From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანსუა I (ფრანგ. François Ier; დ. 12 სექტემბერი, 1494, კონიაკი, საფრანგეთი — გ. 31 მარტი, 1547, იველინი, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე 1515 წლიდან გარდაცვალებამდე. საფრანგეთის მეფე შარლ V-ის შვილთაშვილის, ანგულემის გრაფ შარლ დე ვალუასა და ლუიზა სავოიელის ვაჟი. საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის ბიძაშვილი და სიძე.
ფრანსუა I | |
---|---|
საფრანგეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1 იანვარი, 1515 |
მმართ. დასასრული: | 31 მარტი, 1547 |
წინამორბედი: | ლუი XII |
მემკვიდრე: | ანრი II |
მილანის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 11 ოქტომბერი, 1515 |
მმართ. დასასრული: | 24 თებერვალი, 1525 |
წინამორბედი: | მასიმილიანო |
მემკვიდრე: | ფრანჩესკო II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 12 სექტემბერი, 1494 |
დაბ. ადგილი: | კონიაკი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 31 მარტი, 1547, (52 წლის) |
გარდ. ადგილი: | იველინი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
კლაუდია დე ვალუა (ქ. 1514 - გარდ. 1524) ელეონორ ავსტრიელი (ქ. 1530) |
შვილები: |
ფრანსუა III, ბრეტანის ჰერცოგი ანრი II, საფრანგეთის მეფე მადლენა, შოტლანდიის დედოფალი შარლ II, ორლეანის ჰერცოგი მარგარიტა, სავოიის ჰერცოგინია |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | შარლი, ანგულემის გრაფი |
დედა: | ლუიზა სავოიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
იგი ცნობილია ხელოვნების პატრონაჟით. მის სახელს მიეწერება ფრანგული რენესანსის დასაწყისი, რაც გამოწვეული იყო მისი სიმპათიით იტალიური ხელოვნებისადმი. იგი მფარველობდა ლეონარდო და ვინჩის და შეისყიდა მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „მონა ლიზა“. ასევე მის სახელს მიეწერება საფრანგეთში აბსოლუტიზმის ჩასახვა, ასევე ქვეყანაში პროტესტანტიზმისა და ჰუმანიზმის გავრცელება. მანვე ჩაუყარა საფუძველი ფრანგულ აღმოჩენებს ახალ სამყაროში. მან დააფინანსა ჟაკ კარტიეს მოგზაურობა და დააარსა საფრანგეთის კოლონიური იმპერია.
ასევე ფრანსუა I-ის სახელს მიეწერება თანამედროვე ფრანგული ენის ჩამოყალიბების დაწყება, მისი დიდი როლისათვის კი ფრანგები მას „წერილების მამასა და რესტავრატორს“ უწოდებენ. იგი თავისი დიდი ცხვირის გამო ასევე ცნობილი იყო, როგორც „ფრანსუა დიდცხვირა“, ასევე ხშირად მოიხსენიებენ „რაინდი მეფის“ სახელითაც, რაც გამოწვეულია იმით, რომ იგი მთელი თავისი მეფობის განმავლობაში ებრძოდა კარლ V-ს.
მსგავსად წინამორბედი მეფეებისა, ფრანსუამ გააგრძელა იტალიური ომები, რის გამოც თავიდანვე დაუპირისპირდა ესპანეთის მეფესა და საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ს. კარლის სამფლობელოებით შემოსაზღვრული საფრანგეთის მეფე ცდილობდა გაერღვია ჰაბსბურგთა ალყა და იტალიაში გაემყარებინა პოზიციები. კარლის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება თავიდან ჰენრი VIII-ს სთხოვა, თუმცა ვინაიდან ინგლისელებთან ალიანსი ვერ შედგა, ფრანსუამ სათავე დაუდო მრავალსაუკუნოვან ფრანგულ-ოსმალურ ალიანსს, რომელიც სულეიმან I-თან გააფორმა, რაც იმ დროის ქრისტიანი მეფისათვის ერთობ სკანდალური მოქმედება იყო.
ფრანსუა დაიბადა 1494 წლის 12 სექტემბერს შატო დე კონიანკში. იგი იყო ანგულემის გრაფ შარლ დე ვალუასა და მისი მეუღლის, ლუიზა სავოიელის ერთადერთი ვაჟი. მას მხოლოდ ერთი ღვიძლი და ჰყავდა მარგარიტა ანგულიმელის სახით, რომელთანაც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მამამისი 1496 წელს გარდაიცვალა.
მამის მხრიდან ფრანსუა იყო საფრანგეთის მეფე შარლ V ბრძენის შვილთაშვილის შვილი. როდესაც ის დაიბადა, მართალია ანგულემელ ვალუებს ჰქონდათ სამეფო პრივილეგიები, თუმცა ისინი არ მოიაზრებოდნენ ტახტის მემკვიდრეებად, რამეთუ ვალუას დინასტიის მთავარი შტოს წარმომადგენელი მეფე, შარლ VIII ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მის შემდეგ კი ტახტის მემკვიდრე მათი ბიძაშვილი ლუი ორლეანელი იყო. 1498 წელს შარლი უშვილოდ აღესრულა, რის გამოც ტახტი ლუი XII-მ დაიკავა, რომელმაც ცოლად შარლის ქვრივი, ანა ბრეტონელი შეირთო, რომელთანაც მხოლოდ ორი გოგონა შეეძინა. საფრანგეთში მოქმედი სალიკური სამართლის მიხედვით ქალებს არ შეეძლოთ ტახტზე ასვლა, რის გამოც, ფაქტობრივად ლუი XII-ც უმემკვიდრეო იყო.
1505 წლიდან ლუი XII-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მან ბრძანა, რომ ვალუას დინასტიისათვის ტახტის შესანარჩუნებლად თავისი უფროსი ქალიშვილი, პრინცესა კლაუდია დაუყოვნებლივ უნდა დაქორწინებულიყო ფრანსუაზე, თუმცა ამ ქორწინებას თანხმობა სჭირდებოდა როგორც დიდებულების, ისე რომის პაპის მხრიდან, რადგან ისინი ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ. ამის გამო ქორწინება საკმაოდ გაიწელა. 1514 წელს დედოფალი ანა გარდაიცვალა, რის გამოც კლაუდიამ დედის მხრიდან მემკვიდრეობით მიიღო ბრეტანის საჰერცოგო. იმავე წლის 18 მაისს ფრანსუა და კლაუდია დაქორწინდნენ. ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვეში, 1515 წლის 1 იანვარს ლუი XII უვაჟოდ გარდაიცვალა და ტახტზე ფრანსუა I ავიდა, რომელიც იმავე წლის 25 იანვარს რეიმსის კათედრალში ეკურთხა საფრანგეთის მეფედ.
ფრანსუაზე მის იტალიელ დედას ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა, რის გამოც იგი ყოველთვის იყო მიდრეკილი იტალიური კულტურის განსაკუთრებული სიყვარულისაკენ. ამის გამო, მისი მმართველობისას საფრანგეთში შეაღწია იტალიურმა რენესანსმა. თავად ფრანსუას დედამისმა იმ დროის საუკეთესო განათლება მიაღებინა და შეასწავლა ისეთი საგნები, როგორებიცაა: არითმეტიკა, გეოგრაფია, ისტორია, გრამატიკა, წერა-კითხვა, ორთოგრაფია, ასევე იტალიური, ლათინური, ებრაული და ესპანური ენები. ამის გარდა ფრანსუა შეისწავლიდა ცეკვას და მუსიკას, უყვარდა მშვილდოსნობა, ფალკონი, ცხენოსნობა, ნადირობა, ჩოგბურთი და ჭიდაობა. იგი ასევე ეცნობოდა ცნობილი თეოლოგებისა და ფილოსოფოსების ნამუშევრებს, უყვარდა ხელოვნება, ლიტერატურა, პოეზია და მეცნიერება. მისი ინტერესები ხშირად ემთხვეოდა დედამისისას. მიუხედავად იმისა, რომ ფრანსუა არ ყოფილა ჰუმანისტი და განმანათლებელი, საფრანგეთის წინამორბედ მეფეებთან შედარებით გაცილებით ჰუმანური იყო.
1515 წლიდან, მას შემდეგ, რაც ფრანსუამ ტახტი დაიკავა, საფრანგეთში შევიდა რენესანსული კულტურა, ახალი მეფე კი ხელოვნების დიდი მფარველი გახდა. მისი მმართველობის პერიოდში საფრანგეთში აშენდა უამრავი შატო, შეიქმნა მრავალი ნახატი და არაერთი ქანდაკება, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმოფანტა. სწორედ მან შექმნა ფრანგი მეფეებისათვის საყვარელი ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია, რომელიც დღეს ლუვრში ინახება.
ფრანსუა მფარველობდა იმ დროის უდიდეს მხატვარს, ლეონარდო და ვინჩის, მასთან ერთად კი ანდრეა დელ სარტოს. ამის გამო და ვინჩიმ თავისი უკანასკნელი წლები სწორედ საფრანგეთში გაატარა და იქვე გარდაიცვალა. ის ნამუშევრები, რომლებიც მან საფრანგეთში ყოფნისას შექმნა, ჯერ ფრანსუას, შემდეგ კი საფრანგეთის სახელმწიფოს დართა. ასეთ ნამუშევართა შორისაა „მონა ლიზაც“. ფრანსუას მფარველობაში მყოფ მხატვართა რიცხვში შედიოდა ბენვენტუნო ჩელინი, როსო ფიორენტინო, ჯულიო რომანო და პრიმატიჩო. ასევე მისი მოწვევით საფრანგეთში დასახლდა და მუშაობდა ცნობილი ხუროთმოძღვარი სებასტიანო სერლიო. ცნობილია, რომ მისი დავალებით იტალიაში ფრანგი აგენტები მუშაობდნენ, რომელთაც ევალებოდათ ხელოვნების ნიმუშების საფრანგეთში მალულად გატანა.
ფრანსუა აგრეთვე ცნობილია, როგორც „წერილების კაცი“. როგორც ცნობილია, მას სურდა, რომ ფრანგი ერის კულტურა აეღორძინებინა, რის გამოც აქტიურად მუშაობდა ფრანგული ენის მოძველებული ნორმების განახლებაზე. ამის გამო იგი მხარს უჭერდა მრავალ მწერალს და მეტიც, იგი თავადაც პოეტი იყო, თუმცა არა განსაკუთრებული შესაძლებლობების. ფრანსუა გულმოდგინედ მუშაობდა სამეფო ბიბლიოთეკის გაუმჯობესებაზე. მან დიდი ფრანგი ჰუმანისტი გულიემ ბუდე თავის ბიბლიოთეკარად დანიშნა და დაიწყო წიგნების კოლექციის გაფართოება. ფრანსუას წარმომადგენლები იტალიაში აქტიურად მუშაბდნენ იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების მოსაპოვებლად. ამის გამო მისი მეფობისას სამეფო ბიბლიოთეკის ზომა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მან არა მხოლოდ გააფართოვა ბიბლიოთეკა, არამედ არსებობს ცნობები, რომ ბიბლიოთეკაში განთავსებამდე იგი პირადად კითხულობდა თითოეულ წიგნს. ამასთან, ფრანსუამ უპრეცენტენდო გადაწყვეტილება მიიღო და თავისი ბიბლიოთეკის კარი მთელი მსოფლიოს მეცნიერებს გაუხსნა, რათა ხელი შეეწყო მსოფლიოში განათლების გავრცელებისათვის.
1537 წელს ფრანსუამ ხელშეკრულება გააფორმა ორდონანს დე მონპელიესთან, რომლის მიხედვითაც ფრანსუას ბიბლიოთეკას უნდა გადასცემოდა საფრანგეთში არსებული ყველა წიგნის ორიგინალი თუ არა ასლი მაინც. ამ საქმეში ფრანსუას დიდად ეხმარებოდა მისი და, ნავარის დედოფალი მარგარიტა ანგულიმელი, რომელმაც მის კოლექციას მრავალი წიგნი, მათ შორის თავისი დაწერილი „ჰეპტამერონიც“ შესწირა. ცნობილია, რომ და-ძმა ერთმანეთს ძალიან ხშირად სწერდა წერილებს, რის გამოც ფრანსუას „წერილების კაცი“ შეარქვეს, რადგან სამეფო კარზე იგი ხშირად ჩანდა დის გამოგზავნილი, ან მისთვის ნაწერი წერილით ხელში. ცნობილია, რომ ერთხელ ფრანსუა სპეციალურად მარგარიტას სანახავად ჩავიდა ქალაქ ტარასკონში.
ფრანსუა I-მა უზარმაზარი ხარჯები გაიღო მთელ საფრანგეთში ახალი შატოების ასაშენებლად და ძველების რესტავრირებისთვის. მან განაგრძო ლუი XII-ის საქმე და დაასრულა როგორც ამბუაზის, ისე ბლუას შატოს რესტავრაცია. ტახტზე ასვლისთანავე დაიწყო შატო დე შამბორის მშენებლობა, რომელიც შთაგონებული იყო იტალიური რენესანსული სტილით და მიიჩნევა, რომ ის ლეონარდო და ვინჩის დააპროექტებინა. ასევე ფრანსუამ აღადგინა შატო დე ლუვრი, რომელიც მანამდე თუ შუა საუკუნეებისდროინდელ ციხე-სიმაგრედ მიიჩნეოდა, ფრანსუამ რენესანსულ სასახლედ აქცია. ასევე მან დააფინანსა პარიზის მერიის ახალი შენობის მშენებლობა. ასევე მის სახელს მიეწერება ბულონში შატო დე მადრიდის და პარიზში შატო დე სენ-ჟერმენ-ან-ლაის მშენებლობა. თუმცაღა, ფრანსუა I-ის სამშენებლო პროექტებიდან ყველაზე დიდი მაინც ფონტენბლოს სასახლე იყო, რომელიც დედოფალ ანას დროს პატარა სახლი იყო, მის დროს კი დიდ სასახლედ და სამეფო რეზიდენციად იქცა. ფრანსუა თავად აკონტროლებდა, რომ მისი თითოეული პროექტი სწორად შესრულებულიყო და მდიდრული იერი ჰქონოდა როგორც გარედან, ისე შიგნიდან. მისივე მოთხოვნით ფონტენბლოს სასახლის ბაღში, პირველად საფრანგეთის ისტორიაში დამონტაჟდა შადრევანი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შარლ VIII-ის დროს დაწყებული იტალიური ომები ფრანსუას დროსაც აქტიურად მიმდინარეობდა, ომი სულაც არ იყო მისი პოლიტიკის ცენტრში. ფრანსუამ უბრალოდ გააგრძელა იმ უწყვეტი ომების სერია, რომელსაც საფრანგეთის მტრები აწარმოებდნენ. იტალიური ომები მეფე შარლმა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ ნეაპოლის ტახტზე თავისი პრეტენზია დაეცვა, თუმცა მრავალმა წელმა და მეფეთა ცვლამ გადაფარა ეს იდეა და იტალიურმა ომებმა მიიღო პირველობისათვის ბრძოლის სახე ვალუებსა და ჰაბსბურგებს შორის.
მას შემდეგ, რაც 1519 წელს საღვთო რომის იმპერატორი მაქსიმილიან I გარდაიცვალა, ფრანსუამ სცადა იმპერატორი გამხდარიყო და კენჭიც იყარა, თუმცა ტახტი მაქსიმილიანის შვილიშვილმა, ესპანეთის მეფე კარლ V-მ დაიკავა, რითაც საფრანგეთი მთლიანად შემოისაზღვრა ჰაბსბურგთა სამფლობელოებით. იტალიურ ომებში მონაწილეობის გასაგრძელებლად ფრანსუამ პრეტენზია გამოთქვა მილანის საჰერცოგოს ტახტზე, რის უფლებასაც აძლევდა ის, რომ მისი დიდი ბებია, ვალენტინა ვისკონტი, იყო მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო ვისკონტის ქალიშვილი. 1515 წელს ფრანსუა I შეიჭრა იტალიაში და მარინიანოს ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ დაიკავა მილანი, თავი კი მის ჰერცოგად გამოაცხადა. თუმცაღა, 1521 წელს იტალიური ომები კარლ V-მ განაახლა, რასაც მილანში ანტიფრანგული აჯანყება მოჰყვა, რის გამოც ფრანსუა იძულებული გახდა 1525 წელს მილანიდან თავისი ჯარები გაეყვანა და უარი ეთქვა მის ჰერცოგობაზე ფრანჩესკო II-ის სასარგებლოდ, რომელიც კარლის სიძე და მილანის ჰერცოგის ვაჟი იყო.
ფრანსუას მთელი სამხედრო აქტივობები ფოკუსირებული იყო მისი უმთავრესი მტრის, კარლ V-ის წინააღმდეგ. ამ ორმა მონარქმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა ურთიერთდაპირისპირება. ვინაიდან კარლი განაგებდა საღვთო რომის იმპერიას, ესპანეთს, ავსტრიას, ნიდერლანდებს, ბურგუნდიასა და რამდენიმე წვრილ იტალიურ სამეფო-სამთავროს, ფრანსუას სამფლობელოები ყოველთვის თავდასხმის საფრთხის ქვეშ იყო, რის გამოც იგი ყოველთვის ცდილობდა საზღვრებთან საკმარისი ჯარი მდგარიყო.
ფრანსუა ცდილობდა რომ ალიანსი შეექმნა ინგლისის მეფე ჰენრი VIII-თან, რომელიც 1520 წელს ჩავიდა კიდეც საფრანგეთში და შეხვდა ფრანსუას. ცნობილია, რომ აქ ორმა მეფემ ერთმანეთი ჭიდაობაში გამოიწვია, რომელშიც ფრანსუამ გაიმარჯვა, განრისხებულმა ჰენრიმ კი უარი თქვა ალიანსზე და უკან გაბრუნდა. ორკვირიანი დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგაც კი, ჰენრი კვლავ უარზე იყო და მეტიც, კარლ V-ის მხარესაც გადავიდა.
1525 წლის 24 თებერვალს ფრანსუამ გამანადგურებელი მარცხი განიცადა პავიის ბრძოლაში, იტალიაში. ფრანსუა კარლ V-ს ჩაუვარდა ტყვედ. იგი მალევე გადაიყვანეს ესპანეთში, მადრიდში, სადაც საფრანგეთის მეფეს საპატიო ტყვეობაში ამყოფებდნენ, თუმცა უმეფოდ დარჩენილი ფრანგები პანიკაში ჩაცვივდნენ, რამეთუ მეფის არცერთი ვაჟი იყო იმ ასაკისა, რომ მამის ნაცვლად ემართა ქვეყანა, რის გამოც ძალაუფლება ხელში დედა-დედოფალმა ლუიზა სავოიელმა აიღო. ტყვეობისას ფრანსუამ იძულებით აღიარა მილანისა და ნეაპოლის ჰაბსბურგებისათვის გადაცემა, ასევე აღიარა საფრანგეთის დაქვემდებარებაში მყოფი არტუის, ბურგუნდიისა და ფლანდრიის დამოუკიდებლობა, რომლებიც ისევ კარლს დარჩა.
კარლ V-თან მოსალაპარაკებლად თავად ჩავიდა ფრანსუას და, დედოფალი მარგარიტა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, დედოფალმა ლუიზამ საქმეში ოსმალეთის სულთანი სულეიმან I ჩაება, რომლის მუქარის შემდეგაც კარლი იძულებული გახდა ფრანსუა გაეთავისუფლებინა, მაგრამ მხოლოდ მარგარიტას შემოთავაზებული პირობებით, ანუ ფრანსუა მის ორ უფროს ვაჟს უნდა ჩაენაცვლებინა ტყვეობაში, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ გათავისუფლდნენ.
გათავისუფლებულ ფრანსუას კიდევ უფრო სძულდა კარლი, რომელზე შურისძიების მიზნითაც სურდა იტალიის დაპყრობა. მადრიდში დადებული ხელშეკრულების უარყოფის შემდეგ ფრანსუამ 1526 წელს ჩამოაყალიბა კონიაკის ლიგა, რომელშიც გაერთიანდა თავად პაპი კლემენტ VII-ც, რომელსაც კარლის იტალიიდან გაძევება სურდა. სულ მალე მათ შეუერთდა ვენეციაც, შემდეგ კი ფლორენცია, ინგლისი, ნავარა, მილანი, გენუა და შვეიცარია, კარლს კი მხოლოდ მანტუა და ფერარა მიემხრნენ.
მიუხედავად მრავალი მოკავშირისა, კონიაკის ლიგა კარლთან ბრძოლაში დამარცხდა და მალევე დაიშალა. ამის შემდეგ ფრანსუამ გადაწყვიტა, რომ თავად კარლის დაქვემდებარებულები უნდა გადმოებირებინა, რისთვისაც 1534 წელს საიდუმლო ხელშეკრულება გააფორმა ჰესენის ლანდგრაფ ფილიპესთან, რომელთაც მალევე შეუერთდა კარლზე განაწყენებული ვიურტემბერგის ჰერცოგიც. სულ მალე ფრანსუამ ოსმალეთიდანაც მიიღო დახმარება, რასაც 1536 წელს იტალიური ომების კვლავ განახლება მოჰყვა. ამის მიზეზი მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო II-ის უშვილოდ გარდაცვალება და სფორცას დინასტიის შეწყდომა იყო, რამაც ფრანსუას მილანზე პრეტენზიები განუახლა. ომი მხოლოდ 1538 წელს დასრულდა ნიცის ზავით, სადაც ფრანსუა და კარლი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს პირადად. მართალია ფრანსუამ ვერ მიიღო მილანი, თუმცა დაიპყრო მთელი სავოიის საჰერცოგო და საფრანგეთს მიუერთა, რომლის მმართველიც მანამდე კარლის ცოლის და იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა უზარმაზარი სავოია მიიღეს, ფრანსუას მილანზე პრეტენზია კვლავ ჰქონდა, რასაც 1542 წელს ომის კვლავ განახლება მოჰყვა. ამჯერად ფრანსუამ მოახერხა კარლ V-ისა და ჰენრი VIII-ის გაერთიანებული ჯარის დამარცხება და 1546 წელს კრეპის ხელშეკრულების დადება. ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ კარლი შმალკალდენის ომებზე იყო გადართული, ჰენრი კი რეფორმაციასა და შოტლანდიასთან ომზე. საბოლოოდ, ფრანსუას დარჩა სავოია, მაგრამ არა მილანი.
ფრანსუას ყოველთვის სურდა ესპანელებისა და პორტუგალიელების მსგავსად საფრანგეთი კოლონიურ იმპერიად ექცია, თუმცა ამისთვის პაპის კურთხევა იყო საჭირო. 1481 წელს სწორედ პაპ სიქსტუს IV-ის კურთხევით დაიწყეს პორტუგალიელებმა აფრიკის კოლონიზაცია, უკვე 1494 წელს კი ესპანეთსა და პორტუგალიას შორის დაიდო ტორდესილასის ხელშეკრულება, რომლითაც მათ მთელი ამერიკის კონტინენტი გაიყვეს და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ იქ სხვა ევროპელების შესვლა აღეკვეთათ. ამის საპასუხოდ ფრანსუამ განაცხადა:
„მზე ჩვენთვისაც ისე ანათებს, როგორც მათთვის. მე ძალიან მინდა ვნახო ადამის ანდერძის ის ნაწილი, რომელიც უარყოფს ჩვენს წილს ამ სამყაროში.“ |
ამ სიტყვებით მან განაცხადა, რომ ფრანგებსაც ჰქონდათ სრული უფლება, რომ „ახალი სამყაროს“ ათვისებაში მიეღოთ მონაწილეობა, რითაც კიდევ ერთ საკითხში გადაიკვეთა კარლ V-თან, ვინაიდან კარლი იყო ძირითადი კოლონიზატორის, ანუ ესპანეთის მმართველი. მიუხედავად ყველაფრისა, ფრანსუას არ სურდა ესპანელთა მიწების წართმევა, არამედ საკუთარის აღმოჩენა უნდოდა, რის გამოც ამერიკასა და შორეულ აღმოსავლეთში რამდენიმე ფლოტილია გაუშვა. იმავდროულად, მან ალიანსი შეკრა ოსმალეთთან, რაც საფრანგეთს დიდად წაადგა სავაჭრო საქმიანობის განვითარებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი საპორტო ქალაქი ჰავრი სწორედ ფრანსუამ დააარსა 1517 წელს. ეს მან ონფლორისა და არფლერის მოძველებული პორტების ჩანასაცვლებლად გააკეთა, რაც ისევდაისევ მიანიშნებდა მის სამზადისს კოლონიების დაარსებისათვის. აღსანიშნავია, რომ ჰავრს თავიდან ფრანსუაპოლი უნდა დარქმეოდა მეფის პატივსაცემად, თუმცა სხვა მეფეების მმართველობისას სახელი გადაერქვა.
1524 წელს ლიონელების თხოვნით ფრანსუამ დააფინანსა ჯოვანი და ვერაძანოს მოგზაურობა ჩრდილოეთ ამერიკაში. ამ ექსპედიციისას ვერაძანო ეწვია ნიუ-იორკის ყურეს, რომელსაც მაშინ „ახალი ანგულემი“ დაარქვა. ასევე ეწვია ნიუფაუნდლენდს და სცადა მისი კოლონიზება, თუმცა უშედეგოდ.
უკვე 1531 წელს ბერტრან დ’ორნეზანი ფრანგული გემებით ჩავიდა ბრაზილიაში და სცადა ფრანგული საპორტო ქალაქის დაარსება პერნამბუკოში, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგო იყო.
1534 წელს ფრანსუამ კვებეკის ტერიტორიების შესასწავლად გაუშვა ჟან კარტიე, რომელმაც „დაინახა გარკვეული მიწები და კუნძულები, სადაც, ამბობენ, რომ დიდი რაოდენობით ოქრო და სიმდიდრე იმალება“. კანადური მიწების გამოსაკვლევად და საფრანგეთისათვის დასაქვემდებარებლად ფრანსუამ 1541 წელს დააფინანსა ჟან ფრანსუა დე როვერვალის ექსპედიცია, რათა უზრუნველეყო „წმინდა კათოლიკური სარწმუნოების“ გავრცელება ახალ მიწებზე.
საფრანგეთმა აღმოსავლეთ აზიასთან სავაჭრო-დიპლომატიური ურთიერთობები სწორედ ფრანსუა I-ის დროს დაიწყო გემთმფლობელ ჟან ანგოს დახმარებით. 1527 წელს ფრანგულმა გემებმა დატოვეს ნორმანდიის პორტები და ჟუან დე ბარუშის მეთაურობით ჩავიდნენ ინდოეთის ქალაქ დიუში. 1529 წელს ფრანგებმა ჟან პარმენტიეს მეთაურობით მიაღწიეს სუმატრამდე. ამ ექსპედიციისას მან შეადგინა დეტალური რუკა ევროპიდან შორეულ აღმოსავლეთამდე. ამ რუკებზე ფრანსუას დავალებით მუშაობდა ცნობილი კარტოგრაფი ჟან როცი.
ფრანსუას მეფობის დროს საფრანგეთი ევროპის პირველი ქრისტიანული ქვეყანა გახდა, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ოსმალეთის იმპერიასთან და გულიემ პოსტელის მეთაურობით ევროპაში პირველად დაიწერა ხელშეკრულება არაბულ ენაზე.
მიუხედავად რელიგიურ-კულტურული განსხვავებისა, ფრანსუა ოსმალეთს აღიქვამდა როგორც ერთდაერთ დამხმარეს ჰაბსბურგების წინააღმდეგ ბრძოლაში. მოგვიანებით ამ კავშირს ეწოდა „პირველი არაიდეოლოგიური დიპლომატიური ალიანსი ქრისტიანულ და არაქრისტიანულ იმპერიას შორის“. ცხადია, რომ ქრისტიანულ სამყაროში ამ ალიანსს დიდი სკანდალი მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ალიანსმა საუკუნეებს გაუძლო და ემსახურებოდა ორივე სახელმწიფოს ინტერესების დაცვას. საფრანგეთ-ოსმალეთის კავშირმა ძირი გამოუთხარა ჰაბსბურგთა უპირობო ჰეგემონობას ევროპაში და ნიცის ალყამ აიძულა კარლ V რომ დათმობებზე წასულიყო ორივე მმართველთან.
1533 წელს ფრანსუა I-მა მაროკოს სულთანთან ელჩად პიერ დე პიტონი მიავლინა, რასაც საფრანგეთ-მაროკოს ალიანსის ჩამოყალბება უნდა მოჰყოლოდა, ისევდაისევ ჰაბსბურგების წინააღმდეგ. 1533 წლის 13 აგვისტოს მაროკოს სულთანმა აჰმედ ბენ მოჰამედმა ხელი მოაწერა საფრანგეთთან სავაჭრო ხელშეკრულებას და ესპანელთა წინააღმდეგ ფრანგებს მაროკოს პორტებში თავისუფლად მოქმედების უფლება მიეცათ და გადასახადებიც მოეხსნათ.
ფრანსუამ არაერთი რეფორმა გაატარა ლათინურის, როგორც „ცოდნის ენის“ ფრანგულით ჩასანაცვლებლად. 1530 წელს მან საფრანგეთის სამეფოს ოფიციალურ და ეროვნულ ენად ფრანგული გამოაცხადა (მანამდე ლათინური იყო) და იმავე წელს გახსნა „სამი ენის კოლეჯი“. ამ კოლეჯში სტუდენტებს შეეძლოთ ესწავლათ ბერძნული, ებრაული და არამეული ენები, თუმცა ბოლოს, 1539 წელს არაბულიც დაამატეს.
1539 წელს ვილერს-კოტერეტის ციხესიმაგრეში ფრანსუამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ოფიციალურად გაუქმდა ლათინური ენის მონოპოლია და ფრანგული გამოცხადდა სახელმწიფო ენად. იმავდროულად, უნდა აღწერილიყო ყველა ქორწინება, შობადობა და გარდაცვალება, ოღონდ აუცილებლად ფრანგულ ენაზე. ამ რეფორმამ საშუალება მისცა, რომ მარტივად ეწარმოებინათ მოსახლეობის აღწერა, გადასახადები და ყოველთვის იცოდნენ რამდენი ჯარისკაცის გამოყვანა შეიძლებოდა.
ფრანსუას მეფობის პერიოდში კათოლიკურ სამყაროში რეფორმაციამ იფეთქა, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა საფრანგეთშიც. ამ პროცესისას ნახევარი ევროპა განუდგა კათოლიციზმს, თუმცა ფრანსუამ მისი დაცვა გადაწყვიტა. თუმცაღა, მარტინ ლუთერის ქადაგებებმა მალე დაიწყო გავრცელება ფრანგებს შორის.
თავდაპირველად ფრანსუა შედერებით ტოლერანტულად იყო განწყობილი ახალი რელიგიური მოძრაობის მიმართ. ამის მიზეზი ის იყო, რომ იგი ჯერ კიდევ თავისი საყვარელი დის, ჰუმანისტი მარგარიტა ანგულიმელის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. თავად მარგარიტას ძალიან მოსწონდა ლუთერის მიმდინარეობა, უკვე მისი ქალიშვილი კი პროტესტანტად მოინათლა. ამასთან, ფრანსუასთვის ხელსაყრელი იყო პროტესტანტობის მიღება, რაც უამრავ გერმანელ თავადს, რომელიც კათოლიკე კარლ V-ს უპირისპირდებოდნენ, ფრანგების მხარეს გადაიყვანდა. 1533 წელს ფრანსუამ რომის პაპ კლემენტ VII-ს შესთავაზა, რომ მოეწყო ახალი საეკლესიო კრება, რომელზეც კათოლიკეებსა და პროტესტანტებს თანაბარი უფლებები ექნებოდათ, რათა საბოლოოდ აღმოფხვრილიყო მათ შორის არსებული დავა და გაუგებრობა, თუმცა პაპმა უარი თქვა.
ფრანსუას დამოკიდებულება პროტესტანტების მიმართ 1534 წლიდან გაუარესდა, მას შემდეგ, რაც მათ აქტიურად დაიწყეს მუშაობა კათოლიკეების გადასაბირებლად, რაც ღრმადმორწმუნე კათოლიკეების აღშფოთებას იწვევდა. ამის გამო ფრანსუამ მათ ბრძოლა გამოუცხადა და დაიწყო მათი საშინელი დევნა. დაიწყო პროტესტანტების დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა. ზოგიერთი სოფელი, რომელიც მთლიანად პროტესტანტებით იყო დასახლებული, საერთოდ განადგურდა, რადგან მთელი მოსახლეობა ამოხოცეს. 1540 წლიდან პარიზში ამოქმედდა ინკვიზიცია, რაც ერეტიკოსების კოცონზე დაწვას გულისხმობდა. ამან მრავალ გამოჩენილ ფრანგ რეფორმატორს სამშობლოს დატოვება აიძულა. მათ შორის იყო ჟან კალვინიც. პროტესტანტების დევნამ შეიწირა რამდენიმე ათასი ფრანგის სიცოცხლე, მრავალი ათასი კი უსახლკაროდ დატოვა.
1540 წელს ფრანსუამ გამოსცა ფონტენბლოს ედიქტი, რომელიც კრძალავდა პროტესტანტობას. მისი მეფობისას პროტესტანტებზე ყველაზე მასობრივი ძალადობა 1545 წელს განხორციელდა, როდესაც ქალაქ მერინდოლში მცოხვრები რამდენიმე ათასი ლუთერანი ჩახოცეს.
ფრანსუა I გარდაიცვალა 1547 წლის 31 მარტს, იველინში მდებარე შატო დე რამბუილეტში 52 წლის ასაკში, თავისი უფროსი ვაჟის, ანრის 28-ე დაბადების დღეზე. ამის შემდეგ ტახტი სწორედ ანრი II-მ დაიკავა. იმ პერიოდში ფრანგები ამბობდნენ, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი იყო „გვიგვინის წონა, რომელიც ღმერთმა არგუნა“. იგი მალევე დაკრძალეს სენ-დენის ბაზილიკაში თავისი პირველი მეუღლის, კლაუდია დე ვალუას გვერდით, ხოლო მისი ქვრივი, დედოფალი ელეონორ ავსტრიელი სამშობლოში დაბრუნდა.
ფრანსუასა და მისი ცოლის საფლავი, ისევე, როგორც სხვა ფრანგი მონარქებისა, 1793 წელს საფრანგეთის რევოლუციისას გახსნეს, თუმცა მოგვიანებით, ბურბონთა რესტავრაციისას ყველა მონარქი აკლდამაში დააბრუნეს.
სახელი | პორტრეტი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
ლუიზა | 19 აგვისტო, 1515 | 21 სექტემბერი, 1517
(2 წლის) |
დანიშნული იყო ესპანეთის მეფე კარლოს I-ზე. გარდაიცვალა მცირეწლოვანი. | |
შარლოტა | 23 ოქტომბერი, 1516 | 18 სექტემბერი, 1524
(7 წლის) |
დანიშნული იყო ესპანეთის მეფე კარლოს I-ზე. გარდაიცვალა მცირეწლოვანი. | |
ფრანსუა III | 28 თებერვალი, 1518 | 10 აგვისტო, 1536
(18 წლის) |
საფრანგეთის დოფინი და ბრეტანის ჰერცოგი. იგეგმებოდა მისი დაქორწინება
ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ისა და დედოფალ კატალინა არაგონელის ასულ მერი ტიუდორზე, თუმცა ფრანსუა მოულოდნელად გარდაიცვალა. | |
ანრი II | 31 მარტი, 1519 | 10 ივლისი, 1559
(40 წლის) |
საფრანგეთის მეფე 1547-1559 წლებში. ცოლად შეირთო ურბინოსა და
ფლორენციის ჰერცოგის ასული ეკატერინე მედიჩი, რომელთანაც შეეძინა: საფრანგეთის მეფეები: ფრანსუა II, შარლ IX და ანრი III, ასევე ესპანეთის დედოფალი ელიზაბეტი, ლოთარინგიის ჰერცოგინია კლაუდია და საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი მარგარიტა. | |
მადლენა | 10 აგვისტო, 1520 | 7 ივლისი, 1537
(16 წლის) |
ცოლად გაჰყვა შოტლანდიის მეფე ჯეიმზ V-ს, თუმცა ქორწინებიდან ექვს თვეში
გარდაიცვალა ტუბერკულოზით. | |
შარლ II | 22 იანვარი, 1522 | 9 სექტემბერი, 1545
(23 წლის) |
ორლეანის ჰერცოგი. მონაწილეობდა ლუქსემბურგის ალყაში.
სხვადასხვა პერიოდში იგეგმებოდა მისი ქორწინება ჯერ მარია ესპანელზე, შემდეგ კი ანა ავსტრიელზე, თუმცა ვერცერთი ვერ შედგა. იგი გარდაიცვალა გრიპის ეპიდემიისას. | |
მარგარიტა | 5 ივნისი, 1523 | 15 სექტემბერი, 1574
(51 წლის) |
ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ ემანუელე ფილიბერტოს, რომელთანაც შეეძინა
მომავალი ჰერცოგი კარლო ემანუელე I. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.