From Wikipedia, the free encyclopedia
სერ ელტონ ჰერკულეს ჯონი (ნამდვილი სახელი - რეჯინალდ კენეთ დუაიტი, დ. 25 მარტი, 1947) — გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი ინგლისელი პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი. იგი 1967 წლიდან, კომპოზიტორის სახით, თანამშრომლობს ტექსტების ავტორ ბერნი ტოპენთან. ერთად მათ ნამუშევარი აქვთ 30-ზე მეტ ალბომზე.
სერ ელტონ ჯონი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Elton John |
დაბადების სახელი | რეჯინალდ კენეთ დუაიტი |
დაბადების თარიღი |
25 მარტი, 1947 პინერი, მიდლსექსი, ინგლისი |
სხვა სახელები | ელტონ ჰერკულეს ჯონი |
ეროვნება | ინგლისელი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1963–დღემდე |
მეუღლე(ები) |
რენატე ბლაუელი (იქ. 1984; გ. 1988) დევიდ ფერნიში (იქ. 2014) |
შვილ(ებ)ი | 2 |
მშობლები |
მამა: სტენლი დუაიტი დედა: შეილა აილინ დუაიტი (ჰარისი) |
ჯილდოები | იხ. ჯილდოები |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ჟანრ(ებ)ი |
|
ლეიბლ(ებ)ი | |
ასოციაციები |
|
საიტი | eltonjohn.com |
50-წლიანი კარიერის მანძილზე ჯონმა გაყიდა 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რამაც იგი აქცია ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად .[1] მისი სინგლი „Candle in the Wind 1997“ გაყიდულია 33 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით და წარმოადგენს მუსიკოსის ყველაზე გაყიდვად სინგლს ბრიტანეთის ჩარტების და ბილბორდის ცხელი ასეულის ისტორიაში.[2][3][4][5] მას აქვს 50-ზე მეტი ჰიტი, მოხვედრილი საუკეთესო 40-ეულში, მათ შორის #1 პოზიციაზე ზედიზედ მოხვედრილი აშშ ალბომი, 56 სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 40-ეულში, 16 - მოხვედრილი საუკეთესო 10-ეულში, 4 - მოხვედრილი მეორე პოზიციაზე და ცხრა - #1 ჰიტი. მუსიკოსს მიღებული აქვს გრემის ექვსი ჯილდო, ბრიტანული მუსიკის 4 ჯილდო, ოსკარი, ოქროს გლობუსი, ტონის ჯილდო და კენედის ცენტრის ჯილდო (2004). 2004 წელს ჟურნალ Rolling Stone-ის ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში მან 49-ე პოზიცია დაიკავა.[6]
ჯონი 1994 წელს შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[7] 1996 წელს მას დედოფალ ელისაბედ II-ის მიერ მუსიკაში და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის და რაინდის წოდება.[8] წარსულში იგი გამოსულა რამდენიმე სამეფო ღონისძიებაზე, როგორიც იყო პრინცესა დაიანას დასაფლავების ცერემონია (1997), წვეულება სასახლეში (2002) და დედოფლის ალმასის იუბილე (2012).[9]
ელტონ ჯონი 1980-იანი წლების ბოლოდან აქტიურად მონაწილეობს შიდსთან ბრძოლაში.[10] 1992 წელს მან დააარსა „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდი“.[11], ერთი წლის შემდეგ კი ყოველწლიური ოსკარის შემდგომი ერთ-ერთი ყოველწლიური წვეულების მასპინძლად იქცა. დაარსების დროიდან მისმა ფონდმა 200 მილიონზე მეტი აშშ დოლარი შეაგროვა.[12]
2005 წლის 21 დეკემბერს ელტონ ჯონის სამოქალაქო პარტნიორი დევიდ ფერნიში გახდა. დღემდე მუსიკოსი აქტიურობს ლგბტ მოძრაობებში. 2008 წელს ჟურნალმა Billboard იგი დაასახელა ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებლის სიაში, #3 პოზიციაზე (ჯგუფ The Beatles-ის და მადონას შემდეგ.[13]
რეჯინალდ კენეთ დუაიტი დაიბადა 1947 წლის 25 მარტს და იყო სტენლი და შეილა დუაიტის (ქორწინებამდე - ჰარისის) ყველაზე უფროსი და ერთადერთი შვილი.[14][15][16] იგი გაიზარდა პინერში (მიდლსექსი), დედის მშობლების კუთვნილ სახლში. მისი მშობლები არ დაქორწინებულან, სანამ ბიჭი 6 წლის გახდა. ამ პერიოდში ოჯახი ახლომდებარე სახლში გადავიდა.[17][18][19] ჯონი დადიოდა პინერ ვუდის, რედიფორდისა და პინერის საშუალო სკოლებში. 17 წლის ასაკში მან დატოვა სკოლა და გადაწყვიტა, მუსიკალურ ინდუსტრიას გაჰყოლოდა.[20][21][22]
მუსიკით სერიოზულად დაინტერესება მის მამას არ მოეწონა. იგი სამეფო საჰაერო ძალებში მსახურობდა და ცდილობდა, ბიჭისთვის უფრო ხელსაყრელი კარიერისკენ ებიძგა, მაგალითად, საბანკო საქმიანობისკენ.[20] ჯონი ამბობდა, რომ მისი გიჟური სასცენო ჩაცმულობა და გამოსვლები წარმოადგენდა ერთგვარ გათავისუფლებას შეზღუდული ბავშვობის შემდეგ.[22] ორივე მშობელს მუსიკა უყვარდა, განსაკუთრებით - მამას, რომელიც ბობ მილერის ბენდში საყვირზე უკრავდა (ეს იყო ნახევრად პროფესიონალური ბენდი, რომელიც სამხედრო ცეკვებზე უკრავდა).[22] დუაიტები ყიდულობდნენ გრამფირფიტებსაც და ჯონს აცნობდნენ იმ პერიოდის პოპულარულ მომღერლებს და მუსიკოსებს. ჯონს ახსოვს, რომ როკ-ენ-როლი უმალვე შეუყვარდა, როდესაც დედამისმა 1956 წელს მოიტანა ელვის პრესლის და Bill Haley & His Comets-ის ჩანაწერები.[20][21]
3 წლის ასაკში ჯონმა ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. ერთი წლის შემდეგ დედამ მოისმინა, თუ როგორ აწყობდა იგი სმენით ვინიფრედ ეტუელის „The Skater's Waltz“-ს.[20][21] 7 წლის ასაკში, წვეულებებსა და ოჯახურ შეკრებებზე დაკვრის შემდეგ მან ოფიციალურ გაკვეთილებზე სიარული დაიწყო. სკოლაში მუსიკისადმი ინტერესს ავლენდა, მელოდიების შექმნის უნარის წარმოჩენით. ცნობილი გახდა ჯერი ლი ლუისის სასკოლო წვეულებებზე შესრულებით. 11 წლის ასაკში მიიღო გრანტი მუსიკის სამეფო აკადემიაში განათლების მისაღებად. ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით, მან ზუსტად, როგორც „გრამფირფიტამ“, დაუკრა ჰენდელის ოთხგვერდიანი ნაწარმოები, რომლებიც პირველად მოისმინა.[21]
შემდეგი ხუთი წლის მანძილზე იგი შაბათობით აკადემიაში, ლონდონის ცენტრში დადიოდა. ამბობდა, რომ მოსწონდა შოპენის და ბახის შესრულება და შაბათობით გუნდში სიმღერა, მაგრამ ზოგადად ბეჯითი მოსწავლე არ ყოფილა[21]. „აკადემიაში სიარულზე გული ოდნავ მწყდებოდა, მე ვიყავი ერთ-ერთი იმ ბავშვებიდან, პრაქტიკის გარეშე წარმატების მოპოვება რომ შეეძლოთ, კლასიდან კლასამდე“."[21] იგი აგრეთვე ამტკიცებს, რომ ხოლმე მეცადინეობებს აცდენდა და უბრალოდ ლონდონის მეტროთი მოგზაურობდა[21]. თუმცა, რამდენიმე პედაგოგი თვლიდა, რომ ელტონი სანიმუშო მოსწავლე იყო და სკოლის უკანასკნელ წლებში ის, გარდა აკადემიისა, დადიოდა კერძო პედაგოგთან.[21]
ჯონის დედა, რომელიც შვილს მკაცრად ეპყრობოდა, მამისგან განსხვავებით, მოლხენილი იყო, ერთგვარი თავისუფალი სულის მატარებელი. სტენლი დუაიტს შვილი არ აინტერესებდა, იგი ხშირად შინ არ იყო და ჯონი ძირითადად დედამ და ბებიამ გაზარდეს. მამის შინ ყოფნისას ხშირად ადგილი ჰქონდა კამათებს, რაც შვილზე მოქმედებდა.[21] როდესაც ჯონი 14 წლის იყო, მშობლები ერთმანეთს ოფიციალურად გაეყარნენ. დედამ იქორწინა ადგილობრივ მხატვარ, ფრედ ფეირბრაზერთან, რომელიც ნამდვილ მამასთან შედარებით უფრო მზრუნველი აღმოჩნდა. ჯონი მას მოფერებით „დერფს“ უწოდებდა (ეს იყო მისი შებრუნებული სახელი).[21] ისინი გადავიდნენ #1A-ში, რვა ბინისგან შემდგარ შენობა ფროუმ კორტში, რომელიც წინა სახლებთან ახლოს მდებარეობდა. აქ ჯონმა დაიწყო იმ სიმღერების შექმნა, რომლებმაც როკ-მუსიკოსის კარიერა დააწყებინეს. ამ სახლში ცხოვრობდა იმ პირველი ოთხი სტუდიური ალბომის გამოცემისას, რომლებმაც იგი ამერიკულ საუკეთესო 40-ეულში მოახვედრეს.[23]
15 წლის ასაკში, დედის და მამინაცვალის დახმარებით, რეჯინალდი მოხვდა ნორთვუდ ჰილზის სასტუმროს ადგილობრივ ბარში, სადაც ხუთშაბათიდან კვირამდე პიანისტად მუშაობდა.[24][25] „რეჯის“ ფსევდონიმით ცნობილი, იგი ასრულებდა პოპულარულ, მათ შორის ჯიმ რივზის და რეი ჩარლზის სიმღერებს, ისევე, როგორც საკუთარ ნამუშევრებს.[26][27] მოკლე პერიოდის განმავლობაში უკრავდა კოლექტივ The Corvettes-ში.[21]
1962 წელს დუაიტმა და მეგობრებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი Bluesology. მთელი დღის დატვირთვის ფარგლებში დუაიტი ხან ლონდონის სასტუმროების ბარებში უკრავდა, ხან - ამ ახალ ჯგუფთან. 1960-იანების შუა პერიოდში Bluesology უკვე უკრავდა სხვადასხვა სოულ-შემსრულებლის მხარდამჭერი მუსიკოსების სახით - ასეთები იყვნენ The Isley Brothers, Major Lance და Patti LaBelle and the Bluebelles. 1966 წელს Bluesology 16-ჯერ გამოვიდა ჯონ ბოლდრისთან ერთად, კლუბში Marquee.[28]
1967 წელს დუაიტი გამოეხმარა განცხადებას ბრიტანულ ჟურნალ New Musical Express-ში, რომელიც რეი უილიამსმა, იმ პერიოდში Liberty Records-ის წარმომადგენებლმა, გამოაქვეყნა.[29] შეხვედრისას მან დუაიტს გადასცა ტექსტები, დაწერილი კიდევ ერთი პიროვნების მიერ, რომელიც იგივე განცხადებას გამოეხმაურა — ეს იყო ბერნი ტოპენი. დუაიტმა დაწერა მელოდია და დაუკავშირდა ტოპენს — შემდგომში მათი თანამშრომლობა ელტონის მთელი კარიერის განმავლობაში გაგრძელდა. 1967 წელს ერთმანეთის გაცნობის შემდეგ მათ პირველი ერთობლივი სიმღერა დაწერეს და შემდეგ ჩაწერეს - „Scarecrow“. ექვსი თვის შემდეგ დუაიტი პრესაში უკვე „ელტონ ჯონის“ სახელით ფიგურირებდა. თავის მხრივ, ეს იყო Bluesology-ის ორი წევრის, საქსოფონისტ ელტონ დინისადმი და ვოკალისტ ჯონ ბოლდრისადმი პატივისცემის ნიშანი.[26]
ჯონის/ტოპენის დუეტი 1968 წელს დიკ ჯეიმზის DJM Records-ს სიმღერების ავტორების სახით შეუერთდა. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ისინი ქმნიდნენ მასალას სხვადასხვა შემსრულებლისთვის (მათ შორის იყვნენ როჯერ კუკი და ლულუ.[30] ტოპენს ტექსტების დასაწერად ერთი საათიც არ სჭირდებოდა. მას შემდეგ, რაც მათ ჯონს გადასცემდა, უკანასკნელი მუსიკას დაახლოებით ნახევარ საათში წერდა.[30] ამ ორი წლის განმავლობაში მათ ლეიბლისთვის მრავალი სიმღერა შექმნეს. ლულუსთვის დაიწერა „I Can't Go On (Living Without You)“, რომელიც 1969 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის მომზადდა. 1969 წელს ჯონმა კარიერაში პირველი პროფესიონალური სინგლი ჩაწერა, დაუკრა როჯერ ჰოჯსონისთვის, Argosy-ს სინგლზე „Mr. Boyd“.[31][32] ელტონი აგრეთვე უკრავდა სესიური მუსიკოსის სახით სხვა შემსრულებლებისთვის. ადრეულ ჩანაწერებს შორის არის ფორტეპიანოს პარტია The Hollies-ის „He Ain't Heavy, He's My Brother“-ში. The Scaffold-ისთვის იგი ბეკ-ვოკალსაც ასრულებდა.[33]
მუსიკის გამომცემელ სტივ ბრაუნის რჩევით, ტოპენმა და ჯონმა უკანასკნელისთვის დაიწყეს უფრო დახვეწილი სიმღერების წერა. პირველი იყო სინგლი „I've Been Loving You“ (1968), ჩაწერილი კალებ კუეის, Bluesology-ს ყოფილი გიტარისტის პროდიუსერობით. 1969 წელს მასთან, დრამერ როჯერ პოუპთან და ბასისტ ტონი მარისთან ერთად ჯონმა კიდევ ერთი სინგლი, „Lady Samantha“ და მთლიანი ალბომი Empty Sky ჩაწერა. შემდეგი ალბომისთვის Elton John პროდიუსერად აირჩიეს გას დაჯენი, ხოლო მუსიკის არანჟირებისთვის — პოლ ბაკმასტერი. Elton John გამოვიდა DJM Records/Pye Records-ზე 1970 წლის აპრილში, ხოლო აშშ-ში — Uni Records-ში. ამ ჩანაწერით ჩამოყალიბდა შემდგომი ალბომების შექმნის ფორმულა - გოსპელური ტიპის როკ-სიმღერები და მახვილი როკ-ბალადები. ალბომის პირველი სინგლი „Border Song“ Billboard Hot 100-ის #92 ადგილამდე ავიდა. მეორე, „Your Song“, ბრიტანეთში მეშვიდე პოზიციამდე ავიდა, ხოლო აშშ-ში - #8-მდე და იქცა ჯონის, როგორც მომღერლის, პირველ ჰიტურ სინგლად[34], ისევე, როგორც ალბომი, რომელიც Billboard 200-ში #4-ს იკავებდა, ხოლო ბრიტანეთში - #5-ს.[34][35]
Spencer Davis Group-ის ყოფილი დრამერ ნაიჯელ ოლსონის და ბასისტ დი მარის მხარდაჭერით ლოს-ანჯელესის The Troubadour-ში 1970 წლის აგვისტოში წარმატებით გაიმართა ჯონის პირველი ამერიკული კონცერტი.[36] კონცეპტუალური ალბომი Tumbleweed Connection 1970 წლის ოქტომბერში გამოვიდა და ბრიტანეთის ჩარტში #2, ხოლო აშშ-ში - #5 პოზიცია დაიკავა.[34] შემდეგი იყო საკონცერტო ალბომი 17-11-70 (აშშ-ში გამოცემული, როგორც 11–17–70), ჩაწერილი A&R Studios-ის მიერ ნიუ-იორკში, WABC-FM-ზე გამართული კონცერტისას. აშშ-ში დისკის კომერციული წარმატება დააზარალა ბუტლეგერის მიერ ოფიციალურ გამოცემამდე საკუთარი ასლის გაყიდვაში ჩაშვებამ. განსხვავება გამოცემებს ის იყო, რომ არაოფიციალური ვარიანტი შეიცავდა გამოსვლის სრულ 60 წუთიან ჩანაწერს და არა 40 წუთს, როგორც ეს 17-11-70-ში არის წარმოდგენილი.[37]
1971 წელს ჯონმა და ტოპენმა დაწერეს სიმღერები შემდგომში ნაკლებად ცნობილი ფილმისთვის „მეგობრები“ და ალბომისთვის Madman Across the Water. უკანასკნელი აშშ-ის ჩარტში #8 ადგილს იკავებდა, ჰიტებით „Levon“ და „Tiny Dancer“. 1972 წელს ჯონის საკონცერტო შემადგენლობას, რომელსაც Elton John Band (ელტონ ჯონის ბენდი) ეწოდებოდა, გიტარისტის და ბეკ-ვოკალისტის სახით შეუერთდა დეივი ჯონსტონი. 1972 წელს გამოვიდა Honky Château, შემდგომში აშშ-ში ჯონის რიგით პირველი #1 ალბომი, რომელიც Billboard 200-ში ხუთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. შემდგომი შვიდი ალბომიც აშშ-ში #1 ადგილს იკავებდა.[38] Honky Château ბრიტანეთში #2 იყო. წარმატება ჰქონდა მის სინგლებს „Rocket Man“ და „Honky Cat“[39], რომლებიც ლონდონის Trident Studios-ში ჩაიწერა.
Don't Shoot Me I'm Only the Piano Player გამოვიდა 1973 წლის დასაწყისში, მოხვდა რა ბრიტანეთის, აშშ-ის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების #1 პოზიციაზე.[34] მასში შეტანილია „Crocodile Rock“, ელტონის პირველი სიმღერა, მოხვედრილი Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე და „Daniel“ (აშშ - #2, ბრიტანეთი - #4).[34][40] აშშ-ში ალბომიც და „Crocodile Rock“-იც გამოიცა ლეიბლ MCA Records-ზე.[41]
Goodbye Yellow Brick Road გამოვიდა 1973 წლის ოქტომბერში. მას დიდი აღიარება ხვდა წილად, ისევე, როგორც კომერციული წარმატება - ატლანტიკის ორივე მხარეს ჩარტების სათავეებში და ამ პოზიციის ორი თვის განმავლობაში შენარჩუნებით.[42] ჯონი დროებით იქცა გლემ-როკის ვარსკვლავად. აშშ-ში პირველ პოზიციაზე მოხვდა მისი სინგლი „Bennie and the Jets“. ალბომში აგრეთვე შეტანილია ჰიტური „Goodbye Yellow Brick Road“, „Candle in the Wind“, „Saturday Night's Alright for Fighting“ და „Funeral for a Friend/Love Lies Bleeding“. Goodbye Yellow Brick Road-ს წლების შემდეგ მიეძღვნა VH1-ის Classic Albums-ის გამოშვება, რომელშიც ალბომის ჩაწერის ისტორია განიხილება.[43]
ჯონმა დააარსა საკუთარი ლეიბლი The Rocket Record Company (რომლის აშშ-ის დისტრიბუტორი იყო MCA, ხოლო ბრიტანეთში თავდაპირვეკად - Island). ლეიბლს კონტრაქტი ჰქონდა რამდენიმე შემსრულებელთან, რომელთა შორის იყვნენ ნილ სედაკა (მის „Bad Blood“-ში ჯონმა ბეკ-ვოკალი შეასრულა) და კიკი დი. Rocket-ზე საკუთარი ალბომების გამოცემის სანაცვლოდ, მან აირჩია 8 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი MCA-სთან. ცნობილი გახდა, რომ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ლეიბლმა მისი ჯანმრთელობა 25 მილიონი აშშ დოლარით დააზღვია. 1974 წელს MCA-მ გამოსცა მისი კომპილაცია Greatest Hits, რომელიც ბრიტანეთში და აშშ-ში #1 იყო და RIAA-სგან ალმასის სტატუსი მოიპოვა, აშშ-ში გაყიდული 16 მილიონი დისკისთვის.[34][44]
1974 წელს ჯონმა ითანამშრომლა ჯონ ლენონთან. თავდაპირველად ლენონი ჯონის მიერ ჩაწერილ The Beatles-ის „Lucy in the Sky with Diamonds“-ში გამოჩნდა. სინგლზე გამოცემული ამ სიმღერის b-მხარეზე გამოვიდა ლენონის „One Day at a Time“. ელტონი მონაწილეობდა მის ალბომზე Walls and Bridges „Whatever Gets You thru the Night“-ის ჩაწერაში. წლის ბოლოს გაიმართა კონცერტი, რომელიც ლენონისთვის უკანასკნელი გამოსვლა აღმოჩნდა. მედისონ-სკვერ-გარდენზე მათ შეასრულეს „Whatever Gets You thru the Night“, „One Day at a Time“ და The Beatles-ის კიდევ ერთი ცნობილი სიმღერა, „I Saw Her Standing There“. მანამდე ჯონი ელტონს დაპირდა - თუ „Whatever Gets You Thru The Night“ აშშ-ში #1 ადგილს დაიკავებდა, იგი გამოვიდოდა მის კონცერტზე.[45]
Caribou, შემდეგი ალბომი, გამოვიდა 1974 წელს და იყო მუსიკოსის რიგით მესამე ბრიტანული ალბომი, მოხვედრილი #1 პოზიციაზე, ხოლო აშშ-ში, კანადაში და ავსტრალიაში მან #1 პოზიცია დაიკავა.[34][46] ჩაწერილი ცოცხალ გამოსვლებს შორის არსებული შესვენებების დროს, ორი კვირის განმავლობაში, ალბომი შეიცავს „The Bitch Is Back“-ს და ორკესტრით გამდიდრებულ „Don't Let the Sun Go Down on Me“-ს.[46] „Step into Christmas“ 1973 წლის ნოემბერში ცალკე სინგლის სახით გამოვიდა. იგი შეტანილია ალბომის 1995 წლის რემასტერში.[47]
პიტ ტაუნსენდის (The Who) თხოვნით, ჯონმა განასახიერა პერსონაჟი სახელით „პინბოლის ჯადოქარი“ როკ-ოპერაში „ტომი“ და შეასრულა სიმღერა „Pinball Wizard“. მძლავრი აკორდებით გაჯერებული, ჯონის ვერსია ჩაიწერა ფილმისთვის, 1975 წელს, ხოლო სინგლი 1976 წელს გამოიცა (1975 წელს - აშშ-ში). ბრიტანეთში იგი ჩარტის #7 პოზიციაზე მოხვდა.[34] Bally-მ ამავე პერიოდში გამოუშვა „Captain Fantastic“-ის პინბოლის თემატური სათამაშო აპარატი, რომელზეც ელტონ ჯონიც იყო გამოსახული, ფილმში განსახიერებული პერსონაჟის ფორმით.[48]
1975 წელს გამოიცა ავტობიოგრაფიული ალბომი Captain Fantastic and the Brown Dirt Cowboy, რომელიც აშშ-ში გამოსვლისთანავე პირველ ადგილზე მოხვდა და იყო პირველი ალბომი Billboard 200-ში ასეთი წარმატებით. ამ პოზიციაზე იგი შვიდი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.[49] ალბომში არეკლილია ელტონის მანამდე ფარული პირადი თემები. ტოპენის ტექსტებში აღწერილია ამ ორის თანამშრომლობის ადრეული პერიოდი. „Someone Saved My Life Tonight“ იქცა ჰიტ-სინგლად და ელტონის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ელტონ ჯონის ბენდის არსებობაც დასასრულს უახლოვდებოდა - უკმაყოფილო ჯონმა მუსიკოსთა გარემოცვიდან მოიშორა ოლსონი და მარი, რომლებმაც შემადგენლობის ჟღერადობაზე დიდი გავლენა იქონიეს.[48] Circus Magazine-ის თანახმად, ჯონ რაიდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საერთო იყო და მიიღეს, სანამ ჯონი ავსტრალიაში იმყოფებოდა, „ტომის“ მხარდასაჭერი ღონისძიებებით.[50] მისივე თქმით, რაიდი მუსიკოსებს ვერ გაათისუფლებდა, ვინაიდან ისინი ელტონმა აიყვანა.[50] მანვე განაცხადა, რომ ნაიჯელი კვლავ სოლო შემოქმედებას დაუბრუნდებოდა, ხოლო დი - სესიურს და, ალბათ, სოლო ალბომსაც ჩაწერდა.[50]
დეივი ჯონსტონი და რეი კუპერი დატოვეს, დააბრუნეს კუეი და როჯერ პოუპი, აგრეთვე დაამატეს ახალი ბასისტი - კენი პასარელი. ასეთი შემადგენლობით მიიღეს უფრო მძიმე ჟღერადობა. სტუდიაში კლავიშებიანებზე უკრავდა და არანჟირებაზე მუშაობდა ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი.[51] 1975 წლის ივნისში ჯონი ამ შემადგენლობით გამოვიდა 75 000 მსმენელის წინაშე უემბლიზე.[51]
უფრო მეტად როკ-მუსიკაზე ორიენტირებული Rock of the Westies აშშ-ის ჩარტში გამოსვლისთანავე #1 პოზიციაზე მოხვდა, ისევე, როგორც წინამორბედი. ტურნეს დროს სიახლეებს შორის[49] იყო კოსტიუმი სირაქლემის ბუმბულებით, 5000 დოლარის ღირებულების სათვალეები, რომლებზეც მისი სახელი ეწერა და სხვადასხვა ექსცენტრიული კოსტიუმი - თავისუფლების ქანდაკების, დონალდ დაკის თუ მოცარტის.[52][53] 1975 წელს ელტონ ჯონს გაუხსნეს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.[54]
ლოს-ანჯელესის The Troubadour-ში 1975 წელს გაიმართა ოთხი კონცერტი, რითაც აღინიშნა მუსიკოსის იქ გამართული პირველი გამოსვლის ხუთი წლისთავი. ვინაიდან ადგილები შეზღუდული იყო, გაიმართა ლატარეა, რომელშიც ყოველ გამარჯვებულს მხოლოდ ორი დასასწრები ბილეთის შეძენის უფლება ჰქონდა. ყველა დამსწრემ მიიღო სპეციალური ალმანახი, რომელიც ელტონ ჯონის ბენდის ისტორიას აღწერდა. იმავე წელს ჯონმა დაუკრა ფორტეპიანოზე კევინ ეიერსის Sweet Deceiver-ის ჩაწერისას და იყო ერთ-ერთი პირველი თეთრკანიანი შემსრულებელი, რომელიც შავკანიანების გადაცემა Soul Train-ში გამოვიდა, აშშ-ის ტელეეთერში[42]. 1975 წლის 9 აგვისტოს სანტა-მონიკაში გამართულ როკ-მუსიკის პირველ დაჯილდოებაზე ჯონი დასახელდა წლის გამორჩეულ როკ-პიროვნებად.[55]
1976 წელს გამოვიდა საკონცერტო ალბომი Here and There, მას კი მოჰყვა ორმაგი Blue Moves, რომელშიც შეტანილია „Sorry Seems to Be the Hardest Word“. იმ დროისთვის მუსიკოსის უდიდეს წარმატება იყო დუეტი კიკი დისთან „Don't Go Breaking My Heart“, რომელიც როგორც ბრიტანეთის, ასევე აშშ-ის ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა.[34][56]
1976 წლის ბოლოს Rolling Stone-თან საუბრისას ელტონ ჯონმა პირველად განაცხადა თავისი ბისექსუალური ორიენტაციის შესახებ.[57]
1970–1976 წლები, გარდა კომერციულად ყველაზე დიდი წარმატებისა, კრიტიკოსების მიერ აგრეთვე ყველაზე მაღალი წარმატებით სარგებლობენ. სამწლიან პერიოდში, 1972–1975 წლებში ჯონის შვიდი ალბომი აშშ-ში #1 პოზიციაზე იმყოფებოდა, რაც მანამდე ნებისმიერი შემსრულებლისთვის წარმოუდგენელი იყო.[42] Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში 2003 წელს მოხვედრილი ექვსი ალბომიდან ყველა ამ პერიოდიდან არის. Goodbye Yellow Brick Road ამასთან, 91-ე ადგილს იკავებს. ელტონ ჯონის სამი ალბომი, Tumbleweed Connection, Honky Château და Captain Fantastic Allmusic-ის მიერ ხუთვარსკვლავიანი შეფასებით აღინიშნა.[58]
ამავე პერიოდში, ელტონ ჯონი სპეციალურად მიწვეული სტუმრის სახით გამოჩნდა BBC-ზე, Morecambe and Wise Show-ში.[59]
1977 წლის ნოემბერში ჯონმა განაცხადა, რომ გამოსვლებისგან თავს იკავებდა. ტოპენმა დაიწყო მუშაობა სხვა შემსრულებლებთან. ამიერიდან ელტონი ყოველ წელს უბრალოდ თითო ალბომს უშვებდა. A Single Man ტექსტების სხვა ავტორთან, გერი ოსბორნთან ერთად ჩაიწერა. ალბომიდან გამოცემული სინგლების მიუხედავად, აშშ-ის ოცეულში არც ერთი მოხვედრილა. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის ოცეულში წარმატება ჰქონდა ორს - „Part-Time Love“ და „Song for Guy“ (უკანასკნელი ხუთეულშიც კი შევიდა).[34] 1979 წელს, რეი კუპერის თანხლებით, ელტონი იქცა ერთ-ერთი პირველ დასავლელ შემსრულებლად თანამედროვე მუსიკაში, რომელიც საბჭოთა კავშირში გამოვიდა, ისევე, როგორც ისრაელში.[60] აშშ-ის ჩარტში იგი დაბრუნდა „Mama Can't Buy You Love“-ით (#9), რომლის გამოცემაზე MCA-მ 1977 წელს უარი განაცხადა. იგი ჩაწერილი იყო სოულის ფილადელფიელ პროდიუსერ ტომ ბელის თანაშემწეობით.[61] ჯონი ამბობდა, რომ ბელი იყო პირველი პიროვნება, რომელმაც მას ვოკალის გაკვეთილები ჩაუტარა და ურჩია, უფრო ბოხი ხმით ემღერა.
დისკოს გავლენიანი ალბომი Victim of Love წარუმატებელი აღმოჩნდა. 1979 წელს ჯონთან თანამშრომლობას დაუბრუნდა ტოპენი, თუმცა სრულყოფილად 1983 წლის Too Low for Zero-მდე არ უმუშავიათ. 21 at 33-ს, ახალ ალბომს, მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა, ჰიტით „Little Jeannie“ (აშშ - #3), რომლის ტექსტი ოსბორნს ეკუთვნის.[62]
1981 წლის ალბომი, The Fox, ჩაიწერა იმავე სესიების დროს, რაც 21 at 33. მასში წარმოდგენილია თანამშრომლობა ტიმ რობინსონთან და ჯუდი ცუკესთან. 1980 წლის 13 სექტემბერს ელტონი, ოლსონის და მარის ბენდში მონაწილეობით, გამოვიდა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, 400 000 მსმენელის წინაშე.[63] 1982 წლის ჰიტი „Empty Garden (Hey Hey Johnny)“ შევიდა ალბომში Jump Up!, რომელიც აშშ-ში, Geffen Records-თან კონტრაქტით, მუსიკოსის მეორე ალბომი იყო.
ორიგინალური წევრების, ჯონსტონის, მარის და ოლსონის კვლავ მონაწილეობით, ჯონი დაუბრუნდა ჩარტებს 1983 წლის Too Low for Zero-თი, რომელშიც წარმოდგენილია „I'm Still Standing“ (ბრიტანეთი - #4) და „I Guess That's Why They Call It the Blues“ (ჩაწერილი სტივი უანდერის მონაწილეობით, აშშ - #4, ბრიტანეთი - #5).[34][56] 1983 წლის ოქტომბერში სკანდალი გამოიწვია ელტონის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესებული სამხრეთ აფრიკის კულტურული ბოიკოტის დარღვევამ - კონცერტმა, რომელიც ადგილობრივ სან-სიტიში გაიმართა.[64] 1984 წელს, ვალენტინობის დღეს, ჯონმა იქორწინა ახლო მეგობარ და ხმის ინჟინერ რენატე ბლაუელთან. ქორწინება სამ წელიწადს გაგრძელდა.[65]
1985 წელს ელტონი, სხვებთან ერთად, გამოვიდა უემბლიზე, Live Aid-ის ფარგლებში.[66] ღონისძიებაზე მან შეასრულა „Bennie and the Jets“ და „Rocket Man“, მოგვიანებით კი, პირველად Hammersmith Odeon-ის 1982 წლის კონცერტების შემდეგ კიკი დისთან ერთად შეასრულა „Don't Go Breaking My Heart“. ჯორჯ მაიკლთან (რომელიც ჯერ კიდევ Wham!-ში მღეროდა) ერთად შესრულდა „Don't Let the Sun Go Down on Me“.[66] 1985 წელს გამოვიდა ალბომი Breaking Hearts, სიმღერით „Sad Songs (Say So Much)“, რომელიც აშშ-ში #5, ხოლო ბრიტანეთში - #7 იყო[34]. 1985 წელს ჯონმა აგრეთვე ჩაწერა მასალა მილი ჯექსონთან ერთად. 1986 წელს დაუკრა მძიმე მეტალ ჯგუფ Saxon-ის Rock the Nations-ის ორ სიმღერაში.[67]
Biography-ზე 1986 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი შემსრულებლის იმავე წლის ამერიკული ტურნეს შესახებ. მოგვიანებით, ყელზე გადატანილმა ოპერაციამ შეცვალა ჯონის ვოკალური ტემბრი, რაც გამოწვეული იყო რამდენიმე უსაფრთხო პოლიპის მოცილებით.[68]
1987 წელს ჯონმა მოიგო სასამართლო დავა The Sun-ს წინააღმდეგ, რომელმაც გამოაქვეყნა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჯონს ჰქონდა სექსი მამაკაც მეძავებთან.[69] 1988 წელს მედისონ-სკვერ-გარდენზე გაიმართა აღსანიშნავი კონცერტების ხუთდღიანი სერია, რიგით 26-ე მუსიკოსის კარიერაში.[70] სოთბისი აუქციონზე დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა მუსიკოსის კუთვნილი 2000 სხვადასხვა ნივთი.[71]
1980-იანებში გამოსულ სინგლებს შორის სხვა მნიშვნელოვანი ჰიტები იყო: „Nikita“ (1986, აშშ - #7, ბრიტანეთი - #3), ცნობილი კენ რასელის მიერ გადაღებული ვიდეოთი; „Candle in the Wind“-ის ცოცხალი ორკესტრირებული ვერსია (აშშ - #6) და „I Don't Wanna Go on with You Like That“ (აშშ - #2).[34][56] ყველაზე წარმატებული იყო სინგლი დაიენ უორვიკის, გლედის ნაიტის და სტივი უანდერის მონაწილეობით, „That's What Friends Are For“. ჩაწერილი Dionne and Friends-ის სახელით, საქველმოქმედო სინგლი განკუთვნილი იყო აივ-ის კვლევისთვის საჭირო თანხების შესაგროვებლად და აშშ-ში 1985 წელს #1 იყო[56]. ელტონ ჯონის ალბომები კვლავ იყიდებოდა, მაგრამ 1980-იანებში მხოლოდ Reg Strikes Back მოხვდა აშშ-ის ოცეულში, #16 პოზიციაზე[56].
1990 წელს ჯონმა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში პირველად დაიკავა #1 ადგილი სიმღერით „Sacrifice“ (სინგლის b-მხარეზე აგრეთვე იყო „Healing Hands“), წინა წლის Sleeping with the Past-იდან. სინგლი ჩარტის სათავეში ექვსი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა[72]. შემდეგ წელს „Basque“-მ მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო ინსტრუმენტული კომპოზიციისთვის. უემბლიზე გამართულ ჯორჯ მაიკლის კონცერტზე შესრულებული „Don't Let the Sun Go Down on Me“ სინგლზე გამოიცა და როგორც ბრიტანეთის, ასევე აშშ-ის ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა.[73] Brit Awards-ზე, ლონდონში, 1991 წელს, მუსიკოსმა საუკეთესო მამაკაცი შემსრულებლის ჯილდო მიიღო.[74]
1992 წელს გამოვიდა აშშ-ის ჩარტში შემდგომში #8 პოზიციაზე შესული The One, ამავე სახელწოდების ჰიტური სიმღერით.[75][76] აგრეთვე გამოვიდა ერიკ კლეპტონთან ერთად ჩაწერილი „Runaway Train“. გიტარისტთან ერთად ჯონი აგრეთვე გამოვიდა უკანასკნელის Clapton's World Tour-ის ფარგლებში.[77] ტოპენთან ერთად შემდეგი 12 წლით ელტონმა გააფორმა 39 მილიონი დოლარიანი საგამომცემლო კონტრაქტი Warner/Chappell Music-თან, რაც მათ აძლევდა მუსიკის ისტორიაში იმ დროისთვის უდიდეს ნაღდ ფულად ავანსს.[78] 1992 წლის აპრილში ჯონი გამოვიდა ფრედი მერკურისადმი მიძღვნილი კონცერტის ფარგლებში და Queen-ის დარჩენილ წევრებთან ერთად შეასრულა „The Show Must Go On“, ხოლო Guns N' Roses-ის ექსლ როუზთან და Queen-თან ერთად - „Bohemian Rhapsody“.[79] 1992 წელს MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე ელტონმა დაუკრა „The One“, ხოლო Guns N' Roses-თან ერთად - უკანასკნელის „ნოემბერი Rain“.[80] შემდეგ წელს გამოვიდა მისი ახალი სტუდიური ალბომი, Duets, თანამშრომლობა მრავალ შემსრულებელთან, რომელთა შორის იყვნენ ტემი უინეტი და რუპოლი. მასში აგრეთვე შევიდა ახალი დუეტი კიკი დისთან, კოულ პორტერის საავტორო „True Love“-ის ვერსია. ეს უკანასკნელი ბრიტანეთის ჩარტის #10 პოზიციაზე მოხვდა.[81]
„ჩემთვის, როგორც ბევრი სხვა შემსრულებლისთვის, ელტონ ჯონზე დიდი შთაგონება არ ყოფილა. როდესაც ვიხსენებთ დიდ როკ-დუეტებს, მაგალითად ჯიმი პეიჯს და რობერტ პლანტს, ჯონ ლენონს და პოლ მაკ-კარტნის, მიკ ჯეგერს და კით რიჩარდსს, გავიხსენებდი ელტონ ჯონს და ბერნი ტოპენს. და დღეს ვფიქრობ, რომ ელტონ ჯონი უნდა დაჯილდოვდეს მისი ნაშრომებისთვის და წვლილისთვის, რომელიც აივ-თან ბრძოლაში შეიტანა. აგრეთვე სიმამაცისთვის, რომელიც გამოხატული იყო ყველა ტრიუმფის თუ ტრაგედიის გამოჩენისას.“ |
ტიმ რაისთან ერთად ელტონ ჯონმა დაწერა სიმღერები დისნეის 1994 წლის ანიმაციური ფილმისთვის „მეფე ლომი“. ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე ფილმის საუნდტრეკის სიმღერებიდან სამი მოხვდა წლის საუკეთესო სიმღერის ნომინაციაზე, აქედან გაიმარჯვა სიმღერამ „Can You Feel the Love Tonight“.[83] იგი, ისევე, როგორც „Circle of Life“, იქცა მუსიკოსის მორიგ ჰიტად.[84][85] „Can You Feel the Love Tonight“-მა ჯონს აგრეთვე მოუპოვა გრემის ჯილდო წლის საუკეთესო მამაკაცი ვოკალისტის კატეგორიაში[83]. საუნდტრეკული ალბომი, გამოცემის შემდეგ, Billboard 200-ის პირველ ადგილს ცხრა კვირის განმავლობაში იკავებდა. 1999 წლის 10 ნოემბერს RIAA-მა საუნდტრეკი აღნიშნა ალმასის სტატუსით. იგი გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით.[5]
1994 წელს ელტონ ჯონი ექსლ როუზმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანა.[86] 1995 წელს გამოვიდა ალბომი Made in England (#3 ჩარტში) და მისი სინგლი „Believe“[87]. ელტონმა სიმღერა 1995 წლის Brit Awards-ზე შეასრულა და მიიღო ჯილდო მუსიკაში გამორჩეული წვლილისთვის.[88] დუეტი ლუჩანო პავაროტისთან, „Live Like Horses“ (რომლის სოლო ვერსია შევიდა შემდეგ სტუდიურ ალბომში), ბრიტანეთში 1996 წლის დეკემბერში #9 იყო.[34] კომპილაცია Love Songs 1996 წელს გამოვიდა.[89]
1997 წლის დასაწყისში, თავისი 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ელტონი, ლუი XIV-ედ გადაცმული, 500 მეგობრის წინაშე გამოვიდა. Queen-ის დარჩენილ წევრებთამ იგი პარიზში, 1997 წლის 17 იანვარს, მორის ბეჟარის მიერ დადგმული Le Presbytère N'a Rien Perdu De Son Charme Ni Le Jardin De Son Éclat-ის ფარგლებში გამოჩნდა. ღონისძიება ეძღვნებოდა აივ-ის მსხვერპლებს, მათ შორის - ფრედი მერკურის და დასის მოცეკვავე ხორხე დონს. 1997 წლის ბოლოს დაიღუპა ელტონი ორი უახლოესი მეგობარი - ჯანი ვერსაჩე მოკლეს, ხოლო დაიანა, უელსის პრინცესა, პარიზში, 31 აგვისტოს ავტოავარიას შეეწირა.[90]
სექტემბრის დასაწყისში ელტონი დაუკავშირდა ბერნი ტოპენს და სთხოვა, სიმღერის „Candle in the Wind“ ტექსტი შეეცვალა, რათა პატივი მიეგოთ დაიანასთვის.[91] 6 სექტემბერს ელტონმა „Candle in the Wind 1997“ შეასრულა დაიანას სამგლოვიარო ცერემონიისას.[92] „Candle in the Wind 1997“ იქცა ყველა დროის ყველაზე სწრაფად და ყველაზე მეტად გაყიდულ სინგლად - მსოფლიო მასშტაბით თავიდანვე 33 მილიონის ასლის ოდენობით[5][93]. იგი აგრეთვე იყო ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი სინგლი [94], ბესტსელერი Billboard-ის ისტორიაში და ერთადერთი სინგლი, რომელმაც აშშ-ში ალმასის სტატუსი მოიპოვა - 11 მილიონი გაყიდული ასლით[2][5][95]. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის 2009 წლის გამოცემაში მითითებულია, რომ იგი არის 1950-იანებიდან მოყოლებული, აშშ-სა და ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი სინგლი, სულ 33 მილიონი გაყიდული ასლით.[3] გაყიდვიდან შემოსული თანხა (დაახლოებით 55 მილიონი აშშ დოლარი) გადაირიცხა დაიანას საქველმოქმედო ორგანიზაციებში, მისივე სახელობის ფონდის მეშვეობით.[96] გრემის მე-40 დაჯილდოებაზე ელტონმა მიიღო ჯილდო ამ სიმღერისთვის, როგორც საუკეთესო ვოკალისტმა მამაკაცმა.[93] სინგლი ამ სიმღერით გამოვიდა, როგორც ორმაგ A-მხარიანი, კიდევ ერთი კომპოზიციით „Something About the Way You Look Tonight“ (მომავალი ალბომიდან). ელტონს სიმღერა მას შემდეგ აღარ შეუსრულებელია, განაცხადა რა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუკრავდა საჯაროდ, თუ ამის შესახებ დაიანას შვილები სთხოვდნენ.[97]
1997 წლის 15 სექტემბერს ჯონი გამოვიდა საქველმოქმედო კონცერტზე Music for Montserrat, როიალ ალბერტ ჰოლში და შეასრულა „Your Song“, „Don't Let the Sun Go Down on Me“ და „Live Like Horses“, კონცერტი კი სხვებთან ერთად დაასრულა „Hey Jude“-ით.[98] The Big Picture, მისი 26-ე სტუდიური ალბომი, 22 სექტემბერს გამოვიდა.
1997 წლის ნოემბერში ჯონმა მონაწილეობა მიიღო BBC-ის Children in Need-ის საქველმოქმედო „Perfect Day“-ს ჩაწერაში. სინგლი ბრიტანეთში #1 პოზიციას იკავებდა.[99]
ელტონი აქტიური იყო მუსიკალური თეატრების სფეროშიც. მიუზიკლი „მეფე ლომი“ 1997 წელს ბროდვეიზე და ვესტ-ენდში, 1999 წელს წარადგინეს. მისმა შემოსავალმა 6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, იმ დროისთვის — რეკორდული სასცენო დადგმების ისტორიაში (მანამდე ყველაზე წარმატებული „ოპერის მოჩვენება“ იყო).[100] „მეფე ლომის“ გარდა, ჯონმა ტიმ რაისთან ერთად დაწერა სიმღერები დისნეის მიერ შემუშავებული მიუზიკლ „აიდასთვის“. ტონის 54-ე დაჯილდოებაზე მათ ამ ნამუშევრისთვის მიიღეს წლის ჯილდო ორიგინალური მუსიკისთვის და ტექსტისთვის[101], ხოლო გრემის დაჯილდოებაზე - წლის მუსიკალური შოუს საუნდტრეკისთვის.[102][103] მიუზიკლის პრემიერა გაიმართა ატლანტაში, ალიანს-თეატრში, შემდგომში კი დადგმამ გადაინაცვლა ჩიკაგოში და საბოლოოდ, ბროდვეიზე.
მედისონ-სკვერ-გარდენზე იმავე წელს გამართული კონცერტის ჩანაწერი გამოვიდა, როგორც Elton John One Night Only – The Greatest Hits. აგრეთვე გამოიცა „აიდას“ კონცეპტუალური ალბომი Elton John and Tim Rice's Aida. მასში შეტანილია დუეტები სხვა შემსრულებლებთან და ზოგიერთი შემსრულებლის სოლო სიმღერა, მათ შორის — ლიენ რაიმსთან ერთად ჩაწერილი „Written in the Stars“ და ჯენეტ ჯექსონის „I Know the Truth“.[104]
2000 წელს ელტონი კვლავ გაერთიანდა ტიმ რაისთან, რათა შეექმნა სიმღერები DreamWorks-ის ფილმისთვის „გზა ელ დორადომდე“. 27-ე სტუდიური ალბომი, Songs from the West Coast, 2001 წლის ოქტომბერში გამოუშვა. მუსიკოსი განასახიერეს ალბომის მუსიკალურ ვიდეოებშიც - „This Train Don't Stop There Anymore“ (ჯასტინ ტიმბერლეიკი) და „I Want Love“ (რობერტ დაუნი უმცროსი მისი ვოკალის ფონზე პირს ამოძრავებს).[105] გრემის 43-ე დაჯილდოებაზე ელტონმა ემინემთან ერთად შეასრულა „Stan“, რეპერის ალბომიდან და სინგლიდან, რომელშიც გამოყენებულია დაიდოს ვოკალი.[106] 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ გაიმართა კონცერტი ნიუ-იორკის მხარდასაჭერად, რომელზეც მუსიკოსმა „I Want Love“ და „Your Song“ შეასრულა, ბილი ჯოელთან დუეტში.[107]
2001 წელს ელტონი BBC-მ მიიწვია შოუში Have I Got News For You. თავდაპირველად მან თანხმობა განაცხადა, თუმცა უკანასკნელ წამს მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ეს მოხდა გადაცემის ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ამიტომ მის სანაცვლოდ მიიწვიეს რეი ჯონსონი, ტაქსის მძღოლი გოლჩესტერიდან, რომელიც ხოლმე ჯონის ორეულის სახით გამოდიოდა. გადაცემის დროს მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს, თუმცა, როდესაც 24 საათის შემდეგ გამოშვება ეთერში გავიდა, მისი სახელი და გვარი ტიტრებში ეწერა, ხოლო ელტონ ჯონის — ამოღებული იყო. 2001 წელს აგრეთვე გამოვიდა დოკუმენტური ფილმი The Elton John Story, რომელიც VH-1 Classic-მა აჩვენა.
2003 წლის აგვისტოში გამოსული „Are You Ready for Love“ იყო მომღერლის რიგით მეხუთე ბრიტანული #1 სინგლი.[108] მიუზიკლებზე მუშაობის სერიაში შემდეგი იყო 2005 წლის „ბილი ელიოტი“, დრამატურგ ლი ჰოლის მიერ დადგმული. პრემიერისთანავე მაღალი შეფასებებით აღნიშნულმა სანახაობამ ლორენს ოლივიეს სახელობის ოთხი ჯილდო დაიმსახურა - საუკეთესო ახალი მიუზიკლის ჯილდოს ჩათვლით. ვესტ-ენდის თეატრის ისტორიაში იგი იყო რიგით მეთერთმეტე წარმოდგენათა რაოდენობის მხრივ და 2016 წლის აპრილამდე გადიოდა - სულ 4566 ჩვენებით.[109] 2015 წლის დეკემბრისთვის მიუზიკლი ლონდონში 5.25 მილიონმა მაყურებელმა იხილა, მსოფლიო მასშტაბით კი — თითქმის 11 მილიონმა. მსოფლიოს 80 თეატრიდან მისმა შემოსავალმა 800 მილიონზე მეტი აშშ დოლარი შეადგინა.[110] ბერნი ტოპენთან ერთად დაწერილ მიუზიკლებს წარმატებულია შორის მხოლოდ „ლესტატი“, დაფუძნებული ენ რაისის ვამპირულ რომანებზე. თუმცა, კრიტიკოსებმა იგი უარყოფითად შეაფასეს. 2006 წლის მაისს, 39 ჩვენების შემდეგ, მიუზიკლის ჩვენება დაიხურა.[111]
2003 წლის ოქტომბერში ჯონმა გამოაცხადა, რომ ლას-ვეგასის სიზერს-პელასში სპეციალური 75 კონცერტის გამართვაზე კონტრაქტი გააფორმა. ეს სანახაობა, The Red Piano, იყო მულტიმედიური ელემენტების მქონე კონცერტი, გიგანტური დეკორაციებით და დევიდ ლაშაპელის მიერ მომზადებული პროექციებით. წლის განმავლობაში ელტონ ჯონი ენაცვლებოდა სელინ დიონის გამოსვლებს - სანამ ერთი შეისვენებდა, მეორეს საკუთარი ღონისძიება ჰქონდა. პირველი ასეთ შოუებს შორის 2004 წლის 13 თებერვალს წარადგინეს.[112] 2004 წლის 9 ნოემბერს გამოვიდა ელტონის 28-ე სტუდიური ალბომი Peachtree Road. 2006 წლის თებერვალში მუსიკოსის სპეციალური კონცერტის შემოსავალი 2005 წლის ქარიშხალის დროს დაზარებულებული Harrah's Entertainment Inc.-ის მუშების დასახმარებლად შეგროვდა. სელინ დიონთან ერთად მან შეასრულა „Sorry Seems to Be the Hardest Word“ და „Saturday Night's Alright (for Fighting)“.[113]
2005 წლის ივლისში ელტონ ჯონის ვოკალმა სიმღერიდან „Indian Sunset“ სემპლის სახით გაიჟღერა ტუპაკ შაკურის „Ghetto Gospel“-ში, რომელიც ბრიტანეთის ჩარტის სათავეში მოექცა.[34] სიმღერა აგრეთვე მოხვდა ელტონის სინგლში „Electricity“, რომლის მასალა მუსიკოსმა 2005 წელს, „ბილი ელიოტისთვის“ მოამზადა. დისკის გაყიდვის მარკეტინგული სვლა არატიპიური იყო. გაყიდვების 75% შეადგინეს ციფრულმა ჩამონატვირთებმა. წვდომა ამ სიმღერის ჩამოსატვირთვად შესაძლებელი იყო მხოლოდ საგანგებოდ გამზადებულ კითხვებზე მობილურიდან გაგზავნილი პასუხების მეშვეობით[114].
2006 წლის 18 სექტემბერს გამოვიდა ელტონის 29-ე სტუდიური ალბომი The Captain & the Kid. 9 ოქტომბერს უოლტ დისნეის კომპანიამ მუსიკოსი დასახელა დისნეის ლეგენდად, დისნეის ფილმებში და თეატრალურ ნამუშევრებში შეტანილი წვლილისთვის.[115] 2006 წელს მუსიკოსმა Rolling Stone-ს უამბო, რომ შემდეგი ჩანაწერი უფრო თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზის და ჰიპ-ჰოპის ჟანრის იქნებოდა: „მსურს, ვიმუშავო ფარელ უილიამსთან, სნუპ დოგთან, კანიე უესტთან, ემინემთან და ვნახო, რა გამოვა.“[116]
2007 წელს მედისონ-სკვერ-გარდენზე გაიმართა ჯონის 60-წლიანი იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა და DVD-ზე გამოვიდა, როგორც Elton 60 – Live at Madison Square Garden[117]. კომპილაციური ალბომი Rocket Man: The Definitive Hits გამოვიდა 17 სხვადასხვა ვერსიის სახით. მუსიკოსის სრული სტუდიური კატალოგი, 32 ალბომის თითქმის 500 სიმღერა, პირველად ოფიციალურად გამოქვეყნდა ლეგალური ციფრული ჩამონატვირთების მაღაზიებში.[118]
1 ივლისს ჯონი გამოვიდა უემბლიზე, Concert for Diana-ზე, რომელიც პრინცესა დაიანას ხსოვნას ეძღვნებოდა (იგი გაიმართა იმ დღეს, როდესაც დაიანას 46 წელი შეუსრულდებოდა). კონცერტის შემოსავალი კვლავ გადაირიცხა დაიანას მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდებში, რომლებსაც ამჟამად პატრონობენ მისი შვილები, უფლისწულები, უილიამი და ჰარი.[119][120] კონცერტი გაიხსნა „Your Song“-ით და დაიხურა სიმღერებით „Saturday Night's Alright For Fighting“, „Tiny Dancer“ და „Are You Ready For Love“.[119]
2008 წლის 21 ივნისს სიზერს-პელასში გაიმართა ჯონის მე-200 კონცერტი. DVD/CD გამოცემა The Red Piano გაყიდვაში გამოვიდა ნოემბერში, ქსელში Best Buy. ორწლიანი მსოფლიო ტურნეს დროს არსებული შესვენებების დროს ელტონი გამოდიოდა ლას-ვეგასში, სხვადასხვა დარბაზში, სადაც პირველად უკრავდა. ტურნე The Red Piano დასრულდა 2009 წლის აპრილში.[121] 2008 წლის სექტემბერში GQ-სთან საუბრისას ჯონმა განაცხადა: „ბილი ჯოელთან ერთად შემდეგ წელს ტურნეს ვაპირებ“, გულისხმობდა რა Face to Face-ს, კონცერტების სერიას, რომელშიც მონაწილეობას ორივე მუსიკოსი მიიღებდა. ტურნე დაიწყო 2009 წლის მარტში.[122]
ელტონი ლედი გაგასთან ერთად გამოვიდა გრემის 52-ე დაჯილდოებაზე.[123] 2010 წლის 6 ივნისს მან დაუკრა რაშ ლიმბოს ქორწილში, 1 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ.[124] 11 დღის შემდეგ, ისრაელში უკანასკნელი კონცერტიდან 17 წლისთავზე, იგი გამოვიდა რამატ განის სტადიონზე - მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვით ადრე გამოცხადდა ისრაელის კულტურული ბოიკოტი, მას შემდეგ, რაც ღაზის გემებზე ისრაელმა რეიდი განახორციელა.[125][126]
ლეონ რასელთან ერთად ჩაწერილი The Union 2010 წლის 19 ოქტომბერს გამოვიდა. ელტონი ამბობდა, რომ ეს თანამშრომლობა მის კარიერაში ახალი ეტაპი იყო: „პოპ-ალბომების ჩაწერა აღარ მსურს.“[127]
ახალი შოუ, The Million Dollar Piano, სიზერს-პელასის კოლიზეუმში, ელტონმა 2011 წლის 28 სექტემბერს გახსნა.[128] შემდეგი სამი წლის განმავლობაში იგი აღნიშნულ დარბაზში დროდადრო გამოდიოდა კონცერტებით ამ სერიის კონცერტებით. საიუბილეო კონცერტი, რომელიც მის შემოქმედებაში 4000-ე იყო, გაიმართა 2011 წლის 8 ოქტომბერს, სიზერსში.[129] 2011 წელს ჯონის ვოკალმა გაიჟღერა კეიტ ბუშის ალბომის 50 Words for Snow სიმღერაში „Snowed in at Wheeler Street“.[130] 2012 წლის 3 თებერვალს ელტონი პირველად ეწვია კოსტა-რიკას, ახლადაშენებულ ეროვნულ სტადიონზე გამართული კონცერტის ფარგლებში[131].
2012 წლის 4 ივნისს ელტონი გამოვიდა ბრიტანეთის დედოფლის ალმასის იუბილეს აღსანიშნავ კონცერტზე, ბაკინგემის სასახლეში, სიმღერებით „Your Song“, „Crocodile Rock“ და „I'm Still Standing“.[132] 30 ივნისს იგი გამოვიდა კიევში, Queen-ის დარჩენილ წევრებთან და ადამ ლაბბერტთან ერთად, ელენა პინჩუკის მიერ შექმნილი აივ-თან ბრძოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე.[133]
2012 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსი მუშაობდა ახალ სტუდიურ ალბომზე The Diving Board. იგი იწერებოდა პროდიუსერ ტი-ბოუნ ბერნეტის თანაშემწეობით და თავდაპირველად იგეგმებოდა 2012 წლის შემოდგომაზე გამოსაცემად.[134][135]
ელტონის 1970-იანების სიმღერების რემიქსების ალბომი Good Morning to the Night, შექმნილი ავსტრალიური Pnau-ს მიერ, გამოვიდა 2012 წლის ივლისში. რემიქსული ალბომი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #1 პოზიციაზე.[136] 2012 წლის 30 ოქტომბერს, „ბრიტანეთის სიამაყის“ დაჯილდოებაზე, ელტონმა, მაიკლ კეინის, რიჩარდ ბრენსონის, საიმონ კოუელის და სტივენ ფრაის თანამონაწილეობით, რადიარდ კიპლინგის ლექსი „თუ“ წაიკითხა, როგორც მიძღვნა 2012 წლის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისადმი.[137]
2013 წლის თებერვალში ჯონი ედ შირანთან ერთად გრემის 55-ე დაჯილდოებაზე გამოვიდა.[138] 2013 წელს იგი Queens of the Stone Age-თან ერთად უკანასკნელის მეექვსე სტუდიურ ალბომ ...Like Clockwork-ზე მუშაობდა, დაუკრა და იმღერა რა სიმღერაში „Fairweather Friends“. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ჯოშ ჰომის პროექტი Them Crooked Vultures მოსწონდა და მას თავად დაუკავშირდა და შესთავაზა ალბომზე დაკვრა.[139]
2013 წლის სექტემბერში ჯონმა მიიღო Brits-ის სიმბოლოს პირველი ჯილდო, მისი ბრიტანულ კულტურაზე ხანგრძლივი გავლენისთვის.[140] მუსიკოსი როდ სტიუარტის მიერ იქნა წარდგენილი. მოგვიანებით ორივემ შეასრულა „Sad Songs (Say So Much)“.[141]
იმავე თვეში საბოლოოდ გამოვიდა ჯონის The Diving Board, რომლის გამოცემის თარიღი რამდენიმეჯერ გადაიდო. გამოსვლისთანავე იგი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #3 და აშშ-ის #4 პოზიციაზე.[34][142] 2015 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა 32-ე ალბომის გამოცემის შესახებ. Wonderful Crazy Night გამოვიდა 2016 წლის 5 თებერვალს. იგი კვლავ ტი-ბოუნ ბერნეტის დახმარებით ჩაიწერა[143]. წამყვანი სინგლი „Looking Up“, იმავე თვეში გამოვიდა. ეს იყო წლების შემდეგ ჯონის პირველი სრულყოფილი ალბომი, ჩაწერილი მისივე ტურნეს ბენდის თანაშემწეობით, 2006 წლის The Captain & the Kid-ის მსგავსად.[144]
2017 წლის 26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჯონი რომანის „ეშმაკი ატარებს პრადას“ მიუზიკლის სახით ადაპტაციისთვის მუსიკას დაწერდა, კევინ მაკკოლუმის (პროდიუსერი) და პოლ რუდნიკის (ლიბრეტო) თანამონაწილეობით.[145]
მხატვრული ფილმი „კინგსმენი: ოქროს წრე“, რომელშიც ჯონი ერთ-ერთ როლს ასრულებს, 2017 წლის ივნისში გამოვა.[146]
ელტონი სიმღერებს დღემდე წერს ბერნი ტოპენთან ერთად - 1967 წლიდან, როდესაც გაზეთ New Musical Express-ის მეშვეობით Liberty Records ეძებდა სიმღერების ავტორებს.[29] დღემდე მათ ერთად 30-ზე მეტი ალბომი აქვთ დაწერილი.[147] როგორც წესი, ტოპენი ტექსტებს ცალკე წერს, შემდეგ კი ჯონი მათთვის მუსიკას წერს. ორივე ერთ ოთახში არასოდეს მუშაობს. თუ ელტონი რომელიმე სხვა ქვეყანაში იმყოფება, ტოპენი მას ტექსტებს ფოსტით უგზავნის.[148]
1992 წელს ჯონი სიმღერების ავტორების დიდების დარბაზში შეიყვანეს. იგი არის ბრიტანეთის სიმღერების ავტორების და კომპოზიტორების აკადემიის წევრი.[149] კრიტიკოსების დაკვირვებით, მისი ვოკალი ადრე ხასიათდებოდა, როგორც ტენორული. ამჟამად იგი ბარიტონია.[21] ფორტეპიანოზე დაკვრის სტილი შთაგონებულია კლასიკური და გოსპელური მუსიკით[150]. მუსიკის არანჟირებისთვის 1970-იანებში იწვევდა პოლ ბაკმასტერს.[151]
1960-იანი წლებს ბოლოს ელტონი დანიშნული იყო პირველ შეყვარებულთან, მდივან ლინდა ვუდროუსთან, რომელიც ნახსენებია სიმღერაში „Someone Saved My Life Tonight“[152][153]. 1984 წლის 14 თებერვალს მან სიდნეიში იქორწინა გერმანელ ხმის ინჟინერ რენატე ბლაუელთან, თუმცა უკვე ამ დროს ამბობდნენ, რომ ეს იყო მისი ჰომოსექსუალობის დაფარვის მცდელობა. 1976 წელს მან Rolling Stone-თან ინტერვიუში საბოლოოდ განაცხადა, რომ ბისექსუალი იყო[152][153], მაგრამ ბლაუელთან 1988 წელს გაყრის შემდეგ იგივე გამოცემასთან განაცხადა, რომ თავს მოხერხებულად გრძნობდა, როგორც გეი.[154]
1993 წელს დაიწყო ჯონის ურთიერთობა დევიდ ფერნიშთან, რომელიც მანამდე სარეკლამო ბიზნესში მუშაობდა და კინოინდუსტრიაში გადავიდა. 2005 წლის 21 დეკემბერს მათ გააფორმეს სამოქალაქო პარტნიორობა გაერთიანებულ სამეფოში.[155] მას შემდეგ, რაც 2014 წლის მარტში ინგლისში დაკანონდა გეების ქორწინება, მათ იქორწინეს 2014 წლის 21 დეკემბერს.[156][157][158] წყვილს ორი შვილი ჰყავს. უფროსი, ზაქარი ჯექსონ ლევონ ფერნიშ-ჯონი, 2010 წლის 25 დეკემბერს სუროგატულმა დედამ გააჩინა.[159][160] ჯონის ნათლულებს შორის არიან შონ ლენონი, დეივიდ და ვიქტორია ბეკჰემების შვილები ბრუკლინი და რომეო, ელიზაბეთ ჰერლის შვილი დემიანი და სეიმურ სტაინის შვილი.[161]
2010 წელს აშშ-ის რამდენიმე ქრისტიანული გაერთიანების მხრიდან გაიჟღერა პროტესტმა და ჯონის კრიტიკამ, მას შემდეგ, რაც მან ქრისტეს უწოდა „ჰუმანური, ძალიან ჭკვიანი და გეი პიროვნება, რომელსაც ესმოდა ადამიანების პრობლემები.“ უილიამ ენტონი დონოჰიუ, ადგილობრივი კათოლიკური ლიგის პრეზიდენტი და გეების ქორწინების მოწინააღმდეგი, გამოეხმაურა ამ განცხადებას: „უწოდო ქრისტეს ჰომოსექსუალი იგივეა, რაც უწოდო სექსუალური გადახრების მქონე. მაგრამ სხვა რას უნდა ელოდო ადამიანისგან, რომელსაც ნათქვამი აქვს მე რომ მკითხოთ, რელიგიას საერთოდ ავკრძალავდი.“[162]
2008 წელს ჯონმა განაცხადა, რომ გეებისთვის ერჩივნა სამოქალაქო ურთიერთობა, ვიდრე ქორწინება.[163] თუმცა, 2012 წლისთვის მან აზრი შეიცვალა და გაერთიანებულ სამეფოში ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს უჭერდა: „დიდი განსხვავებაა პარტნიორს და მეუღლეს შორის. პარტნიორი არის ტერმინი, რომელსაც უწოდებ მათ, ვისთანაც ჩოგბურთს თამაშობ ან ბიზნესში მუშაობ. ეს ვერ აღწერს სიყვარულს, რომელიც დევიდისადმი მაქვს და მას ჩემდამი. აი მეუღლე კი აღწერს.“ [164] 2014 წელს ჯონი ამტკიცებდა, რომ ქრისტე ერთსქესიანთა ქორწინებას მოიწონებდა.[165]
2013 წელს ელტონ ჯონმა უარი თქვა, რუსეთისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა ქვეყანაში არსებული კანონის გამო, რომელიც ლგბტ პროპაგანდას ზღუდავდა, მაგრამ მოსკოვში გამართული კონცერტის დროს მსმენელებს მიმართა, რომ რუსეთის კანონები იყო „არაადამიანური და გამმიჯნავი“ და რომ იგი „წუხდა და შოკირებული იყო არსებული კანონმდებლობით.“[166] 2014 წლის იანვრის ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა ჯონზე, ამტკიცებდა რა, რომ რუსეთში გეების დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია: „ელტონ ჯონი დიდებული პიროვნებაა, გამორჩეული მუსიკოსი და მილიონობით ხალხს უყვარს, განურჩევლად მისი სექსუალური ორიენტაციისა“.[167] 2015 წლის 24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პუტინმა დაურეკა მუსიკოსს და პირადად მიიწვია რუსეთში არსებული ლგბტ საზოგადოების პრობლემების განსახილველად.[168] ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე ორმა პრანკერმა დაურეკა ჯონს. მათ თავი წარუდგინეს, თითქოს იყვნენ პუტინი და მისი სპიკერი. Instagram-ის საკუთარ გვერდზე ელტონ ჯონმა პუტინს შეცდომით გადაუხადა მადლობა ამ „ზარისთვის“.[169]
2009 წლის აპრილში Sunday Times Rich List წერდა, რომ ჯონის ქონება შეფასებული 175 მილიონ აშშ დოლარად და მუსიკოსი დაასახელა 322-ე ადგილზე ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი პიროვნებების სიაში.[170] 2011 წელს იგივე გამოცემამ დაასახელა 195 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ჯონი - ბრიტანეთის მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მდიდარი პიროვნებების ათეულში.[171] გარდა ბერკშირში მდებარე ძირითადი სახლის, ჯონი ფლობს უძრავ ქონებას ატლანტაში, ლოს-ანჯელესში, ნიცაში, ვენეციაში და ჰოლანდ-პარკში (ლონდონი). ვენეციაში მისი სახლი მდებარეობს მონ-ბორონის მთაზე.[172] ელტონი აგრეთვე აგროვებს მხატვრობის ნიმუშებს. ცნობილია, რომ მას აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფოტოკოლექცია პირადი სურათებით.[173]
მუსიკოსის თქმით, 2000 წლისთვის მან ორ წელიწადზე უფრო მცირე დროის განმავლობაში დახარჯა 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი - დაახლოებით 1.5 მილიონი თვეში. 1996 წლის იანვრის და 1997 წლის სექტემბერს შორის მან 9.6 მილიონზე მეტი დახარჯა უძრავ ქონებაზე, ხოლო 293.000 - ყვავილებზე.[174] 2001 წლის ივნისში მან საკუთარ კოლექციაში არსებული 20 ავტობომილი კრისტის აუქციონზე გაყიდა, განაცხადა რა, რომ ვერ იყენებდა მათ, ვინაიდან ქვეყანას ხშირად ტოვებდა.[175] ამ აუქციონმა, რომელზეც აგრეთვე 1993 წლის Jaguar XJ220 იყო გამოტანილი (შეფასებული 234 750 გირვანქა სტერლინგად), რამდენიმე Ferrari, Rolls-Royce და Bentley, მოუტანა 2 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის შემოსავალი.[176] 2003 წელს ჯონმა ჰოლანდ-პარკში მდებარე სახლში არსებული ნივთების ნაწილი სოთბისის აუქციონზე გაიტანა, 800 000 გირვანქა სტერლინგის შეგროვების იმედით, ვინაიდან სურდა სახლის შეკეთება და მასში თანამედროვე მხატვრობის კოლექციის გამოფენის მოწყობა.[177] 2004 წლიდან მოყოლებული, იგი ყოველ წელს ხსნის მაღაზია Elton's Closet-ს, რომელშიც ყიდის იმ სამოსს, რომელიც აღარ სჭირდება.[178]
1975 წლისთვის ვარსკვლავური ცხოვრებით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე, მუსიკოსს დაღლა ეტყობოდა. იმავე წელს ლოს-ანჯელესში გაიმართა „ელტონის კვირა“, რომლის დროს მუსიკოსი ნარკოტიკების ჭარბი რაოდენობით მოხმარებას გადაურჩა.[179] იგი აგრეთვე ებრძოდა ბულიმიას. 2002 წელს, CNN-ზე, ლარი კინგთან ინტერვიუს დროს, წამყვანმა მას ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ პრინცესა დაიანასაც იგივე პრობლემა აწუხებდა. ჯონმა უპასუხა: „დიახ, ორივეს ეს გვაწუხებდა.“[180]
ჯონი ჩოგბურთის დიდი მოყვარულია. ეს ასახულია მის სიმღერაში „Philadelphia Freedom“, რომელიც ბილი ჯინ კინგს და მის ფრენჩაიზს World Team Tennis მიეძღვნა. ჯონს და კინგს აგრეთვე ერთად მიჰყავთ ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც შიდსთან დაკავშირებული ფონდების მხარდასაჭერად ტარდება (მაგალითად, ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდის). ჯონი, რომელიც დროდადრო ატლანტაში ცხოვრობს, 1991 წელს, იქ დასახლების შემდეგ, დაუმეგობრდა გუნდ ატლანტა ბრეივზს.[181] 2015 წელს GQ-მ ელტონი დაასახელა 50 ყველაზე გემოვნებით ჩაცმულ ბრიტანელ მამაკაცს შორის.[182]
2017 წლის 22 აპრილს მუსიკოსი გამოწერეს საავადმყოფოდან, მას შემდეგ რაც მან გადაიტანა არატიპიური და საშიში ბაქტერიული ინფიცირება. ამის გამო იგი იძულებული გახდა, გადაედო აპრილსა და მაისში დაგეგმილი კონცერტებიც.[183]
„1984 წელს, თასის ფინალში, შესრულდა „Abide with Me“ და ამიტომ ავტირდი. ეს სიმღერა ბავშვობას მახსენებს.“ — ელტონ ჯონი საფეხბურთო თასის შესავალში გაჟღერებული ტრადიციული ჰიმნით გამოწვეული გრძნობის შესახებ.[184] |
როგორც უოტფორდის მხარდამჭერი, ელტონი 1976 წელს მისი თავმჯდომარე და ხელმძღვანელი გახდა, ხოლო გრემ ტეილორი დანიშნა მენეჯერად. იგი დიდ თანხას ახმარდა კლუბის განვითარებას.[185] წარმატების მწვერვალი იყო 1983 წელს პირველ დივიზიონში და უემბლიზე 1984 წელს ინგლისის საფეხბურთო თასის ფინალში მოხვედრა. კლუბი ელტონმა 1987 წელს ჰეკ პეშის მიჰყიდა, მაგრამ პრეზიდენტის თანამდებობა შეინარჩუნა.
ჯონს უთქვამს, რომ ხშირად ჰქონია შემთხვევა, როდესაც 1980-იანებში თავი სექსის დროს არ დაუცავს და თავს თვლის ბედნიერად, ვინაიდან გადაურჩა შიდსის ვირუსს.[186] 1986 წელს გამოვიდა მისი, დაიენ უორვიკის, გლედის ნაიტის და სტივი უანდერის ერთობლივი სინგლი „That's What Friends Are For“, რომლის გაყიდვების შემოსავალი გადაირიცხა შიდსის კვლევის ამერიკულ ცენტრში. ამ სიმღერამ ჯონს და დანარჩენ შემსრულებლებს მოუტანა გრემის ჯილდო ვოკალიანი საუკეთესო დუეტის ან ჯგუფის კატეგორიაში. 1990 წლის აპრილში ელტონმა ბალადა „Skyline Pigeon“ შეასრულა რაიან უაიტის, ჰემოფილიით დაავადებული მოზარდის დასაფლავების ცერემონიაზე.[187]
ელტონ ჯონი შიდსის კვლევასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან უფრო მეტად ასოცირებული მას შემდეგ გახდა, რაც 1990 წელს გარდაიცვალა რაიან უაიტი, ხოლო 1991 წელს — ფრედი მერკური. როგორც გავლენიანმა მუსიკოსმა, მან შეაგროვა საჭირო თანხები და 1992 წელს დააარსა „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდი“ - საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც შიდსთან ბრძოლის და ვირუსისგან თავის არიდების საკითხებზე მუშაობს, ისევე, როგორც ინფექციით დაავადებულთა დისკრიმინაციის და დახმარების თემებზე. ეს კვლავაც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობაა. 1993 წელს აგრეთვე დაარსდა ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდის ჯილდოების საღამოს ტრადიცია, რომელიც ჰოლივუდურ კინოინდუსტრიაში ოსკართან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვეულებაა და დღემდე 200 მილიონზე მეტი აშშ დოლარი აქვს შეგროვებული.[11] 2006 წლის პირველ ნახევარში ელტონმა ლას-ვეგასის შოუში გამოყენებული ორი Yamaha-ს პიანინო eBay-ს აუქციონზე განათავსა - კვლავ ფონდის ფინანსურად მხარდასაჭერად.
ფონდისთვის სხვა თანხების მოსაზიდად, ელტონი ბერკშირში, საკუთარ სახლში, ყოველ წელს ატარებს გლამურულ White Tie & Tiara Ball-ს, რომელსაც მრავალი ცნობილი პიროვნება სტუმრობს.[188] 2007 წლის 28 ივნისს ეს ღონისძიება მეცხრედ გაიმართა. მენიუში შედიოდა ტრიუფელების სუფლე და სხვადასხვა სპეციალური კერძი. საღამოს ფარგლებში სტივენ ფრაიმ აუქციონი გამართა, რის შედეგაც შეგროვდა 3.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი.[189] ელტონმა ამ საღამოს ტომ ჯოუნსთან ერთად შეასრულა „Delilah“, ხოლო შირლი ბესისთან — „Big Spender“.[190] 2011 წელს საღამოს დამსწრე ცნობილ პიროვნებებს შორის იყვნენ ელიზაბეთ ჰარლი და ჯორჯ მაიკლი (უკანასკნელმა ელტონთან „Don't Let the Sun Go Down on Me“ იმღერა). ამ საღამოს ფარგლებში გამართლმა საქველმოქმედო აუქციონმა 45 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეაგროვა.[188]
ელტონ ჯონი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 1994 წელს შეიყვანეს. 1992 წელს იგი და ბერნი ტოპენი მოხვდნენ სიმღერების ავტორების დიდების დარბაზში. 1995 წელს ჯონი გახდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი.[192] საქველმოქმედო საქმიანობისთვის ჯონს ელისაბედ II-მ 1998 წლის 24 თებერვალს მიანიჭა რაინდის წოდება. 1975 წლის ოქტომბერში ელტონი იქცა 1662-ე პიროვნებად, რომელსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.[54]
ჯონს 2005 წელს მიღებული აქვს მომღერლების საზოგადოების სპეციალური ჯილდო ცხოვრებისეული ღვაწლისთვის.[193] 2004 წელს იგი კენედის ცენტრის, ხოლო 2006 წელს — დისნეის ლეგენდების ჯილდოს მფლობელი გახდა. 2000 წელს, მუსიკის ინდუსტრიაში და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის, იგი MusiCares-ის წლის პიროვნებად დასახელდა.[194] 2010 წელს მიენიჭა PRS for Music-ის მემკვიდრეობის ჯილდო, რომელიც ქანდაკების სახით წარმოდგენილია The Namaste Lounge Pub-ში (ნორთვუდი, ლონდონი), იქ, სადაც ელტონის პირველი კონცერტი გაიმართა.[195]
ჯონის მუსიკალურ ჯილდოებს შორის არის ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის („Can You Feel The Love Tonight“, „მეფე ლომი“); იმავე სიმღერისთვის — ოქროს გლობუსი და ტონი მიუზიკლისთვის Elton John and Tim Rice's Aida — სამივე ჯილდო მასთან ერთად გადაეცა თანაავტორ ტიმ რაისსაც. ელტონი აგრეთვე არის ხუთი Brit-ის მფლობელი, მათ შორის — საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი მამაკაცისთვის 1991 წელს, აგრეთვე — 1986 და 1995 წელს, მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. Brits-ის სიმბოლოს პირველი ჯილდო როდ სტიუარტის მიერ გადაეცა ელტონს, ბრიტანეთის კულტურაზე მისი ხანგრძლივი გავლენისთვის.[140][196]
მიმდინარე შემადგენლობა
ყოფილი წევრები
სხვა აღსანიშნავი შემსრულებლები
1970 წლიდან, კოლექტივი, რომლითაც ელტონი გამოდის ან იწერს სიმღერებს, ცნობილია, როგორც ელტონ ჯონის ბენდი.[197][198] შემადგენლობა იცვლებოდა, თუმცა მის მუდმივ წევრებად (უფრო მეტად) რჩებოდნენ ნაიჯელ ოლსონი, დეივი ჯონსტონი და რეი კუპერი. ოლსონმა ბენდი 1984 წელს დატოვა, მაგრამ 2000 წელს დაბრუნდა.[199][200] რეი კუპერიც ბენდს დროდადრო ტოვებდა, ვინაიდან სხვა მუსიკოსებთან სესიური შემსრულებლის სახით ჩნდებოდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.