From Wikipedia, the free encyclopedia
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) (ინგლ. International Court of Justice; ფრანგ. Cour internationale de justice), ზოგჯერ ცნობილი, როგორც მსოფლიო სასამართლო[1] — გაეროს მთავარი სამართლებრივი ორგანო. მდებარეობს ქალაქ ჰააგაში (ნიდერლანდები). გაეროს საერთაშორისო სასამართლო ექვსიდან ერთადერთი მთავარი ორგანოა, რომელიც ნიუ-იორკში არ არის განთავსებული. სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით, განიხილოს სახელმწიფოთაშორისი სამართლებრივი დავები, ასევე, მის კომპეტენციაში შედის მისცეს სამართლებრივი შეფასებები იმ საკითხებს, რომლებიც გაერთიანებული ერების სხვა ორგანოებისა და სპეციალური სააგენტოების მიერ იქნება განსახილველად ინიცირებული.
სასამართლოს შექმნა, იმ პროცესის კულმინაციაა, რომელიც საერთაშორისო დავების მშვიდობიანად გადაწყვეტის იდეის განხორციელებას ისახავდა მიზნად. ზემოაღნიშნული საზოგადო მიზანი სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს.
გაერთიანებული ერების ქარტიის 33-ე მუხლი, სახელმწიფოთაშორისი დავების მშვიდობიანად გადაწყვეტის შემდეგ მეთოდებს ითვალისწინებს: მოლაპარაკება, გამოკითხვა, მედიაცია, კონსულტაცია, არბიტრაჟი, სასამართლო დარეგულირება, რეგიონალური სააგენტოებისთვის მიმართვა ან შუამავლობა. ზოგიერთი ზემოაღნიშნული მეთოდი ითხოვს მესამე მხარის ჩართულობასაც, ამის მგალითია - მედიაცია.
ისტორიულად, მედიაცია და არბიტრაჟი სასამართლოების წინამორბედი ინსტიტუტებია. მათი ხილვა შეგეძლოთ ძველ ინდოეთსა და ისლამურ სამყაროში, ხოლო, სასამართლოების მრავალი მაგალითი შეგვიძლია ასევე, ანტიკურ საბერძნეთში, ჩინეთსა და არაბულ ტომებში ვიპოვოთ. ამასთან, სასამართლო სისტემა აქტიურად გამოიყენებოდა შუასაუკუნეების ევროპულ საზღვაო სამართალსა და ვატიკანურ კულტურაში.
გასული საუკუნისთვის სხვადასხვა ქვეყნის სუვერენებისთვის მნიშვნელოვანი გახდა შექმნილიყო ისეთი სამართლებრივი ინსტიტუციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით შეაფასებდნენ სამართლებრივ დავებს. სწორედ ამ მიზნებისთვის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ორგანიზაცია შეიქმნა. საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემის ისტორიას რამდენიმე მნიშვნელოვანი ორგანო ჰქონდა და აქვს. მათ შორის: ჰააგის სამშვიდობო კონფერენცია და მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო, საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედი სასამართლო და გაეროს საერთაშორისო სასამართლო.
1899 წლის ჰააგის სამშვიდობო კონფერენცია, რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის მიერ იქნა ინიცირებული, რამაც დაუდო კიდეც სათავე თანამედროვე საერთაშორისო არბიტრაჟს. აღნიშნულ კონფერენციაზე, სადაც ევროპის პატარა ქვეყნები, რამდენიმე აზიური ქვეყანა და მექსიკა მონაწილეობდნენ განხილვებში, დანერგილ იქნა მნიშვნელოვანი ინოვაციები საერთაშორისო მშვიდობისა და შეიარაღების საკითხებში. კონფერენცია დასრულდა „მშვიდობის დამყარებისა და საერთაშორისო დავების შესახებ“ კონვენციის მიღებით, რომელიც ეხებოდა არა მხოლოდ არბიტრაჟს, არამედ, დავის მშვიდობიანად გადაწყვეტის სხვა მეთოდებსაც, როგორებიცაა შუამავლობა (Good Office) და მედიაცია.
1899 წლის კონვენციამ სათავე დაუდო მუდმივმოქმედ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა საარბიტრაჟო პალატების ჩამოყალიბება და მათი მუშაობის სათანადოდ მხარდაჭერა. ეს უწყება ცნობილია, როგორც მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო შედგებოდა, კონცენციის ხელმომწერი ქვეყნების მიერ დანიშნული იურისტებისგან. თითოეულ ქვეყანას შეეძლო დაენიშნა ოთხი წარმომადგენელი, რომელთაგანაც აირჩეოდა თითოეული საარბიტრაჟო ტრიბუნისთვის წარმომადგენელი. კონვენციის თანახმად, ასევე შეიქმნა მუდმივმოქმედი ბიურო, რომელიც ჰააგაში მდებარეობდა და უზრუნველყოფდა კორესპონდენციის განაწილებას, რეგისტრაციის პროცესსა და სამდივნოს მუშაობას.
1900 წელს დასრულდა მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს ჩამოყალიბება, ხოლო, 1902 წელს მან დაიწყო მუშაობა. ორგანიზაცია დღემდე აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას.
საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედი სასამართლოს შექმნით, მრავალსაუკუნოვანი მცდელობა, მსგავსი ინიციატივა რეალური გამხდარიყო, განხორციელდა. თუმცა, საერთაშორისო სასამართლომ ამ სახით 1920 წლიდან 1946 წლამდე იარსება.
ორგანიზაციას საფუძველი 1920 წელს ერთა ლიგამ დაუდო, მისი სათავო ოფისი, ჰააგაში განთავსდა, ხოლო, თავმჯდომარედ ბელგიელი ბარონი დეშამი დანიშნეს.
1922 წლიდან 1940 წლამდე, საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედმა სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი 29 დავა განიხილა და 27 მოსაზრება გააჟღერა სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. სასამართლოს მუშაობის განმავლობაში მრავალჯერ დამტკიცდა, რომ მსგავსი ორგანოს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად, 1939 წელს, საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედი სასამართლო, სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. სასამართლო ბოლოს 1939 წელს შეიკრიბა, ხოლო, 1940 წლის 26 თებერვალს ბოლოჯერ გამოსცა სამართლებრივი აქტი.
საბოლოოდ, გადაწყდა სასამართლოს გარდაქმნა და ახალ პოლიტიკურ რეალიებთან მისი შერწყმა, რამაც საფუძველი დაუდო გაეროს საერთაშორისო სასამართლოს.
1942 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, გამოხატეს ინიციატივა, რომ ჩამოეყალიბებინათ ახალი ორგანო ან გარდაექმნათ საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედი სასამართლო საერთაშორისო სასამართლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ. ამერიკული მხარე მიიჩნევდა, რომ მიზანშეწონილი იყო საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედი სასამართლოს იურისდიქციით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გაფართოება.
1943წელს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოხატა ინიციატივა, მოეწვიათ ლონდონში წამყვანი სპეციალისტები, რათა ზემოაღნიშნული საკითხი დაემუშავებინათ. ამ ინიციატივით შექმნილმა კომიტეტმა, უილიამ მალკინის (დიდი ბრიტანეთი) ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ქვეყნის 11 იურისტის შემადგენლობით 19 შეკრება განახორციელა. 1944 წლის 10 თებერვლის დოკუმენტით მათ გასცეს შემდეგი რეკომენდაციების პაკეტი:
პარალელურად, 1943 წლის 30 ოქტომბერს, კონფერენციის ფარგლებში, ჩინეთმა , საბჭოთა კავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც აღიარეს ისეთი გენერალური საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა სუვერენულ თანაბრობაზე, მშვიდობისმოყვარეობაზე, დიდი თუ პატარა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომობაზე, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე.
დეკლარაციამ საფუძველი დაუდო ოთხი ძალის (აშშ, გაერთიანებული სამეფო, საბჭოთა კავშირი და ჩინეთი) განცხადებას, რომლის საფუძველზეც 1944 წლის 9 ოქტომბერს ჩამოყალიბდა გენერალური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოიცავდა საერთაშორისო სასამართლოსაც. 1945 წლის აპრილში, 44 ქვეყნის იურისტის მონაწილეობით სამართლის კომიტეტმა, ჯ. ჰექვორთის (აშშ) ხელმძღვანელობით, დაიწყო დოკუმენტის მომზადება, რომელიც გახდა კიდეც გაეროს საერთაშორისო სასამართლოს სტატუტი.
სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი დასახელდა თუ რატომ იყო აუცილებელი ახალი სასამართლოს ჩამოყალიბება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შემდეგი:
სან-ფრანცისკოს კონფერენციამ არ დაივიწყა საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედი სასამართლოს ღვაწლი და ახალი სასამართლო სწორედ მის ისტორიულ მემკვიდრეობას დაუკავშირა. 1946 წელს საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედი სასამართლომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) გადასცა სრული არქივი, ხოლო, თავად საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედი სასამართლო ყველა წევრმა უფლებამოსილების ვადა შეიწყვიტა. ამავე წლის აპრილში, ამჯერად უკვე ICJ-თვის ჩატარდა ახალი არჩევნები, რომლის საფუძველზეც, ახალი საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარედ ჟოზე გუსტავო გერედო აირჩიეს, რომელიც საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედი სასამართლოს უკანასკნელი პრეზიდენტი იყო. გაეროს საერთაშორისო სასამართლოს აპარატიც ძირითადად, წარსულში, საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედი სასამართლოს აპარატის თანამშრომლებით დაკომპლექტდა. 1946 წლის აპრილში გაეროს საერთაშორისო სასამართლო მუშაობას ოფიციალურად შეუდგა და 1947 წლის მაისში პირველი საქმეც მიიღო, რომელიც კორფუს არხს უკავშირდებოდა, სადაც დიდი ბრიტანეთი ალბანეთს უჩიოდა.
გაეროს საერთაშორისო სასამართლო შედგება თხუთმეტი მოსამართლისგან, რომლებიც ცხრა წლის ვადით არიან არჩეულნი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ. არჩევის პროცედურები გაეროს საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის 4-19 მუხლებით არის დარეგულირებული.
ერთი ქვეყნიდან ერთზე მეტი მოსამართლის არჩევა აკრძალულია. ასევე, სტატუტის მიხედვით, საჭიროა მოსამართლეები განეკუთვნებოდნენ სამართლის სხვადასხვა ოჯახებს (ანგლო-ამერიკული სამართალი, კონტინენტური ევროპის სამართალი და სოციალისტური სამართალი (ამჟამად პოსტ-კომუნისტური სამართალი)). არაფორმალურად, მოსამართლეთა არჩევის პროცესში ასევე გათვალისწინებულია, გეოგრაფიული წარმომავლობაც.
სტატუტის მეექვსე მუხლის მიხედვით, მოსამართლეების არჩევისას არ ენიჭება მნიშვნელობა მათ წარმომავლობასა ან/და მოქალაქეობის საკითხს. თუმცა, ისინი უნდა იყვნენ მაღალი მორალური ღირებულებების მატარებელნი. ასევე, ისინი უნდა იყვნენ სამოსამართლეო პრაქტიკითა და საერთაშორისო სამართალის ცოდნით სახელგანთქმული, ცნობილი იურისტები. საერთაშორისო სამართლის მოსამართლეები არ უნდა იკავებდნენ სხვა თანამდებობას ან/და ეწეოდნენ საადვოკატო პრაქტიკას.
მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ სხვა მოსამართლეების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის წინაპირობებს.
როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო შედგება 15 მოსამართლისგან. სტატუტის 21-ე მუხლის მიხედვით მოსამართლეები თავიანთი შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ირჩევენ პრეზიდენტსა (თავმჯდომარეს) და ვიცე-პრეზიდენტს (ვიცე-თავმჯდომარეს).
Ad hoc მოსამართლე, როგორც წესი არის მოსამართლე, რომელიც სპეციალური ცოდნის მეშვეობით, სპეციფიკური პროექტისთვის, საქმისთვის ან განსაზღვრული პერიოდით არის აყვანილი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს მიერ. ამ პრაქტიკას გაეროს საერთაშორისო სასამართლოც სტატუტის 31-ე მუხლში იზიარებს და ნებას რთავს კონკრეტული დათქმების გათვალისწინებით, კონკრეტულ საქმეებზე აიყვანეს Ad hoc მოსამართლეები.
საშინაო სასამართლოებისგან განსხვავებით, მსგავსი სისტემა მეტნაკლებად უცნაურია, თუმცა, მსგავსი შესაძლებლობა გამართლებულია იმით, რომ მოსამართლეს, რომელიც სპეციალურ ცოდნას ფლობს, შეუძლია მეტად ეფექტიანი გახადოს სასამართლოს მსჯელობა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით. თუმცა, ეს სისტემა საბოლოო ჯამში ორგანოს სასამართლო ბუნებასთან წინააღმდეგობაშიც კი მოდის, რადგან საბოლოო შედეგი პრაქტიკიდან გამომდინარე არაეფექტიანობაზე მიუთითებს. პრაქტიკამ ცხადყო, რომ Ad hoc მოსამართლეები (არა ყოველ ჯერზე) თითქმის ყოველთვის იმ სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქმედებენ, რომლებმაც ისინი დანიშნეს.
გაეროს საერთაშორისო სასამართლო სრული შემადგენლობის სასამართლოდ იყო ჩაფიქრებული, თუმცა, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში იგი პალატებად დაიყო. სტატუტის 26-ე 29-ე მუხლები სასამართლოს აღჭურავს უფლებით შეიქმნას მცირე პალატები 3 ან 5 მოსამართლით. 26-ე მუხლით ორი სახეობის პალატაა გათვალისწინებული: პირველი, პალატები სპეციალური კატეგორიის საქმეებისთვის, და მეორე - Ad hoc პალატები, კონკრეტული დავების მოსასმენად. 1993 წელს, 26-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეიქმნა სპეციალური პალატა და აღიჭურვა უფლებით განეხილა გარემოსდაცვითი საკითხები.
2020 წლის მაისის მდგომარეობით გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ამჟამინდელი შემადგენლობა შემდეგნაირია:
სახელი | ეროვნება | პოზიცია | უფლებამოსილების ვადის დასაწყისი | უფლებამოსილების ვადის დასასრული |
---|---|---|---|---|
აჰმედ იუსუფი | სომალი | პრეზიდენტიa | 2009 | 2027 |
ხუე ჰანქინი | ჩინეთი | ვიცე-პრეზიდენტი a | 2010 | 2021 |
პეტერ ტომკა | სლოვაკეთი | წევრი | 2003 | 2021 |
რონი აბრაჰამი | საფრანგეთი | წევრი | 2005 | 2027 |
მოჰამედ ბენუნა | მაროკო | წევრი | 2006 | 2024 |
ანტონიო აუგუსტო კანკადო ტრინიდადე | ბრაზილია | წევრი | 2009 | 2027 |
ჯოან დონოუ | აშშ | წევრი | 2010 | 2024 |
ჯიორჯიო გაჯა | იტალია | წევრი | 2012 | 2021 |
ჯულია სებუტინდე | უგანდა | წევრი | 2012 | 2021 |
დალვერ ბჰანდარი | ინდოეთი | წევრი | 2012 | 2027 |
პატრიკ ლიპტონ რობინსონი | იამაიკა | წევრი | 2015 | 2024 |
ჯეიმზ ქრაუფორდი | ავსტრალია | წევრი | 2015 | 2024 |
კირილ გევორგიანი | რუსეთი | წევრი | 2015 | 2024 |
ნავაფ სალამი | ლიბანი | წევრი | 2018 | 2027 |
იუჯი ივასავა | იაპონია | წევრი | 2018 | 2021 |
ფილიპ გაუტიერი | ბელგია | რეგისტრატორი | 2019 | 2026 |
a 2018–2021. |
გაეროს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია გაეროს წევრ ყველა ქვეყანაზე ვრცელდება. მისი უფლებამოსილება კი, ორი მიმართულებით ვლინდება:
საკუთარი იურისდიქციის განხორციელების პროცესში გაეროს საერთაშორისო სასამართლო განიხილავს სამართლებრივი ხასიათის დავებს, რომლებიც მათ საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ გადაეცემათ. საერთაშორისო-სამართლებრივი დავა შესაძლოა გულისხმობდეს, როგორც სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოების დადგენას, ისე, კონფლიქტსაც ან სამართლებრივი შეხედულებებისა და ინტერესების შეჯახებას.
მხოლოდ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიმართონ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს და წარსდგნენ მის წინაშე. სხვა ნებისმიერი სუბიექტი ამ შესაძლებლობას მოკლებულია.
სტატუტის 35-ე მუხლი აყალიბებს პირობებს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს. სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს დავა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, შესაბამისი სახელმწიფოები აღნიშნულის შესახებ თანხმობას განაცხადებენ და აღიარებენ სასამართლოს იურისდიქციას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში დავის უფლება მხოლოდ სახელმწიფოებს აქვთ, საზოგადოებრივი (სამთავრობო) საერთაშორისო ორგანიზაციები ამ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან. თუმცა, სპეციალური პროცედურა, კერძოდ, საკონსულტაციო პროცედურა, ასეთი ტიპის ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია.
ამ ეტაპისთვის საკონსულტაციო საკითხებით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება გააჩნია გაეროს ხუთ ორგანოს, თხუთმეტ სპეციალურ უწყებას და ერთ, მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციას.
მიუხედავად იმისა, რომ საკონსულტაციო დასკვნას, რომელიც სასამართლოს საკითხთან მიმართებით გამოაქვს, არ აქვს სავალდებულო აღსრულების ძალა, მას აქვს ძლიერი სამართლებრივი წონა და მორალური ეფექტი. ზემოაღნიშნული დასკვნები ხშირად გამხდარან დიპლომატიური ინსტრუმენტები და ხელი შეუწყვიათ მსოფლიო მშვიდობისთვის.
სამართალწარმოების წესი სტატუტის III თავით არის დარეგულირებული და 39-ე მუხლიდან 64-ე მუხლმდეა გაწერილი. სამართალწარმოების ენებია ფრანგული და ინგლისური , თუმცა, შუამდგომლობის შემთხვევაში ნებისმიერი ენის გამოყენებაა დასაშვები. 43-ე მუხლით საქმისწარმოება დაყოფილია ორ ნაწილად: წერილობით და ზეპირ სამართალწარმოებებად.
წერილობითი სამართალწარმოება შედგება სასამართლოსა და მხარეებისათვის მემორანდუმების, კონტრმემორანდუმების, და, საჭიროებისდა მიხედვით, მათზე პასუხებისა და აგრეთვე, მათი დამადასტურებელი ყველა ქაღალდისა და დოკუმენტის გაცემისაგან.
ზეპირი სამართალწარმოება შედგება სასამართლოს მიერ მოწმეების, ექსპერტების, წარმომადგენლების, რწმუნებულებისა და ადვოკატების მოსმენისაგან. ყველა საკითხი წყდება დამსწრე მოსამართლეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადაწონის თავმჯდომარის ან მისი შემცვლელი მოსამართლის ხმა.
სასამართლო ხშირად კრიტიკის ობიექტი გამხდარა საკუთარი გადაწყვეტილებების გამოტანის წესის, პროცედურებისა თუ უფლებამოსილებების ნაწილში. ძირითადი კრიტიკა ზოგადი ხასიათისაა და არ იკვეთება ცალკეული მოსამართლისა თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ უკმაყოფილებანი. ძირითადი კრიტიკა შემდეგი საკითხების გარშემოა:
2008 წლის 12 აგვისტოს საქართველომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აღძრა სარჩელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რადგან „მათი ქმედებები საქართველოს ტერიტორიასა და მის საზღვრებთან ახლოს არღვევდა 1965 წლის საერთაშორისო კონვენციას, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, საქართველო ამტკიცებდა რომ: „რუსეთის ფედერაცია საკუთარი სახელისუფლებო ორგანოების მეშვეობით, სახელმწიფო აგენტებისა და სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების მეშვეობით, რომლებიც ახორციელებდნენ სამთავრობო უფლებამოსილებებს, ასევე ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული ძალების მეშვეობით, სხვა აგენტების მეშვეობით, მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის მითითებებით, ხელმძღვანელობითა და კონტროლით.“ აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაცია უნდა მიჩნეულიყო დამნაშავედ, რადგან დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც კონვენციის შესაბამისი მუხლებიდან გამომდინარეობდა.
ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (International Court of Justice - ICJ) გაიზიარა რუსეთის ერთ-ერთი შუამდგომლობა და გადაწყვიტა, რომ სასამართლო არ დაიწყებს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებით განხილვას. 10 ხმით 6–ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ "მას არ გააჩნია უფებამოსილება განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი“, განაცხადა სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე - ჰისაში ოვადამ ჰააგაში, 1 აპრილს გამართულ საჯარო სხდომაზე.
მიუხედავად იმისა, რომ საკითხი გაეროს საერთაშორისო სასამართლომ არ განიხილა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის აზრით, ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ „სასამართლომ გაითვალისწინა და დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი არგუმენტი, კერძოდ ის, რომ მან იურიდიულად აღიარა და დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მონაწილე მხარე და სწორედ ის არის კონფლიქტის მხარე და არა რომელიმე მესამე მხარე, როგორც ამის წარმოჩენას წლების განმავლობაში ცდილობდა რუსეთის ფედერაცია და, ყველაზე მთავარი, რომ ეს დავა მიმდინარეობდა, სწორედ რუსეთის მხრიდან განხორციელებული ეთნიკური წმენდის საკითხებზე.“
სხვადასხვა ქართველი მეცნიერისა თუ პოლიტიკური მოღვაწის აზრით, საქართველოს მხრიდან სარჩელი არასწორად იყო ფორმულირებული. ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, სარჩელი მოუმზადებელი იყო, რაც საბოლოოდ პოლიტიკური დავის საგანი გახდა.
|journal=
-ს (დახმარება)Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.