From Wikipedia, the free encyclopedia
მასიმილიანო სფორცა (იტალ. Massimiliano Sforza; დ. 25 იანვარი, 1493 — გ. 4 ივნისი, 1530) — სფორცას დინასტიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცასა და ბეატრიჩე დ’ესტეს უფროსი ვაჟი. მილანის ჰერცოგი 1512-15 წლებში.
მასიმილიანო სფორცა | |
---|---|
მილანის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 16 ივნისი, 1512 |
მმართ. დასასრული: | 5 ოქტომბერი, 1515 |
წინამორბედი: | ლუი XII ვალუა |
მემკვიდრე: | ფრანსუა I ვალუა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 იანვარი, 1493 |
დაბ. ადგილი: | მილანი, მილანის საჰერცოგო |
გარდ. თარიღი: | 4 ივნისი, 1530, (37 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთის სამეფო |
დინასტია: | სფორცები |
მამა: | ლუდოვიკო სფორცა |
დედა: | ბეატრიჩე დ’ესტე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მასიმილიანო დაიბადა 1493 წლის 25 იანვარს. იგი იყო მილანის ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცასა და მისი ცოლის, ბეატრიჩე დ’ესტეს უფროსი ვაჟი. მას სახელი საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის პატივსაცემად დაარქვეს. როდესაც იგი სამი წლის იყო, განიხილებოდა მისი და ინგლისის მეფე ჰენრი VII-ის ნაბოლარა ასულის, პრინცესა მერი ტიუდორის ქორწინება, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის შემდეგაც მერი საფრანგეთის მეფეზე დაქორწინდა, მასიმილიანო კი დაუქორწინებელი დარჩა. 1497 წელს, მშობიარობას გადაჰყვა დედამისი.
1500 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XII-მ მამამისის მმართველობა დაამხო, რის შემდეგაც ლუდოვიკო თავის ვაჟებთან ერთად ავსტრიაში გაიქცა, სადაც ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ს ცოლად მასიმილიანოს ბიძაშვილი, ბიანკა მარია სფორცა ჰყავდა. აქ გატარებული წლების შემდეგ, 1512 წელს მასიმილიანო დიდი ჯარით დაბრუნდა მილანში, გააძევა ფრანგები და თავად ჰერცოგი გახდა. მისი მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა.
1515 წელს ფრანგები ახალი მეფის, ფრანსუა I-ის მეთაურობით შეიჭრნენ მილანში, მასიმილიანო მარინიანოს ბრძოლაში დაამარცხეს და დაამხეს, ტახტზე კი ფრანსუა ავიდა. აღსანიშნავია, რომ ფრანსუამ მასიმილიანოს 30,000 დუკატი გადაუხადა, რის შემდეგაც მან სამუდამოდ თქვა უარი მილანის ტახტზე და საფრანგეთში ცხოვრების ნება მიიღო. ამის შემდეგ იგი პარიზის სამეფო კარზე დასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1530 წლის 4 ივნისს, 37 წლის ასაკში, უცოლ-შვილოდ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.