From Wikipedia, the free encyclopedia
სანტიაგო რამონ-ი-კახალი (ესპ. Santiago Ramón y Cajal; დ. 1 მაისი, 1852, პეტილია-დე-არაგონი, ესპანეთი, — გ. 17 ოქტომბერი, 1934, მადრიდი) — ესპანელი ექიმი და ჰისტოლოგი, თანამედროვე ნეირობიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1906, კამილო გოლჯისთან ერთად).
სანტიაგო რამონ-ი-კახალი დაიბადა ნავარის პროვინციის ქალაქ პეტილია-დე-არაგონში. მამა ანატომიის მასწავლებელი იყო. ბავშვობაში დაუმორჩილებელი და წინააღმდეგობრივი ხასიათით გამოირჩეოდა. ამასთანავე გატაცებული იყო ხატვით და ტანვარჯიშით. მედიცინის მიმართ ინტერესი მამამ გაუღვივა, როდესაც ადამიანის ძვლოვანი ნაშთების ჩანახატების გაკეთება სთხოვა. 1873 წელს დაამთავრა სარაგოსის უნივერსიტეტი. 1874-1875 წლებში სამხედრო ექიმად ახლდა ესპანეთის არმიის ექსპედიციას კუბაზე.
ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, 1875 წლიდან მუშაობდა იმავე უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის ასისტენტად. შემდეგ იყო ვალენსიის უნივერსიტეტის აღწერითი ანატომიის პროფესორი (1884-1887), ბარსელონისა (1887-1892) და მადრიდის (1892-1922) უნივერსიტეტების ჰისტოლოგიისა და პათოლოგიური ანატომიის პროფესორი. მისი ადრეული ნაშრომები ანთების მექანიზმებს, ქოლერის მიკრობიოლოგიას და ეპითელური ქსოვილის ჰისტოლოგიას ეძღვნებოდა. მოგვიანებით მან გააუმჯობესა ნერვული ქსოვილის შეღებვის კამილო გოლჯის მიერ მოწოდებული ვერცხლის ნიტრატის მეთოდი (1903) და შეიმუშავა ოქროთი შეღებვის წესი (1913). ამ მეთოდების გამოყენებით რამონ-ი-კახალმა შეძლო ნერვული უჯრედის (ნეირონის) დიფერენცირება სხვა ტიპის უჯრედებისგან, მათი სტრუქტურის და თავის ტვინის რუხ ნივთიერებასა და ზურგის ტვინში ნეირონული კავშირების ანატომიის შესწავლა. საკუთარ დაკვირვებებს თან ურთავდა მის მიერვე შესრულებულ დეტალურ ანატომიურ ილუსტრაციებს. ამგვარად, გოლჯისა და რამონ-ი-კახალის ნაშრომების საფუძველზე დადგინდა, რომ ნეირონი ნერვული ქსოვილის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია, რისთვისაც მათ 1906 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ. რამონ-ი-კახალი ამ ჯილდოს პირველი ესპანელი ლაურეატი გახდა.
1899 წელს რამონ-ი-კახალი ჰიგიენის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი გახდა, 1920 წელს კი ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის ხელშეწყობით მადრიდში დააფუძნა ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორია, რომელსაც შემდგომში კახალის ინსტიტუტი ეწოდა. იქ რამონ-ი-კახალი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. გარდაიცვალა 1934 წელს, 82 წლის ასაკში.
რამონ-ი-კახალის მთავარი დამსახურება ნეიროანატომიაში მისი გამოკვლევებია. მის მრავალრიცხოვან ნაშრომებს შორის აღსანიშნავია „ნერვული სისტემის დეგენერაცია და რეგენერაცია“ (ესპ. Estudios sobre la degeneración y regeneración del sistema nervioso, 2 ტომად, 1913-1914). კახალმა ექსპერიმენტულად აჩვენა, რომ ნერვულ უჯრედებს შორის ურთიერთკავშირს არა ანატომიური უწყვეტობა (როგორც ამას იმ დროს არსებული „რეტიკულური თეორია“ ამტკიცებდა), არამედ ნაპრალებით გამოყოფილი მომიჯნავე ნეირონები ქმნიდა. თავად გოლჯი რეტიკულური თეორიის დამცველი და კახალის ოპონენტი იყო. მომიჯნავე ნეირონების კავშირების კახალის მიერ მოწოდებულ მოდელს მოგვიანებით ჰაინრიხ ვალდაიერმა ნეირონული თეორია უწოდა და თანამედროვე ნეირომეცნიერების ერთ-ერთ ფუძემდებლურ კონცეფციად ითვლება. კახალს ეკუთვნის ასევე აქსონის ზრდის კონუსის აღმოჩენა. მის სახელს ატარებს კუჭ-ნაწლავის სისტემაში მის მიერვე აღმოჩენილი უჯრედების ახალი ტიპი — კახალის ინტერსიტიციული უჯრედები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.