From Wikipedia, the free encyclopedia
ფერდინანდ I (იტალ. Ferdinando I; დ. 20 იანვარი, 1751 — გ. 9 ოქტომბერი, 1802) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგ ფილიპე I-ისა და ლუიზა ელიზაბეტ ფრანგის ვაჟი. პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი 1765-1802 წლებში.
ფერდინანდ I | |
---|---|
პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 18 ივლისი, 1765 |
მმართ. დასასრული: | 9 ოქტომბერი, 1802 |
წინამორბედი: | ფილიპე I |
მემკვიდრე: |
ჟან ჟაკ რეჟი (პარმაში) შარლ ფრანსუა ლებრონი (პიაჩენცაში) პოლინ ბონაპარტი (გუასტალაში) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 იანვარი, 1751 |
დაბ. ადგილი: | პარმა, იტალია |
გარდ. თარიღი: | 9 ოქტომბერი, 1802, (51 წლის) |
გარდ. ადგილი: | ემილია-რომანია, იტალია |
მეუღლე: |
მარია ამალია ავსტრიელი (ქ. 1769) |
შვილები: |
კაროლინა, საქსონიის პრინცესა ლუდოვიკო I, ეტრურიის მეფე მარია ანტონია |
სრული სახელი: | ფერდინანდ მარია ფილიპე ლუდოვიკო სებასტიან ფრანჩესკო ჯაკომო დე ბურბონი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ფილიპე I, პარმის ჰერცოგი |
დედა: | ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ფერდინანდი დაიბადა 1751 წლის 20 იანვარს, ჩრდილო იტალიაში მდებარე პარმის სუვერენულ საჰერცოგოში. იგი იყო პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგ ფილიპე I-ისა და მისი ცოლის, პრინცესა ლუიზა ელიზაბეტ ფრანგის მეორე შვილი და პირველი ვაჟი. მამის მხრიდან ბებია-ბაბუად ესპანეთის მეფე ფილიპე V და მისი მეორე მეუღლე, დედოფალი ისაბელ ფარნეზე ერგებოდა, ხოლო დედის მხრიდან საფრანგეთის მეფე ლუი XV და მისი ცოლი, დედოფალი და პოლონეთის პრინცესა მარია ლეშჩინსკა. როგორც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი სამი იტალიური საჰერცოგოს ტახტის მემკვიდრე და ესპანეთისა და საფრანგეთის მეფეთა შთამომავალი, ფერდინანდი ევროპელი ქალბატონებისათვის სასურველი სასიძო იყო. მის ერთ-ერთ საცოლედ მოიაზრებოდა მოდენას ჰერცოგ ერკოლე III-ის ასული მარია ბეატრიჩე რიკარდა დ'ესტე. მისი და მარია ბეატრიჩეს ქორწინების იდეა ძალიან საეჭვო იყო, რადგანაც იგი თავიდან მომავალ იმპერატორ ლეოპოლდ ავსტრიელზე იყო დანიშნული, თუმცა მას შემდეგ რაც მან ცოლად ესპანეთის პრინცესა შეირთო, იგი მის ძმაზე, ფერდინანდ კარლზე დაინიშნა. მარია ბეატრიჩესა და ფერდინანდ კარლის ქორწინების შემდეგ, ავსტრიელებს კიდევ უფრო გაეზარდათ პრეტენზიები პარმის საჰერცოგოზე, რომელიც მოდენას მეზობლად მდებარეობდა. ამის შემდეგ, ფერდინანდის მომავალ მეუღლედ მოიაზრებოდა ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპე I-ის უფროსი ასული ბატილდა ორლეანელი, თუმცა ბატილდამ უარი თქვა უცხოელ საქმროზე და იგი თავის თანამემამულე კონდეს პრინცზე დაქორწინდა.
საბოლოოდ, ფერდინანდის საცოლე დედამისმა შეარჩია, რომელსაც ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიასთან დაახლოვება და მასთან გაერთიანებით ჰოლანდიის წინააღმდეგ ბრძოლა სურდა. მიუხედავად იმისა, რომ მარია ტერეზია არასდროს დახმარებია მას ჰოლანდიელებთან ბრძოლაში, ქორწინება მაინც დაიგეგმა და დაიდო საქორწინო ხელშეკრულებაც, რომელიც ცნობილია "ორი ერის გაერთიანების" სახელით. ეს ხელშეკრულება ფერდინანდის ბაბუის, საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის ელჩმა გააფორმა ვერსალის სასახლეში. აღსანიშნავია, რომ პარმა-ავსტრიის დაახლოვებას, თავად ფრანგები დიდი ენთუზიაზმით უყურებდნენ და უწყობდნენ ხელს.
1765 წელს ფილიპე I გარდაიცვალა, რის გამოც პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი ფერდინანდ I გახდა, რომელთან დამოყვრებაც კიდევ უფრო მოუნდა ავსტრიის სამეფო კარს. მალევე მარია ტერეზიამ თავისი უფროსი ასული — მარია ამალია ავსტრიელი პარმაში გააგზავნა, სადაც ის და ფერდინანდი 1769 წელს დაქორწინდნენ. მარია ამალია თვით ავსტრია-უნგრეთისა და საღვთო რომის იმპერატორის ასული იყო და მისი ღვიძლი დები იყვნენ ნეაპოლის, სიცილიისა და საფრანგეთის დედოფლები. მარია ამალია 27 ივნისს ვენაში მარიონეტულად დაქორწინდა ფერდინანდზე და მხოლოდ 1 ივლისს დატოვა ვენა. ფერდინანდი და მარია ამალია ერთმანეთს 16 ივლისს შეხვდნენ მანტუაში. მარია ამალია აქ თავის ძმასთან, იმპერატორ იოზეფ II-თან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. 19 ივლისს კოლორნოს სამეფო სასახლეში ფორმალური ცერემონიალი გაიმართა, ქორწინება კი 24 ივლისს შედგა. ფერდინანდსა და მარია ამალიას, ოცწლიანი ბედნიერი ქორწინებიდან სულ ცხრა შვილი შეეძინათ.
1801 წლის 21 მარტს რევოლუციურ საფრანგეთსა და ესპანეთს შორის გაფორმდა არანხუესის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელოები მთლიანად საფრანგეთის შემადგენლობაში გადადიოდა, თუმცა ამის სანაცვლოდ ფრანგები მის ვაჟს, პრინც ლუდოვიკოს ტოსკანას აძლევდნენ, რომლიდანაც მარია ამალიას ძმა ჰყავდათ ჩამოგდებული. ყოველივე ამას ფერდინანდი მართალია იძულებით, თუმცა მაინც დასთანხმდა.
ფერდინანდ I გარდაიცვალა 1802 წლის 9 ოქტომბერს, 51 წლის ასაკში. მისი უცებადი გარდაცვალების გამო, არსებობდა ეჭვები, რომ იგი საფრანგეთის ხელისუფლებამ მოაწამლინა. იგი გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში დაკრძალეს. მისმა ქვრივმა მარია ამალიამ ადგილობრივ დიდებულებთან ერთად ჩამოაყალიბა სახელმწიფო მარეგულირებელი საბჭო და კვლავ გულმოდგინედ ეწინააღმდეგებოდა არანხუესის ხელშეკრულების პირობებს, თუმცა ფერდინანდის დაკრძალვიდან სულ რამდენიმე დღეში ფრანგებმა მოახდინეს პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ანექსირება, მარია ამალია და მისი შვილები კი ტოსკანაში გააძევეს.
ფერდინანდს შვილები მხოლოდ თავის ცოლთან, ერცჰერცოგინია მარია ამალია ავსტრიელთან ჰყავდა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.