჯერ სიცილიაზე, შემდეგ საბერძნეთში გაქცეულიყო. ამნისტიის შემდეგ, ძვ. წ. 39 წელს ლივია, რომელიც ამ დროს მეორე შვილს (მომავალში ნერონ კლავდიუს დრუზუსი) ელოდა, რომში დაბრუნდა და ის ოქტავიანეს წარუდგინეს. ამ უკანასკნელმა აიძულა ტიბერიუს კლავდიუს ნერონი განქორწინებულიყო და იულიაზე თავად იქორწინა ძვ. წ. 38 წლის 17 იანვარს.[1]
ოქტავიანე ავგუსტუსთან 51-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ლივია ყოველთვის ინარჩუნებდა მეუღლის პრივილეგირებული მრჩევლის მდგომარეობას და ჰქონდა იმდროინდელი რომაელი ქალისთვის უჩვეულოდ დიდი პოლიტიკური გავლენა. ძვ. წ. 35 წელს ავგუსტუსმა ლივიას უპრეცედენტო პატივი — ქალის საკუთარი ფინანსების მართვისა და განკარგვის უფლება მიანიჭა და მის პატივსაცემად ძეგლი დაუდგა. მიუხედავად სიმდიდრისა და ძალაუფლებისა, ლივიას ჩაცმისა და მორთულობის მოკრძალებული სტილი, მეუღლისა და ოჯახის ერთგულება მისაბაძ მაგალითად ითვლებოდა რომში. ამასთან, ლივიას ჰყავდა ერთგული კარისკაცების საკუთარი წრე და ხელს უწყობდა პროტეჟეების პოლიტიკურ თანამდებობებზე დაწინაურებას.[1]
ავგუსტუსს პირდაპირი მემკვიდრე მამრობითი ხაზით არ ჰყოლია, ლივიასთან კი მას შვილი საერთოდ არ შეძენია. ამიტომ ლივია ცდილობდა ძალაუფლება საკუთარ ვაჟებს — ტიბერიუსსა და დრუზუსს რგებოდათ. დრუზუსი ავგუსტუსის ერთგული სარდალი და მისი საყვარელი დისშვილის, ანტონიას ქმარი იყო. მისი შვილები იყვნენ ცნობილი მხედართმთავრები: გერმანიკუსი, ლივილა და მომავალი იმპერატორი, კლავდიუსი. ტიბერიუსმა ცოლად იულია, ავგუსტუსის ერთადერთი ქალიშვილი (სკრიბონიასგან) შეირთო და, საბოლოოდ, ახ. წ. 4 წელს ავგუსტუსის მემკვიდრედ დასახელდა.[1]
მოარული ხმებით, ლივიას ხელი ერია ტიბერიუსის შესაძლო კონკურენტების და მეტოქეების სიკვდილში. მათ შორის ასახელებდნენ ავგუსტუსის დისშვილ მარცელუსს, მისსავე შვილიშვილებს — გაიუსს, ლუციუს კეისარს და აგრიპა პოსტუმუსს, ასევე ლივიას საკუთარ შვილიშვილს — გერმანიკუსს. არაა სარწმუნო ჭორი, რომ ავგუსტუსის სიკვდილიც ახ. წ. 14 წლის 19 აგვისტოს ლივიას მიერ მოწამლულმა ლეღვებმა გამოიწვია. ავგუსტუსმა თავისი ქონების მესამედი ლივიას, ორი მესამედი კი ტიბერიუსს უანდერძა. მისივე ანდერძით ლივია იულიუს-კლავდიუსების დინასტიის წევრად იყო შერაცხული „ავგუსტას“ საპატიო წოდებით. ამ დროიდან ლივია იულია ავგუსტად იწოდებოდა. რომის შემდეგი იმპერატორი ლივიას შვილი, ტიბერიუსი გახდა.[1]
ტიბერიუსის მმართველობის დასაწყისში ლივია ინარჩუნებდა თავის ძალაუფლებას და გავლენას. მან დიდი როლი შეასრულა ავგუსტუსის გაღმერთებაში და მისი კულტის დაკვიდრებაში. შემდგომ წლებში დედასა და შვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ტიბერიუსმა, რომელსაც აღარ სურდა ამბიციური დედის ზეგავლენის ქვეშ ყოფნა, უარი უთხრა სენატს ლივიასთვის „სამშობლოს დედის“ (Mater Patriae) ტიტულის მინიჭებაზე. ანალოგიური წოდება („სამშობლოს მამა“, Pater Patriae) მიაკუთვნეს ავგუსტუსს, თუმცა თვით ტიბერიუსმა მისთვის შეთავაზებულ ამ ტიტულზე უარი განაცხადა. მას შემდეგ, რაც, 26 წელს, ტიბერიუსი რომიდან კუნძულ კაპრიზე გადასახლდა, დედა-შვილის ურთიერთობა კიდევ უფრო იშვიათი და ცივი გახდა. ლივია 22 წელს დასნეულდა და ტიბერიუსმა იგი რომში მოინახულა. 29 წელს, როდესაც ავადმყოფი ლივია გარდაიცვალა, ტიბერიუსი მოუცლელობის მომიზეზებით კაპრიზე დარჩა და რომში დედის დაკრძალვაზე სიტყვის წარმოსათქმელად თავისი ძმის შვილიშვილი, კალიგულა მიავლინა. ტიბერიუსმა ასევე აკრძალა სენატის მიერ დედისთვის მინიჭებული საკულტო წოდებების გამოყენება და გააუქმა მისი ანდერძი.[2]
ლივიას გარდაცვალებიდან 13 წლის შემდეგ, 42 წელს, მისმა შვილიშვილმა, იმპერატორმა კლავდიუსმა გარდაცვლილი ბებია ღვთაებად გამოაცხადა და მას ყველა საპატიო ტიტული აღუდგინა.[2]
ლივიას ცნობილი ვილა გათხარეს რომის ჩრდილოეთით. მასში გამოვლენილი ფრესკები წალკოტის გამოსახულებით რომის ეროვნულ მუზეუმშია დაცული. ვილის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ასევე პრიმა-პორტის ავგუსტუსი, ავგუსტუსის ყველაზე ცნობილი სკულპტურული გამოსახულება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.