From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ამალია ავსტრიელი (გერმ. Maria Amalia von Österreich, იტალ. Maria Amalia di Austria; დ. 26 თებერვალი, 1746 — გ. 18 ივნისი, 1804) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I-ისა და იმპერატრიცა მარია ტერეზიას შუათანა ასული. იმპერატორ იოზეფ II-ის უმცროსი და და ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალ მარია კაროლინასა და საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტას უფროსი და. პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგინია 1769-1802 წლებში როგორც ფერდინანდ I-ის მეუღლე.
მარია ამალია ავსტრიელი | |
---|---|
პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 19 ივლისი, 1769 |
მმართ. დასასრული: | 9 ოქტომბერი, 1802 |
წინამორბედი: | ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი |
მემკვიდრე: | მარია ტერეზა სავოიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 26 თებერვალი, 1746 |
დაბ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 18 ივნისი, 1804, (58 წლის) |
გარდ. ადგილი: | პრაღა, ჩეხეთი |
დაკრძ. ადგილი: | წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი, პრაღა |
მეუღლე: |
ფერდინანდ I, პარმის ჰერცოგი (ქ. 1769 - გარდ. 1802) |
შვილები: |
კაროლინა, საქსონიის პრინცესა ლუდოვიკო I, ეტრურიის მეფე მარია ანტონია |
სრული სახელი: | მარია ამალია იოზეფა იოჰანა ანტონია ფონ ჰაბსბურგ-ლოთარინგია |
დინასტია: | ჰაბსბურგ-ლოთარინგია |
მამა: | ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | მარია ტერეზია, ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარია ამალია დაიბადა 1746 წლის 26 თებერვალს ვენაში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I-ისა და მისი მეუღლის, ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა მარია ტერეზიას შუათანა ქალიშვილი. იგი მშობლებთან ერთად ზამთარს შკოინბურნის სასახლეში ატარებდა, ზაფხულს კი ლაქსენბურგის სასახლეში. მისი და-ძმების მსგავსად, დედამისი მის განათლებასაც მკაცრად აკონტროლებდა. მარია ამალია პერფექციონისტი იყო. იგი თავის დებთან ერთად სწავლობდა ხელოვნებას, უცხო ენებს, დახვეწილ მანერებს, მორჩილებასა და კეთილშობილებას. მარია ამალიას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, რაც მარია ტერეზიას მკაცრი, მომთხოვნი და მოძალადეობრივი ხასიათით იყო გამოწვეული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დებს შორის მარია ამალიას ყველაზე კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან.
ვენაში ცხოვრებისას მან შეისწავლა ხატვა, რაშიც მან დიდ წარმატებასაც მიაღწია. მისი ცნობილი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია წმინდა ტერეზასა და ჩვილი იესოს ნახატები, რომლებიც დღეისათვის ერთ-ერთი ავსტრიელი კერძო კოლექციონერის სახლში ინახება.
1860 წელს მარია ამალიას ძმამ, იმპერატორმა იოზეფ II-მ ცოლად შეირთო პარმის პრინცესა იზაბელა პარმელი, რომელიც 1863 წელს მშობიარობისას დაიღუპა. პარმასთან ალიანსის განსაახლებლად, 1869 წლის 19 ივლისს, მარია ტერეზიასა და პარმის ჰერცოგინია ლუიზა ელიზაბეტ ფრანგის თაოსნობით მარია ამალია ავსტრიელი ცოლად გაჰყვა პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგ ფერდინანდ I-ს. მარია ამალიასა და ფერდინანდს მრავალწლიანი და ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. მათ სულ ცხრა შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ სამმა გოგონამ და ერთმა ვაჟმა მიაღწიეს სრულწლოვანებამდე. მის შემდეგ მალევე მისი და, მარია ანტუანეტა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეს გაჰყვა ცოლად, მარია კაროლინა კი სიცილიისა და ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ზე დაქორწინდა. ამრიგად, მარია ტერეზიას სამივე სიძე ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი იყო.
აღსანიშნავია, რომ გათხოვებამდე მარია ამალიას ცვაიბრიუხენის პრინცი კარლ საქსონიელი უყვარდა, რომელმაც ცოლად მარია ამალიას უმცროსი და, მარია კრისტინა შეირთო. ყოველივე ეს მარია ტერეზიამ მოაწყო, რომელმაც იცოდა, რომ მარია ამალიას კარლისადმი გრძნობები ჰქონდა. ამის შემდეგ, იმპერატრიცამ იგი იძულებით გაათხოვა საზღვარგარეთ, სრულიად უცხო მამაკაცზე, რამაც დედასა და ქალიშვილს შორის დიდი უთანხმოება წარმოშვა. აღსანიშნავია, რომ მარია ამალია დედამისს ამის შემდეგ აღარასდროს შერიგებია.
პარმაში მისი ჩასვლისას, მთელი ძალაუფლება საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის ქვეშევრდომ გულიელმო დიუ ტილოტს ჰქონდა ხელში, სულ ორ წელიწადში კი მარია ამალიამ მისი თანამდებობიდან მოხსნა და მისი ესპანეთის მეფე კარლ III-ის ქვეშევრდომ ხოსე დელ ლიანოთი ჩანაცვლება მოახერხა. 1772 წელს მარია ამალიამ ხოსეც გაანთავისუფლა და ამის ნაცვლად ჩამოაყალიბა ადგილობრივი, იტალიელი დიდგვაროვნებით დაკომპლექტებული სამეფო საბჭო, რომელიც შესაძლოა ითქვას, რომ პარლამენტის ფუნქციას ასრულებდა. ფერდინანდი პოლიტიკურად ძალიან პასიური ადამიანი აღმოჩნდა. იგი მთელ დროს შვილებთან თამაშსა და რელიგიას უთმობდა, რის გამოც ქვეყნის მართვა თავის თავზე მთლიანად მარია ამალიამ აიღო. მისი მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგად, პარმის საჰერცოგო ამიერიდან აღარც საფრანგეთის, და აღარც ესპანეთის მარიონეტს აღარ წარმოადგენდა.
1773 წელს პარმაში მარია ტერეზიას გაგზავნილი ავსტრიული ელჩობა ჩავიდა, რომლებიც ცდილობდნენ პარმა თავიანთ მარწუხებში მოექციათ, თუმცა მარია ამალიამ პარმა ავსტრიელთა ბატონობისგანაც იხსნა. ამის შემდეგ, ავსტრიასთან, საფრანგეთთან და ესპანეთთან დიპლომატიური კავშირები სულ უფრო და უფრო მცირდებოდა.
პარმაში ჩასვლისას, მარია ამალიას ცხოვრების წესს დიდი სკანდალი მოჰყვა და იგი არც მალავდა, რომ თავიდან თავისი ქორწინებით უკმაყოფილო იყო. მან ასევე დიდი უკმაყოფილება გამოთქვა პარმაში თავის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მარია ამალიამ დედამისს ავსტრიიდან დიდი კარადები გამოაგზავნინა და დიდი ფულადი სახსრების გაღების შედეგად სასურველი გარდეროვი შეიქმნა. მან მთლიანად შეცვალა როგორც ქალის, ასევე მამაკაცების მოდა, რომელიც რამდენიმე ათწლეულით ჩამორჩებოდა იმ დროის ევროპულ ტენდენციას. ასევე მისი დაფინანსებით, პარმის ქუჩებში დაყენდა ღამის განათება და უსაფრთხოების მიზნით ქუჩაში ოფიცრებიც დადგნენ. მისი და მისი დის, მარია ანტუანეტას ცხოვრების წესი მარია ტერეზიაში აღშფოთებას იწვევდა. მარია ამალია ძალზედ დაუმორჩილებელი და თამამი იყო, მარია ანტუანეტას კი ქმართან წლების მანძილზე არ ჰქონდა გაზიარებული სარეცელი, რაც ევროპაში მათი მიმართულებით სკანდალს აგორებდა, ყოველივე ეს კი მარია ტერეზიას დიდად არ მოსწონდა, რასაც არც ერიდებოდა და პირდაპირ ეუბნებოდა მათ.
მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული ხასიათისა, მარია ამალიასა და ფერდინანდს ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ და ამასთან ისინი მოსიყვარულე მშობლებიც გახდნენ. ავსტრიის საიმპერატორო კარზე აღზრდილი, წარმოუდგენელ პომპეზურობასა და ფუფუნებას შეჩვეული მარია ამალია, თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა პატარა და არც ისე მდიდარ პარმაში. იგი ყველანაირად ცდილობდა, პარმა ავსტრიისთვის დაემსგავსებინა და ხალხში ფუფუნების სიყვარული ჩაენერგა. იგი ასევე დიდი ქველმოქმედი პიროვნება იყო და ხშირად ეხმარებოდა გლახაკებს, რის გამოც მარია ამალია ხალხში ყოველთვის დიდი სიმპათიით სარგებლობდა.
მარია ამალია მთელი ცხოვრების მანძილზე განაწყენებული იყო დედაზე, თუ არ ჩავთვლით 1773 წლის ხანმოკლე შერიგებას, რაც მარია ამალიას პირველი ვაჟის დაბადებით იყო გამოწვეული. პარმის ჰერცოგინია გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა იმპერატრიცას მცდელობას: ვენიდან ეკონტროლებინა იგი. 1775 წელს პარმას მარია ამალიას და, ცვაიბრიუხენისა და ტეშენის ჰერცოგინია მარია კრისტინა ეწვია, რომელმაც უკან დაბრუნებისას დედამისს უამბო, რომ მარია ამალიას დაეკარგა თავისი სილამაზე და გლამური. ამის შემდეგ, მარია ტერეზიამ პარმაში საუკეთესო მხატვარი გააგზავნა და თავისი შვილიშვილების პორტრეტების შექმნა დაავალა, რათა ასე ეხილა ისინი. მარია ამალიას მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა თავის უმცროს დებთან: საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტასთან და ნეაპოლის დედოფალ მარია კაროლინასთან. სამივე და ერთმანეთში ცვლიდნენ პორტრეტებს, საჩუქრებსა და წერილებს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის რევოლუციის დროსაც კი, მარია ანტუანეტამ ფარულად მაინც მოახერხა მარია ამალიასთვის წერილის მიწერა. თუმცა, მას შემდეგ რაც მარია ტერეზია გარდაიცვალა, მარია ამალიამ მთლიანად გაწყვიტა ურთიერთობა თავის ავსტრიაში მყოფ და-ძმებთან.
1778 წელს მარია ამალიას უფროსმა ვაჟმა ლუდოვიკომ, თამაშისას მარმარილოს მაგიდას თავი მაგრად ჩამოარტყა და ძლიერი დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც, პერიოდულად, იგი მთელი ცხოვრების მანძილზე კრუნჩხვებში ვარდებოდა ხოლმე. ამას დაერთო მისი ეპილეფსიური შეტევები და ხშირი დაბნეულობა. ამ ყოველივემ მარია ამალია და ფერდინანდი, როგორც მოსიყვარულე მშობლები კიდევ უფრო დააახლოვა ერთმანეთს.
1796 წელს ჩრდილო იტალიაში ფრანგების შემოჭრის დროს, ნაპოლეონი და მისი მარშლები პარმაშიც შევიდნენ. მარია ამალიას სძულდა ფრანგები, რომლებმაც 1793 წელს სიკვდილით დასაჯეს მისი და, დედოფალი მარია ანტუანეტა. სწორედ ამიტომ, მან აიძულა ფერდინანდი ფრანგების წინააღმდეგ თავგამოდებით ებრძოლა, რასაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. საბოლოოდ, დიპლომატიური ხრიკების გამოყენებით, მარია ამალია და ნაპოლეონი შეთანხმდნენ, რომ იგი პარმის საჰერცოგოს არ დაიპყრობდა, რის შემდეგაც მან მართლაც გაიყვანა ჯარები პარმიდან. მალევე, ნაპოლეონმა პარმის სანავლოდ ფერდინანდსა და მარია ამალიას სარდინია შესთავაზა, თუმცა ამაზე უარი მიიღო, რასაც პარმაში ფრანგების ხელახალი შემოჭრა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მარია ამალიამ და ფერდინანდმა ოფიციალურად შეინარჩუნეს თავიანთი ტიტულები და სოციალური მდგომარეობა, პარმის საჰერცოგო მთლიანად ფრანგების დაქვემდებარებაში იყო და მათ აღარანაირი ძალაუფლება აღარ გააჩნდათ.
1801 წლის თებერვალში დაიდო ლუნევილის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პარმა ოფიციალურად გახდა საფრანგეთის მარიონეტული სახელმწიფო, თუმცა პარმის სანაცვლოდ ნაპოლეონი ფერდინანდისა და მარია ამალიას ვაჟს, პრინც ლუდოვიკოსა და მის მეუღლეს, მარია ლუისა ესპანელს უბოძებდათ ეტრურიის (იგივე ტოსკანა) სამეფო ტახტს, რომლიდანაც ჩამოგდებულ და გაძევებულ იქნა მარია ამალიას ღვიძლი ძმა. ამას მალევე მოჰყვა არანხუესის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფერდინანდის გარდაცვალებისთანავე პარმა საფრანგეთის დომენში გადავიდოდა და მის ოჯახს მოუწევდა მისი დატოვება. ცხადია მარია ამალია და მისი ქმარი ამ ფაქტს დიდი პროტესტით შეხვდნენ, თუმცა საპასუხოდ მარია ამალია და ფერდინანდი სასახლის შინა პატიმრობაში გამოკეტეს.
1802 წლის 9 ოქტომბერს ფერდინანდი გარდაიცვალა, მარია ამალია კი პარმის რეგიონალური საბჭოს მეთაური გახდა და თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა ფრანგებს, რომლებმაც ფერდინანდის დაკრძალვიდან სულ რამდენიმე დღეში მოახერხეს პარმის ანექსირება და მარია ამალიას შვილებთან ერთად გაძევება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფერდინანდი ნაპოლეონმა მოაწამლინა. იყო ვერსიაც, რომ იგი მარია ამალიამ მოაწამლინა, თუმცა საბოლოოდ დადასტურდა, რომ იგი ნაპოლეონის ჯაშუშებმა მოწამლეს.
გაძევებულმა მარია ამალიამ ნებართვა აიღო თავისი ძმისგან, იმპერატორისგან და თავის ქალიშვილებთან ერთად ავსტრიის იმპერიაში შემავალ პრაღაში დასახლდა. იგი სწორედ აქ გარდაიცვალა, 1804 წელს. მისი სხეული პრაღაში დაკრძალეს, ხოლო გული ვენაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.