ვერსალის სასახლე
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ვერსალის სასახლე ან უბრალოდ ვერსალი (ფრანგ. Château de Versailles) — საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო სასახლე ვერსალში, პარიზის გარეუბანი. სასახლის აგების პერიოდში ვერსალი სოფელი იყო, ამჟამად კი პარიზის გარეუბანია საკუთარი ქალაქის სტატუსით. 1682-1789 წლებში ვერსალის კარი საფრანგეთის ძველი რეჟიმის ძალაუფლების ცენტრი იყო. XVII საუკუნიდან ევროპის მონარქებისა და დიდებულთა სასახლეებისთვის ნიმუში გახდა. 1979 წელს იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ვერსალის სასახლის აგება ლუი XIV-მ დაიწყო.
ვერსალის სასახლე და პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, vi |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 48°48′18″ ჩ. გ. 2°07′10″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) |
ნომერი | 83 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობა უამრავ ხუროთმოძღვრულ ანსამბლს მოიცავს. ყოველი მათგანი ამა თუ იმ ეპოქისა და იმდროინდელი ფასეულობების თვალსაჩინო მანიფესტია. თითოეული ამ საგანძურთაგან უდავოდ პოპულარულია, თუმცა უკვე მეხუთე საუკუნეა, არქიტექტურულ შედევრთა შორის ვერსალს, თავისი გრანდიოზულობით აუცილებლად პირველი ადგილი უკავია. უბრალო, სადა, ნადირის თავშესაფრად ქცეული მამულიდან ბრწყინვალე ქალაქამდე ვერსალმა დიდი გზა განვლო. ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ გზაჯვარედინზე იგი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა.
ვერსალი საფრანგეთის ჩრდილოეთით, ილ დე ფრანსის რეგიონში, პარიზიდან დაახლოებით 16 კილომეტრში მდებარეობს. გარეუბანი და მიმდებარე მამული ისტორიულ წყაროებში პირველად 1038 წელს, წმინდა პეტრეს სააბატოს სიგელში მოიხსენიება. XI საუკუნის დასასრულს ვერსალი სოფლის ტიპის დასახლება იყო რამდენიმე საცხოვრებლითა და წმინდა ჟულიენის ეკლესიით. ეს ადგილი XIII საუკუნის ბოლომდე აყვავებული იყო, ასწლიანი ომის შემდეგ კი აქ მხოლოდ რამდენიმე შეძლებული ოჯახი ცხოვრობდა.
XVI საუკუნის მიწურულს ვერსალის მიდამოები გონდის გვარის სამფლობელო გახდა, თუმცა მიწა მათ მხოლოდ რამდენიმე წელიწადს ეკუთვნოდათ. ერთ დღესაც მამულს მოულოდნელად, დოფინი (ანუ საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე) ლუი XIII ესტუმრა. მომავალ გვირგვინოსანს თვალი მოსჭრა ვერსალის ველურმა ბუნებამ, განსაკუთრებით კი თვალუწვდენელმა ველებმა. მან უმალვე შეისყიდა მიწის ნაკვეთი და 1622 წელს აგურისა და ხისაგან მცირე ზომის სანადირო კოტეჯი ააგო. გამეფების შემდეგ იგი ვერსალის ლორდად გამოცხადდა და უფრო აქტიურად განაგრძო თავშესაქცევი სამფლობელოს გაფართოება, თუმცა კომპლექსმა დასრულებული სახე მხოლოდ ლუი XIV-ის მმართველობისას მიიღო.ლუი XIII 1643 წელს გარდაიცვალა და ქალაქის გაშენება დროებით შეფერხდა.
მეორე სამშენებლო კამპანია, პირველთან შედარებით მასშტაბური, მეფე-მზის ტახტზე ასვლიდან მცირე ხანში განახლდა. ლუი განსაკუთრებულ ინტერესს ავლენდა ქალაქისადმი, პირადად ესწრებოდა სამუშაოებს და წვრილმან დეტალებსაც კი კრიტიკულად განიხილავდა. ხელისუფლების განსამტკიცებლად, ასევე დიდებულთა რეგიონული ამბოხების თავიდან ასაცილებლად, ის სამეფო რეზიდენციის დედაქალაქიდან გადმოტანას აპირებდა. მეფემ საგანგებოდ მოიწვია იმ დროის საუკეთესო არქიტექტორი ლუი ლევუ ვერსალის პროექტის ხელმძღვანელად, მასთან ერთად კი შარლ ლებრენი - ინტერიერის დეკორირების, პალატებისა და კედლების მოსახატად. ცნობილმა ფერმწერმა და მებაღემ ანდრე ლენოტრმა სასახლის ირგვლივ უნიკალური ბაღები გააშენა. სამეულმა მართლაც შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და სულ რამდენიმე წელიწადში, მოკრძალებული გარეუბანი ხელოვნების სრულქმნილ ნიმუშად გადაიქცა.
შენობა გადაწყვეტილია გოტიკურ, გვიან რენესანსულსა და ბაროკოს სტილში, ის ერთგვარი ნაზავია „მკაცრად ნორმატიული“ ფრანგული კლასიციზმისა და ევროპული აბსოლუტიზმისა. მთლიანი კომპლექსის კლასიკური იერსახე, ნასესხები ძველი საბერძნეთისა და რომის არქიტექტურისაგან - ფრონტონიანი გადახურვით, მოკაზმული სვეტებითა და ორდერებით, ადრეულ ანტიკურ ნაგებობებში გამოიყენებოდა.
მთავარი სასახლის ინტერიერი ისტორიულ ფაქტთა ერთგვარი მატიანეა. მისი მთავარი ღირსება დიდი (ე.წ. სარკეთა დარბაზი)ნიმვეგენის ხელშეკრულების დადებიდან (1678-79 წწ.) მცირე ხანში აშენდა, როცა საფრანგეთმა ძლიერების მწვერვალს მიაღწია. ამ დარბაზს ლუი XVI-ის ყველაზე ღირსშესანიშნავ ძღვენად მიიჩნევენ. ჩვიდმეტი მოსარკული თაღი ამდენივე სარკმლიდან შემოსულ სინათლეს ირეკლავს. სარკეები კი სულ 357-ია. ორივე კედელთან მწყობრად ჩალაგდა ქანდაკებები და ფერწერული ტილოები. 30-მდე ეპიკური ტილო მოგვითხრობს დიდებაზე, რომელსაც მთელი ცხოვრება ესწრაფვოდა მეფე-მზე. დარბაზს სიდიადეს ჰმატებს ცნობილი „სარკის კედელი“, რომელიც არეკლილ მზის შუქს მთლიანად ჰფენს ოთახს, გარდა ფანჯრებს ზემოთ მდებარე ნაწილისა. ამბიციური მონარქის ბრძანებით, საფრანგეთის მთავრობის პრივილეგიათა სადემონსტრაციოდ, ლებრენმა ჭერი გრანდიოზული კომპოზიციით შეამკო. აქ მეფე რომაელი იმპერატორის სახითაა წარმოდგენილი, მოპაექრე ძალაზე გამარჯვებული. გამოსახულება შექმნილია სტუკოს, ანუ ხელოვნური მარმარილოს ტექნიკით. მისი იმიტაციისას, ბათქაშის გამოუწვავი თიხის ელფერს, გაპრიალებული თაბაშირის სილბო და ელვარება ემატება. სარკეებიანი დარბაზი არაერთი ისტორიული მოვლენის მოწმეა. 1778 წელს აქ დაიდო ფრანგულ-ამერიკული კავშირი აშშ-ს დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში, აქ აკურთხეს 1871 წელს პრუსიის კაიზერი ვილჰელმი გერმანიის იმპერატორად, 1919 წელს კი ვერსალის საზავო ხელშეკრულება გაფორმდა.
სარკეთა დარბაზს არც მთავარი სამლოცველო (აგებულია 1699-1710 წლებში) ჩამოუვარდება სიდიადით თუ მშენებლობის ხარისხით, ისევე როგორც დანარჩენი აპარტამენტები. სამეფო აპოლონის სახელობის პალატაში იდგა, თუმცა მეფეს პატივს სამლოცველოში მიაგებდნენ და მონარქის ძალაუფლებაც განსაკუთრებით სამლოცველოს დეკორშია გამოხატული. ფერწერა და სკულპტურა სავსებით შეესაბამებოდა სამეფოს თეოლოგიურ და პოლიტიკურ კონცეფციებს. ის ადასტურებდა, რომ მონარქის ძალაუფლება და მოვალეობები თავად უზენაესი ხელისუფლის - ღმერთის მიერ იყო მონიჭებული.
მომდევნო სამშენებლო კამპანია ლუი XV ბურბონს უკავშირდება. მეფის მთავარმა არქიტექტორმა, ანჟ-ჟაკ გაბრიელმა ვერსალის კომპლექსს მრავალი კონსტრუქცია შესძინა. როგორც დეკორატიული დამატებები, ასევე პოპულარული ღირსშესანიშნაობები: ჰეკულესის სალონი, ოპერის სახლი და ე.წ. მცირე ტრიანონი (მადამ პომპადურისათვის აგებული სასახლე). ოპერის აგებამდე კი სასახლეში „მოძრავ თეატრებს“ აწყობდნენ. ეკონომიური მოსაზრებებით, ოპერა ხისაგან აიგო და მარმარილოს მსგავსად მოპირკეთდა. მოძრავი სცენა იმ დროისათვის უახლესი მექანიზმებით აღიჭურვა. ოპერის შენობა ტრაგედია „პერსევსით“ გაიხსნა, რომელიც საფრანგეთის დოფინის - მომავალი ლუი XVI-ისა და მარია ანტუანეტას ქორწინების პატივსაცემად გაიმართა.
900 ჰექტარზე გაშლილი ვერსალის ბაღი ყველაზე დიდებულია მთელ ევროპაში. იგი XVII საუკუნეში ანდრე ლენოტრმა შექმნა. მან ფრანგულ ბაღთა სიმეტრიული სისტემა ინგლისურ ყაიდაზე მოაწყო და სასახლის შესაბამისად მორთო. ლენოტრმა მრავალრიცხოვანი მუშახელის დახმარებით ამოაშრო ვერსალის ჭაობიანი, ოღროჩოღრო ტერიტორია და შექმნა აუზთა სერია, რომელიც ცნობილია, როგორც დიდი არხი. 23 ჰექტარზე გადაჭიმულ არხს მილსადენების გრანდიოზული სისტემა ემსახურება, 50 შადრევანში წყლის 620 ჭავლია. აქ ეწყობოდა სამხედრო-საზღვაო დემონსტრაციები თუ გონდოლებით სეირნობა. ლენოტრმა ვერსალის უნაყოფო და ხრიოკი მიწა შვიდ წელიწადში აქცია ეგზოტიკური მცენარეებით დახუნძლულ თვალისმომჭრელ ოაზისად.
ვერსალის შადრევნები, ტექნიკურადაც და გარეგნულადაც, თავისი ეპოქის გასაოცარ მიღწევებს წარმოადგენს. გრანდიოზულობითა და მორთულობებით, ხაზთა უჩვეულო წყობით, უბადლოა ქალღმერთ ლეტოსა და მისი ვაჟის - აპოლონის შადრევნები. როგორც აღნიშნავდნენ, ეს შადრევნები იმ დროის კულტურულ საოცრებადაც იქცა. გრანდ ტრიანონი (დიდი სასახლე) მთავარი სასახლის გვერდითაა, არანაკლებ ძვირფასი და დახვეწილი. საფრანგეთის მთავრობის ვერსალში გადმოსვლისთანავე ლუი XIV-მ, სასახლის ცხოვრებისაგან თავის დასაღწევად და განსამუხტად, ვარდისფერი მარმარილოს შენობა აღმართა. XVIII საუკუნეში მეფე ლუი XVI-მ ნაგებობა მეუღლეს გადასცა. მარია ანტუანეტამ მრავალჯერ გარდაქმნა სასახლის დიზაინი, საბოლოოდ კი ინტერიერი ინგლისურ-ჩინურ ყაიდაზე მოაწყო.
შემდგომი პერიოდი სწორედ ლუი XVI-ის ზეობას ემთხვევა. სწორედ მაშინ გაშენდა ტრიანონის ბაღებისა და მარია ანტუანეტას დასახლება. მცირე სასახლის გვერდით საფრანგეთის დედოფალმა კომფორტული ბუდე მოიწყო - „დედოფლის სოფელი“, ეს იყო ფერმის მსგავსი შემოგარენი, ჩალით გადახურული კოტეჯებით. კომპაქტური დასახლება იმავდროულად ადგილობრივ საწარმოსაც წარმოადგენდა და სასახლეს ახალი პროდუქტით ამარაგებდა. მეფისაგან განებივრებული მარია ანტუანეტა უიშვიათესი მცენარეების, წყალსატევისა და ტბის უჩვეულო გარემოცვაში „გლეხური ცხოვრების“ ფუფუნებით ტკბებოდა.
ვერსალი უამრავი ცნობილი ადამიანის შთაგონების წყაროდაც ქცეულა. ევროპელი მონარქებიც ვერსალს ლუი XIV-ის სიძლიერის სიმბოლოდ აღიქვამდნენ და რეზიდენციას მის სტილში აწყობდნენ.
სასახლეთა კომპლექსი პირნათლად ემსახურებოდა სამეფო დიდებულებს 1682 წლიდან 1789 წლის რევოლუციამდე. ის მუდამ რჩებოდა ძველი ევროპული სტილის სამეფო ელეგანტურობის სიმბოლოდ. ვერსალი მდიდრული თეატრალური გასართობი იყო, ამასთან ფუფუნებისა და ძალაუფლების დემონსტრაცია, ბრწყინვალების ნიმუშებით უხვად დახუნძლული.
მონარქიის დამხობის შემდეგ სამეფო რეზიდენცია რესპუბლიკელთა ხელში მოექცა. უამრავი საგანძური ლუვრში გადაიტანეს, ნახატებისა და ავეჯის კოლექციათა უდიდესი ნაწილი აუქციონზე გაიყიდა. მოგვიანებით, 1830 წელს, მეფე ლუი-ფილიპემ კომპლექსის ნაწილი დიდ მუზეუმად გარდაქმნა. მან თავის შექმნილ განძსაცავში დღის სინათლეზე გამოიტანა ქვეყნის ისტორიის მრავალი რარიტეტი, თუმცა მრავალი ღირსშესანიშნაობა, მათ შორის 6 ათასი ფერწერული ნიმუში და 2 ათასამდე სკულპტურა საზოგადოებისაგან მაინც დაფარული რჩებოდა. ლუი-ფილიპემ უამრავი რევოლუციამდელი ნივთი დააბრუნა სასახლეში.
დღეს ვერსალში მნახველს შეუძლია შეაბიჯოს საფრანგეთის მონარქიის სამეფო კარზე და მაშინდელ ეპოქაში გადაინაცვლოს. ის მოინახულებს ისტორიის ნაწილად ქცეულ ნივთებსა და ადგილებს, მათ შორის ინტიმურსაც, რომლებიც იმავე სახითაა შემინახული, როგორც უკანასკნელი მონარქის ლუი XVI-ისა და მისი ოჯახის სამეფო რეზიდენციიდან გამოსახლების ღამეს გამოიყურებოდა.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 83 ინგლ. • რუს. • ფრ. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.