From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი XIII სამართლიანი (ფრანგ. Louis XIII de Bourbon "le Juste; დ. 27 სექტემბერი, 1601, ფონტენბლო, საფრანგეთი — გ. 14 მაისი, 1643, სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი) — საფრანგეთისა და ნავარის მეფე 1610-1643 წლებში. ანრი IV-ისა და მარია მედიჩის ძე. ბურბონთა დინასტიის მე-2 წარმომადგენელი საფრანგეთის ტახტზე.
ლუი XIII | |
---|---|
Louis XIII de Bourbon | |
საფრანგეთის მეფე | |
კორონაცია: | 17 ოქტომბერი, 1610 |
მმართ. დასაწყისი: | 14 მაისი 1610 |
მმართ. დასასრული: | 14 მაისი 1643 |
წინამორბედი: | ანრი IV |
მემკვიდრე: | ლუი XIV |
ნავარის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 14 მაისი 1610 |
მმართ. დასასრული: | აგვისტო 1620 |
წინამორბედი: | ანრი III |
რეგენტი: |
მარია მედიჩი (1610 – 1614) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 სექტემბერი, 1601 |
დაბ. ადგილი: | ფონტენბლო, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 14 მაისი 1643 |
გარდ. ადგილი: | სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი |
მეუღლე: | ანა ავსტრიელი |
შვილები: |
ლუი XIV ფილიპ I |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ანრი IV |
დედა: | მარია მედიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
გამეფდა მცირეწლოვანი 1610 წელს. მეურვედ ჰყავდა დედამისი, რომლის რეგენტობაში ძალაუფლება ძლევამოსილი ფავორიტის იტალიელი კონჩინის ხელში მოექცა. 1615 წელს შერთეს ესპანეთის მეფის ასული ანა ავსტრიელი. დიდკაცობის მოთხოვნით 1614-1615 წლებში მოიწვია გენერალური შტატები. 1624 წელს ლუი XIII-მ, დედის შთაგონებით თავის მრჩევლად მიიწვია კარდინალი რიშელიე, რომელიც მალე პირველი მინისტრი და არსებითად, საფრანგეთის ერთმმართველი გახდა. ლუი XIII მოქმედებდა მისი მითითებით და იცავდა მას შეთქმულებისაგან, რომელშიც მონაწილეობდნენ მეფის დედა, ძმა - გასტონ ორლეანელი, ანა ავსტრიელი და მეფის ნათესავები. ლუი XIII-ს კარგად ჰქონდა შესწავლილი სამხედრო საქმე. მისი პირადი სარდლობით მოეწყო რამდენიმე ლაშქრობა. რიშელიეს პოლიტიკის შედეგად განმტკიცდა ფრანგული აბსოლუტიზმი და საფრანგეთმა პირველი ადგილი დაიკავა ევროპის სახელმწიფოთა შორის. ამასთან, ლუი XIII-ის მმართველობის ხანა აღინიშნა მძიმე სახელმწიფო გადასახადებით, ხალხის ფართო მასების გაღატაკებით, სახალხო მღელვარებებითა და აჯანყებებით.
ლუი დაიბადა 1601 წლის 27 სექტემბერს ფონტენბლოს სასახლეში. იგი იყო საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია მედიჩის პირველი შვილი. როგორც მეფის შვილი იგი ატარებდა "საფრანგეთის შვილის" და როგორც მისი უფროსი ვაჟი იყო ტახტის მემკვიდრე, ანუ დოფინი. მამამისი საფრანგეთის ტახტზე პირველი ბურბონი მეფე იყო. იგი განსვენებული მეფე ანრი III-ის სიძე და მეცხრე თაობის ბიძაშვილი იყო, რის გამოც ავიდა ტახტზე. მამის ხაზით მისი ბებია-ბაბუა იყვნენ ნავარის მეფე-დედოფალი ჟანა დ'ალბრე და ანტუან დე ბურბონი, ხოლო დედის ხაზით ტოსკანის ჰერცოგი ფრანჩესკო I მედიჩი და იოჰანა ავსტრიელი. მისი დეიდა და ამავდროულად ნათლია იყო ელეონორა მედიჩი, მანტუას ჰერცოგინია. ლუი იზრდებოდა ფრანსუა მონგლანტის ზედამხედველობის ქვეშ.
ლუის სამი უმცროსი და და ერთი უმცროსი ძმა ჰყავდა. დებთან მას ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით მის უმცროს შურიან ძმაზე. გასტონი, როგორც უმცროსი ვაჟი მარია მედიჩის უფრო უყვარდა და ზედმეტად ანებივრებდა მას, ამიტომაც იგი ყოველთვის დედასთან ერთად ცდილობდა ლუის წინააღმდეგ შეთქმულებების მოწყობას.
1610 წლის 14 მაისს ლუის მამა, მეფე ანრი IV კათოლიკე ფანატიკოსმა მოკლა. ამის გამო რვა წლის ლუი XIII საფრანგეთისა და ნავარის მეფე გახდა, რეგენტად კი დედამისი, დედა-დედოფალი მარია მედიჩი დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ 1614 წელს ლუი უკვე ცამეტის იყო (რაც იმ დროში სრულწლოვანების ასაკი იყო), მარია მედიჩმა უარი არ თქვა რეგენტობაზე და ამ თანამდებობაზე იგი 1617 წლამდე დარჩა, მანამ სანამ თავად მისმა ვაჟმა არ მოსთხოვა თანამდებობის დატოვება. მარიამ საბჭოში თავისი ქმრის მინისტრები დატოვა. იგი გადაწყვეტილებების მიღებისას ძირითადად ეყრდნობოდა ნიკოლას დე ნოფვილის აზრს. მარია ნეიტრალურ პოლიტიკას ატარებდა და აგრძელებდა ნანტის ედიქტს. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირ შემთხვევაში დამთმობი და ლმობიერი პოზიცია ეჭირა, თავიდან მაინც ვერ აიცილა პრინცი კონდეს აჯანყება, რომელსაც მისი მეორე ვაჟის, გასტონის ტახტზე დასმა სურდა. 1614 წელს კონდე აჯანყდა, თუმცა მას დიდებულები და ხალხი საერთოდ არ მიემხრო, რის გამოც ძალიან მარტივად ჩაახრშო აჯანყება მარიამ.
მარია მედიჩიმ გენერალური შტატების მოწვევა მოისურვა, თუმცა ლუის დაბრუნებამდე ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ 1614 წელს ლუი უკვე სრულწლოვანი იყო და მარიაც აღარ იყო რეგენტი, სწორედ რომ მარია მედიჩი რჩებოდა საფრანგეთის დე ფაქტო მმართველად. გენერალური შტატების გადაწყვეტილებით საფრანგეთმა დროებით შეწყვიტა პაპის ოლქთან ურთიერთობა.
1615 წლიდან მარია მედიჩმა სამეფო საბჭოში ადგილი დაუმკვიდრა თავის იტალიელ ფავორიტ კონჩიკო კონსინის. კონჩინო ხალხში არაპოპულარული იყო, რადგან იგი უცხოელი იყო. ამან საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1616 წელს კიდევ ერთი აჯანყება მოხდა. ამჯერად კონდეს მხარი ჰუგენოტებმაც დაუჭირეს, რომლებიც არასოდეს ყოფილან მეფის ერთგულები და თვლიდნენ, რომ ლუის მმართველობა უნდა დამხობილიყო. საბოლოოდ კონდემ დედოფალ მარია მედიჩისგან ლუენის ხელშეკრულება მიიღო, რითაც კონდეს დიდი ძალაუფლება მიენიჭა, თუმცა კონჩინო კვლავ საბჭოში დარჩა. კონჩინოსა და დედოფლის პოზიცია დიდგვაროვნებს არ მოსწონდათ, ისინი მოითხოვდნენ, რომ კონდე დაეპატიმრებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ არაერთხელ აჯანყდებოდა.
იმავდროულად, მძლავრმა ჰუგენოტმა შარლ დ'ალბრემ დაარწმუნა ლუი XIII, რომ დედას განდგომოდა და ამბოხებულებს მიმხრობოდა. ლუი შეთქმულებაში გაერია. 1617 წლის 24 აპრილს კონჩინო შეთქმულებმა მოკლეს. მისი ქვრივი, ლეონორა დორი გალიგა, ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და 1617 წლის 8 ივლისს კოცონზე ცოცხლად დაწვეს. მოგვიანებით ლუიმ შარლ დ'ალბრეს ლუენის ჰერცოგის წოდება უბოძა.
კონჩინოს მსგავსად ლუენიც ძალიან მალე არაპოპულარული გახდა. სხვა დიდებულები ფიქრობდნენ, რომ მას მეფე თავისი გავლენის ქვეშ ჰყავდა მოქცეული. ლუენი განიხილებოდა, როგორც ნაკლებად კომპეტენტური ადამიანი. ფრანგები ფიქრობდნენ, რომ ანრი IV-ის მინისტრები უფრო საჭირო და გამოსაგეგი ხალხი იყვნენ, რომლებიც მარია მედიჩის ჰყავდა გარს შემოკრებილი.
1618 წელს დაიწყო ოცდაათწლიანი ომი. საფრანგეთის სამეფო კარი თავიდან დიდ ხანს ფიქრობდა რომელი მოწინააღმდეგისთვის დაეჭირათ მხარი. ერთის მხრივ საფრანგეთი ჰაბსბურგების მეტოქე იყო (ანრი IV-ის პოლიტიკიდან გამომდინარე), მეორეს მხრივ კი ლუისა და სრულიად საფრანგეთის კათოლიკური სარწმუნოება, სწორედ ჰაბსბურგებისა და საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ II-ის მხარდაჭერას მოითხოვდა.
1618 წლიდან იზრდებოდა დიდებულების მეფისადმი უკმაყოფილება, 1620 წლიდან კი მათ გადასახადების გადახდაზე უარი განაცხადეს. მარია მედიჩი ამ ამბით ერთობ უკმაყოფილო იყო, რის გამოც ლუსონის არქიეპისკოპოსი (მომავალში კარდინალი რიშელიე) თავის და ლუის პირველ მრჩევლად დაიყენა.
1620 წელს ფრანგი დიდგვაროვნები აჯანყდნენ და აგვისტოში ლე პონტ-დე-სე-ში მარტივად დაამარცხეს სამეფო არმია. ამას მოჰყვა ჰუგენოტების მასიური გამოსვლები, რასაც სამეფო დადგენილებების გაუქმება მოჰყვა. ამ ყოველივეს შემდეგ ბეარნში აღდგა ოფიციალურ რელიგიად კათოლიციზმი. ამის მიუხედავად, ჰუგენოტებმა საფრანგეთის სხვა პროვინციებს შეაფარეს თავი, მათი მეთაური კი ჰერცოგი დე როანი იყო.
1621 წლიდან ლუი და დედამისი შეთანხმდნენ. მათ ლუენი საფრანგეთის კონეტაბლად დანიშნეს, რასაც მოჰყვა ჰუგენოტების ახალი აჯანყება. სამეფო ჯარებმა ლუენის ხელმძღვანელობით ჰუგენოტთა სიმაგრეს, ლა-როშელს შემოარტყეს ალყა. სამთვიანი იერიშის მიუხედავად ლა-როშელი ვერ აიღეს, დეკემბერში კი ერთ-ერთი შტურმის დროს დაიღუპა თავად ლუენიც. ამის შემდეგ სამეფო არმიამ ლა-როშელს ალყა მოხსნა.
ლუენის გარდაცვალების შემდეგ ლუიმ გადაწყვიტა სამეფო საბჭო და სრულიად საფრანგეთი თავად ემართა. ამავდროულად, სამეფო კარს დაუბრუნდა მარია მედიჩი, რომელიც კვლავ შევიდა საბჭოში. მარია მედიჩმა მეფეს ჰუგენოტების მიმართ ხისტი პოლიტიკის გატარება მოსთხოვა, ლუიმაც დაუჯერა და 1622 წელს დიდი ჯარები გააგზავნა მონპელიეში (ჰუგენოტთა სიმაგრე). სამეფო არმია აქაც დამარცხდა.
მონპელიეს ალყა 1622 წლის მონპელიეს ხელშეკრულებით დასრულდა. ეს ხელშეკრულება ნანტის ედიქტის საფუძველს ეყრდნობოდა და ნათქვამი იყო, რომ ჰუგენოტებს უნდა დაეთმოთ ყველა სიმაგრე გარდა ლა-როშელისა და მონტობანისა.
1624 წელს ფრანგებმა დაიპყრეს ვალტელინას ხეობა, რომელიც შვეიცარიის პროტესტანტული კონფედერაციის მოსაზღვრე, ესპანეთის საკუთრებაში შემავალი მიწა იყო. ვალტელინას ხეობა იყო ესპანეთსა და გერმანიას შორის დამაკავშირებელი გასასვლელი, რის მეშვეობითაც კონტაქტობდნენ ჰაბსბურგები. გარდა ამისა ვალტელინა წარმოადგენდა ალპების მოსაზღვრე ქვეყნებზე გასასვლელის გასაღებს, რის წყალობითაც ესპანელები აქტიურად ერეოდნენ ამ სახელწიფოთა პოლიტიკაში. ამ გადაწყვეტილების მიღება ლუის კარდინალმა რიშელიემ ურჩია, რომელიც ფრანგი პატრიოტი იყო და ყველაფერს აკეთებდა ჰაბსბურგების (რომლებიც მართავდნენ ესპანეთს, პორტუგალიას, ჰოლანდიას, ბელგიას, საღვთო რომის იმპერიას, ავსტრიას, ჩეხეთს, უნგრეთს, ხორვატიასა და ნახევარ იტალიას) დასასუსტებლად. თანდათანობით კონსილის გავლენა სუსტდებოდა მეფეზე. ლუის კონსილის სამხედრო შეხედულებები (რომლებიც ჰაბსბურგებთან უამრავ დათმობაზე წასვლას გულისხმობდა) დიდად არ მოსწონდა, ამიტომაც მან ახალი მრჩევლის ძებნა დაიწყო, რომელიც მალევე იპოვნა რიშელიეს სახით, რომელმაც თავისი ერთგულება სწორედ ვალტელინას აღებით დაუმტკიცა.
კარდინალმა რიშელიემ უდიდესი გავლენა იქონია ლუი XIII-ის მეფობაზე. 1624 წლიდან ლუის გარდაცვალებამდე, ფაქტობრივად სწორედ რიშელიე მართავდა საფრანგეთს. რიშელიეს მუშაობის შედეგაც საფრანგეთი ერთიანი ცენტრალიზებული სამეფო გახდა. ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი საფრანგეთის აბსოლუტურ მონარქიას. 1627 წელს რიშელიემ შეძლო და აიღო ჰუგენოტების უკანასკნელი სიმაგრე ლა-როშელი. მას ქალაქი ერთი წლის მანძილზე ჰყავდა ალყაში მოქცეული, რის შემდეგაც დანებდნენ. ამის შემდეგ საფრანგეთში პროტესტანტიზმი მოისპო და ის კვლავ ერთიანი კათოლიკური სახელმწიფო გახდა. გარდა ამისა რიშელიემ დაანგრია გაბატონებული არისტოკრატების სიმაგრეები, რომლებიც საბრძოლველად არ იყო საჭირო და აიძულა დიდებულები გადასახადები ეხადათ. ცხადია რიშელიეს უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მის წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდნენ დედა-დედოფალი მარია მედიჩი, ლუის ძმა ჰერცოგი გასტონი და ლუის მეუღლე, დედოფალი ანა ავსტრიელი. თუმცა ლუი მფარველობდა რიშელიეს, რის გამოც მათი ყველა შეთქმულება კრახით დასრულდა, ამას კი მოჰყვა მარია მედიჩის ქვეყნიდან გაძევება, ხოლო გასტონის ლოთარინგიაში გაქცევა.
რიშელიეს, როგორც თავად ამბობდა სამი გეგმა ჰქონდა: ჰუგენოტების განადგურება, დიდებულების დაშოშმინება და საფრანგეთის ძველი გალეთის საზღვრებში აღდგენა, რაც შეუძლებელი იყო ესპანეთთან და გერმანიასთან ომის გარეშე. მესამე გეგმის შესრულება შესაძლებელი მაშინ გახდა, როდესაც რელიგიურმა და პოლიტიკურმა ომებმა გერმანია გახლიჩეს. მიუხედავად იმისა, რომ რიშელიე ერთგულ კათოლიკედ რჩებოდა მან გამოიყენა ეს ომი რათა საფრანგეთი უზარმაზარ ძალად ექცია გერმანელი პროტესტანტების დახმარებით ესპანეთისა და საღვთო რომის იმპერატორის წინააღმდეგ ბრძოლაში.თავიდან იგი ფინანსურად ეხმარებოდა პროტესტანტთა ლიდერსა და შვედეთის მეფეს გუსტავ ადოლფს. შემდეგ მან საფრანგეთი კონფლიქტში ჩართო. მშვიდობის დამყარების დროს 1648 წელს საფრანგეთი იყო ერთ-ერთი უძლიერესი ძალა ევროპაში. მან დაუმატა თავის დომინიონს ელზასის ტერიტორია. სწორედ ამ პერიოდში მიიღო ფრანგულმა ენამ საერთაშორისოს მნიშვნელობა, საფრანგეთი კი ნამდვილად უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.
საფრანგეთის კოლონიურ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ ფრანსუა I-მა, 1534 წელს ჩაუყარა, თუმცა მისი შთამომავლების საშინელმა პოლიტიკამ საფრანგეთი სამოქალაქო ომებში ჩაძირა, რამაც შეუძლებელი გახადა მის კოლონისტურ სახელმწიფოდ ქცევა. მხოლოდ ლუის მამამ, ანრი IV-მ შეძლო ქვეყნის ფეხზე დაყენება და ჩრდილო ამერიკაში რამდენიმე კოლონიის დაარსება. მას შემდეგ რამდენიმე რთული წლის გავლის შემდეგ, ლუის მმართველობის ეპოქაში საფრანგეთმა კვლავ შეძლო კოლონიალიზმს დაბრუნებოდა. თუმცა მანამ, სანამ შორეულ კონტინენტებზე დაიწყებდა, ჯერ მაროკო უნდა დაემორჩილებინა. მაროკოს დაპყრობა არ იყო ადვილი საქმე. ეს ვერ შესძლეს ვერც ოსმალების, ვერც ესპანელების და ვერც პორტუგალიელების იმპერიებმა. სწორედ ამიტომ ლუი მიხვდა, რომ მაროკოსთან ომით ვერაფერს გახდებოდა, ამიტომაც დიპლომატია სცადა. 1619 წლიდან მან ფრანგული გემები გააგზავნა, რათა მაროკოს სანაპირო შეესწავლა. 1624 წლიდან კი მან მაროკოში ფრანგული ბიბლიოთეკა და საფრანგეთის საელჩო გახსნა. მან ჩეძლო და რამდენიმე პატარა სოფელი მიითვისა ჩრდილო მაროკოში.
1630 წელს მისი ელჩი მოელაპარაკა მაროკოს სულთანს, რომელმაც ომის თავიდან ასაცილებლად მცირეოდენი მიწები და მონებით ვაჭრობის უფლება მისცათ ფრანგებს. 1631 წელს იმდენი მოახერხეს, რომ იქ მცხოვრებ ფრანგებს რელიგიური თავისუფლება და ვაჭრობის გაფართოების ნება დართეს. აგრეთვე ფრანგებზე ყველა სფეროში ვრცელდებოდა შეღავათები.
სხვა კოლონიური იმპერიებისაგან განსხვავებით, ფრანგები ამერიკაში მცხოვრებ ადგილობრივ ინდიელებს კი არ ხოცავდნენ და მონებად ამუშავებდნენ, არამედ მათთან ერთობლივ, მშვიდობიან თანაცხოვრებას იწყებდნენ. ამ მხრივ მათ უადვილდებოდათ ახალი და ვრცელი მიწების ათვისება, რასაც ვერ ვიტყვით პორტუგალიელებზე. მიწების დაპყრობის პარალელურად, ფრანგები ადგილობრივებს კათოლიკურ რელიგიაზე აქცევდნენ, რითაც დიდად კმაყოფილი იყო რომის პაპი.
ლუის მმართველობის ეპოქაში ფრანგებმა აითვისეს თანამედროვე კანადის, უფრო ზუსტად კი კვებეკის რეგიონი. იქ მათ, ბრიტანელების მეზობლად შექმნეს თავიანთი უზარმაზარი კოლონია. გარდა ამისა ფრანგები დაეპატრონნენ კარიბის ზღვის რამდენიმე კუნძულსა და სამხრეთ ამერიკის ჩრ. ნაწილში დააარსეს პატარა კოლონია, სახელად საფრანგეთის გვიანა, რომელიც დღემდე საფრანგეთს ეკუთვნის. 1612 წელს სამხრეთ ამერიკაში დაარსდა კოლონია არქტიკული საფრანგეთი, რომელიც მხოლოდ 4 წელი არსებობდა, რის შემდეგაც ის პორტუგალიელებმა გაანადგურეს.
1615 წლიდან დაიწყო საფრანგეთ-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობები, მას შემდეგ რაც ლუიმ იაპონიის კუნძულებზე მიავლინა თავისი ელჩობა, რომელთაც დახვდნენ იაპონიის იმპერატორის ელჩები. ისინი სულ რამდენიმე დღის მანძილზე შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრისას ფრანგებმა გაარკვიეს თუ რამდენად იყო შესაძლებელი იაპონიაში კათოლიკობის გავრცელება, რაზეც ცივი უარი მიიღეს.
ასევე 1615 წლიდან მარია მედიჩმა სცადა ჰოლანდიის ინტერესებში შემავალი ინდონეზიის კოლონიზირება, რასაც ფრანკო-ჰოლანდიური ომის დაწყება მოჰყვა. ომი საკმაოდ დიდ ხანს და უშედეგოდ მიმდინარეობდა, რის შემდეგაც 1624 წელს კარდინალმა რიშელიემ შორეულ აღმოსავლეთში, ყოვლად უშედეგო ომი შეაჩერა ჰოლანდიასთან. ამის შემდეგ ფრანგები გამოაძევეს ინდონეზიიდან, ჰოლანდია კი ინდონეზიაში საუკუნეების მანძილზე გაბატონდა.
ლუისა და მის ძმას, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონს ყოველთვის ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. გასტონი გამუდმებულად ხლართავდა ლუის წინააღმდეგ ინტრიგებს, რომლებიც ყოველთვის კრახით მთავრდებოდა. რამდენჯერმე გასტონს საფრანგეთიდან გაქცევაც კი მოუხდა. თუმცა ერთხელ მან ზედმეტად შორს შეტოპა. მან დედამისთან ერთად განიზრახა ლუის ტახტიდან ჩამოგდება, მისი ბერად აღკვეცა, თავად კი ტახტზე ასვლა და ლუის ცოლზე, დედოფალ ანა ავსტრიელზე ქორწინება. ყოველივე ეს რიშელიემ შეიტყო და მეფეს უამრო, რასაც მისი განრისხება მოჰყვა. ლუიმ დედამისი ქვეყნიდან გააძევა, ხოლო გასტონის მოკვლას აპირებდა, რომელმაც ლოთარინგიაში გაქცევით უშველა თავს. ლუის გარდაიცვალების შემდეგ იგი ესპანელებს გაურიგდათ და მათი ჯარების ლეიტენანტი გახდა. ამის შემდეგ მან ლუის ვაჟის ჩამოგდება სცადა, რაც ასევე არ გამოუვიდა. ამის შემდეგ იგი ანა ავსტრიელმა სასტიკად დასაჯა, რის გამოც გასტონმა ინტრიგების გარეშე განაგრძო დარჩენილი ცხოვრება.
1615 წლის 24 ნოემბერს ესპანეთისა და საფრანგეთის სამეფოებს შორის შედგა ორმაგი ქორწინება. ლუი XIII-მ ცოლად შეირთო ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის და, პრინცესა ანა ავსტრიელი, ხოლო ფილიპემ ცოლად შეირთო ლუის და, პრინცესა ელიზაბეტ ფრანგი. ანა ავსტრიელი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარგარეტ ავსტრიელის უფროსი ქალიშვილი. ეს ქორწინება იყო ფრანკო-ესპანური ალიანსის გაგრძელება, რომელიც 1559 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც კატო-კამბრეზის ზავით ესპანეთის მეფე ფილიპე II დაუზავდა საფრანგეთის მეფე ანრი II-ს და ფილიპემ ამის განსამტკიცებლად ცოლად ანრის ქალიშვილი, პრინცესა ელიზაბეტი შეირთო ცოლად. ოცდასამწლიანი ქორწინებიდან ანამ 4 მკვდარშობილი ბავშვი და ორი ვაჟი გააჩინა, რომელთაგან უფროსი საფრანგეთის მეფე ლუი XIV გახდა. რომელმაც ასევე განაგრძო ეს ალიანსი და ცოლად ესპანეთის პრინცესა, თავისივე მამიდაშვილი მარია ტერეზა ესპანელი შეირთო (რომელიც ფილიპე IV-ისა და ელიზაბეტ ფრანგის ასული იყო).
წლების მანძილზე ანა ბავშვს ვერ აჩენდა, ან თუ აჩენდა მკვდარს, რაც მათ ქორწინებას არასაიმედოს ხდიდა, თუმცა ოცდასამწლიანი ლოდინის შემდეგ მან ვაჟი გააჩინა. მაგრამ ამან ვერ უშველა მათ უბედურ ქორწინებას. ლუის ანასადმი ნდობა და სიყვარული მთლიანად გამქრალი ჰქონდა, რადგან იგი ძალიან ხშირად მონაწილეობდა მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებებში, გარდა ამისა იგი თავისი მშობლიური ესპანეთისა და ნათესავი ჰაბსბურგების თავგამოდებული ქომაგი იყო, რომლებიც ფრანგებისა და ლუის მოსისხლე მტრები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით ლუის გარდაცვალების შემდეგ, ანამ ჯულიო მაზარინზე ფარულად იქორწინა.
ლუი XIII-ს მთელი ცხოვრების მანძილზე ძალიან სუსტი მომნელებელი სისტემა და კუჭის წყლული ჰქონდა, რომელიც ყოველთვის ტანჯავდა. სწორედ ამის გამო სულ რაღაც 41 წლის ასაკში, 1643 წლის 14 მაისს პარიზში ლუი გარდაიცვალა. იგი გარდაიცვალა მამამისის მკვლელობიდან ზუსტან 33 წლის იუბილეზე. ტახტზე მისი ვაჟი, მეფე ლუი XIV ავიდა, რეგენტად კი ლუის ცოლი, დედოფალი ანა ავსტრიელი დაინიშნა.
ლუი XIII დაიბადა: 27 სექტემბერი 1601 გარდაიცვალა: 14 მაისი 1643 | ||
წინამორბედი: ანრი IV |
საფრანგეთის მეფე 14 მაისი 1610-14 მაისი 1643 |
შემდეგი: ლუი XIV |
წინამორბედი: ანრი III |
ნავარის მეფე 14 მაისი 1610-აგვისტო1620 |
შემდეგი: შეუერთდა საფრანგეთს |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.