From Wikipedia, the free encyclopedia
ელიას კანეტი (დ. 25 ივლისი 1905 — გ. 14 აგვისტო 1994) — ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი, კულტუროლოგი და სოციალური მოაზროვნე. 1981 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[23]
ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანი „მარაკეშის ხმები“.[24]
ელიას კანეტი 1905 წელს ბიზნესმენი ჯეკ კანეტისა და მატილდა არტიდის ოჯახში ბულგარეთის ქალაქ რუსეში დაიბადა. იგი სამ დედმამიშვილს შორის ყველაზე უფროსი იყო.[25] კანეტის დედა წარმოშობით ებრაელ-სეფარდი,[26] ხოლო მამა ოსმალეთის იმპერიიდან იყო.[25] მისი წინაპრები რუსეში ადრიანოპოლიდან დასახლდნენ. მათი თავდაპირველი გვარი კანეტე იყო.
კანეტის მამა და ბაბუა წარმატებული ვაჭრები იყვნენ. რუსეში ისინი კომერციულ შენობას მართავდნენ, რომელიც 1898 წელს ააშენეს.[27] მომავალი მწერლის დედა, მატილდა არტიდი ბულგარეთის ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი ებრაელ-სეფარდების ოჯახის შთამომავალი იყო, რომელთა შორის XVIII საუკუნეში რუსეს ებრაელთა კოლონიის დამაარსებლებიც იყვნენ. არტიდები XIV საუკუნეში არაგონის სამეფო კარზე ალფონსო IV-ის ფიზიკოსები და ასტრონომები იყვნენ. რუსეში დასახლებამდე, ისინი იტალიის ქალაქ ლივორნოში ცხოვრობდნენ.[28]
1911 წელს კანეტის ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში, მანჩესტერში გადავიდა, სადაც ჯეკ კანეტი ცოლის ძმების ბიზნესს შეუერთდა. 1912 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. იმავე წელს მატილდა არდიტი შვილებთან ერთად ჯერ ლოზანაში, შემდეგ კი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად. ავსტრიაში იგი ელიასს გერმანულს ასწავლიდა და ამ ენაზე სთხოვდა ლაპარაკს. ამ დროისთვის, შვიდი წლის კანეტი უკვე თავისუფლად ფლობდა ლადინოს, ბულგარულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. 1916 წელს ოჯახი ციურიხში, ხოლო 1924 წელს ფრანკფურტში გადავიდა, სადაც კანეტმა საშუალო სკოლა დაამთავრა.
1924 წელს კანეტი ვენაში ქიმიის სასწავლად დაბრუნდა, თუმცა მოგვიანებით მისი ინტერესის სფეროში ფილოსოფია და ლიტერატურა მოექცა. იგი ვენის ლიტერატურულ საზოგადოებას გაეცნო და თავადაც დაიწყო წერა. 1919 წელს კანეტმა ვენის უნივერსიტეტი ქიმიის ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა, თუმცა ამ პროფესიით არასოდეს უმუშავია.
ვენაში კანეტმა ორი რომანი გამოაქვეყნა: „აუტოდაფე“ (1935) და „ბრბო და ძალაუფლება“ (1960), რომლებშიც იგი მასების აზროვნებას იკვლევს და საზოგადოებაზე ნაცისტური გერმანიისა და პოლიტიკური ქაოსის გავლენას აღწერს.
1934 წელს კანეტმა ცოლად ვეზა ტობნერ-კალდერონი შეირთო, რომელიც მისი შთაგონების წყარო და ლიტერატურული ასისტენტი იყო. მწერალს სხვა ქალებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. მას ხანმოკლე რომანი ჰქონდა ავსტრიელ მოქანდაკე ანა მალერთან. 1938 წელს, გერმანიის ანშლუსის შემდეგ, კანეტი ლონდონში გადავიდა, სადაც დაუახლოვდა მარია-ლუიზა ვონ მოტესიკის, ავსტრიელ მხატვრალს, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მისი კომპანიონი იყო. 1963 წელს, ცოლის სიკვდილის შემდეგ, კანეტი ჰერა ბუშორზე დაქორწინდა. წყვილს 1972 წელს ქალიშვილი, ჯოანა შეეძინა.
კანეტმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა 1952 წელს მიიღო და იქ 1970-იან წლებამდე ცხოვრობდა, შემდეგ კი ციურიხში გადავიდა, სადაც ცხოვრების ბოლო 20 წელი გაატარა. იგი 1994 წელს გარდაიცვალა.[29]
კანეტს 1981 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი სამწერლობო შემოქმედებისათვის, რომელიც შორსმჭვრეტელობით, იდეათა სიუხვითა და მხატვრული სიძლიერით გამოირჩევა.“[23] მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ავტობიოგრაფიული მემუარების ტრილოგიაა. ასევე ცნობილია მისი მოდერნისტული რომანები, რომლებშიც იგი ბრბოს ფსიქოლოგიას იკვლევს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.