From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ გენტელი ან ჯონ გონტი[1] (ინგლ. John of Gaunt, ფრანგ. Jean de Gand, ესპ. Juan de Gante; დ. 6 მარტი, 1340, გენტი, ფლანდრია — გ. 3 თებერვალი, 1399, ლეიცესტერშირი, ინგლისი) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი და ლანკასტერების დინასტიის დამაარსებელი. ლანკასტერის, ლეიცესტერისა და დერბის ჰერცოგი 1362-1399 წლებში, აკვიტანიის ჰერცოგი 1390-1399 წლებში და კასტილიისა და ლეონის ტახტების მოსარჩელე მეფე 1372-1388 წლებში როგორც პედრო I-ის ასულ კონსტანსია კასტილიელის მეუღლე. ინგლისის მეფე ედუარდ III-ისა და დედოფალ ფილიპა ენოელის შუათანა ძე, რომელსაც დაბადების ადგილის გამო ხალხმა „გენტელი“ უწოდა (იმხანად ქალაქს ეწოდებოდა გონტი [Gaunt]).
ჯონ გენტელი | |
---|---|
ლანკასტერის, ლეიცესტერისა და დერბის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 13 ნოემბერი, 1362 |
მმართ. დასასრული: | 3 თებერვალი, 1399 |
წინამორბედი: | ჰენრი |
მემკვიდრე: | ჰენრი |
აკვიტანიის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 2 მარტი, 1390 |
მმართ. დასასრული: | 3 თებერვალი, 1399 |
წინამორბედი: | რიჩარდ II |
მემკვიდრე: | რიჩარდ II |
კასტილიისა და ლეონის მეფე (მოსარჩელე) | |
მმართ. დასაწყისი: | 29 იანვარი, 1372 |
მმართ. დასასრული: | 8 ივლისი, 1388 |
წინამორბედი: | ენრიკე II (ნამდვილი მეფე) |
მემკვიდრე: | ხუან I (ნამდვილი მეფე) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 მარტი, 1340 |
დაბ. ადგილი: | გენტი, ფლანდრია (დღევანდელი ბელგია) |
გარდ. თარიღი: | 3 თებერვალი, 1399, (58 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლეიცესტერშირი, ინგლისის სამეფო |
მეუღლე: |
ბლანკა ლანკასტერელი (ქ. 1359 - გარდ. 1368) კონსტანსია კასტილიელი (ქ. 1371 - გარდ. 1394) კათრინ სუინფორდი (ქ. 1396) |
შვილები: |
ფილიპა, პორტუგალიის დედოფალი ელიზაბეთი, ექსტერის ჰერცოგინია ჰენრი IV, ინგლისის მეფე ჯონი, სომერსეტის ერლი კათრინი, კასტილიის დედოფალი ჰენრი, ვინჩესტერის ეპისკოპოსი თომასი, ექსტერის ჰერცოგი ჯოანი, უესტმორლენდის გრაფინია |
დინასტია: |
პლანტაგენეტები (დაბადებით) ლანკასტერები (დამაარსებელი) |
მამა: | ედუარდ III, ინგლისის მეფე |
დედა: | ფილიპა ენოელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მისი სამხედრო კარიერა ასწლიანი ომის დროს დაიწყო და კასტილიის სამოქალაქო ომში გაგრძელდა. მეორე ცოლის მემკვიდრულ უფლებებზე დაყრდნობით იგი წლები თავს კასტილიის მეფედ აცხადებდა, თუმცა საბოლოოდ ესპანელებს დაუზავდა და თავისი ქალიშვილი კათრინი კასტილიის მეფეს მიათხოვა. თავისი უფროსი ძმის, ედუარდ შავი პრინცისა და მამის დაღუპვის, შემდეგ კი ძმისწული რიჩარდ II-ის გამეფების გამო, ჯონმა ინგლისის სამეფო კარზე დიდი ძალაუფლება მოიპოვა და ახლა უკვე მას ედავებოდა ინგლისის ტახტზე. ჯონის გარდაცვალებიდან მალევე მისმა ვაჟმა, ჰენრი IV-მ მოკლა უნაყოფო მეფე რიჩარდი და ტახტი მიისაკუთრა, რითაც გამეფდა ლანკასტერების დინასტია, რომელიც 1461 წელს ჯონის ძმის, იორკის ჰერცოგის შთამომავლებმა დაამხეს.
მიუხედავად ლანკასტერთა დინასტიის შეწყდომისა, ჯონის შთამომავალი იყო ტიუდორთა დინასტიის დამაარსებელ ჰენრი VII-ის დედა, დედოფალი მარგარეტ ბეფორტი, რითაც ჯონი დიდი ბრიტანეთისა და არა მხოლოდ მისი, ასევე მრავალი ევროპული ქვეყნის მონარქის წინაპარია, მათ შორის დედოფალ ელისაბედ II-ის, მეფე კარლ XVI-ის, დედოფალ მარგრეტე II-ის, მეფე ფილიპე VI-ის, მეფე ჰარალდ V-ისა და ა.შ.
ჯონი დაიბადა 1340 წლის 6 მარტს გენტში, ფლანდრიის საგრაფოში (მაშინდელი ინგლისის სამეფო). იგი იყო ინგლისის მეფე ედუარდ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ფილიპა ენოელის შუათანა ვაჟი. დაბადებისთანავე მას რიჩმონდის გრაფის წოდება მისცეს, თუმცა 1342 წელს ეს წოდება ჩამოერთვა.
როგორც კი წამოიზარდა ძმებთან ერთად იგი აქტიურად იბრძოდა ასწლიან ომში, ფრანგების წინააღმდეგ. 1361 წელს, სიმამრის გარდაცვალების შემდეგ ჯონმა ცოლის მემკვიდრეობით მიიღო ლანკასტერის ჰერცოგობა, რითაც იგი ინგლისის ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი გახდა, რომლის მამულებსაც თითქმის მთელი ჩრდილოეთ ინგლისი წარმოადგენდა. სულ მალე, 1362 წელს გარდაიცვალა მისი ცოლის დაც, ლედი მაუდი, რითაც ასევე ჯონს დარჩა მის მფლობელობაში მყოფი ლეიცესტერის საჰერცოგოც.
აღსანიშნავია, რომ მამამისმა, მეფე ედუარდმა მას ლანკასტერისა და ლეიცესტერის ჰერცოგობა მხოლოდ 1362 წლის 13 ნოემბერს დაუმტკიცა ოფიციალურად. ამის შემდეგ მისი პოზიცია ერთობ გამყარდა და 30-მდე ციხესიმაგრე და მამული მიიღო მთელს ინგლისსა და საფრანგეთში. თავისი ცოლის მემკვიდრეობის მიღებით მას და მეფეს თითქმის ერთნაირი ქონება ჰქონდათ.
ამავე პერიოდში გარდაიცვალა მისი უფროსი ძმაც, უელსის პრინცი ედუარდი, რამაც ხელი შეუწყო ჯონის ძალაუფლების ზრდას. სულ მალე იგი მფარველად მოევლინა რეფორმატორ ჯონ უიკლიფს, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მზარდი გავლენის წინააღმდეგ გამოდიოდა, რის გამოც ხალხში ჯონ გენტელისადმი ზიზღმა მოიმატა.
ვინაიდან უელსის პრინც ედუარდსა და მეფე ედუარდს საფრანგეთში მრავალი ბრწყინვალე გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული და ინგლისში გმირების სახელი ჰქონდათ, ჯონს არ ჰქონია ასეთი სამხედრო ისტორია, რის გამოც ხალხში ამის გამოც ვერ სარგებლობდა პოპულარობით. მიუხედავად იმისა, რომ მან ესპანეთში დიდი გამარჯვება მოიპოვა ნახერას ბრძოლაში, იგი შემდეგში რამდენჯერმე მწარედ დამარცხდა, რამაც ეს ტრიუმფი მალევე გადაფარა.
ძმის დაავადებასთან ერთად, 1372 წელს ჯონი დაინიშნა აკვიტანიის გუბერნატორად, რითაც ისარგებლა და იმავე წელს თავს დაესხა კასტილიის სამეფოს. 1373 წელს მოარბია კალე და ბორდოც, ამის შემდეგ კი ბრიუგეც.
1377 წელს ედუარდ III გარდაიცვალა და ტახტი ჯონის განსვენებული ძმის ვაჟმა, მეფე რიჩარდ II-მ დაიკავა, რომლის მიმართაც იგი უნდობლად იყო განწყობილი. მისი ქმედებებიდან გამომდინარე არისტოკრატიაში გაჩნდა მოსაზრებაც, რომ ჯონს ინგლისის ტახტი თავად უნდოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ჯონს ადანაშაულებდა უელსის პრინც ედუარდის მოწამვლაში, რომელიც 1376 წელს აღესრულა. ვინაიდან მეფე რიჩარდი სულ ათი წლის იყო, ქვეყანას დედამისი, ჯონის დაქვრივებული რძალი, ჯოან კენტელი მართავდა, რომელმაც მაზლს ჩამოართვა მთელი პრივილეგიები და წარუმატებლად სცადა მისი პოლიტიკისაგან ჩამოშორება. იგი თანდათან დაუახლოვდა რიჩარდ II-ს და მისი მთავარი მრჩეველიც გახდა და ვინაიდან მას დიდი გავლენა ჰქონდა მეფეზე, ასე მართავდა ჯონი ქვეყანას.
ამავე პერიოდში ჯონ გენტელის თაოსნობით ინგლისი დაუზავდა საფრანგეთსა და შოტლანდიას, თუმცა მშვიდობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. 1384 წელს ჯონი დიდი ჯარებით შეიჭრა შოტლანდიაში, თუმცა იქ მისი მთელი ლაშქარი მიწასთან გაასწორეს, რამაც მისი პრესტიჟი ერთობ შელახა. მიუხედავად ამისა, იგი რიჩარდზე გავლენას არ კარგავდა და დაარწმუნა იგი, რომ ძალები კასტილიის სამეფოსაკენ მიემართათ. ჯონი, როგორც მეფე პედრო I-ის სიძე, კასტილიის მეფობაზე აცხადებდა პრეტენზიას და მეფე ენრიკე II-ის ძეს, მეფე ხუან I-ს ომიც გამოუცხადა.
კასტილიაში შეჭრამდე ჯონმა მის მტერთან, პორტუგალიასთან გადაწყვიტა დაახლოება. მალევე ინგლისსა და პორტუგალიას შორის გაფორმდა უინძორის ხელშეკრულება, რომლის განსამტკიცებლადაც პორტუგალიის მეფე ჟუან I-მა ცოლად ჯონის უფროსი ასული, ფილიპა შეირთო ცოლად. 1386 წელს ჯონი პორტუგალიელების დახმარებით თავს დაესხა კასტილიის სამეფოს და დაიპყრო გალისიის მხარე. იმავე დროს კასტილიაში შავი ჭირის ეპიდემია ძლიერად გავრცელდა, რამაც ხუან I მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანა. 1387 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვითაც კასტილიელები ჟუანს პორტუგალიის მეფედ სცნობდნენ (იგი მეფის უკანონო ძე იყო, ამიტომაც ესპანელები მეფედ არ აღიარებდნენ), ჯონ გენტელს კი ომისთვის გაწეულ ხარჯებს უნაზღაურებდნენ და მეტიც, მშვიდობისა და შერიგების დემონსტრირებისათვის კასტილიის მეფის უფროსი ვაჟი, პრინცი ენრიკე ცოლად ირთავდა ჯონის ქალიშვილ კათრინს. ასე დასრულდა ჯონის პრეტენზიები და ომი კასტილიის ტახტისათვის.
ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ, 1390 წელს ჯონი გიენისა და აკვიტანიის ჰერცოგი გახდა. 1392-1394 წლებში სწორედ ჯონი აწარმოებდა მოლაპარაკებებს საფრანგეთის მეფე შარლ VI-თან, 1393 წელს ჩაახშო ფრანგების აჯანყება შესირში და ასევე დართო მათ მეფეს ნება, რომ თავისი უფროსი ვაჟი დოფინად გამოეცხადებინა. იმავდროულად, ჯონის შუამავლობით, ინგლის-საფრანგეთის მშვიდობის დემონსტრირებისათვის რიჩარდ II-მ ცოლად შეირთო შარლ VI-ის ასული, იზაბელ დე ვალუა. 1397 წლიდან დაიწყო რიჩარდ II-ის ე.წ. „ტირანული მმართველობა“, რასაც ინგლისელები აგრესიულად შეხვდნენ. ჯონი ცდილობდა მეფეს დახმარებოდა და ქვეყანაში ძველი რეჟიმი აღედგინა, მაგრამ ამაოდ. შემდეგში სწორედ ჯონს მოუწია რიჩარდის წინააღმდეგ მიმართული ამბოხების ჩახშობა. იგი ამ ამბიდან მალევე, 1399 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა, 58 წლის ასაკში. მისი სახით რიჩარდს მთავარი დასაყრდენი გამოეცალა, რის გამოც იგი სულ რამდენიმე თვეში, 1399 წლის 30 სექტემბერს მოკლა ჯონის ვაჟმა, მეფე ჰენრი IV-მ და ტახტი თავად დაიკავა.
1359 წლის 19 მაისს რაიდინგის სააბატოში ჯონმა ცოლად შეირთო თავისი მესამე თაობის ბიძაშვილი ბლანკა ლანკასტერელი (1342-1368), ლანკასტერის ჰერცოგ ჰენრისა და იზაბელა ბემონტელის ასული, რომლის მემკვიდრეობითაც გახდა იგი ლანკასტერის ჰერცოგი. ისინი, ორივენი ჰენრი III-ის შთამომავლები იყვნენ. ის სიმდიდრე, რომელიც ბლანკას მზითად გაჰყვა, ჯონს მთელი თავისი ცხოვრება გაჰყვა. ბლანკა 1368 წლის 12 სექტემბერს, 26 წლის ბლანკას სიცოცხლე შავმა ჭირმა შეიწირა, რა დროსაც ჯონი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. სწორედ ბლანკასთან შეეძინა ჯონს მომავალი მეფე ჰენრი IV და ასევე პორტუგალიის დედოფალი ფილიპა.
1371 წელს დაქვრივებული ჯონი მეორედ დაქორწინდა, ამჯერად ინფანტა კონსტანსია კასტილიელზე (1354-1394), კასტილიისა და ლეონის მეფე პედრო I მრისხანესა და მისი საყვარლის, მარია დე პადილიას ასულზე. მის მემკვიდრეობიაზე დაყრდნობით, სიმამრის უძეოდ დაღუპვის შემდეგ ჯონმა პრეტენზია განაცხადა კასტილიის მეფობაზე და ტახტისთვის იბრძოდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ იგი დაუზავდა ახალ მეფეს, ენრიკე III-ს და მას ცოლად თავისი ასული კათრინი მიათხოვა, რომელთა შთამომავალიც იყო შემდეგში ინგლისის დედოფალი კატალინა არაგონელი. 1394 წელს 39-40 წლის ასაკში მყოფი კონსტანსიაც გარდაიცვალა.
1396 წელს ჯონი მესამედ და უკანასკნელად დაქორწინდა გავლენიან ინგლისელ დიდგვაროვან კათრინ სუინფორდზე (1350-1403), რომელთანაც მას კიდევ ოთხი შვილი შეეძინა. ჯონი კათრინზე ოთხი წლით ადრე დაიღუპა, თუმცა იგი აღარ გათხოვილა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.