From Wikipedia, the free encyclopedia
იურგენ ნორბეტ კლოპი (გერმ. Jürgen Klopp [jʊp haɪnkəs]; გერმანული წარმოთქმა: [ˈjʏʁɡn̩ ˈklɔp] ( მოსმენა); დ.16 ივნისი 1967) — გერმანელი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. ბოლოს წვრთნიდა ინგლისის პრემიერლიგის კლუბ ლივერპულს. იგი ხშირად განიხილება, როგორც მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი.[2][3][4][5]
კლოპი 2019 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი |
Jürgen Norbert Klopp იურგენ ნორბერტ კლოპი | ||
დაბადების თარიღი | 16 ივნისი, 1967 | ||
დაბადების ადგილი | შტუტგარტი, დასავლეთ გერმანია | ||
სიმაღლე | 194 სმ.[1] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი / მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1975–1983 | SV Glatten | ||
1983–1989 | TuS Ergenzingen | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1989–2001 | მაინცი | 338 | (52) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2001–2008 | მაინცი | ||
2008–2015 | ბორუსია დორტმუნდი | ||
2015–2024 | ლივერპული | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კლოპმა ითამაშა „მაინცი 05“-ის შემადგენლობაში, სადაც პროფესიონალ ფეხბურთელის კარიერა დაიწყო თავდამსხმელად, ხოლო შემდგომ მცველის პოზციაზე გადაინაცვლა. 2001 წელს კლოპმა დაასრულა ფეხბურთელობა და დაიწყო მაინცის გაწვრთნა, 2004 წელს კლუბი აღზევდა ბუნდესლიგაში. 2006–07 სეზონში „მაინცი“ ბუნდესლიგიდან დაქვეითდა, მეორე დივიზიონიდან ვერ ამოსვლის შემდეგ 2008 წელს კლოპმა „მაინცი“ დატოვა და გახდა კლუბის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მწვრთნელი. შემდგომ იყო „ბორუსია დორტმუნდი“, სადაც ბუნდესლიგის ტიტული მოიგო 2010–11 სეზონში. მომდევნო წელს „დორტმუნდმა“ დუბლი შეასრულა და ბუნდესლიგის ქულების რეკორდი მოხსნა. კლოპის გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012–13 ფინალში გავიდა. 2015 წელს გერმანელმა სპეციალისტმა დორტმუნდი დატოვა.
2015 წელს კლოპი „ლივერპულის“ მწვრთნელად დაინიშნა. 2018 და 2019 წელს „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, 2019 წელს გამარჯვებით „ლივერპული“ მეექვსედ გახდა ევროპის ჩემპიონი. კლოპის გუნდმა 2018–19 სეზონში მეორე ადგილი დაიკავა 97 ქულით, რაც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მეორე ადგილისთვის უმაღლესი ქულაა. მომდევნო სეზონში კლოპმა მოიგო უეფა-ს სუპერთასი და „ლივერპულის“ პირველი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და პრემიერლიგა.[6][7]
კლოპი არის გეგენპრესინგის ტაქტიკის ცნობილი წარმომადგენელი, რაც გულისხმობს შემდეგს, გუნდი ბურთის დაკარგვის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს მის უკან დასაბრუნებლად. პრესინგის და შეტევის სიმწვავის გამო ხშირად კლოპის სტილს მოიხსენიებენ, როგორც 'მძიმე მეტალი'. კლოპი მიიჩნევს, რომ მასზე მთავარი გაავლენა არიგო საკიმ და მაინცის მწვრთნელმა ვოლფგანგ ფრანკიმ მოახდინა.
დაიბადა შტუტგარტში,[8] ბადენ-ვიურტემბერგის ადმინისტრაციულ ცენტრში, მამამისი ნორბერტ კლოპი იყო მოგზაური გამყიდველი და ყოფილი მეკარე,[9][10][11] კლოპი გაიზარდა შვარცვალდის პატარა სოფელ გლატენში ორ უფროს დასთან ერთად.[8][11][12] ფეხბურთელის კარიერა დაიწყო ადგილობრივ კლუბ გლატენში, მოგვიანებით თამაშობდა ტუს ერგენზინგენში.[11] მოზარდობის პერიოდში იყო პფორცჰაიმი და ფრანკფურტის კლუბები: „აინტრახტი ფრანკფურტი II“, „ვიქტორია სინდლინგენი“ და „როტ უეის ფრანკპურტი“.[13] იურგენს ფეხბურთი მამამ გააცნო, ის ბავშვობაში „შტუტგარტის“ გულშემატკივარი გახდა.[11][14] ახალგაზრდობისას კლოპს ექიმობა სურდა, თუმცა თავის შესაძლებობებში არ იყო დარწმუნებული. მოგვიანებით კლოპმა ეს პერიოდზე გაიხსენა „როდესაც გადმომცეს ა დონის სერთიფიკატი, ჩემმა სკოლის დირექტორმა მითხრა 'ვიმედოვნებ რომ ეს ფეხბურთელისთვის კარგია, სხვა შემთხვევისთვის არც ისე კარგად გამოიყურება'“.[15]
მოყვარული ფეხბურთელობის პარალელურად კლოპი მუშაობდა ვიდეოების მაღაზიაში და პარალელურად სატვირთო ავტომობილებში აწყობდა ტვირთებს.[14] 1988 წელს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში სწავლის დროს თამაშობდა „აინტრახტ ფრანკფურტის“ არაპროფესიონალ ფეხბურთელების გუნდში და წვრთნიდა „ფრანკპურტ დ-ჯუნიორს“.[16] 1990 წლის ზაფხულში კლოპმა კონტრაქტი გააფორმა „მაინც 05“-თან,[11][17] სადაც გაატარა პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა 2001 წლამდე.[18] კლოპმა თავდაპირველად დაიწყო თავდამსხმელად თამაში, 1995 წლიდან მცველის პოზციაზე გადაინაცვლა.[11][19] ამავე წელს გოეთეს ინსტიტუტში სპორტის მეცნიერებაში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა, თეზისი ეხებოდა სიარულს.[20] კარიერის დასრულების დროს კლოპი „მაინც 05“-ის საუკეთესო გოლეადორი იყო 56 გატანილი გოლით,[14] აქედან 52 ლიგაზე.[18]
კლოპმა აღიარა, რომ როგორც მწვრთნელი თავს უფრო კომფორტულად გრძნობდა „მე მეოთხე დივიზიონის ფეხები მქონდა და პირველი დივიზიონის თავი“.[19][21] ასევე გაიხსენა მისი დაპირისპირება „აინტრახტი ფრანკფურტის“ ფეხბურთელთან ანდრეას მელერთან და აღწერა თუ რას ფიქრობდა 19 წლის ასაკში „თუ ესაა ფეხბურთი მე აბსოლუტურად განსხვავებულად ვთამაშობ. ის მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, მე კი კლასიც არ ვარ“.[22] ფეხბურთელი კლოპი ყურადღებით აკვირდებოდა მწვრთნელების საქმიანობას, სწავლის პარალელურად ყოველკვირეულად დადიოდა კელნში რათა ერიხ რუტმიოლერთან შეესწავლა ეს პროფესია და აეღო საფეხბურთო მწვეთნელის ლიცენზია.[14]
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ კლოპი „მაინცის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, 2001 წლის 27 თებერვალს მან შეცვალა ეკჰარტ კრაუტსენი, ამ დროს „მაინცი“ მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობდა.[23][24] დანიშვნიდან მეორე დღეს კლოპის ხელმძღვანელობით „მაინც 05“-მა სახლში 1–0 მოუგო „დუისბურგს.“[11][25][26] კლოპმა პირველი შვიდი თამაშიდან ექვსი მოიგო და საბოლოოდ სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა და რამდენიმე ქულა აშორებდა გასავარდნ ზონას.[27] პირველ სრულ სეზონში კლოპის გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა უმაღლეს ჩემპიონატში დაწინაურებას, სწორედ ამ პერიოდში გამოიყენა გერმანელმა სპეციალისტმა პრესინგის და კონტრ-პრესინგის ტაქტიკა პირველად. მომდევნო 2002–2003 სეზონში კვლავ მეოთხე ადგილს დასჯერდა, მესამე ადგილოსანთან მხოლოდ ერთ გოლი იყო სხვაობა.[11] ორწლიანი იმედგაცრუების შემდეგ 2003–2004 სეზონში „მაინცმა“ მესამე ადგილი დაიკავა და პირველად არსებობის ისტორიაში გერმანიის უმაღლეს ჩემპიონატ ბუნდესლიგაში აღზევდა.[11][28]
მიუხედავად იმისა, რომ მაინცს ყველაზე მცირე ბიუჯეტი ჰქონდა და სტადიონის ტევადობითაც ბუნდესლიგის ყველა კლუბს ჩამორჩებოდა, სადებიუტო 2004–05 სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. კლოპის გუნდმა მომდევნო 2005–06 სეზონი კვლავ მე-11 ადგილზე დაასრულა და პირველად „მაინცი“ უეფას თასის 2005–2006 სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა, სადაც „სევილიასთან“ დამარცხდა.[27] 2006–07 სეზონის ბოლოს „მაინცი“ ბუნდესლიგიდან გავარდა.[29] მიუხედავად დაქვეითებისა კლოპმა მომდევნო სეზონი კვლავ „მაინცში“ გაატარა, 2007–08 სეზონის ბოლოს „მაინცმა“ მეოთხე ადგილზე დაასრულა და იურგენმა კლუბი დატოვა.[30] ის კლუბისთვის ისტორიაში ყველაზე დიდხნიანი მწვრთნელი იყო, შვიდწლიან პერიოდში იყო 109 მოგება, 78 ფრე და 83 წაგება.[31]
2008 წლის მაისში კლოპი „ბორუსია დორტმუნდის“ მწვრთნელი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ჩემპიონ „მიუნხენის ბაიერნს“ ინტერესი ჰქონდა კლოპისადმი, მან არჩევანი „დორტმუნდზე“ შეაჩერა,[14] კლოპის წინამორბედის თომას დოლის ბოლო სეზონში „დორტმუნდ“ი მე-13 ადგილზე იყო.[32][33][34] კლოპის პირველი მატჩი შედგა გერმანიის საფეხბურთო თასზე 2008 წლის 9 აგვისტოს, სადაც „დორტმუნდომა“ 3–1 დაამარცხა „როტ უაისი“.[35] 2008 წლის თასის ფინალში „ბაიერნის“ დამარცხებით კლოპმა პირველი ტიტული მოიგო.[36] პირველ სეზონში კლუბი მეექვსე ადგილზე გავიდა.[37] მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გუნდი ლიგაზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით გამოდიოდა, მომდევნო სეზონში „დორტმუნდმა“ მეხუთე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის უფლება მიიღო.[14][38]
2010–11 ბუნდესლიგის პირველი მატჩი კლოპის გუნდმა 2–0 წააგო „ლევერკუზენის ბაიერთან“, მომდევნო თოთხმეტი თამაში ბორუსიამ მოიგო და შობას ცხრილის სათავეში მოექცა.[14] ამ სეზონში „დორტმუნდი“ გერმანიის ჩემპიონი გახდა მეშვიდედ, 2011 წლის 30 აპრილს ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი კვირით ადრე „დორტმუნდი“ ოფიციალურად ჩემპიონად გამოცხადდა.[39][40][41] კლოპის გუნდი ყველაზე ახალგაზრდული იყო ვისაც ოდესმე ბუნდესლიგა მოუგია.[14] მომდევნო წელს ბორუსიამ წამატებით დაიცვა ტიტული.[42][43][44] სულ 81 ქულა დააგროვეს,[45] რაც გერმანიის ჩემპიონატში იმ დროს რეკორდი იყო, ასევე რეკორდული იყო ტურნირის მეორე წრეზე 47 ქულის მოპოვება.[46] ლიგაზე 25 მატჩის მოგება იყო „ბაიერნის“ მიღწევის გამეორება, 28 მატჩიანი წაუგებელი სერია კი გერმანიის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი.[47] 2011 წლის საფეხბურთო თასზე დორტმუნდი „შალკე 04-თან“ დამარცხდა.[48] 2012 წლის 12 მაისს სუპერთასზე „დორტმუნდმა“ „ბაიერნი“ 5–2 დაამარცხა და სეზონში პირველი დუბლი შეასრულა,[49] კლოპმა ამ გამარჯვებას უწოდა „იმაზე უკეთესია ვიდრე წარმომედგინა“.[49][50][51]
2012–13 სეზონში „დორტმუნდი“ წინა წლებთან შედარებით სუსტად გამოიყურებოდა, კლოპი ამტკიცებდა რომ მისი გუნდი კონცენტრირებული იყო ჩემპიონთა ლიგაზე.[52] კლოპის გუნდი ე.წ სიკვდილის ჯგუფში მოხვდა სადაც მათი მოწინააღმდეგეები მანჩესტერ სიტი, რეალ მადრიდი და აიაქსი იყვნენ.[53] მიუხედავად ამისა მათ შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდათ, ჯგუფში არცერთი მატჩი არ წაუგიათ და ცხრილის სათავეში მოექცნენ.[54] ნახევარფინალში „დორტმუნდი“ კვლავ ჟოზე მოურინიოს „რეალს“ შეხვდა.[55] სახლში გერმანელებმა 4–1 მოიგეს, გასვლაზე კი 2–0 წააგეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ „დორტმუნდი“ ფინალში გავიდა.[56] 2013 წლის 23 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „დორტმუნდის“ მთავარი თავდამსხმელი მარიო გეცე 2013 წლის 1 ივლისიდან კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებდა, მის სანაცვლოდ მიუნხენელებმა 37 მილიონი ევრო გადაიხადეს.[57][58][59] კლოპმა აღიარა რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებამ გააღიზიანა, რადგან 36 საათის შემდეგ ნახევარფინალი ჰქონდათ „მადრიდის რეალთან“.[60] კლოპმა მოგვიანებით თქვა, რომ „დორტმუნდს“ არ შეეძლო გეცეს შენარჩუნება, რადგან „ის პეპ გვარდიოლას ფავორიტია“.[61] ფინალში მიუნხენის „ბაიერნმა“ 89 წუთზე არიენ რობენის გოლით 2–1 მოიგო.[62] „დორტმუნდმა“ ბუნდესლიგა მეორე ადგილზე დაასრულა.[63] მათ ასევე დათმეს 2012 წლის გერმანიის სპუერთასი.[64]
2013–14 სეზონის დასაწყისში კლოპმა კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.[65] 2014 წლის 17 მარტს კლოპი ბუნდესლიგის მატჩიდან ბორუსია მენხენგლადბახთან გააძევეს და €10,000 ჯარიმა დააკისრეს.[66] გაძევების მიზეზი იყო მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფა, დენიზ აიტენიკი ამბობდა, რომ თამაშის დროს კლოპი იყო უხეში და არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა მსაჯს.[67] ბორუსია დორტმუნდის ხელმძღვანელმა ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ მხარი კლოპს დაუჭირა და თქვა, რომ ამ სიტუაციაში 100 პროცენტით მართალი იყო და კლოპს მეოთხე არბიტრისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.[67] 2013–14 სეზონში ბორუსია ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე გავიდა.[68] 2014 წლის 4 იანვარს ცნობილი გახდა, კლუბის მთავარი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი სეზონის ბოლოს კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებდა, გიოტცეს შემდეგ ის იყო მეორე ფეხბურთელი რომელმაც კარიერა მთავარ კონკურენტთან გააგრძელა.[69] ამავე სეზონში დორტმუნდმა მოიგო 2013 წლის გერმანიის სუპერთასი,[70] მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის რეალთან დამარცხდა[71]
2014–15 სეზონი გერმანიის სუპერთასის მოგებით დაიწყო.[72] მაგრამ ბუნდესლიგაში ასპარეზობა წარუმატებელი იყო, აპრილში კლოპმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებდა. კლოპი უკმაყოფილო იყო კლუბის საკვანძო ფეხბურთელების წასვლით, ისე რომ კლუბმა არაფერი გააკეთა მათ შესანარჩუნებლად.[73] კლოპმა უარყო ყველა სპეკულაცია იმის შესახებ, რომ ის დაიღალა და აღნიშნა რომ სხვა კლუბისგან შემოთავაზება არ ჰქონია.[73] კლოპის განცხადებების შემდეგ დორტმუნდის თამაშებები კარგად წავიდა, რაზეც გერმანელმა იხუმრა "ეს რომ მცოდნოდა უფრო ადრე ვიტყოდი წასვლის შესახებ".[74][75][76] ბოლო მატჩი შედგა გერმანიის საფეხბურთო თასის ფინალში, სადაც დორტმუნდი დამარცხდა 3–1 ვოლფსბურგთან.[77] დორტმუნდმა ლიგა მეშვიდე ადგილზე დაასრულა,[78] ხოლო ჩემპიონთა ლიგის მე-16 ეტაპზე იუვენტუსთან დამარცხდა.[79] იურგენმა დორტმუნდში რეკორდული 179 მატჩიანი მოგება, 69 ფრე და 70 წაგება.[80]
2015 წლის 8 ოქტომბერს კლოპი ლივერპულის მწვრთნელი გახდა და შეცვალა ბრენდან როჯერსი. El País-ის თანახმად ლივერპულის მფლობელი ჯონ უილიამ ჰენრი არ ენდობოდა საზოგადოებრივ აზრს და მისი სურვილი იყო Moneyball-ის მსგავსი მათემატიკური მოდელი გამოყენებულიყო მწვრთნელის შერჩევისას, მსგავსი მეთოდი გამოიყენეს ჰენრის მფლობელობაში მყოფი ბოსტონ რედ სოკსში, რის შემდეგაც მათ სამჯერ მოიგეს მსოფლიო სერია. ლივერპული, ისევე როგორც ბოსტონ რედ სოკსი Fenway Sports Group-ის შვილობილი კომპანიაა.[81] მათემატიკური მოდელი შეიმუშავა კემბრიჯის ფიზიკოსმა იან გრაამმა, რომლის მიხედვითაც კლოპი იყო ის მწვრთნელი ვისაც შეეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება.[82] პირველ პრესკონფერენციაზე კლოპმა თქვა "ეს ჩვეულებრივი კლუბი არაა, ეს განსაკუთრებული კლუბია. მე ორ განსხვავებულ კლუბში მაინცში და დორტმუნდში ვიყავი. ეს საუკეთესო შემდეგი ნაბიჯია, რომ ვიყო აქ და დავეხმარო კლუბს" და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წელში კლუბი ტიტულს მოიგებდა.[83][84] პრესკონფერენციაზე კლოპმა თავის თავს უწოდა "ჩვეულებრივი", რაც ჟოზე მოურინიოს 2004 წელს ნათქვამი ცნობილი სიტყვების "მე განსაკუთრებული ვარ" პაროდია იყო.[85]
კლოპის სადებიუტო მატჩი ტოტენჰემ ჰოტსპურისთან გასვლაზე 2015 წლის 17 ოქტომბერს 0–0 ფრედ დასრულდა.[86] 2015 წლის 28 ოქტომბერს ლივერპულმა ლიგის თასის მეოთხედ-ფინალში დაამარცხა ბორნმუთი, ეს იყო კლოპის პირველი გამარჯვება.[87] სამი დღის შემდეგ გასვლაზე ლივერპულმა ჩელსის 3–1 მოუგო, რაც პირველი გამარჯვება იყო პრემიერლიგაში.[88] ევროპა ლიგაზე რუბინი ყაზანისთან 1–1 ფრის შემდეგ მეორე თამაში ლივერპულმა 1–0 მოიგო, ეს იყო კლოპის პირველი გამარჯვება ევრო ტურნირზე ლივერპულის სახელით.[89] 2016 წლის 28 თებერვალს უემბლის სტადიონზე ლიგის თასის ფინალში ლივერპული მანჩესტერ სიტისთან პენალტების სერიაში დამარცხდა.[90] 2016 წლის 17 მარტს კლოპის ლივერპული ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა, მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი ორი მატჩის ჯამში 3–1 დამარცხდა.[91] მეოთხედფინალში მეტოქე კლოპის ყოფილი კლუბი დორტმუნდის ბორუსია იყო, 2016 წლის 14 აპრილს ენფილდზე პირველ ტამს ბორუსია 3–1 იგებდა, მეორე ნახევარში ლივერპულმა შეძლო და თამაშში დაბრუნდა და 4–3 მოიგო, ორი მატჩის ჯამში 5–4 იყო და ლივერპული ფინალში გავიდა.[92] 2016 წლის 5 მაისს ვილიარეალის 3–1 დამარცხების შემდეგ 2007 წლის შემდეგ ლივერპული პირველად ევრო ტურნირის ფინალში გავიდა,[93] სადაც მეტოქე სევილია იყო, თამაში ესპანური კლუბის გამარჯვებით 1–3 დასრულდა. ლივერპულიდან ერთადერთი გოლი დენიელ სტარიჯიმ გაიტანა მატჩის პირველ ნახევარში.[94] 2015–16 სეზონი ლივერპულმა მერვე ადგილზე დაასრულა.[95]
2016 წლის 8 ივლისს კლოპმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა კონტრაქტი ექვსი წლით გაახანგრძლივა 2022 წლამდე.[96] 2014-2015 სეზონის შემდეგ პირველად ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე 2017 წელს დაბრუნდა. მიდლზბროსთან სახლში 3–0 მოგების შემდეგ ლივერპულმა 2016-17 პრემიერლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა.[97]
2017-18 სეზონში ზედიზედ მეორედ კლოპის გუნდმა მეოთხე ადგილი აიღო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.[98] ლივერპულის ძირითად ფეხბურთელებად დამკვიდრდნენ ენდრიუ რობერტსონი და ტრენტ ალექსანდრ არნოლდი, დაცვის ცენტრში კი ვირჯილ ვან დეიკი და დეიან ლოვრენიმ, ჰოლანდიელმა ლივერპულის დავცვის გაძლიერებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.[99][100][101] ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში პრემიერლიგის ჩემპიონი მანჩესტერ სიტი 5–1 დამარცხდა,[102] ნახევარფინალში ორ მატჩში რომა 7–6 დამარცხდა და 2007 წლის შემდეგ პირველად ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.[103] სადაც მადრიდის რეალთან 3–1 დამარცხდა.[104] ეს კლოპისთვის მეექვსე მნიშვნელოვანი ფინალის წაგება იყო.[105] თავდასხმის სიძლიერის მიუხედავად კლოპს ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან მისი გუნდი ხშირად უშვებდა გოლებს. კლოპმა დაცვის გაძლიერება განიზრახა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბმა დაიმატა ვირჯილ ვან დაიკი,[106][107] ტრანსფერი ღირდა £75 მილიონი, რაც იმ დროს მცველში გადახდილი რეკორდი იყო.[108] ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლივერპულს შეუერთდა ნახევარმცველები ნაბი კეიტა და ფაბინიო,[109][110] თავდამსხმელი ჯერდან შაჩირი[111] და მეკარე ალისონ ბეკერი.[112][113]
2018-19 სეზონის დასაწყისში გუნდმა ზედიზედ ექვსი თამაში მოიგო, რაც კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო სტარტი იყო.[114] 2018 წლის 2 დეკემბერს კლოპი გააკრიტიკეს მისი საქციელის გამო, მერსისაიდული დერბში 96-ე წუთზე დივოკ ორიჯის გოლით ლივერპულმა თამაში მოიგო, ამ დროს კლოპი მოედანზე შეიჭრა და მეკარე ალისონთან აღნიშნა გამარჯვება.[115] კლუბმა მოიგო მომდევნო მატჩი ვულვერჰემპტონ უონდერსთან (ვულვზი) 2–0 და შობას მეორეადგილოსანთან ოთქულიანი უპირატესობა ჰქონდა.[116] ბოქსინგ დეიზე ნიუკასლ იუნაიტედთან 4–0 მოგება კლოპისთის მეასე გამარჯვება იყო ლივერპულში მოსვლის შემდეგ (სულ 181 მატჩი).[117] 2018 წლის 29 დეკემბერს ენფილდზე ლივერპულმა არსენალი 5–1 გაანადგურა, წაუგებელი სერიის პარალელურად ლივერპულს კომფორტული 8 ქულიანი უპირატესობა მიეცა, დეკემბერში ყველა 8 მატჩი მოიგო.[118] კლოპი დეკემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.[119][120] ეს სეზონი კლოპის ლივერპულმა მეორე ადგილზე დაასრულა და ჩამორჩა მანჩესტერ სიტის, სწორედ სიტისთან ჰქონდა ლივერპულს ერთადერთი მარცხი. კლოპის ლივერპულმა 97 ქულა აიღო, რაც მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და პირველი შემთხვევა როცა ამდენი ქულის შემდგ ჩემპიონი ვერ გახდა კლუბი.[121][122]
2018–19 სეზონში კლოპის გუნდის ასპარეზობა თასებზე წარუმატებელი იყო. 2018 წლის 26 სექტემბერს ლივერპული ჩელსისთან 2–1 დამარცხდა და დაემშვიდობა ლიგის თასს, ეს ლივერპულის პირველი მარცხი იყო ყველა ტურნირზე,[123] ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში იყო ვულვერჰემპტონთან 2–1 მარცხი.[124] შიდა თასებზე წარუმატებლობის მიუხედავად ლივერპული წარმატებით განაგრძობდა ბრძოლას ჩემპიონთა ლიგაზე. კლოპის გუნდმა ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა, შემდგომ ეტაპზე ლივერპულმა ბაიერნს ალიანც არენაზე 3–1 ძლია და მეოთხედ ფინალში გავიდა.[125] ლივერპულმა 6–1 მოუგო პორტუს,[126] ნახევარფინალში კი ბარსელონას დაუპირისპირდა.[127] კამპ ნოუზე ლივერპული 3–0 დამარცხდა,[128][129] განმეორებით თამაშში ენფილდზე უნდა გამართულიყო, კლოპმა ფეხბურთელებს მოუწოდა, რომ უბრალოდ ეცადათ და თუ წააგებდნენ ეს ყოფილიყო ყველაზე ლამაზი დამარცხება.[130] საბოლოოდ ეს თამაში ლივერპულმა 4–0 მოიგო და ფინალში გავიდა 4–3 ანგარიშით, მიუხედავად იმისა რომ ამ თამაშში საკვანძო ფეხბურთელები მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო არ თამაშობდნენ ტრავმის გამო ლივერპულმა მაინც შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე სასწაულის მოხდენა.[131][132] ფინალში ვანდა მეტროპოლიტანოზე ლივერპული ტოტენჰემ ჰოტსპურს შეხვდა და 2–0 გაიმარჯვა სალაჰის და ორიჯის გოლებით. კლუბში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ კლოპმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რაც ლივერპულისთვის მექვსე ევროპის ჩემპიონობაა.[133]
ჩემთვის ფეხბურთი უფრო შთამაგონებელია ვიდრე კინო. დილით იღვიძებ და სასწაული რალურად არის მომხდარი |
2019–20 სეზონი ინგლისის საფეხბურთო სუპერთასზე მანჩესტერ სიტისთან პენალტებში 5–4 მარცხით დაიწყო.[135] როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლივერპული უეფას სუპერთასზე შეხვდა ევროპა ლიგის გამარჯვებულ ჩელსის, თამაში ფრედ დასრულდა, პენალტების სერიაში ლივერპულმა 5–4 გაიმარჯვა, კლოპმა მეორე ტიტული მოიგო. ლივერპულის მეოთხე სუპერთასი და ჩამორჩებოდა მხოლოდ მილანს და ბარსელონას, რომელთა აქტივშიც ხუთი სუპერთასია.[136] 2019–20 პრემიერლიგა ლივერპულმა ექვს თამაშიანი მოგებით დაიწყო და ცხრილის სათავეში მოექცა და უახლოეს მდევარს ხუთი ქულით გაუსწრო. აგვისტოში კლოპი პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაახელდა, გერმანელმა აღნიშნული ჯილდო მეოთხედ მიიღო.[137] ჩელსისთან გასვლაზე 2–1 მოგების შემდეგ ლივერპულმა სეზონის სტარტზე მოგებული მატჩების რეკორდი გააუმჯობესა.[138][139] 2019 წლის 23 სექტემბერს ფიფას დაჯილდოვებაზე კლოპი დაასახელეს საუკეთესო კაც მწვრთნელად, ქულებით გერმანელმა სპეციალისტმა გადაუსწრო პეპ გვარდიოლას და მაურისიო პოჩეტინოს. დაჯილდოვების ცერემონიაზე კლოპი სიტყვით გამოვიდა და თქვა რომ ის უერთდებოდა Common Goal-ის მოძრაობას, რათა მსოფლიოში ფეხბურთში არსებული პრობლემები აღმოფხვრილიყო და ორგანიზაციას ანაზღაურების 1%-ს შესწირა.[140][141] 11 ოქტომბერს კლოპი სექტემბერის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[142]
30 ნოემბერს ბრაიტონი და ჰოუ ალბიონთან 2–1 მოგების შემდეგ კლოპმა გაიმეორა 1988 წლის კლუბის 31 მატჩიანი დაუმარცხებლობის რეკორდი. 3 იანვარს მანჩესტერ სიტისთან მარცხის შემდეგ კლუბი წაუგებელ სერიას ატარებდა.[143] ერთი კვირის შემდეგ ევერტონთან 5–2 მოგების შემდეგ კლოპმა რეკორდი გააუმჯობესა.[144] მოდევნო გამარჯვება იყო 10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე რედ ბულ ზალბურგთან, ლივერპული ჯუფის ლიდერი გახდა,[145] კლოპმა კლუბთან კონრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.[146] 2019 წლის დეკემბერში კლოპმა კვლავ მოიგო თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო, პირველი ოთხი თვიდან სამში ლივერპულის მწვრთნელი იყო დასახელებული.[147] 2019 წლის 21 დეკემბერს ლივერპული გავიდა ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში სადაც ბრაზილიური კლუბი ფლამენგო დაამარცხა,[148] ლივერპული გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ერთ სეზონში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.[149][150] 2019 წლის ბოლო თამაში იყო ვულვზთან, ეს მატჩი 1–0 დასრულდა, ლივერპული სახლში 50 მატჩი არ ჰქონდა წაგებული, უახლოეს მდევარს კი ცამეტი ქულით უსწრებდა.[151] კლოპი დასახელდა დეკემბრის თვის მწვრთნელად.[152] 2020 წლის 11 იანვარს ლივერპული გასვლაზე ეთამაშა ტოტენჰემს და 1–0 მოიგო, კლოპმა კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა ლიგაზე 38 მატჩიანი წაუგებელი სერია, პირველ 21 თამაშში ლივერპულს 61 ქულა ჰქონდა, რაც ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.[153] 2020 წლის 1 თებერვალს ლივერპულმა საუთჰემპტონს 4–0 მოუგო, და მეორეადგილოსანს 22 ქულით გაუსწრო. მომდევნო დღეს მეორე ადგილოსანი მანჩესტერ სიტი ტოტენჰემთან დამარცხდა. პრემიერლიგაში პირველ და მეორე ადგილზე მყოფებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა ქულებს შორის.[154][155] იანვარში კლოპი მეხუთედ დასახელდა პრემიერლიგის თვის მწვრთნელად, რაც ერთ სეზონში მწვრთნელის მიარ აღებული ჯილდოების რეკორდია.[156]
2020 წლის 24 თებერვალს ლივერპულმა სახლში დაამარცხა ვესტ ჰემი 3–2, კლოპმა გაიმეორა სიტის რეკორდები ზედიზედ 18 მატჩის მოგება, ეს სახლში 21-ე მოგება იყო, გამეორდა ბილ შენკლის ლივერპულის 1972 წლის რეკორდი, პრემიერლიგაში კი ეს საუკეთესო შედეგია. მატჩის შემდგომ კლოპმა თქვა "არასდროს მიფიქრია, რომ [მანჩესტერ სიტის გამარჯვებების რეკორდი] რეკორდი ვინმემ შეიძლება მოხსნას."[157] 7 მარტს ბორმუთთან 2–1 მოგებით ლივერპულმა ახალი რეკორდი დაამყარა, ზედიზედ 22 თამაშის მოება სახლში.[158] 2020 წლის 25 ივნისს კლოპის გუნდმა პრემიერლიგა მოიგო, ტურნირის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. ლივერპული მეცხრამეტედ ინგლისის ჩემპიონი გახდა, 1989-90 სეზონის შემდეგ პირველად, ეს კლუბისთვის პირველი პრემიერლიგაა.[159] ამ სეზონში ლივერპულმა ინგლისში არაერთი რეკორდი მოხსნა, ან უკვე არსებული გაიმეორა.[160][161] 44 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია 2020 წლის 29 თებერვალს გასვლაზე უოტფორდთან დასრულდა.[162]
სეზონის ბოლოს კლოპი დასახელდა პრემიერლიგაში საუკეთესო მწვრთნელად.[163]
კლოპი არის გეგენპრესინგის ცნობილი მომხრე, ეს არის ტაქტიკა, როცა გუნდი ბურთის დაკარგვის შემდეგ დაუყოვნებლივ გადადის მის უკან დასაბრუნებლად.[164][165] კლოპის აზრით, კარგად შესრულებული კონტრ პრესინგი უფრო ეფექტური შეიძლება იყოს, ვიდრე პლეიმეიკერისთვის შანსების შექმნაზე ორიენტირება.[166] პრესასთან კომენტარისას კლოპმა აღნიშნა "ბურთის მოპოვების საუკეთესო მომენტი არის მაშინ, როცა შენ ის დაკარგე. მოწინააღმდეგე ორიენტირებულია, რომ გადაცემა გააკეთოს და მისი თვალები ამ დროს ეძებს სწორ ადგილებს, კონტრ პრესინგით კი შესაძლებელია ამ დროს მოწინააღმეგემ შეცდომა დაუშვას".[167] ეს ტაქტიკა ეფუძნება: სისწრაფეს, ორგანიზებას და გამძლეობას, იდეა რომ ბუთი დაიბრუნო დაკარვისთანავე გულისხმობს კონრშეტევების აღმოფხვრასაც.[168] ეს ასევე მოითხოვს დისციპლინის მაღალ დონეს, გუნდი უნდა იყოს კომპაქტურად განლაგებული, რათა შეავსოს ცარიელი სივრცეები, მოწინააღმდეგის კონტრ პრესინგის გასამკლავებლად კი ზუსტი გრძელი პასებია საჭირო.[167] კლოპის პრესინგის მაღალი ტემპის მიუხედავად, მას ზოგჯერ აკრიტიკებდნენ, რადგან ლივერპულის ადრეულ პერიოდში ვერ ხდებოდა თამაშის კონტროლი და ხშირად გოლი გადიოდა.[169] კლოპმა შეიმუშავა ტაქტიკა, რაც დაეფუძნა ბურთის კონტროლს და ნახევარდაცვის ორგანიზებას,[170] ამას ხელი შეუწყო ალისონის, ვირჯილ ვან დაიკის, ნაბი კეიტას და ფაბინიოს დამატებამ. 2018–19 სეზონში ლივერპულმა საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ყველაზე მეტი გატანილი გგოლით და 12 თამაშში გოლის გაშვების გარეშე.
ერთ-ერთი ვინც კლოპის იდეების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო იყო იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი. მისი იდეები თავდაცვის დროს ზონების ამოკეტვის შესახებ, გამოიყენა კლოპმა კონტრ შეტევის ორგანიზებისთვის. მეორე ადამიანი იყო ვოლფგანგ ფრანკი, კლოპის მწვრთნელი მაინცში 1995–1997 და 1998–2000 წლებში, კლოპმა თქვა "მე არასდროს შევხვედრილვარ საკის, მარამ ჩემი შეხედულებები მწვრთნელობაზე მისგან მოდის, მე ყველაფერი ვისწავლე ჩემი მწვრთნელისგან [ფრანკი] მან კი ეს ყველაფერი საკისგან აიღო".[168]
კლოპის აზრით ემოციებს თავისი როლი აქვს მწვრთნელობისას, "ტაქტიკა უმნიშვნელოვანესია, მის გარეშე შენ ვერ გაიმარჯვებ, ემოციები კი ტაქტიკას განსხვავებულს ხდის".[168] მისი აზრით ფეხბურთელებმა უნდა შეიგრძნონ ყოველი ემოცია, მან ეს ყოველივე აღწერა შემდეგნაირად "[ფეხბურთი არის] ერთადერთი სპორტი სადაც ემოციებს უდიდესი როლი აქვს".[171] 2016 წელს მერსისაიდული დერბის წინ კლოპმა თქვა, "საუკეთესო ფეხბურთში ყოველთვის ემოციების გამოხატვაა".[172]
ლივერპულის პირველ ორი სეზონში კლოპი ძირითადად იყენებდა 4–3–3 ფორმაციას, შემტევებად სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო ცრუ-9 როლში, ხოლო ცენტრში ფელიპე კოუტინიო. ამ ოთხი ფეხბურთელის ერთობლივ თამაშს ხშირად უწოდებდნენ 'გასაოცარ ოთხეულს', ლივერპულის გოლების უმრავლესობა სწორედ მათზე მოდიოდა.[173] 2018 წლის იანვარში კოუტინიოს წასვლის შემდეგ დარჩენილი სამი ფეხბურთელის შედეგიანობა არ შემცირებულა, ისინი ასევე განაგრძობდნენ ერთმანეთისთვის საგოლე შანსების შექმნას, 2018 წელს სალაჰი გახდა პრემიერლიგის ოქროს ბუცის მფლობელი,[174] მომდევნო 2019 წელს კი ეს ტიტული სალაჰმა და მანემ გაინაწილა.[175] 2018-19 სეზონის ადრეულ ეტაპზე კლოპმა გამოიყენა 4–2–3–1 ფორმაცია, რასაც დორტმუნდში მიმართავდა. ამის მთავარი მიზეზი საკვანძო მოთამაშეების ტრავმები იყო, ასევე ახალწვეული შაქირისთვის შესაბამისი ადგილის გამონახვა, ამ ფორმაციაში ფირმინოს უფრო კრეატიული როლის შესრულება უწევდა, სალაჰი კი შედარებით სიღრმეში იყო დახეული.[176][177] მიუხედავად ექპერიმენტისა, სეზონის ძირითადი ნაწილი გუნდმა 4–3–3 ტაქტიკით ითამაშა, ამ გზით ლივერპულმა პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში,[178] სადაც კლოპმა პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო.
შეიძლება კლოპი არის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც ისეთ გუნდს აშენებს რომელიც შეტევაზე გადმოდის [...] არამგონია სხვა რომელიმე გუნდი მსგავსად გადადიოდეს თავდასხმაზე. [...] როდესაც კლოპი ამბობს, რომ მისი ფეხბურთი მძიმე მეტალია, მე კარგად მესმის რასაც გულისხმობს. ეს ძალიან აგრესიულია. ფანებისთვის კი ეს კარგი საყურებელია. — —პეპ გვარდიოლა 2016 წელს საუბრობს კლოპის გუნდის შეტევაზე. კლოპი რჩება ერთადერთ მწვრთნელად, რომელსაც გვარდიოლასთან პოზიტიური ბალანსი აქვს.[179] |
კლოპს მოიხსენიებენ, როგორც გეგენპრესინგის შემქმნელად თანამედროვე ფეხბურთში და მას მიიჩნევენ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად.[2][3][4][5] 2016 წელს გვარდიოლამ თქვა "კლოპი არის საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში, რომელიც ქმნის ისეთ გუნდს რომელიც შეტევაზე გადადის".[179]
გარდა ტაქტიკის შექმნისა კლოპი არის ასევე მოტივატორიც,[180] ლივერპულის თავდამსხმელმა რობერტო ფირმინომ აღნიშნა: "ის ყოველდღიურად განსხვავებულ მოტივაციას გვაძლევს",[181] გვარდიოლამ კი უწოდა "უდიდესი მოტივატორი".[179] The Guardian-ის ჟურნალისტმა ჯონათან ვილსონმა კლოპი დაახასიათა, როგორც "წარმოუდგენელი ქარიზმის ადამიანი, რომელიც შთააგონებს თითოეულ ფეხბურთელს",[182] Irish Independent-მა დაწერა "ბილ შენკლის შემდეგ ლივერპულს ასეთი ქარიზმატული მწვრთნელი არ ჰყოლია".[183]
კლოპს ზოგჯერ აკრიტიკებენ ემოციურობის გამო.[184] 2018 წელს მერსისაიდულ დერბიში ბოლო წუთებზე მოგების დროს კლოპი მოედანზე შეიჭრა და ალისონთან ერთად აღნიშნა გამარჯვება.[185] პეპ გვარდიოლამ კოლეგა დაიცვა და თქვა: "მეც მოვქცეულვარ ანალოგიურად საუთჰემპთონთან. ამ მომენტში ძალიან ბევრი ემოციებია".[186]
2020 წლის ივნისში მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი უეინ რუნი გამოეხმაურა იურგენ კლოპის განცხადებას, რომელიც ეხებოდა იუნაიტედს და ალექს ფერგიუსონს, "კლოპმა თქვა რომ შეუძლებელია რომელიმე კლუბი ისეთი დომინანტი გახდეს, როგორც ეს იუნაიტედი იყო. [...] მე ვფიქრობ რომ კლოპი ცდება, ის ახლა 53 წლისაა თუ მომდევნო ათი წელი ენფილდში დარჩება მინიმუმ ხუთ ტიტულს ლივერპული მოიგებს. მას შეუძლია დიდებული კლობი ააშენოს, რადგან ფეხბურთელები სწორედ მსგავსი ტიპის მწვრთნელებს სიამოვნებით უერთდებიან".[187]
მოთამაშის მთელი კარიერა, შვიდი წელი, კლოპმა „მაინცში“ გაატარა. როგორც მწვრთნელმა, დორტმუნდში მუშაობა კლოპმა 2008 წლის ზაფხულში დაიწყო. მან ორჯერ ზედიზედ 2011 და 2012 წლებში ჩემპიონი გახადა კლუბი. 2012 წელს „ბორუსიამ“ ჩემპიონატი 26 წაუგებელი მატჩის სერიით მოიგო, ასევე მოაგებინა გერმანიის თასი 2012 წელს. ფინალში „ბორუსიამ“ „ბაიერნი“ 5-2 დაამარცხა. 2013 წელს გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც დამარცხდა „ბაიერნთან“ 1-2. კლოპის მწვრთნელობისას კლუბში გაიბრწყინეს ახალგაზრდა ვარსკვლავებმა მარიო გეცემ, მატს ჰუმელსმა, სინჯი კაგავამ, რობერტ ლევანდოვსკიმ. კლოპი გუნდს აათამაშებდა ენერგიულ ფეხბურთს, რომელიც დაფუძნებული იყო პრესინგსა და სწრაფ კონტრ-შეტევაზე. 2014-15 წლების სეზონი „ბორუსიამ“ ჩააგდო, ბუნდესლიგის პირველი წრე დაასრულა ცხრილის ბოლოში, გასავარდნ ზონაში, მერვედფინალში გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან, ხოლო ბუნდესლიგაში ვერ დაიკავა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი საგზური. 2015 წელს კლოპმა განაცხადა, რომ 7-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ზაფხულში დატოვებდა კლუბს.[188] კლოპის სამწვრთნელო კარიერაში მესამე კლუბი გახდა ინგლისური „ლივერპული“, რომელიც იურგენმა 2015 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. თავის სადებიუტო სეზონში კლოპმა გუნდი ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც მოუხდა ტიტიულის დათმობა ესპანური „სევილიას“ წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში. 2018 წელს „ლივერპული“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საფინალო შეხვედრაში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა. იურგენისთვის წარმატებული აღმოჩნდა მერსესაიდში მეოთხე სეზონი, რომლის მსვლელობისას კლუბმა მოახერხა ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართვა. 2019 წელს კლოპის „ლივერპულმა“ შეასრულა ტრიპლეტი საერთაშორისო დონეზე: ჩემპიონთა ლიგა, სუპერ თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.