ინგლისელი ეთოლოგი, ევოლუციური ბიოლოგი და მწერალი From Wikipedia, the free encyclopedia
კლინტონ რიჩარდ დოკინზი (ინგლ. Clinton Richard Dawkins, დ. 26 მარტი, 1941)[26] — ბრიტანელი ევოლუციური ბიოლოგი, ეთოლოგი და მწერალი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი კოლეჯის საპატიო წევრი და იმავე უნივერსიტეტის მეცნიერების საზოგადო გააზრების პროფესორი (Professor for Public Understanding of Science) 1995-2008 წლებში. 1976 წელს გამოცემული წიგნით „ეგოისტი გენი“ (The Selfish Gene) მოახდინა ევოლუციის გენზე ორიენტირებული ხედვის პოპულარიზაცია. მიღებული აქვს არაერთი აკადემიური და ლიტერატურული ჯილდო.[27]
წიგნში „ეგოისტი გენი“ დოკინზი ამტკიცებს, რომ ცოცხალ არსებათა ევოლუცია მიდინარეობს რეპლიკაციის უნარის მქონე ერთეულების დიფერენციალური გადარჩენის სახით. წიგნით „განვრცობილი ფენოტიპი“ (The Extended Phenotype, 1982) ევოლუციურ ბიოლოგიაში შემოიტანა მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც გენის ფენოტიპური ეფექტები არ მთავრდება ორგანიზმით (სხეულით), არამედ განივრცობა გარემოშიც, რისი მაგალითიცაა თახვის მიერ აგებული ჯებირები. ამ ორ წიგნში, ასევე, შემოიტანილია ტერმინი „მიმი“ (meme).
დოკინზი ათეისტია. იგი ცნობილია რელიგიის, კრეაციონიზმის და გონიერი შემოქმედის კონცეფციის მძაფრი საჯარო კრიტიკით.[28] 1986 წელს დაწერა „ბრმა მესაათე“ (The Blind Watchmaker), სადაც ილაშქრებს მესაათის ანალოგიის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად გამოიყენება ზებუნებრივი შემოქმედის არსებობის დასამტკიცებლად ბიოლოგიური ორგანიზმების კომპლექსურობიდან გამომდინარე. საწინააღმდეგოდ ამისა, იგი ევოლუციურ პროცესებს აღწერს, როგორც „ბრმა“ მესაათის მოქმედებას, რადგან რეპროდუქცია, მუტაცია და ბუნებრივი გადარჩევა გონივრული ხელმძღვანელობის გარეშე მიმდინარეობს. 2006 წელს დოკინზმა გამოსცა წიგნი „ღმერთი, როგორც დელუზია“ (The God Delusion), სადაც ამტკიცებს, რომ ზებუნებრივი შემოქმედი თითქმის უეჭველად არ არსებობს, ხოლო რელიგიური რწმენა დელუზიაა. იმავე წელს დააფუძნა რიჩარდ დოკინზის ფონდი კეთილგონიერებისა და მეცნიერებისათვის (Richard Dawkins Foundation for Reason and Science).[29][30]
კლინტონ რიჩარდ დოკინზი დაიბადა 1941 წლის 26 მარტს ბრიტანეთის კენიის დედაქალაქ ნაირობიში.[31] დოკინზმა, მოგვიანებით, სახელი კლინტონი ცალმხრივი შეთანხმებით გააუქმა.[26] მისი მშობლები იყვნენ ჯინ მერი ვივიანი (ქალიშვილობის გვარი ლედნერი; 1916–2019)[32][33] და კლინტონ ჯონ დოკინზი (1915–2010), ბრიტანეთის კოლონიური სამსახურის საჯარო მოხელე სოფლის მეურნეობის სფეროში ნიასალენდში (თანამედროვე მალავი). მამა წვრილი თავადაზნაურობის წარმომადგენელი იყო ოქსფორდშირიდან.[31][34][35] იგი მეორე მსოფლიო ომის დროს სამეფო მსროლელთა აფრიკულ პოლკში გაიწვიეს[36][37] და ინგლისში 1949 წელს დაბრუნდა, როცა დოკინზი რვა წლისა იყო. მამას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და კომერციულად ამუშავებდა მამულს ოქსფორდშირში, სახელწოდებით ოვერ ნორტონ პარკი.[35] დოკინზი ოქსფორდში ცხოვრობს[38] და ჰყავს უმცროსი და, სარა.[39]
მშობლები დაინტერესებული იყვნენ ბუნებისმცოდნეობით და დოკინზის შეკითხვებს მეცნიერულად პასუხობდნენ ხოლმე.[40] დოკინზი თავის ბავშვობას აღწერს, როგორც „ჩვეულებრივ ანგლიკანურ აღზრდას“.[41] იგი თავს ქრისტიანად მიიჩნევდა თინეიჯერობის შუა წლებამდე, როდესაც დაასკვნა, რომ ევოლუციის თეორია ცოცხალი სამყაროს კომპლექსურობის უკეთესი ახსნა იყო და დაკარგა ღმერთის რწმენა.[39] იგი ამბობს: „მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯერ კიდევ რელიგიური ვიყავი, იყო ცოცხალი სამყაროს კომპლექსურობა, რომელიც ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა და ვფიქრობდი, რომ მას შემოქმედი უნდა ჰყოლოდა. მე ვფიქრობ, იმის გააზრება, რომ დარვინიზმი გაცილებით უკეთესი ახსნა იყო, აღმოჩნდა ის, რამაც საფუძველი გამოაცალა შემოქმედის არგუმენტს. და ამან სიცარიელეში დამტოვა.“[39] ათეიზმის ეს გააზრება და დასავლური კულტურის ქვეშ აღზრდა ერთობლიობაში აქცევს დოკინზს, მისივე აღწერით, „კულტურულ ქრისტიანად“ და „კულტურულ ანგლიკანად“.[42][43][44]
1949 წელს, ინგლისში დაბრუნებისას რვა წლის დოკინზი უილტშირის ჩეფინ გროუვის სკოლაში შევიდა,[45] ხოლო შემდეგ, 1954-დან 1959 წლამდე ნორთჰემპტონშირში, აუნდლის სკოლაში დადიოდა. აუნდლის სკოლა ტიპური ინგლისური საჯარო სკოლა იყო ანგლიკანური ეთოსით,[39] ხოლო დოკინზი სკოლის ლონდიმერის ფაკულტეტში ირიცხებოდა.[46] აუნდლში სწავლის დროს პირველად წაიკითხა ბერტრან რასელის „რატომ არა ვარ ქრისტიანი“.[47] 1962 წელს წარმატებით დაამთავრა ოქსფორდის ბალიოლის კოლეჯი ზოოლოგიის სპეციალობით. კოლეჯში მისი უშუალო ხელმძღვანელი ნობელიანტი ეთოლოგი, ნიკოლაას ტინბერგენი იყო.[48]
დოკინზმა იმავე კოლეჯში განაგრძო კვლევითი ასპირანტურა ტინბერგენის ხელმძღვანელობითვე,[49] 1966 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხიც მიიღო და მომდევნო ერთი წელი იქვე ეწეოდა კვლევით საქმიანობას ასისტენტის რანგში.[50][51] ტინბერგენი მოწინავე მკვლევარი იყო ცხოველთა ქცევის დარგში, განსაკუთრებით, ინსტინქტის, სწავლის და არჩევანის სფეროებში;[52] დოკინზის კვლევებიც ამ პერიოდში ცხოველთა მიერ გადაწყვეტილების მიღების მოდელებს ეხებოდა.[53] 1989 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტისგან მეცნიერების დოქტორის ხარისხი მიიღო.[50][51]
1967–1969 წლებში კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) ზოოლოგიის ასისტენტ-პროფესორი იყო. ამ პერიოდში უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ ვიეტნამში მიმდინარე ომს და ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებსა და აქტივობებში დოკინზიც იყო ჩართული.[54] 1970 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში ლექტორის რანგში დაბრუნდა. 1990 წელს ზოოლოგიის დოცენტი (რიდერი) გახდა. 1995 წელს დაინიშნა ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების საზოგადო გააზრების პროფესორად. აღნიშნული თანამდებობა ჩარლზ სიმონიმ დააფუძნა და მისივე თქმით, პირს, რომელიც მას დაიკავებდა, „მოეთხოვებოდა მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა რომელიმე სამეცნიერო სფეროს ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაში“.[55] პოსტზე პირველი პროფესორი, დამფუძნებლისვე სურვილით, რიჩარდ დოკინზი გახდა,[56] რომელსაც ეს თანამდებობა 2008 წლამდე ეკავა.[57]
1970 წლიდან ოქსფორდის ნიუ-კოლეჯის წევრია, ამჟამად, საპატიო ტიტულით.[58][59] ჩატარებული აქვს ბევრი ლექცია, მათ შორის, ჰენრი სიჯუიკის მემორიალური ლექცია (1989), ერაზმუს დარვინის პირველი მემორიალური ლექცია (1990), მაიკლ ფარადეის ლექცია (1991), ტომას ჰენრი ჰაქსლის მემორიალური ლექცია (1992), ირვინის მემორიალური ლექცია (1997), ტინბერგენის ლექცია (2004), და ტანერის ლექციები (2003).[50] 1991 წელს ჩაატარა სამეფო საზოგადოების ლექციები ბავშვებისთვის თემაზე „გაზრდა ამ სამყაროში“ (Growing Up in the Universe). სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე ჟურნალის რედაქტორი, Encarta Encyclopedia-ს და ევოლუციის ენციკლოპედიის (Encyclopedia of Evolution) მრჩეველ-რედაქტორი. არის სეკულარული ჰუმანისტების საბჭოს ჟურნალ Free Inquiry-ს მიმომხილველი და ჟურნალ Skeptic-ის რედაქტორთა საბჭოს წევრი მისი დაფუძნების დღიდან.[60]
დოკინზი სხვადასხვა დროს ჟიურის რანგში იყო მიწვეული ისეთ განსხვავებულ დაჯილდოებებზე, როგორიცაა სამეფო საზოგადოების ფარადეის ჯილდო და ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო ჯილდო (BAFTA).[50] იყო ბრიტანეთის მეცნიერების განვითარების ასოციაციის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების პრეზიდენტი. 2004 წელს ოქსფორდის ბალიოლის კოლეჯმა დააწესა დოკინზის პრემია, რომელიც გაიცემა „განსაკუთრებული კვლევისთვის ეკოლოგიასა და იმ ცხოველთა ქცევასთან დაკავშირებით, რომელთა კეთილდღეობასა და გადარჩენას, შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეს ადამიანთა მოქმედებების გამო“.[61] 2008 წლის სექტემბერში დატოვა პროფესორის თანამდებობები და გამოაცხადა, რომ გეგმავდა „დაეწერა წიგნი ახალგაზრდებისთვის, რომელშიც გააფრთხილებდა მათ, არ დაეჯერებინათ „ანტი-მეცნიერული ზღაპრებისთვის“.[62]
2011 წელს შეუერთდა ლონდონის ჰუმანიტარული მეცნიერებების ახალი კოლეჯის პროფესორთა შემადგენლობას, კერძო უნივერსიტეტისა, რომელიც ენტონი გრეილინგმა დააფუძნა. კოლეჯი 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა.[63]
დოკინზი ყველაზე მეტად ცნობილია ევოლუციაში გენის, როგორც გადარჩევის მთავარი ერთეულის პოპულარიზაციით. ეს ხედვა მან ყველაზე ნათლად გადმოსცა ორ წიგნში:[64][65]
დოკინზი ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი ისეთი ევოლუციური პროცესების არსებობის მიმართ, რომლებიც ორგანიზმის შემგუებლობის გაზრდაზე არ ახდენს გავლენას,[68] აგრეთვე, გენზე უფრო „მაღალ“ დონეებზე მიმდინარე გადარჩევის მიმართ.[69] განსაკუთრებულად სკეპტიკურად უყურებს ჯგუფური გადარჩევის როგორც პრაქტიკულ შესაძლებლობას, აგრეთვე მის მნიშვნელობას ალტრუიზმის ახსნისათვის.[70]
ალტრუიზმი, პირველი შეხედვით, ევოლუციური პარადოქსია, რადგან სხვების დახმარება ისედაც მწირი და ძვირფასი რესურსების ხარჯზე ამცირებს ორგანიზმის გადარჩენის შესაძლებლობას (შემგუებლობას). ამის გამო დიდი ხნის განმავლობაში ალტრუიზმი აიხსნებოდა, როგორც ჯგუფური გადარჩევის ასპექტი და არსებობდა აზრი, რომ ინდივიდების ქმედებები ემსახურებოდა პოპულაციის ან სახეობის გადარჩენას მთლიანობაში. ბრიტანელმა ბიოლოგმა უილიამ ჰამილტონმა თავისი ინკლუზიური შემგუებლობის თეორიის დასაბუთებისას გენების სიხშირის ანალიზით აჩვენა, რომ მემკვიდრეობითი ალტრუისტული თვისებები შეიძლება განვითრდეს, თუ არსებობს საკმარისი გენეტიკური მსგავსება, როგორიცაა ახლო ნათესაობა, ალტრუისტული ქცევის მოქმედ და მიმღებ მხარეებს შორის.[71] [georgian 1] ჰამილტონის ინკლუზიური შემგუებლობის თეორია წარმატებით გამოიყენება ბევრი ორგანიზმის, მათ შორის, ადამიანების ალტრუისტული ქცევების ასახსნელად. აგრეთვე, რობერტ ტრაივერსმა გენოცენტრული მოდელის ფარგლებში შეიმუშავა შექცევადი ალტრუიზმის (reciprocal altruism) თეორია, რომლის მიხედვითაც ერთი ორგანიზმი აწვდის სარგებელს მეორეს მომავალში საპასუხო სასარგებლო ქმედების მოლოდინით.[73] დოკინზმა „ეგოსტ გენში“ ამ იდეების პოპულარიზაცია და შემდგომი დამუშავება მოახდინა.[74]
2012 წლის ივნისში დოკინზმა მკაცრად გააკრიტიკა კოლეგა ბიოლოგის, ედვარდ უილსონის წიგნი „დედამიწის სოციალური დაპყრობა“ (The Social Conquest of Earth), როგორც ჰამილტონის ინკლუზიური სელექციის თეორიის მცდარი გააზრება.[75][76] მძაფრად კრიტიკული იყო მისი დამოკიდებულება დამოუკიდებელი მეცნიერის, ჯეიმზ ლავლოკის გაიას ჰიპოთეზის მიმართ.[77][78][79]
დოკინზის მიდგომის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სელექციის (მოვლენა, რომელშიც ინდივიდი წარმატებით ახერხებს ან ვერ ახერხებს რეპროდუქციას) ერთეულად გენის მიჩნევა შეცდომაში შემყვანია. გენი, მათი აზრით, უკეთესია დახასიათდეს, როგორც ევოლუციის (ალელების სიხშირის გრძელვადიანი ცვლილება პოპულაციაში) ერთეული.[80] „ეგოისტ გენში“ დოკინზი განმარტავს, რომ იგი იყენებს ტერმინ გენის ჯორჯ უილიამსისეულ განსაზღვრებას: „ის, რაც დაიყოფა და რეკომბინირდება მხედველობაში მისაღები სიხშირით“ („that which segregates and recombines with appreciable frequency“).[81] კიდევ ერთი გავრცელებული კონტრარგუმენტიის თანახმად, გენს დამოუკიდებლად გადარჩენა არ შეუძლია და იგი კოოპერაციაში უნდა იყოს სხვა გენებთან, რათა ინდივიდუალური ორგანიზმის ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა, შესაბამისად, შეუძლებელია მისი მიჩნევა დამოუკიდებელ „ერთეულად“.[82] წიგნში „განვრცობილი ფენოტიპი“ დოკინზი წერს, რომ ცალკეული გენის გადმოსახედიდან, ყველა სხვა გენი იმ გარემოს შემადგენელი ნაწილია, რომელშიც ის უნდა ადაპტირდეს.
უფრო მაღალი დონის სელექციის მომხრე მეცნიერები (როგორიცაა რიჩარდ ლევონტინი, დეივიდ სლოუნ უილსონი და ელიოტ სობერი) მიუთითებენ, რომ არსებობს ბევრი ფენომენი (მათ შორის, ალტრუიზმი), რომლის დამაკმაყოფილებელი ახსნაც გენზე დაფუძნებული სელექციის საშუალებით შეუძლებელია. ფილოსოფოსმა მერი მიჯლიმ, რომლის კრიტიკასაც „ეგოისტ გენთან“ დაკავშირებით დოკინზმა წერილობითაც უპასუხა,[83][84] გააკრიტიკა გენური სელექცია, მიმეტიკა და სოციობიოლოგია, როგორც ერთობ რედუქციონისტული თეორიები;[85] მან გამოთქვა მოსაზრება, რომ დოკინზის იდეების პოპულარობის მიზეზები ეპოქის სულს უკავშირდება და ამის მაგალითია თეტჩერ-რეიგანის ათწლეულების გაზრდილი ინდივიდუალიზმი.[86] არსებობს დოკინზის შრომის უფრო ახალი ხედვები და ანალიზებიც.[87]
ევოლუციის მექანიზმების და ინტერპრეტაციის გარშემო მიმდინარე დავაში, (რომელსაც „დარვინის ომებსაც“ უწოდებენ),[88][89] ერთ დაჯგუფებას ხშირად დოკინზის, ხოლო მეორეს ამერიკელი პალეონტოლოგის, სტივენ ჯეი გულდის სახელს უწოდებენ, რაც თითოეული მათგანის, როგორც შესაბამისი იდეების პოპულარიზატორის სტატუსზე მიუთითებს.[90][91] კონკრეტულად, დოკინზის და გულდის კომენტარები მნიშვნელოვანი იყო სოციობიოლოგიის და ევოლუციური ფსიქოლოგიის თაობაზე არსებულ მსჯელობაში, სადაც დოკინზი, როგორც წესი, დადებითად იყო განწყობილი აღნიშნული კონცეფციების მიმართ, ხოლო გულდი – კრიტიკულად.[92] დოკინზის პოზიციის ტიპური მაგალითია მწვავედ კრიტიკული მიმოხილვა სტივენ როუზის, ლეონ კამინის და რიჩარდ ლევონტინის წიგნისა „არა ჩვენს გენებში“ (Not in Our Genes, 1984).[93] ორი მოაზროვნე, რომელიც ხშრად ასოცირდება დოკინზთან და იზიარებს მის იდეებს, არის სტივენ პინკერი და დენიელ დენეტი. დენეტი მხარს უჭერს ევოლუციის გენოცენტრულ ხედვას და რედუქციონიზმს ბიოლოგიაში.[94] მიუხედავად აკადემიური განსხვავებებისა, დოკინზს და გულდს მტრული პიროვნული დამოკიდულება არ ჰქონიათ. მოზრდილი ნაწილი დოკინზის 2003 წელს გამოცემული წიგნისა „ეშმაკის კაპელანი“ (A Devil's Chaplain) ერთი წლით ადრე გარდაცვლილ გულდს ეძღვნება.
შეკითხვაზე, ახდენდა თუ არა დარვინიზმი გავლენას დოკინზის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მან უპასუხა: „ერთის მხრივ, დიახ. ჩემი თვალები ყოველთვის ფართოდაა გახელილი არსებობის არაჩვეულებრივი ფაქტის მიმართ. არა მხოლოდ ადამიანის არსებობის, არამედ, ზოგადად, სიცოცხლის და იმის, თუ როგოგ შეძლო ამ სუნთქვისშემკვრელად ძლიერმა პროცესმა, რასაც ბუნებრივ გადარჩევას ვუწოდებთ, აეღო ფიზიკისა და ქიმიის ძალიან მარტივი ფაქტები და მათზე დაყრდნობით მისულიყო სეკვიოამდე და ადამიანამდე. აღტაცების ეს შეგრძნება არასდროს მტოვებს. მეორეს მხრივ, ნამდვილად არ ვაძლევ დარვინიზმს საშუალებას, გავლენა მოახსიდინოს ჩემს გრძნობებზე ადამიანის სოციალური ცხოვრების მიმართ“, რაშიც იგულისხმება, რომ მისი აზრით, ადამიანებს ინდივიდუალურად შეუძლიათ გამოეთიშონ დარვინიზმის გადარჩენაზე ორიენტირებულ მანქანას, რის საშუალებასაც პიროვნული შეგნება და თავისუფლება აძლევთ.[38]
წიგნში „ეგოისტი გენი“ დოკინზმა მოიგონა სიტყვა მიმი (გენის ქცევითი ეკვივალენტი), რათა მკითხველებისთვის წარმოდგენა შეექმნა, თუ რა სახით შეიძლება განივრცოს დარვინისტული პრინციპები გენების სამყაროზე უფრო შორს.[95] თავდაპირველად იგი „რეპლიკატორების“ არგუმენტის გაგრძელებად იყო ნაგულისხმევი, თუმცა, სხვა ავტორების, მაგალითად, დენიელ დენეტის და სიუზან ბლექმორის შრომებში ტერმინმა დამოუკიდებელი სიცოცხლე შეიძინა. მალევე წარმოიშვა მიმეტიკა, დისციპლინა, რომლისგანაც დოკინზი დისტანცირდა.[96]
დოკინზის კონცეფციით, მიმი არის რაიმე კულტურული ერთეული, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ რაიმე იდეის ან იდეათა ნაკრების რეპლიკატორად. მისი ჰიპოთეზით, რეპლიკაციის ფუნქცია ბევრ კულტურულ მოვლენას შეიძლება გააჩნდეს, როგორც წესი, კომუნიკაციის და ადამიანური კონტაქტების საშუალებით, რადგანაც ადამიანები ევოლუციის შედეგად ინფორმაციის და ქცევის ეფექტურ (თუმცა, არასრულყოფილ) გამავრცელებლებად ჩამოყალიბდნენ. რადგანაც მიმები სრულყოფილად არ კოპირდება, ისინი შეიძლება დაიხვეწოს, კომბინირდეს ან რაიმე სახით შეიცვალოს სხვა იდეებთან ურთიერთქმედებაში. ეს შედეგად იძლევა ახალ მიმებს, რომლებიც, თავის მხრივ, შესაძლოა მეტად ან ნაკლებად ეფექტური რეპლიკატორები იყოს, ვიდრე მათი წინამორბედები. შედეგად მიიღება მიმებზე დაფუძნებული კულტურული ევოლუციის ჰიპოთეზა, კონცეფცია, რომელიც გენებზე დაფუძნებული ბიოლოგიური ევოლუციის ანალოგიურია.[97]
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი მიმი დოკინზმა გამოიგონა, მას არასდროს უთქვამს, რომ იდეა სრულებით ახალი იყო,[98] რადგანაც მსგავსი მოსაზრებები მანამდეც გამოთქმულა. მაგალითად, ჯონ ლორანი გამოთქვამს აზრს, რომ ტერმინი შეიძლება მომდინარეობდეს ნაკლებადცნობილი გერმანელი ბიოლოგის, რიხარდ ზემონის (1859-1918) შრომებიდან.[99] ზემონის მიხედვით, „მნემი“ (mneme) იყო მეხსიერების ცნობიერი ან ქვეცნობიერი ნევრული კვალი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღებოდა, თუმცა, მსგავსი მოსაზრება თანამედროვე ბიოლოგიის გადმოსახედიდან ლამარკისტული იქნებოდა.[100] ლორანმა, ასევე, აღმოაჩინა ტერმინ „მნემის“ გამოყენების შემთხვევები მორის მეტერლინკის წიგნში „თეთრი ჭიანჭველის ცხოვრება“ (The Life of the White Ant, 1926), ხოლო თავად მეტერლინკი ამბობდა, რომ ტერმინი სწორედ ზემონისგან ისესხა.[99] თავის ნაწარმოებში მეტერლინკი ცდილობდა, აეხსნა ტერმიტებისა და ჭიანჭველების მეხსიერება, როგორც ნევრული მეხსიერების კვალი, რომელსაც „ინდივიდულაური მნემი“ ემატებოდა.[100] მიუხედავად ამისა, ჯეიმზ გლეიკის აზრით, მიმის კონცეფცია დოკინზის „ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი გამოგონებაა, ბევრად უფრო გავლენიანი, ვიდრე მისი ეგოისტი გენი, ან მისი პროზელიტიზმი რელიგიურობის წინააღმდეგ“.[101]
2006 წელს დოკინზმა დააფუძნა „რიჩარდ დოკინზის ფონდი კეთილგონიერებისა და მეცნიერებისათვის“ (Richard Dawkins Foundation for Reason and Science, RDFRS), არამომგებიანი ორგანიზაცია. RDFRS-მა თავისი არსებობის განმავლობაში დააფინანსა კვლევები რწმენისა და რელიგიის ფსიქოლოგიაზე, სამეცნიერო განათლების პროგრამები და მასალები, აგრეთვე, მხარს უჭერდა სეკულარული ხასიათის საქველმოქმედო ორგანიზაციებს.[102] 2016 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ დოკინზის ფონდი შეუერთდა „გამოკვლევის ცენტრს“ (Center for Inquiry), ხოლო თავად დოკინზი ახალი ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.[103]
დოკინზი ინგლისის ეკლესიის წევრი 13 წლის ასაკში გახდა, თუმცა რწმენის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. მისი თქმით, განსწავლულობა მეცნიერებასა და ევოლუციურ პროცესებში უჩენს კითხვებს, თუ როგორ შეიძლება ცივილიზებული სამყაროს ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფი ზრდასრული ადამიანები ჯერ კიდევ ასე გაუნათლებელნი იყვნენ ბიოლოგიაში[104] და ვერ ამოუხსნია, თუ როგორ შეიძლება მეცნიერებაში გაწაფულ ადამიანებს კვლავ გააჩნდეთ ღმერთის რწმენა. დოკინზი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ფიზიკოსი იყენებს სიტყვას „ღმერთი“ როგორც მეტაფორას სამყაროს დიდი და გასაოცარი მისტერიებისთვის, რაც იწვევს დაბნეულობას და არასწორ გააზრებას იმ ადამიანებში, რომლებიც მცდარად ფიქრობენ, რომ ეს მეცნიერები საუბრობენ მისტიურ არსებაზე, რომელიც პატიობს ცოდვებს, ღვინოს სისხლად გარდაქმნის, ან ხალხს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის საშუალებას აძლევს.[105]
იგი არ ეთანხმება სტივენ ჯეი გულდის პრინციპს არაგადამკვეთი მაგისტერიების (Non-overlapping Magisteria, NOMA) შესახებ[106] და ამბობს, რომ ღმერთის არსებობა ისეთივე მეცნიერული ჰიპოთეზაა, როგორც ყველა დანარჩენი.[107] დოკინზი ცნობილია რელიგიის კრიტიკით. როგორც თავად განაცხადა, მის ანტირელიგიურობას ორმაგი მიზეზი აქვს: რელიგია არის როგორც კონფლიქტის წყარო, ისე დასაბუთების გარეშე რაიმეს დაჯერების გამართლების საშუალება.[108] მისი აზრით რწმენა — რაიმეს დაუსაბუთებლად დაჯერება — „მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბოროტებაა“.[109]
მის მიერვე შემუშავებულ თეისტური ალბათობის სპექტრში, რომელსაც 7 დონე აქვს (1: „100% დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი არსებობს“ — 7: „100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი არ არსებობს“), დოკინზმა საკუთარ თავს 6.9 მიაკუთვნა, რაც „დე ფაქტო ათეისტს“ წარმოადგენს: „დაზუსტებით ვერ მეცოდინება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ღმერთის არსებობის ალბათობა ძალიან დაბალია და ვცხოვრობ იმ დაშვებით, რომ იგი არ არსებობს“. როცა დარჩენილ მცირედ გაურკვევლობაზე დაუსვეს შეკითხვა, მან უპასუხა: „მე იმდენადვე ვარ აგნოსტიკი [ღმერთის არსებობის საკითხზე], რამდენადაც ბაღის კუთხეში ფერიების არსებობის საკითხზე“.[110][111] 2014 წლის მაისში, უელსში გამართულ ჰეის ფესტივალზე დოკინზმა განმარტა, რომ მას არ სჯერა ქრისტიანული რწმენის ზებუნებრივი ელემენტებისა, თუმცა, რელიგიის ცერემონიული ნაწილის მიმართ გარკვეული ნოსტალგია ჯერ კიდევ აქვს.[112] გარდა ღმერთის რწმენისა, დოკინზმა ირაციონალურობის გამო გააკრიტიკა ისეთი რელიგიური წარმოდგენები, რომლებიც ეხება ქრისტეს მიერ წყლის ღვინოდ ქცევას, მის აღდგომას და წყალზე სიარულს, ღვთისმშობლის ქალწულობას, მუჰამედის მიერ მთვარი გახლეჩას, ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას და სხვა.[120]
დოკინზის პოპულარობა გაიზარდა მეცნიერებასა და რელიგიასთან დაკავშირებული საჯარო დებატების შემდეგ, რაც მისი ყველაზე პოპულარული წიგნის, „ღმერთი, როგორც დელუზია“ (2006), გამოცემას მოჰყვა. წიგნი საერთაშორისო ბესტსელერი გახდა.[121] 2015 წლისთვის გაყიდული იყო მისი 3 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და წიგნი თარგმნილი იყო 30-ზე მეტ ენაზე.[122] მისი წარმატება აღქმულ იქნა, როგორც ახალი, თანამედროვე კულტურული ცაიტგაისტის ნიშანი; ასევე, იგი დაემთხვა ახალი ათეიზმის აღზევებას.[123] წიგნში დოკინზი ამტკიცებს, რომ ზებუნებრივი შემოქმედი თითქმის უეჭველად არ არსებობს და რომ რელიგიური რწმენა დელუზიაა — „ფიქსირებული მცდარი წარმოდგენა“.[124] 2002 წლის თებერვალში ტექნოლოგიის, გართობის და დიზაინის (TED) კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვაში, სახელწოდებით „მებრძოლი ათეიზმი“ (Militant atheism), დოკინზმა მოუწოდა ათეისტებს მსოფლიოს გარშემო, ღიად გამოეთქვათ თავიანთი პოზიცია და ებრძოლათ ეკლესიის ჩარევის წინააღმდეგ პოლიტიკასა და მეცნიერებაში.[125] 2007 წლის 30 სექტემბერს დოკინზი, კრისტოფერ ჰიტჩენსი, სემ ჰარისი და დენიელ დენეტი შეხვდნენ ჰიტჩენსის სახლში და გამართეს ორსაათიანი დისკუსია მოდერაციის გარეშე. საუბრის ვიდეოჩანაწერი მოგვიანებით გავრცელდა სახელწოდებით „ოთხი მხედარი“.[126]
დოკინზს მიაჩნია, რომ რელიგიური დოგმის და ინდოქტრინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში უმთავრესია განათლება და ცნობიერების ამაღლება.[54][127][128] ამაში იგი მოიაზრებს ბრძოლას გარკვეული სტერეოტიპების წინააღმდეგ და ნატურალისტური მსოფლმხედველობის მქონე ადამიანების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გასაღვივებლად იყენებს ტერმინს „bright“ („ჭკვიანი“, „საზრიანი“, „გონებაგახსნილი“).[128] იგი მხარს უჭერს იდეას თავისუფალი აზროვნების სკოლების შესახებ,[129] სადაც არ მოხდება ბავშვების ინდოქტრინაცია და სანაცვლოდ, მათ ასწავლიან, მოითხოვონ დასაბუთება, იყონ სკეპტიკური, კრიტიკული და გონებაგახსნილი. ასეთი სკოლა, როგორც დოკინზი ამბობს, „უნდა ასწავლიდეს შედარებით რელიგიათმცოდნეობას, მკვდარი, მაგრამ ისტორიულად მნიშვნელოვანი რელიგიების ჩათვლით, როგორიცაა ძველი ბერძნული და სკანდინავიური ღმერთები, თუნდაც იმიტომ, რომ ეს რელიგიები, აბრაამისტული რელიგიების მსგავსად, მნიშვნელოვანია ინგლისური ლიტერატურის და ევროპის ისტორიის გასააზრებლად.“[130][131] დოკინზი შთაგონებულია ფემინისტების გლობალური წარმატებით ცნობიერების ამაღლების სფეროში, რაც ინგლისურ ენაში მდედრობითი ან უცნობი სქესის სახელის აღსანიშნავად მამრობითი სქესის ნაცვალსახელის გამოყენების ტრადიციის მოშლაში გამოიხატა და აცხადებს, რომ ტერმინები „ქრისტიანი ბავშვი“ და „მუსლიმი ბავშვი“ ისევე სოციალურად აბსურდულია, როგორც, მაგალითად, „მარქსისტი ბავშვი“ და ამის გამო, არ უნდა ხდებოდეს ბავშვების კლასიფიცირება მათი მშობლების რელიგიის მიხედვით.[128]
ზოგიერთი კრიტიკოსი, მათ შორის, მწერალი კრისტოფერ ჰიტჩენსი, ფსიქოლოგი სტივენ პინკერი და ნობელის პრემიის ლაურეატები სერ ჰაროლდ კროტო, ჯეიმზ უოტსონი და სტივენ ვაინბერგი დოკინზის პოზიციას რელიგიასთან დაკავშირებით მხარს უჭერდნენ და მის ნაშრომებს მაღალ შეფასებას აძლევდნენ.[132] სხვები, მათ შორის, ნობელის პრემიის მფლობელი თეორიული ფიზიკოსი პიტერ ჰიგსი, ასტროფიზიკოსი მარტინ რისი, მეცნიერების ფილოსოფოსი მაიკლ რუზი, ლიტერატურის კრიტიკოსი ტერი იგლტონი, ფილოსოფოსი როჯერ სკრატონი, აკადემიკოსი და სოციალური კრიტიკოსი კამილ პალია, ათეისტი ფილოსოფოსი დენიელ კეიმი და თეოლოგი ალისტერ მაკგრათი[139] მას სხვადასხვა მიზეზით აკრიტიკებდნენ. გამოითქვა შენიშვნები, რომ მისი ნაშრომები რელიგიური ფუნდამენტალიზმის ათეისტურ ვერსიას წარმოადგენს და არა ამ ფუნდამენტალიზმის პროდუქტიულ კრიტიკას და რომ დოკინზს ფუნდამენტურად არასწორად ესმის იმ თეოლოგიური მოსაზრებების საფუძვლები, რომელთა უარყოფასაც ლამობს. რისმა და ჰიგსმა ღიად უარყვეს დოკინზის კონფრონტაციული დამოკიდებულება რელიგიის მიმართ და მას ვიწრო და „უხერხული“ უწოდეს, მეტიც, ჰიგსმა დოკინზი იმავე რელიგიურ ფუნდამენტალისტებს შეადარა, რომლებსაც იგი აკრიტიკებს.[140][141][142][143] ათეისტმა ფილოსოფოსმა ჯონ გრეიმ დოკინზი დაგმო, როგორც „ანტი-რელიგიური მისიონერი“, რომლის მტკიცებები „არც ახალია და არც ორიგინალური“ და განაცხადა, რომ „გაბრუებულია რა თავისივე გონების მუშაობით, დოკინზს მხედველობიდან ეპარება ბევრი რამ, რაც მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის“. გრეიმ, აგრეთვე, გააკრიტიკა დოკინზის, როგორც დარვინის მოკავშირის რეპუტაცია და აღნიშნა, რომ თუ „მეცნიერება დარვინისთვის ძიების მეთოდი იყო, რომლის საშუალებითაც ნელა და თავმდაბლად უახლოვდებოდა ჭეშმარიტებას, დოკინზისთვის იგი სამყაროს შეუვალი ხედვაა“.[144] 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანელი მეცნიერების დიდი ნაწილი დოკინზის დამოკიდებულებას რელიგიის მიმართ არ იწონებდა.[145] ამ კრიტიკაზე პასუხად დოკინზი აცხადებს, რომ ღრმა კოსმოლოგიურ შეკითხვებზე პასუხების ძიებაში თეოლოგები მეცნიერებს არაფრით აღემატებიან და რომ იგი ფუნდამენტალისტი არაა, რადგან ახალი სამხილების აღმოჩენის შემთხვევაში, მზადაა, შეხედულებები შეიცვალოს.[146][147][148]
დოკინზი საჯარო კრიტიკის ობიექტი გახდა ისლამის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამოც. 2013 წელს მან ტვიტერში დაწერა: „მსოფლიოს ყველა მუსლიმს ერთად უფრო ნაკლები ნობელის ჯილდო აქვს აღებული, ვიდრე კემბრიჯის ტრინიტის კოლეჯს. თუმცა, შუა საუკუნეებში მათ დიდი საქმეები გააკეთეს“.[149] 2016 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთის მეცნიერებისა და სკეპტიციზმის კონფერენციის ორგანიზატორებმა, სადაც დოკინზი სიტყვით უნდა გამოსულიყო, მისი მოწვევა გააუქმეს, რადგან მან გააზიარა „ძლიერ შეურაცხმყოფელი“ ანიმაციური ვიდეო, რომელშიც ფემინისტები და ისლამისტები ერთად მღეროდნენ იმაზე, თუ რამდენი საერთო აქვთ. პოსტზე თანდართულ ტვიტში დოკინზი წერდა: „ცხადია, არ ეხება ფემინისტების დიდ უმრავლესობას, რომელთა შორისაც საკუთარ თავსაც მოვიაზრებ. თუმცა, დარჩენილი უმცირესობა ძლიერ დამაზიანებელია.“[150]
დოკინზი ცნობილია კრეაციონიზმის კრიტიკით. კრეაციონიზმი წარმოადგენს რელიგიურ რწმენას, რომ ადამიანი, სიცოცხლე და სამყარო შეიქმნა ღმერთის მიერ,[151] ევოლუციური პროცესების გარეშე.[152] ახალგაზრდა დედამიწის შესახებ კრეაციონისტულ წარმოდგენას, რომლის მიხედვითაც დედამიწის ასაკი მხოლოდ რამდენიმე ათასი წელია, დოკინზმა უწოდა „აბსურდული, აზრსმოკლებული სიცრუე“.[153] დოკინზის 1986 წელს გამოცემული წიგნი „ბრმა მესაათე“ (The Blind Watchmaker) შეიცავს კრეაციონიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, კერძოდ, ტელეოლოგიური (წინასწარგანზრახულობის) არგუმენტის ხანგრძლივ და მყარ კრიტიკას. წიგნში ავტორი გამოდის მესაათის ანალოგიის წინააღმდეგ, რომელიც ცნობილი გახდა XVIII საუკუნის ინგლისელი თეოლოგის, უილიამ პეილის წიგნიდან „ბუნებრივი თეოლოგია“(Natural Theology), სადაც პეილი ამტკიცებს, რომ როგორც საათი არის ზედმეტად რთული და ფუნქციონალური იმისთვის, რომ შემთხვევით გაჩენილიყო, ასევე, ყველა ცოცხალი არსება — ბევრად უფრო რთული აგებულებით და ფუნქციურობით — წინასწარი განზრახვით და გეგმით უნდა იყოს შექმნილი. დოკინზი იზიარებს სამეცნიერო საზოგადოებაში ფართოდ მიღებულ ხედვას, რომ ბუნებრივი გადარჩევა საკმარისია ბიოლოგიური სამყაროს ფუნქციურობისა და ერთი შეხედვით არაშემთხვევითი კომპლექსურობის ასახსნელად და შეიძლება მისი როლი მესაათისას შევადაროთ, თუმცა, ეს იქნება ავტომატური, არაგონიერი, „ბრმა“ მესაათე.[154]
1986 წელს დოკინზმა და ბიოლოგმა ჯონ მეინარდ სმითმა მონაწილეობა მიიღეს ოქსფორდის გაერთიანების მიერ ორგანიზებულ დებატებში კრეაციონისტ ართურ უაილდერ-სმითის და ბიბლიური კრეაციონისტური საზოგადოების პრეზიდენტის ედგარ ენდრიუსის პირისპირ. სხვა შემთხვევებში დოკინზი ითვალისწინებს გარდაცვლილი კოლეგის, სტივენ ჯეი გულდის რჩევას და კრეაციონისტებთან ფორმალურ დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს ხოლმე, რადგანაც მისი აზრით, „რასაც ისინი ეძებენ, რესპექტაბელურობის ჟანგბადია“ და მათთან ოფიციალურ დებატებში შესვლა „მათ ამ ჟანგბადს მიაწვდიდა“. მისი აზრით, კრეაციონისტებს „არ აწუხებთ დებატებში დამარცხება. მათთვის მნიშვნელოვანია აღიარების მოპოვება იმით, რომ მათთან კამათში შესვლით თავს შევიწუხებთ“.[155] 2004 წლის დეკემბერში ამერიკელ ჟურნალისტთან ბილ მოიერსთან ინტერვიუში დოკინზმა თქვა, რომ „იმ ყველაფერს შორის, რაც მეცნიერებამ დანამდვილებით იცის, ევოლუცია ისეთივე უეჭველია, როგორც ნებისმიერი სხვა“. როცა მოიერსმა ტერმინ „თეორიის“ გამოყენების შესახებ ჰკითხა, დოკინზმა განაცხადა, რომ „ევოლუციაზე დაკვირვება შესაძლებელია. უბრალოდ, არა მაშინ, როცა ის ხდება“. მან დაამატა, რომ „ეს პროცესი ჰგავს დეტექტივის საქმიანობას, რომელიც მკვლელობის სცენაზე მოდის... მას, რა თქმა უნდა, არ უნახავს დანაშაული, თუმცა, ნამდვილად ხედავს უამრავ მინიშნებას... არსებობს სამხილების უზარმაზარი რაოდენობა. თითქმის იგივე იქნებოდა, ყველაფერი ინგლისური სიტყვებით რომ ეწეროს.“[156]
დოკინზი ეწინააღმდეგება სასკოლო განათლებაში გონიერი შემოქმედის საკითხის შეტანას, რომელსაც ახასიათებს როგორც არა მეცნიერულ, არამედ რელიგიური შეხედულებას.[157] მედიაში მას ხშირად უწოდებენ „დარვინის როტვეილერს“,[158][159] რაც ალუზიაა ინგლისელ ბიოლოგ ტომას ჰენრი ჰაქსლიზე, რომელსაც „დარვინის ბულდოგს“ უწოდებდნენ, რადგან თავგამოდებით იცავდა ჩარლზ დარვინის ევოლუციურ იდეებს. დოკინზი მკაცრად აკრიტიკებს ბრიტანულ კრეაციონისტულ ორგანიაციას Truth in Science („სიმართლე მეცნიერებაში“), რომელიც სახელმწიფო სკოლებში კრეაციონიზმის სწავლების ინიციატივას უჭერს მხარს და რომლის საქმიანობასაც დოკინზმა „საგანმანათლებლო სკანდალი“ უწოდა. იგი გეგმავს საჯარო სკოლების სუბსიდირებას წიგნების, ვიდეომასალის და პამფლეტების მიწოდებით აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის საწინაღმდეგოდ.[160]
დოკინზი ღიად ათეისტია[161] და მხარს უჭერს არაერთ ათეისტურ, სეკულარისტულ[162][163] და ჰუმანისტურ ორგანიზაციას,[164][165][166][167] რომელთა შორისაც არის Humanists UK და Brights movement.[125] დოკინზი ამტკიცებს, რომ ათეისტები ამაყები უნდა იყვნენ და არ უნდა იყვნენ თავის მართლების რეჟიმში, რადგან ათეიზმი ჯანსაღი, დამოუკიდებელი გონების ნიშანია.[168] იგი იმედოვნებს, რომ რაც უფრო მეტი ათეისტი მოახდენს საკუთარი თავის ღიად იდენტიფიცირებას, საზოგადოება მით უფრო გააცნობიერებს, თუ რამდენი ურწმუნოა მათ რიგებში და რელიგიურ უმრავლესობაშიც ათეიზმის მიმღებლობა გაიზრდება.[169] სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლით შთაგონებულმა მხარი დაუჭირა მოძრაობას Out Campaign, რომელიც ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას ათეიზმისა და თავისუფალი აზროვნების შესახებ და მოუწოდებს ათეისტებს, ღიად განაცხადონ თავიანთი პოზიცია.[170] 2008 და 2009 წლებში მხარი დაუჭირა ათეიზმის სარეკლამო ინიციატივას გაერთიანებულ სამეფოში, სახელწოდებით Atheist Bus Campaign, რომლის მიზანიც იყო სახსრების შეგროვება ლონდონის ავტობუსებზე ათეისტური შინაარსის სარეკლამო ბანერების განთავსებისთვის.[171]
დოკინზს ხშირად გამოუთქვამს შეშფოთება ადამიანთა პოპულაციის უკონტროლო ზრდის და პლანეტაზე მოსახლეობის სიჭარბის გამო.[172] ამ თემას მოკლედ ეხება წიგნში „ეგოისტი გენი“ და მოჰყავს ლათინური ამერიკის მაგალითი, სადაც, წიგნის გამოსვლის დროისთვის მოსახლეობა საშუალოდ ყოველ 40 წელიწადში ორმაგდებოდა. იგი აკრიტიკებს კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებას ოჯახის დაგეგმარებისა და პოპულაციის კონტროლის მიმართ და აცხადებს, რომ ლიდერები, რომლებიც კრძალავენ კონტრაცეპციას და „უპირატესობას პოპულაციის შეზღუდვის ე.წ. ბუნებრივ მეთოდებს ანიჭებენ, საბოლოოდ ზუსტად ასეთ მეთოდს მიიღებენ მასობრივი შიმშილობის სახით“.[173]
დოკინზი მხარს უჭერს „დიდი პრიმატების პროექტს“ (Great Ape Project), მოძრაობას, რომელიც მხარს უჭერს გარკვეული მორალური და ლეგალური უფლებების მინიჭებას ადამიანების მსგავსი პრიმატებისათვის. პაოლა კავალიერის და პიტერ სინგერის რედაქტორობით გამოსულ წიგნში Great Ape Project შევიდა დოკინზის ესე სახელწოდებით „სიცარიელეები გონებაში“ (Gaps in the mind). ესეში დოკინზი აკრიტიკებს თანამედროვე საზოგადოების მორალურ შეხედულებებს, რომლებიც, მისი შეფასებით „არაგანგრძობად, სპეცისისტურ იმპერატივს ეფუძნება“.[174]
დოკინზი ხშირად აკეთებს კომენტარებს გაზეთებში და ბლოგებში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და ხშირად წერს ონლაინ სამეცნიერო და კულტურული დაიჯესტისთვის „3 კვარკი ყოველდღიურად“ (3 Quarks Daily).[175] იგი ეწინააღმდეგებოდა ერაყში შეჭრას 2003 წელს,[176] დიდი ბრიტანეთის ბირთვულ პროგრამას, მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის პოლიტიკას[177] და ე.წ. „დაპროექტებული ბავშვების“ ეთიკურ მხარეს.[178] რამდენიმე ასეთი სტატია მოხვდა წიგნში „ეშმაკის კაპელანი“, რომელიც წარმოადგენს მეცნიერების, რელიგიის და პოლიტიკის თემაზე შექმნილი ნაწერების ანთოლოგიას. იგი, ასევე, მხარს უჭერს ბრიტანული პოლიტიკური მოძრაობა Republic-ის კამპანიას ბრიტანეთში მონარქიის გაუქმების და მისი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტით შეცვლის მოთხოვნით.[179] 1970-იან წლებში დოკინზი ლეობორისტებს უჭერდა მხარს,[180] ხოლო ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის შექმნის დღიდან მათი მხარდამჭერია. 2009 წელს ამ პარტიის კონფერენციაზე გამოვიდა მკრეხელობის კანონების, ალტერნატიული მედიცინის და სკოლაში რელიგიის სწავლების წინააღმდეგ. 2010 წლის არჩევნებზე ოფიციალურად დაუჭირა მხარი ლიბერალ-დემოკრატებს, რისი მიზეზიც იყო მათი კამპანია არჩევნების რეფორმასთან დაკავშირებით და მათი უარი, „თავი დაუხარონ რწმენას“.[181] იგივე გააკეთა მან 2017 წლის არჩევნებზე და მოსახლეობას პარტიაში გაწევრიანებისკენაც მოუწოდა.
2021 წლის აპრილში დოკინზმა Twitter-ზე დაწერა: „2015 წელს რეიჩელ დოლეჟალი, ფერადკანიანთა ხელშეწყობის ეროვნული ასოციაციის (NAACP) ერთ-ერთი ფილიალის თეთრკანიანი ხელმძღვანელი გაილანძღა შავკანიანად იდენტიფიცირების გამო. ზოგიერთი კაცი ირჩევს, იდენტიფიცირდეს, როგორც ქალი. თქვენ გაილანძღებით, თუ უარყოფთ, რომ ისინი პირდაპირი მნიშვნელობით არიან ისინი, რადაც იდეტიფიცირდებიან. განვიხილოთ.“ ამ ტვიტის გამო დოკინზი კრიტიკის ობიექტი გახდა, რის შემდეგაც განაცხადა: „ჩემი განზრახვა ტრანსგენდერი ხალხის დამცირება არ არის. მე ვხედავ, რომ ჩემი აკადემიური მოწოდება განხილვისკენ ამგვარად იქნა გაგებული და ამას ვგმობ. ასევე, ჩემი განზრახვა არ ყოფილა რესპუბლიკელ ფარისევლებთან დაკავშირება, რომლებიც ახლა ამ საკითხის ექსპლუატაციას ეწევიან.“[182] ამერიკის ჰუმანისტთა ასოციაციამ ამ კომენტარების პასუხად დოკინზს ჩამოართვა წლის ჰუმანისტის ჯილდო, რომელიც 1996 წელს ჰქონდა გადაცემული.[183]
დოკინზი მხარს უჭერს გაეროს საპარლამენტო ასამბლეის შექმნის კამპანიას, რომლის მიზანიცაა გაეროს დემოკრატიული რეფორმირება და მეტად პასუხისმგებლიანი საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება.[184]
დოკინზი საკუთარ თავს ფემინისტად მიიჩნევს.[185] მისი თქმით, ფემინიზმი „განუზომლად მნიშვნელოვანია“.[186] თუმცა, დოკინზი მიზოგინიაში დაადანაშაულეს ამანდა მარკოტმა, კეიტლინ დიკსონმა და ადამ ლიმ. მათი თქმით, დოკინზი აკრიტიკებს მათ, ვინც საუბრობს სექსუალური შევიწროების შესახებ და თვალს ხუჭავს სექსიზმზე ახალი ათეიზმის მოძრაობის შიგნით.[187][188][189]
1998 წელს ჟურნალში Nature დოკინზმა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „პოსტმოდერნიზმის გაშიშვლება“ (Postmodernism disrobed), რომელშიც გამოხატა მოწონება სოკალის საქმესთან დაკავშირებული ორი წიგნის შესახებ: პოლ გროსის და ნორმალ ლევიტის „უმაღლესი ცრურწმენა: აკადემიური მემარცხენეები და მათი დავა მეცნიერებასთან“ (Higher Superstition: The Academic Left and Its Quarrels with Science) და ალან სოკალის და ჟან ბრიკმონის „მოდური ნონსენსი“ (Fashionable Nonsense: Postmodern Intellectuals' Abuse of Science). ეს წიგნები ცნობილია პოსტმოდერნიზმის კრიტიკით, განსაკუთრებით ამერიკულ უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით ლიტარატურის, ანთროპოლოგიის და სხვა კულტურული კვლევების დეპარტამენტებში.[190]
სხვა კრიტიკოსების მსგავსად, დოკინზი თვლის, რომ პოსტმოდერნიზმი იყენებს ობსკურანტულ ენას, რათა დამალოს თავისი უშინაარსობა. ამის მაგალითად მას მოჰყავს ფსიქოანალიტიკოს ფელიქს გატარის ტექსტი: „ნათლად ვხედავთ, რომ არ არსებობს ბი-უნივოკალური კორესპონდენცია ლინეარულ მანიშნებელ კავშირებს ანუ არქი-წერას, ავტორიდან გამომდინარე და ამ მულტირეფერენციულ, მრავალგანზომილებიან მაქინისტურ კატალიზს შორის“.[georgian 2] დოკინზის მტკიცებით, ამის მიზეზი გარკვეული ინტელექტუალების აკადემიური ამბიციებია. გატარის და ჟაკ ლაკანის მსგავსი ფიგურებს, დოკინზის თანახმად, არაფერი აქვთ სათქმელი, თუმცა, სურთ მიიღონ სარგებელი და რეპუტაცია, რომელიც წარმატებულ აკადემიურ კარიერას მოჰყვება: „დავუშვათ, თქვენ ხართ თვითმარქვია ინტელექტუალი, რომელსაც სათქმელი არაფერი აქვს, მაგრამ გაქვთ ძლიერი ამბიცია, წარმატებას მიაღწიოთ აკადემიურ ცხოვრებაში, შემოიკრიბოთ თავდადებულ მიმდევართა წრე და გინდათ, სტუდენტებმა მთელს მსოფლიოში მოწიწებით სცხონ თქვენი წიგნების გვერდებს პატივსაცემი ყვითელი მოსანიშნი. რა სახის ლიტერატურულ სტილს გამოიყენებდით? რასაკვირველია, არა ნათელს და გასაგებს, რადგან სიცხადე თქვენს უშინაარსობას გამოამჟღავნებდა.“[190]
დოკინზი ცნობილია ფსევდომეცნიერებისა და ალტერნატიული მედიცინის კრიტიკით. 1998 წელს გამოცემულ წიგნში „ცისარტყელის დაშლა“ (Unweaving the Rainbow) განხილულია ჯონ კიტსის ბრალდება, რომ ცისარტყელის რაობის ახსნით ისააკ ნიუტონმა მისი მშვენიერება დააკნინა. დოკინზი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მისი აზრით, ღრმა კოსმოსი, სიცოცხლის ევოლუცია მილიარდობით წლის მანძილზე, ბიოლოგიის და მემკვიდრეობითობის მიკროსკოპული მექანიზმები უფრო მეტ მშვენიერებას და ინტერესს შეიცავს, ვიდრე „მითები“ და „ფსევდომეცნიერება“.[191] ჯონ დაიმონდის წიგნისთვის „გველის ზეთი“ (Snake Oil), რომელიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამობიდა და სადაც დაიმონდი ალტერნატიული მედიცინის წინააღმდეგ გამოდის, დოკინზმა დაწერა წინასიტყვაობა, სადაც ამტკიცებს, რომ ალტერნატიული მედიცინა საზიანოა, თუნდაც იმიტომ, რომ პაციენტების ყურადღება უფრო წარმატებული კონვენციური მკურნალობისგან გადააქვს და ხალხს ცრუ იმედებს უჩენს.[192] „არ არსებობს ალტერნატიული მედიცინა“, აცხადებს ის, „არსებობს მხოლოდ მედიცინა, რომელიც მუშაობს და მედიცინა, რომელიც არ მუშაობს“.[193] 2007 წელს Channel 4-ის სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში „გონიერების მტრები“ იგი აცხადებს, რომ ბრიტანეთი „ცრურწმენის ეპიდემიითაა“ შეპყრობილი.[194]
Channel 4-თან დოკინზს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. მან მონაწილეობა მიიღო ხუთნაწილიან დოკუმენტურ სერიალში „ბრიტანეთის გენია“ (Genius of Britain) კოლეგა მეცნიერებთან: სტივენ ჰოკინგთან, ჯეიმზ დაისონთან, პოლ ნერსთან და ჯიმ ალ-ხალილისთან ერთად. სერიალი 2010 წლის ივნისში გავიდა ეთერში და მისი თემა ბრიტანელი მეცნიერების მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები იყო.[195]
2014 წელს შეუერთდა გლობალურ კამპანიას „ასტეროიდის დღე“, როგორც მე-10 ხელმომწერი.[196]
დოკინზს მინიჭებული აქვს მეცნიერების საპატიო დოქტორის წოდება შემდეგი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან: ჰადერსფილდის უნივერსიტეტი, უესტმინსტერის უნივერსიტეტი, დარემის უნივერსიტეტი,[197] ჰალის უნივერსიტეტი, ანტვერპენის უნივერსიტეტი, ოსლოს უნივერსიტეტი, აბერდინის უნივერსიტეტი,[198]ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი[50] და ვალენსიის უნივერსიტეტი.[199] აგრეთვე, აქვს საპატიო დოქტორის წოდებები სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტისგან და ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტისგან (HonLittD, 1996), 1997 წელს აირჩიეს ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრად, ხოლო 2001 წელს სამეფო საზოგადოების წევრად.[200][50] იგი ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი პატრონია.
1987 წელს დოკინზმა მიიღო ლიტერატურის სამეფო საზოგადოების ჯილდო და Los Angeles Times-ის ლიტერატურული ჯილდო წიგნისთვის „ბრმა მესაათე“. იმავე წელს გადაეცა Sci. Tech პრემია საუკეთესო სატელევიზიო სამეცნიერო დოკუმენტური პროგრამისთვის BBC-ს სატელევიზიო პროგრამა Horizon-ის ეპიზოდისთვის „ბრმა მესაათე“ (The Blind Watchmaker).[50]
1996 წელს ამერიკის ჰუმანისტთა ასოციაციამ წლის ჰუმანისტის ჯილდო გადასცა, რომელიც ჩამოართვა 2021 წელს, რისი მიზეზიც, ასოციაციის განცხადებით, იყო „მარგინალიზებული ჯგუფების დამცირება“, (რომლებშიც ტრანსგენდერი ადამიანები იგულისხმებოდნენ) „სამეცნიერო საფარის ქვეშ“.[201][182]
სხვა ჯილდოებიდან აღსანიშნავია ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების ვერცხლის მედალი (1989), ფინლეის ინოვაციის ჯილდო (1990), მაიკლ ფარადეის ჯილდო (1990), ნაკაიამას პრემია (1994), მეხუთე საერთაშორისო კოსმოსური პრემია (1997), კისტლერის პრემია (2001), იტალიის რესპუბლიკის საპრეზიდენტო მედალი (2001), 2001 და 2012 წელს რელიგიისგან თავისუფლების ფონდის (Freedom From Religion Foundation) მიერ გადაეცა ჯილდო სახელად „იმპერატორს ტანსაცმელი არ აცვია“ (Emperor Has No Clothes Award), ორსაუკუნოვანი საიუბილეო კელვინის მედალი გლაზგოს სამეფო ფილოსოფიური საზოგადოებისგან (2002),[50] ამერიკის მიღწევათა აკადემიის ოქროს დაფა (2006)[202] და ნირენბერგის პრემია მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ინტერესისთვის (2009).[203] მიღებული აქვს გერმანელი ანტიკლერიკალი მწერლის, კარლჰაინც დეშნერის სახელობის ჯილდო.[204] სკეპტიკური კვლევის კომიტეტმა (Committee for Skeptical Inquiry, CSICOP) დოკინზს უმაღლესი ჯილდო გადასცა, სახელწოდებით „გონიერების ხოტბისთვის“ (In Praise of Reason, 1992).[205]
დოკინზი პირველ ადგილზე გავიდა ჟურბალ Prospect-ის 2004 წლის გამოკითხვაში, რომელსაც ტოპ 100 ბრიტანელი ინტელექტუალი უნდა გამოევლინა. მკითხველებისგან მან ორჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა.[206][207] იგი კანდიდატთა მოკლე სიაში იყო 2008 წელსაც.[208] იმავე ჟურნალის 2013 წლის გამოკითხვაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ექსპერტების მიერ შერჩეულ 65 კანდიდატს შორის დოკინზი მსოფლიოს ტოპ მოაზროვნედ დასახელდა.[209]
2005 წელს ჰამბურგში არსებულმა ალფრედ ტეპფერის ფონდმა დოკინზს შექსპირის სახელობის ჯილდო გადასცა „მეცნიერების ლაკონიური და გასაგები გადმოცემისთვის“. 2006 წელს მიიღო ლუის ტომასის ჯილდო მეცნიერების შესახებ წერისთვის, ხოლო 2007 წელს – Galaxy British Book Awards-ის წლის ავტორის ჯილდო.[210] იმავე წელს ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა,[211] ხოლო The Daily Telegraph-ის 100 უდიდესი ცოცხალი გენიოსის სიაში მე-20 ადგილას დასახელდა.[212]
2003 წლიდან ათეისტთა საერთაშორისო ალიანსი (Atheist Alliance International) ყოველწლიური კონფერენციის დროს გასცემს ჯილდოს, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ ათეისტს, რომლის მოღვაწობამაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ათეიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში მიმდინარე წელს. იგი ცნობილია, როგორც „რიჩარდ დოკინზის ჯილდო“ თავად დოკინზის წვლილის აღსანიშნავად.[213] 2010 წელს რელიგიისგან თავისუფლების ფონდმა განსაკუთრებული მიღწევების მქონეთა საპატიო საბჭოს წევრად დაასახელა.[214]
2012 წელს შრი-ლანკელ იქთიოლოგთა ჯგუფმა როჰან პეთიაგოდას ხელმძღვანელობით გამოჰყო მტკნარი წყლის თევზის ახალი ჯიში და მას მეცნიერის პატივსაცემად „დოკინზია“ უწოდა.[215]
დოკინზი სამჯერ იყო დაქორწინებული და ერთი ქალიშვილი ჰყავს. 1967 წლის 19 აგვისტოს, ირლანდიაში, ქალაქ ენსტაუნის პროტესტანულ ეკლესიაში დოკინზი დაქორწინდა ეთოლოგ მარიან სტემპზე,[216] რომელსაც 1984 წელს დაშორდა. 1984 წლის 1 ივნისს, ოქსფორდში, იქორწინა ივ ბარემზე (1951–1999). მათ შეეძინათ ქალიშვილი, ჯულიეტ ემა დოკინზი (დაიბადა 1984 წელს, ოქსფორდში). დოკინზი და ბარემი განქორწინებული არიან.[217] 1992 წელს. ლონდონში, დოკინზი დაქორწინდა მსახიობ ლალა უორდზე.[217] დოკინზმა უორდი საერთო მეგობრის, დაგლას ადამსისგან გაიცნო,[218] რომელიც უორდთან ერთად Doctor Who-ზე მუშაობდა. 2016 წელს დოკინზი და უორდი კონფლიქტის გარეშე დაშორდნენ.[219] იგი საკუთარ თავს უწოდებს ათეისტს, რომელიც „კულტურულად ანგლიკანი“ და „სეკულარული ქრისტიანია“.[220][221][222][223]
2016 წლის 6 თებერვალს, სახლში ყოფნის დროს, დოკინზმა მსუბუქი ჰემორაგიული ინსულტი გადაიტანა.[224][225] მოგვიანებით, იმავე წელს, დოკინზმა განაცხადა, რომ თითქმის მთლიანად გამოჯანმრთელდა.[226][227]
დოკინზი ხშირად ჩნდება ტელევიზიით საინფორმაციო გამოშვებებში, სადაც აკეთებს კომენტარებს პოლიტიკურ და სხვა საკითხებზე. არსებობს მისი რადიოინტერვიუებიც, მეტწილად, მისი წიგნების შესახებ ტურების ფარგლებში. ხშირად მონაწილეობს დებატებში რელიგიურ ფიგურებთან. ხშირად გამოდის სიტყვით უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით, თავისივე წიგნებთან დაკავშირებული ტურების ფარგლებში. 2016 წლისთვის IMDB-ს ბაზაში მისი 60-მდე ჩანაწერი იყო.
We can clearly see that there is no bi-univocal correspondence between linear signifying links or archi-writing, depending on the author, and this multireferential, multi-dimensional machinic catalysis.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.