მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლ. Manchester United) — ინგლისური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მანჩესტერიდან, რომელიც თამაშობს „ოლდ ტრაფორდის“ სტადიონზე და ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში. კლუბი დაარსდა [[1878] წელს როგორც „ნიუტონ ჰითი“, 1902 წელს კი დაერქვა „მანჩესტერ იუნაიტედი“.
ტერმინს „მანჩესტერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მანჩესტერი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სრული სახელი | Manchester United Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | The Red Devils (წითელი ეშმაკები) | |||
დაარსდა | 1878, Newton Heath LYR F.C.-ის სახელით | |||
სტადიონი |
„ოლდ ტრაფორდი“ მანჩესტერი, ინგლისი (ტევადობა: 76.212 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი |
ჯოელ გლეიზერი აბრაამ გლეიზერი | |||
მწვრთნელი | ერიკ ტენ ჰააგი | |||
კაპიტანი | ბრუნუ ფერნანდეში | |||
ლიგა | პრემიერლიგა | |||
2022-2023 | მე-3 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ინგლისური საფეხბურთო კლუბია, რომელსაც 20-ჯერ აქვს მოგებული ინგლისის ჩემპიონატი (რაც რეკორდული მაჩვენებელია), 12-ჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, 5-ჯერ ინგლისის ლიგის თასი და 21-ჯერ ინგლისის სუპერთასი (რეკორდი). საერთაშორისო ტურნირებიდან კლუბს 3-ჯერ აქვს მოგებული უეფა-ს ჩემპიონთა თასი/ლიგა, ერთხელ უეფა-ს ევროპა ლიგა, ერთხელ უეფა-ს თასების მფლობელთა თასი, ერთხელ უეფა-ს სუპერთასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი და ერთხელ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი[1]. 1998–99 წლების სეზონში კლუბმა მოიგო პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა, რითიც გახდა პირველი (და ამ დროისთვის უკანასკნელი) ინგლისური კლუბი, რომელმაც შეასრულა „ტრებლი”. 2016–17 წლების სეზონში ევროპა ლიგის მოგებით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა მე-5 კლუბი ტურინის „იუვენტუსის“, ამსტერდამის „აიაქსის“, მიუნხენის „ბაიერნის“ და ლონდონის „ჩელსის“ შემდეგ, რომელმაც მოიგო სამივე მთავარი ევროპული საფეხბურთო ტურნირი (უეფა-ს ჩემპიონთა თასი/ლიგა, უეფა-ს თასი/ევროპა ლიგა და უეფა-ს თასების მფლობელთა თასი)[2].
1958 წლის 6 თებერვალს გუნდის თვითმფრინავი მოყვა მიუნხენის ავიაკატასტროფაში, სადაც დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი[3]. ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ, 1968 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სერ მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა თასი (დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა). კლუბმა ფინალში ლისაბონის „ბენფიკა“ დაამარცხა ანგარიშით 4–1[4]. სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც „იუნაიტედში“ 1986 წლის ნოემბერში მივიდა და სამწვრთნელო კარიერის დასასრულამდე – 2013 წლის მაისამდე წვრთნიდა, 38 ტიტული მოაგებინა კლუბს, აქედან 13-ჯერ პრემიერლიგა და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა[5].
2015–16 სეზონის მიხედვით „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი საფეხბურთო კლუბი იყო. წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 689 მილიონი ევრო[6]. 2015 წლის მონაცემებით „იუნაიტედი“ მესამე ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბი იყო, შეფასებული 1.98 მილიარდ გირვანქა სტერლინგად[7].
„მანჩესტერ იუნაიტედის“ პრინციპული მეტოქეებია: „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „ლიდზ იუნაიტედი“ და „არსენალი“.
2018 წლის 18 დეკემბრამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო ჟოზე მოურინიო[8]. მისი გაშვების შემდეგ, სეზონის ბოლომდე დროებით მწვრთნელად „იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი ულე გუნარ სულშერი დაინიშნა[9].