რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)
ესპანური საფეხბურთო კლუბი / From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი (ესპ. Real Madrid Club de Fútbol, სიტყვასიტყვით: მადრიდის სამეფო საფეხბურთო კლუბი), ცნობილი, როგორც მადრიდის რეალი ან უბრალოდ რეალი — ესპანური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მადრიდიდან.
სრული სახელი | Real Madrid Club de Fútbol[1] | |||
---|---|---|---|---|
დაარსდა | 6 მარტი, 1902 | |||
სტადიონი |
სანტიაგო ბერნაბეუ (ტევადობა: 81 044[2]) | |||
პრეზიდენტი | ფლორენტინო პერესი | |||
მწვრთნელი | კარლო ანჩელოტი | |||
კაპიტანი | ნაჩო ფერნანდესი | |||
ლიგა | პრიმერა დივიზიონი | |||
2023–24 | ჩემპიონი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„რეალი“ არის ყველაზე წარმატებული კლუბი ესპანეთში და ფიფა-ს მიერ დასახელებულ იქნა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად. კლუბს მოგებული აქვს პრიმერა დივიზიონის სარეკორდო 36 ტიტული; ესპანეთის თასის 20 ტიტული; ესპანეთის სუპერთასის 10 ტიტული; ჩემპიონთა ლიგის სარეკორდო, 15 ტიტული, მათ შორის 3-ჯერ ზედიზედ (ჩემპიონატის მიმდინარე ფორმატის პირობებში) 2016–18 წლებში, რაც ყველა სხვა კლუბისთვის ჯერჯერობით მიუღწეველი შედეგია; უეფა-ს თასის 2 ტიტული; უეფა-ს სუპერთასის 5 ტიტული და საკონტინენტთაშორისო თასის 4 ტიტული. „რეალი“ იყო ფიფა-ს და ახლა გაუქმებულ G-14-ის დამაარსებელი. სიტყვა „რეალი“ ესპანურად „სამეფოს“ ნიშნავს და კლუბს იგი ალფონსო XIII-მ მიანიჭა 1920 წელს, ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინთან ერთად. ეს გვირგვინი სხვა ესპანურ კლუბებსაც მიუღიათ („რეალ სოსიედადი“, „რეალ უნიონი“, „რეალ ბეტისი“ და „რეალ სარაგოსა“).
„რეალი“ 1902 წელს დაარსდა და ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან არასდროს გავარდნილა. 1950-იანებში კლუბმა თავი ევროპულ და ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალად დაიმკვიდრა. 1980-იანებში კლუბს ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა (ცნობილი, როგორც La Quinta del Buitre), მოიგო რა 2 უეფა-ს თასი; 5 ესპანეთის ჩემპიონატი (ზედიზედ); 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.
გუნდის ტრადიციული ფორმა თეთრი ფერისაა, თუმცა, ხანდახან, ლურჯიც აქვს შერეული. კლუბის გერბი რამდენიმეჯერ შეიცვალა. ახლანდელი გერბი 1920-იანების გერბის ადაპტაციაა. „რეალის“ საშინაო არენა 80 354-ადგილიანი „სანტიაგო ბერნაბეუ“ არის, რომელიც მადრიდის ცენტრში მდებარეობს და კლუბის მთავარი არენაა 1947 წლიდან. ბერნაბეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალების სტადიონი იყო 1957, 1969, 1980 და 2010 წლებში.
„რეალს“ აქვს ხანგრძლივვადიანი მეტოქეობა ბევრ კლუბთან, განსაკუთრებით „ბარსელონასთან“, რომელთანაც მატჩებს „ელ კლასიკო“ ეწოდება. ბევრი ევროპული კლუბისგან განსხვავებით, „რეალს“ მართავდნენ კლუბის წევრები დაარსებიდანვე. „რეალი“ არის მსოფლიო უმდიდრესი კლუბი (€401 მილიონი) და ღირებულებით მე-2 (€950 მილიონით) 2008 წლის მონაცემებით[3][4]