იამნაიას კულტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
იამნაიას კულტურა (რუს. Я́мная культу́ра) — გვიანი ნეოლითისა და ადრეული ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურა პონტოს სტეპში, თარიღდება ძვ. წ. 3300 – 2600 წლით.[1] იამნაიას კულტურის მოსახლეობა სავარაუდოდ წარმოადგენდნენ აღმოსავლეთ ევროპის მონადირე-შემგროვებლებისა (EHG) და კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების (CHG) მონათესავე ხალხის გენეტიკურ ნარევს,[2] ამ წინაპრულ კომპონენტს ხშირად „სტეპურ წარმომავლობასაც“ უწოდებენ, რომელსაც დამატებით 18%-მდე ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების (EEF) მინარევი გააჩნდათ.[3] მათი კულტურა ძალიან წააგავდა აფანასევოს კულტურას და მათი მოსახლეობაც გენეტიკურად განურჩევადია.[4] ისინი ძირითადად მომთაბარეობა-მეცხოველეობას მიზდევდნენ, გააჩნდათ გვაროვნული წყობა და ურმები/ეტლების საშუალებით განაგებდნენ დიდი რაოდენობით ნახირს.
ისინი ასევე მჭიდრო კავშირში არიან გვიანი ნეოლითის კულტურებთან, რომლებიც მოგვიანებით მთელი ევროპისა და ცენტრალური აზიის მაშტაბით გავრცელდნენ, განსაკუთრებით საბრძოლო ცულების კულტურასა (Corded Ware) და თასების კულტურასთან, ასევე სინტაშტას, ანდრონოვოსა და სრუბნაიას კულტურების მოსახლეობასთან. საბრძოლო ცულების კულტურიდან უკუმიგრაციამაც გარკვეული გავლენა იქონია სინტაშტასა და ანდრონოვოს კულტურებზე.[5] ამ გუფებში, იამნაიას კულტურის რამდენიმე ასპექტი გვხვდება. გენეტიკურმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ამ მოსახლეობათა დიდი ნაწილი სტეპური წარმომავლობისაა.[4][6][7][8]
იამნაიას კულტურა იდენტიფიცირდება გვიან პროტო-ინდოევროპელებთან, ხოლო პონტურ-კასპიური სტეპი პროტო-ინდო-ევროპული ენის ურჰაიმატად (თავდაპირველი სამშობლო) განიხილება.