იუვენტუსი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
იუვენტუსი (იტალ. Juventus, ლათ. iuventus, gioventù: ახალგაზრდა), შემოკლებით იუვე — იტალიური საფეხბურთო კლუბი ტურინიდან. დაარსებულია 1897 წელს, ტურინის ლიცეუმის სტუდენტთა ჯგუფის მიერ, როგორც სპორტული კლუბი იუვენტუსი. ისტორიის უდიდესი ნაწილი „იუვეს“ გატარებული აქვს იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში (1929 წლიდან სერია A), გამონაკლისი იყო მხოლოდ 2006-07 სეზონი.
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი იუვენტუსი | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ბებერი ქალბატონი, ბიანკონერი, "მკვლელი ქალბატონი" | |||
დაარსდა | 1 ნოემბერი, 1897; 126 წლის წინ (1897-11-01) | |||
სტადიონი |
იუვენტუსის სტადიონი ტურინი, იტალია (ტევადობა: 41,000 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ანდრეა ანიელი | |||
მწვრთნელი | მასიმილიანო ალეგრი [1] | |||
კაპიტანი | ლეონარდო ბონუჩი | |||
ლიგა | სერია A | |||
2023–24 | მე-3 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„ბებერი ქალბატონი“, როგორც „იუვეს“ ხშირად მოიხსენიებენ, მესამე კლუბია იტალიის ყველაზე ასაკოვანთა შორის, დღეს არსებულთაგან მხოლოდ „ჯენოა“ (1893) და „უდინეზე“ (1896) დაარსდნენ „იუვენტუსზე“ ადრე. „იუვე“ იტალიურ საკლუბო ფეხბურთში ყველაზე წარმატებული კლუბია, მის აქტივშია 63 ტიტული, ყველაზე მეტი იტალიაში. გუნდის პირველი წარმატება ჩემპიონატში 1905 წლით თარიღდება. აქედან მოყოლებული „იუვენტუსმა“ სარეკორდოდ, 34-ჯერ[2] შეძლო ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, 13-ჯერ დაეუფლა კლუბი იტალიის თასს, 7-ჯერ იტალიის სუპერთასს, ჯამში 52 გათამაშებაში აქვს გამარჯვება მოპოვებული იტალიაში, პირველი საერთაშორისო ტიტული „იუვესთვის“ იყო 1977 წელს მოგებული უეფას თასი. სულ ამ ტურნირზე „იუვემ“ 3 ჯერ იზეიმა გამარჯვება. 1985 და 1996 წლებში ტურინის „იუვენტუსმა“ უეფას ჩემპიონთა თასის (1992 დან ჩემპიონთა ლიგა) გათამაშებაში მიაღწია წარმატებას, 1984 წელს მოპოვებული აქვს თასების მფლობელთა თასის ტიტული, 2-ჯერ უეფას სუპერთასი. ფეხბურთის ისტორიაში „იუვენტუსი“ შევიდა როგორც პირველი კლუბი, რომელმაც ყველა ტურნირზე შეძლო წარმატების მიღწევა. „იუვენტუსი“, „ლივერპულთან“ ერთად, ევროპაში მეოთხე გუნდია საერთაშორისოდ აღიარებული ტიტულების რაოდენობის მიხედვით „რეალის“ (19), „მილანის“ (17) და „ბარსელონას“ (14) შემდეგ 11 ტიტულით.
იუვენტუსს“ გულშემატკივართა ყველაზე დიდი არმია ჰყავს იტალიაში. Demos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით იტალიაში 32.5% „იუვეს“ ქომაგობს, 14% ინტერს, 13.6% „მილანს“. იტალიის 20 ოლქიდან 12-ში „იუვე“ პირველ ადგილზეა, დანარჩენი 8 დან 7-ში მეორეზე, ხოლო ლიგურიაში მესამეა „ჯენოასა“ და „სამპდორიას“ შემდეგ. საერთაშორისო დონეზე რაც შეეხება, გერმანული გამოცემა Sport+Markt-ის მიერ 2005 წლის მონაცემებით იუვეს ევროპაში 43 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს, აზიაში 100, ასევე 10 მილიონამდე ადამიანი გულშემატკივრობს იუვეს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.
„იუვენტუსი“ ერთ-ერთი თანადამაარსებელი კლუბია ორგანიზაცია ECA-სი, რომელმაც ჩაანაცვლა G-14.
„იუვენტუსის“ საშინაო სტადიონია იუვენტუსის სტადიონი, რომლის აშენებაც 2011 წელს დასრულდა, იგი 41000 მაყურებელს იტევს.
„იუვენტუსი“ ვარჯიშებს ტურინის ახლოს მდებარე ვინოვოს ბაზაზე ატარებს.