დასავლეთის სტეპის მესაქონლეები
From Wikipedia, the free encyclopedia
დასავლეთის სტეპის მესაქონლეები (ინგლ. Western Steppe Herders; WSH), დასავლეთის სტეპის მწყემსები — ტერმინი, რომელიც არქეოგენეტიკაში აღნიშნავს გამორჩეულ წინაპრულ კომპონენტს, რომელიც პირველად ძვ. წ. V ათასწლეულში ენეოლითის ხანის სტეპის ინდივიდებში, შემდეგში კი გენეტიკურად მსგავს ან უშუალოდ მონათესავე მოსახლეობაში ფიქსირდება, მათ შორის: ხვალინსკის, სრედნი სტოგისა და იამნაიას კულტურაში, და არსებით დონეზე ასევე გვხვდება თანამედროვე ევროპისა და სამხრეთ აზიის მოსახლეობაში.[4][2] მას ხშირად ასევე „იამნაიას წარმომავლობას“ უწოდებენ.[5]
მიჩნეულია, რომ დასავლეთის სტეპის მესაქონლეები (WSH) წარმოიშვნენ აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლისგან (EHG), რომლებიც შეერივნენ კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებს (CHG), დასავლეთის სტეპის მესაქონლის კომპონენტი ანალიზდება, როგორც აღმოსავლეთის მონადირე შემგროვებლისა (EHG) და კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის (CHG) წინაპრული კომპონენტების ნარევი, დაახლოებით თანაბარი პროპორციით, საიდანაც Y დნმ-ის ჰაპლოჯგუფების უმრავლესობა ეკუთვნის აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებებლების მამრებს. დასავლეთის სტეპის მესაქონლეების Y დნმ არ არის ერთგვაროვანი, მაშინ როცა იამნაიას კულტურის წარმომადგენლები ძირითადად R1b-Z2103 და მცირეოდენით I2a2 ჰაპლოჯგუფებს ეკუთვნიან, ადრეული ხვალინსკის კულტურა, უპირატესად ჭარბობს R1b, თუმცა ასევე გავრცელებულია R1a, Q1a, J, და I2a2 ჰაპლოჯგუფები, ხოლო გვიანი დასავლეთ სტეპის მესაქონლეების წარმომავლობის მქონე საბრძოლო ცულების კულტურის (Corded Ware) წარმომადგენლები კი ძირითადად ეკუთვნიან R1a-M417 და მცირე რაოდენობით R1b ჰაპლოჯგუფს.[6][7]
დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს, იამნაიას კულტურის ხალხმა ან მათმა მონათესავე ჯგუფმა,[1] რომლებსაც დიდი რაოდენობით დასავლეთის სტეპის მესაქონლეების (WSH) წარმომავლობა და ამასთანავე 10-18% ადრეული ევროპელი მიწათმოქმედის (EEF) მინარევი გააჩნდათ,[4] ევრაზიის ვრცელ ტერიტორიაზე მასიური მიგრაციები დაიწყეს, რაც თანამედროვე ენათმეცნიერების, არქეოლოგებისა და გენეტიკოსების მოსაზრებით, ინდოევროული ენების გავრცელებასთან (გაფანტვა) უნდა იყოს დაკავშირებული. ამ პერიოდის დასავლეთის სტეპის მესაქონლეების წარმომავლობას, ხშირად, „ადრეულ და შუა ბრინჯაოს ხანის სტეპის“ წარმომავლობას (Steppe EMBA) უწოდებენ.[5]
ეს მიგრაცია უკავშირდება საბრძოლო ცულების კულტურის (Corded Ware), რომელთა წარმომადგენლები 75%-ით დასავლეთ სტეპის მესაქონლეებს მიეკუთვნებიან, და თასების კულტურის („აღმოსავლური ჯგუფი“) წარმოშობას, რომელთა 50% დასავალეთ სტეპის მესაქონლეებს განეკუთვნება, თუმცა ამ ჯგუფთა შორის ზუსტი ურთიერთობა გაურკვეველი რჩება.[8] დასავლეთ სტეპის მესაქონლეების, ექსპანსიამ ევროპული გენოფონდიდან, თითქმის სრულიად გააქრო ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების (EEF) Y დნმ, რითიც მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპის კულტურული და გენეტიკური ლანდშაფტი. ბრინჯაოს ხანაში, საბრძოლო ცულების კულტურის მოსახლეობა, ცენტრალურ ევროპული მინარევით, გაბრუნდა სტეპში, სადაც ჩამოყალიბდა დასავლეთ სტეპის მესაქონლეების წარმომავლობის ახალი ტიპი, რომელსაც ხშირად „შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის სტეპის“ (Steppe MLBA)[5] წარმომავლობასაც უწოდებენ. სინტაშტას კულტურის, ანდრონოვოს კულტურისა და სრუბნაიას კულტურის მეშვეობით, Steppe MLBA-ის წარმომავლობა, ინდოევროპულ ენებთან ერთად, გავრცელდა ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში.
ევროპის თანამედროვე მოსახლეობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც: დასავლეთის მონადირე შემგროვებლის (WHG), ადრეული ევროპელი მიწათმოქმედებისა (EEF) და დასავლეთ სტეპის მესაქონლეების (WSH) ნარევი. ევროპაში დასავლეთ სტეპის მესაქონლეების წარმომავლობა პიკს ნორვეგიელებში (დაახ, 50%), ხოლო სამხრეთ აზიაში კალაშებში (დაახლ. 50%) აღწევს.