ხვიჩა კვარაცხელია
ქართველი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ხვიჩა კვარაცხელია (დ. 12 თებერვალი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ნახევარმცველი.[1] 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2][3][4]
Remove ads
Remove ads
საკლუბო კარიერა

ადრეული კარიერა
ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში, თბილისის საფეხბურთო აკადემიის „ოლიმპიკის“ ბავშვთა გუნდში დაიწყო,[კომ. 1] სადაც მისი მწვრთნელები იყვნენ გიგლა და დათო იმნაძეები. შემდეგ თამაშობდა „ავაზაში“, სადაც მისი მწვრთნელი ანზორ ზუკაკიშვილი იყო. 2013 წლიდან კი თბილისის „დინამოს“ აკადემიის ბავშვთა და შემდეგ ახალგაზრდულ გუნდებში, სადაც მისი მწვრთნელები იყვნენ სულიკო დავითაშვილი, ლადო კაკაშვილი და სხვა სპეციალისტები.[5]
პროფესიონალური კარიერა 2017 წელს თბილისის „დინამოში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 29 სექტემბერს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ, ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე გაიმართა და ფრედ 1–1 დამთავრდა.[6][7] ხვიჩა მოედანზე 18 ნომრით შემოვიდა, როდესაც შეხვედრის 62-ე წუთზე აკაკი შულაია შეცვალა და თავის ანგარიშზე საგოლე გადაცემაც მიითვალა — 83-ე წუთზე მისი პასით ბექა ქავთარაძემ ანგარიში გაათანაბრა და „დინამო“ დამარცხებისგან იხსნა.[8]
ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონში დინამოელთა ძირითად შემადგენლობაში ხვიჩამ სულ ოთხჯერ ითამაშა, ოთხივეჯერ შეცვლაზე შემოვიდა და ერთი გოლი შეაგდო.[9][10][11]
თავის სადებიუტო სეზონში მოედანზე საერთო ჯამში 95 წუთი გაატარა. მისი მონაწილეობით გამართული ოთხი შეხვედრიდან თბილისელებმა ორი მოიგეს და ორიც ფრედ დაამთავრეს. მომდევნო წელს „რუსთავში“ გადავიდა, რომლის მაისურითაც 18 შეხვედრა ჩაატარა და სამი ბურთი გაიტანა.
მოსკოვის „ლოკომოტივი“
2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა.[12] მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 2019 წლის 10 მარტს, მაჰაჩყალის „ანჟის“ წინააღმდეგ შედგა, როდესაც შეხვედრის 86-ე წუთზე ჯეფერსონ ფარფანი შეცვალა.[13]
ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი იმავე წლის 10 მაისს გაიტანა. მოსკოვის „ლოკომოტივმა“ შინ ყაზანის „რუბინი“ მიიღო და ანგარიშით 4–0 დაამარცხა. კვარაცხელია მოედანზე 78-ე წუთზე ალექსეი მირანჩუკის ნაცვლად გამოჩნდა, გოლი კი მისი ძმის, ანტონ მირანჩუკის გადაცემით გაიტანა. მეკარესთან პირისპირ გასულმა ქართველმა თავდამსხმელმა „რუბინის“ მეკარეს ბურთი ფეხებში გაუძვრინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.[14][15]
2019 წლის 1 ივლისს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კვარაცხელიას „ლოკომოტივის“ დატოვება მოუწია.[16] კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ხვიჩას გუნდიდან წასვლის და „რუსთავისგან“ არგამოსყიდვის გამო.[17]
ყაზანის „რუბინი“
2019 წლის 6 ივლისს, კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[18] 2019 წლის 15 ივლისს, მან ყოფილ კლუბს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ გაუტანა, ხოლო მომდევნო გოლი „რუბინის“ მაისურით, 2019 წლის 30 ნოემბერს, გროზნოს „ახმატის“ კარში შეაგდო. 2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული „გალათასარაი“ მზად იყო მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
კვარაცხელია 2020 წლის აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში გულშემატკივრებმა ზედიზედ სამჯერ დაასახელეს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად.[19] 2020 წელს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2021 წლის აპრილში კვლავ დაასახელეს გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად.
2021 წლის დასაწყისში L'Equipe-მა გამოაქვეყნა XXI საუკუნეში დაბადებული 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია, რომელშიც ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი იყო.[20]
ბათუმის „დინამო“
2022 წლის 7 მარტს ფიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთში მყოფ ლეგიონერებს შეეძლოთ ცალმხრივად გაეწყვიტათ კონტრაქტები და უფლება ეძლეოდათ რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ კლუბებს 2022 წლის 30 ივნისამდე შეერთებოდნენ.[21] 2022 წლის 24 მარტს ყაზანის „რუბინის“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ და კლუბმა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღეს მათ შორის არსებული კონტრაქტის შეჩერების შესახებ.[22] ამავე დღეს ის ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა.
კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოს“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ამასთან ერთად, ივნისის ბოლოს ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.[23]
„ნაპოლი“
2022 წლის 1 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 10–12 მილიონი ევრო შეადგინა.[24] მისი დებიუტი სერია A-ში 15 აგვისტოს, პირველივე ტურის გასვლით შეხვედრაში, ვერონას „სტადიო მარკანტონიო ბენტეგოდიზე“ „ელას ვერონას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა პირველი ბურთი საკუთარ კარში მიიღეს, შეხვედრის დარჩენილი პერიოდი აღმავლობით ჩაატარეს და მასპინძლებს დიდი ანგარიშით (5–2) მოუგეს.[25] 21 აგვისტოს „მონცასთან“ მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, ხოლო ნაპოლიმ „მონცა“ ანგარიშით 4–0 დაამარცხა.[26]

3 სექტემბერს კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაუტანა „ლაციოს“ (2–1). 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით იგი სერია A-ს ბომბარდირთა სათავეში მოექცა. შედეგად, კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[27][კომ. 2]
სერია A-ს მე-7 ტურში „ნაპოლი“ „სან სიროზე“ მოქმედ ჩემპიონს „მილანს“ დაუპირისპირდა და 2–1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში იყო 0–0, ხვიჩამ „ნაპოლის“ სასარგებლოდ პენალტი მოიპოვა, რომელიც მატეო პოლიტანომ უშეცდომოდ შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „მილანთან“ გამარჯვების შემდეგ სპალეტის გუნდი 17 ქულით „ატალანტასთან“ ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 7 სექტემბერს „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამოვიდა მოედანზე. შეხვედრა ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მას 51 793 მაყურებელი დაესწრო. მასპინძლებმა იურგენ კლოპის გუნდი ანგარიშით 4–1 დაამარცხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი საგოლე პასი მიითვალა თავის აქტივში, როდესაც ორი ლივერპულელი მისთვის ჩვეულ სტილში ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა და მეტოქის კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ჯოვანი სიმეონემ მისი გადაცემა გოლად გარდასახა.[28]
4 ოქტომბერს „ნაპოლის“ მაისურით მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ეს მოხდა ამსტერდამის „აიაქსთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში, რომელიც ნეაპოლელებმა დიდი ანგარიშით 6–1 მოიგეს.[29] თავისი მეორე გოლი ამავე ტურნირზე 12 ოქტომბერს კვლავ „აიაქსის“ კარში, ამჯერად ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გამართულ მატჩში, თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. შეხვედრა კვლავ ნეაპოლელთა გამარჯვებით 4–2 დამთავრდა.[30] მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კი ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა.[31][32][33][34] ამ გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელებმა ტურნირის მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმეს.[35]

სერია A-ს მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „ბოლონიას“ წინააღმდეგ მორიგი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და ნეაპოლელთა გამარჯვებით 3–2 დასრულდა.[36][37] კვარაცხელიამ 69-ე წუთზე კონტრშეტევაზე შესანიშნავად ითამაშა — საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ვიქტორ ოსიმენი, რომელმაც მისი საგოლე გადაცემა გოლად გარდასახა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.[38] შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა იტალიური და ევროპული გამოცემების მაღალი შეფასება დაიმსახურა.[39][40]
ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა 23 ოქტომბერს, რომში, სერია A-ს მე-11 ტურის პრინციპულ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს „რომას“ წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მოიაზრებოდა და რომელიც სტუმრებმა ვიქტორ ოსიმენის გოლით 1–0 მოიგეს,[41][42] La Gazzetta dello Sport-მა სპალეტის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასა.[43] „რომასთან“, „სტადიო ოლიმპიკოზე“ შეკრებილი მაყურებლის თვალწინ მიღწეული გამარჯვებით „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში წაუგებელი სვლა განაგრძო და 29 ქულით გათამაშების ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.[44] ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-11 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით.[45] აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ასეთი შთამბეჭდავი მაჩვენებელი „ნაპოლის“ 1986 წლის შემდეგ არ ჰქონია.[46][კომ. 3][კომ. 4]
29 ოქტომბერს, სერია A-ს მე-12 ტურის საშინაო მატჩში „სასუოლოს“ წინააღმდეგ, რომელიც მასპინძლებმა 4–0 მოიგეს, ხვიჩა კვარაცხელიამ ორი საგოლე გადაცემით ჯერ ვიქტორ ოსიმენს შეასრულებინა დუბლი, ხოლო შემდეგ მარიო რუის საგოლე გადაცემა თავად გარდასახა გოლად.[47][48] ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-13 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით, რაც სარეკორდო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში.[კომ. 5]
2023 წლის 13 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა „ნაპოლიმ“ შინ, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი „იუვენტუსი“ მიიღო, დიდი ანგარიშით 5–1 დაამარცხა და მათ შორის სხვაობა ათ ქულამდე გაზარდა.[49] ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძელთა მიერ გატანილი ხუთი გოლიდან ოთხში მიიღო მონაწილეობა. პირველი ბურთი სტუმართა კარში კვარაცხელიას ეფექტური დარტყმის შემდეგ, რომელიც ტურინელთა მეკარე შჩესნიმ მოიგერია, ოსიმენმა დასწრებაზე თამაშის დროს თავით გაიტანა. მეორე ბურთი ოსიმენის პასით თავად ხვიჩამ შეაგდო. მესამედ „იუვენტუსის“ კარი ხვიჩას მოწოდებული კუთხურის შემდეგ ნეაპოლელთა მცველმა ამირ რაჰმანიმ აიღო, ხოლო მეოთხე გოლი კვლავ ხვიჩას საგოლე გადაცემის შემდეგ ისევ ვიქტორ ოსიმენის ზუსტი თავური დარტყმის შედეგად გავიდა.[50][51] კვარაცხელიამ შეხვედრის დასრულებისას ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.[52]

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დასახელდა (პირველად აგვისტოში). თებერვალში, „ნაპოლიმ“ სერია A-ში 4 მატჩი გამართა და ოთხივე მოიგო. კვარაცხელიამ 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან „სპეციას“, „კრემონეზესა“ და „სასუოლოს“ კარი აიღო, საგოლე პასი კი „სპეციასთან“ შეასრულა.
„ნაპოლიმ“ სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრა „უდინეზესთან“ სტუმრად, უდინეს „დაჩია არენაზე“ 4 მაისს გამართა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1–1 დასრულდა. ნეაპოლელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. ეს კლუბის ისტორიაში მესამე საჩემპიონო ტიტულია. მას შემდეგ, რაც კლუბმა დიეგო მარადონას თავკაცობით 1987 და 1990 წლებში სკუდეტო ორჯერ მოიგო, ნეაპოლელებისთვის ეს პირველი დიდი მიღწევაა 33 წლის შემდეგ.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 34 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა 12 გოლი, 10 საგოლე პასი და 4 გამომუშავებული პენალტი.[54] ხოლო საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში — 14 გოლი, 14 საგოლე გადაცემა და 5 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი 9 მატჩში — 2 გოლი, 4 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი.[55][56][57]
2023 წლის 2 ივნისს ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სერია A-ს აღმასრულებელი დირექტორის ლუიჯი დე სიერვოს შეფასებით ხვიჩა კვარაცხელიას გავლენა ლიგაზე შთამბეჭდავი იყო. მან მიულოცა „ნაპოლის“ ამ ნიჭიერი ფეხბურთელის იტალიაში ჩამოყვანა, რომელმაც პიროვნულ თვისებებთან ერთად პირველივე მატჩებიდან აჩვენა თავისი ტექნიკური შესაძლებლობები, შემოქმედებითობა, დრიბლინგი და 12 გატანილი გოლით და 10 საგოლე გადაცემით იქცა კლუბის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ, რომელმაც საბოლოოდ გუნდს სკუდეტო მოაგებინა და ამით ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრისა და ლამაზი ფეხბურთის მოყვარულის ოცნება აასრულა.[58]
2023 წლის 27 სექტემბერს, კვარაცხელიამ „უდინეზეს“ გაუტანა (4–1), რითაც დასრულდა მისი ექვსთვიანი უგოლო სერია. ამავე მატჩში მან საგოლე გადაცემა შეასრულა და პენალტიც მოიპოვა.[59] 21 ოქტომბერს ასევე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, როდესაც „ნაპოლიმ“ „ვერონა“ გასვლაზე (3–1) დაამარცხა —კვარაცხელიამ ამ მატჩში დუბლი შეასრულა.[60]
ქართველი ფეხბურთელის მიერ იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში, „ფიორენტინას“ კარში გატანილი გოლი მაისის თვის საუკეთესოდ დასახელდა.[61]
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს 2023–24 წლების სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ასევე ორჯერ პენალტი მოიპოვა, მისმა გუნდმა კი სატურნირო ცხრილში 53 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.
„ნაპოლიმ“ სერია A-ს 2024–25 წლების სეზონის მეორე ტურში „ბოლონიას“ უმასპინძლა და 3–0 დაამარცხა. კვარაცხელიამ ამ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა — მისი გადაცემით ანგარიში ნეაპოლელთა კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა, 75-ე წუთზე კი თავადაც შეძლო მეტოქის კარის აღება. ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ახალ სეზონში „სტადიო მარადონაზე“ გამართული პირველივე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.[62][63]
2024 წლის 10 ოქტომბერს კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშედ მეოთხედ დასახელდა, რითაც პაულო დიბალას რეკორდი გაიმეორა.[64] 2025 წლის 16 იანვარს, კვარაცხელიამ სოციალური ქსელის საშუალებით გამოაცხადა „ნაპოლიდან“ წასვლის შესახებ და კლუბს დაემშვიდობა.[65] კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„პარი სენ-ჟერმენი“
2025 წლის 17 იანვარს „პარი სენ-ჟერმენმა“ კვარაცხელიასთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა, რითიც იგი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში.[66]
პირველად ფრანგული კლუბის მაისურით იმავე წლის 25 იანვარს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „რეიმსი“ დაუპირისპირდნენ, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართა და ფრედ 1–1 დამთავრდა.[67][68][69] ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 82 წუთი ითამაშა. პირველივე შეხვედრაში კვარაცხელიამ თავის აქტივში საგოლე გადაცემა მიითვალა, შეხვედრის 47-ე წუთზე იგი მეტოქე გუნდის სამ მცველს გასცდა და ბურთი დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ უსმან დემბელეს გადასცა, რომელმაც „რეიმსის“ კარი აიღო. „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელის დებიუტი პოზიტიურად შეაფასა.[70][71] მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პარიზულ გრანდში დებიუტითა და პირველი ასისტით მოხარულია და შემდეგში კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას გაიღებს, რათა თავის კლუბს გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმაროს.[72]
პირველი გოლი პარიზელთა რიგებში 7 თებერვალს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის შეხვედრაში გაიტანა. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „მონაკო“ დაუპირისპირდნენ, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა.[73] შეხვედრის 54-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ახლოს მიიღო ბრედლი ბარკოლას გადაცემა, კარის წინ დარჩენილმა მცველი და მეკარე ეფექტურად დააწვინა და ზუსტი დარტყმით პირველი გოლი ჩაიწერა აქტივში.[74]
2025 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელია „ლიონი“-„პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
2025 წლის 5 აპრილს საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში პარიზელებმა, რომელთაც ჩემპიონობის გასაფორმებლად ქულაც ჰყოფნიდათ „ანჟეს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით 1–0 დაამარცხეს მეტოქე. გამარჯვების მომტანი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ დეზირე დუემ შეაგდო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ეს მატჩი შეუცვლელად ითამაშა — საუკეთესოდ დაასახელა.[75] ამ დროისთვის მის ანგარიშზე პარიზული გუნდის მაისურით ყველა ტურნირის ფარგლებში ჩატარებულ 16 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.[76] ამრიგად, „პარი სენ-ჟერმენმა“ სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე საფრანგეთის ჩემპიონობა მეცამეტედ მოიპოვა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ტოპ 5 ლიგიდან ორის — იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.[77][78]
2025 წლის 9 აპრილს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 3–1 გაიმარჯვა. კვარაცხელიამ მთელი მატჩი აღმავლობით ჩაატარა, ხოლო შეხვედრის 49-ე წუთზე ემილიანო მარტინესის კარში გამორჩეული სილამაზის გოლიც გაიტანა, რითაც პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლის გატანა შეძლო.[79] შედეგად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და უეფა-ს სპეციალური ჯილდო გადასცეს. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ორმა ანალიტიკურმა პორტალმა — Whoscored-მა და Sofascore-მა, რომელთაც ფრანგული გრანდის ქართველი შემტევი ასევე, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.[80]
2025 წლის 7 მაისს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2–1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა.[81] კვარაცხელიამ მთელი მატჩი ამჯერადაც აღმავლობით ჩაატარა და შედეგად ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა, — რჩეულები უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.[82]
2025 წლის 17 მაისს საფრანგეთის ლიგა 1-ის 34-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერის“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა და საფრანგეთში გადასვლის შემდეგ თავის ანგარიშზე პირველი დუბლი მიითვალა. პარიზელებმა 3–1 მოიგეს, თუმცა შესვენებამდე სტუმრები წინ იყვნენ — 1–0. მეორე ტაიმის 59-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ ანგარიში გაათაბრა, ხოლო 87-ე წუთზე გატანილი გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.[83]
Remove ads
სანაკრებო კარიერა
2016 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 7 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. კვარაცხელიამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.[84] ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც კვარაცხელიამ 2019 წელს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.
თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 2020 წლის 14 ოქტომბერს გაიტანა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. სულ 2020 წელს კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრების მაისურით ოთხ შეხვედრაში ითამაშა.
2021 წელს კვარაცხელიამ ნაკრებში 7 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ერთი ამხანაგური უზბეკეთის ნაკრებთან, ხოლო 6 მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლიდან, რომლის ფარგლებშიც 4 გოლი შეაგდო. პირველად 2021 წლის 28 მარტს მან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა, 31 მარტს კი საბერძნეთის ნაკრების კარი აიღო, ხოლო 11 ნოემბერს შვედეთის ეროვნულ ნაკრებს დუბლი შეუსრულა.
მომდევნო 2022 წელს, წინა წლის მსგავსად, კვლავ შვიდ სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ ერთი იყო ამხანაგური — ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია. ივნისის სანაკრებო პაუზის დროს, ხვიჩა კვარაცხელიამ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ორი პენალტი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შემტევი კი ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკურმა კომპანია Sofascore-მა უეფას ერთა ლიგის 2022–23 წლების სეზონის საწყისი 4 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.[85][86]
საერთო ჯამში, უეფას ერთა ლიგის ფარგლებში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში მან ხუთჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. აქედან ორ-ორჯერ გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას გაუტანა და ერთიც ბულგარეთს. აღსანიშნავია, რომ ამ 6 მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა 5 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ.
2022 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლოსწინა ტურში თბილისის „დინამო არენაზე“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში, ჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა და B დივიზიონის საგზურიც მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ C4 ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველი გოლის გატანაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა, ხოლო მეორე კი ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავი გადაცემით თავად გაიტანა. ამასთან ერთად, 21 წლის ქართველი შემტევი ტურნირის ოთხივე დივიზიონში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ საერთაშორისო ანალიტიკურ ინტერნეტ-პორტალ „სოფასქორის“ რეიტინგით ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულში დასახელდა.[87][88]
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მიღწეულ ამ წარმატებაში ფეხბურთის სპეციალისტთა საყოველთაო შეფასებით, თანაგუნდელებთან ერთად — კვარაცხელიამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.[89]
Remove ads
საკლუბო სტატისტიკა
- განახლდა: 17 მაისი, 2025
- უეფა-ს კონფერენს ლიგის მატჩები
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩები
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩები
- იტალიის სუპერთასის მატჩები
- საფრანგეთის თასის მატჩები
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩები
სანაკრებო სტატისტიკა
- განახლდა: 23 მარტი, 2025
სანაკრებო მატჩები და გოლები
- საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვა.
Remove ads
ოჯახი
ხვიჩა კვარაცხელია მაკა ლუკავას და თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის, ბადრი კვარაცხელიას ვაჟია. თბილისის „დინამოს“ გარდა ბადრი კვარაცხელია ასევე თამაშობდა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებში. მის მიღწევებს შორის აღსანიშნავია 1993 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში მოპოვებული საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ამას გარდა ოთხჯერ მოიპოვა აზერბაიჯანის ჩემპიონობა და ერთხელ აზერბაიჯანის თასი. 2000 წელს ბადრი კვარაცხელია აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ამავე წელს 3 მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში.[136] სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთის მწვრთნელად განაგრძო მუშაობა, რა დროსაც სათავეში ედგა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებს, მათ შორის „გურიას“, „სამტრედიას“, „რუსთავს“, „გაბალას“ და სხვ.[137][138][139]
2023 წლის 16 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში ჯვარი დაიწერეს.[140][141][142] 2024 წლის 21 აგვისტოს კი მათი პირველი შვილი დამიანე დაიბადა.[143]
Remove ads
მიღწევები
საკლუბო
- რუსეთის თასი: 2018–19[144]
- რუსეთის ვიცე-ჩემპიონი: 2018–19
- სერია A: 2022–23,[145] 2024–25
- იტალიის სუპერთასის ფინალისტი: 2024
- საფრანგეთის ლიგა 1: 2024–25
ინდივიდუალური
- რუსეთის პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2019–20, 2020–21
- რუსეთის პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მარცხენა ნახევარმცველი: 2020–21
- საქართველოს წლის ფეხბურთელი: 2020, 2021, 2022, 2023[146][147][148]
- საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი: 2023[149]
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე: 2022–23[150][151]
- სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი: აგვისტო 2022,[152][153] თებერვალი 2023,[154] მარტი 2023,[155] სექტემბერი 2024[156]
- სერია A-ს თვის საუკეთესო გოლის ავტორი: მარტი 2023[157]
- სერია A-ს წლის საუკეთესო გოლის ავტორი: 2023
- სერია A-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი The Athletic-ის ვერსიით: 2022–23[158][159]
- სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2022–23[58][160]
- სერია A-ს სეზონის გუნდის წევრი: 2022–23[161]
- სერია A-ს საუკეთესო საგოლე გადაცემების ავტორი: 2022–23[162]
- სერია A-ს თვის საუკეთესო გოლის ავტორი: მაისი 2024[163]
Remove ads
ჯილდოები
- ღირსების ორდენი: 2024[164]
ფაქტები
2022 წლის 3 ნოემბერს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის The Sun-ის მიერ შედგენილ ტურნირზე გარღვევის მომხდენ ფეხბურთელეთა სიმბოლურ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.[165][166]
2022 წლის 18 ნოემბერს, ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 37-ე ადგილზე დაასახელა.[167]
ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ კომენტარი გააკეთა სერიას A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელიას დასახელებასთან დაკავშირებით: „ვეთანხმები არჩევანს! ხვიჩა კვარაცხელია სრულიად დამსახურებულად გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი“, — უთხრა კაპელომ Championat.com-ს.[168]
კვარაცხელიამ MVP-ის ტიტული ასევე მოიპოვა თამაშის დროს საუკეთესო ვარიანტების არჩევის უნარით (94.8%), შეტევაში აგრესიულობით (95.3%) და ტექნიკური ეფექტურობით (94.8%). MVP ნომინანტები და გამარჯვებულები, ფაქტობრივად, ზუსტი პარამეტრების საფუძველზე შეირჩა, როგორიცაა Stats Perform-ის (სტატისტიკურ-ანალიტიკური პროგრამა) ანალიზი, რომელიც დაფიქსირებულია Hawk-Eye სისტემის თვალთვალის მონაცემებიდან.[169]
2023 წლის 19 ნოემბერს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში გატანილი გოლით ხვიჩა კვარაცხელია პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ზედიზედ 4 მატჩში შეძლო მეტოქეთა კარის აღება.
2022–23 წლების სეზონის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს. გამოკითხვაში მონაწილე 85-დან 84-მა სპორტულმა ჟურნალისტმა იგი პირველ პოზიციაზე დაასახელა, საერთო ჯამში კი 254 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ გიორგი მიქაუტაძეს 124 ქულით გაუსწრო. რაც შეეხება მესამეადგილოსანს, ის გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც 99 ქულა დააგროვა.
ხვიჩა კვარაცხელიას მიერ 2022–23 წლების სეზონის სერია A-ს 26-ე ტურში, 11 მარტს „ატალანტას“ კარში გატანილი ბურთი იტალიის სერია A-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს. კვარაცხელიას ჯილდო იტალიის წლის ტრადიციულ საფეხბურთო დაჯილდოებაზე გადასცეს, რომელიც მილანში გაიმართა.[170]
2024 წლის თებერვალში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ფეხბურთელი მანამდე სულ სამჯერ იყო დასახელებული — სლავა მეტრეველი 1964 წელს, პირველი გამოკითხვის გამარჯვებული გახდა, 1967 წელს — მურთაზ ხურცილავა, ხოლო 1981 წელს — რამაზ შენგელია.
სოციალურ ქსელებში გამოკითხვის შედეგად, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა 2024 წლის აგვისტოს თვის გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
2025 წლის 9 აპრილს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში კვარაცხელიამ პსჟ-ს „ასტონ ვილასთან“ მოაგებინა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლი გაიტანა.
Remove ads
ლიტერატურა
- კეკელიძე, გიორგი, ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი, თბ.: არტანუჯი, 2023.
- კინწურაშვილი, ტარიელ, კვარას იტალიური გაზაფხული, თბ., 2023.
- Striker, Ethan, Kvaratskhelia Unleashed, 2023, ISBN 9798872445517.
რესურსები ინტერნეტში
- ხვიჩა კვარაცხელია — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
- ხვიჩა კვარაცხელია — „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ საიტზე
- ხვიჩა კვარაცხელია — საფრანგეთის ლიგა 1-ს ოფიციალურ საიტზე
- ხვიჩა კვარაცხელია — უეფას ჩანაწერი
- ხვიჩა კვარაცხელია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ხვიჩა კვარაცხელია — ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე
კომენტარები
- საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკის“ დამფუძნებელია თბილისის „დინამოს“ ყოფილი მეკარე კარლო მჭედლიძე.
- კვარაცხელიამ სერია A-ს თვის ფეხბურთელის ნომინანტებს შორის ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, გაასწრო ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან — პაულო დიბალა („რომა“), ტიონ კოპმეინერსი („ატალანტა“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), დუშან ვლახოვიჩი („იუვენტუსი“) და სერია A-ს აგვისტოს თვის ფეხბურთელისათვის დაწესებული ჯილდო მიიღო.
- Salvatore Malfitano. Spalletti: "Tante trappole, l'abbiamo interpretata benissimo. Mou? Non rispondo" ციტატა: „Si tratta dell’undicesima vittoria di fila in tutte le competizioni, come non accadeva dal 1986 quando però la striscia si era sviluppata su due stagioni diverse.“ // La Gazzetta dello Sport, 23 Ottobre 2022.
- Roma - Napoli: 0-1 - Serie A 2022/2023. Risultato finale e commento alla partita ციტატა: „Il Napoli ha vinto tutte le ultime 10 partite tra Serie A e Champions League, solo una volta i partenopei hanno ottenuto 11 successi di fila nella loro storia in tutte le competizioni dal 1929/30: tra aprile e settembre 1986 con Ottavio Bianchi in panchina.“ // Virgilio Sport, 23 Ottobre 2022.
- ამ თამაშამდე სამი დღით ადრე, 26 ოქტომბერს, ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გლაზგოს „რეინჯერსი“ 3–0 დაამარცხეს.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads