From Wikipedia, the free encyclopedia
ნინო ბურჯანაძე (დ. 16 ივლისი, 1964, ქუთაისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2001 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივნისამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი: 2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის იანვრამდე და 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე.
ნინო ბურჯანაძე | |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 ნოემბერი 2001 – 7 ივნისი 2008 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი, ლადო გურგენიძე |
წინამორბედი | ზურაბ ჟვანია |
მემკვიდრე | დავით ბაქრაძე |
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ნოემბერი 2007 – 20 იანვარი 2008 | |
პრემიერ-მინისტრი | ლადო გურგენიძე |
წინამორბედი | მიხეილ სააკაშვილი |
მემკვიდრე | მიხეილ სააკაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ნოემბერი 2003 – 25 იანვარი 2004 | |
კანცლერი | ავთანდილ ჯორბენაძე ზურაბ ჟვანია |
წინამორბედი | ედუარდ შევარდნაძე |
მემკვიდრე | მიხეილ სააკაშვილი |
დაბადებული | 16 ივლისი, 1964 ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საარჩევნი ოლქი | ქუთაისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო |
მეუღლე | ბადრი ბიწაძე |
შვილები | ვაჟები:ანზორი რეზო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსკოვის უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
დაიბადა თერჯოლის რაიკომის პირველი მდივნის ანზორ ბურჯანაძის ოჯახში. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის №2 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1986 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურაში. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრობლემებზე და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1991 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 1991-1992 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი, ხოლო 1992-1995 წლებში — საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერეთობათა კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1995-1998 წლებში იყო დიდ ბრიტანეთში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი. იმავე წლებში იყო პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო 1998-1999 წლებში ამავე კომიტეტის თავმჯდომარე. 1998 წელს აირჩიეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მომხსენებლად, ხოლო 2000 წელს - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად.
1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2000-2001 წლებში თავმჯდომარეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. 1999-2002 წლებში იყო ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე. 2001 წლის ნოემბრიდან იყო შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. იმავე პერიოდიდან გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (10-11-2001 - 22-04-2004).
2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობდა საარჩევნო ბლოკის „ბურჯანაძე - დემოკრატები“ შემადგენლობაში და იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2004 წლის 25 იანვრამდე.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ბურჯანაძე - დემოკრატები“. 2004 წელს კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ამ თანამდებობაზე იყო 2008 წლის ივნისამდე. 2004 წელს გამოდიოდა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ, რომელმაც შეზღუდა პარლამენტის უფლებამოსილებები პრეზიდენტის სასარგებლოდ.
2007 წლის 25 ნოემბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე კვლავ ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას. იყო მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, წამყვანი სახე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მისი წევრი არასდროს ყოფილა.
2007 წელს გაჩნდა პირველი ბზარი მასა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის 2007 წლის ნოემბრის აქციების დარბევასთან დაკავშირებით. ბურჯანაძემ მოგვიანებით ის „დიდ შეცდომად“ და „ტრაგედიად“ შეაფასა. 2008 წლის აპრილში კრიზისი მმართველ პარტიაში გაღრმავდა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში ვერ მოხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ფავორიტები. ამ ფაქტის გამო ბურჯანაძემ არ იყარა კენჭი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით.[1]
2008 წლის 1 მაისს მას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა სახელმწიფო ქონება, 31.696 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი წყნეთში, რომელსაც ბურჯანაძე, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იყენებდა 2001 წლიდან, როგორც სამსახურებრივ საცხოვრებელ ადგილს.
2008 წლის ივლისში დააარსა „დემოკრატიიისა და განვითარების ფონდი“. იმავე წლის ოქტომბერში მან ხელისუფლებას წარუდგინა 43 კითხვა რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ და დააარსა პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო. პარტია იყო 2009 წლის აპრილსა და მაისში მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გამოქვეყნებული აქვს ოცამდე მეცნიერული ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მათ შორის ერთი მონოგრაფია ახალი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლებრივ საკითხებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.