From Wikipedia, the free encyclopedia
ვიქტორია ბრიტანელი (გერმ. Victoria von Großbritannien), აგრეთვე ცნობილია როგორც ვიქტორია, სამეფო პრინცესა (ინგლ. Victoria, Princess Royal; დ. 21 ნოემბერი, 1840, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 5 აგვისტო, 1901, დარმშტადტი, გერმანია) — საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის პირველი შვილი. ბრიტანეთის სამეფო პრინცესა 1841 წლიდან ქორწინებამდე. პრუსიისა და გერმანიის დედოფალი 1888 წლის 9 მარტიდან 15 ივნისამდე როგორც იმპერატორ ფრიდრიხ III-ის მეუღლე. გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის დედა.
ვიქტორია ბრიტანელი | |
---|---|
გერმანიის კრონპრინცესა ვიქტორია 1871 წელს, შესრულებულია ფონ ანგელის მიერ | |
გერმანიისა და პრუსიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 9 მარტი, 1888 |
მმართ. დასასრული: | 15 ივნისი, 1888 |
წინამორბედი: | ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელი |
მემკვიდრე: | ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 ნოემბერი, 1840 |
დაბ. ადგილი: | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
გარდ. თარიღი: | 5 აგვისტო, 1901, (60 წლის) |
გარდ. ადგილი: | დარმშტადტი, გერმანია |
დაკრძ. ადგილი: |
13 აგვისტო, 1901 პოტსდამი, გერმანია |
მეუღლე: |
ფრიდრიხ III, გერმანიის იმპერატორი (ქ. 1858 - გარდ. 1888) |
შვილები: |
ვილჰელმ II, გერმანიის იმპერატორი შარლოტა, საქსენ-მანინგენის ჰერცოგინია ალბერტი, პრუსიის პრინცი ვიქტორია, შომბურგ-ლიპეს პრინცესა სოფია, საბერძნეთის დედოფალი მარგარეტი, ფინეთის დედოფალი |
სრული სახელი: | ვიქტორია ადელაიდა მერი ლუიზა |
დინასტია: | საქსენ-კობურგ-გოთა |
მამა: | ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი |
დედა: | ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი |
რელიგია: |
ჯერ ანგლიკანიზმი შემდეგ ლუთერანიზმი |
მან განათლება მამის ლიბერალური შეხედულებების გავლენით მიიღო. 16 წლის ასაკში, 1857 წელს დაინიშნა პრუსიის პრინც ფრიდრიხზე, რომელსაც 1858 წელს ცოლადაც გაჰყვა და პრუსიის კრონპრინცესა გახდა. მას დიდი გავლენა ჰქონდა მეუღლეზე და მხარს უჭერდა მას ქვეყანაში ახალი რეფორმების გატარებაში, რის გამოც ჯერ პრუსია, შემდეგ კი გერმანიის იმპერია კონსტიტუციური მონარქია გახდა ბრიტანული მოდელით. თავისი ინგლისური ფესვებისა და წარმომავლობის გამო გერმანიაში იგი ხშირად იყო კრიტიკის ეპიცენტრში. იგი ბერლინისა და ჰოენცოლერნების კარზე ხშირად ხდებოდა ოსტრაკიზმის მსხვერპლი. 1862 წლიდან, ხელისუფლებაში ოტო ფონ ბისმარკის მოსვლის შემდეგ იგი ფაქტობრივად იზოლირებული იყო.
ვიქტორია მრავალწლიანი კრონპრინცესობის შემდეგ გერმანიის დედოფალი მხოლოდ სამი თვე იყო, რადგან მისი მეუღლე, იმპერატორი ფრიდრიხ III 1888 წელს მამის დაღუპვიდან მალევე გარდაიცვალა. ამის გამო ტახტი ვიქტორიას ვაჟმა ვილჰელმ II-მ დაიკავა, რომელსაც მშობლებისაგან განსხვავებით უფრო კონსერვატიული შეხედულებები ჰქონდა. ამის გამო დაქვრივებულმა ვიქტორიამ დარმშტადტში ააგო ფრიდრიხსჰოფის სასახლე, სადაც თავადვე დასახლდა და გაატარა დარჩენილი ცხოვრება. 1901 წლის 5 აგვისტოს, საყვარელი დედის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე თვეში ვიქტორია მკერდის კიბოთი გარდაიცვალა, 60 წლის ასაკში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენამდე მოღწეულია ვიქტორიასა და დედამისის ყველა წერილი. დღეისათვის დაცულია დედოფალ ვიქტორიას თავის ქალიშვილთან მიწერილი 3,777, ხოლო საპასუხოდ გაგზავნილი 4,000 წერილი, რაც მათ უახლოეს ურთიერთობას მოწმობს. ამასთან ერთად, ეს წერილები დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის 1858-1900 წლებში პრუსიის სამეფო კარზე მიმდინარე ამბების შესახებ.
პრინცესა ვიქტორია დაიბადა 1840 წლის 21 ნოემბერს ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალ ვიქტორიასა და მისი მეუღლის, პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის პირველი შვილი. ცნობილია, რომ როდესაც იგი დაიბადა სამეფო ექიმმა მწუხარებით განაცხადა: „ოჰ ქალბატონო, ის გოგონაა!“ დედოფალმა კი უპასუხა: „არაუშავს, შემდეგში პრინცი იქნება!“. მიუხედავად იმისა, რომ მისი სქესით მშობლები თავიდან იმედგაცრუებულები იყვნენ, პრინცი ალბერტი მას დიდი სითბოთი ზრდიდა. მამამისი მას დიდი სიყვარულით ზრდიდა და ცდილობდა იგი განათლებულ ქალად აღეზარდა, დედამისს კი დისტანციური, მაგრამ მაინც მოსიყვარულე ურთიერთობა ჰქონდა ვიქტორიასთან.
1841 წლის 10 თებერვალს, ბუკინგების სასახლის სამლოცველოში ვიქტორია თავისი მშობლების ქორწინების წლისთავზე ანგლიკანად მონათლა კენტერბერის არქიეპისკოპოსმა უილიამ ჰოულმა. მისი ნათლიები იყვნენ: დიდი ბრიტანეთის ქვრივი-დედოფალი ადელაიდა ფონ საქსენ-მაინინგენი (დედამისის ბიცოლა), ბელგიის მეფე ლეოპოლდ I (მისი დედ-მამის ბიძა), საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგი ერნესტ I (მამამისის მამა, რომელიც არ ყოფნის გამო მარიონეტულად ჩაანაცვლა უელინგტონის ჰერცოგმა), სასექსის ჰერცოგი ავგუსტ ფრედერიკი (დედის ბიძა), გლოსტერის ჰერცოგინია მერი (დედის მამიდა) და კენტის ჰერცოგინია ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი (დედის დედა).
როგორც მონარქის ასული, ვიქტორია დაბადებიდანვე იყო ბრიტანეთისა და ირლანდიის პრინცესა. 1841 წლის 19 იანვრიდან მას მიენიჭა „სამეფო პრინცესის“ წოდება რომელიც ბრიტანეთის მონარქის უფროს, გასათხოვარ ქალიშვილს ენიჭებოდა. გარდა ამისა, იგი დაბადებიდან დიდი ბრიტანეთის ტახტის პირველი მემკვიდრე იყო, თუმცა ეს სტატუსი დაკარგა მას შემდეგ, რაც 1841 წლის 9 ნოემბერს მისი ძმა, პრინცი ედუარდი (შემდგომში მეფე ედუარდ VII) დაიბადა. ცნობილია, რომ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები მას „ვიკის“ უწოდებდნენ.
მეფე-დედოფალმა თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ შვილებისათვის სრულყოფილი განათლება მიეცათ. ეს უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ როდესაც დედოფალი ვიქტორია ბიძის, მეფე უილიამ IV-ის დაღუპვის შემდეგ 18 წლის ასაკში ავიდა ტახტზე თვლიდა, რომ მზად არ იყო ამისათვის, ამიტომაც სურდა, რომ თავისი შვილები სამომავლოდ ტახტისათვის მომზადებულები ყოფილიყვნენ. პარალელურად, საქსენ-კობურგ-გოთას პატარა საჰერცოგოში აღზრდილი პრინცი ალბერტი თავისი ბიძის, ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ის გავლენით ვიქტორიას ფრთხილად აძლევდა განათლებას.
ვიქტორიას დაბადებიდან მალევე პრინცმა ალბერტმა დღიურების წერა დაიწყო, სადაც იწერდა თავის შვილებთან შესრულებულ თუ შესასრულებელ დავალებასა და მოვალეობას. ერთ კვირაში დაიწერა 48 გვერდიანი დოკუმენტი, სადაც აღწერილი იყო საგანმანათლებლო პრინციპები, რომლებიც სამეფო ბავშვებთან უნდა გამოეყენებინათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიქტორიას დაბადებისას მეფე-დედოფალს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ბავშვის აღზრდაზე. მაგალითად, დედოფალ ვიქტორიას სჯეროდა, რომ თუ ბავშვი სამაჯურს იწვალებდა, ეს არასაკმარისი განათლების ნიშანი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიქტორიას ძიძის შერჩევისას სამეფო წყვილმა საოცარი კრიტერიუმები წამოაყენეს, თუმცა დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებულმა ლედი ლიტელტონმა მოახერხა მათი არარეალური მოთხოვნების შემსუბუქება. აბოლოოდ, ვიქტორიას აღმზრდელად სარა ანა ჰილდიარდი დაუქირავეს, რომელიც სწრაფად დაუმეგობრდა თავის აღსაზრდელს და კარგი პედაგოგიც გამოდგა.
ფხიზელი და გახსნილი გონების მქონე ვიქტორიამ 18 წლის ასაკში დაიწყო ფრანგული ენის შესწავლა. ოთხი წლის ასაკში მშობლიური ინგლისურის გარდა იგი მაღალ დონეზე ფლობდა გერმანულსაც. გარდა ამ ენებისა, მან ასევე კარგად იცოდა ლათინური და ბერძნულიც. ექვსი წლის ასაკიდან მის სასწავლო საგნებს დაემატა არითმეტიკა, გეოგრაფია და ისტორია, დამატებით კი მამამისი ასწავლიდა ფილოსოფიასა და პოლიტიკის ხელოვნებას. მისი სასკოლო საათები თითქმის მთელ დღეს მოიცავდა: იწყებოდა 08:20 საათზე და სრულდებოდა 18:00 საათზე. განსხვავებით ძმისგან, ვიქტორიას უფრო მკაცრი განრიგი ჰქონდა. ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ მას გამუდმებით სწყუროდა ცოდნის მიღება და ითხოვდა კიდეც დამატებითი გაკვეთილების ჩატარებას. ზრდასთან ერთად, მან საკმაოდ ჯიუტი ხასიათიც გამოავლინა.
დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტს სურდათ, რომ შვილები დაძაბული სამეფო კარისგან შორს აღეზარდათ. ამის გამო მათ ოსბორნის სასახლე შეიძინეს კუნძულ უაითზე, სადაც იზრდებოდნენ სამეფო ბავშვები. სასახლესთან ახლოს ალბერტმა შვეიცარიული კოტეჯი ააშენებინათ, სადაც ბავშვებთან ერთად ერთობოდა ხოლმე სანაპიროზე. შესაძლოა ითქვას, რომ ალბერტი ვიქტორიაზე მეტად იყო ჩაბმული და დაინტერესებული ბავშვების აღზრდა-განათლებით. იგი გამუდმებით აკვირდებოდა შვილების წინსვლას, დავალებებს აძლევდა და მათთან ერთად თამაშობდა. ამის გამო, პრინცესა ვიქტორიას „მამის კერპი“ ჰქონდა და მისი ლიბერალური შეხედულებებიც მემკვიდრეობით გადაეცა.
გერმანიის კონფედერაციაში ალბერტსა და დედოფალ ვიქტორიას თავიანთ მთავარ მოკავშირეებად პრუსიის დედოფალი ავგუსტა საქსენ-ვაიმარელი და მისი ვაჟი, პრინცი ფრიდრიხი მიაჩნდათ. იმის გათვალისწინებით, რომ დედოფალი ავგუსტა მათი სისხლისმიერი ნათესავიც იყო, ბრიტანეთის მეფე-დედოფალს მასთან ხშირი მიმოწერა ჰქონდა. 1848 წლის რევოლუციებმა, რომლებმაც ბერლინამდე და ლონდონამდეც მიაღწია, მათი კავშირი კიდევ უფრო გაამყარა. რევოლუციიდან სამ თვეში პრუსიის სამეფო კარმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ტახტის მემკვიდრე ბრიტანელ პრინცესაზე უნდა დაქორწინებულიყო ამ კავშირის გასამყარებლად.
1851 წელს პრუსიის მეფე ვილჰელმ I და დედოფალი ავგუსტა თავიანთ შვილებთან: ფრიდრიხთან და ლუიზასთან ერთად ეწვივნენ ლონდონს, რათა ალბერტის მიერ ორგანიზებულ დიდ გამოფენას დასწრებოდნენ. პირველად ვიქტორია თავის მომავალ მეუღლეს სწორედ ამ გამოფენაზე შეხვდა რა დროსაც ფრიდრიხი 19 წლის იყო, ხოლო ვიქტორია 11-ის. ორ ერს შორის კავშირის გასამყარებლად ვიქტორიამ და ალბერტმა სამეფო პრინცესას ურჩიეს, რომ ფრიდრიხთან მხოლოდ გერმანულად ესაუბრა, რადგან პრინცმა ინგლისურად რამდენიმე სიტყვის მეტი არაფერი იცოდა. მათმა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. წლების შემდეგ ფრიდრიხი ვიქტორიას საკმაოდ კარგად იგონებდა და აღწერდა, როგორც ინტელექტუალ, უცოდველ, ნაზ, მარტივ და ცნობისმოყვარე გოგონას.
ეს არ იყო უბრალო შეხვედრა მომავალ მეუღლესთან, არამედ ფრიდრიხს ინგლისში გატარებული ოთხი კვირა ძალიან მოეწონა და დაამახსოვრდა. ახალგაზრდა პრუსიელმა პრინცმა თავისი ლიბერალური შეხედულებები გაუზიარა სამეფო პრინცესას. ფრიდრიხი ერთობ კმაყოფილი დარჩა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებთან ურთიერთობით. ბერლინისგან განსხვავებით ლონდონის სამეფო კარის ცხოვრება შედარებით ლაღი და თავისუფალი იყო, რამაც გერმანელი პრინცი მართლაც მოხიბლა. ასევე ძალიან განსხვავებული იყო ალბერტის და ვიქტორიას თბილი ურთიერთობა შვილებთან ვილჰელმისა და ავგუსტასაგან.
გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ფრიდრიხმა მჭიდრო მიმოწერა გააჩაღა პრინცესა ვიქტორიასთან. ამ ახლო მეგობრობის უკან დედოფალი ვიქტროია პრუსიასთან მომავალ ალიანსს წარმოიდგენდა. ბიძამისთან, ბელგიის მეფე ლეოპოლდთან მიწერილ წერილებში დედოფალი აღნიშნავდა, რომ მისი ასულისა და პრუსიის პრინცის ურთიერთობას სამომავლოდ დიდი შედეგები მოჰყვებოდა.
პრინც ფრიდრიხს მშვენიერი ზოგადი განათლება ჰქონდა მიღებული. მის განათლებაზე თავად მწერალი ერნესტ მორიცი და ისტორიკოსი ფრიდრიხ კრისტოფ დალმანი ზრუნავდნენ. ამასთან ერთად, ჰოენცოლერნების ტრადიციის მიხედვით მან სამხედრო განათლებაც მიიღო.
1855 წელს პრინცი ფრიდრიხი მეორედ ეწვია დიდ ბრიტანეთს, სადაც პრინცესა ვიქტორიასა და მის ოჯახს შოტლანდიაში, ბალმორიალის სასახლეში შეხვდათ. მისი ამ მოგზაურობის ერთადერთ მიზანს სამეფო პრინცესის კარგად გაცნობა წარმოადგენდა, რათა გაეგო, იქნებოდა თუ არა იგი მისი შესაფერისი მეუღლე. ბერლინში პრინცის ბრიტანელ პრინცესაზე დაქორწინებას სიხარულით არ შეხვედრიან, რადგან გერმანელებს სურდათ, რომ ფრიდრიხს ცოლად რუსი პრინცესა შეერთო. საბოლოოდ პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მ თავის ძმისწულს ბრიტანელ ქალზე ქორწინების ნება დართო, თუმცა ეს იმიტომ, რომ მეფემ არ იცოდა თუ როგორი ძლიერი ანგლოფილი იყო ვიქტორია.
ფრიდრიხის მეორე ვიზიტისას ვიქტორია უკვე 15 წლის იყო. იგი დედას დაემსგავსა და სიმაღლეში ზრდა ადრეულ ასაკში შეწყვიტა, რის გამოც იგი მხოლოდ 1.50 მეტრი იყო სიმაღლეში (ორიგინალ ზომაში 4 ფუტი და 11 ინჩი). დედოფალი ვიქტორია ღელავდა, რომ ამის გამო პრუსიის პრინცი მის ქალიშვილს საკმარისად მიმზიდველად არ ჩათვლიდა. დედოფლის შიში ფუჭი აღმოჩნდა, რადგან პრინცთან პირველივე სადილობისასვე გახდა აშკარა მისი სამომავლო გეგმები ვიქტორიას მიმართ. ბრიტანეთში ჩასვლიდან სულ სამ დღეში პრინცმა ფრიდრიხმა დიდი ბრიტანეთის მეფე-დედოფალს მათ უფროს ქალიშვილზე დაქორწინების ნებართვა სთხოვა. მართალია ვიქტორიასა და ალბერტს ეს ამბავი ძალიან გაუხარდათ, მაგრამ წინადადებას იმ პირობით დასთანხმდნენ, რომ ქორწინება მხოლოდ ვიქტორიას მეჩვიდმეტე დაბადების დღის შემდეგ შედგებოდა.
ამ პირობის მიღებისთანავე, 1856 წლის 17 მაისს საჯაროდ გამოცხადდა ფრიდრიხისა და ვიქტორიას დანიშვნის ამბავი. აღსანიშნავია, რომ ამ ამბავს ბრიტანელ ხალხში დიდი იმედგაცრუება მოჰყვა. ამის საპასუხოდ გაზეთმა „The Times“-მა ჰოენცოლერნებს „უმწეო დინასტია“ უწოდა, რომელიც არასანდო და შეუსაბამო საგარეო პოლიტიკას ატარებდა ევროპაში. მათ სტატიაში ასევე ეწერა, რომ ისინი ტახტს მხოლოდ რუსეთის დახმარებით ინარჩუნებდნენ. ამ ნიშნობას ასევე ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა გერმანიაშიც, სადაც ხალხს ლიბერალი ბრიტანელი ქალის ტახტის მემკვიდრეზე დაქორწინების იდეა თითქმის არავის მოეწონა.
ვიქტორიას მამა, პრინცი ალბერტი ფიქტობდა, რომ პრუსიაში ლიბერალური რეფორმების გატარების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მის გვირგვინქვეშ მთელი გერმანიის გაერთიანება. ჯერ კიდევ 1848 წელს ცდილობდა დედოფალი ვიქტორია, რომ პრუსიელები დაეთანხმებინა ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის დამყარებაზე, თუმცა ამაოდ. ამის საპირისპიროდ, პრუსიის მეფეები ერთობ კონსერვატიულ შეხედულებებს ინარჩუნებდნენ.
მათი ნიშნობის შემდეგ, ალბერტსა და ვიქტორიას სურვილი გაუჩნდათ, რომ თავიანთი ქალიშვილი პრუსიის ლიბერალიზაციის ინსტრუმენტად ექციათ. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ისინი პრინცესა ვიქტორიას ამზადებდნენ პრუსიაში გასათხოვებლად და თანაც ცდილობდნენ ჩაენერგათ, რომ მას გერმანელებზე გავლენის მოხდენა კარგად შესძლებოდა. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ გერმანული ინტელიგენცია და გლეხობა ლიბერალიზმის მომხრე იყო. აქედან გამომდინარე, პრინცმა ალბერტმა თავის ქალიშვილს ერთობ რთული დავალება მისცა, განსაკუთრებით კრიტიკული და კონსერვატიული ჰოენცოლერნების სამეფო კარის მიმართ.
სამეფო პრინცესისათვის მზითევში გასატანებლად ბრიტანეთის პარლამენტმა 40,000 ფუნტი გამოყო, რასაც დაემატა მისთვის ყოველთვიური პენსიის სახით დანიშნული 8,000 ფუნტი. იმავდროულად პრუსიის მეფემ პრინც ფრიდრიხს პენსიად 9,000 ტალერი დაუნიშნა. ეს შემოსავალი სამომავლოდ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ფრიდრიხისა და ვიქტორიასთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიქტორია მხოლოდ ბრიტანულ პენსიას იყენებდა და არასოდეს გერმანულს.
ბერლინის სამეფო კარზე ქორწინების ორგანიზება ფრიდრიხის დედამ, პრინცესა ავგუსტამა და ფრიდრიხის ბიცოლამ, დედოფალმა ელიზაბეთ ლუდოვიკა ბავარიელმა იკისრეს. ამასთან, პრინცმა ალბერტმა თავიდანვე შეათანხმა პრუსიელებთან, რომ მის ქალიშვილს ყოველთვის ეყოლებოდა თავისი შერჩეული ორი ბრიტანელი სეფექალი. მართალია გერმანელები ამ მხრივ დათმობაზე წავიდნენ, თუმცა ვიქტორიას კიდევ ორი გერმანელი სეფექალი მიუჩინეს.
იმის გამო, რომ ქორწინებით ვიქტორიას პრუსიის კარზე რიგით მესამე ხარისხის მქონე სოციალური მდგომარეობა ექნებოდა, პრინცი ალბერტის გავლენით პარლამენტი დასთანხმდა, რომ ქორწილის შემდეგ, მიუხედავად ტრადიციისა, მას სამეფო პრინცესის წოდება შეუნარჩუნდებოდა. პრინცის ამ გადაწყვეტილებამ პრუსიის ანტი-ბრიტანული და პრორუსული სამეფო კარი კიდევ უფრო გააღიზიანა.
ყველაზე დიდი მსჯელობა გაიმართა იმაზე, თუ სად გამართულიყო ქორწილი: ბერლინში თუ ლონდონში. პრუსიელთა აზრით, ტახტის მომავალი მემკვიდრე აუცილებლად ბერლინში უნდა დაქორწინებულიყო. ამის პარალელურად დედოფალი ვიქტორია ამტკიცებდა, რომ თავისი უფროსი ქალიშვილი აუცილებლად სამშობლოში უნდა დაქორწინებულიყო. საბოლოოდ დედოფლის აზრმა გაიმარჯვა და 1858 წლის 25 იანვარს წმინდა ჯეიმზის სახელობის სასახლის სამლოცველოში, ლონდონში შედგა პრინცესა ვიქტორიასა და პრინცი ფრიდრიხის ქორწინება.
ბერლინში გადასვლის შემდეგ ვიქტორიასა და მის მშობლებს შორის საოცარი მიმოწერა გაჩაღდა. იგი ყოველ კვირას სწერდა მამას წერილს, სადაც აღწერდა გერმანიის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებას. ამ წერილების უმეტესობა მოღწეული და დაცულია, რაც პრუსიის სამეფო კარის ცხოვრებაზე მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის. ზემოთ ხსენებული წერილებიდან ასევე ირკვევა დედოფალ ვიქტორიას სურვილი - გაეკონტროლებინა თავისი ქალიშვილის ყოველი ნაბიჯი. იგი ვიქტორიას სთხოვდა, რომ სამშობლოსა და ახალი ქვეყნისადმი თანაბარი ერთგულება გამოეჩინა. ამ მითითების შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან უმნიშვნელო მოვლენებიც კი ვიქტორიას პრობლემებს უქმნიდა. მაგალითად: 1858 წლის მაისში ორლეანის ჰერცოგინია ელენა მეკლენბურგ-შვერინელის გარდაცვალებამ, რომელიც პრუსიის მეფის ნათესავიც იყო და დედოფალი ვიქტორიასიც ორ სამეფო კარს შორის დაპირისპირება გამოიწვია, რადგან ბრიტანეთში განსვენებული ჰერცოგინია ერთ თვეს იგლოვეს, პრუსიაში კი მხოლოდ ერთ კვირას. ცხადია, ამ დაპირისპირების შუაში ისევ პრინცესა ვიქტორია მოყვა. ვიქტორია პატივს სცემდა და ვალდებულიც იყო დამორჩილებოდა ჰოენცოლერნების სამგლოვიარო თუ სხვა ტრადიციებს, რის გამოც მას დედამისი ხშირად აკრიტიკებდა. დედოფალი ვიქტორია მას პირდაპირ სთხოვდა გერმანიაში ბრიტანული ჩვეულებების დამკვიდრებას, რაც ნამდვილად შეუძლებელი იყო.
დედისა და დედამთილისაგან მომართულმა გაუთავებელმა კრიტიკის ქარ-ცეცხლმა იმდენად უარყოფითი გავლენა მოახდინა ვიქტორიას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რომ ბარონ ფონ სტოკმარმა პრინც ალბერტს სთხოვა დედოფალ ვიქტორიასთვის შვილისათვის მოთხოვნების შეწყვეტა ეთხოვა. მიუხედავად ბარონის თხოვნისა, შეტევები არ შემცირებულა და პრინცესა საშინელ ზეწოლას განიცდიდა ბერლინის ანტი-ბრიტანული და რუსოფილური სამეფო კარის მხრიდან. XIX საუკუნის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი და რუსეთი არა მხოლოდ იდეოლოგიური მოქიშპეები, არამედ აზიის გეოპოლიტიკური მტრებიც იყვნენ. მთელ მსოფლიოში მუსირებდა ის აზრი, რომ ავტოკრატიულ რუსეთსა და დემოკრატიულ ბრიტანეთს შორის მსოფლიოში გაბატონებისათვის მიდიოდა ბრძოლა, რომელშიც დემოკრატიით შეშინებული გერმანელი თავადები რუსებს უჭერდნენ მხარს.
მისი პრუსიაში ჩასვლიდან მალევე დაიწყო დიდი სკანდალი, რომელიც „ანგლო-პრუსიული ბაღების ომის“ სახელითაა ცნობილი, რაც იმით დაიწყო, რომ ბერლინის სასახლეებში ვიქტორიამ ბაღები ინგლისური სტილით მოაწყო. პრუსიის სამეფო კარი ბაღების საკითხში იტალიურ სტილს უჭერდა მხარს, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა ინგლისური გეომეტრიული ბაღებისაგან.
17 წლის ვიქტორიას უცხო სამეფო კარზე უამრავი მოვალეობა დაეკისრა, რომელთა შესრულებასაც ვერ გაექცეოდა. ყოველ საღამოს იგი უნდა დასწრებოდა სამეფო ვახშამს, თეატრალურ წარმოდგენას, ან საზოგადოებრივ მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ ჰოენცოლერნთა ნათესავები სტუმრობდნენ ბერლინს ან პოტსდამს, მისი მოვალეობები ფართოვდებოდა. ასეთ დროს იგი ვალდებული იყო დილის შვიდ საათზე ამდგარიყო და სამეფო სტუმრებს მისალმებოდა, შემდეგ კი მათთან ერთად ესაუზმა და ესადილა.
ვიქტორიას ბერლინში ჩასვლისთანავე მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მ მასა და ფრიდრიხს სამეფო სასახლის მთლიანი ფრთა უბოძა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამეფო სასახლე ამ დროს საშინელ მდგომარეობაში იყო და არც დარბაზები ჰქონდა. ამის გამო 1858 წლის ნოემბერში წყვილი კრონპინცენპალასში გადავიდა, ზაფხულებს კი ისინი ნეუსის სასახლეში ატარებდნენ.
ქორწინებიდან ერთ წელიწადში, 1859 წლის 27 იანვარს ვიქტორიამ თავისი პირველი შვილი გააჩინა - გერმანიის მომავალი იმპერატორი ვილჰელმ II. პრინცესასთვის მშობიარობა უკიდურესად რთული აღმოჩნდა. მოახლე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ექიმების გამოძახებაზე ვიქტორიას ნაადრევმა ჭინთვებმა შეაფერხა, ამიტომაც ექიმებმა მისვლა დააგვიანეს. უფრო მეტიც, მისმა პირადმა გინეკოლოგმა არსებული მდგომარეობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ პრინცესა ოცდაოთხსაათიან მეთვალყურეობას საჭიროებდა. ექიმების განცხადებით დაგვიანებულ მშობიარობას შეეძლო პრინცესისა და მისი ბავშვის მშობიარობის დროს დაღუპვა.
საბოლოოდ ექიმებმა მოახერხეს როგორც დედის, ისე ბავშვის გადარჩენა. მიუხედავად ამისა, ბავშვს ბრაციალური პლეროქსის დიაგნოზი დაუსვეს, რისი მიზეზიც მშობიარობის დროს მიღებული დაზიანებები გახდა. ამის გამო ვილჰელმს მთელი ცხოვრების მანძილზე ჰქონდა მანკი. როდესაც იგი გაიზარდა მისი მარცხენა მკლავი მარჯვენაზე 15 სმ-ით მოკლე იყო. ვილჰელმს ნერვოლოგიური დარღვევებიც ჰქონდა, რაც საბოლოოდ ვიქტორიას სტრესს დაბრალდა, რომელსაც ორსულობის პერიოდში განიცდიდა.
ექიმები ყველანაირად ცდილობდნენ ბავშვის დაზიანებების მედიკამენტებით გამოსწორებას, თუმცა ამაოდ. ამის გამო ვიქტორიამ და ფრიდრიხმა ბრიტანეთის სამეფო კარს ბავშვის მანკების შესახებ არაფერი უთხრეს. ეს იმიტომ, რომ ექიმების ვარაუდით ვილჰელმის მკლავი ერთ კვირაში უნდა ჩამდგარიყო ჩვეულ ფორმაში, მაგრამ როდესაც ოთხი თვის შემდეგაც კი არ გამოსწორდა მდგომარეობა ვიქტორიამ სამწუხარო ამბავი მშობლებს აცნობა. ამის სამაგიეროდ, 1860 წლის 24 ივლისს ვიქტორიამ სრულიად უპრობლემოდ გააჩინა თავისი მეორე ბავშვი, პრინცესა შარლოტა.
1861 წლის 2 იანვარს პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მისმა ძმამ და ვიქტორიას მამამთილმა, ვილჰელმ I-მა დაიკავა, რომელიც 1858 წლიდან ისედაც მართავდა ქვეყანას რეგენტის სტატუსით. ამის გამო ფრიდრიხი და ვიქტორია პრუსიის კრონპრინცი და კრონპრინცესა გახდნენ. მიუხედავად დიდი ძვრებისა, სამეფო კარი დიდად არ შეცვლილა. ვილჰელმმა მათ უარი უთხრათ შემოსავლის გაზრდაზე, რის გამოც ვიქტორია განაგრძობდა ოჯახის რჩენას თავისი ბრიტანული პენსიით. ბარონ ფონ სტოკმართან გაგზავნილ წერილში პრინცი ალბერტი ამ სიტუაციაზე ასეთ რამეს წერდა:
გარდა ფინანსური სიდუხჭირისა, ფრიდრიხსა და ვიქტორიას სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც ჰქონდათ. როგორც ტახტის პირველ მემკვიდრეს, ფრიდრიხს მეფის თანხმობის გარეშე პრუსიის დატოვება აღარ შეეძლო. ამის გამო ვიქტორიას ვიზიტები მშობლიურ ბრიტანეთში საგრძნობლად შემცირდა. ტახტზე ასვლისთანავე მეფე ვილჰელმ I-მა პრინცი ალბერტისაგან მიიღო წერილი იმის თაობაზე, რომ პრუსიას თავისი კონსტიტუციით მაგალითი მიეცა სხვა გერმანული ქვეყნებისთვის. ეს წერილიც რომ არა, ვილჰელმის უკმაყოფილება სულ უფრო იზრდებოდა ალბერტის, ფრიდრიხისა და ვიქტორიას მიმართ, რომლებიც პრუსიაში ლიბერალურ რეფორმებს მოითხოვდნენ.
1861 წლის 14 დეკემბერს პრინცი ალბერტი ტიფური ცხელებით გარდაიცვალა, 42 წლის ასაკში. ვიქტორია, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, ამ ამბავმა გაანადგურა. იგი ქმართან ერთად სასწრაფოდ გაემგზავრა ინგლისში და დაესწრო მამის დაკრძალვას.
ამ ტრაგედიიდან მალევე, რომელსაც ფრიდრიხი და ვიქტორია ჯერ ისევ გლოვობდნენ, ვილჰელმ I-ის მეფობის პირველ კრიზისთან მოუწიათ დაპირისპირება, რისთვისაც ჯერ მზად არ იყვნენ. პრუსიის პარლამენტმა მეფეს უარი უთხრა ჯარის რეორგანიზაციისათვის საჭირო თანხების გაცემაზე. ამის გამო 1862 წლის 11 მარტს ვილჰელმმა პარლამენტი დაშალა და აღადგინა პრუსიის საკონსტიტუციო საბჭო, რომელის ტახტს ემორჩილებოდა.
ვიქტორია ცდილობდა, რომ ფრიდრიხი მამის ჩამოგდების საქმეზე დაეყოლიებინა, თუმცა კრონპრინცი არ დასთანხმდა ცოლის მოწოდებას და მამას მიემხრო. იგი ასე იმიტომ მოიქცა, რომ ვილჰელმის ჩამოგდებისა და პარლამენტის აღდგენის შემთხვევაში, შესაძლო იყო, რომ პრუსიაში მონარქია გაუქმებულიყო, რაც მას არ აწყობდა.
1862 წლის სექტემბერში ვილჰელმ I-მა თავის პრემიერ-მინისტრად ოტო ფონ ბისმარკი დანიშნა. კონსერვატიული პარტიის ლიდერი ოტო მზად იყო, რომ ქვეყანა პარლამენტის გარეშე ემართა და საჭიროებისამებრ გამოეყენებინა სახელმწიფოს ბიუჯეტიც. მეფე ამ სიტუაციით ერთობ კმაყოფილი იყო, თუმცა მისმა ლიბერალმა მეუღლემ, დედოფალმა ავგუსტამ, ფრიდრიხთან და ვიქტორიასთან ერთად ცუდად მიიღო ეს ამბავი და ოტოს ღიად დაუპირისპირდა. მიუხედავად ამისა, ბისმარკი ჯერ პრუსიის, შემდეგ კი გერმანიის სახელმწიფო სათავეში 1890 წლამდე დარჩა. მისი გავლენით კრონპრინცი და კრონპრინცესა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
პრუსიის კონსერვატიული კონფლიქტის დაწყებასთან ერთად, ბერლინში ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის არსებულმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია. 1862 წლის ზაფხული ვიქტორიამ და ფრიდრიხმა ხმელთაშუა ზღვაში, დედოფალ ვიქტორიას იახტაზე გაატარეს, რაც იქცა იმის საბაბად, რომ კონსერვატორებმა კრონპრინცი მამის მიტოვებაში დაადანაშაულეს. ასეთი პოლიტიკური დაძაბულობის დროს, პრუსიელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ მათი კრონპრინცი ინგლისური ხომალდებით მოგზაურობდა.
მას შემდეგ, რაც ვიქტორიას უფროსმა ძმამ, უელსის პრინცმა ედუარდმა ცოლად შეირთო დანიის მეფე კრისტიან IX-ისა და დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელის ასული ალექსანდრა დანიელი, რითაც დანია-ინგლისის ანტიპრუსიული ალიანსი შეიქმნა, ბერლინში კრონპრინცესის პოზიცია კიდევ უფრო შესუსტდა. გერმანული საზოგადოება მთლიანად კრონპრინცესას ადანაშაულებდა თავისი ძმისა და დანიელი პრინცესის კავშირის შექმნაში.
ამას მოჰყვა ინციდენტი, რომლის დროსაც ფრიდრიხმა ღიად გააკრიტიკა მამისა და ბისმარკის კონსერვატორული პოლიტიკა. დანციგში ოფიციალური ვიზიტის დროს, კრონპრინცმა დაგმო პრემიერ-მინისტრის მიერ 1863 წელს გამოცემული ბრძანებულება, რომელიც პრუსიაში იმ გაზეთების გამოშვებას კრძალავდა, რომლებშიც ლიბერალური იდეოლოგია იყო გატარებული. შვილის ქმედებების აღშფოთებული ვილჰელმ I ფრიდრიხს დაუმორჩილებლობის გამო დაემუქრა, რომ სამხედრო წოდებებს ჩამოართმევდა და ტახტის მემკვიდრეთა სიიდანაც ამოშლიდა. ამ პირობებში ფრიდრიხის ძმა, პრინცი კარლი და მისი მოკავშირე მინისტრები ღიად მოითხოვდნენ მეამბოხე კრონპრინცის გასამართლებას.
ცხადია, ამ სიტუაციამ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა ვიქტორიაც, ვინაიდან ბევრი ფიქრობდა, რომ დანციგში კრონპრინცის გამოსვლის უკან სწორედ ის იდგა. პარალელურად, გერმანიაში კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებულმა ვიქტორიამ და ფრიდრიხმა დაინახეს, რომ მათ ქმედებებს ბრიტანეთში ადიდებდნენ. გაზეთი „The Times“ წერდა:
ბრიტანული მედიის მხარდაჭერა ფრიდრიხისა და ვიქტორიასთვის ახალ პრობლემად იქცა. სტატიებში იბეჭდებოდა ბერლინის სამეფო კარის წვრილმანი დეტალებიც კი, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ასეთ კონფიდენციალურ ინფორმაციას კრონპრინცესა ასაჯაროებდა. ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საქმეც კი აღძრა. ასეთი ზეწოლის გამო ვიქტორიას პირადმა მდივანმა ბარონ ერნესტ ფონ სტოკმარმა თანამდებობა დატოვა.
პრემიერ-მინისტრი ბისმარკი საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობდა გერმანული სამეფო-სამთავროების შემოერთებისათვის ბრძოლის დაწყებას. იგი მიზნად ისახავდა გერმანიაში ავსტრიის გავლენის შემცირებასა და კონფედერაციაში პრუსიის ჰეგემონიის განმტკიცებას. თავისი მიზნების ერთგული ბისმარკი, 1864 წლიდან დანიასა და გერმანულ საჰერცოგოებს შორის მიმდინარე კონფლიქტში ჩაერთო. ამ ბრძოლაში პრუსიას მიემხრო ავსტრიაც.
უელსის პრინცისა და დანიის პრინცესის დაქორწინების გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უარი თქვა კონფლიქტში ჩარევაზე. ეს უფრო დედოფალი ვიქტორიას გავლენა იყო, რადგან არ სურდა ამ ომს მის ოჯახურ ურთიერთობებზე ჰქონოდა გავლენა. ამასთან, ბერლინში დადიოდა ჭორები, რომ კრონპრინცესა უკმაყოფილო იყო პრუსიის ჩარევითა და მისი რძლის სამშობლოსთან ომის გამოცხადებით.
მიუხედავად კრიტიკისა და უნდობლობისა, ვიქტორია გერმანულ ჯარებს უჭერდა მხარს. ფლორენს ნაიტინგეილის მაგალითით, რომელიც ყირიმის ომის დროს დაჭრილ ბრიტანელ ჯარისკაცებზე ზრუნავდა, კრონრპინცესამაც გადაწყვიტა, რომ გერმანელთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად ფრონტის ხაზზე მედდის სტატუსით გასულიყო და ქვეყნისათვის სამსახური გაეწია. იმის გამო, რომ ვიქტორია მუდმივად ფრონტზე იყო და დაჭრილ ჯარისკაცებზე ზრუნავდა, იგი ვერ დაესწრო ვილჰელმ I-ის დაბადების დღეს, რამაც მეფის უკმაყოფილება გამოიწვია.
ომის დროს ფრიდრიხი პრუსიის ჯარებს შეუერთდა და მარშალ ფრიდრიხ ფონ ვრანგელის მეთაურობით ებრძოდა დანიელებს. კრონპრინცმა თავი 1864 წლის 7-18 აპრილს მომხდარ დიბაბლის ბრძოლაში გამოიჩინა, რომელშიც დანიელთა ჯარი გაანადგურა პრუსია-ავსტრიის კოალიციამ. გერმანიის გამარჯვებით კმაყოფილი დარჩა ვიქტორია, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი და მისი ქმრის ერთგული სამასხურის გამო მაინც დაიმსახურებდა ხალხის მოწონებას. ფრიდრიხთან გაგზავნილ წერილში ვიქტორია ჩიოდა მუდმივი კრიტიკისა და უნდობლობის გამო, რადგან პრუსიაში მას ბრიტანეთის ჯაშუშად თვლიდნენ, ხოლო ბრიტანეთში — პრუსიელებისას.
1864 წლის 30 ოქტომბერს დადებული ვენის საზავო ხელშეკრულებით დამტკიცდა პრუსიის გამარჯვება დანიაზე, რის შემდეგაც შლეზვიგის, ჰოლშტაინისა და ლაუენბურგის საჰერცოგოები ჩამოერთვა დანიას და იქ პრუსია-ავსტრიის ერთობლივი მთავრობის მმართველობა დამყარდა. ამ რეგიონზე კონტროლის სურვილმა ახალი კონფლიქტის წარმოშობას დაუდო საფუძველი ბერლინსა და ვენას შორის.
დანიისთვის საჰერცოგოების წართმევის შემდეგ პრუსიაში ცოტა ხანს მშვიდობა სუფევდა. გაშტაინის კონვენციამ, რომელზეც ხელი ორივე გამარჯვებულმა მხარემ მოაწერა და რომელიც მიტაცებულ მიწებზე ორივე სახელმწიფოს კონტროლს აწესებდა, ორივე ქვეყნის ხელისუფალში იწვევდა უკმაყოფილებას. ამასთან, აზრთა სხვადასხვაობამ პროვინციების მართვასა და ადმინისტრაციულ დაყოფასთან დაკავშირებით, სწრაფად გააღვივა ახალი კონფლიქტი პრუსიასა და ავსტრიას შორის. 1866 წლის 9 ივნისს პრუსიამ ავსტრიის იმპერიას ომი გამოუცხადა და ჰოლშტაინში ჯარები შეიყვანა. 14 ივნისს კი ავსტრიასა და მის მოკავშირე გერმანულ სამეფოებში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა.
პრუსიამ ავსტრიის გამოცხადებული მობილიზაცია უკანონოდ შერაცხა და გამოაცხადა გერმანიის კონფედერაციის დაშლა. ამასთანავე პრუსიული ჯარები ერთნაირად შევიდა ჰანოვერში, ჰესენ-კასელსა და საქსონიაში, რითაც საბოლოოდ გახდა ცხადი ომის დაწყება. ავსტრიის იმპერატორმა ფრანც იოზეფ I-მა ვილჰელმ I-ს მზადყოფნა გამოუცხადა და ბრძოლაში აქტიურად ჩაება. 1866 წლის 3 ივლისს სადოვის ბრძოლაში პრუსიელებმა კრონპრინც ფრიდრიხის მეთაურობით მიწასთან გაასწორეს ავსტრიელები, რის შემდეგაც იმპერატორმა ფრანც იოზეფმა სასწრაფოდ გამოაცხადა კაპიტულაცია და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. 1866 წლის 23 აგვისტოს დადებული პრაღის სამშვიდობო ხელშეკრულებით ავსტრია გავიდა გერმანიის კავშირიდან. ამასთან, პრუსიის მფლობელობაში გადავიდა ომის დროს ანექსირებული ჰანოვერი, ნასაუ, ჰესენ-კასელი, შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ლაუენბურგი და ფრანკფურტი.
ავსტრიელთა დამარცხებიდან მალევე ბისმარკმა პარლამენტს ჯარის გაძლიერებისათვის საჭირო თანხების გამოყოფა სთხოვა, რამაც ახალი დაპირისპირება გამოიწვია ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის. ფრიდრიხი და ვიქტორია თავიდან არ მიესალმნენ ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაციის შექმნას, თუმცა როდესაც დაინახეს, რომ ეს გერმანიის გაერთიანების დასაწყისი იყო, კონსერვატორთა მხარეს გადავიდნენ. ამის მიუხედავად, ვიქტორია მაინც უკმაყოფილო იყო, რადგან შექმნილი კონფედერაცია შორს იყო იმ ლიბერალური ღირებულებებისაგან, რომელთაც იგი ატარებდა. მიუხედავად დემოკრატიული წესით არჩევის უფლებისა, რაიხსტაგს არ ჰქონდა იგივე უფლებამოსილება, როგორიც ბრიტანეთის პარლამენტს. გარდა ამისა, ადგილობრივი გერმანელი მმართველები არ იყვნენ დაინტერესებულნი გაერთიანებით და თავიანთი სუვერენიტეტის შენარჩუნება სურდათ. ამის გამო ვილჰელმ I-მა ბისმარკს კიდევ უფრო დიდი ძალაუფლება მისცა, რათა ებრძოლა გერმანიის გაერთიანებისათვის.
ავსტრია-პრუსიის ომის დროს ფრიდრიხსა და ვიქტორიას მეტად მძიმე ვითარება ჰქონდათ. 1866 წლის 18 ივნისს, მათი ერთი წლის ვაჟი, პრინცი სიგიზმუნდი გარდაიცვალა, ზუსტად სადოვის ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე. ამ ტრაგედიამ გაანადგურა კრონპრინცესა, რომელმაც ნუგეში დედისა და რძლებისაგან მიიღო. დედოფალი ვიქტორია, რომელიც ჯერ კიდევ გლოვობდა საყვარელი მეუღლის, პრინცი ალბერტის გარდაცვლაბეას, ვერ ხვდებოდა თავისი ქალიშვილის გრძნობებს, რადგან მიაჩნდა, რომ შვილის დაკარგვა გაცილებით უფრო რთული იყო, ვიდრე ქმრის. ამ პირობებში მისმა დედამთილმა, დედოფალმა ავგუსტამ მოითხოვა, რომ პრინცესა ვიქტორია დროებით გაენთავისუფლებინათ მისი მოვალეობებისაგან.
გერმანიაში მშვიდობის დამყარების შემდეგ კრონპრინცი უფრო ხშირად მოგზაურობდა ქვეყანაში, ბერლინის გარეთ. ვიქტორია ქმარს ამ მოგზაურობებში იშვიათად ახლდა, ძირითადად იმიტომ, რომ ცდილობდნენ ხარჯები მინიმუმამდე შეემცირებინათ. გარდა ამისა, კრონპრინცესას შვილების დიდი ხნით დატოვება არ შეეძლო. სიგიზმუნდის გარდაცვალების შემდეგ, 1866-1872 წლებში სამეფო ოჯახი უფრო გაიზარდა, რადგან ვიქტორიამ კიდევ ოთხი ბავშვი გააჩინა. სანამ უფროს ბავშვებს (ვილჰელმი, შარლოტა და ალბერტი) სამეფო აღმზრდელები ზრდიდნენ, უმცროს შვილებს (სიგიზმუნდი, ვიქტორია, ვალდემარი, სოფია და მარგარეტი) ვიქტორია პირადად უვლიდა. ეს ხშირად ხდებოდა კონფლიქტის საბაბი როგორც დედასთან, ისე დედამთილთან, რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ სამეფო ბავშვები აუცილებლად ძიძებს უნდა აღეზარდათ.
ბერლინში ვიქტორიას მდომარეობა წლების განმავლობაში კვლავ არამყარი და რთული იყო და მიუხედავად დედოფალ ავგუსტასთან არსებული საერთო ლიბერალური შეხედულებებისა, რძალ-დედამთილს მაინც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. კრონპრინცესის ნებისმიერი ქმედება დედოფლისაგან კრისტიკას იმსახურებდა. ორ ქალს შორის არსებული დაპირისპირება იმდენად დიდი იყო, რომ საბოლოოდ ვიქტორიამ თავის მამამთილს, მეფე ვილჰელმ I-ს მიმართა შუამავლობისათვის.
1870 წლის 19 ივლისს ბისმარკმა კიდევ ერთ მეზობელთან, ოღონდ ამჯერად საფრანგეთთან დაიწყო ომი. მოგვიანებით ამ ომმა დიდი ძვრები გამოიწვია მთელს ევროპაში. როგორც დანიასა და ავსტრიასთან მიმდინარე კონფლიქტებისას, ვიქტორია და ფრიდრიხი ამ ომშიც აქტიურად ჩაებნენ. ფრიდრიხი მონაწილეობდა ისეთ ბრძოლებში, როგორებიცაა: ვიზემბურგი (1870 წლის 4 აგვისტო), ვოირთისა (1870 წლის 6 აგვისტო) და სედანის (1870 წლის 1 სექტემბერი), რომელშიც ტყვედ ჩავარდა თავად საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III. მათ მალევე მიაღწიეს პარიზამდე და მას ალყაც შემოარტყეს. ტახტის მემკვიდრის ავტორიტეტის ზრდა ბისმარკს არ მოსწონდა, რის გამოც ყველანაირად ცდილობდა ძირეულად შეეცვალა სიტუაცია. კანცლერმა მალევე იპოვა მიზეზი და კრონპრინცს დასდეს გერმანული ჯარების შეფერხებაში ბრალი, რის გამოც პარიზი ვერ აიღეს. სულ მალე ფრიდრიხს დააბრალეს ისიც, რომ ლიბერალი დედისა და ცოლის გავლენით მან სპეციალურად შეაფერხა გერმანელები, რათა საფრანგეთი გადაერჩინა. გერმანული გაზეთები ერთხმად უწოდებდნენ დედოფალს, კრონპრინცსა და კრონპრინცესას ფრანკოფილებსა და ქვეყნის მოღალატეებს.
ვიქტორიას დაუღალავმა სამსახურმა და დაჭრილი გერმანელი ჯარისკაცებისათვის გაწეულმა დახმარებამ პრესაზე გავლენა ვერ იქონია. ჰამბურგში კრონპრინცესის მეოხებით ააგეს სპეციალურად ომში დაჭრილი ჯარისკაცებისათვის განკუთვნილი საავადმყოფო. მისი შემოსავლების სიმცირის მიუხედავად ვიქტორია აფინანსებდა ვესბადენის, ბიბერახის, ბინგენის, ბინგერბიუკის, რიუდესჰაიმისა და მაინცის ჰოსპიტალებს. პრესამ მის ამ ქმედებას შემდეგნაირი გამართლება მოუძებნა: იგი ცდილობდა ქველმოქმედებით დაეჩრდილა დედამთილი. ამის გამო ავგუსტამ რძალი სერიოზულად დატუქსა, საბოლოოდ კი ვილჰელმ I-მა მას წერილი გაუგზავნა და მოსთხოვა შეეწყვიტა „საქველმოქმედო თეატრი“ და დაბრუნებულიყო ბერლინის სამეფო კარზე, თავისი მოვალეობების შესასრულებლად.
1871 წლის 18 იანვარს ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაციის მთავრობამ და სამხრეთ გერმანიის კონფედერაციამ (ბადენი, ვიურტემბერგი, ბავარია და ჰესენ-დარმშტადტი) გამოაცხადეს გაერთიანება. ვერსალის სასახლის სარკეებიან დარბაზში მეფე ვილჰელმ I-მა ეს ამბავი საზეიმოდ გამოაცხადა, თავად კი გაერთიანებული გერმანიის პირველი იმპერატორი გახდა. გერმანული სახელმწიფოები საერთო საზღვრებში რეალურად მხოლოდ სიმბოლურად გაერთიანდნენ, რადგან ყველა გერმანულ სამეფო-სამთავროს თავისი მონარქი და სამეფო ოჯახი ჰყავდა, უბრალოდ პრუსიის მეფე ყოველი მათგანის მმართველი გახდა. ამრიგად, ფრიდრიხი და ვიქტორია უკვე გერმანიის კრონპრინცი და კრონპრინცესა გახდნენ, ოტო ფონ ბისმარკი კი საიმპერატორო კანცლერად დაინიშნა.
1871 წლის 26 თებერვალს დადებული ვერსალის ხელშეკრულებით გერმანიის ფარგლებში მოექცა საფრანგეთის კუთვნილი ელზასი და ჩრდილო ლოთარინგია. 1871 წლის 10 მაისს, ფრანკფურტის ხელშეკრულებით სამხრეთ გერმანული კათოლიკური სახელმწიფოები საბოლოოდ შევიდა გაერთიანებაში.
მიუხედავად იმისა, რომ 1860-იან წლებში საველე მარშლის წოდება ჰქონდა, საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდეგ ფრიდრიხმა ვერ შეძლო ჯარის სარდალი გამხდარიყო. ამის მიზეზი ის იყო, რომ იმპერატორი ვაჟს არ ენდობოდა და ცდილობდა იგი სახელმწიფო საქმეებისაგან შორს ჰყოლოდა, ამის საბაბი კი ფრიდრიხის „ზედმეტად ინგლისური“ აზროვნება იყო. მოგვიანებით კრონპრინცი სამეფო მუზეუმების კურატორად დაინიშნა. ამის პარალელურად, გერმანიაში გადასახლებული ვიქტორია განაგრძობდა მამის რჩევის გათვალისწინებას და დაუღალავად მუშაობდა გერმანიაში ლიბერალიზმის დამკვიდრებაზე. იგი ეცნობოდა ისეთი დიდი მოაზროვნეების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: გოეთე, ლესინგი, ჰაინე და სტიუარტ მილი. კრონპრინცესა ქმართან ერთად ხშირად აწყობდა ინტელექტუალურ საღამოებს. მწერალი გუსტავ ფრაიტაგი წყვილთან საკმაოდ ახლოს იყო, რის გამოც მათ, როგორც ახლო მეგობარი ხშირადაც სტუმრობდათ. მიუხედავად დედის აღშფოთებისა, ვიქტორია აქტიურად ემხრობოდა დარვინისეულ ევოლუციის თეორიასა და ბრიტანელი გეოლოგების იდეებს. გამოჩენილი გერმანელი ასტრონომი ვილჰელმ იულიუს ფოერსტერი იტყობინება, რომ კრონპრინცესა მას ხშირად სტუმრობდა ბერლინის ობსერვატორიაში და დიდ ინტერესს იჩენდა ასტრონომიის მიმართ. ვიქტორიას სურდა, რომ გაეცნობიერებინა სოციალიზმის პრინციპები, რის გამოც აქტიურად ეცნობოდა კარლ მარქსის ნაშრომებს და გრაფინია მარია ფონ შლაინიცის სალონში ვიზიტისას ქმარს ამაზე ესაუბრა კიდეც. აღსანიშნავია, რომ გრაფინია შლაინიცის სალონი ძირითადად ბისმარკის მოწინააღმდეგეთა თავშეყრის ადგილი იყო.
ბევრი თავიანთი თანამედროვისაგან განსხვავებით, ვიქტორია და ფრიდრიხი ერთხმად უარყოფდნენ ანტისემიტიზმს. დედასთან მიწერილ წერილში, უფრო სწორად ესეში, კრონპრინცესა კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდა რიხარდ ვაგნერის ნაწარმოებს „მუსიკა იუდაიზმში“, რომელსაც იგი სასაცილოდ და უსამართლოდ მიიჩნევდა. რაც შეეხება ფრიდრიხს, იგი უფრო თამამად იქცეოდა და რამდენჯერმე სინაგოგასაც კი ესტუმრა, რითაც ცდილობდა გაექარწყლებინა ებრაელთა საყოველთაო სიძულვილი, რომელმაც გერმანიაში 1880-იანი წლებიდან დაიწყო ზრდა. 1880-81 წლებში ჩატარდა ე.წ. ვოილკიშის მოძრაობა გერმანელი ებრაელების განსათავისუფლებლად, რომელსაც ხელი 250,000-მდე გერმანელმა მოაწერა. ეს მოძრაობა მიზნად ისახავდა გერმანიაში ებრაელების საცხლოვრებლად ჩასვლას, ასევე ებრაელების დასაქმებას, სამხედრო სამსახურში აყვანასა და მათთვის განათლების მიცემას. ამ ანტისემიტურმა განწყობამ და მათმა მეთაურებმა დიდი პოპულარობა მოიხვეჭეს გერმანიაში. ამასთან დაკავშირებით ვიქტორიამ ასეთი რამ განაცხადა:
„დაუშვებელია ასე სიძულვილით მოექცნენ განსხვავებული რწმენისა და რასის ერს, რომელიც უკვე ჩვენი ერის განუყოფელი ნაწილია!“ |
1880 წელს ებრაელებისათვის მხარდაჭერის გამოცხადების დემონსტრაციისათვის ვიქტორია და ფრიდრიხი სინაგოგაში ღვთისმსახურებას დაესწრნენ. 1881 წელს იგივე განმეორდა, რაც გერმანელებში, განსაკუთრებით კი კონსერვატორულ საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. იმავდროულად დედოფალი ვიქტორია ამაყობდა თავისი სიძისა და ქალიშვილის ძალისხმევით და მათ უფრო მეტი აქტიურობისაკენაც მოუწოდებდა. სულ მალე მათ პოტსდამის რეზიდენციაში დაიწყეს ერუდირებულ ებრაელებთან შეხვედრა, რამაც წყვილსა და სამეფო კარს შორის დიდი უთანხმოება გამოიწვია. ბისმარკი და მისი მომხრეები ძლიერ შიშობდნენ, რადგან ერთ დღეს იმპერატორი და დედოფალი სწორედ ფრიდრიხი და ვიქტორია უნდა გამხდარიყვნენ, რაც კონსერვატორული წრისთვის კარგს არაფერს მოასწავებდა. ამის გამო ბისმარკმა დაარწმუნა იმპერატორი რომ კრონპრინცობა ფრიდრიხისთვის ჩამოერთმია და მისი ვაჟისთვის, ვილჰელმისთვის გადაეცა, რომელსაც ბავშვობიდანვე ისე ზრდიდნენ, როგორც მოესურვებოდათ. ამასთან, ვიქტორია ბრიტანეთში გააძევეს და დაემუქრნენ კიდეც, რომ თუ ოდესმე გერმანიაში დაბრუნდებოდა სიკვდილით დასჯიდნენ. საბოლოოდ, დედოფალ ვიქტორიასა და მისი მოკავშირის, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ჩარევის შემდეგ, ვიქტორიას ნება დართეს გერმანიაში დაბრუნებულიყო და ფრიდრიხიც კვლავ კრონპრინცი გახდა.
ცნობილია, რომ ვიქტორიას ძალიან უყვარდა ხელოვნება და თავადაც ხატავდა. მას ხატვა ანტონ ფონ ვერნერმა ასწავლა. ამის გამო იგი მხარს უჭერდა 1866 წელს დაარსებულ განათლების საზოგადოებას, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანიაში ქალთა განათლების უზრუნველოფასა და ხელოვნების პატრონაჟს.1877 წლიდან ვიქტორიამ მთელ გერმანიაში დაიწყო გოგონათა სკოლების დაარსება. აქ მან ბრიტანეთიდან ჩამოყვანილი პედაგოგები და მედდები დაასაქმა. აღსანიშნავია, რომ ეს სკოლები ინგლისური მოდელით შეიქმნა.
ვიქტორია ყველაფერს აკეთებდა თავისი უფროსი ვაჟის მანკის გამოსასწორებლად. მას მკურნალობდნენ ისეთი უცნაური მეთოდებით, როგორიცაა „ცხოველთა აბანო“, რაც მოიაზრებდა ვილჰელმის მანკიანი მკლავის ჩაყოფას მკვდარი კურდღლებით სავსე აბაზანაში. ვილჰელმმა გაიარა ელექტროშოკის სესიებიც, რომელსაც წესით მის მკლავსა და კისერზე გამავალი ნერვები უნდა გაეცოცხლებინა. ვიქტორია ამტკიცებდა, რომ მიუხედავად ნაკლისა, მისგან კარგი მხედარი დადგებოდა. ვიკისათვის ის აზრი, რომ ვილჰელმი, როგორც ტახტის მემკვიდრე, არ გამოდგებოდა, აუტანელი იყო. გამძლეობის გამოსამუშავებლად რვა წლიდან მას ველოსიპედის ტარების გაკვეთილებს უტარებდნენ. ამის შემდეგ იგი უკვე ნამდვილ ცხენებზეც გადავიდა. პრინცი ცხენიდან რამდენჯერმე ჩამოვარდა, თუმცა დედის დაჟინებული მოთხოვნით გაკვეთილებს განაგრძობდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მან წონასწორობის დაცვა ისწავლა, მაგრამ ეს გაკვეთილები მის მეხსიერებაში ტრავმულად დარჩა, რაშიც ყოველთვის დედას ადანაშაულებდა, რომელთანაც ახლო ურთიერთობა არც არასდროს ჰქონია.
ვიქტორიაში მისი შვილის ინვალიდობა ზიზღს იწვევდა. მის წერილებსა და რუბრიკებში ნათლად ჩანს, თუ როგორ წუხდა იგი შვილის მკლავზე და როგორ ადანაშაულებდა საკუთარ თავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის გაჩენაში. ჯერ კიდევ 1860 წელს, მშობლებთან ვიზიტისას მან ვილჰელმზე განაცხადა:
„თავის ასაკთან შედარებით იგი ნამდვილად ჭკვიანია... მანკიანი ხელი რომ არა, მისით ძალიან ვიამაყებდი.“ |
ზიგმუნდ ფროიდის ვარაუდით, ვიქტორიამ, რომელმაც ვერ შეძლო მიეღო თავისი შვილის მანკი, დაშორდა საკუთარ პირმშოს, რამაც დიდი გავლენა იქონია მომავალში იმპერატორ ვილჰელმ II-ის ქმედებებზე. ამის პარალელურად, სხვა გამოჩენილი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ პირიქით, ვიქტორია მოსიყვარულე დედა იყო. მათი თქმით, ვიქტორიას სურდა, რომ თავისი შვილები იდეალურები ყოფილიყვნენ, ამიტომაც ყველაფერს აკეთებდა ამისათვის. ამასთან, იგი გამუდმებით ცდილობდა პრინცი ალბერტის საგანმანათლებლო პრინციპებს მიჰყოლოდა. 1863 წელს ვიქტორიამ და ფრიდრიხმა ბორნშტედტში კოტეჯი იყიდეს, რათა მათი შვილები ისეთივე გარემოში აღზრდილიყვნენ, როგორშიც ვიკი და მისი და-ძმები იზრდებოდნენ, ოსბორნის სახლში. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვიქტორიას შვილებზე მცირე გავლენა ჰქონდა და მათი უმეტესობა კონსერვატორული იდეოლოგიის გამტარებელი იყო.
მათ სურდათ, რომ შვილებისათვის უმაღლესი განათლება მიეცათ, ამიტომაც ფრიდრიხმა და ვიქტორიამ შვილებს ცნობილი ინგლისელი და გერმანელი რეპეტიტორები დაუქირავეს. რამდენიმეწლიანი სწავლების შემდეგ ბავშვები კასელის გიმნაზიაში გააგზავნეს, საბოლოოდ კი რამდენიმე მათგანი დააფინანსეს, რათა სწავლა ბონის უნივერსიტეტში გაეგრძელებინათ.
მაშინ, როდესაც მისი უფროსი ვაჟები და ქალიშვილი უკვე სრუწლოვანების ასაკს მიუახლოვდნენ, ვიქტორიას კიდევ ერთი დიდი დარტყმის გადატანამ მოუწია. 1879 წელს გერმანიას დიპტერიის ეპიდემია მოედო, რომლისგანაც იმავე წლის 29 მარტს, 11 წლის ასაკში გარდაიცვალა ვიკის შუათანა ვაჟი, პრინცი ვალდემარი. მაშინ, როდესაც სიგიზმუნდის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ განელებული, მეორე ვაჟის დაკარგვამ საშინლად იმოქმედა როგორც ვიქტორიაზე, ისე ფრიდრიხზე. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ვიქტორიასთვის ვალდემარის დაღუპვა, რადგან ამ ამბამდე სულ ცოტა ხნით ადრე, 1878 წლის 14 დეკემბერს მისი საყვარელი და, ჰესენის დიდი ჰერცოგინია ალისა, კიდევ მანამდე, 16 ნოემბერს კი ალისას ქალიშვილი, მარიაც გარდაიცვალა. მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, ვიქტორია ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, რადგან არ სურდა სამეფო კარზე ვინმეს მისი დამშვიდება ეცადა.
თუ ვაჟები ვიქტორიას გამუდმებული ღელვისა და განცდის საგანს წარმოადგენდნენ, იგი არასოდეს ნერვიულობდა ქალიშვილებზე. ვიქტორიას ქალიშვილები ცდილობდნენ, რომ მშობლებისათვის პრობლემები არ შეექმნათ, რასაც თავს კარგადაც ართმევდნენ. ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი პრინცესა შარლოტა იყო, უფროსი ასული. შარლოტას არასოდეს ჰყვარებია სწავლა და ყოველთვის უჭირდა ახალი მასალის ათვისება. ამასთან, ბავშვობის წლებში იგი გამუდმებით ცდილობდა უფროსების გაბრაზებას. მაშინ ეს დებულება არ წამოჭრილა, თუმცა დღეს აქტიურად განიხილავენ იმას, რომ შესაძლოა შარლოტა პორფირიით ყოფილიყო დაავადებული, რაც ვიქტორიას დიდ ბაბუას, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ს ჰქონდა და თავისუფლად შეიძლება მასაც გადასცემოდა მემკვიდრეობით. ამით აიხსნება მისი კუჭ-ნაწლავის პრობლემები, შაკიკი და ნერვული კრიზისები, რაც მას, როგორც პრინცესას ხშირად ამცირებდა. იმავე ისტორიკოსთა მოსაზრებით, ვიქტორიას კანის გამონაყარი და თავის ხშირი ტკივილი შესაძლოა სწორედ პორფირიამ გამოიწვია.
როგორც კი მისი შვილები ზრდასრულები გახდნენ, ვიქტორიამ მათთვის მეუღლეების ძებნა დაიწყო. 1878 წელს მან შარლოტა ცოლად შერთო თავის მეორე თაობის ბიძაშვილს, საქსენ-მაინინგენის ჰერცოგ ბერნარდს, რომელიც ძალიან მხიარული კაცი იყო და ხშირად ახალისებდა ბერლინის კონსერვატიულ სამეფო კარს, რაც კრონპრინცესას ძალიან მოსწონდა. სამ წელიწადში ვიქტორიამ ვილჰელმის დასაქორწინებლადაც დაიწყო მოლაპარაკებები. მისი რჩეული სარძლო პრინცესა ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი იყო, რომელიც დედამისის, დედოფალ ვიქტორიას ნახევარ-დის, პრინცესა ფეოდორა ლაინინგენელის შვილიშვილი იყო და ვილჰელმს ბიძაშვილად ერგებოდა. კანცლერმა ბისმარკმა გააკრიტიკა მისი არჩევანი, რადგან პრინცესა გერმანიის მიერ ანექსირებული შლეზვიგ-ჰოლშტაინის რეგიონიდან იყო, რის გამოც მომავალი იმპერატორის მასზე დაქორწინება არასათანადოდ მიიჩნიეს. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და ბრძოლის შემდეგ ვიქტორიამ მიიღო ის რაც სურდა — ავგუსტა ვიქტორია და ვილჰელმი დაინიშნენ, თუმცა მალევე გაუცრუვდა იმედები, რადგან აღმოაჩინა, რომ მის ახალ რძალს სულაც არ ჰქონდა ისეთი ლიბერალური შეხედულებები, როგორსაც მოელოდა.
ვიქტორიას არ გაუმართლა არც პრინცესა ვიქტორიას გათხოვების საქმეში. 1881 წელს პრინცესას ბულგარეთის მეფე ალექსანდრე I შეუყვარდა. ცხადია, ამ ამბავმა კრონპრინცესა გაახარა, თუმცა ვინაიდან ალექსანდრე მართლმადიდებელი იყო, მამამთილისაგან ქორწინების ნებართვა ვერ მოიპოვა. ამასთან, ალექსანდრეს დედა არ ყოფილა სამეფო წარმომავლობის, რაც კიდევ ერთი მიზეზი იყო ამაყი ჰოენცოლერნებისათვის ნიშნობაზე უარის სათქმელად. უარის კიდევ ერთი მიზეზი ბისმარკი იყო, რომელიც შიშობდა, რომ გერმანელი პრინცესის რუსეთის მეტოქეზე დაქორწინება ცუდად იმოქმედებდა სამი იმპერატორის კავშირის, ანუ გერმანია-ავსტრია-რუსეთის ალიანსზე. ამან კანცლერსა და კრონპრინცესას შორის არსებული ცუდი ურთიერთობა კიდევ უფრო გააუარესა.
1887 წლიდან 90 წლის ვილჰელმ I-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მალე ახალი იმპერატორი დაიკავებდა ტახტს. თუმცა, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან მამასთან ერთად კრონპრინციც დაავადდა. სულ მალე ექიმებმა ფრიდრიხს ხორხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამის დასადასტურებლად მათ სასწრაფოდ ჩაიყვანეს ბრიტანელი ექიმები, თუმცა მათ ბიოფსიის შედეგად დაადგინეს, რომ მას კიბო არ ჰქონდა.
ექიმთა შეთანხმებით ფრიდრიხი და ვიქტორია სასწრაფოდ გაემგზავრნენ დიდ ბრიტანეთში, რასაც 1887 წლის ივნისში დაემთხვა დედოფალ ვიქტორიას ოქროს იუბილე, რომელსაც წყვილი დაესწრო. ისინი ბრიტანეთში რამდენიმე თვეს დარჩნენ, რადგან სურდათ, რომ დაესვენათ ჰოენცოლერნთა ბნელი სამეფო კარისაგან, თუმცა გერმანიის კანცლერი ბისმარკი დედოფალი ვიქტორიას კარზეც მშვენივრად ახერხებდა ინტრიგების მოწყობას.
იმის გამო, რომ ბრიტანეთში კრონპრინცის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ექიმებმა მათ იტალიაში წასვლა ურჩიეს, სადაც მცხუნვარე კლიმატს უკეთ უნდა ემოქმედა. 1887 წლის სექტემბერში წყვილმა დატოვა ბრიტანეთი და იტალიაში, სან-რემოში გაემგზავრა. ამან ბერლინში დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგან მიუხედავად ვილჰელმის მდგომარეობის დამძიმებისა, კრონპრინცი არ დაბრუნებულა დედაქალაქში, რაც ისევ ვიქტორიას დააბრალეს. ნოემბრის დასაწყისში ფრიდრიხმა მთლიანად დაკარგა მეტყველების უნარი, რის პარალელურადაც გერმანელებმა ვიქტორია და მისი მეუღლე სასწრაფოდ გამოიძახეს სამეფო კარზე, რამეთუ იმპერატორი მძიმედ იყო. გერმანიაში კრონპრინცს საბოლოოდ დაუდგინდა ხორხის კიბო. ექიმებმა მას მკურნალობის ერთადერთი გზა — ხორხის ამოკვეთა შესთავაზეს, მაგრამ ფრიდრიხმა ამაზე უარი თქვა. ვიქტორია ქმარს ამ გადაწყვეტილებაშიც მიემხრო, რამაც დედასა და უფროს ვაჟს შორის დიდი კამათი გამოიწვია. მოგვიანებით ვილჰელმმა მას განუცხადა, რომ ბედნიერი იყო ფრიდრიხის ავადმყოფობით.
ერთთვიანი აგონიის შემდეგ, 1888 წლის 9 მარტს გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ I გარდაიცვალა. ამრიგად, გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე ფრიდრიხ III გახდა, ვიქტორიამ კი საბოლოოდ დაიკავა დედოფლის ტახტი.
ტახტზე ასვლისთანავე ფრიდრიხ III-მ თავის საყვარელ მეუღლეს პრუსიული შავი არწივის საპატიო ღირსების ორდენი უბოძა. თუმცა, ბერლინში ჩასვლიდან მალევე, ვიქტორია მიხვდა, რომ ის და მისი ქმარი რეალურად იყვნენ „ჩრდილები, რომელთაც ვილჰელმი მალე ჩაანაცვლებდათ“.
მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ფრიდრიხმა მაინც მოახერხა ქვეყანაში რამდენიმე ლიბერალური რეფორმის გატარება. მანვე გაანთავისუფლა მამის დროს აყვანილი პოლიტპატიმრები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ ფონ პუტკამერი. ასევე უხვად გასცა სამეფო ორდენები და სურდა პარლამენტისათვის უფლებების გაზრდა, ბრიტანული მოდელით, თუმცა ვეღარ მოასწრო.
დედოფალმა ვიქტორიამ მალევე სცადა გამოეყენებინა თავისი ახალი მდგომარეობა პრინცესა ვიქტორიასა ბულგარეთის მეფის დასაქორწინებლად, მაგრამ ამ იდეის სირთულიდან გამომდინარე თავად პრინცესამ თქვა უარი ქორწინებაზე.
1888 წლის 15 ივნისს, დილის 11:00 საათზე იმპერატორი ფრიდრიხ III გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. იმპერატორის გარდაცვალების გამოცხადებისთანავე უკვე ახალმა იმპერატორმა ვილჰელმ II-მ ბრძანება გასცა, რომ ჯარისკაცებს საიმპერატორო სასახლის ოკუპაცია მოეხდინათ. მათ ფრიდრიხისა და ვიქტორიას საძინებლები გულდასმით შეამოწმეს, რადგან ვილჰელმს სჯეროდა, რომ მამამისი დედამისმა მოწამლა. ჩხრეკამ მოლოდინები არ გაამართლა, რადგან ქვრივი დედოფლის საძინებელში საწამლავი არ აღმოჩნდა.
ამის შემდეგ დაიწყო მზადება იმპერატორის დაკრძალვისათვის. იგი მალევე პოტსდამში, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე დაასაფლავეს. ვიქტორია, ახლა უკვე ქვრივი დედოფალი, არ დაესწრო ცერემონიას პროტესტის ნიშნად, რადგან მისმა ვაჟმა ეჭვი შეიტანა და მეუღლის მკვლელობაში დასდო ბრალი. დაქვრივების შემდეგ გერმანიაში ვიქტორია ცნობილი გახდა როგორც „დედოფალი ფრიდრიხი“.
მომდევნო კვირებში, ვილჰელმ II-ის დავალებით ვიქტორიასა და ფრიდრიხის პალატები კიდევ რამდენჯერმე გაიჩხრიკა, თუმცა ამაოდ. პოლიციის უფროსმა დაკითხა ვიქტორიაც და მისი პირადი მდივანიც. მალევე, თანამდებობიდან მოხსნეს ფრიდრიხის დანიშნული იუსტიციის მინისტრიც, რის შემდეგაც ბისმარკმა აღიდგინა დაკარგული ძალაუფლება.
მას შემდეგ რაც დაქვრივდა, ვიქტორია აიძულეს დაეტოვებინა პოტსდამის რეზიდენცია, რადგან მის ვაჟს სურდა იქ დასახლება. ამის გამო მან ახალი საცხოვრებლის ძიება დაიწყო და არჩევანი ნასაუში მდებარე ძველ, კრონბერგის სასახლეზე შეაჩერა. ვიქტორიამ თითქმის განადგურებული სასახლე თავიდან ააშენა და ქმრის პატივსაცემად ფრიდრიხსჰოფი უწოდა. მისი მდიდარი ნათესავის, გალიერას ჰერცოგინია მარია დე ბრინოლ-სალის გარდაცვალების შემდეგ ვიქტორიას მემკვიდრეობით რამდენიმე მილიონი ერგო, რაც მთლიანად სასახლის რეკონსტრუქციაში დახარჯა. სამუშაოები მხოლოდ 1894 წელს დასრულდა, რის შემდეგაც დარჩენილი ცხოვრება უმცროს შვილებთან ერთად გაატარა. იგი ასევე ხშირად სტუმრობდა ბრიტანეთს. ვაჟის სურვილის წინააღმდეგ, ვიქტორიამ ნასაუში „მეორე სამეფო კარი“ შექმნა, რომელიც გერმანული ლიბერალიზმის ცენტრად იქცა.
1889 წლის ოქტომბერში პრინცესა სოფია, ვიქტორიას უმცროსი ქალიშვილი, ცოლად გაჰყვა საბერძნეთის დიადოხოს კონსტანტინოსს, საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და დედოფალ ოლღა კონსტანინოვნას ვაჟს. ამის გამო სოფიამ დედა მიატოვა და ათენში გადასახლდა. მომავალ წელს, ბულგარეთის მეფისაგან მიტოვებული პრინცესა ვიქტორია ცოლად შომბურგ-ლიპეს მთავარს გაჰყვა, რის შემდეგაც ვიქტორია მანაც დატოვა. საბოლოოდ, 1893 წელს პრინცესა მარგარეტიც გათხოვდა. იგი ცოლად ჰესენის პრინცს გაჰყვა, რომელიც 1918 წელს ფინეთის მეფედ აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ქალიშვილების ბედნიერი და სარფიანი ქორწინებებით ვიქტორია კმაყოფილი იყო, მათი გათხოვების შემდეგ იგი სულ მარტო დარჩა.
ვილჰელმ II-მ ვიქტორიას ფაქტობრივად მთლიანად ჩამოართვა საზოგადოებრივი ცხოვრება და იზოლაციაში ჰყავდა. 1890 წლის აგვისტოში თავისი დედამთილის, ქვრივ დედოფალ ავგუსტას გარდაცვალების შემდეგ, ვიქტორია იმედოვნებდა, რომ გერმანული წითელი ჯვრის მეთაური თავად გახდებოდა, თუმცა იმედი გაუცრუვდა, რადგან ეს თანამდებობა ვილჰელმმა თავის ცოლს, დედოფალ ავგუსტა ვიქტორიას მისცა.
ამ ყველაფრის გამო, დაქვრივებული ვიქტორია საჯაროდ აკრიტიკებდა თავისი ვაჟის პოლიტიკასა და ქმედებებს. როდესაც ვილჰელმმა მიუნხენში სტუმრობისას განაცხადა, რომ „მეფის სიტყვა უზენაესი კანონია“, აღშფოთებულმა ვიქტორიამ მას ასეთი რამ მისწერა:
„ცარმა, უცდომელმა პაპმა, ბურბონმა, ან ჩვენმა საბრალო ჩარლზ I-მა შეიძლება თქვას ასეთი რამ, მაგრამ XIX საუკუნის მონარქმა... ღმერთო ჩემო, მე ვფიქრობ... ფრიდრიხის ვაჟი და ჩემი ძვირფასი მამის შვილიშვილი როგორ წაიყვანეს ასეთი არასწორი მიმართულებით, როგორ ასწავლეს ასეთი არასწორი პრინციპები, ნუთუ ჯერ კიდევ შესაძლებელია ასე მართვა.“ |
ვიქტორიამ უკანასკნელი წლები ხატვასა და კრონბერგის ხელოვნების მუზეუმში ვიზიტებს დაუთმო, სადაც იგი ხშირად ხვდებოდა მხატვარ ნორბერტ შროიდლს. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში იგი დილით ადრე დგებოდა, რათა ბაღში ესეირნა, დანარჩენ დროს კი ძველი წერილების კითხვასა და თავისი აშენებული სასახლის დათვალიერებაში ატარებდა.
1898 წელს, ტკივილებით გატანჯულ ვიქტორიას ექიმებმა არაოპერირებადი მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის გამო, მას აიძულებდნენ საწოლში დიდი დრო გაეტარებინა. 1900 წლის შემოდგომისთვის კიბო მის ხერხემალზეც გავრცელდა. სიმსივნის საოცარი სისწრაფით პროგრესირებას მის ნერვიულობას მიაწერენ. იგი გამუდმებით ღელავდა, რომ ვილჰელმი მის წერილებს ჩაიგდებდა ხელში. ამის გამო მან მთელი თავისი წერილები ბრიტანეთში, თავის ძმას, ედუარდს გაუგზავნა. 1901 წლის იანვარში ვიქტორიას მიუვიდა ცნობა, რომ იმა წლის 22 იანვარს დედამისი, დედოფალი ვიქტორია გარდაიცვალა, 81 წლის ასაკში, ტახტი კი ედუარდ VII-მ დაიკავა.
დედის დაკარგვამ საშინელი გავლენა იქონია ვიქტორიაზე, რომელიც მალევე, 1901 წლის 5 აგვისტოს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, ქალაქ დარმშტადტში.
იგი გადაასვენეს და 1901 წლის 13 აგვისტოს დაკრძალეს პოტსდამში, მეუღლის გვერდით. მის საფლავზე განთავსებულია ვიქტორიასა და ფრიდრიხის გამოსახულებიანი უზარმაზარი მარმარილოს სკულპტურები. მათი ორი ნაადრევად გარდაცვლილი ვაჟი: სიგიზმუნდი და ვალდემარი, მათ გვერდით არიან დაკრძალულნი.
ვიქტორიას გერბი დაბადებიდან ქორწინებამდე |
ვიქტორიას გერბი ქორწინებიდან გარდაცვალებამდე |
ვიქტორიას სამეფო მონოგრამა ქორწინებამდე |
ვიქტორიას სამეფო მონოგრამა ქორწინების შემდეგ |
სურათი | სახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
ვილჰელმ II | 27 იანვარი, 1859, | 4 ივნისი, 1941,
(82 წლის) |
გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. იგი მონაწილეობდა I
მსოფლიო ომში, რის შედეგადაც ქვეყანაში დაემხო მონარქია და იმპერია დაიშალა. ცოლად შეირთო ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი. დაქვრივების შემდეგ მეორედ დაქორწინდა ჰერმინა როის ცუ კოისტრიცზე. | |
შარლოტა | 24 ივლისი, 1860, | 1 ოქტომბერი, 1919,
(59 წლის) |
ცოლად გაჰყვა საქსენ-მაინინგენის ჰერცოგ ბერნჰარდ III-ს, რომელთანაც შეეძინა
ერთი ქალიშვილი. | |
ალბერტი | 14 აგვისტო, 1862, | 20 აპრილი, 1929,
(66 წლის) |
პრუსიის პრინცი. ცოლად შეირთო ირინე ჰესენელი, რომელთანაც შეეძინა სამი
ვაჟი. | |
სიგიზმუნდი | 15 სექტემბერი, 1864, | 18 ივნისი, 1866,
(1 წლის) |
პრუსიის პრინცი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი, მენინგიტით. | |
ვიქტორია | 12 აპრილი, 1866, | 13 ნოემბერი, 1929,
(63 წლის) |
ცოლად გაჰყვა შომბურგ-ლიპეს მთავარ ადოლფს, რომლის უშვილოდ დაღუპვის
შემდეგაც იქორწინა ალექსანდერ ზუბკოფზე, თუმცა შვილები არც მასთან ჰყოლია. | |
ვალდემარი | 10 თებერვალი, 1868, | 27 მარტი, 1879,
(11 წლის) |
პრუსიის პრინცი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი, დიპტერიით. | |
სოფია | 14 ივნისი, 1870, | 13 იანვარი, 1932,
(61 წლის) |
ცოლად გაჰყვა საბერძნეთის მეფე კონსტანტინოს I-ს, რომელთანაც შეეძინა
შვილები: საბერძნეთის მეფე გეორგიოს II, მეფე ალექსანდროსი, რუმინეთის დედა- დედოფალი ელენე და მეფე პავლოსი. ასევე მისი შვილთაშვილია ესპანეთის დედოფალი სოფია ბერძენი (რომელსაც მის პატივსაცემად ჰქვია სახელი), მისი შვილთაშვილის შვილია ესპანეთის მეფე ფილიპე VI. | |
მარგარეტი | 22 აპრილი, 1872, | 22 იანვარი, 1954,
(81 წლის) |
ცოლად გაჰყვა ჰესენის ლანდგრაფსა და ფინეთის მეფე ფრიდრიხ კარლს,
რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.