From Wikipedia, the free encyclopedia
ირაკლი ოქრუაშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1973, ცხინვალი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2004), თავდაცვის მინისტრი (2004-2006), ეკონომიკური განვითარების მინისტრი (2006).
ირაკლი ოქრუაშვილი დაიბადა 1973 წლის 6 ნოემბერს ცხინვალში. წარმოშობით არის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავიდან.[1] 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, რის შემდეგაც, 2000 წლამდე, ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.
2001 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, მიხეილ სააკაშვილის, მოადგილედ და ამ თანამდებობაზე 2002 წლამდე მუშაობდა.
საქართველოს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში დასახელებული იყო გორის მაჟორიტარობის კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და გახდა გორის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. ირაკლი ოქრუაშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის ნოემბერში მომხდარ ვარდების რევოლუციაში, რის შემდეგაც, 2 დეკემბერს, დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორად.[2] ამ თანამდებობაზე ოქრუაშვილი 2 თვე მუშაობდა, 2004 წლის 14 იანვარს კი ის საქართველოს გენერალურ პროკურორად დაინიშნა.[3][4]
2004 წლის 22 აპრილიდან 7 მაისამდე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (გორის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2004 წლის 7 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა,[5] 16 დეკემბერს კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა.[6][7] ამ პერიოდში ვრცელდებოდა ხმები ოქრუაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე თავის თანაგუნდელებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. 2005 წელს კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საბაბით შიდა ქართლის რეგიონის პოლიციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რაც ზოგიერთმა გამოცემამ ოქრუაშვილის გავლენის შესუსტებისაკენ მიმართულ კამპანიად ახსნა. თუმცა მთავრობის წევრებმა უარყვეს ეს მოსაზრება.[8][9] მოგვიანებით, 2005 წლის ივლისში, გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში, ირაკლი ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ ინტრიგებზე საუბრობდა.[10]
2006 წლის 10 ნოემბერს, მთავრობაში ცვლილებების შედეგად, ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი გახდა.[11] პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებით, ეს გადაადგილება „განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაზე შეტევაა“. ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ და პოლიტოლოგმა კი ოქრუაშვილის გადაყენება მის მიერ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის ვადების თაობაზე კატეგორიულ განცხადებებს დაუკავშირა.[12][13] 1 კვირის შემდეგ, 17 ნოემბერს, ოქრუაშვილმა ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა.[14]
2007 წლის 25 სექტემბერს ოქრუაშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებში დაადანაშაულა.[15][16] 2 დღის შემდეგ ის მის მიერ შექმნილი პარტიის — „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი.[17]
ოქტომბერში მან უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და აღიარა დანაშაული,[18] რის შემდეგაც 2007 წელს იძულებით იქნა დეპორტირებული საქართველოდან და ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. 2012 წლის 20 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში და დაპატიმრებული იქნა, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა გლდანის ციხეში.[19]
2013 წელს ირაკლი ოქრუაშვილი სცნეს პოლიტიკურ დევნილად, სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლეს სასამართლოდან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.