From Wikipedia, the free encyclopedia
ბანგლადეში (ბენგ. গণপ্রজাতন্ত্রী বাংলাদেশ, ითარგმნება როგორც: ბენგალის ქვეყანა); ოფიციალურად: ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა (গণপ্রজাতন্ত্রী বাংলাদেশ, განაპრაჯატანტრი ბამლადეშა) — სახელმწიფო სამხრეთ აზიაში. მთელ პერიმეტრზე იგი ესაზღვრება ინდოეთს, მხოლოდ მცირე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ესაზღვრება მიანმარს. სამხრეთით ესაზღვრება ბენგალიის ყურეს. თანამედროვე ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალთან ერთად ქმნის ერთიან ეთნოლინგვურ რეგიონს. ბანგლადეში წარმოადგენს მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მერვე ქვეყანას და შედის მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნების რიგში. დაკა არის ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაი. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი და უდიდესი პორტი არის ჩიტაგონგი.
ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა গণপ্রজাতন্ত্রী বাংলাদেশ ბანგლადეში |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Amar Sonar Bangla ჩემი ოქროს ბენგალი |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | დაკა 23°42′ ჩ. გ. 90°21′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ბენგალური[1] | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | აბდულ ჰამიდი | ||||
- | პრ.-მინისტრი | შეიხ ჰასინა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 147 610[2] კმ2 (92-ე) | ||||
- | წყალი (%) | 6.4 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2017 შეფასებით | 163 187 000[3] (მე-8) | ||||
- | 2011 აღწერა | 149 772 364[4] | ||||
- | სიმჭიდროვე | 1106 კაცი/კმ2 (მე-10) | ||||
მშპ (მუპ) | 2017 შეფასებით | |||||
- | სულ | $686.598 მილიარდი[5] (33-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $4,207[5] (139-ე) | ||||
აგი (2016) | 0.579[6] (საშუალო) (139-ე) | |||||
ვალუტა | ტაკა (BDT ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+06:00 | |||||
ქვეყნის კოდი | BGD | |||||
Internet TLD | .bd | |||||
სატელეფონო კოდი | 880 |
ბანგლადეშის ეტიმოლოგიის ისტორია იწყება ადრეული XX საუკუნიდან, როდესაც კაზი ნაზრულ ისლამის და რაბინდრანათ თაგორის პატრიოტულ სიმღერებში გამოჩნდა ეს ტერმინი.[7][8] ბანგლადეში ხშირად შემდეგი ორი სიტყვით იწერებოდა: ბენგალ და დეშ. 1950-იანებში ბენგალელმა ნაციონალისტებმა ტერმინის გამოყენება აღმოსავლეთ პაკისტანთან მიმართებაში დაიწყეს. ტერმინის უფრო ადრინდელ წყაროს წარმოადგენს 805 წლით დათარიღებული ფირფიტები, ასევე ტერმინი ვანგალადესა აღმოჩენილია XI საუკუნის სამხრეთ ინდურ წარწერებში.[9][10][11]
ტერმინს ოფიციალური სტატუსი ჰქონდა XIV საუკუნეში არსებული ბენგალის სასულთნოს დროს.[12][13] 1342 წელს, შამსუდინ ილიას შაჰმა თავი ბენგალის პირველ შაჰად გამოაცხადა.[12] ისლამურ პერიოდში რეგიონის ყველაზე გავრცელებული დასახელება იყო — განგლა. პორტუგალიელები XVI საუკუნეში რეგიონს ბენგალა-თი მოიხსენიებდნენ.[14]
ტერმინ ბანგლა-ს წარმოშობა არ არის ცნობილი, ზოგი თეორიის მიხედვით მას: ბრინჯაოს ხანის პროტო-დრავიდიულ ტომებს,[15] აუსტრიულ ენაში არსებულ სიყვა ბონგა-ს (მზის ღმერთი)[16] და რკინის ხანის ვანგას სამეფოს უკავშირებენ.[16] ინდო-არიული სუფიქსი დეში მომდინარეობს სანსკრიტიდან და მიწას ან ქვეყანას აღნიშნავს, შესაბამისად ბანგლადეში ბენგალების ქვეყანას ან ბენგალების მიწას აღნიშნავს.[9][10][11]
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ აზიაში (ყოფილი აღმოსავლეთ პაკისტანი). ტერიტორიის უდიდესი ნაწილი განგისა (ბენგ. პადმა) და ბრაჰმაპუტრის (ბენგ. ჯამუნა) დელტაშია. ფართობი: 144 000 კვ. კმ. მას ჰყავს ორი სასაზღვრო მეზობელი — მთელ პერიმეტრზე ბანგლადეშს ესაზღვრება ინდოეთი, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით მცირე მანძილზე ესაზღვრება მიანმა (ყოფილი ბირმა), სამხრეთით კი ბენგალიის ყურე. თანამედროვე საზღვრები დადგენილია 1947წელს, როდესაც ინდოეთს გამოეყო მუსულმანური რეგიონები — დასავლეთ და აღმოსავლეთ პაკისტანის სახით.
ბენგალია მდებარეობს უმთავრესად ინდ-განგის ვაკის აღმოსავლეთ განაპირა ნაწილში, სამხრეთით აკრავს ბენგალიის ყურე. სანაპირო ხაზი დანაწევრებულია განგისა და ჯამუნის (ბრაჰმაპუტრის) დელტის ტოტებითა და ფშანებით. დელტას უკავია ქვეყნის ტერიტორიის 9/10. ნაპირები უმთავრესად დაბალია. დელტა წარმოადგენს ბრტყელ დაბლობს (სიმაღლე 30 მ-მდე), რომლის სამხრეთ ნაწილი (ადგილობრივი სახელწოდება- სუნდარბანი) ძლიერაა დაჭაობებული. ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით ბორცვები და დაბალმთიანეთია (სიმაღლე 1230 მ-მდე). მდინარეთა ქსელი ხშირია, განსაკუთრებით სუნდარბანის ფარგლებში. განგისა და ჯამუნის მთავარი გაერთიანებული ნაკადის სიგანე 10 კმ. აღწევს და დიდ ესტუარს ქმნის. ზაფხულობით იცის მუსონური წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა, წყლის დონე დელტაში მატულობს 10 მ-ით. ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილში ყოველწლიურად თითქმის 3 თვე დიდი წყალდიდობაა. არის ქვანახშირის, ბუნებრივი აირის, კირქვის, კაოლინის, ტორფის საბადოები.[17]
ჰავა სუბეკვატორული და მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა მერყეობს 12-დან 25 ºĆ-მდე. აპრილისა (ყველაზე ცხელი თვე) 23-დან 34 ºĆ-მდე. ნალექები დელტაში — დაახლ. 2000 მმ წელიწადში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კი — ზოგან 3000 მმ-ზე მეტი. ნოტიო სეზონი — მაისიდან ოქტომბრამდე.[18]
ჭარბობს ძლიერ ნოყიერი ალუვიური ნიადაგები. ამაღლებულ ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წითელმიწა და ყვითელმიწა, სუნდარბანში — დაჭაობებული ნიადაგებია.
ბუნებრივი ტყის მცენარეულობა უკანასკნელ 100 წელიწადში ძლიერ განადგურდა. ჭარბობს ტროპიკული, მარადმწვანე ტყეები, შერეულია ბამბუკი, ლიანები, ეპიფიტები. ტყის დიდი მასივები შემორჩენილია მხოლოდ ქვეყნის სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში. შედარებით ნაკლებნალექიან რაიონებში მუსონური ტყეა, მაღლობებზე ბუჩქოვანი სავანა, ბენგალიის ყურის სანაპიროს გასწვრივ ზოგან- მანგროვანი ტყე.
ბინადრობს მაიმუნი, მტაცებლებიდან — ბენგალიური ვეფხვი, ჯიქი, ზოლებიანი აფთარი, გვხვდება ტუჩა-დათვი, სამხრეთ-აღმოსავლეთში შემორჩენილია ველური სპილო. ბევრია მღრღნელი, არის კობრა, პითონები, ნიანგი. მრავალფეროვანია ფრინველებისა და მწერების სამყარო, დაჭაობებულ რაიონებში გავრცელებულია მალარიის კოღო.[19]
ძვ.წ. VII-VI ს. ს.-ში ბანგლადეშის ტერიტორიაზე შეიქმნა პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები. ერთ-ერთი მათგანი იყო სახელმწიფო ვანგა, საიდანაც ერთ-ერთი თეორიის თანახმად მომდინარეობს თანამედროვე ბანგლადეშის სახელწოდება (ბანგლა - ბენგალური, დეშ — ქვეყანა).
ძვ.წ. IV-II ს. ს.-ში ბანგლადეში შედიოდა მაურიების იმპერიის შემადგენლობაში, რომლის დაშლის შემდეგ აქ წარმოიშვა დამოუკიდებელი სახელმწიფოები (სამატატა, დავაკა და სხვ.). ახალი წელთაღრიცხვის IV-V ს.ს.-ში ისინი შეუერთდნენ გუპტას იმპერიას.
VIII ს-დან ამ სახელმწიფოებისა და დასავლეთ ბენგალიის ტერიტორიაზე შეიქმნა ბენგალიის ერთიანი ფეოდალური სახელმწიფო, რომელმაც XIII ს.-მდე იარსება.
ფეოდალური დეცენტრალიზაციის პროცესებმა დააჩქარა ფეოდალური ბენგალიის სახელმწიფოს დაშლა მცირე ფეოდალურ სამთავროებად, რითაც ისარგებლა მუჰამედ ღურიმ და 1199-1202 წ.წ. დაიპყრო ეს ტერიტორია. მოგვიანებით ბენგალიის ტერიტორია შეუერთდა დელის სასულთნოს. მუსლიმანთა დაპყრობებს თან მოჰყვა ისლამის გავრცელება. XIV ს. შუა ხანებიდან დელის სასულთნოს ნაცვლები ბენგალში გახდნენ დამოუკიდებელი მმართველები. მათ მიერ დაარსებულმა რამდენიმე დინასტიამ 1576 წ-მდე აქბარის შემოსევამდე იარსება.
XVII ს.-ის დასაწყისში სახელმწიფოს ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ქ. დაკა. XVIII ს-ის დასაწყისიდან ბენგალიის სამეფისნაცვლო (სანავაბო) არსებითად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადაიქცა.
ბენგალი იმ დროს სამხრეთ აზიის სუბკონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული მხარე იყო. ინგლისელმა კოლონიზატორებმა, რომლებიც ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან დამკვიდრდნენ ქვეყნის სანაპირო რაიონებში XVIII ს-ის შუა ხანებში ისარგებლეს დიდ მოგოლთა იმპერიის დაშლით და შინაომებით, დაიწყეს დამპყრობლური ომები. 1757 წ. პლესის ბრძოლის შემდეგ ბენგალი ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიას დაექვემდებარა.
კოლონიურ პერიოდში (1757-1947 წ.წ.), როცა ბენგალიის ეკონომიურმა და კულტურულმა ცენტრებმა ქვეყნის დასავლეთ რაიონებში (კალკუტა და სხვ.) გადაინაცვლა, ბენგალიის აღმოსავლეთი ნაწილი თანდათან მრეწველობის მხრივ ქვეყნის განვითარებული დასავლეთ ნაწილის აგრარულ დანამატად გადაიქცა. ბენგალში ჩამოყალიბდა ეროვნული ბურჟუაზია, წარმოიშვა პირველი ეროვნული ორგანიზაციები, XIX ს-ის 60-იან წლებში დაიწყო ეროვნული მოძრაობა.
ბენგალელთა, ისევე როგორც მთელი ინდოეთის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაძლიერდა პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის გავლენით. 30-ანი წლებიდან გამწვავდა რელიგიურ-თემური შუღლი ინდუსებსა და მუსლიმებს შორის, რომელსაც ხელოვნურად ამწვავებდნენ ინგლისელი კოლონიზატორები.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისი იძულებული გახდა ხელი აეღო ინდოეთზე. 1947 წ. 3 ივნისის დეკლარაციის თანახმად დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა დეკლარაცია, რომლის თანახმად ყოფილი კოლონიის ტერიტორიაზე რელიგიური ნიშნით შეიქმნა ორი დომინიონი — ინდოეთის კავშირი და პაკისტანი. აღმოსავლეთ ბენგალის ტერიტორია შევიდა პაკისტანის შემადგენლობაში და შეადგინა პროვინცია აღმ. პაკისტანი (პაკისტანის მოსახლეობის 54,2 %). ეკონომიკური განვითარების დონით იგი ჩამორჩებოდა დას. პაკისტანს. მიწის მაგნატებისა და არაბენგალელი მსხვილი მეწარმეების ბატონობის გამო შელახული იყო აღმ. პაკისტაბის ბენგალიის ეროვნული ბურჟუაზიის ეკონომიური და პოლიტიკური ინტერესები, რაც თავს იჩენდა სახელმწიფო ასიგნებათა, უცხოეთის დახმარების, სახელმწიფო თანამდებობების განაწილების დროს. აღმ. პაკისტანში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა აგრეთვე სახელმწიფოს მმართველი წრეების მრავალგზისი მცდელობა სახელმწიფო ენად მხოლოდ ურდუ გამოეცხადებინათ. (1951 წ. აღწერით ურდუ იცოდა მხოლოდ აღმ. პაკისტანის მოსახლეობის 1,1 %). გაძლიერდა ბენგალელთა ეროვნული მოძრაობა. 40/50-ანი წლების მიჯნაზე წამოაყენეს ბენგალიის სრული ავტონომიის მინიჭების მოთხოვნა. პაკისტანის პრეზიდენტის მ. აიუბ-ხანის ადმინისტრაციამ რამდენადმე გააფართოვა აღმ. პაკისტანის ხელისუფალთა უფლებამოსილება ეკონომიკურ საკითხებში, ქ. დაკა მეორე დედაქალაქად გამოცხადდა 1962 წ., მაგრამ ქვეყნის ორი ნაწილის ეკონომიკური და პოლიტიკური უთანასწორობა კვლავ სახეზე იყო. 1962-1968 წ. წ. აღმ. პაკისტანში გაძლიერდა ეროვნული მოძრაობა.
1969 წ. დამყარდა სამხედრო რეჟიმი გენერალ ა. მ. იაჰია-ხანის მეთაურობით. 1970 წ. პირველ საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა ბენგალიის ეროვნულმა პარტიამ — ავამი ლიგამ შეიხ მუჯიბურ რაჰმანის მეთაურობით. პაკისტანის მმართველმა წრეებმა უარი განაცხადეს ბენგალიისათვის რეგიონული ავტონომიის მინიჭების შესახებ. მოეწყო მასობრივი გაფიცვა, რომელიც 1971 წ. მარტში სამოქალაქო ურჩობაში გადაიზარდა. 1971 წ. 26 მარტს მუჯიბურ რაჰმანი დააპატიმრეს. პარტია ავამი ლიგა აიკრძალა. არმიამ დაიწყო მასობრივი რეპრესიები ეროვნული მოძრაობის მონაწილეთა წინააღმდეგ. მილიონობით ლტოლვილმა ინდოეთს მიაშურა. საპასუხოდ, 1971 წ. 26 მარტს გამოცხადდა ბანგლადეშის დამოუკიდებელი სახალხო რესპუბლიკა. პაკისტანის კრიზისმა და მილიობით ლტოლვილის გადასვლამ ინდოეთში გაამწვავა ურთიერთობა ამ სახელმწიფოებს შორის, რაც ფართო მასშტაბის სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა.
1972 წ. 10 იანვარს ქ. დაკაში დაბრუნდა პატიმრობიდან გათავისუფლებული შეიხი მუჯიბურ რაჰმანი. 1974 წ. დამდეგისათვის ბანგლადეში ცნო მსოფლიოს 116-მა სახელმწიფომ, მათ შორის თავად პაკისტანმა. ქვეყნის დროებით მმართველად დანიშნული იყო მუჯიბურ რაჰმანი, რომელიც 1975 წ. 15 აგვისტოს რეაქციული ძალების მიერ მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალების დროს მოკლეს. 1975-1976 და 1982-1986 წლებში ქვეყანაში სამხედრო მმართველობა დამყარდა. 1988 წელს ისლამი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
ბანგლადეშის კონსტიტუცია განსაზღვრავს უნიტარულ, საპარლამენტო რესპუბლიკას საყოველთაო საარჩევნო უფლებით. საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერილი დეპუტატი ირჩევა პრემიერ-მინისტრად, ძირითადად ეს ყველაზე დიდი პარტიის ხელმძღვანელია. პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე. ბანგლადეშის ეროვნული ასამბლეა (ბენგ. জাতীয় সংসদ ჯატიო სონგსოდი) შედგება 350 დეპუტატისგან, 350 ადგილიდან 50 დარეზერვებულია ქალი კანდიდატებისთვის. საპარლამენტო არჩევნები ტარდება 5 წელიწადში ერთხელ. ბანგლადეშის პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურია. 1975-1990 წლებში პრეზიდენტს აღმასრულებელი ხელისუფლებაც ჰქონდა, რომელიც მეთორმეტე საკონსტიტუციო ცვლილებებით ცერემონიალურ როლამდე შემცირდა. 2011 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით ხელისუფლების უზურპაციისთვის უმაღლესი სასჯელი განისაზღვრა.[20]
2015 წლის მონაცემებით ბანგლადეშის მოსახლეობდა 165-168 მილიონს შეადგენს. ბანგლადეში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მერვეა. 1951 წელს მოსახლეობა მხოლოდ 44 მილიონს შეადგენდა.[21] ის სიმჭიდროვის მიხედვით მსოფლიოში 11-ეა და დიდ ქვექნებში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია.[22]
1960 და 1970-იან წლებში ბანგლადეშის მოსახლეობის ზრის ინდექსი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო. 1980-იან წლებში შობადობის კონტროლის შემოღების შემდეგ ზრდის ტემპი შემცირდა. დღეისთვის შობადობის კოეფიციენტი შეადგენს 2,55-ს, რაც ინდოეთისაზე (2,58) და პაკისტანისაზე (3,07) მცირეა. მოსახლეობა ახალგაზრდაა: 34 % 15 წლის ან მცირე და 5 % 65-ის ან უფროსი. 2012 წელს ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 70 წელს. მიუხედავად სწრაფი ეკონომიკური ზრდისა მოსახლეობის 43 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, რომლებიც დღეს 1,25 $-ზე ნაკლებს მოიხმარენ.[23]
მოსახლეობის 98 %-სბენგალელები შეადგენენ. დომინანტი რელიგია ისლამია. ასევე გავრცელებულია: ქრისტიანობა, ბუდიზმი და ინდუიზმი. სახელმწიფო ენა ბენგალურია ასევე საუბრობენ ინგლისურად.
დედაქალაქია დაკა (8 906 039 ადამიანი); სხვა დიდი ქალაქებია ჩიტაგონგი (2 592 439), ხულნა (664 728), სილჰეტი (531 663), რაჯშაჰი (451 425), ბარისალი (339 308), რანგპური (307 053).
ბანგლადეში განვითარებადი ქვეყანაა შერეული ეკონომიკით და ითვლება დიდი პოტენციალის მქონე განვითარებად ბაზრად. 2017 წელს ბანგლადეშში მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 686.598 მილიარდ დოლარს რითიც ის სამხრეთ აზიაში სიდიდით მესამე ეკონომიკაა. მშპ-ს წილი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 4207 დოლარს რაც მსოფლიოს მასშტაბით 139-ე მაჩვენებელია.
სოფლის მეურნეობა ბანგლადეშის ეკონომიკის უმსხვილეს დარგს წარმოადგენს (შეადგებს მთლიანი მშპ-ს 16 %-ს), სადაც დასაქმებულია ქვეყნის მოსახლეობის 47 %.[24] ბანგლადეში მსოფლიოში შემდეგი პროდუქტების უმსხვილეს მწარმოებლებში შედის: ბრინჯი (4-ე), კარტოფილი (7-ე), ტროპიკული ხილი (6-ე), ჯუთი (2-ე), თევზი (5-ე).[25]
ბანგლადეში აზიაში გაზის წარმოების მოცულობით მეშვიდეა. ქვეყნის ელექტრო ენერგიის 56 % წარმოიქმნნება ნატურალური გაზის გამოყენებით. ბანგლადეშის გაზის 50 %-ს ამერიკული Chevron Corporation აწარმოებს.[26] გეოლოგიური კვლევების მიხედვით ბენგალის ყურის ბანგლადეშის ეკონომიკურ ზინაში შემავალი ნაწილი შეიცავს გაზის ჯერაც აუთვისებელი მარაგებს.[27]
ბანგლადეშში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 3 ძეგლია:
მთავრობა
ზოგადი ინფორმაცია
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.